ხელოვნება
დიდი ფული და ფილანტროპია
ირინე აბესაძე
ოცდამეერთე საუკუნის საზოგადოებაში, სადაც ყველაზე ქმედითუნარიანი ე.წ. მილენიალების, ანუ y- თაობაა, მრავალ ტრაადიციულად გაგებულ კულტურულ ღირებულებას ეცვალა სახე. 1980-2000 წწ. დაბადებულთა თაობამ, რომელთაც ჩვენს ინფორმაციულ ეპოქაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, თითქოს ნიადაგი გამოაცალეს ადამიანების წარსულის არტეფაქტებთან ცოცხალი ურთიერთობის ისეთ ფორმას, როგორიც მუზეუმია. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ვლადიმერ მაიაკოვსკის სამუზეუმო მტვრით დაფარული ექსპონატის ხილვა უსიამოვნო განწყობას გვრიდა, რადგან მისი აზრით, ცოცხალ ურთიერთობას(აუდიტორიასა და ხელოვანს შორის) დროის რიტმის ცოცხალი შეგრძნება ესაჭიროებოდა და არა წარსულის ქექვა. იმჟამინდელ ხელისუფალთა მხრივ – საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენის- თავისუფლად მოაზროვნე შემოქმედთა მიმართ ამგვარი დამოკიდებულების არარსებობამ , სოციუმის გულგრილობამ მრავალი ხელოვანის სიცოცხლე შეიწირა. ზოგმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ზოგიც საბჭოთა რეჟიმის უსასტიკესმა რეპრესირებმა იმსხვერპლა. საბჭოეთის ხელოვანები მოკლებული იყვნენ ჩვეულებრივი დახმარების შესაძლებლობებს. სახელმწიფოს იდეოლოგიური მანქანა დეკლარირებდა,- ფილანტროპიის ფუნქცია თავად სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა შეითავსონო. თანამედროვე ტექნოკრატიის პირობებშიც, როდესაც ადამიანი სოციალურ ქსელებში ისეა ჩაკარგული, როგორც განრისხებული ათენას ხელში მასთან ქსოვის ხელოვნებაში გაჯიბრებული არაქნე, ( საკუთარ ქსელში გახვეული ობობა. თითქოს თანამედროვე ვირტუალური კომუნიკაციის ველში მოხვედრილმა ფილანტროპიამ, კერძო სექტორიდან საზოგადოებრივზე გადაინაცვლა. ქველმოქმედებაზე ზრუნვას სოციუმი სულ უფრო ხშირად ამ პროფილით მომრავლებულ სხვადასხვა საზოგადოებრივ ფონდებს ანდობს. ძირითადად, უცხო ქვეყნებთან დაკავშირებული ფონდები , რომლებიც მხოლოდ შედეგზე არიან ორიენტირებულნი, აქცენტებს სოციალურად დაუცველ ფენებზე აკეთებენ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ მათ, როგორც წესი, ხელიდან უსხლტებათ ინდივიდი-შემოქმედი, ვისაც მორალური მხარდაჭერა სჭირდება. ჩემი ანალიზის მიზანია მკითხველი, თანამედროვე საქართველოს კულტურული ლანდშაფტის დისკურსით, ორი კონცეპტის – „ფილანტროპია“ და ფილანტროპიული ხასიათის მქონე „მუზეუმის „ – ერთმანეთთან კავშირის შესახებ დააფიქროს და იმ ახალ გამოწვევებზეც გაამახვილოს ყურადრება, რომელიც ამგვარი ტიპის მუზეუმის მესვეურთა წინაშე შეიძლება დადგეს.
