ხელოვნება
ლამაზი ქალების მიღმა
ბეიელერის ფონდის მუზეუმი ქალაქ ბაზელთან ახლოს, შვეიცარიაშია. ის ჰილდა (მოფერებით ჰილდი) და ერნსტ ბეიელერების ოჯახს ეკუთვნის. მუზეუმი გამორჩეულია იქ თავმოყრილი უნიკალური კოლექციის გამო, აქ სახლობენ თანამედროვე ხელოვნების უნიკალური ნიმუშები – მონე, მანე, სეზანი, ვან გოგი, პიკასო, უორჰოლი, ლიხტენშტაინი და სხვა. კოლექცია ცნობილმა ხელოვნების დილერმა, „ევროპის გამორჩეულმა დილერმა თანამედროვე ხელოვნებაში“ (ნიუ იორკ თაიმსის მიხედვით), ერნსტ ბეიელერმა და მისმა მეუღლემ შეაგროვეს. დღეს ეს წყვილი ცოცხალი აღარაა, თუმცა ცოცხალია მათი დატოვებული მემკვიდრეობა, რომელსაც ყოველწლიურად ასიათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. მათი გარდაცვალების შემდეგ კოლექცია 1.85 მილიარდ დოლარად შეფასდა. თუმცა, როდესაც მუზეუმს ესტუმრებით და კოლექციას ნახავთ, მის შეფასებას ვერც გაბედავთ, უნიკალური კოლექცია ფასდაუდებელია. ნახატები მაღალპროფესიონალურადაა გამოფენილი – ერთმანეთთან, მუზეუმის შენობასთან და გარემოსთან იდეალურად, ჰარმონიულად შერწყმული. გარდა მუდმივი კოლექციისა, მუზეუმში ყოველწლიურად ორი ან მეტი სხვადასხვა გამოფენა ეწყობა, რომელიც დამთვალიერებს სთავაზობს მრავალფეროვან თემატიკას, უამრავ ცნობილ მხატვარს და პერიოდს. ამიტომ ბეიელერის მუზეუმი შვეიცარიის ერთ-ერთი მარგალიტია.
ფონდი 1982 წელს შეიქმნა და მუზეუმის დიზაინი ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა, რენცო პიანომ შექმნა. ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის რენცო პიანოს სახელი უცხო არ გახლავთ. იგი იმ ცონიბილი სამეულიდან (რიჩარდ როჯერსი, ჯანფრანკო ფრანკინი) ერთ-ერთია, რომელთაც პარიზში პომპიდუს ცენტრი დააპროექტეს. მისი დაგეგმარებული ბეიელერის ფონდის მუზეუმის შენობაც ასეთივე განსაკუთრებული და მომხიბვლელია, როგორც პომპიდუს ცენტრი. დათვალიერებისას ნახატიდან თვალი გადადის უზარმაზარ ფანჯრებზე, საიდანაც ბუნების ღია სივრცეები მოსჩანს. ბუნებისა და ხელოვნების ამ ნაზავს ერთგვარი სიმშვიდის განცდა მოაქვს. თუ გამოფენა „მძიმეა“ თავისი შინაარსით, ეს გახსნილი სივრცეები სიმწვანით, ხეებით, ულამაზესი ხელოვნური გუბურებით და გაშლილი სივრცეებით, ამ „სიმძიმეს“ აბალანსებს და ვიზიტის შემდეგ, სისავსის და სიმშვიდის შეგრძნებას გიტოვებს!
სწორედ, ასეთი განცდა დამიტოვა ფრანცისკო დე გოიას (1746-1828) გამოფენაზე ვიზიტმა ბეიელერში, ამ ზამთარს. ეს იყო, ესპანეთის გარეთ მოწყობილი, გოიას ყველაზე დიდი ექსპოზიცია,რომელზეც დაახოლებით 70 ნახატი, 100ზე მეტი ჩანახატი და პრინტი გამოიფინა. ყველაფერი კი, ბეიელერის ფონდისა და მუზეო დელ პრადოს კოლაბორაციის შედეგად შედგა.
