საზოგადოება
“ქართული კულტურა” და 2020 წლის ახალი სამყარო
13 თვე გავიდა განახლებული “ქართული კულტურის” პრიველი ნომრის გამოქვეყნებიდან. ყველაფერი სიმბოლურად, თამარ გუნაშვილის სტატიით, “მსუქანა ბავშვის თამაშებით”, დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ეს სტატია “ქართული კულტურის” ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
12 თვე ანუ ერთი წელი გავიდა “ქართული კულტურის” პრეზენტაციიდან, რომელიც თბილისში გაიმართა. ამ პრეზენტაციაზე უკვე ბევრი ვთქვით და დავწერეთ. ამიტომ მასზე ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ. ამ სტატიაში, უბრალოდ, “ქართული კულუტრის” განვლილი წელი გვინდა მიმოვიხილოთ.
როდესაც გაზეთი ან ჟურნალი კომერციული სახისაა, მისი წარმატების ანდა წარუმატებლობის გაზომვა ძალიან მარტივი, შეიძლება ითქვას, მონეტარულია. უბრალოდ, შეგვიძლია ვიკითხოთ: რამდენი ეგზემპლარი გაიყიდა? ანდა რეკლამიდან რა შემოსავალი გვქონდა? თუ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, მონეტარულად პლუსი გვრჩება, მაშინ პროექტი წარმატებული ყოფილა, თუ არა და არა.
არაკომერციული გამოცემის წარმატების გაზომვა გაცილებით უფრო რთული და ნიუანსურია. მონეტარულად მის წარმატებას ვერ იტყვი. ერთი წლის წინ, წარმატების საზომად ქართული კულტურის გამომცემლებმა და გულშემატკივრებმა ასეთი მიზანი დავისახეთ: 1. რამდენ მკითხველს მივაწვდინეთ ჩვენი ხმა? 2. რა ხარისხის მასალა გამოვაქვეყნეთ?
ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, ჩვენს ონლაინ გაზეთში გამოქვეყნებული მასალა “ძნელი საკითხავი” იქნებოდა და 100 ათასი მკითხველის მოზიდვას, ალბათ, ვერ შეძლებდა. დასაწყისიდანვე ასე ვთვლიდით: საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც უნარი აქვს ჩვენი გაზეთი წაიკითხოს, დაახლოებით სამი მილიონით განისაზღვრება. აქედან ის თემები, რომელზეც ჩვენ ვწერთ და რომელთაც ჩვენ განვიხილავთ, ალბათ, მაქსიმუმ 10 პროცენტს აინტერესებს. ესეც 300 ათასი კაცი გამოდის. ამ სამასი ათასი კაცისგან თავად “ქართული კულუტურა” პოტენციურად ისევ 10 პროცენტს თუ დააინტერესებს. ესეც 30 ათასი მკითხველი. თუკი ჩვენი გამოცემა დაახლოებით ამ რაოდენობის მკითხველს მოიზიდავს არსებობიდან ხუთი წლის შემდეგ, წარმოუდგენელი წარმატება იქნება. ამ ერთი წლის თავზე რაც შევძელით, მაქსიმუმ 10 ათასი მკთხველი იყო გაზაფხულის ერთ არც თუ ისე ცხელ თვეს. ესეც დიდი საქმეა ახალგაზრდა გაზეთისთვის. გამოდის, 5 წელიწადში 30 ათასი მკითხველისთვის ხმის მიწვდენა სულაც არ არის შეუძლებელი.
იმ ავტორების პოვნაცა და მოზიდვაც, რომელთაც “ქართული კულტურის” რთულ თემებზე მუშაობის სურვილი ექნებოდათ, არ გამოდგა ადვილი ამბავი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნამდვილად გაგვიმართლა. ჩვენი ავტორები იყვნენ და არიან საქართველოში საკმაოდ გამოჩენილი და წარმატებული ადამიანები და ისეთებიც, ბევრს სახელიც რომ არ სმენია (თქვენი მონა მორჩილის ჩათვლით). თუმცა მთავარი კრიტერიუმი ყოველთვის დაკმაყოფილებული იყო: ცნობილი თუ უცნობი, ყველა ჩვენი ავტორი მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო და შემეცნებით სტატიებსა და ესეებს სთავაზობდა მკითხველს. ამ მხრივაც, ჩვენი წარმატების თამასა გადალახულია.
