ლიტერატურა
ომარ ხაიამი: ნაკლებად ცნობილი და უცნობი ფაქტები
ომარ ხაიამის და მისი რობაიების შესახებ
* * *
ხაიამის შემოქმედების ინდოელმა მკვლევარმა სვამი გოვანდა ტირტჰამ ჰოროსკოპში მნათობთა განლაგების მიხედვით გამოთვალა, რომ ხაიამი 1048 წლის 18 მაისს დაიბადა… შემდეგ ეს გამოთვლები არაერთხელ გადაამოწმეს და 1040 წელი მიიღეს, თუმცა 18 მაისი არ შეცვლილა და ეს დღე ხაიამის ხსოვნის დღედ დადგინდა მთელ მსოფლიოში.
მართალია, ხაიამის დაბადების წლად საბოლოოდ 1040 ან 1048 წელი დაადგინეს, თუმცა 1031 წელსაც ბევრი მეცნიერი ემხრობა, მაგრამ… თავად ხაიამი ერთ-ერთ ტრაქტატში წერს: ,,მე და ჩემს მასწავლებელს, აბუ ალი იბნ სინას, გვქონდა საუბარი ერთი საკითხის შესახებ…”. აბუ ალი იბნ სინა კი 1037 წელს გარდაიცვალა და თუ მას თავის შეგირდთან, ომარ ხაიამთან, მეცნიერული საუბრები ჰქონდა, ეს უკანასკნელი მინიმუმ 1020/1022 წლებში უნდა დაბადებულიყო, ანუ თხუთმეტიოდე წლის მაინც უნდა ყოფილიყო, რომ აბუ ალი იბნ სინასთან (ავიცენასთან, როგორც მას ევროპელები მოიხსენიებენ) ამა თუ იმ საკითხის შესახებ საუბარი გაემართა…
* * *
ომარ ხაიამის სრული სახელია:
ღიას-ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიმ-ე ნიშაბური
სიტყვასიტყვით – შემწე სარწმუნოებისა მამა ფათჰისა კარვის მკერავი ომარი შვილი იბრაჰიმისა ნიშაბურიდან… და ხშირად (უფრო საუბრისას) წინ აუცილებლად დაურთავენ ხოლმე – ,,ჰაქიმ” (ბრძენი)… დიახ, ამ სიტყვამ ,,ჰაქიმ”, დაკარგა რა თავკიდური ასო-ბგერა ,,ჰოე”, ქართულ ენაში მოგვცა სიტყვა ,,ექიმი”…
* * *
,,ხაიამი” კარვის მკერავს, მეკარვეს ნიშნავს და ეს არაბული სიტყვა შექმნილია იმ ფუძე-სიტყვიდან, რითაც ენაში კარავია სახელდებული და ასე წარმოითქმის – ,,ხიმე/ხაიმე”.
როგორც ირკვევა, ეს სიტყვა არაბულიდან მხოლოდ სპარსულში არ შესულა, ის ქართულ ენაშიც უნდა გვქონდეს შემონახული შემდეგ სიტყვაში: ,,გა-ხამ-ება”, რაც ქსოვილის თუ ქაღალდის გაუხეშების საგანგებო პროცესს ჰქვია; ეს ,,ხამ” გახდა, აგრეთვე, საფუძველი ისეთი სიტყვის შექმნისა, როგორიცაა – ,,სა-ხამ-ებელი” (რითაც ხდება რამის გა-ხამ-ება).
საინტერესო არის ის, რომ, სავარაუდოდ, ქართულიდან ეს სიტყვა რუსულშიც შევიდა… არსებობს პროფესია, რომელსაც რუსულად ჰქვია ,,Хамовник” (გამ-ხამ-ებელი), რაც უხეშ ქსოვილთან მომუშავე ან ტყავის დამზადების ხელოსნებს აღნიშნავდა…. მოსკოვში არის უბანი, რომელსაც ახლაც ძველებურად – Хамовники – ჰქვია, ის ოდესღაც ქალაქის გარეუბანი ყოფილა, სადაც ზემოთ ხსენებული ხელოსნები საქმიანობდნენ.
