წარსულში ჩაკარგული წრფელობითი ბრუნვა (თემურ ჟღენტი და მისი გუნდი)
ლია მეტრეველი

ასე დავიწყებ…

დაიდეთ გულზე ხელი და მითხარით -რამდენმა იცით, რას ნიშნავს წრფელობითი ბრუნვა?

ქართული ენის მკვლევართა მცირერიცხოვან გუნდს არ ვგულისხმობ,-იციან. აქა-იქ ფილოლოგებმაც!

მართალია, წერილის თემა  მაინცდამაინც წრფელობითი ბრუნვის საკითხის კვლევა არ გახლავთ, მაგრამ

მაინც მინდა , ვინც იცის, იმასაც შევახსენო, ხოლო ვისაც ამ ბრუნვაზე ჯერაც არაფერი გაუგია, დავამახსოვრო, კავშირი გავადებინო წრფელობით ბრუნვასა და წერილის დაწერის მიზეზს შორის.

ძველ ქართულში სახელს რვა ბრუნვა ჰქონდა. ბრუნვებს წრფელობითი მეთაურობდა და სახელობითს წინ უწრებდა. წრფელობითში სახელი ბრუნვის ნიშანს არ მოითხოვდა, ამიტომ ერთგვარად უცნაურად, პირველყოფილი, პირველქმნილი  სახით წარმოგვიდგებოდა.

“უხსოვარი”   დროიდან ანუ  იმ დროიდან, როცა ფილოლოგობა გადავწყვიტე, მხიბლავდა, უკვე კარგა ხნის წინ დავიწყებული და წარსულში უმოწყალოდ გადასროლილი წრფელობითი ბრუნვა. ან როგორ არ უნდა მოვეხიბლე   სიტყვას,  რომელსაც   ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიც კი  აღმატებითი მნიშვნელობით მოიხსენებდა (მოიხსენიებს) -წრფელი ანუ ნამდვილი, უზაკველი, გულწრფელი.

ვთქვი და ვიმეორებ, ახლაც ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაემეტებინა, ამოეგდო და ისტორიისთვის დაეტოვებინა ეს ბრუნვა ქართულ ენას, ენათმეცნიერების მწირი, სუსტი არგუმენტები ჩემთვის  დამაჯერებლად არასდროს გამოიყურებოდა. პირიქით,  მიძლიერებდა იმის განცდას, რომ ქართველებისთვის წარსულის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, მაგრამ მნიშვნელოვანზე-მნიშვნელოვანი დეტალის, ამბის დავიწყება  გენეტიკურ „ავადმყოფობად ” იქცა.

შემრცხვა და თან გამიხარდა, როცა მაია მიქაბერიძის, სასიქადულო რამინ მიქაბერიძის ქალიშვილის, ანსამბლ  „მართვეს “ერთადერთი მომღერალი ქალის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სამუსიკო (სალოტბარო) მიმართულების ხელმძღვანელის სატელეფონო ზარს  ვუპასუხე და გავიაზრე, როგორ კორექტულად, ზრდილობიანად გამახსენა  უახლეს წარსულში, უძველესი წრფელობითი ბრუნვასავით, მოსროლილი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი დაარსების ინიციატორი ქართულ კულტურაზე თავგადაგებული კაცი-თემურ ჟღენტი. თავისი მართალი, წრფელი უზაკველი გუნდით .

გამახსენა და გამომაფხიზლა.

დიდი მადლობა მაია მიქაბერიძევ, ახალგაზრდა მოღვაწე ქალბატონო! შენი წყალობით მეხსიერებას მტვერი გადავაცილე, უახლესი წარსული გავიხსენე…

თემურ ჟღენტს 22 თებერვალს დაბადების დღე აქვს,

გომარ სიხარულიძეს 4 მარტს.

დანარჩებსაც აქვე, ამ დღეებში… ეს ერთგვარად მისტიკურ სამოსში მიხვევს მოგონებებს, რომლებიც მათთან, კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტთან მაკავშირებს.ამ უნივერსიტეტის ნარატივი  კი ძნელ, ბნელ, უშუქო, უგზო 90-იან წლებიდან დაიწყო.