გოია გახლდათ სამეფო კარის ერთ-ერთი უკანასკნელი მხატვარი და თანამდროვე ხელოვნების წინამორბედი. იგი გენიალურად ხატავდა, როგორც შეკვეთილ პორტრეტებს, ასევე ენიგმატურ, მისთვის საკმაოდ პერსონალურ, პირად სამყაროს და განცდებსაც. გოიას ხელოვნება მოიცავს როკოკოდან რომანტიზმამდე პერიოდებს.
გოიას მთავარი კოლექცია მუზეო დელ პრადოში, მადრიდში, ინახება. ამ მუზეუმის ხშირი ვიზიტორი ვიყავი სტუდენტობის წლებში და საკმაოდ კარგად ვიცოდი მუზეუმში ნახატების განლაგება, ისიც, სად რომელი დიდი მხატვრის სივრცეს გადაეყრებოდი. გოიას სივრცესაც ხშირად ვსტუმრობდი, ის ხომ ძალიან შთამბეჭდავი და ემოციებით, ტკივილით, თავისუფლების სიყვარულით და პროტესტით იყო სავსე. გოიას სივრცეში ნახავდით და ნახავთ უამრავ შედევრს, „შიშველ მახას“ და „ჩაცმულ მახას“, „შიშველი მახა,“ ალბათ, პირველი არამითოლოგიური თემატიკის, რეალურ ზომაში დახატული შიშველი ქალის პორტრეტია. ეს სივრცე მდიდარია ნადირობის სცენების ამსახველი ნახატებით, სამეფო ოჯახის წევრების პორტრეტებით, მაგრამ მათ შორის ასევე ნახავთ ნახატს „სატურნი ჭამს თავის შვილს“, რომელიც ისეთი ტკვილით , ადამიანური სისუტით, სიძულვილით და არამქვეყნიური სიშმაგის ძალითაა სავსე, რომ შეშდები, უყურებ, შემდეგ ვეღარ უძლებ ამ გრძნობას და სცილდები შედევრს, თუმცა სატურნის გადარეული თვალები მარადიულად იბეჭდება შენს გონებაში.
გოია იმ დროის ლიბერალი იყო, თავისი ხელოვნებით აპროტესტებდა ინკვიზიციას, ხარების ბრძოლას, ფსიქიატრიული პაციენტების მიმართ ცუდ მოპყრობას (მაშინ ხომ ეშმაკით შეპყობილებად აღიქვამდნენ პაციენტებს). მხატვარი ეწინააღმდეგებოდა მეფე ფერდინანდ VII-ის აბსოლუტისტურ პოლიტიკას. ფაქტობრივად, გოია უპირისპირდებოდა, როგორც რელიგიურ, ისე სამეფო ინსტიტუციებს. ამ ყველაფრის მიუხედავად იგი ესპანეთის სამი მეფის კარზე – კარლოს მესამე, კარლოს მეოთხე და ფერდინანდ მეშვიდე – მიღებული მხატვარი იყო. შუალედში, როდესაც ნაპოლეონი შეიჭრა ესპანეთში და მისი ძმა, ჯოზეფი, დანიშნა ესპანეთის მეფედ, გოიამ ლოიალურობის ფიცი დაუდო მას, ეს დღემდე ბევრ კითხვას ბადებს და გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებაში, მუდმივად კითხულობენ – იყო თუ არა იგი მართლა ნაპოლენის რეჟიმის მომხრე… საფრანგეთის ბევრ ლიდერსაც საკმაო სიმპათიით ხატავდა, თუმცა შემდეგ უელინგტონის ჰერცოგი და სხვა ლიბერალებიც დახატა, რომლებიც ესპანეთის განთავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ესპანეთის დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე ექვსწლიანმა ომმა დიდი ზეგავლენა იქონია გოიაზე და მან უამრავი ნახატი მიუძღვნა ომის სისასტიკის თემატიკას.