* * *
ერთი ლეგენდის თანახმად, 1042 წელს (ეს თარიღი საეჭვოა) ომარ ხაიამი სასწავლებლად ნიშაბურის მედრესეში მიაბარეს, სადაც დაუმეგობრდა თავის ორ თანამედრესელს და მათ დადეს ფიცი: ცხოვრებაში ვისაც გაუმართლებს, იგი ვალდებული იქნება დაეხმაროს მეგობრებს… ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწია აბუ-ალი ჰასანმა, რომელიც სელჯუკთა უზარმაზარი იმპერიის დიდი ვეზირი გახდა; თავისი სიბრძნისა და უნარიანობის გამო მან ნიზამ-ალ-მულქის (ქვეყნის მომწესრიგებლის) ტიტულიც კი დაიმსახურა. მალე მას ბავშვობის მეგობრებმა ფიცი შეახსენეს და მანაც არ უღალატა დადებულ პირობას: ომარს მხოლოდ ის უთხოვია, რომ ვეზირს მისი მშობლიური სოფელი ბეგარისაგან გაეთავისუფლებინა, რათა სიმშვიდესა და უზრუნველობაში ლექსის წერისა და უზენაეს არსებაზე ფიქრის საშუალება ჰქონოდა…
მესამე მეგობარი კი იყო იმ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ბნელით მოცული ადამანი, ასასინების წინამძღოლი, ალამუთის ციხის მბრძანებელი ჰასან იბნ საბაჰი, რომელიც შიშის ზარს სცემდა მთელ აღმოსავლეთს…
სხვა ლეგენდის თანახმად, ხსენებული ჰასან იბნ საბაჰი პატივმოყვარე და შურიანი პიროვნება აღმოჩნდა; მან თავისი და ომარის საერთო მეგობარი, დიდვეზირი ნიზამ-ალ-მულქი ინტრიგების ქსელში გააბა, მაგრამ მასთან ვერა გააწყო რა და იგი განდევნეს სასახლიდან… შემდეგ კი უკვე ისტორიული ფაქტები ლაპარაკობენ: ჰასან იბნ საბაჰმა ხეტიალი დაიწყო მეზობელ ქვეყნებში, სირიაში იგი ისმაილიტების მოძღვრებას გაეცნო და მისი გავრცელება ირანშიც სცადა, რაშიც წარმატებას მიაღწია და სელჯუკთა მმართველობით უკმაყოფილო ადამიანების გაერთიანება დაიწყო. მათ ალამუთის ციხეში დაიდეს ბინა და იქიდან მთელი აღმოსავლეთის დიდჩინოსნებს მოკვლით ემუქრებოდნენ. ჰასანის ბრძანებით მოკლეს, აგრეთვე, მძინარე ნიზამ ალ-მულქი, ერთი თვის შემდეგ კი თავად მელიქ-შაჰიც გამოასალმეს სიცოცხლეს…
ეს მხოლოდ ლეგენდაა, რადგან ნიზამ-ალ-მულქი ომარ ხაიამსა და ჰასან იბნ საბაჰზე 40 წლით უფროსი იყო და მათი ბავშვობის მგობარი ვერ იქნებოდა.
