ლიტერატურა
სიყვარული თუ არ გაქვს, კაცს ვერ მოკლავ!
ადამიანი ურთულესი ფენომენია, – ღვთის “სახედ და ხატად შექმნილი”. კაცობრიობის განვითარების მანძილძე მან უდიდესი გამოცდილება დააგროვა და მაინც აღიარა, რომ “იცის ის,რომ არაფერიც არ იცის”. ასეთია ცოდნის ბუნება, ცნობადისა და შეუცნობლის. “წმინდა ნათელში, – ამბობს ჰეგელი, – წმინდა სინათლის დიად ბადეში, ისე ცოტაა გასაგებელი, როგორც რამ წმინდა სიწყვდიადეში. ” “ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია”, უფრო ადრე რუსთველი ამბობდა – “რაღაა იგი სინათლე, რასცა არ ახლავს ბნელია?!” ყველა დასმულ კითხვას ფიქრი განაპირობებს, ნათლის ესთეტიკის საწყისი, როგორც ენერგიის დაუშრეტელი წყარო. აზრი,რომელიც წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ტალღებს და გრავიტაციის ძალით მიდის ღმერთამდე. “ნისლი ფიქრია მთებისა”, ბრძანა პოეტმა და როგორაც გეფიქრება, ისეთივე ხარ, ისეთია შენი ბედიც! ადამიანი თავის ბედს საკუთარი ფიქრით განსაზღვრავს. აი, მესაჭის როლი ცხოვრებაზე, თავისუფლების,თავის ფლობის, თავის უ ფ ლ ო ბ ი ს ზემაღალი ალტერნატივაა. სხვა გზაც არის, რომელს აირჩევ შენზეა დამოკიდებული: რომელ კარს დახურავ და გახსნი, მოვლენების მიმართ დამოკიდებულება – განსაზღვრავს რეალობას. ამიტომაც ძალზე სადავო საკითხია: სიყვარული გვაკლია ადამიანებს, თუ სიყვარულისთვის (და მის გამო) ხდება მთელი ამდენი უბედურება?!
დავიწყოთ იმით, რომ “ღმერთი სიყვარულია”, ამ მცნებით ყველაფერია ნათქვამი. კიდევ – მოყვასისა და მტრის სიყვარული. მოყვასის, შვილის, შენიანის სიყვარული გასაგებია, მაგრამ მტრისა? – “თუნდ, ზღვა ემართოს სისხლისა?” – ამას სხვა გონი სჭირდება, ამსოფლიურზე აღმატებული.
საუკუნეთა მიღმა და აქეთ, ადამიანი იბრძოდა თვითგადარჩენისთვის. რითიც შეეძლო,ყველა საშუალებით დევნიდა იმას, რაც “იგიში იგი იყო”. სიკეთის, სიყვარულის სახელით ხდებოდა ყველა დიდი უკეთურება ამქვეყნად. იესო ჯვარს აცვეს დიდი რწმენით,რომ იგი ღვთის მგმობელი იყო. ქრისტეს, საკუთარი შვილის გაწირვა მამის მიერ, ადამიანების მიმართ უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა. აქ არ შეიძლება აბრაამისგან აბელის ზვარაკად შეწირვის მცდელობა არ გაგვახსენდეს და არ გავავლოთ პარალელი ხევისბერი გოჩას მიერ ონისეს მიმართ გამოტანილ განაჩენთან, რომელიც მართლმსაჯულების სახელით მოხდა.
ამ ასპექტში განიხილავენ პროსპერ მერიმეს “მატეო ფალკონეს” და გოგოლის “ტარას ბულბას”. ტარას ბულბა შვილს ქვეყნის ღალატის გამო კლავს. მისი მამობრივი სიყვარული მჭიდროდ არის დაკავშირებული პატრიოტიზმთან, ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან, რისთვისაც უსიტყვოდ შეუძლია ყველაფრის გაწირვა. ნიკოლაი გოგოლი გვიხატავს თავ დადებული პატრიოტის – ტარას ბულბას სახეს: “- იდექ, არ გაინძრე! მე გაგაჩინე, მევე უნდა მოგკლა!” – ამ სიტყვებით ტყვია შიგ გულში კრა ანრის. “- რა არის ეს? პატრიოტიზმის ზეაღმატებული გრძნობა? სიძულვილი შვილისადმი?
