საქართველო და რუსეთის ორი იმპერია
გაგა ნიჟარაძე

1991 წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი. ახალ ისტორიაში ეს გახლდათ პირველი იმპერია, რომელიც დაფუძნებული იყო არა ეკონომიკაზე, არამედ იდეოლოგიაზე. ფსევდომარქსისტული ექსპერიმენტი გრანდიოზული კრახით დასრულდა, რომელმაც, სხვათა შორის, აჩვენა ორი სეხნიის, მარქსისა და პოპპერის, სისწორე, თუნდაც ნაწილობრივი: ერთი,- უკეთესი ეკონომიკა ამარცხებს უარესს; მეორე, – თეორია თუ იდეოლოგია (მაგალითად, მარქსიზმი), რომელსაც უნივერსალობაზე აქვს პრეტენზია, – იმთავითვე მცდარია. 

საბჭოთა კავშირის დაშლის დეტალური ანალიზი შორს სცდება ჩვენს დღევანდელ თემას, ამიტომ ჯერჯერობით თქმულს დავჯერდები. 

ნებისმიერი იმპერიის დაშლა, თანდათანობითი თუ მომენტალური, უამრავ პრობლემას წარმოქმნის, როგორც უშუალო მემკვიდრის, ისე ახლად (თუ კვლავ) გაჩენილი პოლიტიკური ერთეულებისთვის. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში. 

სანამ ამ პრობლემების საქართველოს ჭრილში განხხილვაზე გადავალ, საჭიროდ მიმაჩნია შევეხო, ძალიან ზოგადად, იმპერიების როლს ისტორიაში. 

დღევანდელ მსოფლიოში სიტყვა იმპერია, მით უმეტეს იმპერიალიზმი, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი კონოტაციის მატარებელია (თუ შორეულ წარსულში ჩარჩენილ მონარქისტებს არ ჩავთვლით). თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. რომის დაცემიდან მოყოლებული, მის მოდელზე აგებული, „კარგი“ მმართველის ეგიდით გაერთიანებული საერთო ევროპული, საერო იმპერიის შექმნა პრაქტიკულად ყველა მოწინავე დასავლელი მოაზროვნეების ოცნებას შეადგენდა. თუმცა, მოგვიანებით, განმანათლებლობის ეპოქიდან და თანამედროვე ერების ჩამოყალიბებიდან დაწყებული, როცა სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ „კარგი“ მონარქი მხოლოდ ზღაპრებშია, იმპერიამ, როგორც მმართველობის ფორმამ დევალვაცია განიცადა და ჩაგვრის, მომხვეჭელობის და ტირანიის სინონიმი გახდა. 

ვერ ვიტყვი, რომ არ ვიზიარებ ამგვარ სტერეოტიპს, მაგრამ ისიც გასათვალიწინებელია, რომ სოციალურ სტერეოტიპებს „შავ-თეთრიანობა“ ახასიათებს, რაც რთული ფენომენების შემთხვევაში, რომელთა რიგს განეკუთვნება იმპერიაც, არასრულ წარმოდგენას ქმნის. 

2016 წელს გამოქვეყნდა ისრაელელი მაკროისტორიკოსის, იუვალ ჰარარის წიგნი „Homo sapiens: კაცობრიობის მოკლე ისტორია“, რომელიც მაშინვე ბესტსელერი გახდა და ისტორიოგრაფიის კლასიკად გამოცხადდა. ამ მართლაც ძალზე შთამბეჭდავი წიგნის თავში, რომელიც ეძღვნება სწორედ იმპერიების ისტორიულ როლს, ნაჩვენებია, რომ იმპერიის გავრცელებული სტერეოტიპი, სულ ცოტა, არასრულია. 

მაშ ასე, იმპერია: იმისათვის რომ პოლიტიკურ წარმონაქმნს ეს სახელი ეწოდოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ორ პირობას: პირველი, აერთიანებდეს მრავალ სხვადასხვა კულტურისა ისტორიული გამოცდილების ხალხებს; და მეორე, მიისწრაფოდეს უსასრულო გაფართოებისკენ, რომლის მოტივაცია შეიძლება განსხვავებული იყოს: „ჭეშმარიტი“ რწმენის გავრცელება, ეკონომიკური ან გეოპოლიტიკური ინტერესები, „სასიცოცხლო სივრცის გაფართოვება“ და სხვ. 