გოია, მართალია, ემოციებით დატვირთული და ბევრის მთქმელია მხატვარია, მაგრამ იგი ის მხატვარიცაა, რომელსაც შეუძლია ემოცია სრულად ჩააქროს, სამეფო კარის შეკვეთილი პროტრეტები ისეთი ემოციური სიმშრალით გადმოსცეს, როგორსაც ხედავს. გოია მეფის (კარლოს IV), მისი ოჯახის წევრების სულელურ, უაზრო გამომეტყველების ჩვენებასთან ერთად, უმძაფრეს აქცენტებსაც აკეთებს და პორტრეტებითვე ამხელს სამკაულების სიყვარულში ჩაძირული ოჯახის სიხარბესაც.
გოიას გამოფენა ბეიელერში, ნაზავი იყო როგორც სამეფო კარის პორტრეტებით, ისე მისი ემოციური ,ამბოხის, კრიტიკის მომცველი ნახატებით. თავისთავად, ეს მნახველშიც უზარმაზარ ემოციას,შეიძლება ითქვას – მძიმე განცდასაც იწვევდა. თუმცა ბეიელერის მუზეუმის არქიტექტურა ამ სიმძიმის დათრგუნვას ბუნებაში გაჭრილი ფანჯრებით მშვენივრად აბალანსებს. ბეიელერის ფონდში მოწყობილი გამოფენა ჩემთვის იმითაც აღმოჩნდა საინტერესო, რომ მხატვრის რამდენიმე, ძალიან მნიშვნელოვანი ნახატიც ვნახე, რომელიც პრადოშიც არ მინახავს. მაინტერესებდა და აი, ნახვის სურვილიც ავისრულე. ისე მოულოდნელად დავინახე „მახები აივანზე“, რომ ცოტა ავღელდი კიდეც. ეს ნახატი ედმონდ დე როტშილდის პირად კოლექციაში შედის შვეიცარიაში და ამიტომაც, არ ინახება პრადოში (მისი ასლი კი ნიუ იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმშია დაცული, თუმცა ეჭვობენ, რომ ის გოიას შვილის მიერაა შექმნილი). ეს შედევრი, ერთდროულად მიმზიდველი, ლამაზი და საშიშიც კი არის . ნახატზე ორი ელეგანტურად და მდიდრულად ჩაცმული ახალგაზრდა ქალია ასახული, სავარაუდოდ, კურტიზანები, უკან კი ჩრდილში მდგომი ორი მამაკაცი დგას, რომლებიც მათი სუტინიორები, ან მათი კლიენტები არიან. ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ სამხედროები (ფრანგი?) შეიძლება იყვნენ. ტილო ორ მკვეთრ ზონად იყოფა, ნათელი ზონა, სადაც ორი ახალგაზრდა ქალია გამოსახული და ბნელი ზონა, საიდანც ეს მამაკაცები ალმაცერად, შეფარულად იყურებიან. ქალები თითქოს მომხიბვლელი და ლამაზები არიან, მაგრამ ფრივოლურად პოზირებენ, შემკულნი არიან ბეჭდებით, საყურეებით, ძვირფასი თავსაფრებით და ასევე ძვირფასად აცვიათ, აი, გამოხედვა კი ცარიელი აქვთ. აშკარად ფრანგული, იმპერატრიცა ჯოზეფინას სალონში არსებული, მოდის ზეგავლენა ჩანს მათ ჩაცმულობაში. მამაკაცები სახეებს მალავენ, ჰიპოკრიტული დამოკიდებულება გამოსჭვივით და შეუხედავებიც კი არიან. ეს ნახატი გოიას კრიტიკულ დამოკიდებულებას აჩვენებს, იმდროინდელი ესპანური საზოგადოების მიმართ.