ფილანტროპია ბერძნული სიტყვაა და ადამიანის სიყვარულს ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად ბერძენმა ტრაგედიოგრაფმა-ესქილემ გამოიყენა თავის ცნობილ ტრაგედიაში „მიჯაჭვული პრომეთე“. თავად ქველმოქმედება, როგორც სოციალური ვალდებულება- სხვას გაუწოდო დახმარების ხელი, ჯერ კიდევ ეგვიპტურ აკლდამებზე ამოტვიფრულ ეპიტაფიებსა და თვით შუამდინარულ პირველ საკანონმდებლო უძველეს კრებულშიე.წ. ხამურაპის კანონებშიც ხაზგასმით იყო კოდიფიცირებული. ანტიკურ საბერძნეთშიასეთად მიიჩნეოდა ტაძრების აგება, საზოგადოებრივი აბანოების, ფულის ღიად დარიგება ღარიბებისათვის და საჯარო ტრაპეზები ე.წ. სიმპოსიუმები . ძველ რომში ფილანტროპიას – მეცენატობა ჩაენაცვლა , სადაც არც მთლად უანგარო იყო მატერიალური დახმარება, რადგან მეცენატი საკუთარი სახელის განდიდებას და პოლიტიკური მიზნების მიღწევას ისახავდა მიზნად. ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად, ფილანტროპიას საფუძველი გაუმყარდა. რადგან თავად თეოლოგიური მოძღვრებებით იყო ადამიანის დახმარება განსაზღვრული. თანაალმობისათვის თავად ეკლესიები იქცნენ ფილანტროპიის ცენტრებად. ასე იყო ჩვ.წელთაღრიცხვით 5 -8 საუკუნეების ევროპაში, როდესაც 542 წელს პირველი ასეთი კერა საფრანგეთში, კერძოდ ქალაქ ლიონში გაჩნდა, ხოლო უპატრონო ბავშვთა პირველი თავშესაფარი გაიხსნა მილანში- 787 წელს. იმ დროს, ეკლესიებში ბინას და საკვებს ყოველთვის პოულობდა მსურველი. ასე გრძელდებოდა მეთექვსმეტე საუკუნემდე , სანამ ევროპაში საეკლესიო რეფორმა განხორციელდებოდა, რომელმაც აკრძალა ფილანტროპია . ეკლესია-მონასტრებმა რეფორმის შესაბამისად,შეწყვიტეს საქველმოქმედო ცენტრების ფუნქციონირება, რადგან ფილანტროპია არა ეკლესიის, არამედ უკვე სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოვალეობად იქცა. ასე განსაჯეთ, ინგლისში კერძო ქველმოქმედება მკაცრად იკრძალებოდა,რადგან ამგვარი ქმედება სახელმწიფოს ფუნქციებში ჩარევად ითვლებოდა. აღნიშნულის გამო, მკვეთრად შეიზღუდა დახმარების გაცემა. საგულისხმოა ისიც, რომ პირველი კერძო საქველმოქმედო ფონდი სწორედ ინგლისელი ვაჭრის ტომას კორამის ინიციატივით შეიქმნა. აღნიშნულმა ფონდმა ობოლ და უპოვარ ბავშვთა აღსაზრდელი სახლი და ჰოსპიტალი დაარსა.
აღსანიშნავია, რომ ფილანტროპიის თანამედროვე მოდელს , რომელიც ერთმანეთს საზოგადოებრივ და კერძო ინიციატივებს უთავსებს, ვხვდებით მე 19 საუკუნის გერმანიაში, კერძოდ ქალაქ ელბერფელდში, სადაც სპეციალურად მზრუნველთა საბჭო შეიქმნა, საბჭო ინფორმაციას აგროვებდა იმის თაობაზე, თუ მათი ქალაქის მაცხოვრებლებიდან ვის რა სახის დახმარება ესაჭიროებოდა. საბჭო არამარტო სახელმწიფოსა და რიგითი მოქალაქეებისგან შემოსულ შემოწირულობებს ანაწილებდა, არამედ თანამოქალაქეებს ნატურალური სახის დახმარებასაც უწევდა : სამსახურს სთავაზობდა მათ და გაჭირვებულ ავადმყოფებს უფასოდ მკურნალობდა .
შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ეტაპზე, სწორედ ელბერფელდის საქველმოქმედო სისტემის მსგავსი საქველმოქმედო სტრატეგია მოქმედებს ევროპაში, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს არა ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანური პრობლემის გადაჭრა, არამედ პერსპექტივაში ბენეფიციარის ბედის უკეთესობისკენ შეცვლა, მისთვის ცხოვრების შემსუბუქება.
