მულღა(ნ)ზანზარი
ალექსანდრე ელერდაშვილი

ა) რა მოსაზრებები არსებობს მულღა(ნ)ზანზარის შესახებ?

„ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფიული გარემოსა და ზოგადად პოემის მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობა პოემაში მოხსენიებულ „მულღა(ნ)ზანზარს“ ზღაპრულ და მწერლის ფანტაზიით დანახულ ქალაქად მიიჩნევს… თავად სიტყვის შესახებ კი ზოგს გამოთქმული აქვს ვარაუდი, რომ ის სპარსული „მარღზარ“-იდან (Marghzar – مرغزار ) შეიქმნა, ეს სიტყვა კი  მდელოს, მოლს ნიშნავს… აკუსტიკური მსგავსება „მულღაზანზარსა და მარღზარს“ შორის მართლაც არის, თუმცა ეს მხოლოდ გარეგნულ ერთგვარობაში გამოიხატება და არანაირი შინაარსობრივი თუ ეტიმოლოგიური კავშირი მათ შორის არ არსებობს ისევე, როგორც მხოლოდ ფონეტიკურად ჰგვანან ერთმანეთს, ვთქვათ, სიტყვები: კომში და კომკავშირი, ჩარხი და ჩახრუხაძე და ა.შ.

სანამ ჩემს მოსაზრებას გაგაცნობთ, ორიოდე სიტყვით გეტყვით, რომ პოემის გეოგრაფიის მკვლევართაგან უმრავლესობამ არ იცოდა სპარსული ენა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ფრიდონის ქალაქის (…და ზოგადად, ყველა სხვა ტოპონიმის) სახელისა და ადგილმდებარეობის დადგენისას ძალზედ უცნაურ დასკვნებამდე მიდიოდნენ; ამ წერილში სრულად ვერ მოვახერხებ იმ არგუმენტების ჩამოთვლას, რაც მკვლევარებს გააჩნიათ ამა თუ იმ სივრცეში მულღაზანზარის მოსაზრების შესახებ; გაგაცნობთ მხოლოდ ვარიანტებს: მოზამბიკი, ტანზანია, ზანზიბარი, ტრაბზონი… ცოტა იუმორით თუ მივუდგებით, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ასო-ბგერა „ზ“-ს არსებობაა მთავარი აქ და არა სერიოზული მეცნიერული კვლევა, ამ ლოგიკით შეიძლება ზუგდიდი და ოზურგეთიც დავასახელოთ (ზესტაფონზე რომ არაფერი ვთქვათ). მხოლოდ ერთმა მკვლევარმა განსაზღვრა მულღა(ნ)ზანზარის ადგილი იქ, რასაც მეც ვეთანხმები, მაგრამ  ჩემი „თეორია“ ჯერ კიდევ 1995 წლის დეკემბერში ჩაისახა, გეოგრაფ-მკვლევართა ნაშრომებს კი თითქმის 20 წლის შემდეგ გავეცანი.

საინტერესოა ერთი მოსაზრება, – როგორც ერთი მკვლევართაგანი წერდა გასულ საუკუნეში, „მულღაზანზარი“ ფირდოუსის პოემა „შაჰნამე“-შიაო ნახსენები; ამ პოემის ქართულად მთარგმნელი, ქალბატონი ბელა შალვაშვილი, ალბათ, ერთადერთი ადამიანია საქართველოში (ცოცხალთა შორის), ვისაც ეს პოემა სრულად აქვს წაკითხული, მე მასთან დავაზუსტე ეს საკითხი და მითხრა, რომ ასეთი სიტყვა „შაჰნამეში“ არ შეხვედრია… მე თვითონ კი „შაჰნამეს“ თითქმის ერთი მესამედი მაქვს  წაკითხული… ამიტომ, მეტი დამაჯერებლობისთვის, კომპიუტერიც მოვიშველიე და ფირდოუსის პოემის მთელი ტექსტი საძიებო სისტემის საშუალებით დავამუშავე, მივიღე დასკვნა, რომ ირანელთა დიდ პოემაში ჩვენთვის საინტერესო სიტყვა არ არსებობს… ეს სიტყვა არ გვხვდება არც ზოგადად სპარსულენოვან ინტერნეტში, სადაც ძალიან ბევრი საცნობარო ლიტერატურაა თავმოყრილი…

) მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში

1995 წლის დეკემბერში ერთმა სპორტულმა ორგანიზაციამ ორკაციანი დელეგაციის გაგზავნა გადაწყვიტა ირანში და მე მათ თარჯიმნად მიმიწვიეს. თეირანში, საქმეების ამოწურვის შემდეგ, კიდევ ერთი კვირა გვქონდა დარჩენილი თბილისში გამოფრენამდე და გადავწყვიტეთ, სადმე გაგვესეირნა… ერთი ჩვენთაგანის ავანტიურისტული იდეის თანახმად, გადაწყდა, რომ ირანის სამხრეთისაკენ გავმგზავრებულიყავით, სადაც საპორტო ქალაქი ბენდერ-აბასი მდებარეობს, ჩვენს ინტერესს ისიც აცხოველებდა, რომ შევძლებდით საკუთარი თვალით გვენახა დედამიწის ერთ-ერთი საოცარი რეგიონი – ირანულ-არაბულ-ინდურ სამყაროთა შესაყარი.

ბენდერ-აბასი ირანის მთავარი პორტია და მდებარეობს სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანის დამაკავშირებელი ორმუზის სრუტის ნაპირზე… მისი დაარსება ჩვენთვის კარგად ცნობილ შაჰ აბასს უკავშირდება და სახელიც მისი ეწოდა – „აბასის პორტი“; ეს ირანისთვის იყო ისეთივე „ფანჯარა აზიაში“, როგორი ევროპული ფანჯარაც სანქტ-პეტერბურგია რუსეთისთვის… ერთი სიტყვით, ჩავედით ბენდერ-აბასში და საამისოდ თითქმის ორი ათასი კილომეტრის დაფარვა მოგვიხდა ავტობუსით…. გზად კი გავიარეთ ირანის უდაბნოთაგან ერთ-ერთის – „დაშთ-ე ქავირის“ (დიადი ველი) – ნაწილი, ამ ქვეყანაში არსებობს კიდევ „დაშთ-ე ლუთ“ (უნაყოფო უდაბნო, მლაშობი), რომლის გადასერვა სრულიად გაუთვალისწინებლად თეირანში უკან დაბრუნებისას მოგვიხდა. როგორც ჩვენი ლექტორი ალექსანდრე რონდელი ამბობდა ირანის გეოგრაფიაზე საუბრისას, ეს ორი უკაცრიელი და უდაბური სივრცე, რომელიც ირანის შუაგულში მდებარეობს, ტერიტორიით საფრანგეთს უტოლდება… სხვათა შორის, ამ უდაბნოთა არსებობა „ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფიაში ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდშიც ჩანს, რაიმე კონკრეტული სახელის მოხსენიების გარეშე.

ბენდერ-აბასი არცთუ დიდი ქალაქია, რომ მივიარ-მოვიარეთ იქაურობა, გადავწყვიტეთ, სრუტეც გადაგვეცურა და კუნძული ყეშმიც მოგვენახულებინა… „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მკვლევარი ამ კუნძულის სახელს ასე წერს – „კოშმი“, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ის რუსულენოვან რუკაზე ნახა, სპარსულის ცოდნაზე ლაპარაკი ზედმეტია… მე კი ბედმა მარგუნა პირადად მენახა ის ადგილები, რაც „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ნურადინ-ფრიდონის სახელს უკავშირდება…

