ლიტერატურა
ფიოდორ დოსტოევსკის ,,ჭინკებიდან“ ანდრეი პლატონოვის ,,ქვაბულამდე“
ფიოდორ დოსტოევსკის რომანი ,,ჭინკები“ 1872 წელს გამოიცა და მალევე ნათელი გახდა, რომ ნაწარმოები არა მხოლოდ გაფრთხილებას, არამედ იმ მოვლენების წინასწარმეტყველებას წარმოადგენდა, რომლებმაც ნაწარმოებიდან რეალობაში, პატარა ქალაქიდან მთელ რუსეთში გადაინაცვლა.
დოსტოევსკი, 1846 წელს, რევოლუციონერ მიხაილ პეტრაშევსკის დაუახლოვდა და მის მიერ დაარსებულ საზოგადოებაში ,,პეტრაშეველებში“ გაწევრიანდა. ,,პეტრაშეველები“ სოციალისტ-უტოპისტების გაერთიანებას წარმოადგენდა, რომლის მთავარი მიზანი სოციალისტური რეფორმებისაკენ მოწოდება, რუსეთში გადატრიალების მოწყობა გახლდათ. მალევე პეტრაშეველთა საზოგადოების წევრები, მათ შორის დოსტოევსკიც, დააპატიმრეს, ბრალი წაუყენეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც დახვრეტით უნდა აღსრულებულიყო.
„კვლავ ბეწვზე ჰკიდია მისი ბედი. ერთმა წამმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, ერთმა მეტისმეტად ხანმოკლე და მეტისმეტად ბევრის დამტევმა წამმა – უსასრულობის წამმა, როდესაც სიკვდილმა და სიცოცხლემ მხურვალედ დააკონეს ერთმანეთს ბაგეები. გამთენიის ხანს ცხრა ამხანაგთან ერთად გამოჰყავთ იგი საპატიმროდან. სემიონოვის მოედანზე რომ მიიყვანეს, სასუდარე პერანგი ჩააცვეს, ბოძზე მიაკრეს და თვალები აუხვიეს. იწყება სასიკვდილო განაჩენის კითხვა. ყოველი სიტყვა მკაფიოდ ესმის, ესმის დაფდაფების ბრახუნი. აი, საცაა გაწყდება ის ბეწვი, რომელზედაც ჰკიდია მისი სიცოცხლე. ჩამოჰკრა სიკვდილ-სიცოცხლის მომრიგებელმა ჟამმა. საშინელმა სასომიხდილებამ დაჯაბნა, დაჯაბნა საშინელმა წყურვილმა სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ყველაფერი ეს არნახული, არგაგონილი, არგანცდილი გრძნობა დროის ერთმა მოლეკულამ დაიტია. ანაზდად ოფიცერმა ხელი ზემოთ ასწია, თეთრი ხელსახოცი დაიქნია და რაღაცის კითხვა დაიწყო. ეს რაღაც შეწყალებაა. დიახ, იგი შეიწყალეს და სიკვდილის განაჩენი ციმბირში გადასახლებით შეუცვალეს.“[1]
სწორედ გადასახლებაში შეიცვალა დოსტოევსკის მსოფლმხედველობა, მისი განცდები და დამოკიდებულებები… მან უარყო სოციალისტური შეხედულებები და ადამიანის სულის კვლევას შეუდგა.
მისი რომანი ,,ჭინკები“ ანტისოციალისტური, ანტინიჰილისტური ნაწარმოებია, რომლშიც კრიტიკულად არის განხილული სოციალისტური, ნიჰილისტური, ათეისტური იდეები. ¶ ნაწარმოებს წინ უძღვის ნაწყვეტი ლუკას სახარებიდან, რომლის მიხედვითაც, კაცი, რომელსაც ეშმაკები ტანჯავენ, ღმერთს დახმარებას სთხოვს. ღმერთი კაცს ეშმაკებისაგან ათავისუფლებს და მათ იქვე მთაზე „მძოვარი’’ ღორების კოლტში უშვებს. კოლტი კლდიდან იჩეხება და ტბაში იხრჩობა. ნაწარმოებს წამძღვარებული ეპიგრაფით, დოსტოევსკი მკითხველს იმ ეშმაკების, იმ ჭინკების შესახებ ატყობინებს, რომლებიც ადამიანებს, რუსეთს, მსოფლიოს შეესივნენ და ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ ამ ეშმაკებმაც სახარებიდან მოხმობილ ნაწყვეტში გადმოცემულის მსგავსად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დააღწიონ თავი კაცობრიობას. ¶
რომანში უამრავი ,,ჭინკა“ გვხვდება, რომელთა ცხოვრებასაც განსხვავებული რწმენები წარმართავს, თუმცა ყველა მათგანი ერთი იდეის – ამქვეყნიური სამოთხის შექმნის, პირველყოფილი უმანკოების დაბრუნების ირგვლივ ერთიანდება.