საქართველო, მთლიანად თუ ნაწილობრივ, ბევრ იმპერიას დაუპყრია.  ყველა მათგანმა გარკვეული გავლენა იქონია ჩვენს კულტურაზე – ენობრივი, რელიგიური, მუსიკალურ-ფერწერულ-ლიტერატურული, საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, კულინარული და მრავალი სხვა. ეს არცაა გასაკვირი – დედამიწის ზურგზე არ არსებობს „სუფთა“ კულტურა, რომელსაც არ განუცდია დამპყრობლების, დაპყრობილების, უბრალოდ, მეზობლების ღრმა გავლენა. ამგვარი გავლენის პოტენციალი კი ყველაზე მეტად იმპერიებს გააჩნდათ, გავლენის, რომელიც სრულიადაც არ იყო ყოველთვის დამღუპველი ან თუნდაც მავნე. მაგალითად თუნდაც დამწერლობა გამოდგება.

რასაკვირველია, გავლენის პროცესები „ქველმოქმედების“ მიზნით არ ხდება (თუმცა ამგვარი პრეცედენტებიც არსებობს); ზოგჯერ პირიქით, დამპყრობელი იძულებითი მეთოდებით ცდილობს აღმოფხვრას ადგილობრივი კულტურის ელემენტები და დანერგოს საკუთარი (რელიგია, ენა). მაგრამ კულტურული დასესხება ამგვარი დაძალების გარეშეც მიმდინარეობს.  გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა, დამპყრობელი, სამხედრო უპირატესობის გარდა,  ზოგ სხვა სფეროებშიც უფრო განვითარებულია დაპყრობილთან შედარებით; შესაბამისად, მოწინავე კულტურული ელემენტები (მაგ. ტექნოლოგიები) თავისთავად ვრცელდება იმპერიის ახალ ტერიტორიაზე. ხოლო როცა სამხედრო უპირატესობა ერთადერთია (როგორც ეს იყო მონღოლთა ექსპანსიის შემთხვევაში), დამპყრობელს ემუქრება დაპყრობილი კულტურის მიერ ასიმილირების საფრთხე, მაგალითად, იგივე მონღოლთა „გაჩინურება“ და გამაჰმადიანება.

დამპყრობელი იმპერიის ამგვარი ,,ჩაყლაპვა” იშვიათობაა, დაპყრობილების კულტურული მიღწევების გადმოღება ჩვეულებრივი ამბავია (მაგალითად, ბერძნული კულტურის უდიდესი გავლენა ძველ რომში).

70-იან წლებში ხელში ჩამივარდა არალეგალური რეპრინტი წიგნისა ეპისკოპოს (შემდგომში პატრიარქის) კირიონ II-ის ავტორობით, რომელიც ეძღვნებოდა ქართული კულტურის გავლენას რუსულზე. სამწუხაროდ, ქართულ ინტერნეტში ამ გამოცემის კვალს ვერ მივაკვლიე.

არც ერთ მხარეს, დამპყრობლებს და დაპყრობილებს (ან, უფრო ხშირად, ყოფილ დაპყრობილებს), არ უყვართ იმის აღიარება, რომ ესა თუ ის კულტურული ელემენტი ნასესხები და შემოტანილია. ამას ან საერთოდ უარყოფენ, ან ამ ელემენტს უარყოფითად აფასებენ (ავსტრო-უნგრეთისაგან გათავისუფლების შემდეგ იტალიელები კიდევ დიდხანს ბუზღუნებდნენ, სამჯერად ჭამას წყეულმა ავსტრიელებმა მიგვაჩვიესო). კულტურული აუთენტურობისა და სისუფთავის მითი ძალიან ძვირფასია ეროვნული იდენტობისათვის და უმრავლეს შემთხვევაში მდგრადობას ინარჩუნებს თუნდაც ცხადი არგუმენტების წინაშე.