გავედით პორტში და დავინახეთ უზარმაზარი საოკეანო ლაინერები და რადგან ჩემი ინტერესი „ვეფხიტყაოსნის“ გეოგრაფიისადმი იქ ჩასვლამდე 3-4 წლით ადრე უკვე აღძრული იყო, მაშინვე გამიელვა თავში: „ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა“ (?!); დახედეთ რუკას და თავადაც დარწმუნდებით, რომ ორმუზის სრუტე სპარსეთის ყურის აუზის ქვეყნების, ინდოეთის, ინდოჩინეთს, აფრიკის და ავსტრალიის საწყალოსნო გზების გზაჯვარედინზე მდებარეობს. იმ უზარმაზარი გემების ხილვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და კიდევ ის შევნიშნე, რომ გემების ანძები ნაირ-ნაირი ზომის ფრინველებით იყო დახუნძლული… ჩიტების ენა რომ მცოდნოდა, ნამდვილად ვკითხავდი – „აქ რამ მოგიყვანათ, თქვე დალოცვილებო, თქვენა?!“, მაგრამ მხოლოდ ლიტერატურული სპარსული ვიცოდი და იმ ქალაქში, ჩიტებს კი არა, ადამიანებს ძლივს ვაგებინებდი ჩემს სათქმელს, რადგან იქაურები რაღაც უცნაურ დიალექტზე მეტყველებდნენ და მე ჩემი „ლიტერატურული ლექსიკით“, ალბათ, ამ ხალხს ცოცხალი ომარ ხაიამი ვეგონე… ფრინველთა სიმრავლეს მაშინ ჩემთვის არაფერი უთქვამს, უბრალოდ დავინახე და დამამახსოვრდა…. არადა, თურმე ეს არის მთავარი „მულღაზანზარის“ ეტიმოლოგიაში და ეს მერე, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გავიაზრე და ისიც გავარკვიე, თუ რატომ იყო ამ ქალაქში თავმოყრილი ამდენი ფრთოსანი არსება.

* * *

კუნძული ყეშმი ნამდვილი საოცრებათა ქვეყანა აღმოჩნდა, ჩემი თავი სადღაც რაჯ კაპურის ფილმში მეგონა, მოედნებზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, იქვე ჭამდნენ, ისვენებდნენ თუ ეძინათ და საერთოდ, მგონი, ის ღიაცისქვეშეთი იყო მათი საცხოვრებელი; დარჩენა გვინდოდა მეორე დღესაც, მაგრამ იქ პოლიციამ, გარკვეული სასასზღვრო პრობლემების გამო, არ გაგვაჩერა და გვიან საღამოს უკან გადმოვცურეთ კონტინენტისკენ; იქვე ჩავსხედით ავტობუსში და გამოვეშურეთ თეირანისკენ… ღამე იყო და ჩაგვეძინა… დილით, თვალი რომ გავახილე და გზისპირზე დასახლებული ადგილების სახელების წაკითხვა შევძელი, შევადარე ჩემს ხელთ არსებულ რუკას და გაოცებულმა დავაღე პირი: „ძმებო, მგონი, შეგვეშალა ავტობუსი და პაკისტანისკენ მივდივართ-მეთქი“ – ვუთხარი ჩემს თანამგზავრებს… დიახ, ჩვენი ავტობუსი ირანის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, პაკისტანის საზღვართან ახლოს მიუყვებოდა გზას… ეს დაახლოებით იგივეა, ადამიანი თბილისიდან ბათუმში რომ მიდიოდეს და უცებ აღმოაჩინოს, რომ ცხინვალისკენ მიმავალ გზას დასდგომია შეცდომით…

მივიხედე-მოვიხედე, ავტობუსი სავსე იყო მომღიმარი და ჩვენდამი (როგორც უცხოელებისადმი) თავაზიანად განწყობილი ირანელებით; საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ზრდილობასა და თავაზიანობაში ამ ხალხს ბადალი არ ჰყავს, მაგრამ ეს იმწუთას ნამდვილად არ იყო მთავარი… ფრთხილად ჩავატარე მათთან დაზვერვითი საუბარი და გავიგე მხოლოდ ის, რომ თეირანში კი მივდიოდით, მაგრამ შემოვლითი გზით…. ეს „შემოვლა“ დაახლობით ათას ხუთას ან ორი ათას კილომეტრს უდრიდა…. საქმე იმაშია, რომ თურმე იმ ავტობუსში შოპ-ტურისტები იყვნენ, რომლებსაც ეს „შემოვლა“ სხვადასხვა საგზაო კონტროლისა თუ სხვა მიზეზთა გამო სჭირდებოდათ (ეს მათი პრობლემებია)…. ამ უნებლიე „კრუიზმა“ კი მე მეორე დიდი უდაბნოს, „დაშთ-ე ლუთ“-ის ნახვის საშუალება მომცა… მართალია, სანახავი იქ თითქმის არაფერია, მაგრამ ავთანდილის თვალით დანახული სივრცე კი გამახსენა:

„მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,

თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა“.

გ) რას ნიშნავს მულღა(ნ)ზანზარი

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გადამწერის თუ პოემის ტექსის დამდგენი კომისიის საქმიანობის შედეგად ეს სიტყვაც (ბევრ სხვასთან ერთად) დამახინჯებულა და არასწორად წერია აკადემიურ გამოცემებში… უნდა იყოს „მულღანზანზარი“ და ეს პირველი „ნ“ (მულღ+ან) საჭიროა სპარსული ენის გრამატიკის თვალსაზრისით. ჩაწერეთ „გუგლის“ საძიებო სისტემაში „ნარ“-იანი ფორმა („მულღანზანზარი“) და ნახავთ, რომ საიტების დიდი ნაწილი მას უჭერს მხარს, იგივე სურათი შეიქმნება, თუ „ვეფხისტყაოსნის“ მკითხველთა შორის ზეპირ გამოკითხვას დაიწყებთ; ცხადია, მათ არ იციან სპარსული ენის გრამატიკა, მაგრამ რაღაც ქვეცნობიერი ხსოვნა თუ ლოგიკა კარნახობს, რომ სწორი  ფორმაა „მულღანზანზარი“.

აი, მაგალითები, რასაც არცთუ გაუნათლებელი ხალხი წერს ინტერნეტში:

– ერთი ვერსიით, ტარიელის გამოქვაბული ეთიოპიაშია (ე.წ. სოფ-ომარის გამოქვაბული), მულღანზანზარი კ.ზანზიბარია, ქაჯეთის ციხე კი მადაგასკარზეა განლაგებული… (ეს პოემის ერთ-ერთი მკვლევარი-მეცნიერის სიტყვებია და დაბეჭდილია წიგნში)

– მე-60 ქუჩას თინათინის სახელი დაერქვა, 74-ე ქუჩას – ნესტან-დარეჯანის, 78-ე ქუჩას – ავთანდილის, 79-ს – ტარიელის, 94-ს – „ფეხისტყაოსნის“, 48-ს – ნურადინ-ფრიდონის, 53-ს – მულღანზანზარის… (თბილისის ქუჩებთან დაკავშირებული ოფიციალური საიტი)

– ფრიდონი ჩემი საყვარელი პერსონაჟია, ჩემი გამოწრთობილი ცხოვრების შედეგად მივედი მაქამდე: მულღანზანზარი, თუ სწორად მახსოვს, კუნძული სახელმწიფო (ინტერნეტის რიგითი მომხმარებელი)

ჩემი აზრი კი ასეთია:  ვიღაცის ,,კაპრიზის” გამო ამოვარდა ეს პირველი „ნ“, არადა, საჭიროა და ახლავე მოგახსენებთ, თუ რატომ:

ფრიდონის ქალაქის სახელში მე ამოვიკითხე სიტყვა „მურღ / მორღ > მულღ“, რაც სპარსულად ფრინველს (ჩიტს) ნიშნავს…. „რ – ლ“ ბგერების მონაცვლეობა არ არის იშვიათი მოვლენა, როცა სიტყვები ენიდან ენებში მოგზაურობენ (მაგალითად, სპარსული „შალვარ“ რუსულში шаровары გახდა, ქართულში კი ორივე ფორმა იხმარება: შალვარი / შარვალი), „მორღ“-ის „მურღ / მულღ“-ად გადაქცევაც ჩვეულებრივი მოვლენაა: სპარსელები ამბობენ „ბოლბოლ“, ჩვენთან „ბულბულ“-ი დამკვიდრდა, „ბორჯ“ გახდა „ბურჯი“ და ა.შ. ეს საკითხები ფონეტიკის სპეციალისტებმა იკვლიონ, ჩვენ კი შევთანხმდეთ იმაში, რომ ფრიდონის ქალაქის სახელში ჩანს ფრინველი (მორღ > მურღ > მულღ) და თანაც სრულიად საფუძვლიანად ჩანს.