იმისათვის, რომ უტოპიური იდეები რეალობაში განხორციელდეს, მნიშვნელოვანია არსებობდეს ადამიანი, რომელიც მუდამ იზრუნებს თანამოაზრეების ერთიანობასა და საჭიროებისამებრ მათ „შეკოწიწებასა’’ და „შეწებებაზე’’. საჭიროა ლიდერი, რომელიც საკუთარი შინაგანი ენერგიითა და ქარიზმატულობით თანამოაზრეებს შორის გაჩენილ იდეურ კავშირს უფრო და უფრო მეტად განამტკიცებს და ეჭვებს, რომლებიც იდეის აბსურდულობასთან, მის განუხორციელებლობასთან დაკავშირებით შეიძლება დაიბადოს, საკუთარი არსებობით, მომნუსხველობით მტვრად აქცევს. რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია იდეა, გეგმა საზოგადოების სოციალური მოწყობისა და როლი ამ იდეის ირგვლივ მოფუთფუთე პირებისა, რომლებიც მიზნისკენ მიმავლ გზაზე განსხვავებული ქმედებებით მიემართებიან და თავის წილ მსხვერპლს იღებენ დიადი განზრახვის განსახორციელებლად.
ნაწარმოებში მთავარ იდეოლოგად პიოტრ ვერხოვენსკი გვევლინება. სწორედ ის იკრებს გარშემო დანარჩენ ,,ჭინკებს“ და სწორედ იგი ზრუნავს მათ ,,შეწებებაზე“. ,,შეწებების“ პროცესს უმცროსი ვერხოვენსკი განსხვავებული ხერხებით წარმართავს. უპირველეს ყოვლისა, იდეის ირგვლივ გაერთიანებულებს, პიოტრის შთაგონებით, სწამთ იმის, რომ მთელი რუსეთის ტერიტორიაზე არსებობენ ხუთეულები, რომლებიც საჭირო დროსა და მომენტში გაერთიანდებიან და რუსეთს გადაატრიალებენ. იმის განცდა, რომ მხოლოდ ათიოდე კაცი არ ისწრაფვის დიადი მიზნისკენ, ნუგეშის მომნიჭებელი, საამო და მამოტივირებელია. ნაწარმოების ,,ხუთეულს“ სჯერა იმის, რომ ,,ეს ჯგუფი მხოლოდ ერთეულს წარმოადგენს რუსეთში გაფანტულ ასობით თუ ათასობით ამისთანა ხუთეულს შორის. ყველა ისინი კი, რომელიღაც ცენტრალურ, საიდუმლო ორგანიზაციას ექვემდებარებიან, რომელიც თავის მხრივ ორგანულად უკავშირდება ევროპის მსოფლიო რევოლუციას.“ ვერხოვენსკი ზრუნავს საზოგადოებაში სირცხვილისა და ეჭვების არსებობაზეც. ხუთეულის წევრები უფრთხილდებიან საკუთარ სახელს და პირველი დაძახებისთანავე შედიან წრეში, ,,რათა არავის წამოეძახებინა მერე, შეეშინდათ და შესვლა ვერ გაბედესო.“ ვერხოვენსკის საზოგადოების წევრების შესაწებებელ უფრო მძლავრ იარაღად სისხლი ესახება. მაშინ, როცა საზოგადოების წევრთა ხელები ერთსა და იმავე სისხლშია გასვრილი, ღალატის ალბათობა მინიმუმამდე დადის. სწორედ ამ მიზნით აცხადებს ვერხოვენსკი სოციალისტურ იდეებს ჩამოშორებულ შატოვს მოღალატედ და მის მკვლელობას კოლექტიურ სახეს აძლევს. მიუხედავად ყველაფრისა, ვერხოვენსკის არ აქვს ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება, ის, რაც ყველაზე მეტად აერთიანებს და მოძრაობას ერთ, სწორხაზოვან მიმართულებას აძლევს. იგი მზე-კაცის შესაფერისი გარეგნობითა და თვისებებით არ არის შემკული. იგი მზე-კაცისათვის დამახასიათებელ მიზიდულობას არ ფლობს, სწორედ ამიტომ შეუძლებელია მის გარშემო ყველა დიდხანს წარმატებით ატრიალოს.
