რედაქტორის სვეტი
“თქვეს, არისო დეკადენტი!“
“ჩვენს ქალაქში ხშირად ხდება
საოცრება მეტისმეტი,
ქართველების გადამგვარი,
უცნაური, გულის მწყვეტი,
ტანსაცმელი ჭრელი-ჭრული.
თითქოს იყოს შლეგი, ცეტი,
აქეთ ვკითხე, იქით ვკითხე
თქვეს, არისო დეკადენტი.
მეც ამისა მაცქერალსა
დამეხვია თავსა რეტი,
თქვი, თუ ყველა ასე გახდა,
მე ვიქნები მათში მეტი,
მოვალე ვარ, ამის შემდეგ
ხელთ ავიღო დიდი კეტი,
თითო-თითო უთავაზო,
საცა შეგხვდეს დეკადენტი!“
დასაწყისისთვის, რედაქტორის სვეტის ინტრიგად დავტოვებ, ამ ლექსის ავტორის გვარსაც და პრესაში გამოქვეყნების თარიღსაც. თუ რატომ, – კითხვისას თვითონვე მიხვდებით. ახლა კი, ვიდრე ჩემზეც იტყოდნენ – “ სთქვეს, არისო დეკადენტი! – გაგახსენებთ – ნოემბერი “ქართული კულტურის“ თვეა!
მკითხველმა უკვე იცის, რომ ელექტრონული ფორმით, გაზეთი“ქართული კულტურა“ ერთი წლის წინ გამოვიდა.
2019 წლის ნოემბერი იდგა.
შვეიცარიიდან გაზეთის დამფუძნებელი, ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორი – სულხან მეტრეველი, ოჯახთან ერთად, საგანგებოდ ჩამოვიდა და საგანგებო მიღება-წარდგენაც გამართა, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ვისარგებლებ რედაქტორის უპირატესობით და როგორც ახლაა მიღებული, “ქართული კულტურის“ საიტის მისამართსაც შეგახსენებთ, ვინძლო, ისინიც დაინტერესდნენ, ვინაც აქამდე ამ გამოცემაზე არაფერი იცოდა – http://WWW.GECULTURE.COM
თუ გაზეთის მეორე, ნოემბრის თვის ნომერს გახსნით, იმ დღესაც ცხადად აღიდგენთ. რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ – პოლიტიკოსების მიტინგი. პარალელურ ქუჩაზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში – კულტურის მოღვაწეთა მიტინგი.
ქუჩაში – ყვირილი, – გადადექი! – შეძახილით.
შენობაში – ერთმანეთის გულითადი მოკითხვა, ძველის გახსენება, საუბრები კულტურაზე და გულისწყვეტა იმის გამოც, რომ ბევრმა სტუმარმა შენობამდე ვერ მოაღწია, პოლიტიკურ მიტინგს შერჩა. ჭიქა შამპანურიც,რაღა თქმა უნდა!
მას შემდეგ ერთმა წელმაც მოგვიხურა კარი და აჰა, 2020 წლის ნოემბრის ნომერიც, თუ მკითხველი დაინტერესდება რა რეიტინგი ჰქონდა გაზეთს, ან მის რომელიმე ავტორს ერთი წლის განმავლობაში, ვურჩევ წაიკითხოს გამომცემლის, სულხან მეტრეველის, ანალიტიკურ-კვლევითი ხასიათის მიმოხილვა.
ნოემბრის ნომერში მეტრეველების ბენეფისია-მეთქი გავიფიქრე, როცა გამოსაქვეყნებლად შვეიცარიის სტ.გალენის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორის თორნიკე მეტრეველის პოლიტიკურ-ანალიტიკური მიმოხილვა – “პოლიტიკური კულტურა, როგორც პროცესი და საქართველო“ – მივიღე. რადგან ჩვენი გამოცემისთვის არსებითია პოლიტიკისა და კულტურის შეთავსება-შეუთავსებლობაზე მსჯელობა, პოლემიკა – სოციოლოგის შეხედულებებზე, დასკვნებზე მკითხველის შეფასება უფრო საინტერესოს გახდის თემას, ნუ დაიზარებთ და თამამად გამოხატეთ თქვენი აზრი. ამით სტიმულს მისცემთ რედაქციას განავრცოს და გააფართოვოს საკითხი, კვლევასა და დისკუსიაში ჩართოს ახალი ავტორები.
სასიამოვნო დამთხვევას ვუწოდებ ორი ავტორის, მათ შორის, ერთი გამოცდილი, მოაზროვნე ჟურნალისტის, დაარსების დღიდან “ქართული კულტურის“ კორესპონდენტის თამარ გუნაშვილისა და დებიუტანტის, თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტის გვანცა ომარაშვილის ესეებში იმ თემების წამოჭრას, რომლის გავლენებსაც ოცდამეერთე საუკუნეშიც ვერ დააღწია თავი კაცობრიობამ. თამარ გუნაშვილის ესე – “გესმოდეს, თუ გეშინოდეს“ – დისტოპიურ პრობლემებზე გადაღებულ ამერიკულ ფილმებსა და სცენარის ავტორებზე მოგვითხრობს, გვანცა ომარაშვილის ესე – “ვინ გვიყურებს?“– შიშებსა და შიშის გავლენაზე საკუთარ თავში, მსოფლიო ლიტერატურაში. მინდა მკითხველი გავახარო და ვუთხრა, თუკი გვანცა ომარაშვილი გადაწყვეტს და გააგრძელებს პუბლიცისტიკაში საქმიანობას,მისგან საუკეთესო ესეისტი დადგება.