ამ სიტყვაში სამი სპარსული ელემენტი შეიმჩნევა: „მურღ/მულღ“ (ფრინველი) + „ან“ (მრავლობითის მაწარმოებელი ელემენტი) + „ზარ“ (სიმრავლის მაწარმოებელი ბოლოსართი). შესადარებლად გავიხსენოთ ჩვენთვის ცნობილი სახელი „გულიზარი“, რაც ყვავილებით მდიდარ ადგილს ნიშნავს: გულ (ყვავილი) + ზარ (-ეთ-ი) = ყვავილნარი… ყვავილეთი… ამ ლოგიკით „მულღ+ან+ზარ“ გამოდის ფრინველებით მდიდარი ადგილი, სა-ფრინველეთი… როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 1995 წლის დეკემბრის დასაწყისში მე საკუთარი თვალით ვნახე ბენდერ-აბასში ფრინველებით დახუნძლული საოკეანო გემების ანძები… და ამასაც თავისი, სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური მიზეზი ჰქონია თურმე:

ჩრდილოეთიდან (ევროპიდან, კავკასიიდან, შუა აზიიდან, ციმბირიდან…) თბილი ქვეყნებისკენ (აფრიკისკენ, ინდოეთისკენ) გადამფრენი ფრინველები თუ სტარტს ოქტომბერ-ნოემბერში აიღებენ, სპარსეთის ყურის სანაპიროებამდე დეკემბერში მიაღწევენ და მერე იქიდან გააგრძელებენ გზას…. ამიტომაც იყო ზამთრის პირველ დღეებში იმ ადგილზე ფრინველების სიმრავლე, რაც ბუნების მარადიული მოვლენაა; ფრინველების სიმრავლე ნურადინ-ფრიდონის სამფლობელოს შემოგარენში იქნებოდა დინოზავრების ეპოქაშიც, მე-12 საუკუნეშიც და ჩვენს დროშიც (მომავალშიც ასე იქნება, იმედია)…

ახლა პოემის ტექსტს მივმართოთ:

„ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე“

„ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა“

„ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა

„აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.”

„მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა“

„ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა“.

ყველა ეს ციტატა მულღა(ნ)ზანზართან დაკავშირებული ეპიზოდებიდანაა ამოწერილი ანუ რვა სახეობის ფრინველია დასახელებული:

ბაზიერი (ბაზ – სპარსულად მიმინო), ყვავი, ყორანი, იხვი, შავარდენი, ქორი, ორბი, ბატი… დიახ, მრავალფეროვანი ორნითოლოგიური გარემოა!

ცნობისათვის: პოემის მთელ დანარჩენ ტექსტში მხოლოდ სამი ფრინველი გვხვდება: ყორანი („ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა“), გნოლი და ქორი („შიგან ასრე გავერიე, გნოლის ჯოგსა, ვითა ქორი“).

კარგი, თავი დავანებოთ ფრინველებს და უფრო მნიშვნელოვან არგუმენტზე ვისაუბროთ:

დ) კუნძულის საკითხი

ფრიდონი ტარიელს ასეთ ამბავს უყვება:

„მამის ძმა და მამა-ჩემი პაპამ ჩემმან გაყვნა ოდეს,

ზღვასა შიგან კუნძულია, – ჩემად წილად მას იტყოდეს, –

თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;

მათკენ დარჩა სანადირო, არ მივსცემდი, მომერჩოდეს“.