ყველაფრის ორგანიზატორს, რა თქმა უნდა, მზე-კაციც შერჩეული ჰყავს. „სწორედ თქვენისთანა კაცი გვინდა. დიახ, სწორედ თქვენისთანა კაცი მინდა მე. თქვენ მეტს არავის ვცნობ. თქვენ ხართ წინამძღოლი, მზე, მე კი თქვენი ჭია…“ ის, ვინც ასე ძლიერ სურს ვერხოვენსკის, ნიკოლაი სტავროგინია. მისი მომნუსხველი გარეგნობა და აღნაგობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ნელ-თბილი არსებობა ვერხოვენსკისთვის სათაყვანო კერპად იქცევა. ,,არავის შეურაცხყოფთ და მაინც ყველას სძულხართ; ყველას თავს უყადრებთ და მაინც ყველას ეშინია თქვენი. ამას რა სჯობს. ვერავინ გაბედავს მხარზე წაგითათუნოთ ხელი. თქვენ საოცრად ბატონკაცური ბუნება გაქვთ. ბატონკაცი რომ დემოკრატიას იწამებს, ამაზე მომხიბლავი არაფერია! ჩალად არ გიღირთ საკუთარი თუ სხვისი სიცოცხლე.“ შესაბამისად, უმცროსი ვერხოვენსკისთვის სწორედ სტავროგინის ფიგურას, ,,საუკეთესო თვისებების“ ამ ნაკრებს შეუძლია ,,შეწებების“ პროცესი ხელოვნების დონემდე აიყვანოს და უმტკიცესი კავშირები შექმნას.
უტოპიური მიზნის განხორციელების გზაზე შესადგომად, რა თქმა უნდა, ლიდერსა და ,,შეწებების“ პროცესს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ამასთან საყურადღებოა თავად იდეაც, გეგმა, რომელიც მკაფიოდ და ეტაპობრივად გაიწერება. ამას ცხადყოფს შიგალიოვის მიერ შემუშავებული საზოგადოების სოციალისტური მოწყობის მისეული სისტემა, რომელიც ,,ხუთეულის“ წევრს წიგნად აუკინძავს და რომლის დეტალურ გადმოცემასაც ათიოდე საღამო მაინც სჭირდება. შიგალიოვისეული გეგმა კაცობრიობის ორ არათანაბარ ნაწილად დაყოფას მოიაზრებს. ერთი მეათედი განუსაზღვრელი ძალაუფლებით აღიჭურვება და ცხრა მეათედზე გაბატონდება. ისინი დაკარგავენ პიროვნულობას, ჯოგად იქცევიან და უსაზღვრო მორჩილების წყალობით პირველყოფილი უმანკოების დაბრუნების გზას დაადგებიან. საბოლოოდ, კი თაობების ხელახალი აღზრდით პირველყოფილი სამოთხისდაგვარი სამოთხე შეიქმნება. საზოგადოების მოწყობის მისეული გადაწყვეტა აქვს ასევე ,,ხუთეულის“ წევრ ლიამშინსაც – ,,მე კი სამოთხის ნაცვლად კაცობრიობის მაგ ცხრა მეათედს, თუკი სხვა გზას ვერ გამოვუნახავდი, ავდგებოდი და ჰაერში ავაფეთქებდი. დავტოვებდი მხოლოდ განათლებული ხალხის მცირე წრეს და ისინი იცხოვრებდნენ და იბედნიერებდნენ მეცნიერების საფუძველზე.“
რასაკვირველია, მხოლოდ ,,შემწებებლები“ და მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა უტოპიურ მიზნებს ვერ გაარეალურებს. უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ ,,შეწებებულები“ ასრულებენ. ნაწარმოებში უდიდესი როლი ენიჭება კირილოვის ფიგურას, რომელსაც თავისუფლების მოპოვება სურს. თავისუფლებას კი მხოლოდ მაშინ მოიპოვებს, თუ თვითნებობის გამოვლენით ღმერთს დაამარცხებს. მისთვის თვითნებობის გამოვლენა თვითმკვლელობასთან ასოცირდება. თვითმკვლელობით, ღმერთის მიერ მონიჭებული სიცოცხლის განადგურებით თავისუფლებას მოიპოვებს და ღმერთად იქცევა. მას ნაწარმოებში უტოპისტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვინაიდან და რადგანაც თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი და აღარაფერი დასაკარგი, მზადაა ზუსტად მაშინ მოიკლას თავი, როდესაც ვერხოვენსკი ჩათვლის საჭიროდ და იტვირთოს ყველაფერი, ყველა დანაშაული, რაც საზოგადოების წევრებისთვის მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ მათზე ვერავინ ვერაფერს იეჭვებს და ხელებს კირილოვს ,,შეაწმენდენ“.