ახლა კი გადავიდეთ ჩვენს ქვეყანაზე. მრავალი იმპერიიდან, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდა საქართველო, ბოლო იყო რუსეთი, ჯერ მეფის, შემდეგ კი საბჭოთა. მივყვეთ ქრონოლოგიურად. 

თუმცა წინასწარ უნდა განვაცხადო: რუსეთის აპოლოგეტი არ ვარ, ამ ქვეყანას მტრად აღვიქვამ და მისდამი ემოციური დამოკიდებულება შესაბამისი მაქვს. ასევე, ძალიან არ მიყვარდა და არ მიყვარს საბჭოთა კავშირი. ამ სტატიის „ზეამოცანაა“ სოციალურ ფსიქოლოგიაში ცნობილი „შარავანდის (ჰალოს) ეფექტის“ გავლენიდან გამოსვლა. ეფექტის არსი შემდეგია: ადამიანს ახასიათებს ტენდენცია რაიმე მოვლენის, ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის დადებითი (ან უარყოფითი) შეფასებისას მიაწეროს მას სხვა დადებითი (უარყოფითი) თვისებები.

სწორედ ხსენებული ეფექტი დიდწილად განსაზღვრავს „შავ-თეთრ“ აზროვნებას, რომელიც ამარტივებს სამყაროს აღქმას  და ყოფს მას ორ ნაწილად: „ჩვენ“ – კარგები და „ისინი“ – უფრო ხშირად „ცუდები“. ასეთი მდგომარეობაა, მაგალითად, ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებასა და პრაქტიკაში: ხელისუფლებისა და მისი მომხრეებისთვის წინა ხელისუფლების ყველა ნამოქმედარი არის ცუდი; და პირიქით, ოპოზიციაში გადასული წინა ხელისუფლება თავისი მხარდამჭერებით იგივეს გაიძახის ამჟამინდელზე. რეალობაში კი ასეთი რამ თუ ხდება კიდევაც (რაშიც ეჭვი მეპარება; ჰიტლერმაც კი კარგი გზები დაუტოვა გერმანიას), ძალზე, ძალზე იშვიათად.

 ბარემ აქვე ვიტყვი: ისიც ვიცი, რომ გამშველებელს ყველაზე მეტი ხვდება…

***

მაშ ასე, საქართველო შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ჯერ აღმოსავლეთი, შემდეგ დასავლეთი. რასაკვირველია, რუსეთმა არ შეასრულა თავისი ვალდებულებები, დაელოდა გამანადგურებელ სპარსულ შემოსევას და ანექსია უსისხლოდ განახორციელა; მაგრამ იმ ეპოქაში „ძლიერის უფლება“ მძვინვარებდა, ხელშეკრულების დარღვევა არავის ანაღვლებდა დაზარალებულთა გარდა და იმპერიის მიერ პატარა ქვეყნის ჩაყლაპვას არავითარი რეზონანსი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა.  

„ძველი“, მაჰმადიანური იმპერიებისგან (არაბული ხალიფატი, სპარსეთი, ოსმალეთი) განსხვავებით, რომლებიც კლასიკურ „აზიურ“ ტიპს მიეკუთვნებოდნენ (ტერმინ „აზიურის“ პირობითობის გათვალისწინებით), რუსეთის იმპერია „ევრო-აზიურ“ ტიპს წამოადგენდა (ალბათ შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ რუსეთის სახელმწიფო სიმბოლო, ორთავიანი არწივი, ერთი თავით აღმოსავლეთისკენ იყურება, მეორეთი კი დასავლეთისკენ). „აზიურობა“ (რომელიც ოქროს ურდოს მემკვიდრეობას უნდა მივაწეროთ), რუსი ისტორიკოსის, ვ. კლიუჩევსკის მტკიცებით, მდგომარეობდა გასამხედროებაში, არასამართლებრივ ხასიათსა და მმართველი აპარატის სისუსტეში. ამას უნდა დავამატოთ გიგანტური სოციალური დისტანცია თვითმპყრობელ მმართველსა და დაბალ ფენებს შორის, უმაღლესი ხელისუფლების საკრალიზაცია და სახელმწიფო მოხელეთა ტოტალური კორუმპირებულობა (ერთი მაგალითი: პროვინციების გამგებლებს ცენტრალური ხელისუბლება XVII საუკუნებდე არ უხდიდა ჯამაგირს, ითვლებოდა, რომ ისინი „თვითონ გამოკვებავდნენ თავს“, რასაც, რასაკვირველია, მოხელეები დიდი წარმატებით ართმევდნენ თავს). ძნელი არაა იმის დანახვა, რომ ჩამოთვლილთაგან ყველაფერი რუსეთს დღემდე შემორჩა.  