ერთი წლის წინ, ამ პროექტის დაწყებისას, ვერავინ წარმოიდგენდა იმ რეალობას, რა რეალობაშიც დღეს მთელი სამყარო ცხოვრობს. ჩვენ მყარად გვწამდა, რომ მსგავსი ამბები მხოლოდ წარსულში ხდებოდა და დღეს მხატვრული ლიტერატურის ნაწილი თუღაა. თუმცა, როგორც ქართლელები იტყვიან, ცხოვრებამ კიდევ ერთხელ გვითხრა “თქვენ აღარა ხუმრობთო” და გვანახა, ვინ არის სამყაროს ნამდვილი გამგებელი.
ბუნების მიერ თავს დატეხილ კატაკლიზმებს, კორონავირუსის ჩათვლით, ყოველთვის დიდი ტრაგედიები მოაქვს თან. თუმცა, ამავე დროს, ეს კატაკლიზმები ხშირად შეხსენებაა კაცობრიობისთვის, რომ სადღაც და როგორღაც ცუდად ვიქცევით. უნდა გავჩერდეთ, ჩვენი ცხოვრების წესს დავაკვირდეთ და შესაბამისი კორექტივებიც შევიტანოთ. ერთი რამ ცხადია: არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა თავს დამტყდარი პანდემიისთვის. თან მოუმზადებელი აღმოჩნდა ორმხრივ: ერთი მხრივ მოუმზადებლობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ჩვენ უბრალოდ თავი ვერ გავართვით პანდემიის მასშტაბებს და მთელი მსოფლიო უდიდეს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდის. მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ ამ პანდემიით გამოწვეულ კრიზისში ჩვენ მხოლოდ უსაზღვრო პრობლემებს ვხედავთ და არა შესაძლებლობას უკეთესისკენ შევცვალოთ ცხოვრება. მაგალითად, ვწუწუნებთ იმაზე, რომ ძველებურად ვეღარ დავდივართ სამსახურში. არადა ამ ახალი რეალობით ხომ მუშაობის ახალი, თანამედროვე გზების პოვნა შეიძლებოდა? ან ვწუხთ (ხშირად სამართლიანად), რომ ბავშვები ტრადიციულად ვეღარ დადიან სკოლაში და ეს მომავალი თაობის განათლებისთვის დიდი პრობლემა იქნება. თუმცა წუწუნის მაგივრად შეგვეძლო ეს კრიზისი უკეთესი ინტერნეტ ინფრასტრუქტურისა და ახალი თაობისთვის კომფორტული ვირტუალური სასწავლო სივრცის შესაქმნელად გამოგვეყენებინა. მოკლედ, ყველანაირად ვცდილობთ დავუბრუნდეთ პანდემიამდე არსებულ სტატუს ქვოს. და იქნებ ამ პანდემიისგან ახალი და უკეთესის შექმნა სჯობს, ძველისკენ დაბრუნებას?
ზევით რომ ვთქვით, “ქართული კულტურისთვის” ორი მთავარი საზომი გვქონდაო, არ ვიყავით მაინცდამაინც გულახდილები. იყო კიდევ ერთი, ფარული მიზანი, რომლის მიღწევაც ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდანვე გვინდოდა, რომ “ქართულ კულტურაში” ახალგაზრდა, ჯერ უცნობი, ჭკვიანი და კარგად მოაზროვნე ჟურნალისტები და მწერლები მოგვეზიდა, ანდა ჩვენ აღმოგვეჩინა ისინი. ვცადეთ, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე საინტერესო უცნობი “მარგალიტი” შევთავაზეთ მკითხველს. ამ საქმეში რომ პრობლემას წავაწყდით, ისევ იმ ძველი (განათლების) სისტემის გაუმართაობაზე მიგვითითებს. ის შესაბამისად ვერ წარმოაჩენს ახალი თაობის ნიჭიერ ნაწილს. ამით კი ისევ ძველის არსებობას უწყობს ხელს. ეს ძველი კი კარგია, მაგრამ თუ გვინდა, რომ მომავალ კრიზისებს მომზადებულნი დავხვდეთ ძველისა და ახლის საუკეთესო ნაწილების შერწყმა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს. “ქართული კულტურის” მომავალი წლის, ანდა მომავალი წლების მიზანიც სწორედ ესაა: ძველისა და ახლის სიმბიოზი უკეთესის შესაქმნელად. თუ გამოგვივიდა, 30 ათას მკითხველს მაინცდამაინც აღარ ვჩივით…