საქართველოში ფილანტროპიის ევოლუციამ ზოგადად დასავლური გზა გაიარა. აქაც, ეკლესია-მონასტრები იყო ქველმოქმედების კერები, სანამ მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდნენ პირველი მეცენატები. განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მეცენატობამ, როგორც კულტურულ სფეროში საქველმოქმედო საქმიანობის ფორმამ, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიღო. მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის პირველი მეთხედის საქართველოში, ქართული კულტურის მძლავრ ორგანიზაციებს შემწედ ჰყავდათ ისეთი სახელმოხვეჭილი მეცენატები, როგორიც დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, აკაკი ხოშტარია, ალექსანდრე ქართველიშვილი, ძმები ვარაზაშვილები, ნიკო ნიკოლაძე, გრიგოლ ლორთქიფანიძე და სხვები იყვნენ. ქველმოქმედება, რომ გადამდებია, ეს ქართული არქეოგრაფიული დოკუმენტური ქრონიკებითაც დასტურდება. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის პერიოდულ პრესაში დროდადრო ჩნდებოდა ინფორმაცია ამა თუ იმ მოქალაქის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო აქტის შესახებ. საგულისხმოა, რომ სოციალური დახმარების ერთეული შემთხვევების პირობებში, იგულისხმება ღარიბ-ღატაკი მისახლეობის საკვებით, მედიკამენტებით, თუ სამოსით უზრუნველყოფა, ფილანტროპიას ჩვენში უფრო სულიერ-კულტურულ სფეროების მეცენატობის არაერთჯერადი, არამედ სისტემური ხასიათი ჰქონდა. ეს კი, თავის მხრივ იმგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის დამდეგის ქართულ საზოგადოებას კარგად ესმოდა, რა დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ეროვნული კულტურული იდენტობის გაცნობიერებისთვის საგანმანათლებლო-კულტურული კერების წარმატებულ ფუნქციონირებას. ნიშანდობლივია, რომ 1911 წელს „სახალხო გაზეთში“ მხატვარი დავით გურამიშვილი საქართველოში კონიაკის მწარმოებელ დავით სარაჯიშვილის მეცენატობის შესახებ წერდა :“.. დავითი კაპიტალისტი იყო არა მარტო იმიტომ, რომ კაპიტალის შეძენა უყვარდა, არამედ – იდეისთვის. დავით სარაჯიშვილი გატაცებული იყო არა სიმდიდრის მოპოვების სურვილით, არამედ თავისი საქმიანობის იდეით”. საქმიანობის ეს იდეა კი, ქართული საქმის კეთებით იყო პროვოცირებული. ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი , ქალბატონი რუსუდანი, რომელიც დავით სარაჯიშვილს კაცთმოყვარეობისა და კეთილშობილების მოციქულს ეძახდა, იხსენებდა: „ერთხელ ჩვენთან ბინაზე ყოფნისას, აკაკიმ იხუმრა: რა მეშველება, ჩემო ნიკო, დავით სარაჯიშვილი რომ არ მყავდესო“. მამამ (ნიკო ნიკოლაძემ) კი, მიუგო: „არაფერია, ჩემო აკაკი, შენ გაუძლებ სიღარიბეს, მაგრამ რა ეშველება ქართულ თეატრს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ღარიბ მსახიობებსა და მოსწავლეებს უდავითოდ? . მართლაც, დავით სარაჯიშვილისთვის კაპიტალის მოგროვება, ფულადი რესურსების თავმოყრა თვითმიზანი არსოდეს ყოფილა, არამედ იყო ქველმოქმედების საშუალება. მის საქველმოქმედო აქტივში კი, იყო: ქართული თეატრის ფეხზე დაყენება, ქართული უნივერსიტეტის დაარსების ფინანსური ხელშეწყობა, ქართული ჟურნალ-გაზეთების დახურვისაგან გადარჩენა, ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდობის სასწავლო სტიპენდიებით უზრუნველყოფა, ქართული კულტურულ-სახელოვნებო ორგანიზაციების დაარსებისათვის ზრუნვა და სხვა მრავალი კეთილი საქმე. ახლა, თუ აკაკი ხოშტარიას ფილანტროპული საქმიანობის აქტივებსაც გადავხედავთ, პირველ რიგში თვალში მოგვხვდება 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებულ „საქართველოს საისტორიო -საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის“ ქართული კულტურის ძეგლების დაცვა- განვითარებისა და კვლევისათვის წარმოებულ საქმიანობის ხელშეწყობა, აგრეთვე, ქართველ მწერალთა სახლის გამოსყიდვა, საქართველოს მუზეუმებისათვის მნიშვნელოვანი ექსპონატების შეძენა პარიზში. პარიზშივე, ფოთის პორტისათვის 4 გემის შეძენა და იქ მყოფი ქართველი სტიპენდიატების ფინანსური დახმარების გაწევა , სუჯუნაში ეკლესიის აშენება, რკინიგზის გაყვანა ფოთიდან-აბაშამდე და სხვა მრავალი. რაც შეეხება, ცნობებს ძმები ზუბალაშვილების სიქველის შესახებ, პარიზის ლუვრის ერთ-ერთი დარბაზის კედელზე განთავსებულ მარმარილოს დაფაზეა ერთი მნიშვნელოვანი ცნობა ამოტვიფრული, ლუვრის ექსპოზიციის შემომწირველთა სახელებს შორის, ქართველი იაკობ ზუბალაშვილის სახელიც კიაფობს. ძმები ზუბალაშვილების სახელს უკავშირდება ამჟამინდელი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, თბილისის უნივერსიტეტის და ჩვენი კონსერვატორიის ქართველი ერის სასიკეთოდ ფუნქციონირება. ამ ისტორიული შენობების აგებისთვის ზუბალაშვილებმა საკმაოდ დიდი თანხები გაიღეს. ისინი აქტიურად აფინანსებდნენ ისეთ მნიშვნელოვან პერიოდულ გამოცემებს, როგორიც გაზეთი „ივერია“ და ჟურნალი „ჯეჯილი“ გახლდათ. აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ქველმოქმედებას არამხოლოდ მდიდარი მეწარმეები ეწეოდნენ ,არამედ საშუალო შეძლების, ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებიც.ისინი თავს ვალდებულად თვლიდნენ, საკუთარ კმაყოფაზე ჰყოლოდათ თუნდაც ერთი სწავლას მოწყურებული, მაგრამ უსახსროდ მყოფი ახალგაზრდა. ამის მაგალითი პირადად ჩემი წინაპრები იყვნენ: ჩემს ბაბუას და ბებოს დედის მხრიდან, რომლებიც „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრები იყვნენ – იოსებ რაზმაძეს და ქეთევან ორჯონიკიძეს, თურმე დიდად ემადლიერებოდა ცნობილი მწერალი დავით კასრაძე, რომლის სწავლას საფრანგეთსა და ბელგიაში, ისინი აფინანსებდნენ. ასეთი ოჯახები კი, იმ დროის საქართველოში მრავლად იყო. ქართველ ერს ქველმოქმედებისკენ ხომ ჩვენი ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ისეთი უმნიშვნელოვანესი ძეგლიც უბიძგებს, როგორიც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანია“, რომლის ერთ-ერთი აფორიზმი გვასწავლის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“.