რაც შეეხება „ევროპულობას“, ეს ვექტორი, როგორც ცნობილია, აამუშავა პეტრე I-მა. XVII საუკუნის დასაწყისიდან რუსეთი აქტიურად ებმევა ევროპულ პოლიტიკაში; ხდება თავადაზნაურობის ძალდატანებითი ევროპეიზაცია, სახელმწიფოში ევროპული ინსტიტუტების დანერგვა (სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები, ფაბრიკები, ფლოტი და ბევრი სხვა). ამ გარემოებამ საქართველოს, თუნდაც გაშუალებულად, ევროპული ცივილიზაციისკენ გაუხსნა გზა. რა თქმა უნდა, ეს მოხდა თავისთავად, მეტროპოლიის სურვილისგან დამოუკიდებლად, ისევე როგორც სხვა პოზიტიური ცვლილებები, რაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნას უკავშირდება.

აქ მოგვიწევს ქრესტომათიური არგუმენტების გამეორება, რომელიც მოყვანილი იყო საბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელოებში. პირველი და ალბათ უმნიშვნელოვანესი – მშვიდობა და დაცულობა გარე მტრებისაგან და ამგვარად, ფიზიკური განადგურებისგან თავის დაღწევა.

მეორე – ერთმორწმუნეობა, რამაც რელიგიური წნეხი შეარბილა, თუმცა სწორედაც რომ შეარბილა, თორემ ქართულმა ეკლესიამ „მესამე რომისგან“ მძიმე დარტყმები მიიღო – ავტოკეფალიის გაუქმება, ქართულად მსახურების აკრძალვა, ეკლესიებში ძველი ფრესკების განადგურება და სხვ. 

იყო კიდევ ერთი გარემოება, რომელიც განასხვავებდა რუსეთს აზიური იმპერიებისგან. ამ უკანასკნელებს დაპყრობილი ქვეყნები აინტერესებდათ პრაქტიკულად მხოლოდ ერთჯერადი ალაფისა და რეგულარული ხარკის, მონებისა და იმპერიულ ჯარში რეკრუტირების თვალსაზრისით; შემოერთებული ტერიტორიების განვითარება მათ არაფერში სჭირდებოდათ.  

რუსეთის შემთხვევაში საქმე სხვანაირად იყო. საქართველო მისი მეხარკე კი არა, სახელმწიფოს ნაწილი გახდა (ვფიქრობ, აქ ერთმორწმუნეობამ ითამაშა ძირითადი როლი). ამან კი მოიტანა  იმპერიის მოქალაქეობა, სასამართლო სისტემა, ევროპული არქიტექტურა, გიმნაზიები, თეატრი და ცივილიზაციის სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები. ცხადია, რომ რუსეთს საქართველო სჭირდებოდა როგორც პლაცდარმი სამხრეთ-დასავლეთით კონსტანტინოპოლისკენ ექსპანსიისათვის, რისი „თანმხლები ეფექტი“ გახდა გზების, ფოთის პორტის, მშენებლობა, რკინიგზის გაყვანა, რასაც შედეგად მოყვა, ერთის მხრივ, ეკონომიკის მნიშვნელოვანი გამოცოცხლება და ქალაქების ზრდა, ხოლო, მეორეს მხრივ – ერთმანეთისგან პრაქტიკულად იზოლირებული აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს  ერთ ქვეყნად, მოგვიანებით კი ერად  (თანამედროვე გაგებით) შეკვრა. 

