სულ სხვა მორიგი
თამარ გუნაშვილი

ანუ რა უნდა ვიცოდეთ კრისტოფერ ნოლანის „ტენეტის“ ნახვამდე

ჰოლივუდის აღიარებული დიდოსტატის, რეჟისორისა და სცენარისტის, კრისტოფერ ნოლანის ახალ სურათს მთელი ჰოლივუდი სულმოუთქმელად ელოდა – „ტენეტის“ პრემიერა უორნერ ბრაზერსის სტუდიამ ჯერ ივლისში დაგეგმა, შემდეგ, პანდემიის გამო, აგვისტოში გადაიტანა და ბოლოს, სექტემბერში მხოლოდ იმ კინოთეატრებმა უმასპინძლეს, რომელთაც „დრაივ-ინი“ ანუ მანქანიდან ყურების საშუალება ქონდათ. ნოლანის ყოველი ნაშრომი მეინსტრიმისა და ინტელექტუალიზმის ისეთი ჰარმონიული ნაზავია, რომ ვერავის ტოვებს გულგრილად. თუმცა ამჯერად შეფასებები გაიყო.

ვიღაცამ თქვა, ამ ფილმის „დასპოილერება“ რომც მოვინდომო, მინიმუმ 15 წუთი უნდა ვილაპარაკოო.

ალბათ ყოფილხართ ისეთ გამოფენაზე, სადაც პატარა ტილოს ოთხგვერდიანი ახსნა-განმარტება აქვს მიმაგრებული კედელზე,სადაც წერია რისი თქმა უნდოდა ხელოვანს და რა სიმბოლო რის გამოსახატავად გამოიყენა.

სახელწოდებაც კი არ ვიცი, უნდა ითარგმნოს თუ არა. TENET არა მხოლოდ კრედოს, დედააზრს ნიშნავს, არამედ პალინდრომია. რუსებმა მოხდენილად უწოდეს Довод – რომელიც ასევე ორივე მხრიდან იკითხება. სათაურად პალინდრომის შერჩევა ხაზს უსვამს ფილმში აღწერილ კონცეფციას დროის შექცევადობის შესახებ – მოქმედება ერთნაირი უნდა იყოს, მომავლიდან შევხედავთ მას თუ წარსულიდან, ოღონდ შებრუნებული. ასევე „ტენეტი“ ეწოდება ფილმში იმ ორგანიზაციას, რომელსაც ჩვენი მთავარი გმირი მომავალში დააარსებს.  ისინი ვინც თავისი უფროსები ჰგონია, მისივე დაქირავებული თანამშრომლები აღმოჩნდებიან, ოღონდ რამდენიმე წლის შემდეგ…

თუმცა მგონი უკვე ავიბენით, ხელახლა ვცდი.

„ტენეტი“ ნოლანის პირმშოა – ამ სურათზე 20 წლის წინ დაიწყო მუშობა, 20 წელი ზრდიდა. ამერიკაში სრულწლოვანი 21 წლიდან ხდები, აქედან დამოუკიდებლად იწყებ ცხოვრებას და ემიჯნები მშობელს. „ტენეტსაც“ ასე დაემართა – საკუთარი გზა აირჩია და არ გახდა ის, რაც მის შემქმნელს უნდოდა: საუკეთესო.

ფაბულა ძალიან უხეშად რომ ჩამოვაყალიბოთ, ასეთია: კარგი შავკანიანი აგენტი, რომელსაც არა აქვს სახელი, მუშაობს უცნაურ მისიაზე, მან ხელი უნდა შეუშალოს ცუდ რუს ოლიგარქს და სამყაროს განადგურება ააცილოს თავიდან. ამაში მას ეხმარებიან სხვადასხვა ნაციონალობის ადამიანები, დახვეწილი ბრიტანელი ჯაშუში, რომელიც ბოლომდე არ ვიცით ვინაა და საიდან მოვიდა, ხოლო ასევე – ცუდი რუსი ოლიგარქის კარგი დაჩაგრული მეუღლე, რომელიც მთავარი გმირის იმედზეა, რათა მან მოძალადე ქმრისგან დაიხსნას.

ეს ყველაფერი კი ვითარდება დროში მოგზაურობის ფონზე, რომლის აღწერას არც კი შევეცდები, რადგან ეს ნაწილი მართლაც საყურებელია და არა – მოსაყოლი: ტყვიები, რომლებიც ჯერ უკან მიფრინავს, და მერე წინ; ჩხუბის ილეთები, დარტყმამდე რომ აიცილებ; ყუმბარები, რომლებიც კი არ ფეთქდება, უკან მიწაში ჩადის – ეს ნაწილი ძალზე შთამბეჭდავია და სულს შეგაკვრევინებთ. ფილმი დიდ ეკრანზეა სანახავი, რადგან საგანგებოდ 70-მილიმეტრიანი აიმაქსისთვისაა გადაღებული: ამაზეა მორგებული სივრცისა და წინა ხედის შეფარდება, მსახიობთა სახის ფოტოგენურობა; ლოკაციები უფრო ელასტიური, წელვადი ჩანს და დროის უსასრულობის კონცეფციას ამძაფრებს. კომპიუტერის, ან კიდევ უარესი, ტელეფონის ეკრანზე ყურებით იმ სიამოვნებასაც მოიკლებთ, რომლის მინიჭებაც ამ ფილმს შეუძლია.

