ვინ გვიყურებს?
გვანცა ომარაშვილი

ამ შიშს მთელი ცხოვრებაა გავურბივარ. საკუთარ თავს ვეუბნები: ,,ეს მხოლოდ შენი ფანტაზიაა’’, ,,საკუთარ ფიქრებს ზედმეტის უფლებას აძლევ“, ,,კარგი რა, უკვე გაიზარდე“, მაგრამ მაინც დღემდე ისევე მეშინია და მჯერა, როგორც ჩემი საწოლის ქვეშ შემძვრალი მოჩვნების. მე მითვალთვალებენ! ყოველთვის, როცა ჩემს ოთახში მარტო ვარ, მარტო არასდროს ვარ. ხანდახან მგონია, ეს შიში, სკოლაში რომ მივედი, მაშინ ჩამომიყალიბდა. დამრიგებელმა გვითხრა: – სახლში რომ მიხვალთ, აუცილებლად იმეცადინეთ, იცოდეთ ვერ მომატყუებთ, მე ყველას გიყურებთო. სახლში დაბრუნებულმა კარგად მოვათვალიერე ყველა ოთახი და კამერის მსგავსი ვერაფერი  ვნახე. ,,მასწავლებლები არ იტყუებიან“, ამიტომ იქამდე გავაგრძელე ძებნა, სანამ სათვალთვალო მოწყობილობას ნათურებში არ მივაგენი.  ნათურები ყველგან იყო: საძინებლებში, სასტუმრო ოთახში, სამზარეულოში, საპირფარეშოში… ვერსად დავიმალებოდი, ვერსად გავექცეოდი შვიდს + ხუთსა და სამს + ექვსს. ოთხი წლის შემდეგ ჩემმა დამრიგებელმა თვალთვალი შეწყვიტა, თუმცა ახლა იმ ბიჭმა დაიწყო ნათურებიდან ყურება, ძალიან რომ მომწონდა. სახლშიც კი შებოჭილი ვიყავი, რამე ისეთი არ ენახა,  ჩემზე შთაბეჭდილებას რომ დააკარგვინებდა. ნიღაბს ვეღარ ვიხსნიდი და ეს ისეთი დამღლელი იყო… მინდოდა დედასთან მეკამათა, ჩემს დასთან ხელჩართული ბრძოლა გამემართა, მაგრამ არ შემეძლო, მე მაკვირდებოდნენ. დღესაც მხოლოდ ისინი მაკვირდებიან, ვისი აზრიც ჩემზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი პერიოდი, ეს შიში, თითქოს დავამარცხე ან უფრო ზუსტად დავივიწყე… ჩემმა „შეგონებებმა“ საკუთარი თავის მიმართ ასე თუ ისე იმუშავა. შემდგომ კი ბევრი ვნახე, წავიკითხე, გავიგონე, მოვისმინე… ჩემს გონებაში ,,ბავშური შიშების განყოფილებაში“ გამომწყვედულმა შიშმა საკეტი გაამტვრია და მთელი თავისი დიდებულებით დამატყდა თავს.

ცხოვრება თამაშია. ამ თამაშში კი ყველანი ერთდროულად ვართ მაყურებლებიცა და დაკვირვების ობიექტნიც. ამ თეატრალური წარმოდგენის ღერძი მოლოდინია. ვიცით, რას ელიან სხვები ჩვენგან და ვცდილობთ შთაბეჭდილებები შესაბამისად ვმართოთ. ,,ჩვენი სიცოცხლე ცერემონიების გრძელი ჯაჭვია და მთელი დრო იმას უნდება, რომ პატივი ვცეთ ერთმანეთს“ – წერს ჟან-პოლ სარტრი. ცხოვრება შესაძლებლობას არ გვაძლევს ვიყოთ ის, ვინც ვართ, თუ საერთოდ არსებობს არსებობის ისეთი ფორმა, რომელშიც ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავია და არა სხვების მოლოდინების ერთობლიობა. სწორედ ამიტომ მგონია,  რომ ადამიანს არასდროს შეუძლია იყოს თავისუფალი. თავისუფალი ადამიანი მხოლოდ „მაყურებლების“ – ქცევის მარეგულიერებელი ორგანოსაგან თავისუფალ სამყაროში წარმომიდგენია და არსად სხვაგან. რა მოხდება მაშინ, თუ ხელზე გიგესის ბეჭედს[1] გავიკეთებთ და მის თვალს ხელისგულისკენ შემოვატრიალებთ? რა მოხდება მაშინ, თუ უჩინარნი გავხდებით? შევძლებთ კი სრულიად გავთავისუფლდეთ? – ეს შეუძლებელია, რადგანაც არასდროს გვტოვებს „მოთვალთვალის“ არსებობის განცდა. ამ განცდას ჟან-პოლ სარტრი „სიტყვებში“ ასე აღწერს :  ,,ყოველივე, რაც მებადა – ჩემი ხასიათი, ჩემი სახელი, თვით ჩემი არსებაც კი – უფროსების ხელში იყო და მეც მათი თვალით ვისწავლე საკუთარი თავის დანახვა. ბავშვი ვიყავი – ის ურჩხული, რომელსაც უფროსები თავიანთი გაცრუებული იმედებისგან ჰქმნიან. როცა მარტო ვრჩებოდით, მაშინაც კი ვგრძნობდი მათი მზერის ნაკვალევს, დღის სინათლეს რომ შერჩენოდა.“ [2]

