ძნელადაღსაზრდელი ბათუმი
შოთა გუჯაბიძე

დღესაც იმავე სახით არის შემორჩენილი აღმოსავლური კაფე რუსთაველის ქუჩაზე. გიორგი ხალატოვის მოხატული, ბულვარის შესავლელთან. “ვოსტოჩნიე სლადოსტი” ერქვა ჩემს ბავშვობაში. ამ კაფეში ვისხედით უკვე ზრდასრულები, რაღაც ქართულ-თურქულ ერთობლივ ფილმს ვიღებდით და ასე აღმოვჩნდით ჯგუფი, შეღამებულზე, საუბარ-საუბარში. ლიკა ქავჟარაძე გავლანდე გვერდულად, ვერ დავანამდვილე, ძველი დიდება უკვე გარდასული ჰქონდა და ზედმეტად დამწვარიც იყო მზეზე. ეს ლიკაა-მეთქი, ვკითხე ზურა ცინცქილაძეს, კი ლიკააო. რაღაც იკითხა სარკმელში, ცოტა ხანს იდგა და წავიდა. ერთად გავაყოლეთ თვალი.

მეორე დღეს იმ თურქ რეჟისორთან ვიყავი სასტუმროში და მიუხედავად იმისა, რომ არცერთი საერთო ენა არ ვიცოდით, დეტალებში ამიხსნა, როგორ შეასკდა თვითმფრინავი ცათამბჯენს თურქული არხის პირდაპირ ეთერში და რომ ტრიალებდა ეს საშინელება. მაშინდელი ამბავია ანუ.

რატომ გამახსენდა ახლა ლიკა და ხალატოვი.

ორად ორი საკითხია ამ ქვეყანაში, მთელი ერი რომ შეთანხმებული ვართ, ერთი რომ ლიკა ლამაზია და მეორე – ბათუმი ყველას უყვარს.  სხვა დანარჩენ შემთხვევაში უდრტვინველად ვიმეტებთ და შიგადაშიგ ავეჯის მსუბუქი ნაირსახეობით დავდევთ ერთმანეთს, არცთუ მსუბუქი განზრახვით.

ბათუმმა მოახერხა თავისუფლად ეცხოვრა დიდი იმპერიების შემადგენლობაში, – ოსმალეთის, რუსეთის, ბრიტანეთის. სანამ საბჭოთა კავშირში აღმოჩნდებოდა, სადაც ყველა ერთმანეთს ბაძავდა და ერთმანეთს ჰგავდა. ის კი არა, ადრეული საბჭოთა ბათუმი ყველაზე მეტად საინტერესოა. ცოცხალი, მსუყე, ჭრელი, ფათერაკიანი. მთელი ინტელიგენცია აქ ეფარება რუსულ გამყინვარებას. არამარტო ქართული, რუსულიც. მანდელშტამი, ესენინი, ბულგაკოვი. ამ ეპოქის ბათუმი  მრავლისმნახველი და ჭკუასაკითხავი ,,კაცია”, უკვე გაზრდილი, 1900-ანების ძნელადაღსაზრდელი ბავშვი.

ამ დროს ბათუმში ყველაფერი ერთად იყრის თავს. ყაბალახი და ფრაკი, ფაეტონი და ორთქლმავალი, ელექტრონი და სინემატოგრაფი, ნობელი და სტალინი, პროლეტარიატი და რევოლუცია. 

იქნებ ასე იმიტომ მეჩვენება, რომ ამ დროს ყველაზე მეტად გავრცელდა ფოტოგრაფია და შესაბამისად, ამ დროის ბათუმის ყველაზე მეტი ფოტო მაქვს.

მას მერე, რაც ბაქოში ნავთობი აღმოჩნდა, ერთადერთი გზა მსოფლიოში გასატანად ბათუმის პორტი იყო. ბათუმში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა დაიწყეს ბიზნესი, მანთაშევმა, როტშილდმა, ნობელმა, ოღონდ მაშინ კომერსანტები ერქვათ. გაჩნდა უამრავი მუშა, ყველაზე ნოყიერი ნიადაგი მარქსიზმის გასავრცელებლად.  მსოფლიოში პირველი რევოლუციური გამოსვლა ბათუმში მოხდა, პირველი მსხვერპლით. ბათუმელებმა დავიწყეთ სამყაროს შეცვლა, მერე მოვინანიეთ ცოდვა და ლენინის პირველი ძეგლიც ბათუმში დავამხეთ.