* * *
სელჯუკთა დიდი სულთნის – მელიქ-შაჰის – გარდაცვალების შემდეგ, სულთნის მეუღლემ, თურქან-ხათუნმა, ომარ ხაიამი მოიძულა, მის წინაღმდეგ, უფრო სწორად მისი მკრეხელური აზროვნების წინააღმდეგ, ფანატიკურად განწყობილმა სასულიერო პირებმაც გაილაშქრეს და ხაიამის ერეტიკოსად გამოცხადება, სასტიკად დასჯა მოისურვეს. მტრების და სასტიკ მბრძანებელთა რისხვის თავიდან ასაცილებლად ომარ ხაიამმა სულთნის კარი მიატოვა, დერვიშის მოსასხამში გაეხვია და უფრო ადამიანების, ვიდრე ღმერთის, შიშით წმინდა ადგილების მოსანახულებლად და ცოდვების მოსანანიებლად გაემგზავრა. მან მექა და ბაღდადი კი მოინახულა, მაგრამ ამის გამო არც უფრო მორჩილი გამხდარა და არც უფრო ღვთისმოსავი… იქიდან დაბრუნების შემდეგ მშობლიურ მხარეს მიაშურა და ხორასანის ემირის კარის ექიმი გახდა… ცხოვრება მიუძღვნა მეცნიერებას და, სავარაუდოდ, ამ პერიოდში მიჰყო ხელი რობაიების თხზვას, რასაც არც თვითონ და არც სხვები სერიოზულ საქმედ არ მიიჩნევდნენ…
* * *
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ხაიამის პიროვნებით დაინტერესებული მკვლევარები იზიარებენ საერთო აზრს იმის შესახებ, რომ ეს კაცი უდიდესი განსწავლულობით გამოირჩეოდა და მრავალი სამეცნიერო ტრაქტატის ავტორიც იყო, რომელთაგან უმეტესობა არაბულ ენაზე შექმნა, რადგან იმ ეპოქაში სწორედ არაბულ ენაზე იწერებოდა ყველა მეცნიერული ნაშრომი. ეს გამოკვლევები კი ისეთ ზუსტ მეცნიერებებს მოიცავენ, როგორიცაა მათემატიკა და ასტრონომია. მშობლიურ სპარსულ ენაზე დაწერილთაგან ხაიამს მხოლოდ ,,ნოვრუზ-ნამეს” (ახალი წლის წიგნს) მიაწერენ, რაც მისივე რობაიების სულისკვეთებას უფრო ეხმიანება, ვიდრე ღრმა მეცნიერულ განსჯას.
P.S. სხვათა შორის, ომარ ხაიამის ეპოქაში ყველა განათლებულმა ადამიანმა იცოდა სამი ენა: არაბული – როგორც რელიგიის და მეცნიერების ენა, თურქული – პოლიტიკის ენა და სპარსული – პოეზიის (ლიტერატურის) ენა.
* * *
იყო რა მკაცრი მეცნიერული ცოდნის მომხრე და მიმდევარი, ომარ ხაიამი სოციალურ სივიწროვეს გრძნობდა XI საუკუნეში მცხოვრებთა შორის, რომლებიც მასში მხოლოდ წინასწარმეტყველს და სასწაულმოქმედს ხედავდნენ. ნიზამი არუზი სამარყანდელი აღწერს შემთხვევას, როცა სულთანმა ჰკითხა ომარს, თუ რომელ საათზე იქნებოდა უკეთესი სანადიროდ გასვლა. როცა სულთანი ხაიამის ,,ნათელხილვის” თანახმად, გავიდა სასახლიდან, თოვლნარევი ქარიშხალი დაატყდა თავს. სამეფო კარის მოშურნეები ბრიყვულმა სიხარულმა მოიცვა, მაგრამ ხაიამმა დაიჟინა, რომ ღრუბლები მალე გაიფანტება და ხუთი დღის განმავლობაში მზიანი დარი დადგებაო… რაც გამართლდა კიდეც. XI საუკუნის ადამიანებისთვის ასტროლოგი პირველ რიგში ვარსკვლავთმრიცხველობით დაკავებული ადამიანი იყო, არადა, ომარ ხაიამი იმდროინდელ მსოფლიოში უდიდესი ასტრონომიული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახლდათ და სკრუპულოზური მათემატიკური გამოთვლებით (და არა ,,ხილვებით თუ ხედვებით”) ადგენდა ამინდის ცვალებადობათა კანონზომერებას…
* * *
ომარ ხაიამი ისეთივე მასშტაბის უნივერსალური გენიოსი იყო, როგორიც ლეონარდო და ვინჩი, თუმცა მისი ვერცერთი გამოგონება ვერ გაიაზრეს მისმა თანამედროვეებმა: მის მიერ აგებული უნიკალური ობსერვატორია ხაიამის სიცოცხლეშივე დახურეს, მის მიერ შემუშავებული უნიკალური კალენდარი მოკლე ხანში ისევ ტრადიციულით შეცვალეს… თითქმის შვიდნახევარი საუკუნე დასჭირდა იმას, რომ კაცობრიობას ხაიამის გენია ეღიარებინა…
ხსენებული კალენდრის შესახებ შეიძლება ვთქვათ, რომ ის 7 წამით უფრო ზუსტია, ვიდრე, რითაც ჩვენ ამჟამად ვსარგებლობთ; ამ ინფორმაციის არსის ასახსნელად მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნაა საჭირო, ამიტომ ჯერჯერობით დავკმაყოფილდეთ ხსენებული ფაქტის ხსენებით და, იმედია, ოდესმე საფუძვლიანად გავერკვევით იმაში, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ,,შვიდ წამს”.