ჰოდა, თუ ირანის ქალაქ ბენდერ-აბასში მოგიხდებათ ჩასვლა, დადექით ორმუზის სრუტის სანაპიროზე და გახედეთ ზღვას: თქვენ დაინახავთ რამდენიმე კუნძულს…. რომელი მათგანის გამო გაუჩეხეს ბიძაშვილებმა თავი ფრიდონს, რა თქმა უნდა, ამას ვერავინ გაარკვევს, მაგრამ იქ რომ კუნძულები ნამდვილად არსებობს და ერთ მათგანზე რომ მე თვითონ გავისეირნე, ამის შესახებ უკვე ვთქვი ზემოთ (ეს კუნძულები, განსაკუთრებით „ყეშმი“ და „ქიში“ მახლობელი აღმოსავლეთის ნებისმიერ რუკაზეა აღნიშნული, ეს კარგად ჩანს ამ წერილზე დართულ რუკის ფრაგმენტზეც)

ე) დაბოლოს, უკანასკნელი არგუმენტი:

ავთანდილმა ფრიდონის ქალაქამდე 80 დღე იარა….

მოდით, ახლა ვიანგარიშოთ, რამდენი კილომეტრის გავლა შეეძლო 80 დღეში მხედარს და გადავზომოთ მანძილი დასავლეთისკენ (ტარიელმა ავთანდილს ასე მიასწავლა ფრიდონისკენ მიმავალი გზა – „აღმოსავლითკე წადიო, იარე პირსა ზღვისასა“… ანუ მისი ქვაბი მულღაზანზარის დასავლეთითაა და მისი ადგილმდებარეობა, ჩემი ძიების შედეგად, სადღაც მდინარე შატ-ელ-არაბის დელტის შემოგარენში დადგინდა…

სანამ გამოთვლებს დავიწყებთ, უნდა აღვნიშნო, რომ იმ მკვლევარმა, ვინც სწორად მოძებნა რუკაზე მულღა(ნ)ზანზარი (ორმუზის სრუტის ნაპირზე) ყურადღება არ მიაქცია ხსენებულ ფრაზას – „აღმოსავლითკე წადიო“, მას ტარიელის ქვაბი შუა აზიაში, თანამედროვე თურქმენეთის ტერიტორიაზე ჰქონდა მოძებნილი და შესაბამისად ასცდა პოემაში კონკრეტულად დასახელებულ მხარეებს ანუ ავთანდილი მალღაზანზარში ჩრდილოეთიდან ჩამოიყვანა, მერე კი ინდოეთის გავლით ინდონეზიის კუნძულებისკენ გაგზავნა და იქ მოძებნა ქალაქი გულანშარო… ქვეყნის მხარეების აღრევის გარდა, ვერც ის გაითვალისწინა, რომ ინდოეთიდან წამოსული გამტაცებლები ნესტან-დარეჯანისა მულღაზანზარიდან გეზს ისევ ინდოეთისკენ არ აიღებდნენ და შესაბამისად ტარიელის სატრფოს ძებნა ინდოეთ-ინდონეზიის მიმართულებით სრული უაზრობაა…

ახლა დავთვალოთ:

თეორიულად მხედარს დღეში შეუძლია 35-40 კილომეტრის გავლა… თეორიულად! და ამაშიც შეცდა ხსენებული მკვლევარი, როცა ავთანდილის მგზავრობის 180 თვე ქვაბიდან გულანშარომდე, მათ შორის – 80 დღე მულღა(ნ)ზანზარამდე, ამ თეორიულ რიცხვზე გაამრავლა და მიიღო 7 200 კილომეტრი… გადაზომა ეს მანძილი თურქმენეთიდან ქვემოთ და ინდონეზიის არქიპელაგში გაამწესა ქალაქი გულანშარო… მთავარი შეცდომა კი იმაშია, რომ 180 დღს განმავლობაში ვერცერთი მხედარი ყოველდღე 40-40 კილომეტრს ვერ გაივლიდა, მით უმეტეს, რომ იგი ძებნით იყო დაკავებული და არა კონკრეტული A პუნქტიდან კონკრეტული B პუნქტისკენ გადაადგილებით.