და მაინც, ვინ გვიყურებს? –  მთელი სამყარო სათვალთვალო ოთახს ემსგავსება – აი ისეთს, დამნაშავეები სადაც უნდა დაიკითხონ ხოლმე, სადაც მათ ყველა მოძრაობას აკვირდებიან და ყველა სიტყვას დაწვრილებით იწერენ. შეუძლებელია, იცხოვრო შებოჭილობის, მუდმივი დანაშაულის გრძნობის გარეშე, რადგან, ჩვენ,  ღმერთი, სახელმწიფო, საზოგადოება და საკუთარი შინაგანი მზერა გვაკვირდება.

ფრანც კაფკას „პროცესის“ გენიალურობას სწორედ ის განაპირობებს, რომ მაყურებლების შესწავლისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას გვაძლევს. „პროცესის“ მთავარი გმირი იოზეფ კ. მუდმივად ვიღაცის დაკვირვების ქვეშაა.  „კ. მცირე ხანს მოთმინებით აღიჭურვა და ბალიშზე თავმიდებული უყურებდა მოპირდაპირე სახლში მცხოვრებ დედაბერს, რომელიც რაღაცნაირი, უჩვეულო ცნობისმოყვარეობით ფანჯრიდან უმზერდა…“ პირველი მოთვალთვალე ნაწარმოებში პირველივე გვერდზე ჩნდება და ფონად გასდევს მთლიან ამბავს.  და მაინც, ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს დედაბრის უკან, ვის კუთვნილებას შეიძლება წარმოადგენდნენ მისი თვალები იდეურად?  საოცარი სწორედ ის გახლავთ, რომ თვალები ტექსტს გარდაქმნის და იმდენნაირად გვაძლევს მისი წაკითხვისა და გაგების შესაძლებლობას, რამდენ იდეურ პატრონსაც მოვუძებნით.