* * *
არსებობს ცნობა, რომ ომარ ხაიამი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა… გვაქვს კიდევ ასეთი დოკუმენტური ფაქტი: 1135 წელს ხაიამის საფლავი მოინახულა იმ ეპოქის ცნობილმა მოღვაწემ ნიზამი არუზი სამარყანდელმა და ასეთი ხელნაწერი დატოვა: ,,…ერთხელ ბალხში, მონებით მოვაჭრე ამირა აბუ საად ჯარის სახლში შეჩერდნენ ხოჯა იმამ ომარ ხაიამი და ხოჯა იმამ მუზაფარ ისფიზარი. სამსახურის გასაწევად მეც მათ შევუერთდი. ნადიმის დროს გავიგონე, რომ ომარმა თქვა: ჩემი სამარე ისეთ ადგილას იქნება მოთავსებული, სადაც ყოველ გაზაფხულზე ნიავი ყვავილებს დამაფრქვევს; მე ოთხი წლის წინ ვინახულე ხაიამის საფლავი ნიშაბურში… ის მართლაც ყვავილებით და ფოთლებით იყო დაფარული; მაშინ მომაგონდა ომარ ხაიამის სიტყვები და ავტირდი”.
ამ სიტყვებიდან გამომდინარე ომარ ხაიამი უნდა დაბადებულიყო 1135 – 4 – 104 = 1027 წელს… (ხსენებულ ნიზამი არუზი სამარყანდელს ზოგჯერ ნიზამი განჯელთან აიგივებენ, რაც სრული აბსურდია, რადგან განჯელი ამიერკავკასიაში ცხოვრობდა, ხოლო სამარყანდელი – შუა აზიაში).
* * *
სპარსული პოეზიის ვარსკვლავთა შორის არის ხუთი ისეთი სახელი, ვისაც ირანელები საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ მიიჩნევენ, ესენი არიან: ფირდოუსი, ნიზამი განჯელი, საადი შირაზელი, ჯალალ ედ-დინ რუმი და ჰაფეზი… მაშ, ხაიამი?! – იკითხავს დაინტერესებული მკითხველი… ხაიამი ამ საკითხშიც სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა და არანაირ დაჯგუფებას არ ექვემდებარება… რადგან იგი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პოეტის ტიტულს ფლობს.
* * *
ზოგი მკვლევარი ომარ ხაიამს ხუთი ათას რობაის მიაწერს, მაგრამ ეს მეტისმეტად გაზვიადებული რიცხვია; ოთხ ყველაზე ძველ ხელნაწერში რობაიების რაოდენობა ასეთია:
1) ბოდლეანური ხელნაწერი, 1461 წ – 158 რობაი; 2) ვენის ხელნაწერი, XVI ს – 482 რობაი; 3) ბრიტანეთის მუზეუმის, XVII ს – 540 რობაი; 4) სანკტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკისა, XVIII ს – 554 რობაი.
* * *
ხაიამის მრავალმხრივობამ (სკანდალების მოყვარულ) მკვლევართა შორის აღძრეს ეჭვები – არსებობდა კი საერთოდ ასეთი პიროვნება?! ზოგი ,,მეცნიერის” აზრით, ,,ხაიამი” კრებითი ცნებაა და მის უკან დგას გონიერ, ბრძენ ადამიანთა მთელი პლეადა… შეგვიძლია შეგახსენოთ, რომ ამგვარი ეჭვის მანია ბევრ სხვასაც გადასწვდენია: რუსთაველს, შექსპირს, ბლოკს… ალბათ, ორიოდე საუკუნის შემდეგ გალაკტიონსაც იგივე ბედი ეწევა და სკანდალების მოყვარულნი რაიმე ეჭვს შეთხზავენ მის შესახებ.
