რედაქტორის სვეტი
,,დაჩექინდი” ჩვენთან
“ დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“
იოანე ზოსიმე
მე-10 საუკუნისქართველი სასულიერო მწერალი,ჰიმნოგრაფი
თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური,ყაზბეგისა და კარტოზიას ქუჩის კუთხეში ,ახლად გახსნილი მაღაზიის აბრაზე პირველად რომ ეს წარწერა-“დაჩექინდი ჩვენთან “-წავიკითხე, გაბრაზებულმა ყველაზე საშინელი რამ გავიფიქრე და ხმამაღლა წამოვიძახე კიდეც-დაგიჩექინდათ ტვინი!
ზაფხულის არდადეგებს , ჩემს დებთან ერთად , დედულეთში, იმერეთის მაღალმთიან სოფელში ვატარებდი ხოლმე .მატარებლიდან ვახანისწყალზე(ასე ერქვა გაჩერებას) ჩამოვდიოდით და ფეხით მუვუყვებოდით რამდენიმეკილომეტრიან აღმართს. გზაზე ბევრი საინტერესო ადამიანი გვხვდებოდა,იმერული აქცენტით და დიალექტით მოსაუბრე.ხშირად, ქართლში გაზრდილ ბავშვებში,მოსალმების წესი-გაგიმარჯოს თუ გინდა და გადაძახილი- “დოუბისტრე,მასტერაოი გაგვასწრებს“- სიცილს იწვევდა. მერე, სოფელში დიდხანს ყოფნისას,ვეჩვეოდით სიტყვებს- სტოლსაფარი,ფეჩი,პოლი,იპლეტა და სხვა ამგვარი.არდადეგები მთავრდებოდა და შინ დაბრუნებული ბავშვებისთვის ყველაზე ძნელი და მტკივნეული ,უკვე შეჩვეული, დამახინჯებით გამოთქმული სიტყვების დავიწყება ხდებოდა!
ბავშვობა წარსულში კარგა ხნის წინ დარჩა,მაგრამ, სამწუხაროდ,ყოფასა და მეტყველებაში უკეთესობისკენ ნაბიჯი ვერ გადადგა ჩემი ქვეყნის საზოგადოებამ. ადრე თუ სოფლად მცხოვრებთა“პრივილეგია“ იყო უცხო სიტყვების მეტყველებაში შემოტანა, გაუგებარი რუსულ-ქართულად წარმოებული წინადადებებით საუბარი (მოსმენა სიცილსაც კი იწვევდა),ახლა , ამგვარი უგნურების გამო, აღარც კი ვიცით რა გზას დავადგეთ (გაცინებითაც ვეღარ ვიცინით). ვშიშობ, ერთ მშვენიერ დღეს,გამოვა რომელიმე მეცნიერი და იტყვის,აღარაფერი ეშველება სიტყვებს -კურტკას(ქურთუკი),ბასეინს(აუზი), ნასკს(წინდა),საროჩკას(პერანგი),ფეჩს(ღუმელი),ვანას(აბაზანა) ,დაჩას (აგარაკი) და სხვა უამრავს,ამ სიტყვებს ყოველდღიურად ხმარობენ ქართველები, ამიტომ ,საჭიროა შევიტანოთ ლექსიკონებში,დავაკანონოთ სამეტყველო ტერმინოლოგიაში! რუსული სიტყვების საუბარში დამკვიდრებას , ინგლისური სიტყვებიც დაემატა და… მერე რამდენი მტერი ჰყავს ენას!განსაკუთრებით ტელევიზიები მტრობენ “აქტიურად“,დიქტორების (თითქმის ყველა ტელევიზიის) საუბრების მოსმენა ერთ დიდ სატანჯველად გვაქვს გადაქცეული, მოწვეულ სტუმრებს ხომ საერთოდ არ აღელვებთ რას და როგორ იტყვიან, სიტყვას როგორ დაამახინჯებენ.ახლახან ერთი ახლობელი მიყვებოდა, თუ როგორ ლაპარაკობდა სამეცნიერო ხარისხის მქონე ცნობილი სტომატოლოგი ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემაში.
“-საუბრისას იმდენჯერ თქვა კბილები კარგად უნდა გამოიჩოთქოთო,ეკრანს იქით ,მის ნაცვლად ,მე დავიწვი სირცხვილითო!“-წუხდა იგი.დოუბისტრეზე და მსგავსად წარმოებულ სიტყვებზე დაჩექინდისა და მსგავსად წარმოებული ინგლისური სიტყვების დამატებამ ლამის არის და წელში გაწყვიტოს ენა! ვიღაც მეტყვის -ჩექინის -შესატყვისი ქართულში არ არსებობს და რა ვქნათო!შეიძლება ასეც იყოს,მაგრამ ეს დაჩექინება რომ აღარც ქართული სიტყვაა და აღარც ინგლისური ამას რა ვუყოთ?
არა,ფორმალურად ენის დაცვის რაღაც უწყება(ისიც არ ვიცით რა უწყებაა) უნდა არსებობდეს,თანაც ,თუ არ ვცდები, პარლამენტის შექმნილი,მაგრამ ჩვენს ქუჩებს,ტელევიზიებს,საინფორმაციო სივრცეს მათი არსებობის შესახებ ჯერ არაფერი გაუგიათ(ჩემსავით).