ვფიქრობ, ლოგიკური იქნება, თუ ნაწარმოების განხილვას თეოლოგიურ ჭრილში დავიწყებთ და „მთავარ მაყურებელზე“ – ღმერთზე ვისაუბრებთ. ღმერთს, როგორც წესი, სამი სიტყვით აღწერენ: ყოვლისშემძლე, ყველგანმყოფი და ყოვლისმხედველი. ღმერთის ამგვარი დახიასიათება, პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს იმას, რომ ის მუდამ ჩვენ გარშემოა, ჩვენზე ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს. სწორედ ამ განსაზღვრების შემდეგ ენიჭება მნიშვნელობა სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობასაც. ადამიანის სული განვლილი ცხოვრების შესაბამისად ან საუკუნო სასუფეველში ან ქვესკნელში გადაინაცვლებს. განვლილი ცხოვრების მაყურებელი და შემფასებელი კი, რა თქმა უნდა, ღმერთია. განკითხვის დღეც ამ იდეის მატარებელია. ამ დღეს განისჯებიან არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ანგელოზებიცა და ეშმაკებიც.  რაც ყველაზე საინტერესოა, ღმერთის, როგორც მაყურებლის ჭრილში განხილვისას, ის არა მხოლოდ ჩვენი მოქმედებების, არამედ შინაგანი სამყაროს მომზირალიცაა. კითხულობს ჩვენს ფიქრებსა და ზრახვებს. სწორედ ამიტომაა ის უნივერსალური თვალი. მათ, ვისაც ღმერთისა და განკითხვის დღის არსებობის სწამთ, სწამთ მუდმივი „მოთვალთვალისაც“.  „მოთვალთვალე“ ადამიანებში სინდისის სახით იწყებს არსებობას. „ყოველ ჩვენგანში რაც დაფარულია, იცის ღმერთმა და სინდისმა…“ [3]  ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შესაძლოა დავუშვათ, რომ ყველა იმ თვალის უკან, რომელიც იოზეფ კ.-ს აკვირდება, ფრანც კაფკა ღმერთს გულისხმობს. თუ ნაწარმოების განხილვისას ამ ხაზს გავყვებით, შევძლებთ ავხსნათ მუდმივი დანაშაულის განცდის არსებობაც, რომელიც მთავარ პერსონაჟს არ ასვენებს. შესაძლოა, ამგვარი შეგრძნებები იოზეფ კ.-ში სწორედ იმის გაცნობიერებით იყოს განპირობებული, რომ ის რაღაცას სწორად ვერ აკეთებს, განსაზღვრული გზიდან უხვევს და ღმერთის „მოლოდინებს“ ვერ ამართლებს.  აქვე მნიშვნელოვანი იქნება იმის აღნიშვნა, რომ კ. პროცესის დაწყების დროს – კვირა დღეს, დილის ცხრა საათს – თავადვე, არაცნობიერად განსაზღვრავს. „ისე გაიქცა დასახელებული გარეუბნისკენ, რომ არც კი უსაუზმია.“ აშკარაა, რომ კაფკას ზიარების ელემენტები შემოაქვს ნაწარმოებში. ზიარება კი ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი საიდუმლოა, რომელიც სულის განწმენდასა და ცოდვებისაგან გათავისუფლებას გულისხმობს.

თუ შინაგან მზერას ღმერთისაგან დამოუკიდებლად, განსხვავებულ ჭრილში განვიხილავთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ  ყველა თვალი ნაწარმოებში თავად იოზეფ კ.-ს ეკუთვნის, მის მიერ მიმართული ყველა მზერის ავტორი თვითონაა. შესაძლებელია მოთვალთვალეები მხოლოდ კ.-ს შიზოფრენიული წარმოსახვის ნაყოფი იყვნენ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უპირველეს ყოვლისა, თავად შიზოფრენია უნდა განიმარტოს. შიზოფრენიას ახასიათებს რეალობის დამახინჯებული აღქმა, ჰალუცინაციები, სოციალური გარიყულობა, საფრთხის შიში, უნდობლობა და, რაც მთავარია, მოთვალთვალეების არსებობის შეგრძნება. შიზოფრენიით დაავადებულები მუდმივად დაკვირვების ობიექტები არიან. ისინი ვერსად გაურბიან „მაყურებლებს“, რადგანაც საკუთარი თავის მომზირალნი თავადვე არიან. ნაწარმოებიდან ცხადია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები  იოზეფ კ.-სთვისაც არის დამახასიათებელი. მისი ცხოვრება რუტინულია. ეს რუტინა მხოლოდ სახლსა და სამსახურს მოიაზრებს. სოციალური ურთიერთობები მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თან სდევს მუდმივი შიშისა და იმის განცდა, რომ ყოველთვის აკვირდებიან. მაყურებლების გამოჩენას ავტორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მათი არსებობა განსაკუთრებულ როლს ასრულებს ნაწარმოებში. „პროცესის“ შიზოფრენიული ინტერპრეტაციით განხილვა, ყველა მაყურებელს იოზეფ კ.-დ აქცევს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი, როგორც პერსონაჟის გაცნობა, არა უშუალოდ მისი ქმედებებიდან და საუბრებიდან, არამედ სხვა მოქმედი პირების შესწავლითაც შეგვიძლია.