სტალინის სახლიც იდგა ბოლო დრომდე, სადაც მთელი მსოფლიოდან იმაზე მეტი ტურისტი დადიოდა, ვიდრე ბათუმის ყველა სხვა მუზეუმში ერთად, მაგრამ დავანგრიეთ იმის გამო, რომ სტალინის სახლი და სტალინი ერთმანეთში გვერევა. დავანგრიეთ და რკინა-კავეულობის მაღაზია ჩავდგით მის ნაცვლად ან ბორდელი.

იქამდე ბათუმი რომის და ბიზანტიის იმპერია იყო. Მართალია, არისტოტელე ბათუმს ძვ.წ. აღრიცხვით  IV საუკუნეში მოიხსენიებს, თანამედროვე ბათუმის ისტორია მაინც მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება. მზიან დღეს აქედან კარგად ჩანს კავკასიონიო,- არისტოტელე წერს. წარმოვიდგენ კიდეც, როგორ ხვრეპს გაუპარსავი არისტოტელე ქვიშაზე მოხარშულ ყავას “კაპიტან პორტაში”, სანაპიროს უძველეს კაფეში, საიდანაც მისი სიტყვების დადასტურებას მხოლოდ თავის მოტრიალება უნდა, მოსვამ ყავას და გახედავ ჰორიზონტს, ჯერ ზღვაა, მერე მწვანე კონცხი, მერე სოხუმი, მერე მთა. მოსვამ და გახედავ. ოღონდ, თუ კავკასიონი ჩანს, ხვალ აუცილებლად იწვიმებს, ბათუმელი ტაქსის მძღოლების გამოცდილების საფუძველზე.

იმდროინდელი ძეგლებიც გვაქვს შემორჩენილი, ორი ათასი წლის გონიოს ციხე და შედარებით ყმაწვილი თამარის ციხე, ბიზანტიის ძლევამოსილი იმპერატორის იუსტინიანეს აგებული, პატარა ბორცვზე, ბათუმის შემოსასვლელში, რომელიც მხოლოდ ათასხუთასი წლისაა. გონიოს ციხეში ორიოდე წლის წინ აბანოს იატაკის უნიკალური მოზაიკაც იპოვეს გათხრებისას, ვესპასიანეს დროინდელი, რომელიც მაშინვე დაფარეს მიწით. მაგის მომვლელი ჩვენ არ ვართ და ასე უკეთ შეინახება.

ძველი რა არის კიდევ ახლოს?

შუქურა გვაქვს იქვე, რომელიც ჯერ ზეთზე მუშაობდა, მერე ნავთზე და მერე ელექტრონზე. რა ატმოსფერული და პოლიტიკური ქარიშხლები არ გადახდა ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში, მაგრამ ერთხელაც არ შეუსვენია, ერთი ღამეც არ ჩაუგდია რომ არ ანთებულიყო ზღვაში თუ ხმელეთზე გზააბნეული მგზავრის ნუგეშისცემად.

თანამედროვე ბათუმის ისტორია ორ ნაწილად იყოფა, ოსმალური ანუ 1878 წლამდე და ევროპული. ამ წელს დასრულდა რუსეთ-თურქეთის ორწლიანი ომი და ბათუმი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა. იქამდეც რამდენიმე ომი ჰქონდა ამ ორ იმპერიას და ბათუმი ყოველთვის მთვარ როლში იყო.