მატეო ფალკონე წინააღმდეგობრივმა შეუსაბამობამ, რომ პირველი შვილი ნაძირალაა მის გვარში, მოაკვლევინა იგი: “მაშინ ეს ბიჭი პირველია, რომელმაც ღალატი ჩაიდინა ჩვენს გვარში”. “- მამა, მამა, ნუ მომკლავ!” – ეხვეწება ფორტუნატო. მამა მოკლე და ვრცელ ლოცვებს აკითხებს და შემდეგ კლავს, ბავშვს ეუბნება, ღმერთმა გაპატიოსო … კლავს დაუნდობლად, სადღაა “სამოცდაათჯერ შვიდჯერ” პატიება, როგორც უფალი ბრძანებს?!
აკაკი ბაქრაძე წერს: “შვილის მოკვლა მამის მიერ, რა პირობებშიც არ უნდა მოხდეს ეს, არაბუნებრივი მოვლენაა. თუმცა, ყაზბეგი უფრო დამაჯერებლად ხატავს მამის მიერ შვილის მკვლელობის სურათს. ხევისბერი აფექტის დროს კლავს ონისეს. ე.ი. გოჩას საქციელი არაცნობიერია. ტარას ბულბასა და მატეო ფალკონეს ქმედება კი ცნობიერი, წინასწარ მოფიქრებული, რაც უფრო დიდი უზნეობაა, ვიდრე მამის მიერ შვილის მოკვლა.
“არა კაც კლა!” ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. არ შეიძლება რაიმე სხვა, მასზე აღმატებული მორალური კანონის გამო დაირღვეს! აქ წინააღმდეგობაში მოვდივართ ქვეყნის სიყვარულთან – ონისე ხომ უნებლიეთ მოღალატის როლში აღმოჩნდა, სახელმწიფო დამნაშავის. მაშ,რა სასჯელს იმსახურებს, თუ არა სიკვდილს?! – მამის მიერ შვილისთვის განაჩენის გამოტანა უკვე მეტისმეტია!კიდევ საგულისმო ფაქტია ის, რომ ხევისბერს სულ ეფიქრებოდა არ დავიწყნოდა ონისეს “ვისი გორისა იყო”, ისე არ მოქცეულიყო, ხევს მისი დამარხვა ეთაკილა”. შვილის საქციელი ,გარკვეულწილად განაპირობა და განსაზღვრა მამის ამგვარმა შიშმა და ფიქრმა – უდიდესმა ძალამ და ენერგიამ. რა მიზნითაც არ უნდა იყოს ჩადენილი კაცის კვლა ,ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმეა. ეს მცნება კრძალავს ადამიანის სიკვდილს იარაღით, ხმლით, საწამლავითა და სიტყვით.
სისხლის აღების წესი – “კბილი კბილის წილ” – ამ ჩვეულებას მთელი გვარების ამოწყვეტა მოჰყვა. ესეც ხომ კონკრეტული ადამიანის – მოკლულისთვის – ხდებოდა. როგორ გადასხვაფერდება კაცი,როცა ბრბოს შეერევა.
“მოჰყავდა ზვიადაური,
ხელშეკონილი გროვასა,
ყველას უხარის მის მოკვლა,
ან ვინ დაიწყებს გლოვასა?!
სიკვდილი ყველას გვაშინებს,
სხვას თუ ჰკვლენ,
ცქერა გვწადიან;
კაცნი ვერ გრძნობენ ბევრჯელა,
როგორ დიდს ცოდვას სჩადიან. ” – ამაზე უკეთ ვერცერთი ფსიქოანალიტიკოსი ვერ აღწერს ამ საკაცობრიო, ეპოქალურ დოგმას. დრამატული სცენა უფრო ძლიერდება:
“ქისტები გაწყრენ, იტკიცეს:
ვერ აუსრულდათ წადილი,
ვერ გაუკეთეს თავის მკვდარს მის შესაფერი სადილი”. – აქ ბრბოში სინანულის გრძნობამ, პირველად იჩინა თავი, მტერშიც რომ დაგანახვებს ვაჟკაცს,თავის ქმედებას მაინც ახსნა მოუძებნეს:
“ხომ მაგას არ მოვუკლავდით
მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდენ?”…
ასეა,ტერორისტებიც რაღაც უმაღლესი პრინციპით ამართლებენ ტერორისტულ აქტებს, მთელ მსოფლიოში. მიზეზი და მიზანი ადამიანს სინდისის ხმის დასაშოშმინებლად სჭირდება!