კიდევ ვინ შეიძლება აკვირდებოდეს იოზეფ კ.-ს? ან იქნებ შეკითხვა არაა სწორად ფორმულირებული და ასე უნდა გვეკითხა: – კიდევ რა შეიძლება აკვირდებოდეს იოზეფ კ.-ს?  პასუხია ტოტალიტარული სახელმწიფო. ჯორჯ ორუელმა ტოტალიტარული სახელმწიფოს სახე გენიალურად გადმოსცა მხოლოდ სამი სიტყვით – „დიდი ძმა გიყურებს“.[4]  „დიდი ძმა“ ტოტალიტარიზმია, სახელმწიფოს მართვის მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს განუსაზღვრელ ძალაუფლებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს აკონტროლებს, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, უგულებელყოფს პიროვნების თავისუფლებას, მის შეხედულებებსა და ღირებულებებს. სახელმწიფო მუდამ უყურებს და აკვირდება, ზღუდავს და საზოგადოების ერთ ყალიბში მოქცევას ემსახურება. ჩაკ პალანიკმა „ძილისპირულში“ საკუთარი ინტერპრეტაციით აღწერა ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს გარეგან ქმედებებს უმზერს, არამედ შინაგან სამყაროში იჭრება და სწორედ შიგნიდან იწყებს ყველაფერის განადგურებას. ის პირველ წინადადებაში ჯორჯ ორუელს ,,უპირისპირდება“, რეალურად კი ეს დაპირისპირება  ტოტალიტარული სახელმწიფოს სიმახინჯის დადასტურებაა, სახელმწიფოსი, რომელიც ტვინს ,,ზედმეტი“, ,,უსარგებლო“ ფიქრებისაგან ასუფთავებს.   ,,ჯორჯ ორუელი ცდებოდა. დიდი ძმა თვალყურს კი არ გადევნებს, ის ცეკვავს და მღერის, მას ბოცვრები ამოჰყავს ჯადოსნური ქუდიდან. ყოველთვის, როცა არ გძინავს, დიდი ძმა გართობს, ყურადღებას გიფანტავს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად იყო შთანთქმული და არ იფიქრო. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წარმოსახვის უნარი გაგიქროს და იქამდე არ მოგეშვება, ვიდრე მას ბრმა ნაწლავივით უსარგებლოდ არ გიქცევს. დიდი ძმა თვალყურს ადევნებს, რომ შენი ყურადღება გამუდმებით რაღაცაზე იყოს მიჯაჭვული. და ეს უარესია, ვიდრე ის, რომ თვალს არ გაშორებდეს. უარესია, როცა ამდენი ხარახურით გავსებენ. შენ რას ფიქრობ, უკვე აღარავის ადარდებს. როცა ადამიანს წარმოსახვა ატროფირებული აქვს, ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.“[5]

ერთი შეხედვით, რთულიც კი  არის,  ასეთი საშინელი რეჟიმის არსებობა რეალურ სამყაროში წარმოიდგინო, რომ არა ე.წ. „პოლიციური სახელმწიფოებით“ სავსე ისტორია. ყოველი ასეთი მოწყობის  მთავარი მიზანი „ახალი ადამიანის“  შექმნაა. ადამიანის, რომელიც არავის ენდობა და მასაც არავინ უნდა ენდოს.  საბჭოთა კავშირი ტოტალიტარიზმის საუკეთესო ილუსტრაციაა. დასმენების, რეპრესიების, მკვლელობების სახელმწიფო. ტოტალიტარიზმი, მშობლებისა და ურჩი ბავშვების ურთიერთობას წააგავს. შოკოლადით, სათამაშოთი და სხვა ათასი სიამოვნების მომნიჭებელი ნივთით რომ შეგიძლია მიიმხრო და შემდეგ უგემური საჭმლით მშვიდად გამოკვებო. მათ კი, ვინც უგემური საჭმლის მიღებაზე უარს აცხადებს, თავისუფლების შეზღუდვა ემუქრება.  სწორედ იმას აუკრძალავენ, რაც ყველაზე მეტად უყვარს – ეზოში არ გაუშვებენ და მულტფილმს არ აყურებინებენ. ტოტალიტარიზმი დაბლენდერებული ბროკოლი და სტაფილოა. თუ გინდა პირი შოკოლადით ჩაიტკბარუნო, იყავი იდეოლოგიის გამზიარებელი – უყურე, დააკვირდი, დაასმინე!

