სიურრეალური ლანდშაფტების ეფემერულობა
ანი მარგველაშვილი

კრისტო და ჟან-კლოდი

„ლენდ არტი“ (Land art – მიწის ხელოვნება) მიმართულებაა, რომელსაც ხელოვნება გააქვს გარეთ, მუზეუმების და გალერეების მიღმა – ღია სივრცეში, სადაც იგი გარემოს ერწყმის. ასეთი ხელოვნება ხშირად დიდ მასშტაბებს აღწევს და საჰაერო სივრციდანაც  ადვილად შეინიშნება. თუმცა, ლენდ-არტისტები გალერეებშიც აკეთებენ ინსტალაციურ გამოფენებს, ბუნებრივი რესურსების გამოყენებით.

“ლენდ არტის“ ურბანული მიმართულების მთავარი ფიგურები, რომლებმაც Nouveau Réalisme  ტექნიკით ჯერ ყოველდღიური გამოყენების ნივთების შეფუთვა დაიწყეს და ბოლოს, ისტორიულ შენობებისა და ლანდშაფტების შეფუთვაზე გადავიდნენ – ერთ დღეს დაბადებული ცოლ-ქმარი, კრისტო და ჟან-კლოდი, იყვნენ.

„ხელოვნება თავისუფლების ძახილია“ ამბობდა კრისტო და ამ თავისუფლებას ისე გამოხატავდა, როგორც თავად თვლიდა საჭიროდ. არასდროს, არც ერთი მისი ნამუშევარი არ ყოფილა დაკვეთით შესრულებული და არც არასდროს დაუფინანსებია მისი ქმნილება ვინმეს. ყოველთვის თავად იყო თავისი ხელოვნების დამკვეთიც და დამფინანსებელიც. იგი ქმნიდა ნიმუშებს, რომელიც მოგზაურობის სურვილს აჩენდა და მილიონობით ტურისტს იზიდავდა. მისი ინსტალაციები მომნუსხველი და ცისარტყელასავით დროებითი იყო. ეს დროებითობა ერთგვარ შარმად გასდევდა მათ ხელოვნებას, რადგან  ყველა ქმნილება უნიკალურად, ამასთან დროებითად აღიქმებოდა, შესაბამისად, მალევე წყვეტდა არსებობას. ასეთი ეფემერულობა დამთვარიელებელში დიდ ინტერესსა და მოლოდინის ღელვას აღვივებდა.

2020 წლის 31 მაისს ეს თავისუფალი, მონუმენტური, სიურრეალისტური ხელოვანი – კრისტო (კრისტო ვლადიმიროვ ჯავაჩეფი) – 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. კრისტომ მეუღლე ჟან-კოლდთან ერთად, თავისი ორმოცდაათწლიანი  კრეატიული კარიერის განმავლობაში 23 პროექტი შექმნა, ხოლო 47 კი განუხორციელებელი დარჩა, ნებართვების მოუპოვებლობის გამო.  ერთ-ერთი ბოლო პროექტი – „მოტივტივე ბურჯები“ – ( ტბა იზეოზე, იტალია, 2016 წ.) გარდაცვლილ ჟან-კლოდს მიუძღვნა, რადგან მისი მეუღლის დიდი სურვილი იყო ამ პროექტის განხორცილება.  მოლივლივე ტბაზე არსებული კუნძული და ძირითად სანაპირო, მოტივტივე სტაფილოსფერი ხიდებით დააკავშირა, რომელზეც ადამიანებს გავლა და ტბის ლივლივის შეგძნება შეეძლოთ. ისინი მიზნისა და მიმართულების გარეშე, ტბის ზედაპირზე მოძრაობდნენ. ასეთი სეირნობა და სივრცესთან შერწყმა ხომ დიდი სიამოვნება, სილამაზე და ინტერაქციაა ხელოვნებასთან, რომელიც თავისუფლების ილუზიას ქმნის.  ამ პროექტს გასხნის დღეს 270 000 ვიზიტორი ჰყავდა.