* * *
ისევ ლეგენდა:
ერთხელ თურმე ხაიამმა თავის შეგირდებთან ერთად მედრესესთან ჩაიარა…. იქ რაღაცას აშენებდნენ და სახედრებით ქვა-ღორღს ეზიდებოდნენ, თუმცა ერთი სახედარი აქეთ-იქით აწყდებოდა, შიგნით კი არ შედიოდა… რაღა არ უქნეს, მაგრამ ვერ შეიყვანეს… მაშინ ხაიამი მივიდა მასთან, რაღაც ჩასჩურჩულა და პირუტყვი ეზოში მშვიდად შევიდა. შეგირდებმა ჰკითხეს ომარს – ,,რა უთხარიო ასეთი?!” ,,რა და… ეს ვირი სიცოცხლეში ამ მედრესეს უხეირო მოსწავლე ყოფილა და ახლა, ვირად რომ დაიბადა, სცხვენია, ვინმემ არ მიცნოსო; ჰოდა, დავაწყნარე ამ რობაით – ასე შეცვლილს ვეღარ გიცნობენ-მეთქი”…
ვირად რომ დაბრუნებულხარ, ეს მართლაც ძლიერ ცუდია,
აქ კი არავის ახსოვხარ, გზაც ფუჭად გაგიმრუდია;
ჩლიქად ქცეული ფრჩხილები ფეხებზე მოგიზღუდია,
წვერი რომ გქონდა, ახლა ის გავას მიბმული კუდია…
* * *
XIX საუკუნის შუა წლებში ევროპის ლიტერატურულ ტატნობზე უეცრად ახალი ვარსკვლავი აკიაფდა: ერთი აღმოსავლელი პოეტის ლექსებმა გაარღვიეს დროთა და სივრცეთა ფარდები და სრულიად უცხო კულტურის საკუთრებადაც იქცნენ… ინგლისელმა პოეტმა-მთარგმნელმა ედვარდ ფიტჯერალდმა ევროპულ პოეზიას ახალი სიცოცხლე შთაბერა – მან ომარ ხაიამის რობაიების თავისუფალი თარგმანები (მაგრამ ძალიან მაღალმხატვრული ინგლისური ლექსები) შექმნა და უმალ მიიპყრო ლიტერატურის პროფესიონალთა და მოყვარულთა ყურადღება; პარადოქსი არის ის, რომ მალე ევროპის სხვა ენებზე დაიწყეს არა თავად ხაიამის სპარსული დედნების, არამედ ედვარდ ფიტცჯერალდის ინგლისური ლექსების თარგმნა. მოგვიანებით ინგლისსა და ამერიკაში ასპარეზზე გამოვიდნენ სხვა მთარგმნელები, ვინც უშუალოდ სპარსულიდან თარგმნეს ხაიამის რობაიები (ვინფილდი, ტომპსონი, დუმანი და ა.შ.), ხოლო საფრანგეთში 1867 წელს ჟ.ბ.ნიკოლასმა გამოსცა 464 რობაის ორენოვანი ტექსტი: სპარსული დედანი და მისი ფრანგული პწკარედული (ე.წ.ფილოლოგიური) თარგმანი, რამაც მთელი მსოფლიო ჩართო ხაიამის ,,თარგმნის” საქმეში, რაც დღემდე გრძელდება… იგულისხმება ომარ ხაიამის რობაიების თარგმნა არა უშუალოდ სპარსული ენიდან, არამედ ამა თუ იმ ენაზე შესრულებული პწკარედული თარგმანებიდან, რაც თავის მხრივ, ერთგვარ კომენტარებსაც წარმოადგენს და უფრო ადვილად გასაგებია გამლექსავებისთვის.
* * *
ხაიამის რობაიების ფრანგულ ენაზე მთარგმნელი ეთესამ-ზადე წერს, რომ ედვარდ ფიტცჯერალდმა დაუშვა ერთი დიდი შეცდომა, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს: მან ხაიამის რობაიებისგან შექმნა სიუჟეტური ძაფით ერთმანეთთან დაკავშირებული ოთხსტრიქონედების პოემა… ხაიამის რობაი კი არის დასრულებული აზრის და ერთი კონკრეტული იდეის შემცველი პოეტური ქმნილება… ალბათ, მართალს ბრძანებს ეს გაფრანგებული სპარსელი.