საინტერესო დეტალი: 19-ე საუკუნის 40-იან წლებში შექმნილ „არსენას ლექსში“ ვხვდებით სტრიქონს: „იმერლები იძახიან… ქვე-ქვე-სა“. ეს  შეიძლება ორგვარად გავიგოთ: ან ავტორი ვერ ანსხვავებს იმერლებს და რაჭველებს, ან (რაც უფრო სავარაუდოა) ყველა დასავლელ ქართველს იმერელს ეძახის. ორივე ვერსია იზოლაციის არსებობაზე მიუთითებს. 

ყოველივე ამის მეორე მხარე კი იყო რუსეთის აზიური ჰიპოსტასის ბნელი გამოვლინებები – ბატონყმობა, რუსიფიკაცია, ეროვნული და ენობრივი შევიწროება და სხვ., რომლებიც, თავისთავადი ნეგატიურობის გარდა, საფრთხეს უქმნიდნენ ეთნიკურ იდენტობასა და თვითმყოფადობას. თუ მუსლიმი დამპყრობლების შემთხვევაში იდენტობის შენარჩუნების ძირითად როლს სარწმუნოება ასრულებდა, რუსეთთან ეს აღარ გამოდიოდა; მაგრამ კულტურამ დაცვის სხვა მექანიზმი გამონახა – სუფრის რიტუალი, რომელიც, როგორც ფილოლოგმა ლევან ბრეგაძემ დამაჯერებლად აჩვენა, ახლანდელი სახით სწორედ რუსეთის შემოსვლისთანავე ყალიბდება. 

თუ დავაკვირდებით ტრადიციულ ქართულ სუფრაზე წარმოთქმულ სადღეგრძელოების მიმდევრობას (რომელთა რიგი მეტ-ნაკლებად დაცულია ხოლმე – „ჩვენ“, მშობლები, გარდაცვლილები, ბავშვები, სამშობლო…), შევამჩნევთ, რომ ისინი ქმნიან ქართული კულტურის ნორმატიული ღირებულებების იერარქიას. სწორედ ამ ღირებულებითი სისტემის დასაცავად და მისდამი რიტუალური ერთგულების გამოსახატავად წამოიქმნა ქართული სუფრა.

***

მოკლედ შევაჯამოთ თქმული. ყოველი მეტ-ნაკლებად ისტორიული მოვლენა კომპლექსურია და მრავალმხრივი. ამასთან, ისტორია ყველაზე უფრო პოლიტიზირებული და ფსიქოლოგიზირებული მეცნიერებაა, შესაბამისად, ერთი და იგივე მოვლენა განსხვავებულად ფასდება ამა თუ იმ ავტორის პოლიტიკური მრწამსის, ეროვნების, არსებული კონიუნქტურის და სხვა ფაქტორების გავლენით.  კიდევ უფრო ტენდენციურია კოლექტიური მეხსიერება, რომლის წიაღში ესა თუ ის ისტორიული მოვლენა თუ პირი ხისტადაა დაფუძნებული, შავად ან თეთრად, და ძნელად ემორჩილება ცვლილებას. ამ დროს კი მსოფლიო იცვლება, იცვლება სწრაფად და მოითხოვს აზროვნების ჰორიზონტის გაფართოვებას,  ტრადიციული სტერეოტიპების გადახედვას, სხვაგვარად თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა ძნელია, თუ საერთოდ შესაძლებელი. 

***

მერაბ მამარდაშვილს არაერთხელ შეუნიშნავს თავის ლექციებსა და საჯარო გამოსვლებში, რომ საბჭოთა გამოცდილება ისეთი რამაა, რისი გამოყენებაც პოსტსაბჭოურ ეპოქაში შეუძლებელია. მართლა ასეა? მ. მამარდაშვილს უყვარდა მეტაფორები და ალუზიები. ვფიქრობ, აქ სწორედ ეს შემთხვევაა. გამოჩენილმა რუსმა მწერალმა ვარლამ შალამოვმა თექვსმეტი წელი გაატარა სტალინურ ბანაკებში და დაგვიტოვა სულის შემძვრელი „კოლიმური მოთხრობები“. შალამოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამია: „გულაგის გამოცდილება მთლიანად უარყოფითია, უკანასკნელ წუთამდე“ («Лагерный опыт — целиком отрицательный, до единой минуты»)მამარდაშვილი შალამოვის სწორედ ამ ფრაზის ექსტრაპოლირებას ახდენს, მეტაფორულად ადარებს რა საბჭოთა კავშირს ერთ დიდ გულაგს.