საბჭოთა საქართველოში ტერმინი „ფილანტროპია“ დავიწყებას მიეცა, თუმცა არსებობდა რამდენიმე ფონდი, მაგალითად: მშვიდობის, კულტურის, ბავშვთა ფონდი და სხვა, რომლებიც სხვადასხვა კატაკლიზმების შედეგად დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, უფრო კი – უცხოტომელებს, ვიდრე საკუთარ თვისტომს. 1990-იან წლებიდან კი, როდესაც განსაკუთრებით გაუჭირდა საქართველოს, შეინიშნებოდა ერთგვარი სტაგნაცია, რომლის მიზეზიც შიდა არეულობა, ომები და კონფლიქტები იყო. 2000 წლებიდან კი, კვლავ გახდა აქტუალური მეცენატობა, გაჩნდა ,,ქალთა ფონდი“ და ფონდი ,,ქართუ“. რაღა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ფილანტროპი უნდა მოქმედებდეს მხოლოდ ერთი, თუნდაც იდეალისტური სურვილით გამოასწოროს არსებული სოციალური უსამართლობა, თავისი ქველმოქმედებით ხელი შეუწყოს მდიდარსა და ღარიბს შორის არსებული უზარმაზარი უფსკრულის ნელ-ნელა ამოვსებას. რადგან საუბარი „ფილანტროპიის“, ირგვლივ წარიმართა, ვფიქრობ საინტერესოა, თუ რითი განსხვავდება ფილანტროპი მიზანტროპისგან. ტერმინი მიზანტროპი , რომელიც ბერძნულად კაცთმოძულეს ნიშნავს, ფილანტროპის სრული ანტიპოდია. ეს ტერმინი განსაკუთრებით აქტუალური მოლიერის სახელგანთქმული კომედიის „მიზანტროპი“-ს შემდეგ გახდა და დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. ამრიგად, თუ ფილანტროპის მიზანია დაეხმაროს სხვას, მიზანტროპი-ინდივიდუალისტია და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. იგი ყოველთვის უარს ამბობს ყველანაირ დახმარებაზე და არც არავითარ საზოგადოებრივ წამოწყებაში სურს მონაწილეობის მიღება. შეიძლება ითქვას, დიდი განსხვავება არც უნდა იყოს იმ ადამიანსა, რომელიც ქველმოქმედებას პოპულარობის მოხვეჭისათვის აკეთებს, და იმ ადამიანს შორის, რომელიც უარს ამბობს სხვის დახმარებაზე. ითვლება, რომ მიზანტროპიის ერთ-ერთი გამოხატულება სოციალ -დარვინიზმია: „იმარჯვებს ის, ვინც ყველანაირ გასაჭირს უძლებს“. ფილანტროპი ასევე , განსხვავდება ალტრუისტისგან. შეიძლება ითქვას, რომ ალტრუიზმი- ფილანტროპიის გადამლაშებული ფორმაა. ადამიანს თავად, რომ არაფერი აბადია, სხვას აძლევს და თავად ხდება დასახმარებელი. მაგალითად, მთელ პენსიას თუ ურიცხავ მხატვარს, იმ იმედით, რომ ადრე, თუ გვიან იგი მშვენიერ სურათებს შექმნის და ქვეყანას გამოადგება, ამ დროს კი, თავად შენ შიმშილობ. ეს უგუნური ალტრუიზმია.