* * *
ომარ ხაიამის რობაიების ებენ ფრანსის ტომპსონისელი თარგმანების 1906 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში Nathan Haskell Dole წერს:
,,…უსახურ და უსიცოცხლო თარგმანებსაც აქვს თავისი ღირებულება, რადგან ისინი გარკვეულწილად ამზადებენ გზას, რათა ნამდვილი პოეტი მოვიდეს და შექმნას მაღალი დონის თარგმანები…”
ასე რომ, არაფერია შემთხვევითი და უსარგებლო ამქვეყანაზე…
იმავე გამოცემაში წერია: ,,ლიმიტირებულია ოთხას ოცდათხუთმეტი ერთეულით…” და, სავარაუდოდ, ერთ დოლარზე მეტი არ ღირდა… ეს მაშინ, როცა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ს მოსახლეობა 75 მილიონს აჭარბებდა…
ახლა ეს წიგნი ზოგ სავაჭრო საიტზე 100-200 დოლარი ღირს.
* * *
ფრიდრიხ როზენის მიერ ბერლინში 1925 წელს გამოცმულ კრებულში 329 რობაია, რასაც კიდევ 62 ერთეული აქვს დართული. მანამდე (1883 წ) იყო ედვარდ ვინფილდის 500 რობაის ორენოვანი კრებული; ებენ ფრანსის ტომფსონმა 1906 წელს ნიუ-იორკში გამოსცა წიგნი, სადაც 878 რობაის თარგმანია წარმოდგენილი. 90-იან წლებში კი რუსმა იური გოლუბევმა გამოსცა 1305 რობაის რუსული თარგმანები. (ეს უკანასკნელი ჯერჯერობით ხაიამოლოგიის „მსოფლიო რეკორდად“ არის მიჩნეული).
1936 წელს გამოცემულ კრებულში – ,,ირანელი ლირიკოსები” – განთავსებულია შესანიშნავი პიროვნებისა და მთარმნელის – ამბაკო ჭელიძის – მიერ უშუალოდ სპარსულიდან თარგმნილი 483 რობაი და ეს დღემდე ითვლებოდა საქართველოს რეკორდად, თუმცა უკვე მზად არის გამოსაცემად ჩემს მიერ თარგმნილი 505 რობაი, რასაც ერთვის ხსენებული რობაიების დედნები სპარსულად და თარგმანები კიდევ სამ ენაზე: ინგლისურად, თურქულად, რუსულად… ანუ იქნება 505 რობაი 5 ენაზე)
* * *
ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების კრებულში არის ასეთი სათაურის ტექსტი – ,,თარგმანი სპარსულიდან…” შესაძლოა, ეს ხაიამის რობაის პირველი თარგმანი იყოს ქართულ ენაზე:
,,ჰე, თავო ჩემო, ამა სოფლის უწყი არა-რა,
მარად სიმდიდრის ხვეჭის ფიქრში ფლვეულხარ, მარა
თან წარსატანად რაცღა ხანი გაქვს დაწესებულ
მისიც არ იცი დარწმუნებით, გხვდების თუ არა”.