საბოლოოდ, ,,ჭინკებში“ უტოპიური მიზნები ვერ ხორციელდება, ალბათ, იმიტომ, რომ მის განსახორციელებლად საჭირო კომპონენტები უჩინარდება. ქრება ლიდერად წარმოსახული, მზე-კაცი სატოვროგინი, რომელიც მიემგზავრება და შემდგომ უკან დაბრუნებული თავს იკლავს. მჟღავნდება სიმართლე, ,,ყველა ჩადენილი უხამსობა და სიავკაცე“, იჭერენ ყველას გარდა ერთის – ვერხოვენსკისა. ვერხოვენსკი მატარებელში ჯდება და უჩინარდება. მკითხველისთვის გამოცანად რჩება რატომ ტოვებს ავტორი მას ცოცხლად და უვნებლად. ალბათ, შესაძლებელია დავუშვათ, რომ მისი უვნებლობაც მეტ-ნაკლებად ნაწილია რომანის წინასწარმეტყველური ბუნებისა, ,,ჭინკების“ კვლავ არსებობისა და მათი დაბრუნების შესაძლებლობისა.
ნაწარმოების გამოცემიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ პიოტრ ვერხოვენსკი ბრუნდება და საბჭოთა კავშირიც იქმნება.
დოსტოევსკის ,,ჭინკებმა“, ნაწინასწარმეტყველებმა მომავალმა რეალობაში გადმოინაცვლა, რეალობა კი ლიტერატურაში აისახა. ნაწინასწარმეტყველები მომავალი, როგორც მეოცე საუკუნის 30-იანი წლების რეალობა, ანდრეი პლატონოვმა საკუთარი ნაწარმოებით ,,ქვაბულით“ გადმოსცა.
რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ვოსჩევი ბედნიერებასა და ჭეშმარიტებას დაეძებს, ძიება კი, რა თქმა უნდა, ფიქრის პროცესით მიმდინარეობს. ზედმეტი ფიქრის გამო სამსახურიდან უშვებენ და ისიც ჭეშმარიტების საძებნელად სხვა ქალაქისაკენ მიემართება. სწორედ ამ ქალაქში აზიარებენ ,,საერთო პროლეტარული სახლის“ მშენებლობისთვის მოღვაწე პირები ბედნიერების მთავარ არსს – ბედნიერება შრომით მოიპოვება, ის, ვინც არ მუშაობს, ვერც არსებობის ნივთიერებებს განიცდის. სწორედ ამიტომ ვოსჩევიც საერთო სახლის მშნებლობის პროცესში ერთვება. ,,ახლა შესაძლებლად მიაჩნდა, რომ ბავშვები გაიზრდებოდნენ, სიხარული აზრს შეიძენდა და მომავალი ადამიანი სიმშვიდეს პოვებდა მკვიდრ სახლში, რათა ამ სახლის მაღალი ფანჯრებიდან მის მომლოდინე ვრცელი სამყაროსათვის ეცქირა.“ ბედნიერება და ჭეშმარიტება სწორედ იმ მიწის ქვეშაა ჩამარხული, რომელსაც მშრომელები თხრიან, სწორედ ამ მიწის ქვეშ, წყვდიადში შეიძლება იმალებოდეს საყოველთაო არსებობის ჭეშმარიტება.