აღმაშენებლის ქუჩაზე, დანგრევის პირას მისული ყოფილი რუსულ-ქართული სკოლა…

მაშინდელი კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი, ნუგზარ ფოფხაძესთან ერთად (ნუგზარ ფოფხაძე იმ დროს, თუ არ ვცდები, საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარე გახლდათ), აქტიურად უჭერს მხარს თემურ ჟღენტის და მისი გუნდის ინიციატივას, პროექტს ახალი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის შექმნის შესახებ. დარწმუნებულები არიან, რომ კულტურის მძლავრ კერას ჩაეყრება საფუძველი.

არც შემცდარან…

ნახევრად დანგრეულ, უსახურავო, უსახო შენობაში სასწაულების ახდენის  ჟამიც აქედან იწყება.

ერთმანეთის მიყოლებით იხსნება ფაკულტეტები, რომლებიც მანამდე  ქვეყნის უნივერსიტეტებში არ არსებობდა; ლოტბარების, ქორეოგრაფების, ხალხური რეწვის, ლიტერატურული დაოსტატების, ხელოვნებათმცოდე ჟურნალისტების, წიგნმცოდნეების, სახელოვნებო სახელოსნოები. იქმნება თეატრი, ანსამბლები  „ქალგულო”,  „როკვა”. უნივერსიტეტმა შეიფარა და განაახლა გამოცემა გაზეთის – „ქართული კულტურა”.

ჭერიდან, ცუდი ამინდის დროს, წვიმა ჩამოდის,  შენობაში, ეზოდან, სახელდახელოდ შეკრული ხის კიბით ადიხარ.განწყობა  მაინც  საზეიმოა. ისმის სიმღერის,  სხვადასხვა მუსიკალური საკრავის, დოლის და გარმონის ხმა, მთელ შენობაში დგას საღებავის სუნი, ახლდება  აუდიტორიები, მხატვარი თემურ გოცაძე სააქტო დარბაზის კედლებს ხატავს! აუდიტორიებში სტუდენტებთან ცნობილი საზოგადო და კულტურის მოღვაწეები შედიან. რაღაცას  აუცილებლად დავაკლებ წერილს, მათ სახელებს თუ არ ჩემოვთვლი: ვახუშტი კოტეტიშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, თენგიზ სუხიშვილი, კუკური ჭოხონელიძე, გომარ სიხარულიძე,თემურ ქევხიშვილი, სანდრო მრევლიშვილი, ბიძინა კვერნაძე, ბადრი თოიძე, გიორგი უშიკიშვილი, თემურ ჭკუასელი, რეზო ჭანიშვილი,უჩა დვალიშვილი, ბესო სვანიძე, ჯანსუღ ღვინჟილია, ზურაბ კიკნაძე, თემურ თოფურიძე, ნოდარ თოფურია, თემურ გოცაძე, ზინა კვერენჩხილაძე, ზურაბ მანაგაძე, თამილა ლასხიშვილი, ნუნუ დუღაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, სოსო ნემსაძე, ავთანდილ რევიშვილი, დავით ანდრიაძე, ნუგზარ შავგულიძე,ირინე აბესაძე, თამაზ სანიკიძე, თეიმურაზ მეტრეველი, პაატა ნაცვლიშვილი, მილა კალანდარიშვილი, რეზო ბალანჩივაძე, ოლეგ ალავიძე ,ბაია კოღუაშვილი(დანარჩენები მომიტევებენ, მთელი არმია საუკეთესო პედაგოგების, ვიღაც აუცილებლად გამომრჩება).

ყველაფერს კი რექტორი – თემურ ჟღენტი – დირიჟორობს! არ ეშინია სხვისი ნიჭის დაფასების, აღიარების, სასიკეთო საქმისთვის გამოყენების, ბავშვივით გაბუტვისაც კი! თვითონ, საკმაოზე სიმპათიურ კაცს, უყვარს ლამაზი ნივთები, სულიერად და გარეგნულად ლამაზი დამიანები, გარემო, სიცოცხლე, მოძრაობა, შენება! ბიოგრაფიაც შთამბეჭდავი აქვს.რექტორობამდე -მოსწავლე ახალგაზრდობის ანუ როგორც მაშინ ვეძახდით,პიონერთა სასახლის დირექტორია. ახლა,ამ გადასახედიდან ვხედავ, რა ამბები ხდებოდა მაშინ სასახლეში. დირექტორის სახელს,მარტო ის ფაქტიც ეყოფოდა,საბავშვო ანსამბლი “მზიური“ რომ შეექმნა, ეს ანსამბლი ქართული კულტურის ისტორიაში  დარჩა მნიშვნელოვან მოვლენად, მერე რუსთაველის თეატრის დირექტორობა და…

