წიგნი საყვარელ ავტორსა თანა
რუსუდან რუხაძე

ერთ წითელყდიან წიგნში, სადაც გამოგონილი და ნამდვილი ამბები ერთმანეთს ენაცვლება, შაკიკის წამალს ამოიკითხავთ. მაგიური წამლის რეცეპტი დიდი ხნის წინ თავის ტკვილისგან შეწუხებულ კალიგრაფს, მანანას „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისას ჩაუნიშნავს. მის ამბავს პოეტი და ენათმეცნიერი დიანა ანფიმიადი წითელყდიან წიგნში – „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ მოგვითხრობს და იმასაც წარმოისახავს, ლამაზი გრაფემების გამოყვანისას, როგორ უმწარებდა ქალს სიცოცხლეს თავის ტკივილი. ავტორი გადამწერის გაცილებით დიდ სატკივარზეც გვიამბობს და უპასუხო სიყვარულის ამბის თხრობას ასე ასრულებს: „რაც წიგნს ეხება, დაიჯერეთ, რაც ცხოვრებას – როგორც გენებოთ.“

კრებული სხვადასხვა საუკუნის ხელნაწერებში შემონახული ჩასწორებების, შენიშვნებისა და მინაწერების მიხედვით არის აგებული, რომლებსაც ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრმა „ვეფხისტყაოსნის“ პარალელური კორპუსის ელექტრონულ პლატფორმაზე მოუყარა თავი. წიგნის მთავარი პერსონაჟი ავტორის საყვარელი წიგნი, ასევე მისი მკითხველები და გადამწერები არიან.

მასალა უხვი და მრავალფეროვანია, წიგნის აშიებსა და მინდვრებზე დატოვებულ მოკლე თუ ვრცელ მინაწერებს ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების კვალი ამჩნევია: ტრფობა, ქორწინება, ლოცვა, ხარჯები, ვალები, გულის მოოხება… ყოველი მინაწერი სტრიქონი კრებულის ავტორს ამა თუ იმ ეპოქის სურათების წარმოსახვისა და აღდგენისკენ უბიძგებს. დიანა ანფიმიადიც ჩვეული სტილით, ხატოვნად და დამაჯერებლად მოგვითხრობს იმ ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდებს, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში წაკითხვით, გადაწერით, დასურათებით, დაზეპირებით თუ გაგრძელებით საყვარელ პოემას აცოცხლებდნენ. ძვირფასი წიგნი კი, თავის მხრივ, მათი ყოველდღიურობის თანამონაწილე  და მთავარი მესაიდუმლე იყო.

დღემდე „ვეფხისტყაონის“ 160-ზე მეტი ხელნაწერია მოღწეული, მათ შორის უძველესი სრული ნუსხა მამუკა თავაქარაშვილს ეკუთვნის და 1646 წლით თარიღდება. იმერეთის მეფის კარზე მოღვაწე კალიგრაფ-მინიატიურისტი სამეფო-სამთავროებს გაჩაღებული ბრძოლების შედეგად სამეგრელოში ტყვედ აღმოჩენილა, სადაც ლევან დადიანს „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა უბრძანებია. 267 გვერდიანი მხედრული ხელნაწერი 39 მინიატურასაც შეიცავს, მათ შორის ლევან მეორისა და თავად გადამწერის პორტრეტებს. გარდაცვალების შემდეგ მამუკა იმერეთში დაბრუნებულა, ტყეობაში შესრულებულ ხელნაწერზე კი ასეთი მინაწერი დაუტოვებია: „ღმერთო, დახსენ მძევლები ამ განსაცდელიდამ, აქედან მშვიდობით წაიყვანე თავის ქვეყანასა, ამინ, კირილეისონ.“