კოლექტიური აზროვნების მიღმა, რომელსაც ბედნიერების მოპოვების სწამს, ადამიანთა გონება უფრო და უფრო მეტად იზღუდება. მათი აზროვნების წინაშე ,,ბნელი, გადაულახავი კედელია“ აღმართული და ცხოვრების არსის შეცნობის მცდელობა გამეფებული ბედნიერების მითის მიღმა უფრო და უფრო მეტად ჭირს. მათი არსებებიც ინერციით, სწორხაზოვნად მომავლის სახლის – საუკუნო ნივთიერებისაკენ მიემართებიან. იმ საყოველთაო ფიქრის მიღმა, რომელიც საყოველთაო ბედნიერებას მიესწრაფვის, ადამიანები უბედურები არიან. მარტო დარჩენილებს იმ ფიქრებით, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მათ ეკუთვნით და არა საზოგადოებას, არსებობა აღარ შეუძლიათ. შესაბამისად ეზიზღებათ მარტოობაც, პირადი ფიქრებიც და ის უძილო ღამეებიც, რომლებსაც წარსულის დანაკარგზე, ადამიანურ გრძნობებზე ფიქრში ათენებენ.
უძილო ღამეები დიდი დანაშაულია მომავლის სახლის მშენებელთათვის. მათ ძალების მოკრება და მომავალი დღისთვის ენერგიით შეხვედრა მართებთ. ენერგიას იმდენად მართებს გაფრთხილება, რომ დანაშაულია ძილის წინ პერანგისა და შარვლის გახდაც, რათა ღილების შეხსნამ მშრომელები არ დაქანცოს და შრომისთვის თავი შემოინახონ. ,,რევოლუციის დროს მთელ რუსეთში დღისითა და ღამით ძაღლები ღავღავებდნენ, ახლა კი ჩაჩუმდნენ: შრომის დრო დადგა და მშრომლებს მილიცია გარედან იცავდა, რათა იქ მყოფთ გულის ძილით სძინებოდათ და სახვალიო შრომისთვის დაესვენათ.“ მშრომელთა მნიშვნელობას ცხოველებიც კი პატივს სცემენ და საკუთარი ყეფით მყუდროებას არ ურღვევენ ბედნიერების მშენებლებს. ამ დროს ,,მშრომელებს ღამით რაღა არ ესიზმრებათ – ზოგს განუხორციელებელი ოცნება წარმოესახება, ზოგნი თიხნარ მიწაში თავიანთ კუბოს ხედავენ. დღისით კი, წელში მოხრილნი, მიწას თხრიან, რათა ხუროთმოძღვრების საუკუნო ქმნილებას ახალწარმოქმნილ უფსკრულში ქვითკირის მკვიდრი ფესვი დაუფუძნონ.“
იმისათვის რომ შრომა უფრო ნათელი და მკაფიო მიზნისაკენ მიისწრაფვოდეს, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის მშრომელთა პროდუქტიულობას, საჭიროა მომავლის ელემენტი. მომავლის ელემენტი გოგონაა, რომელსაც ბურჟუა დედა გარდაცვალებამდე აფრთხილებს – ,,როცა აქედან წახვალ, ნურავის ეტყვი, აქ მკვდარი რომ დამტოვე. არავის გააგებინო, ჩემი გაჩენილი რომ ხარ, თორემ სულს ამოგხდიან. სადმე შორს გადაიკარგე და შენი ვინაობა თავადაც გადაივიწყე, თუ გინდა, რომ იცოცხლო…“ დაობლებული გოგონა ბარაკს, პროლეტარებს პარტიის აღმშენებლობის ნივთიერებად და მიზანდასახულობად ევლინება. გოგონა – ,,მსოფლიოს ელემენტად განკუთვნილი პატარა ადამიანი“ ბავშვისთვის შეუფერებელი სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩევა. პლატონოვი გოგონას საზარელი ბუნებით, რომელსაც მშრომელები თავს ევლებიან და უფრთხილდებიან, მათი შრომის აბსურდულობას ხატავს. ეს ყველაზე უკეთ მაშინ ჩანს, როცა ,,სოციალიზმის ელემენტს“ საწოლს კუბოში გაუმართავენ. გოგონას შეხედულებები მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და მის მსოფლმხედველობას ავტორი მთელი სისასტიკით გადმოსცემს. შეუსაბამობით, რომელსაც ¶ ¶ გოგონა საკუთარ თავში ატარებს, ბავშვობის ასაკისა და სულის სიმახინჯის ერთიანობით, პლატონოვი აჩვენებს, თუ რეალურად რისთვის, ვისი ბედნიერებისთვის ,,იღვწიან’’ პროლეტარები. ,,დაეწიე და დახოცე!“ – გოგონა იმ დროის სრულფასოვანი წარმომადგენელია, რომელშიც იშვა. ყველაფერი ძალიან მარტივად ესმის – ,,ბურჟუები უნდა დაიხოცონ, ღარიბები კი – არა“!