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტმა ათ წელზე  მეტ ხანს იარსება. და მერე უკეთესი მომავლის შექმნის მცდელობას შეეწირა.მეც და დანარჩენებსაც, ვისაც გვქონდა ბედნიერება სალექციო კურსს გავძღოლოდით, იმ სივრცეში გვემუშავა, მეხსიერებაში ფეხზე დამდგარი, გამართული, ამაყი უნივერსიტეტი შემოგვრჩა… არასდროს დამავიწყდება უნვერსიტეტის რექტორატის ის, თითქმის ბოლო სხდომა  (მე მაშინ, სალექციო კურსთან ერთად,  პრესცენტრის ხელმძღვანელობაც მევალებოდა), სადაც პირველად ითქვა -უნივერსიტეტი შეუერთდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს! იმ დღეს თემურ ჟღენტი ჩვენს თვალწინ ჩაქრა (რამდენიმე წელში გარდაიცვალა კიდეც) მას ხელში ჩააკვდა გაზრდილი, ნასათუთევი, გზაზე დამდგარი  „შვილი“ – კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი!

არ მინდა, ამ წერილით,  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის როლი დავაკნინო, შერწყმის შემდეგ უკვე შემქნილი სპეციალობების, მიმართულებების შენარჩუნებისა და გადარჩენის   საქმეში ძალისხმევა დავუწუნო. ბუნებრივია, ამ უნივერსიტეტს სულ სხვა პროფილი და ტრადიციები ჰქონდა, ახალი კი მისთვის მაინცდამინც არც  მიმზიდველი  იყო  და არც საჭირო. უფრო ზუსტად, იმ ახლისთვის არ ეცალა.  თავისი საქმეც, როგორც იტყვიან, „თავზე ეყარა ,“ამიტომ რომელი სპეციალობებიც საჭიროდ ჩათვალა დატოვა,დანარჩენი გააუქმა.

ასე გახდა  კულტურის არაჩვეულებრვი კერა   „წრფელობითი ბრუნვა„ ჩვენივე ხელით უარგუმენტოდ, უმოწყალოდ გადაგდებული წარსულის  სანახებში!

თუმცა, როგორც ჩანს, უკვალოდ მაინც არაფერი იკარგება. ანდა როგორ შეიძლება დაიკარგოს ის, რასაც სახელად მართალი, ნამდვილი, უზაკველი, წრფელი ჰქვია! მაია მიქაბერიძის ზარსაც ამიტომ მივანიჭე სიმბოლური მნიშვნელობა.

ჰოდა, მიდი, მაია მიქაბერიძე, ახალგაზრდა,იდეებითა და ენერგიით სავსე ლექტორო- გააცოცხლე  „წრფელობითი ბრუნვა“,  „შეანჯღრიე “ ჩვენი ხსოვნის გენეტიკური კოდი, დაგეგმე საღამოები, კონფერენციები, იქნებ ერთად იმდენი მოვახერხოთ და პატარა წიგნებიც გამოვცეთ ამ ცნობილ და მოღვაწე ადამიანებზე.ბიოგრაფიული წიგნები.   ჩვენ – ვისაც გვახსოვს და არ გვინდა ძველის დავიწყება,  მხარში ამოგიდგებით,ვიქნებით შენთან  წარსულის გაცოცხლების სამსახურში!სხვა თუ არაფერი,  ერთი ცნობილი მწერლის გამოთქმის  პერიფრაზი რომ გავაკეთოთ მომავალ თაობებს,შვილებს იმას მაინც გავახსენებთ “როდის  მთავრდება მამა და როდის იწყება შვილი!“

თემები