* * *
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ომარ ხაიამი საქართველოში ევროპიდან ,,მოვიდა”. მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა, ზოგადად რომ ვთქვათ, მჭიდრო კავშირში იყო სპარსულ პოეზიასთან, ომარ ხაიამი ჩვენს სამწერლობო მატიანეებში არსად ფიგურირებს. ამას, შესაძლოა, ის ,,გამართლება” მოეძებნოს, რომ ჩვენი წინაპრები, სხვა მეზობელი კულტურული ერების მსგავსად, ნაკლებად სწყალობდნენ ლირიკას. სხვათა შორის, ხაიამის მსგავსად, შუა საუკუნეების ქართული სინამდვილე არ იცნობს ისეთ პოეტებს, როგორებიც იყვნენ თუნდაც საადი, ჰაფეზი, ჯამი და სხვები. ძნელი დასაჯერებელია, რომ ,,სპარსული ენის სიტკბოთი” გაბრუებული ქართველი მოლექსე-მოშაირეები არ სცნობდნენ ხსენებული პოეტების სიდიადეს; აქ, ალბათ, უფრო სხვა ფაქტორები მოქმედებდნენ, რაც, პირველ რიგში, ინფორმაციის ნაკლებობასთან იყო დაკავშირებული. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თავად სპარსელებიც ნაკლებად სწყალობდნენ ომარ ხაიამს, როგორც პოეტს, რადგან მათთვისაც უფრო მეტად ეპიკური ჟანრი იყო მისაღები…
* * *
ვახუშტი კოტეტიშვილმა თავისი პირველი თარგმანები 1962 წლის ჟურნალ ,,ცისკრის” პირველ ნომერში გამოაქვეყნა, 1963 წელს კი გამომცემლობა ,,ნაკადულმა” გამოსცა ხაიამის ცალკე კრებული სერიით – ,,მსოფლიო პოეზიის ბიბლიოთეკა”; ამ წიგნის შესახებ ერთხელ ბატონმა ვახუშტიმ ლექციაზე ასეთი რამ გვიამბო:
,,სტამბაში დავდიოდი ხშირად და იქვე შემქონდაო კორექტივები ახლადაწყობილი წიგნის გვერდებში. რამდენჯერმე სტამბის მუშებთან ერთად პურმარილიც გაგვიმართავს და ისინი სადღეგრძელოებს ჯერ დაუბეჭდავი წიგნიდან ამოღებული ჩემი თარგმანებით ამბობდნენო”.
* * *
ქართულად არსებობს ხაიამის რობაიების, ასე ვთქვათ, მრავალ-მთარგმნელოვანი გამოცემებიც:
1) 1977 წელი, ,,ირანული პოეზია” – ოთხი მთარგმნელის 160 თარგმანი (შემდგენელი _ ვახუშტი კოტეტიშვილი);
2) 2005 წელი – ,,სპარსული ლირიკა”, გამომცემლობა ,,არტანუჯი” – ექვსი მთარმნელის 331 თარგმანი (შემდგენელი – ნომადი ბართაია);
3) 2015 წელი, ,,ბაკმის” გამოცემა – რვა მთარგმნელის 304 თარგმანი (შემდგენელი – ნომადი ბართაია).
* * *
უცნაურია, მაგრამ თავად ხაიამის სიდიადეა იმის მიზეზი, რომ იგი ძლიერაა დაზარალებული ყალბისმქმნელი პოეტების მიერ, ანუ: მავანი მელექსე ან თუნდაც კარგი პოეტი, ასე თუ ისე საყურადღებო, მაგრამ ანტირელიგიური თუ ანტისახელმწიფოებრივ რობაის რომ შეთხზავდა, დასჯის შიშით ამბობდა, რომ ეს, მისი კი არა, ომარ ხაიამისაა და მას აღარავინ ერჩოდა… ანუ ავტორი ,,იკლავდა” თავს, ოღონდ მისი რობაი გადარჩენილიყო…
* * *
რუსულენოვან ინტერნეტში ძალიან გახშირდა ე.წ. ,,ბრძნული აზრების” ფრქვევა, რომელთაგან დიდ ნაწილს ხაიამს მიაწერენ ხოლმე… ზოგი მათგანი ძალიან კომიკურია და გაუგებარია საიდან იღებენ ასეთ სისულელეებს, მაგალითად:
– Можно соблазнить мужчину, у которого есть жена, можно соблазнить мужчину, у которого любовница, но нельзя с соблазнить мужчину, у которого есть любимая женщина.
სხვათა შორის, ქართველებმაც გადმოიღეს ეს სისულელეები:
– ცუდს ჩვენს შესახებ ჩვენზე უარესები ფიქრობენ, ვინც ჩვენზე უკეთესია _ ჩვენთვის არ სცალია.
მეგობარი ჭირში შეიცნობა, მამაცი – ბრძოლაში, პატიოსანი – ვალის გადახდისას, ცოლი – სიღატაკეში, ნათესავები კი – მწუხარების ჟამს. (სტილი დაცულია)