იმ ქვაბულში, რომელსაც საერთო პროლეტარული სახლის მშენებლობისთვის თხრიან, უამრავი კუბოა ჩამარხული, ზომების მიხედვით დამზადებული, ტანზე მორგებული და დიდი ძალისხმევით შენახული. სწორედ ამ კუბოებიდან ერთ-ერთში უმართავენ ,,სოციალიზმის ელემენტს“ საწოლს. ავტორი იმ კონტრასტით, რომელიც კუბოებზე დაშენებული ბედნიერებით იქმნება, აჩვენებს, რომ საერთო სახლის მშენებლობა,რომელიც ბედნიერი მომავლისთვის მიმდინარეობს, მხოლოდ და მხოლოდ უბედურებას მოიტანს. ,,ამქვეყნად ყველას მხოლოდ ის აძლებინებს, საკუთარი კუბო რომ აქვს.“ ,,სტიქიური ერთპიროვნული მესაკუთრის ხელში თხაც კი კაპიტალიზმის ბერკეტია“, სწორედ ამიტომ საჭიროა ყველაფრის განსაზოგადოება. პლატონოვი ხალხის მდგომარეობას აღწერს და მათ ოჯახებში, სახლებში გვახედებს. გამხდრებსა და დაუძლურებულებს, საწოლში მწოლიარეებს საკუთარ პერანგებზე მძიმე ნივთები შემოუწყვიათ იმის რწმენით, რომ მათ სულებს ამქვეყნად მათზე დაწყობილი სიმძიმეები დააკავებს. ზოგი პირდაპირ ცოცხლად წევს კუბოში და აღსასრულს ელოდება. განსაზოგადოება გარკვეული ცერემონიით მიმდინარეობს, რომელიც ძველთან გამოთხოვებასა და ახალთან შეერთებას ნიშნავს. ,,-ნება მოგვეცი, ამაღამ, დილამდე ვიდარდოთ, ხვალიდან კი შენთან ერთად სულ გახარებულები ვიქნებით!“ მოხუცი მხვნელ-მთესველები საკუთარ, ახალდარგულ ხეებს კოცნიან და მიწიდან თხრიან განსაზოგადოების ტყვეობიდან დასახსნელად. გლეხებმა ცხოველები დაკლეს და მათ ჭამას შეუდგნენ. ,,იმ მოკლე ხანში ხორცს ზიარებასავით ჭამდნენ, – ჭამა არავის უნდოდა, მაგრამ თავიანთი ქონება საკუთარ სხეულში უნდა ჩაემალათ, რათა განსაზოგადოებისგან გადაერჩინათ.“ ზიარება ხომ სულის განწმენდისა და ხელახლა შობის ელემენტია, სწორედ ამიტომ ხალხიც საზიარებლად, განსაწმენდლად და ხელახლა, საბჭოთა ადამიანად დასაბადებლად ემზადება.
მღვდლები საკუთარ სულს გაემიჯნენ. ,,მაგრამ მაინც არ მიჯერებენ, მეუბნებიან, მალული მორწმუნე, არამზადა და ღატაკთა აშკარა მტერი ხარო. მეტი ჩარა არა მაქვს, სტაჟი უნდა გამოვიმუშავო, რომ უღმერთოთა წრეში მიმიღონ.“ სტაჟს მღვდელი გაყიდული სანთლებისაგან მიღებული ფულისა და იმ მლოცველების სიის აქტივთან მიტანით გამოიმუშავებს, რომელშიც თითოეული პირჯვრის გადასახვაა აღნუსხული. ,,ხოლო ის ფურცლები, რომლებზეც აღნიშნულია იმათი ვინაობა, ვინც პირჯვარს გადაიწერს, ან ზეციური ძალის წინაშე თავს მოიდრეკს, ან კულაკურ წმინდანთა თაყვანისცემის სხვა რაიმე აქტს აღასრულებს, ყოველღამ ამხანაგ აქტივისტთან პირადად მიმაქვს.“
წარმატებით მიმდინარეობს სწავლება ქოხ-სამკითხველოშიც. ასო ,,ა“-ზე და ასო ,,ბ“-ზე წარმატებულ მოსწავლეებს სიტყვები: ავანგარდი, აქტივი, ავანსი, არქიმემარცხენე, ანტიფაშისტი, ბოლშევიკი, ბურჟუა, ბელადი უბერებელია, კოლმეურნეობა ბედშავის ბედნიერებაა, ბრავო, ბრავო ლენინელებო და სხვა მრავალი ახსენდებათ.