ჩვენ ხშირად გვესმის სიტყვათ შეთანხმება „კულტურა გადაარჩენს საქართველოს“, რაც სრული ჭეშმარიტებაა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფალთ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ კულტურის და მისი ძირითადი ხერხემლის ხელოვნების ხელშეწყობა, ისეთი უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ჰაერივით აუცილებელია, რადგან სწორედ მას შეუძლია ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვა, ამ ბოლო დროს, სახელმწიფოს და კერძო სექტორის მხრივაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ,როგორც აღვნიშნე ეს არ არის საკმარისი. ფილანტროპიამ მთელი საზოგადოება უნდა მოიცვას. ამჯერად, მინდა უკვე განხორციელებულ, მეტად მნიშვნელოვან პროექტზე ვისაუბრო . ეს არის თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ერთი წლის წინ გია ჯოხთაბერიძისა და მანანა შევარდნაძის კერძო ინი ციატივით შეიქმნა. ვწერდი და ეხლაც მინდა გავიმეორო, რომ საქართველოს თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმი- Georgian Museum of Fine Arts (GMOFA) შექმნის სახით, საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვან მოვლენას ჩაეყარა საფუძველი. ეს მუზეუმი საშუალებას იძლევა არა მხოლოდ თვალი გავადევნოთ, ბოლო 70 წლის განმავლობაში ქართული კულტურის წიაღში მიმდინარე სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარების პროცესებს, არამედ თითოეული ხელოვანის მიერ განვლილი შემოქმედებით გზაც ხელისგულზე დავინახოთ. ამაზე კი, მერწმუნეთ საქართველოში სამუზეუმო საქმის ფუძემდებელი – დიმიტრი შევარდნაძე ოცნებობდა და მუზეუმი „მეტეხის“ ერთიან სამუზეუმო კომპლექსად გადაქცევის გეგმაში ქართული ხელოვნების ექსპოზიციისთვის ცალკე, დამოუკიდებელი საგამოფენო ფართის გამოყოფას გეგმავდა. თუმცა, თუ „ხალხის მტრად“ შერისხული ჭეშმარიტი „კულტურტრეგერის“ ამ წამოწყებას, იმ სუსხიანი საბჭოთა რეჟიმის პირობებში, ახდენა არ ეწერა და უფრო მეტიც, ეს იდეაც ავტორს, იგი სიკვდილის ფასად დაუჯდა. დღეს თანამედროვე სახვითი ხელოვნების დამფუძნებლების მანანა შევარდნაძის და გიორგი ჯოხთაბერიძის ძალისხმევით, ეს საშვილიშვილო საქმე რეალობად იქცა. მათი ოჯახის კერძო კოლექცია, რომელიც 80-მდე მხატვრის 3 500 არტეფაქტს მოიცავს განთავსდა თანამედროვე სტანდარტების საუკეთესო მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით აგებულ სამუზეუმო სივრცეში, სადაც ყველა პირობაა შექმნილი ექსპონატების უსაფრთხო „არსებობისთვის“. დასაფასებელია, რომ ეს მდიდარი კერძო კოლექცია მფლობელთა დახურულ სივრცეში ე.წ. „ოთხ კედელში“ კი არ არის ჩაკეტილი, არამედ იგი ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის ღიაა. ამ მხრივ, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს სოლომონ და პეგი ჰუგენჰაიმების ან ნორტონ დოჯის – ზიმერლის თანამედროვე ხელოვნების კოლექციები. დიახ, დიდი ხანია დროა, ჩვენში არსებულ კერძო კოლექციებთან წვდომის უფლება საყოველთაო გახდეს. ქართულ სივრცეში ამის პირველი საუკეთესო მაგალითი თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმის შექმნის ინიციატორებმა მოგვცეს. მისასალმებელია, რომ მათ არც შშმ პირთა, ნატიფ ხელოვნებასთან ზიარების ლეგიტიმური უფლებები დავიწყებიათ და მათთვის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ხუთივე სართულის 31 საგამოფენო დარბაზში გადაადგილებისთვის შესანიშნავად ადაპტირებული გარემო შეუქმნიათ. ექსპოზიციის დათვალიერებისას, ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ რჩეული ქართველი მხატვრები ერთი ან ორი ნაწარმოებით კი არ არიან წარმოდგენილნი, არამედ ხშირ შემთხვევაში თითოეული მათგანის შემოქმედებას მთელი დარბაზი ან დარბაზის მთელი კედელი უჭირავს. ამრიგად, თვალწინ იშლება პანორამა სხვადასხვა თაობის, ძირითადად 50-60-70-80 იანი წლების ქართული სახვითი ხელოვნებისა. ეს კი, საშუალებას იძლევა ამა თუ იმ მხატვრის შემოქმედებით ევოლუციას გავადევნოთ თვალი. ამასთან ის ტენდენციებიც თვალნათლივ დავინახოთ, რომლებშიც იწრთობოდა ქართული საბჭოთა მოდერნიზმი თუ პოსტმოდერნისტული მხატვრული ძიებები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ექსპოზიციაში დაცულია ხელოვანთა გენდერული ბალანსი. დღეს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მხატვრებისათვის, ზოგადად შემოქმედი ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია იმ ტიპის მატერიალური და მორალური მხარდაჭერა, რასაც ითვალისწინებს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მესვეურთა თანამედროვე ნატიფი ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციისაკენ მიმართული ხელისშემწყობი პოლიტიკა .
