მუსიკა ხელოვნება
მუსიკალური ინტრუმენტით მოთხრობილი საქართველოს ისტორია
საქართველოში ბევრმა არც იცის, რომ ძველი თბილისის ერთ ულამაზეს უბანში ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმი მდებარეობს. მუზეუმის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა 1975 წელს, ცნობილი თბილისელი კოლექციონერის, არკადი რევაზიშვილის გარდაცვალების შემდეგ კოლექცია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა. თავიდან მხოლოდ ერთი პატარა საკრავების განყოფილება შეიქმნა.. 1984 წლიდან ხალხურ საკრავთა მუზეუმი, 2006 წლიდან ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, 2019 წლიდან კი მუზეუმი ხელოვნების სასახლის სამუზეუმო გაერთიანების წევრი გახდა. პატარა, კოპწია მუზეუმი ძველ თბილისში, სამღებროს ქუჩაზე მდებარეობს. სანამ ნარიყალას აღმართს შეუყვები, მომცრო თაღს გაივლი, ჩაივლი კიბეებს და მუსიკის სამყაროში აღმოჩნდები.პირველად ქართულ დარბაზში მოხვდები, საიდანაც ქართული ხალხური საკრავები გიმზერენ: 3500 წლის წინანდელი გედის ძვლის უენო სალამურის ასლი, ოლღა გურამიშვილის მამისეული დიპლიპიტო, აკაკი ხორავას ჩონგური… ჩასაბერი, დასარტყამი, სიმებიანი და პნევმატურ-კლავიშებიანი საკრავები… ეს ექსპონატები წლების განმავლობაში მუზეუმის ენთუზიასტ თანამშრომელთა მიერ ექსპედიციებშია ნაგროვები. დღეს თითქოს მივიწყებულები და აუხმიანებლები…მეორე დარბაზში ძველი თბილისის სურათები გეშლება თვალწინ… საზი, თარი, ქამანჩა, ზურნა და დუდუკი… ეს საკრავები ძველი თბილისის განუყოფელი ატრიბუტები იყო. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის პატივისცემითა და ღირსებით ექცეოდა სხვა ერის კულტურებსაც,ამიტომაც მუზეუმი ასევე ინახავს აზერბაიჯანელი, სომეხი,იეზიდი,ებრაელი,თურქი ხალხების საკრავების ნიმუშებსაც.
მუზეუმში მოგზაურობა მესამე დარბაზით სრულდება. პორტატული ორღანი, როიალი, კალიოპე, არღანი, ორკესტრიონი…. წლების წინ არკადი რევაზიშვილის ნაგროვები, დღეს კი მუზეუმში ახმიანებული… ეს ევროპული კლასიკური და მექანიკური საკრავების დარბაზია. აქ მუზეუმი ცოცხლდება! აქ ყველაფერი ჟღერს!
მუზეუმში ხშირად შეხვდებით ორკესტრიონის „კანკანის“ ფონზე მოცეკვავე ბავშვებს ანდა ქართული ტრადიციული მუსიკით მოხიბლულ ტურისტებს. „მუსიკოთერაპია“, „ქართული ხალხური თამაშობები“, „მეფე მუსიკოსი“… ეს არასრული ჩამონათვალია იმ საბავშვო საგანმანათლებლო პროგრამებისა, რომელიც მუზეუმშია დანერგილი. აქ ხშირად იმართება ფოლკლორული კონცერტები, კონფერენციები, ლექციები და პრეზენტაციები…. ეს „ვიზიტორის სამყაროა“. თუმცა „ნამდვილი მუზეუმი“ ფონდებიდან იწყება. იქ არავის უშვებენ თანამშრომლების გარდა. იქ ხომ ყველაფერი სათუთად მოვლილი და ნალოლიავებია…
ქართული, აღმოსავლური და ევროპული საკრავები, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფერწერული ტილოები, გრამფირფიტები, ლოტბარ-მომღერალთა ფოტოები, პირადი არქივები, ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები. ეს უკვე ფონდების სამყაროა; სულ 6000-მდე ექსპონატი. სულ ცოტა ხნის წინ ამ საგანძურს გომარ სიხარულიძის მშობლების _ გიორგი სიხარულიძისა და მარიამ მდინარაძის ოჯახში ნაგროვები 50-მდე უნიკალური საკრავი შეემატა: ჩონგური, ფანდური, ჩანგი, ჭუნირი, ჭიანური, სალამური, ლარჭემი, გუდასტვირი, ჭიბონი, დუდუკი, დაირა და დიპლიპიტო… უნიკალური აფხაზური საკრავები. 1927 წლით დატარიღებული სანდრო კავსაძისეული ფანდური,ქუთაისელი ოსტატის,ალიოშა სირაძის ნახელავი გუდასტვირი და ლარჭემი,რასულ სურმანიძისეული ჭიბონი,კირილე ვაშაკიძის ჭიანურები.ეს სიხარულიძეების ოჯახის საკრავების კოლექცია გახლდათ. ოჯახის გადაწყვეტილებით კოლექცია სახელმწიფოს გადაეცა საჩუქრად და საკრავების მუზეუმში დაიდო ბინა. ეს ნიმუშები დროებით ფონდებიდან ქართულ დარბაზში გამოიფინა. სიხარულიძეების ოჯახის სურვილიც ხომ ეს იყო…
4 მარტს გომარ სიხარულიძეს,კომპოზიტორს,ლოტბარს,რამდენიმე ანსამბლის შემქმნელს- 80 წელი შეუსრულდა… ეს ტკივილიან-სიხარულიანი დღე საკრავების მუზეუმში სიხარულიძეთა საოჯახო კოლექციის პრეზენტაციით აღინიშნა. მეგობრებმა,საზოგადო მოღვაწეებმა გაიხსენეს ახლახან გარდაცვლილი ბატონი გომარი. იყო სიამაყის განცდაც და იყო ცრემლიც… რეჟისორ გიორგი სიხარულიძის,გომარ სიხარულიძის ვაჟის, ამაღელვებელმა გამოსვლამ კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე შეჰმატა საღამოს. რაღა თქმა უნდა, იოლი არ აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რუდუნებითა და სიყვარულით ნაგროვები საგანძურის შინიდან გატანა დიდ პასუხისმგებლობას, ერთგვარ თავგანწირვასაც მოითხოვდა.ჩვენ ეს ერთად გადავწყვიტეთ-თქვა მან. ეს არც არავის გაჰკვირვებია, რადგან ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის,რომ გომარ სიხარულიძის მეუღლეს ქალბატონ მაყვალა მუხაძეს,შვილებს გიორგი,ნინო,ნიკუშა სიხარულიძეებს თავისი ქვეყნის უკიდეგანო სიყვარულთან ერთად, ასეთი აქტის საკაცობრიო,საქვეყნო მნიშვნელობაც კარგად აქვთ გასიგრძეგანებული.
მუზეუმი მადლობას უხდის სიხარულიძეების ოჯახს ქართული კულტურის საგანძურის გაზრდისა და გამდიდრებისთვის!