დათა თუთაშხია ასე ხსნის თავის მორალურ მრწამსს: “ერთი კაცისგან მეორე კაცის დაჩაგვრა მძულდა ბავშვობიდანვე… ადრე ჩემი ღირსების შელახვას რომ ვერ ვიტანდი,მერე და მერე მიმავიწყდა საკუთარი თავი. ახლა სხვისი ღირსების შელახვას ვეღარ ვეგუებოდი ვერაფრით. დავდიოდი ამ ქვეყანაზე და,სიცოცხლის ფასად რომ მღირებოდა,მაინც ვებრძოდი უსამართლობით და ძალმომრეობით ლელოს გამტან კაცებს”. საგანგებო, თავისი მორალისა და ზნეობის კანონებით მართავდა ცხოვრებას: “მე რომ მესროლე, ამისთვის კი არ ხარ მოსაკლავი – ფულის გულისთვის კაცის მოკვლა რომ შეგიძლია, ამისთვის ხარ სიკვდილის ღირსი. ”
ბოროტ ადამიანს მოვკლავ კეთილი საქმისთვის,დისა და დედისთვის, – ასე აზროვნებს “მკვდარი სახლის ჩანაწერებში”ორლოვი. მისი “მემკვიდრე” როდიონ რასკოლნიკოვი შეპყრობილია ე. წ. “ნაპოლეონის სინდრომით”რომლის მიხედვითაც ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან:ნაპოლეონებად – ანუ ძლიერებად და მწერებად. “დანაშაულის და სასჯელის “გმირი თვლის,რომ ნაპოლეონია და უფლება აქვს, მოკლას მწერი-მევახშე ქალი. ძლიერ პიროვნებას შეუძლია უარყოს ზნეობრივი ნორმები,ის თავის შექმნილი ფილოსოფიური თეორიის გავლენით კლავს… “კაცის კვლაში ნაშოვნი ფულით არ დააპირებდი შენი მიცვალებულების სამარეზე ქვების დადებას,ცოლისთვის დარაიების ყიდვას,შვილებისთვის მზითვის გაწყობას. როცა სიყვარული არ გაქვს, ვერც კაცს მოკლავ მაშინ, სამშობლო თუ არ უყვარს ადამიანს, მტრად მოსულ კაცს ვერ მოკლავს ის,” ამბობს დათა თუთაშხია. ავტორი გვიხატავს დათას ფსიქოლოგიურ პორტრეტს. მას ბევრი მოუკლავს. “კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრი უნდა ქონდეს,ისეთი შევჭამო,რომ ჩემი სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლესო. ასეა ეს,შენ რომ ხარ,მისთანა კაცის გახარებისთვის, არ ღირდეს ეგებ,მე რომ ვარ, მისთანა კაცის მოკვლა,ბონია, და თუ გიფიქრია ამაზე?”-კი ,კი,უფიქრია ბონიას თავისი მოკლე ჭკუით და აუცილებელ პირობადაც მიუჩნევია დათასნაირი, ნაპოლეონისმაგვარი პირის მოკვლით ნატვრაასრულებული სახელის დაგდება. – შენ რომ გჭირია, ყველაფერი გაქვსო, – თითქოს ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს “მსხვერპლზე”: ჩემისთანა კაცის გაჭირვებას შენი სიკვდილი თუ უშველისო”დათა ცდილობს მასში ადამიანის გაღვიძებას, ხუთი მანეთის მიცემით,რათა იფიქროს და დაინახოს თავისი თავი და ის, როგორი უნდა იყოს კაცი.
ყოველივე ზემოთ თქმულს მივყავართ იმ აზრამდე, რომ სიყვარული ყველაზე დიდი სიწმინდეა, რაც კი დედამიწაზე არსებობს. სიყვარულია სამყაროს მამოძრავებელი ძალა. სიცოცხლე სიყვარულის შედეგია. ყოველივე ახალი სიყვარულის ნაყოფია. დაბადება თავის თავში მოიცავს უდიდეს სიყვარულს. თუ სიყვარულისთვის ხდება უკეთურება და ღალატი,ეს სინამდვილეში სიყვარული აღარაა. ეს ანგარება და სიმდაბლეა, მოჩვენებითი სიყვარულია. სიყვარული სიწმინდეა. ისევე, როგორც მწუხრი ნათლის მოკლებაა,ნათლის მწუხრია. თუ ადამიანი ამ სიწმინდეს შებღალავს, თავს მოიტყუებს, მაგრამ შეუძლებელია მისთვის სხვა სიწმინდისა და სიკეთის არსებობა, ძველი ფილოსოფიური წარმოდგენებითაც ხომ ბოროტება საერთოდ არასუბსტანციური იყო – სიკეთის ხარისხებს წარმოადგენდა, ერთ სწორ ხაზზე განლაგებულსა და განფენილს ხედავდნენ სიკეთეს – დასაწყისში, თავში იყო უდიდესი სიკეთე,მერე თანდათან იკლებდა, ბოლოში – სულ მცირდებოდა. რასაც ბოროტებას ვეძახით, მცირე სიკეთეაო, “საქმე ისაა, ჩვენ თვითონ სად ვდგავართ სიკეთეთა წყებაში, თუ მაღლა. ყველა დაბლა მდგომი ჩვენ ბოროტებად მოგვეჩვენება, ხოლო თუ დაბლა ვართ, ჩვენ მაღლა ყოველივე სიკეთედ გამოჩნდება”, – ვკითხულობთ რეზო სირაძის “სახისმეტყველებაში”.