როდესაც საუბარია ზოგადად მუზეუმზე დღეს , უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმში ნაკლები ახალგაზრდობა (ე.წ. Y-თაობა) დადის უფრო მეტად ისევ საგამოფენო დარბაზებს ბეიბი-ბუმერების თაობა ( 46- 64 წლებში დაბადებულები) და X -თაობა ეტანება (დაბ. 1965-79), ხოლო საგამოფენო ვერნისაჟებზე კი, შესაძლებელია, მოწვეული სტუმრის სტატუსით. ე.წ. ტრადიციონალისტ თაობის ( დაბ. 1927 -45) წარმომადგენელსაც მოვკრათ თვალი. მუზეუმის მიმართ, ქართველი საზოგადოების მხრივ გამოჩენილი ამგვარი გულგრილობის მიზეზი ძნელი ასახსნელია. ძნელი ასახსნელია, თუ რატომ არის ახალგაზრდების თვალში ელექტრონული მუსიკის კონცერტებზე ნაკლებ პოპულარული თანამედროვე, ავანგარდული მიმართულების ხელოვანთა ვერნისაჟები. ეს, როგორც ჩანს საყოველთაო სენია, რადგან თანამედროვე ამერიკელი არტ კრიტიკოსი მაიკლ კანელი 1980-2000 წელს დაბადებულ ე.წ. მილენიალთა თაობის ( იგივე Y-თაობა) მიერ მუზეუმთან დამყარებული „ნელ-თბილი“ ურთიერთობის შესახებ სინანულით დაწერს: „იმ სამყაროშიც კი, რომელიც გადატვირთულია ზღვა ინფორმაციით, არ არსებობს მსგავსი იმისა, ვიდრე ტორსზე მოთამაშე ჩრდილი, არტეფაქტი-მარმარილოში გამოთლილი ადამიანის ჟესტი, რომელიც გვახსენებს, თუ რანი ვართ და საიდან მოვდივართ“ ( Michael Cannel, The Millennial Museum, Newspaper Amve, September/octomber 2015 ). იმისათვის, რომ გაიზარდოს დაინტერესება ახალგაზრდებისა მუზეუმების მიმართ, ამის შესაძლებლობას, ვფიქრობ თბილისში ამოქმედებული თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუნი იძლევა, თუნდაც იმიტომ, რომ ის თანამედროვეა ამ სიტყვის სრული გაგებით, თავისი ტექნიკური აღჭურვით და ასევე, იქ გამოფენილი სხვადახვა თანამედროვე მიმართულების არტეფაქტებით. ვფიქრობ, უარყოფითი მუხტით ასე ძალუმად დატვირთული ჩვენი საზოგადოებისთვის აუცილებელია სწორედ ხელოვნების ნიმუშების ხილვით განტვირთვა. ახალგაზრდებმა თავად უნდა იგრძნონ, რომ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, დიდი საჩუქარია ქართველი ერისათვის. ამავდროულად, დიდი სტიმულია ხელოვანი ადამიანისათვის. ეს საშუალებაა, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა (მათ შორის უცხოელმა ტურისტებმა) გაიცნოს თანამედროვე საქართველოს ესა თუ ის ნიჭიერი ხელოვანი, თანამედროვე საუკეთესო სამუზეუმო სტანდარტების გათვალისწინებით მოიხილოს საქართველოს ახალი და უახლესი პერიოდის ხელოვნების განვითარების გზა. ჩინელ ხელოვანს აი ვეი ვეის უთქვამს „ხელოვნება კომენტარია ყველაფერზეო“ და ჩვენც რუსთაველის გამზირზე, ჩენი დედაქალაქის შუაგულ ცენტრში – ყოფილ „მხატვრის სახლის“, უფრო ადრე კი, ლადო გუდიაშვილის მიერ მოხატული სასტუმრო „ორიანტის“ ადგილზე, პოსტმოდერნისტული ხასიათის ეკლექტური, არქიტექტურულ სტილთა ნაზავით აგებული ნაგებობის უზარმაზარ (7000 კვმ ) ინტერიერში, შესაძლებლობა გვაქვს ვიხილოთ ის , თუ რა შეუძლია ქველმოქმედების სწორ პოლიტიკას მიმართულს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარებისათვის. ვიყოთ გულახდილები! ქართული საზოგადოება, რატომღაც მიეჩვია (განსაკუთრებით ამ ბოლო დროს), კრიტიკის ქარცეცხლში გაატაროს ქართველი კაცის მიერ განხორციელებული ყოველი ახალი წამოწყება , მაშინ როდესაც უცხოელებს, რატომღაც ყველაფერი ეპატიებათ. თანაც ისე, რომ არ დაელოდონ დროის გამოცდას. ასე იყო თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმის აგების შემთხვევაშიც. განსაუთრებით მუზეუმის ექსტერიერი აღელვებდა საზოგადოებას, მისი ეკლექტიკა და პროპორციები, გაღიზიანებას შენობის ფასადზე წარმოდგენილი უზარმაზარი არწივის სკულპტურული გამოსახულებაც იწვევდა, რომლის წარმომავლობაზე ლეგენდები ითხზვებოდა. ვფიქრობ, ერთი წლის თავზე შენობამ ადაპტირემა მოახდინა გარემოსთან, რაც დროთა ვითარებაში სრულ ადაპტაციას მიაღწევს. არწივთან დაკავშირებითაც კი გაირკვა, რომ იგი გაზრდილი მასშტაბით იმეორებს ვანის არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვის მეორე- პირველი საუკუნეების ქვაბზე მიმაგრებული სამი პატარა ( 15-17 სმ.) არწივის ფიგურატულ გამოსახულებას. თუმცა, უნდა ვაღიარო, ჩემთვისაც მოქანდაკეების: დავით მინდორაშვილისა და ედუარდ შახნაზაროვის მიერ შექმნილი ფრინველების რეპლიკები ზომებში ოდნავ ზედმეტადაა გაზრდილი. ქართული კულტურისთვის , ძველი ბერძნულის მსგავსად, ხომ შესანიშნავი ზომიერება, ე.წ. „ოქროს შუალედი“ იყო დამახასიათებელი. რაც შეეხება სტილთა ნაზავს, რომლითაც ეს მნიშვნელოვანი ნაგებობა თავს იწონებს, იგი სრულიად მისაღებია, რადგან პირველ რიგში ეკლექტიზმი თანამედროვე ეპოქის შესატყვისია, მეორეც ის სრულად პასუხობს აღმოსავლეთ-დასავლეთის შესაყარზე მყოფი საქართველოს კულტურულ ფიზიონომიას. ჩემი ღრმა რწმენით, დრო საუკეთესო მსაჯულია და ეს ახალი ნაგებობა ნამდვილად გაუძლებს დროის გამოცდას. ახლა რაც შეეხება მუზეუმის სამომავლო ფუნქციონირებას. ვფიქრობ, ნამდვილად კარგი იქნება, თუ ერთი დიდი, ჯერაც აუთვისებელი საგამოფენო სივრცე, რომელიც მუზეუმის მესვეურთა სურვილით განკუთვნილია ცვლადი ექსპოზიციების მოსაწყობად, დაეთმობა გამოფენის მოწყობის მსურველ ნიჭიერი ახალგაზრდა ავტორებს და მათ ამისთვის არ მოუწვთ საექსპოზიციო ფართის დაქირავებისათვის გადასახადის გადახდა. ახალგაზრდისთვის ხელის ამგვარი გამართვა კიდევ უფრო გაზრდის მუზეუმის საქველმოქმედო დატვირთვას. სპეციალური ექსპერტებისაგან მოწვეულმა საბჭომ უნდა განიხილოს, ახალბედა , ნიჭიერი მხატვრების მოზიდვის საკითხი, მათი ნამუშევრების გამოფენის გზით. გამოფენაზე გამოტანილი საუკეთესო ექსპონატების შეძენა კი ახალგაზრდების შემოქმედებაში ინვესტიციის ჩადების ტოლფასი იქნება. ახალგაზრდა ხელოვანთა ამგვარი დებიუტი და საზოგადოების წინაშე წარმატებული წარდგომა, ახალი ტალანტების აღმოჩენას შეუწყობს ხელს. ამის წინაპირობას კი, თავისუფალი სივრცის ხალვათი, საუცხოო საექსპოზიციო გარემო ქმნის. თვით ამჟამად მოქმედი ექსპოზიციაც, რომელსაც ჯერჯერობით სტაციონარული ხასიათი აქვს, ცვლადი უნდა გახდეს, ამის შესაძლებლობა თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმის შემქმნელებს ნამდვილად აქვთ,. ვინაიდან, მათი მუზეუმისვე საცავებში, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მრავლადაა ჯერაც გამოუმზეურებელი არტი-ფაქტი. საფიქრებელია, რომ მუზეუმის მესვეურები შეძენილი კოლექციით არ დაკმაყოფილდებიან და მრავალ ახალ ნიჭიერ ხელოვანს გაუწვდიან დახმარების ხელს, შეიძენენ მათ ნამუშევრებს. ამ შემთხვევაში, მართლაც აუცილებელი იქნება როტაციის პრინციპის ამოქმედება, ამ დროს ახალი არტიფაქტები თავის ჯერს დაელოდებიან, რათა განახლებულ ექსპოზიციაში დაიკავონ შესაფერისი ადგილი.