თუმცა, დგება თუ არა აპრილი-14 აპრილი,ერთბაშად ყველას ახსენდება ენის სიწმინდისა და დაცვის დღე .აი,მაშინ იწყება რაც იწყება, ეს დღე მარათონს ემსგავსება. წუხან,ქოთქოთებენ,ღვრიან ყალბ ცრემლებს, ენის გასაჭირზე საუბრობენ და ერთმანეთს ასწრებენ მტკიცებაში ვის უფრო მხურვალედ უყვარს მშობლიური ენა,კეკლუცობენ და თავსაც იწონებენ… მხოლოდ ერთი დღე.მეორე დღიდან კვლავ გვტოვებენ ჩვენს საფიქრალთან, საფიქრალთან,- თუ ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას დროულად არ ვუშველით ,გვიან იქნება მერე“თითზე კბენანი“
ქნებ დადგა დრო შევქმნათ ქართული ენის სიწმინდისა და გადარჩენისთვის საჭირო უწყება(უწყებები),ვაიძულოთ ხელისუფლება,ტელევიზიები,საეთერო სივრცეები,სოციალური ქსელი დაიწყოს მოძრაობა ,რომელიც საზოგადოებას ხმამაღლა , დაუფარავად ეტყვის- სირცხვილია დამახინჯებული ქართულით მეტყველება,გამართული ქართულის ცოდნა, სწორი მეტყველებაა ადამიანისთვის პრივილეგია,მისი ღირსებისა და ცოდნის მაჩვენებელი!
“ქართული კულტურის“ აპრილის ნომრის ძირითადი თემაც ეს არის. ენათმეცნიერის,ქართველურ ენათა მკვლევარის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის,პროფესორის გიორგი გოგოლაშვილისა და მწერლის,მსახიობის,დეკლამატორის ელდინო საღარაძის წერილებიც ჩვენი ქვეყნისთვის ამ მეტად მტკივნეულ და საჭირბოროტო თემას ეღვნება.
„ქართული კულტურა “ აგრძელებს გიო კილაძის “ჩემი ილიას“ ციკლს.ამჯერადაც ,ფრიად საინტერესო ამბებს გვიყვება ავტორი ილიასა და გურულებზე.ვფიქრობ, მონოგრაფიის ეს ნაწილი მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება!
ტრადიციას არ ღალატობს მუსიკათმცოდნე,არაერთი სასიმღერო ტექსტის ავტორი თინა ნაცვლიშვილი და ტკივილიან მოგონებებს გვთავაზობს მომღერლებზე თემურ წიკლაურსა და ზურა დოიჯაშვილზე.
აპრილის ნიმერი ესთეტითაც მოიწონებს თავს,როცა თქვენს წინაშე ულამაზეს ქალბატონს,პროფესორს,ამერიკული ლიტერატურის მკვლევარს,ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორს ბაია კოღუაშვილს წარმოგიდგენთ და მისი ცხოვრების სტილის მახასიათებლებს გაგაცნობთ!
აპრილის “ქართული კულტურის“ წერილებს შორის მეგზურობას ვერ გაგიწევთ თუ ერთ ,პატარა ამბავსაც არ გავიხსენებ – ორი წლის წინ,შვეიცარიაში, ციურიხში,ჩემი შვილის საცხოვრებელ სახლთან, ულამაზეს მწვანე ბაღში სასეირნოდ გასულს , ხმამაღალი საუბარი შემომესმა,ჯიშიანი,თვალშიმოსასვლელი გარეგნობის ქართველი ქალი ბავშვებს გასძახოდა-“დაკრუგეთ,დაკრუგეთ,კალიასკა და კურტკა არ დაგრჩეთ,სახლში მივდივართო“- გავარკვიე,რომ ქალი ძიძა გახლდათ,საქართველოდან ჩამოყვანილი.ოჯახმა ის სპეციალურად დაიქირავა, ბავშვებს ქართული რომ არ დავიწყებოდათ!
თავდაპირველად, მეცინებოდა კიდეც ქალის გაუნათლებელ მეტყველებაზე,ვუბედავდი შენიშვნებსაც,მაგრამ.. ზემოთ აკი ვთქვი, ყველაზე ძნელი,მტკივნეული შეჩვეული,დამახინჯებით ნასწავლი სიტყვებისგან გათავისუფლებაა-მეთქი! ქალი, ყოველ ჯერზე,მორჩილად მეთანხმებოდა ,შებრუნდებოდა და დაკრუგეთო,ბავშვებს გასძახოდა! ვერაფრით გავაგებინე რატომ სჯობდა კურტკას ქურთუკი და კალიასკას ეტლი,მისი კომფორტის ზონა გაუნათლებლობის ის ზონა გახლდათ, სადაც გამართული ქართულით საუბარი ერთგვარ უხერხულებას უქმნიდა და ამ ზონის დატოვება ცოცხალი თავით არ სურდა! ეს ქალი რომ გამონაკლისი ყოფილიყო(იყოს), რაღა გვიჭირდა!
ადამიანებო,“ქართული კულტურის “ მკითხველებო- ნუ“დაჩექინდებით“ გაუნათლებლობასთან,ნუ მოკლავთ საკუთარ ენას უცხო,გაუგებარი წარმოების სიტყვების დამკვიდრებით, იფიქრეთ მომავალზე!