მეტაფორა ბევრწილად მართებულია, მაგრამ მაინც მეტაფორაა. ჯერ ერთი, უარყოფითი გამოცდილებაც გამოცდილებაა და გაკვეთილი, როგორც ზემოთაც აღინიშნა, სრული „სითეთრ-სიშავე“  სოციალურ ცხოვრებაში პრაქტიკულად არ არსებობს.

რუსებმა თვით გადაწყვიტონ, რა ავ-კარგი მოუტანა მათ კომუნისტურმა ეპოქამ, ჩვენ კი ეს საკითხი საქართველოსთან მიმართებაში დავსვათ. 

1922 წელს რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე შექმნილმა საბჭოთა კავშირმა გააერთიანა უამრავი, განვითარების ძალზე განსხვავებულ დონეზე მყოფი ერი, ხალხი თუ ეთნოსი, მომთაბარე ტომებიდან დაწყებული (შუა აზიის და ჩრდილოეთის ხალხები), დასავლური დემოკრატიის საკმაო გამოცდილების მქონე ერებამდე (ბალტიის ქვეყნები, 1940 წელს შემოერთებული).  ამ ორ პოლუსს შორის განლაგდა უაღრესად ჭრელი წარმოშობის, სარწმუნოების, ეკონომიკის მქონე ეთნოსები ევრაზიული გიგანტით – რუსეთით – ცენტრში. გამოვყოფ 70-წლიანი ისტორიის ჩვენთვის საინტერესო მომენტებს.

ახალმა პოლიტიკურმა წარმონაქმნა თავიდანვე განუცხადა მსოფლიოს თავისი ძალზე ხმამაღალი ამბიციები:

– რომ იგი ახალი, დედამიწაზე არნახული ტიპის სახელმწიფოა, სადაც ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, მუშათა კლასის ხელმძღვანელობითა და დიქტატურით;

– რომ იგივე მომავალი ელის მთელს მსოფლიოს, და ამ მომავლის უმოკლეს დროში „განამდვილებას“ ახალი სახელმწიფო ყველანაირად შეუწყობს ხელს;

– რომ ახალი პოლიტიკური წყობა ყველაზე პროგრესულია და ამიტომ არსებული ჩამორჩენა წამყვან დასავლურ ქვეყნებთან შედარებით მალე დაიძლევა და კაპიტალისტურ სამყაროს ბოლოს მოუღებს.

ამგვარი დეკლარაციებით სსრკ-მ სერიოზული ვალდებულებები აიღო მსოფლიოსა და ისტორიის წინაშე, რომელთა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებლად შესრულება შეუძლებელი იყო. ამ უძლურობის დასაფარად გამოყენებული ორი მეთოდი: ძალა და ტყუილი. სისხლიანი ტერორი მათ წინააღმდეგ, ვინც არ იყო აღფრთოვანებული ახალი წყობით (ან, უფრო ხშირად, არ იყო საკმარისად აღფრთოვანებული ხელისუფლების აზრით); ე.წ. «показуха»  – ცრუ სტატისტიკა, „საჩვენებელი“ სკოლები, კლინიკები და ა.შ., სადაც უცხოელი სტუმრები დაჰყავდათ. პირველი მეთოდი მაქსიმალური ინტენსივობით გამოიყენებოდა სტალინის დროს, მეორე კი გაიფურჩქნა მის შემდეგ. და თუ პირველმა აურაცხელი უბედურება მოუტანა სსრკ-ს ხალხს, მათ შორის ქართველს, მეორეს, ჩემი აზრით, წარმატებით შევეგუეთ და გარკვეული ხეირიც ვნახეთ.