მუზეუმის წარმატებული ფუნქციონირების ერთი წლისთავზე, კიდევ ერთი სურვილი გამიჩნდა, გამოფენები სპეციალისტი- ექსპერტების სჯა-ბაასის და მათ მიერ ექსპოზიციებზე დაწერილი პუბლიკაციების ფონზე წარიმართოს, რაც უნდა უზრუნველყოს სამუზეუმო მენეჯმენტმა. ჩემი ღრმა რწმენით მომავალი საექსპოზიციო გეგმის შედგენისას, მეტად უნდა გამოიკვეთოს ერთიანი კონცეფცია, ( მაგ. ერთიანი მიმართულებების და ტენდენციების კუთხით) და ისტორიზმის პრინციპის დაცვით. ვფიქრობ ასევე, მომავალში კარგი იქნება ხელოვნების დარგების ( ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნება, სცენოგრაფია ) წარმოჩენისას, პარიტეტის პრინციპის დაცვაც. ამჟამინდელ ექსპოზიციაში თითქმის არ ჩანს გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნების დარგები ( ჭედურობა, მინა, კერამიკა, გობელენი ) არც სათეატრო, თუ კინომხატვრობა. არადა ამ სფეროებში ქართველთა მიღწევებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. ასევე ვისურვებდი, სამომავლოდ, საგამოფენო სივრცე დაეთმოს ემიგრაციაში მყოფ ჩვენს ნიჭიერ ხელოვანებს, რომელთაც სახელი გაითქვეს უცხოეთში. იმისათვის, რომ მუზეუმში ხალხმრავლობა იყოს არამხოლოდ ვერნისაჟის დღეებში, არამედ ყოველდღიურად, ვფიქრობ აუცილებელია მუზეუმის ჩართვა საგანმანათლებლო პროექტებში. ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა სახის პერფორმანსების, ელექტრონული მუსიკის, ჯაზის, თუ ხალხური მუსიკის ფონზე ადეკვატური განწყობის მქონე არტეფაქტების ჩვენება. გავბედავ და ვიტყვი, ვინაიდან მუზეუმს საქველმოქმედო დატვირთვა გააჩნია, ამიტომ არ იქნება ურიგო შესასვლელი ბილეთის ფასი სტუდენტი ახალგაზრდობისათვის (განსაკუთრებით ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების) უფრო შეღავათიანი იყოს. თუმცა, რასაკვირველია, ვითვალისწინებ იმას, რომ ხელოვნებასთან ზიარება ყველგან – მთელს მსოფლიოში ძვირი სიამოვნებაა და ასეც უნდა იყოს. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც უთუოდ გასათვალისწინებელია.
დღეს თბილისში მოქმედი თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმი უნდა იქცეს სხვებისთვის ერთგვარ ეტალონად, მასტიმულირებელ ფაქტორად, რომ მსგავსი ფილანტროპიული სახის მუზეუმები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გაიხსნას, რადგან ნიჭიერი ხელოვანები საქართველოს პერიფერიებშიც მრავლად არიან, მათ აღმოჩენა სჭირდებათ. სამწუხაროდ, სახელმწიფო ვეღარ ახერხებს მათი ნაწარმოებების შესყიდვას სახელმწიფო სამუზეუმო ექსპოზიციებისა და საცავებისთვის, ამიტომ ეს საქმე, კერძო სექტორმა უნდა ითავოს. ვფიქრობ, ბიზნესმენებს უნდა მოეხსენებოდეთ, რომ არ არსებობს უკეთესი დაბანდება კერძო კაპიტალისა, ვიდრე ფულადი რესურსების ჩადება ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებში.
დასასრულ, წერილი მინდა ზაქარია ჭიჭინაძის სიტყვებით დავასრულო, რომელიც მან ჩვენი დიდი ქველმოქმედის დავით სარაჯიშვილის მისამართით თქვა: ,,გავლიან დღენი, თვენი, საუკუნენი და დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ხსენებას ვერავინ ამოშლის, ვერავინ ამოფხიკავს… შთამომავლობას გადაეცემა მისი ხსოვნა. ვინაიდან მისგან დაზრდილსა და განათლებულის ქართველთა შვილებით და შვილიშვილებით იქნება საქართველო სავსე.“ ვინატრებდი ასევე, სულმნათი იაკობ გოგებაშვილის მსგავსად,შემდეგი სიტყვებით შეგვემკო, რომელიმე ქართველი მეცენატი: ,, …ის მართლაც მილიონების მფლობელი იყო (ა.სარაჯიშვილი-ი.ა), მაგრამ ამ მილიონებს თავისთვის კი არ ხარჯავდა, არამედ ქვეყანას ახმარდა. მან ყმაწვილობიდან გულში ჩაინერგა ქვეყნის სამსახური, მისი სიკეთე, მისი შვება და გაჭირვების შემცირება”.