არქიტექტურითაც მკაცრად განსხვავდებოდა აზიური და ევროპული ბათუმი, მაგრამ თანდათან წაიშალა ზღვარი და ახლა ორიოდე შენობა თუ არის შემორჩენილი ოსმალური კულტურის კვალს რომ ინახავდეს. აბანო – ხულოს ქუჩაზე, ორთაჯამე და ერთი-ორი სახლი, რომელიც ტროტუარზე დგას. მათ შორის ერთი სატუსაღოა. ოსმალური განაშენიანებისთვის ტროტუარი უცხოა, ის ევროპისთვის არის დამახასიათებელი. რუსეთის იმპერიამ ბათუმში შემოსვლისას პირველი რაც ჰქნა, კვარტლის ბოლოებიდან თოკი დაჭიმა და ყველა კედელი და ღობე ერთ ხაზზე გაასწორა. ეს სახლებიც სასწაულითაა გადარჩენილი და დიდი დღე არ უწერია.

თუკი რაიმე არის ამ ქალაქში საინტერესო, სწორედ ესაა, ძველი ბათუმი. ვიწრო ქუჩებით, პატარა კვარტლებით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სისადავით, ერთ და ორსართულიანი სახლებით, ჰა და ჰა სამიანებით, ადამიანური მასშტაბებით, პროპორციებით და ჰარმონიით. სახლებს შიგნით ეზოებით, ჭრელი მეზობლებით. აქ უცხო არავინაა. უცხოები აქ ერთმანეთს ესალმებიან, გითმობენ გზას, მზერას, მზეს. პირველადაც რომ იყო ბათუმში, თავს შინაურად გრძნობ. არაფერი გზღუდავს, არაფერია აქ შესაგუებელი და მოსანელებელი. ბათუმში დაბრუნება გინდა სულ.

ოღონდ ეგ ადრე იყო. ახლა ამას ძნელად თუ შეხვდები, ამას ან ამის ნაშთებს.

სახლები ინგრევა. სახლები მხოლოდ კედლები არ არის. სახლები ადამიანებია, იმათი ისტორიები, დაბადება, სიხარული, სევდა და ბედისწერა, რაც ამ სახლებს საფლავში მიაქვთ. ინგრევიან სახლები და შენდება კორპუსები, რომელიც უკვე მიწიერი აღარაა და ცასთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე მიწასთან. კორპუსში კი უკვე ის ბათუმელი აღარ ცხოვრობს. ბათუმელი გახდა მობინადრე, სტატისტიკური ერთეული, ამომრჩეველი.

ბათუმი უფრო წარმოდგენაა ბათუმზე, ვიდრე საკუთარი თავი. ვიღაცის შექმნილი შეხედულებათა სისტემა თუ შეხედულებათა სერვისი. როდინდელია ისიც არ ვიცი, ალბათ ომის შემდგომი, მეორე მსოფლიო ომის. ყოველ შემთხვევაში, იგი მე უკვე მკაცრად  ჩამოყალიბებული დამხვდა და ეტყობოდა, რომ საუკუნოდ გასტანდა. ეს დოქტრინა სამ სიტყვაში ახსნა ალი სამსონიამ, ზღვა, მზე და სიყვარული. ამას ემატება წვიმა, ყავა, თოლია, აჭარული ხაჭაპური და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი ერთია და სიის განვრცობას აზრი არ აქვს. 

წვიმა არის ბათუმის პირობითი რეფლექსი. ერთ დღესაც გადაწყვიტეს, რომ ტურისტული ქალაქია ბათუმი. ბათუმი კი სრულიად არ ეთანხმება საყოველთაო აზრს. პატარა, მყუდრო ბათუმი ორიოდე ქუჩით, კაფეთი და სასტუმროთი ოდნავაც არ იზიარებს ამ ჟრიამულს და წვიმს. ესენი კიდევ ვერ ხვდებიან ამ სევდას და ანგრევენ ყველაფერს. აშენებენ და აშენებენ სასტუმროებს და პლაჟებს, რომელსაც მერე ისევ წვიმა შლის. ისინი ფიქრობენ, რაღა მაინცდამაინც ახლა წვიმს, ბედი არ გინდაო?! არადა ბათუმში სულ წვიმს. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ბათუმი სულ წვიმს.

კი იღიმება და ყველაფერი, მაგრამ მერე არ ეღიმება, კარს რომ ჩაიკეტავს. სევდიანი კი არ ხდება ამის მერე, იქამდეც სევდიანი იყო, უბრალოდ მიაჩვიეს ასე, გაიღიმე და ხელები ამოიღე ჯიბიდანო. 