საყოველთაოდაა ცნობილი ასეთი ფაქტი, რომ მახლობელი აღმოსავლეთის ტერიტორიაზე არსებულ საქარავნო გზებზე ყოველ 25-30 კილომეტრში იყო განთავსებული ქარვასლები, სადაც მგზავრები და მოგზაურები ისვენებდნენ და მერე (დღეღამის უმზეო ნაწილში) აგრძელებდნენ გზას. 25-30 კმ არის მანძილი, რომელსაც გაივლის ქარავანი (სასაპალნე პირუტყვები და ფეხით მოსიარულენი) ერთ დღეში… სავარაუდოდ, ავთანდილიც ამ განრიგით მგზავრობდა, მაგრამ… 80 დღის განმავლობაში, ცხადია, ყოველდღე ვერ გაუდგებოდა გზას: ხან წვიმა იქნებოდა, ხან ქარი, ხან დასვენებას ისურვებდა და ა.შ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ავთანდილი მიზანმიმართულად კი არ მიდიოდა, არამედ თან ეძებდა ფრიდონისაკენ მიმავალ გზას. ესე იგი 80 დღე X 25 კმ-ზე = 2000 კმ, თუმცა  ეს არის თეორიული და არა რეალური მანძილი…. სინამდვილეში მას, ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებათა გათვალისწინებით, შეეძლო ამ მანძილის მხოლოდ ორი-მესამედი, ანუ 1200-1400 კილომეტრი გაევლო…

ერთი სიტყვით, ავიღოთ და გადავზომოთ მანძილი თანამედროვე რუკებზე „გუგლის“ საზომი საშუალებით ქვაბიდან (დაახლოებით თანამედროვე ქუვეითის ტერიტორიიდან) მულღა(ნ)ზანზარამდე (ორმუზის სრუტემდე) და ვნახავთ, რომ დაახლოებით 1300 კილომეტრი გამოვა (იხილეთ რუკაზე მითთებული პარამეტებიც, იქ კონკრეტულადაც კი წერია – ავტომობილით 1384 კილომეტრის გავლააო საჭირო)…

* * *

შევაჯამოთ არგუმენტები:

  1. საზღვაო გზების გადაკვეთის ადგილი და ყოველგნით მავალი ნავების თავმოყრა.
  2. სიტყვა „ფრინველი“ (მულღ < მურღ) დასახელებაში და ფრინველთა სიმრავლე ბუნებაშიც და პოემის ტექსტშიც.
  3. ბიძაშვილების სადავო კუნძულის ნამდვილად არსებობა.
  4. ქვაბსა და მულღაზანზარს შორის არსებული მანძილის გამოთვლა.

ამ ორი უკანასკნელის ამოკითხვა „ვეფხისტყაოსანის“ ავტორს რომელიმე რუკაზეც შეეძლო, მაგრამ „ფრინველთა“ ფაქტორის გაცნობიერებას ნამდვილად ვერ შეძლებდა, რაგან არ მგონია, რომ მე-12 საუკუნის საქართველოში ორნითოლოგიური ხასიათის საცნობარო ლიტერატურა არსებობდა… იმისათვის, რომ ფრინველთა სიმრავლე ენახა, ჩემსავით თავად უნდა გასულიყო მულღა(ნ)ზანზარის (ახლანდელი ბენდერ-აბასის) საზღვაო სანაპიროზე, დამტკბარიყო საოცარი სანახაობით და იქვე ფრინველებით დახუნძლული საზღვაო ხომალდებიც დაენახა…

დასკვნა

ჩვენ მიერ „ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფიული გარემოს კვლევის მიზანი არ არის მხოლოდ რუკაზე ამა თუ იმ პუნქტის მოძებნა… ამ კვლევისას სრულიად ცხადად ირკვევა, რომ ეს ადგილები საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი და საკუთარი ფეხით მოვლილი ადამიანს, ვინც „ვეფხისტყაოსანი“ დაწერა…

თემები