სტალინის სიკვდილის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა „თამაშის წესები“- რეპრესიულმა ორგანოებმა დაკარგეს ყოვლისშემძლე სტატუსი, ხოლო ძალაუფლების კენწეროზე პარტიული ნომენკლატურა მოექცა. ამან რეჟიმის გარკვეული ლიბერალიზაცია გამოიწვია – მასობრივი რეპრესიები შეწყდა; პოლიტიკა და იდეოლოგია სახელმწიფოს მონოპოლიად დარჩა, მაგრამ ამასთან ერთად ხელისუფლებამ დახუჭა თვალი  კანონით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობაზე (რასაკვირველია, გარკვეულ ფარგლებში); გაძლიერდა (სტალინის დროს დაწყებული) „ისტორიის ავანგარდში ყოფნისდეკლარაციიდან გამომდინარეგონებრივი შრომის მუშაკებისხვედრითი წილის ზრდა. „პარტიის მიერ დასახული ამოცანაწმინდა საბჭოთა მეთოდებით იქნა გადაწყვეტილი. მოხდა მწერლების, მეცნიერების, საერთოდ უმაღლესი განათლების მქონე პირების რაოდენობის თავბრუდამხვევი ზრდა. ამასთანსაბჭოთა ინტელიგენციისგანარ ითხოვდნენ არც კომერციულ წარმატებას, არც პროდუქციის მაღალ ხარისხს, არამედ მხოლოდ რეჟიმის მხარდაჭერას და განდიდებას. ვინაიდან საბჭოთა პირობებში გონებრივი თუ შემოქმედებითი შრომის სიმულაცია გაცილებით ადვილი იყო ვიდრე ფიზიკურისა, ამიტომ რეჟიმის მიერ შემოთავაზებულმათამაშის წესებმამოიზიდა ადამიანთა უზარმაზარი რაოდენობა, რომელსაც მინიმალური ძალისხმევითა და კიდევ ნაკლები პასუხისმგებლობის აღებით შეეძლო შედარებით უზრუნველი არსებობის შექმნა საკუთარი თავისათვის.

დაახლოებით ასევე იქნაგადაწყვეტილიეროვნული პრობლემა. ოფიციალურად ითვლებოდა, რომ სსრკში შემავალი ხალხი ერთნაირადპროგრესულიდასოციალისტურია“ (თუმცა გარკვეული კულტურული განსხვავებები დაშვებული იყო, რაც ძირითადად ფოლკლორული ანსამბლების გაფურჩქვნაში გამოიხატებოდა). აქედანამისთვის სრულიად მოუმზადებელ კულტურულ სივრცეებში აბსოლუტურად უცხო ინსტიტუტებისაკადემიების, უნივერსიტეტების, ინდუსტრიული გიგანტების, კინოსტუდიების და .. ჩანერგვა. ყველაფერი ეს ზღაპრულ სახსრებს მოითხოვდა, ხოლო ემსახურებოდა თითქმის მხოლოდ პრესტიჟს „პაკაზუხას“. იმავე ვალდებულებიდან გამომდინარეობდა წოდებების, ჩინების, მეცნიერული ხარისხების პარიტეტული განაწილება. ასე რომ, ვთქვათ, დუშანბეში დაცული დისერტაცია ფორმალურად უტოლდებოდა ტალინში ან მოსკოვში დაცულს, თუმცა მათი დონე უმეტეს შემთხვევაში აბსოლუტურად შეუდარებელი იყო.

შეიძლება ითქვას, რომ თამაშის ახალი წესები ყველაზე ადრე საქართველოში შეითვისეს. მოხდა პრაქტიკულად სრული გაუცხოება კომუნისტური ღირებულებებისგან; სოციალიზმი საქართველოში უყვარდათ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი თანამემამულის, “ხალხთა მამისპირმშო იყო. საბჭოთაპანთეონიდანსტალინის გამოძევებამ და მისმა დადანაშაულებამ კი საბჭოთა ღირებულებებს ძალა დაუკარგა (განსაკუთრბით 1956 წლის მარტის გამოსვლების სისხლიანი დარბევის შემდეგ); ისინი გადაიქცნენ ფუტურო კერპებად, რომლებიც რიტუალურ თაყვანისცემას საჭიროებდნენ, მაგრამ  მათ მიმართ რწმენა დაიკარგა