შეუძლებელს ითხოვენ ბათუმისგან. მზეს ითხოვენ წვიმაში, წვიმას ითხოვენ მზეში. ბავშვობის დაბრუნებას ითხოვენ სიბერეში, ბულვარში რომ დარბოდნენ, მაგნოლიის ფოთლებით და ასანთის ღერებით ინდიელთა ბელადის გვირგვინს ქსოვდნენ. ბათუმმაც რა ჰქნას?! იძლევა შეუძლებელს. ზრდილობის ამბავია, თუ სტუმარ-მასპინძლობის.

ბათუმი იწყება სექტემბრიდან. წამსვლელი რომ წავა და დამრჩენი დარჩება. ამ დროს მზე ბულვარში კი აღარ ჩადის, არამედ ზღვის პარალელური ქუჩების ბოლოში და, რახან მზე უკვე დღისით ჩადის, შემხვედრ ნაცნობს ვეღარ ცნობ, იმიტომ რომ მხოლოდ სილუეტს ხედავ. ის კი გიყურებს შენ, მისი შარავანდით განათებულს და შენი გაუცხოება დანაშაულის განცდას უჩენს. რამხელა ამბავია ეს ქალაქისთვის, სადაც უცხოების სალამიც დაკანონებული გარდაუვალობაა, უნებლიე ჭეშმარიტება.

მე ეს სცენა მახსენდება ბათუმის გაგონებაზე, მზით განათებულ ქუჩაში რომ დაბოდიალობენ ბათუმელები, ერთმანეთს მდუმარედ უვლიან გვერდს და აღარ ესალმებიან.

ნისლი შემოგვეჩვია ბოლო წლებია მაგ დროს და ნისლი კიდევ უფრო აძლიერებს დრამატურგიას.

არადა ბათუმი კვდება. 

კი უღიმიან ჭირისუფლები, მაგრამ ისიც საკუთარი სიმშვიდისთვის.

წევს ეს ქალაქი გულაღმა და კორპუსების გადამკიდე, ცაზეც არ შეუძლია თვალის შევლება, აგონიაში. გაბმით მოთქვამს ხელისუფლება. მდუღარე ცემენტს აღვარღვალებენ ინვესტორები მშობელი მამის მკერდზე.

ექიმს მხოლოდ იმისთვის ელიან, ხუთი წუთით ადრე რომ მოვსულიყავი გადარჩებოდაო, – თქვას. ნუგეშია იმის გაფიქრება, რომ გადარჩენა შეიძლებოდა, რომ არა ისეთი უმნიშვნელო გარემოება, როგორიცაა მიზეზი. 

მოკლედ, ბათუმის ნახვა მხოლოდ ახლაა შესაძლებელი, მართალია სასიკვდილოდ გადადებულის, მაგრამ მაინც ცოცხალის და არა ვარსკვლავებთან მოთამაშის, უცნობს რომ ქუდს გიხდიდა სანაპიროზე.

 

P.S. თბილისი-ბათუმის მატარებელში ვზივარ ახლა სამკაციან სკამზე. ფანჯარასთან ხომ ყველას უყვარს ჯდომა, მაგრამ მე არც გასასვლელში დაჯდომის  წინააღმდეგი ვარ, შუაში ნუ ვიქნები ოღონდ. ცალ მხარეს თავისუფალი უნდა იყოს. იქნებ ბათუმელობის და გეოპოლიტიკური გარემოებისა გამო. შეიძლება მთელი წელი არ ნახოს ბათუმელმა ზღვა, მაგრამ ზუსტად იცის სადაც არის და იქით ეგულება ღრმად ამოსუნთქვა თუ ამოოხვრა. ამიტომ აწუხებს უცხო და უზღვო ქალაქი, რა სჭირს, ბოლომდე კი ვერ ხვდება ოღონდ. 

ესეც იმდროინდელი ამბავია, არისტოტელეს რომ ყავა ეღვრებოდა თეთრ წვერზე.