რაც შეეხება ნატიფი მინიატურებით შემკულ წერეთლისეულ ნუსხას, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება, ფრიდონ წერეთელს საჩხერიდან თბილისში ჩამოუტანია და ეტლში დარჩენია. წიგნი ნოქარს უპოვია და განძი სარფიანი გარიგებისთვის დავით სარაჯიშვილთან მიუტანია. ახალ მფლობელს კი უნიკალური „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგი სტუმრისთვის ჩუქება განუზრახავს. საბოლოოდ, ხელნაწერის ბედი დავით სარაჯიშვილთან ვახშმად მიწვეულ ექვთიმე თაყაიშვილს გადაუწყვეტია, რომელმაც უნიკალური საგანძური საქართველოს შეუნარჩუნა. დიანა ანფიმიადი სწორედ სარაჯიშვილების წვეულების აღწერისას აცოცხლებს წიგნს, რომელსაც ნაბიჯების ხმა ესმის, გარემოს დინჯად ათვალიერებს…

„იმ კვირა დღესაც ათასი მეფისა და თავადის და რამდენიმე ნამდვილი მკითხველის ხელში გამოვლილი ხელნაწერი სარაჯიშვილისეულ ბიბლიოთეკაში თვლემდა, რაღაცნაირ, გრილ სიმყუდროვეში გაყუჩებული და ზანტად უცქერდა თაროებსა და მაგიდებზე ჩამოლაგებულ წიგნებსა და ხელნაწერებს… წიგნმა ჯერ ორი ადამიანის ნაბიჯების ხმა გაიგონა, შემდეგ მძიმე კარი გაიღო და ერთ ნაცნობ და მეორე – უცნობ მზერას შეეფეთა.“

„ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ მწერლისა და დრამატურგის, პოეტისა და პუბლიცისტის ბარბარე ჯორჯაძის ამბავსაც მოგვითხრობს. „ბარბარეც აქ არის, ზოგიერთი კერძის შეზავებაში მზარეულს ეხმარება, ზოგს კი არავის ანდობს, მხოლოდ თვითონ ამზადებს. უჰ, როგორი სურნელია, სანელებლების ნამდვილი ზეიმი!“ კულინარიული წიგნის ავტორის ამბავი  მსგავსი პასაჟის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია, თუმცა მადისაღმძვრელ თხრობას კრებულში სხვაგანაც შეხვდებით, რის გამოც „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ დიანა ანფიმიადის კულინარიული პროზის თუ ლიტერატურული კულინარიის („პირადი კულინარია“, „წინასწარმეტყველება მურაბით“) თაროზე ინაცვლებს. დარიჩინის, მიხაკის, ასკილის თუ ვანილის არომატი ზოგიერთ გვერდზე იმდენად საგრძნობია, რომ კიდევ ერთხელ რწმუნდები, ეს წიგნი არა მხოლოდ ლიტერატურული გურმანებისთვისაა.

ერისთავის ქალის ამბავი იმას მოვაყოლეთ, რომ ერთ ძველ „ვეფხისტყაოსანზე“ ბარბარეს მინაწერია, სადაც ის დიდედას თავისი ობლობის ამბავს შესჩივის:

„ამ შენს ნაღვაწსა მდუმარედ დავმზერი სევდით აღვსილი,

ალერსით ვჰკოცნი ცრემლფრქვევით, სად გიწერია სახელი,

რად არ მეღირსა უბედურს გამეცან მშობლის მშობელი!

ასულმაც დედას მოგბაძა, წვრილნი გვყო დაობლებული.“

ბარბარეს ბებია ანა კი ჩვეულებრივი ბებია არ გახლდათ, ორი მეფის – ერეკლესა და გიორგის მრჩევლის, ეგნატე თუმანიშვილის ქალიშვილი დიდი უცნაური, ავანტიურისტი და საინტერესო გოგო იყოო, ამოიკიხავთ წიგნში. უკვე დაოჯახებულს „ვეფხისტყაოსანი“ გადაუაწერია, სინგურის ასოებით შემკული ნუსხა თავისი შვილისთვის, ალექსანდრესთვის მიუძღვნია და მინაწერიც დაუტოვებია: „მე ვარ უმოყვარო მოყვარე“.