60-80-იან წლებში საქართველოში ყალიბდება გვიანი საბჭოთა რეჟიმისადმი ადაპტაციის მოდელი, რომელმაც ეს პერიოდი ქვეყნის ისტორიაში ალბათ ყველაზე უდარდელ ხანად აქცია. ეს მოდელი სამ „ვეშაპს“ ეფუძნებოდა: გარეგანი ლოიალურობა რეჟიმის მიმართ (რამდენადაც ვიცი, საქართველოში ყველაზე მეტი სკკპ წევრი მოდიოდა „ერთ სულ მოსახლეზე“); პარტიულ-ადმინისტრაციული აპარატის ტოტალური კორუმპირებულობა, ცეკას მდივნიდან დაწყებული და რიგითი მილიციონერით დამთავრებული;  ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელშიც ჩათრეული იყო მოსახლეობის დიდი ნაწილი.

ამ პირობებში საბჭოთა კავშირი მოულოდნელად იშლება, საქართველო ხდება დამოუკიდებელი სახელმწიფო, რასაც მოჰყვება ეიფორია, შემდეგ სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ომი რუსეთთან, ეკონომიკის ნგრევა, პრაქტიკულად ყველა ინსტიტუციისა და ინფრასტრუქტურის მოშლა, მაგრამ ამასთან ერთადთავისუფალი მეწარმეობის დაკანონება, საზღვრების გახსნა, თავისუფალი მედია, თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. მოკლედ, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია ძირეულად შეიცვალა და ისიც გაირკვა, რომ ჩვეული წესით ცხოვრება შეუძლებელია, ხოლო ახალი რეალობის შესაბამისი ჩვევები მკვეთრ დეფიციტშია. ერთი სიტყვით, საქართველო აღმოჩნდა ადაპტაციურ კრიზისში, რომლის სრული დაძლევა ჯერაც ვერ ხერხდება, და, როგორც შედეგი, უდარდელი წლების მიმართ ნოსტალგიას ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში შესამჩნევი ადგილი უკავია.

რა პრობლემები დაგვიტოვა საბჭოთა ეპოქამ? აი მოკლე და არასრული ჩამონათვალი: შრომის დაბალი კულტურა და, შესაბამისად, დაბალი ეკონომიკური პოტენციალი, ავტორიტარული მენტალიტეტი, თვითორგანიზაციის ჩვევების დეფიციტი, დაბალი სამართალშეგნება, ეკონომიკის დონესთან შეუსაბამო სამომხმარებლო და სოციალური მოთხოვნები და სხვ. 

მაგრამ მეორე მხარესაც ნუ დავივიწყებთ: კომუნისტური ეპოქისაგან დაგვრჩა სერიოზული მატერიალური რესურსები: საცხოვრებელი ფონდი და სხვა ნაგებობები, კომუნიკაციები, ენერგოსისტემა და სხვ. რასაკვირველია, ყველაფერ ამას საბჭოთა „ხარისხის ნიშანი“ ატყვია, მაგრამ სულ რომ არ ყოფილიყო?

არანაკლებ მნიშვნელოვანია საბჭოთა პერიოდში მოპოვებული კულტურული კაპიტალი: განათლების საერთო დონის ზრდა, მეცნიერული სკოლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ეროვნული კორპუსის შექმნა, რომელთა გარეშე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენება კიდევ უფრო ძნელი იქნებოდა. სწორედ 60-80-იან წლებზე მოდის ქართული ხელოვნებისა და სპორტის ყველაზე შთამბეჭდავი და ეროვნული იდენტობის ნაწილად ქცეული მიღწევები საერთაშორისო მასშტაბით.  ვინმე იტყვის, ეგ ისედაც მოხდებოდაო. არ ვიცი… ისტორიულ საკითხებზე კავშირებით კილოში საუბარი („რა მოხდებოდა, რომ…“) თავისთავად უსაგნოა და უაზრო, მაგრამ მაინც, მაგალითად, ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ მეტყველია… 

და რა გამოდის, საბჭოთა კავშირი კარგი იყო? არავითარ შემთხვევაში! „ბოროტების იმპერია“ – მისი ზუსტი განსაზღვრებაა. მაგრამ… ეს სწორედ ის შემთხვევაა, გოეთეს დავესესხები, როცა ბოროტებას ზოგჯერ სიკეთეც გამოსდის.