1935 წლის 13 ივნისს ბულგარეთში დაბადებული კრისტო 21 წლის ასაკში რუსული რეალიზმისა და კონტროლის მახრჩობელა დოქტრინას ბულგარეთიდან ავსტრიაში გაექცა. შემდეგი 17 წელი არც ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ ყოფილა. ლტოლვილი კრისტო თავს მანქანების რეცხვითა და რესტორნებში მუშაობით ირჩენდა, თუმცა სულ ცდილობდა შეექმნა ხელოვნება საზღვრების გარეშე, ხელოვნება სამუშაო საათების გარეშე, მუზეუმებისა და გალერეების გარეთ, რათა ყველას,  ნებისმიერ დროს, შეძლებოდა მისი ნამუშევრების ნახვა. ერთ-ერთი პირველი ქმნილება, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო „ნავთის კასრების კედელი – რკინის ფარდა“ (1962) იყო. ამით იგი ბერლინის კედლის აშენებას აპროტესტებდა. ოთხ მეტრ სიმაღლეზე, ერთმანეთზე დაწყობილი კასრებით, კრისტო და ჟან-კლოდმა პარიზის ერთ-ერთი პატარა ქუჩა გადაკეტეს და ამ ვიწრო, თითქოს უსახო, ინტიმურმა სივრცემ რეალურ და პოლიტიკურად ძალიან აქტუალურ სამყაროში შეაბიჯა. ეს აქცია უნებართვო (ნებართვის აღების რამდენიმე მცდელობის შემდეგ) იყო და მალევე, რამდენიმე საათში, დაშალა პოლიციამ…

შემდეგ, ხელოვანი წყვილი გადავიდა ნიუ იორკში, სადაც არალეგალურად ცხოვრობდნენ. აქ კრისტომ მომავალი პროექტების სკეჩების ხატვა და გაყიდვა დაიწყო, რათა მომავალი დიდი გეგმებისთვის ფინანსები მოეპოვებინა. ასე, 1968 წლიდან დაიწყეს ჯერ პატარა და შემდეგ გრანდიოზული „readymade“-ების (მზა ყოველდღიური ობიექტები) შეფუთვაც და შემდეგ ლანდშაფტების სიურრეალურ ხედებად გარდაქმნაც. ეს ინსტალაციები, თავისი კონტექსტით, ხარისხით, მასშტაბებით და ესთეტიკით ყველას იზიდავდა.

მათი პროექტები უკიდეგანო იყო და მოიცავდა ქვეყნებს ავსტრალიიდან იაპონიამდე, ევროპიდან ამერიკამდე. ყველა პროექტს თავისი დატვირთვა და მახასიათებელი ჰქონდა, გახორციელებას კი წლები სჭირდებოდა. პროექტები ამბიციური იყო და მათზე უფლების მოპოვებაში ათეულობით წლები იხარჯებოდა.

კრისტოსა და ჟან-კლოდის პროექტს – „შეფუთული რაიხსტაგი“ – ნებართვის ასაღებისთვის 25 წელი დასჭირდათ.  მთავარი  მიზანი საჯარო შენობების შეფუთვა იყო, – ეს შენობები ხალხს ეკუთვნის და ამიტომო – ამბობდნენ. განსაკუთრებით ეცადნენ პარლამენტისა და ციხის შენობების შეფუთვის პროექტის განხორციელებას, მაგრამ უნუგეშოდ. მათ არავინ დართო ნება ეს გაეკეთებინათ. სამაგიეროდ, შეიფუთა კუნსტჰალე ბერნში (1968), „ახალი ხიდი“ (Pont Noef) პარიზში (1985), რაიხსტაგი ბერლინში (1995), ხეები შვეიცარიაში (1998) და მრავალი სხვა რამ…

კრისტო და ჟან-კლოდი ედავებოდნენ იდეას, რომ სკულპტურა აუცილებლად მუდმივი და ფიქსირებული უნდა ყოფილიყო. ისინი მიზანმიმართულად აბუნდოვანებდნენ საზღვარს ხელოვნებასა და ბუნებრივ გარემოს შორის, ამის გამო მათი ნამუშევრების გარემოსთან შერწყმა საბოლოოდ ეპიკურ ზომებს აღწევდა. ასე შეიქმნა „ხეობის ფარდა“ (1972) კოლორადოში, სადაც უზარმაზარი, სტაფილოსფერი, ნეილონის ფარდა ორ მთას შორის არსებულ ფერდობებზე იყო დაკიდებული. შემდეგ იყო „მორბენალი ღობე“ (1976) კალიფორნიაში, ის სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით უამრავ კერძო რანჩოზე 39.4 კილომეტრზე იჭიმებოდა. „გარშემორტყმული კუნძულები“ (1983) კი ვარდისფერი პოლიპროპილენის მასალა გახლდათ, რომელიც გარს ერტყმოდა მაიამისთან არსებულ კუნძულებს. ეს ვარდისფერით გარშემოწერილი კუნძულები ჩანდა მიწიდან, წყლიდან, ჰაერიდან და აბედნიერებდა, ამხიარულებდა მნახველს. „ქოლგები“ (1991) იაპონიასა და ამერიკაში პარალელურად მიმდინარე პროექტი გახლდათ. ორ ქვეყანაში, დედამიწის ორ ნახევარსფეროში, რაც ხაზს უსვამდა ამ ორი ქვეყნის ლანდშაფტებისა და ცხოვრების სტილის მსგავსებასა და სხვაობას. 2005 წელს კრისტომ და ჟან-კლოდმა დაასრულეს  „კარიბჭეებზე“ მუშაობა ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში. „კარიბჭეები“ 7503 ცალ 4.87 მეტრიან სადგამს (კარიბჭეს) მოიცავდა და პარკში არსებულ ბილიკებს  37 კილომეტრზე მიუყვებოდა. „კარიბჭეების“ შესრულებაზე ნებართვის აღებას 26 წელი დასჭირდა.

კრისტო და ჟან-კლოდი თავისუფალი, პრინციპული ხელოვანები იყვნენ და ასევე თავისუფლად, ჯადოსნურად ემეტებოდათ თავისი ხელოვნება ხალხისთვის.

მათ არ სურდათ რამის კეთება ადამიანებისგან შორს, დაუსახლებელ ტერიტორიებზე. პირიქით, თავისი მონუმენტური და უზარმაზარი ქმნილებებისთვის მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს არჩევდნენ, სადაც ხალხი იოლად  ეზიარებოდა ხელოვნების მშვენიერებას, თანაც უსასყიდლოდ. მათ შემოიტანეს “ლენდ არტი“ ქალაქში. „ჩვენ ვქმნით სიხარულს და სილამაზეს, არც-ერთი ჩვენი ნამუშევარი არ არის სევდიანი“ ამბობდა კრისტო. უამრავი ადამიანი ნახულობდა მათ შედევრებს, თუმცა ხალხის მოსაზიდად წყვილს არასდროს არაფერი გაუკეთებია.

მოპოვებული ნებართვა და დაუსრულებელი პროექტი –  ტრიუმფალური თაღის შეფუთვა – დატოვა კრისტომ 2021 წლისთვის, რომელიც დაგეგმილია და იმედია, განხორციელდება. კრისტოსა და ჟან-კლოდის ნამუშევრები ფოტოებისა და დეტალური სკეჩების სახით რჩება კაცობრიობას, ხოლო ის დამატყვევებელი ბუნებისა და ხელოვნების ნაზავი ცისარტელასავით გაქრა.“ლენდ არტი“ ხომ ააშკარავებს დროის (ხშირად გამანადგურებელ) ეფექტებს გარემოზე და ასევე მასში შექმნილ ხელოვნებაზე. “ლენდ არტის“ ეფემერულობა ხიბლს მატებს ამ მიმართულებას, რადგან მისი ნახვა დროის მხოლოდ ერთ მოკლე მონაკვეთში და ერთ სპეციფიკურ ადგილას შეიძლება. კრისტომ და ჟან-კლოდმა შექმნეს სიურრეალური, წარმავალი ლანდშაფტები, გარდაქმნეს არსებული ობიექტები შეფუთულ „სკულპტურებად“ და ხელოვნებას, რომელიც მარადიულობისკენ ისწრაფვის ახალი მიმართულება, „ცხოვრებისეული წამიერება“  შემატეს. კრისტო და ჟან-კლოდი მათი უნიკალური დროებითი შედევრებით დარჩებიან ისტორიას.

„ვფიქრობ, ბევრად დიდი სიმამაცეა საჭირო იმისთვის, რომ შექმნა ის – რაც იცი, რომ უნდა გაქრეს, ვიდრე ის – რაც იცი, რომ დარჩება“ – კრისტო.

https://christojeanneclaude.net/

თემები