რახან კრებულში მრავლად არის ამბები გაბედულ ქალთა შესახებ და ვფიქრობ, ამ წიგნის ღირებულება ესეცაა, პასაჟში – „მერე ანაც გათხოვდა და ყველა პოეტსა და აშიკს გული დასწყვიტა, სამაგიეროდ, ავთანდილ ამილახვარი გააბედნიერა და ორი შვილიც გაუჩინა“, – ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა ლექსიკა ნაკლებად სტერეოტიპული ყოფილიყო.

58-ე გვერდზე კიდევ ერთ საინტერესო პერსონაჟს აღმოაჩენთ. „აქ რამდენიმე მუხლი აკლია, დედანი არ მქონდა და ვინც ჩაიგდოთ ხელში, ჩაასწორეთ“, „ამ მუხლსა სიტყვები წყნარა წყნარა წაიარე“, „აქ სულ არეული არის“, „მაშინ ამაზე მეტი არა იცოდნენ რა“, – ეს მინაწერები XIX საუკუნის კალიგრაფს, ნიკოლაოზს ეკუთვნის, რომელსაც „ვეფხისტყაოსანი“ ულამაზესი ნუსხურით გადაუწერია, ასოცდაჩვიტმეტი გვერდი საგულდაგულოდ დაუთვლია და რაოდენობა წიგნშივე მიუთითებია. შემდეგ პოემის ავტორსაც კი გაჯავრებია, გაჯიბრებია და ლექსად მიუწერია:

„რუსთაველო ახ თუ დრო გაქუს მიტომ აგეთ ლექსთა ჩმახავ

ადექ მოდი ერთად დავსხდეთ ერთად ვწეროთ მაშინ გნახავ

ნაგაზივით წაგმოგწვდები ეს მე ვიცი ვერ გაგლახავ

ამას წინათ შენ დროებში დაგავიწყებ რაც გინახავს“.

სოფო კირთაძის ნატიფი მხატვრობა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ვეფხის ტყავის მატარებელთათავის მიძღვნილ კრებულს. ფუნჯით ნაწერმა ტექსტმა, კალმით ნახატმა გრაფიკამ და თავისუფალ ველებზე დატოვებულმა ხელნაწერებმა შესაძლოა საყვარელ პოეტთან თუ სხვადასხვა დროის გოგო-ბიჭებთან შეხმიანების სურვილი თქვენც გაგიჩინონ.

„როგორც მე ამ წიგნმა მამიდო ცეცხლი, ღმერთო ისე შენ მოუკიდე ცეცხლი ლევანის ძეს აბა ამას ტანჯვით. ღმერთო ამა ტანჯვით რისთვის დამბადე, რომ გავები სიყვარულის მახეში როგორც მე ამ წიგნში“.

„მიწყალე მე ღმერთო“

„ამიაშვილის ასული მაია აქანა კითხულობს“

„გწერ სურნელო სუმბულო“

„ეს ვეფხისტყაოსანი მე მქონდა და დავასრულე აგვისტოს 10-სა 1863 წელს.“

და თუ კიდევ ერთხელ გადაწყვეტთ უკვდავი პოემის წაკითხვას, წითელყდიანი წიგნის ავტორის სიტყვებიც არ დაივიწყოთ:

„გგონიათ, ამბავი როცა მთავრდება, იქ არის ნამდვილი დასასრული? ფიქრობთ, რომ წერტილი მართლაც ბოლოს ნიშნავს? მართლა გჯერათ დასასრულის დასასრულობის? მე კი დარწმუნებილი ვარ, რომ სულ პირიქითაა, ნამდვილი, ცოცხალი, მარადგანახლებადი, დაუსურლებელი მოქმედება წერტილის შემდეგ იწყება.“

თემები