უცხოელი მწერალი ქალების ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება მთარგმნელის, ილიას უნივერსიტეტის პროფესორის პაატა ჩხეიძის ესე “ჯეინ ოსტინის ინგლისელი ქალები.“ ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ჯიუტი, ცოტა უხიაგი ბუნების ქალის რომანები, ქალისა, რომელიც დღემდე ინგლისში სენტიმენტალიზმის სკოლის უბადლო ოსტატად ითვლება, პაატა ჩხეიძის ესეს წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მოძებნის და წაიკითხავს. წაიკითხავს, რათა დარწმუნდეს, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება იცხოვრო პატარა სოფელში და ეს სოფელი თვითონ აქციო სამყაროდ. რომ სიღარიბე მხოლოდ გონებრივი შეიძლება იყოს და სიმდიდრეს გონების მეშვეობით ქმნიან ხელები.
“ქართული კულტურის“ მკითხველმა იცის, რომ რედაქციისთვის საკრალური თემა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანია.“ არ ვთვლით, რომ პოემის წიაღებში ძრომიალი, სტრიქონების კვლევა და არქეოლოგიური ძიებანი მხოლოდ საიუბილეო წლებს უნდა ემთხვეოდეს. ეს დიდი წიგნი, საბედნიეროდ, ჩვენია, მარადიულია და ამოუხსნელ-ამოუწურავია. აღმოსავლეთმცოდნეს, მთარგმნელის ალექსანდრე ელერდაშვილის მორიგი კვლევა – “ტარიელის ქვაბი“ – ამჯერადაც “ვეფხისტყაოსანს“ ეძღვნება.
ვიცი, რომ მკითხველი მოუთმენლად ელის მუსიკოსის, მწერლის ნინო გუგეშაშვილის მიმოხილვას – “ქართული პოპულარული მუსიკა და შოუბიზნესი – 30 წელი“ (მეორე ნაწილი). ეს მიმოხილვა საუკეთესო ნიმუშია იმისა, როგორ დელიკატურად შეიძლება თქვა სათქმელი, გაიარო ბეწვის ხიდზე და შენი დამოკიდებულებაც გამოხატო, ოცდაათი წლის განმავლობაში, მუსიკის სამყაროში განვითარებული პროცესების ღირსებასა და ნაკლზე. ჩემი აზრით, გუგეშაშვილის ანალიტიკური კვლევა ცდება კვლევის ფარგლებს და შეიძლება მინი სახელმძღვანელოს როლიც შეითავსოს. ეს გამზადებული კონსპექტი, ნებისმიერ მუსიკათმცოდნეს, ლექტორს მისცემს საშუალებას გამოიყენოს ის სტუდენტებთან,როგორც სახელმძღვანელო.
ანი მარგველაშვილს უკვე იცნობს “ქართული კულტურის“ მკითხველი. ანთროპოლოგიის დოქტორს ისევე ღრმად ესმის ხელოვნება, როგორც ძვლების წყობისა და სტრუქტურის თეორია. ამჯერად ის მკითხველს როგორც ინტერვიუერი, ისე წარუდგება. უნდა ითქვას, რომ რესპოდენტიც საინტერესო და ღრმა, ფილოსოფიურად მოაზროვნე შეხვდა. ქართველ მხატვართან, ლევან ლაღიძესთან ინტერვიუს, დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით წაიკითხავთ. განა ხშირად გვაქვს ბედნიერება მოაზროვნე პროფესიონალებთან შეხვედრისა. ხოდა ,ისიამოვნეთ ამ ინტერვიუთი – “ახლა და აქ!“
ბოლოს, მაინც რა შეიცვალა ქვეყანაში კულტურის პოლიტიკასა და პოლიტიკის კულტურაში ერთი წლის განმავლობაში. არც არაფერი! ასე რომ არ ყოფილიყო, არ მომიწევდა ჩემი მიმოხილვის 1904 წლის “ივერიაში“ გამოქვეყნებული ანტონ განჯისკარელის ლექსით დაწყება და ძახილი – “აქეთ ვკითხე, იქით ვკითხე, სთქვეს, არისო დეკადენტი!“ კოვიდეპიდემიას ხელი რომ არ შეეშალა და ახლა “ქართული კულტურის“ ონლაინ გამოცემისთვის ერთი წლის იუბილეც გადაგვეხადა, შეხვედრას კვლავ მიტინგების თანხლებით, გადადექის! – ძახილით და გულდაწყვეტით – “ჩვენი სტუმარი მიტინგს შერჩა“ – ჩავატარებდით!