ნაზიარები საზოგადოების წარსულთან და ერთმანეთთან გამომშვიდობება ისე მიმდინარეობს, თითქოს, ერთმანეთს უკანასკნელად ხედავდნენ. ისინი საკუთარ და გარშემომყოფების პიროვნებებს ემშვიდობებიან და თავადვე ემზადებიან განსასაზოგადოებლად. მშვიდობით, ბიცოლა დარია. ნუ მიწყენ, ფარდული რომ დაგიწვი. ღმერთი მიგიტევებს, ალიოშა. ის ფარდული ახლა ჩემი ხომ მაინც აღარ არის.*** ახალ ადამიანად ქცევის პროცესი სრულდება – ახლა აღარფერი გააჩნიათ და აღარაფერს გრძნობენ.
მათთვის, ვინც აქტივის სიაში არ არის, ტივი ეწყობა ,,სალიკვიდაციოდ“ – კულაკები მდინარეს უნდა გაატანონ. კულაკების აღმოსაჩენად თავდაუზოგავად იღვწის უროსმცემელი, ანთროპომორფული დათვი, რომელიც შორიდანვე გრძნობს კულაკების არსებობას და მათ ქოხთან გაჩერებული ჩიკლინსა და გოგონას ანიშნებს, რომ სამიზნე აღმოჩენილია. უროსმცემელი დათვის პერსონაჟის შექმნით, პლატონოვმა საბჭოთა კავშირს განსხეულებული სახე მისცა და ხელშიც საბჭოთა სიმბოლიკა დააჭერინა, რომელმაც კულაკები აღმოაჩინა და სალიკვიდაციოდ გაისტუმრა.
ადამიანები საერთო საკუთრების გაფრთხილებას იწყებენ და ინერციით დათუჩას, რომელიც კულაკების აღმოჩენის შემდეგ, სალტეებს გამეტებით უბაგუნებს და ჭედავს, კოლმეურენეობის მტრად აცხადებენ და საერთო საკუთრების გადასარჩენად შეთანხმებულ მოქმედებას იწყებენ. მთელი კოლმეურნეობა სამჭედლოში გაურკვეველი მიზნით იწყებს საქმიანობას. მათი საქმიანობის უმიზნობა და აბსურდულობა მაშინაც ჩანს, როცა ,,ზამთარს ასუფთავებენ“. ,,კოლმეურნეობა თოვლს ჰიგიენისთვის ხვეტავდა. გლეხებს ბუზებისგან დასკინტლული თოვლი არ მოსწონდათ, უფრო სუფთა ზამთარი უნდოდათ.“
ნაწარმოების ბოლოს ,,სოციალიზმის ელემენტი“ ავად ხდება და სიცხე მაღლა უწევს. მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ, ყველა ძალას ხმარობენ, ათბობენ, აჭმევენ, თუმცა ვერაფერს შველიან. ნასტიას ქვაბულში ამოთხრილ საფლავში მარხავენ. ქვაბული, რომელიც სწორედ მისთვის, მომავალის ელემენტის ბედნიერებისთვის ღრმავდებოდა მის განსასვენებლად გათხრილა.
თუკი დოსტოევსკიმ ,,ჭინკების“ არსებობა და მათი გარდაუვალი დაბრუნება იწინასწარმეტყველა, პლატონოვმა საბჭოთა კავშირის მომავალი წინასწარ განჭვრიტა და 30-იანი წლების რეალობის შემყურემ საბჭოთა კავშირს აღსასრულის განაჩენი ათწლეულებით ადრე გამოუტანა. დოსტოევსკიმ მთავარი ,,ჭინკა“ ცოცხლად დატოვა და მიგვანიშნა, რომ იგი აუცილებლად დაბრუნდებოდა, პლატონოვმა კი გოგონა – ,,პროლეტარების მიზანდასახულობა’’ მოკლა და საბჭოთა კავშირის მოღვაწეობის აბსურდულობას, ბედნიერი მომავლის შეუძლებლობას გაუსვა ხაზი.
[1] შტეფან ცვაიგი – ,,დოსტოევსკი“