„მახები აივანზე“ მანეს ნახატის, „აივნის“ ინსპირაცია გახდა, სადაც მან პირველად დახატა მისი მეგობრის, ცნობილი ფრანგი იმპრესიონისტი ქალის, ბერტ მორისოს პორტრეტი (მორისო, მოგვიანებით მანეს ძმის მეუღლე გახდა). მონეს „აივანი“ კი რენე მაგრიტის „პერსპექტივა II, მანეს აივანის“ შთაგონების წყარო გახდა… ჰქონდა კი რაიმე ზეგავლენა გოიას მახებს ქართულ მხატვრობაზე? ამაზე მაშინ დავფიქრდი, როცა ესმა ონიანის, გამორჩეული ქართველი მხატვრის, ქალის პორტრეტი ვნახე.
ესმას ტილოდან იყურება ლამაზი, მდიდრულად ჩაცმული ახალგაზრდა ქალი, კავკასიელი ქალისთვის დამახასიათებელი სამკაულებით. მასაც მახებივით არ აკლია სამკაული, თითებზე ბეჭდები, მაჯაზე სამაჯური, კისერზე დიდი კოლიე, ჩაცმულიც მდიდრულადაა, კაბის ფაქტურა აშკარად ძვირფასია. ესმას ნახატში მახებისგან განსხვავებით ჩაცმულობა სადაა, ხოლო სამკაული გადატვირთული, დეკოლტეც დაფარულია და ახალგაზრდა ქალის გამოხედვა არის სათნო და შემნდობი, მშვიდი, ძლიერი და განებივრებული. თუმცა მახების მსგავსად მის უკან დგას შემზარავი ფიგურა, რომელიც განმგმირავად, თითქოს მუქარის მზერით იყურება. მახებივით, ახალგაზრდა ქალის სახე საკმაოდ ნათელია, უკანა ფონზე მდგომი ფიგურა კი ჩამქრალი, შეიძლება, ერთი შეხედვით ვერც კი შეამჩნიოთ და იფიქროთ, რომ ნახატი დასრულებული არაა, უკანა ფონზე მხოლოდ ჩანახატია შემორჩენილი… ფაქტი კი ფატად რჩება, ესმას ქალის პორტრეტს რომ ვუყურებ, ზუსტად ის გრძნობა მიჩნდება, ერთდროულად მიმზიდველობის და შიშის, რომელიც გოიას ნახატების ხილვისას. განსხვავება, ჩემი აზრით, ისაა, რომ ესმას ნახატში კავკასიელი ქალის კრიტიკას ვერ ამოიკითხავთ, პირიქით, ქალის სიმყარე და სისპეტაკე მოსჩანს, ამიტომ, ამ ნახატს გოიას მახებისგან განსხვავებით სიმშვიდე მოაქვს. გოია აკრიტიკებს ფრანგულ ზეგავლენას და გადამეტებულ სიმდიდრეს მახებში, ხოლო ესმა წინ წამოსწევს კავკასიელ ქალს, ძლიერსა და მყარ კავკასიელ ქალს, სრულიად განსხვავებულს საბჭოთა რეჟიმისთვის. იქნებ აქ ესმა საბჭოთა რეჟიმს „ებრძვის“ და პედესტალზე აყენებს კავკასიურ სილამაზეს, ტრადიციას და სიძლიერეს. გოია აკრიტიკებს ესპანეურ საზოგადოებას და ამ საზოგადოებაზე დამპყრობლის ზეგავლენას, ხოლო ესმა კი აქებს ქართულს, კავკასიურს და მის შეუგუებლობას დამპყრობლის, რუსეთის მიმართ, რომელიც დღემდე ასე აწვალებს საქართველოს. ესმას თავისი ახალგაზრდა ქალი სიყვარულით ჰყავს დახატული, ხოლო გოიას ორი მახა კი – კრიტიკით, რომელიც სიყვარულს სულაც არ გამორიცხავს. საკუთარი საზოგადოების კრიტიკა ხომ აუცილებელია, რომ ამავე საზოგადოებას თვალი აეხილოს. იყო კი გოია ესმა ონიანის შთაგონების წყარო და ონიანი გოია, მანე, მაგრიტის აივნის პორტრეტების რიგებში მდგომი?! არ ვიცი, თუმცა ჩემში ესმას ნახატმა გოია გამოაღვიძა…
https://www.mskgent.be/en/featured-item/perspective-ii-manets-balcony