უმაღლეს ჭეშმარიტებას, რომელსაც ადამიანის გასხივოსნება, პიროვნებად გადაქცევა ძალუძს, გონებით ვერავინ გაიგებს, “სულითა ხოლო საცნაურ არს”, გუმანით უნდა მიხვდეს კაცი. მხოლოდ ადამიანს ებოძა თავისუფალი ნება იყოს კეთილი ან ბოროტი. მისი სიკეთე ანგელოზთა სიკეთეზე მეტადაც ფასობს,”რაც მტრობას დაუნგრევია,სიყვარულს უშენებიაო,” – მღეროდა ჩვენი წინაპარი. სიყვარულისა და “არა კაცის კვლას” ურთულესი ცნებების, ადამიანის მძლავრი ფილოსოფიური თეორიების დაპირისპირება არაერთ ფსიქოთერაპევტსა და მწერალთან გვხვდება. თავის დროზე ეს კითხვა დავუსვი ბატონ ჭაბუა ამირეჯიბსაც და მისი პერსონაჟის შემსრულებელ მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესსაც, პასუხი ისევ “დათა თუთაშხიასგან”მივიღე:
“რა არის საკეთებელი და როგორ?-არ გცოდნიათ,არც თქვენ,მგონია!”
ელიფ შაფაქი “სიყვარულის ორმოც წესში” გვეუბნება, რომ სამყარო ერთი ვეება ქვაბია, რომელშიც რაღაც დიდი იხარშება თითოეულმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: “რას ვამატებ ამ ქვაბში ყოველდღიურად? მტრობას, რისხვას, ძალადობას თუ სიყვარულსა და ჰარმონიას? იმის მაგივრად,რომ ღვთის სიყვარულში მთლიანად დაინთქან და საკუთარ თავკერძობას ომი გამოუცხადონ, ბრმადმორწმუნენი სხვა ხალხებს ებრძვიან”.
იაპონელი სამურაები სირცხვილის გამო იტარებენ ხარაკირს. ფროიდი ამბობს ,,თვითმკვლელობა თავისი შინაგანი არსით სიყვარულს წააგავსო, თუმცა, მეტი მიმდევარი ჰყავს პროფესორ სალმან ახტარის აზრს: “უსიყვარულობის გამო ხდება თვითმკვლელობა. ”
მაჰათმა განდის სიტყვები მახსენდება: “ამქვეყნად არსებობს უამრავი რამ, რის გამოც მოვკვდები და არაფერი, რის გამოც მოვკლავ”, – ხოლო არსობრივად ამის გაგრძელება გახლავთ, “რის გამოც მოვკვდები, სწორედ ის მაცოცხლებს და ქმნის ჩემი პიროვნების მძლავრ კონსტრუქციას. რაც სიცოცხლედ მიღირს, სწორედ ის მიღირს სიკვდილად” (ნათია ფანჯიკიძე”შიშო, გამოდი გარეთ”). შეიძლება იცოცხლო და მოკვდე მხოლოდ შენი შვილებისთვის და შეიძლება იცოცხლო და მოკვდე ყველას შვილის გამო,”ვფიქრობ, ჩვენ მიერ დასმულ ურთულეს კითხვებზე – სიყვარული გვაკლია,თუ სიყვარულისთვის ვკლავთ და ვხოცავთ ერთურთს?-ნათია ფანჯიკიძემ ამ სიტყვებით გვიპასუხა, – დიახ, რა მაგარია ყველას შვილის გამო სიცოცხლეცა და სიკვდილიც!