თუ როგორ შეიძლება,  ვიღაც მთელ  შენს ცხოვრებას აკვირდებოდეს, კარგად არის გამოხატული ფილმებში „The Truman Show“ და „Déjà vu“. მიუხედავად იმისა, რომ მათში კონკრეტულად ტოტალიტარული რეჟიმი არაა ნაჩვენები, ფილმები „მოთვალთვალეებზეა“.  „მოთვალთვალეებზე“, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით უმზერენ ადამიანების პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას. „Déjà vu“ -ში სიუჟეტი სახელმწიფოს საიდუმლო ლაბორატორიაში ვითარდება. ახალი პროგრამა, რომელიც თანამგზავრიდან მონაცემებს იღებს, საშუალებას იძლევა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანს დააკვირდე, ტოტალიტარიზმისგან იმ მნიშვნელოვანი განსხვავებით, რომ მას მხოლოდ დანაშაულების გამოსაძიებლად იყენებენ. რაც შეეხება „The Truman Show“-ს, მთავარი პერსონაჟი, ერთი შეხედვით  ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრობს, ჰყავს ნაცნობები, მეგობრები, თუმცა რეალურად მისი მთელი ცხოვრება თეატრალური წარმოდგენაა, რომელშიც, მის გარდა, ყველა მსახიობია, გარშემო კი ყველაფერი -დეკორაცია. მას მთელი მსოფლიო პირდაპირი ეთერით აკვირდება. კედლებს ყურებიც აქვს და თვალებიც.   ტოტალიტარული რეჟიმიც ასე „იჭყიტება“ ყველას სახლში, სამზარეულოში, საძინებელში, აკვირდება მოქმედებებსა და უსმენს საუბრებს.

იოზეფ კ-ს უთვალთვალებენ. ბალიშზე თავმიდებულსა და ახალგაღვიძებულსაც კი უმზერენ მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან. მისი პირადი სივრცე დარღვეულია. საძინებელ ოთახში შემოდიან და გადიან უცხო პირები. უცხადებენ, რომ დაპატიმრებულია, თუმცა კ-ს კითხვაზე, რომელიც მიზეზის გაგებას ცდილობს, მკაფიოდ პასუხობენ: „ამის ახსნა ჩვენთვის არავის დაუვალებია. შედით თქვენს ოთახში და მოთმინებით აღიჭურვეთ.“ კ.-ს თვალს არ აშორებენ. „უეცრად ქულიჰმა ხელი გაიშვირა მოპირდაპირე სახლის ალაყაფის კარისკენ, საიდანაც ის იყო გამოვიდა მაღალი, ჟღალწვერა მამაკაცი და ოდნავ შემცბარმა იმის გამო, რომ მთელი ტანით გამოჩნდა, უკან დაიხია და იქვე კედელს მიეყრდნო.“ მაყურებელი და იოზეფი სივრცეში ერთიანდებიან. „ნუ იყურებით იქით!“- აფრთხილებენ კ.-ს. დაუშვებელია, რომ იგი თავად გახდეს მოთვალთვალის მოთვალთვალე.  იგი საკუთარი თვალებით არ უნდა ემუქრებოდეს უხილავი ძალაუფლების იდეას. ფრანც კაფკას ,,პროცესში“ მკაფიოდ არის აღწერილი ბიუროკრატია, უსამართლობა, განუკითხაობა, ეს კი შესაძლებლობას იძლევა თვალების იდეურ პატრონად ტოტალიტარული სახელმწიფო გამოვაცხადოთ.

რთულია, დარწმუნებით თქვა, რეალურად ვინ არის იოზეფ კ.-ს მაყურებელი. „პროცესი“ ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ გაგებას იდეალურად ერგება და ნებისმიერი ინტერპრეტაციით წაკითხვისას, სრულიად ახალ ნაწარმოებად იქცევა. თუმცა, ფაქტი ერთია – არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მოთვალთვალე: ღმერთი, შინაგანი მზერა თუ ტოტალიტარული სახელმწიფო – კ. დაკვირვების ობიექტია, მას ყოველთვის აკვირდებოდნენ, აკვირდებიან და დააკვირდებიან.

ჩემს გონებაში „ბავშური შიშების განყოფილებაში“ გამომწყვედულმა შიშმა საკეტი გაამტვრია და მთელი თავისი დიდებულებით დამატყდა თავს.  მე ვერასდროს დავემალები მაყურებლებს, ცოცხალი ვარ, ვარსებობ, მაშასადამე, მითვალთვალებენ…

[1] პლატონი – ,,სახელმწიფო“, II თავი, გიგესის იგავი 

[2] პოლ-სარტრი – ,,სიტყვები“

[3]  წმ. მარკოზ მონაზონი

[4]  ჯორჯ ორეული – ,,1984“

[5]  ჩაკ პალანიკი – ,,ძილისპირული“

თემები