არის იდეა, რომელიც წინ უსწრებს დროს და არის იდეა, რომელიც, უბრალოდ ძველდება და ასე დაემართა „ ტენეტსაც“ – დროში მოგზაური მზვერავები და აგენტები ხომ ჯერ კიდევ „მატრიცამ“ გაგვაცნო, რომ არაფერი ვთქვათ ისეთ სურათებზე, როგორებიცაა „პეპელას ეფექტი“, „ 12 მაიმუნი“, ან თავად ნოლანის „დასაწყისი“ – მეხსიერებასა და წარსულში მოგზაურობის კინემატოგრაფიული შედევრი.

ჰოდა, ასე განებივრებული მაყურებელი რაღაც სულ სხვას ელოდა – და თუმცა ნოლანისთვის რაც იყო „სხვა“, მაყურებლისთვის აღმოჩნდა „მორიგი“…

ნოლანისთვის ეს სურათი „სხვა“ ბევრი მიზეზის გამო გახლავთ:

 სხვა ბიუჯეტი: „ტენეტი“ მისი ყველაზე ძვირი ფილმია – 205 მილიონი დოლარი დაჯდა. მარტო რეალური ბოინგის ავარიის სცენა რად ღირს. თავიდან, თვითმფრინავის შენობაში შეჭრა გრაფიკული დიზაინის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ლოკაციის მონდომებულმა მენეჯერებმა ჩამოწერილი თვითმფრინავების საწყობს მიაგნეს და კინემატოგრაფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სცენა ცოცხლად გადაიღეს.

სხვა მუსიკა: ერთგული ლეგენდარული კომპოზიტორის ჰანს ციმერის ნაცვლად სურათზე ახალგაზრდა კომპოზიტორმა ლუდვიგ გორანსონმა იმუშავა, რომელმაც „შავი პანტერას” საუნდტრეკებით მოიხვეჭა პოპულარობა. ცნობილი შავკანიანი რეპერის, ტრევის სკოტის მიერ დაწერილი და შესრულებული სიმღერა „გეგმა“ კი სურათის სავიზიტო ბარათად იქცა (სიმღერა და ტრეილერი შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=5PRY-AZ4Er0 )

სხვა მონტაჟი: კრისტოფერ ნოლანი წლები მუშაობდა ოსკაროსან მემონტაჟესთან, ლი სმიტთან, რომელიც სემ მენდესის – მეორე გენიოსი რეჟისორის – რჩეულიც გახლდათ. საკმაოდ დიდი კომფორტის ზონიდან გამოსვლა იყო „ტენეტისთვის“ სხვა მემონტაჟის შერჩევა. მით უმეტეს ჯენიფერ ლეიმს დიდ ჰოლივუდურ სტუდიებთან არ ჰქონდა მანამდე ნამუშევარი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი თრილერი „მემკვიდრეობითი“ (Hereditary) სწორედ მისი ხელწერით გახდა საკულტო. „ტენეტის“ კადრები ისე უხეშად და აგრესიულად იცვლება, რაღაც მომენტში გგონიათ, რომ ჯერ დაუსრულებელ ვერსიას უყურებთ. მერე და მერე კი თითქოს ნაჯახით აკუწული სცენები დინამიკისა და თხრობის ნაწილი ხდება.

სხვა სცენარი: კრისტოფერის ძმა ჯონათან ნოლანი, რომელსაც ჰოლივუდში „მორცხვ გენიოსს“ უწოდებენ, ამ პროექტზე არ მუშაობდა. ჯონათანი დიალოგების დიდოსტატადაა აღიარებული და ამიტომ, ჩახლართულ ფილმებს კრისტოფერი თამამად ანდობდა, რათა თხრობსას ფილმის განვითარება უფრო გასაგები გამხდარიყო. კრისტოფერმა „ტენეტის“ სცენარი 6 წლის განმავლობაში წერა და ძმა არ დაიხმარა. შეიძლება ამის ბრალიცაა, რომ ბევრმა სურათი საერთოდ ვერ გაიგო. თუმცა შეიძლება ეს ჩანაფიქრის ნაწილი იყო, რომ ზოგი რამ იდუმალებით მოცული დარჩენილიყო და მაყურებელს თავისი ფანტაზიით დაესრულებინა.

… და სხვა პროტაგონისტი: ცალკე საუბრის ღირსია მთავარი როლის შემსრულებელი ჯონ დეივიდ ვაშინგტონი, ჰოლივუდის ვარსკვლავის, დენზელ ვაშინგტონის ვაჟი. ის ფაქტი, რომ შავკანიანებს უჭირთ მთავარი როლების მიღება ჰოლივუდის წამყვან სურათებში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ტენეტის“ შემდეგ: თუნდაც ასეთი აღიარებული მსახიობის შვილს ძალზე მწირი ფილმოგრაფია ქონდა მანამ, სანამ ოსკარების კინოაკადემია მიიღებდა კანონ-კვოტას 2020-ში, რომელიც რეჟისორებს გარკვეული საეკრანო დროის ფერადკანიანი მსახიობებისთვის დათმობას ავალდებულებდა. ეს რომ არა, თავად დენზელის შვილსაც გაუჭირდებოდა ჰოლივუდის აღიარებული დიდოსტატების ეპიკურ ნაშრომში უეცრად მთავარი როლის მიღება. თითქმის თავს დავდებ, რომ როდესაც 6 წლის წინ ნოლანმა ამ სცენარის წერა დაიწყო, სრულიად არ ედგა თვალწინ დაკუნთული, წვერებიანი აფრო-ამერიკელი. მიუხედავად ამისა, რა მიზეზითაც არ უნდა ყოფილიყო მიღებული ეს გადაწყვეტილება, მაყურებელმა მხოლოდ მოიგო: ჯონ დეივიდ ვაშინგტონი მშვენივრად ასრულებს უსახელო, თითქოსდა უემოციო აგენტის როლს, რომელსაც მეგობრობაც შეუძლია, სიყვარულიც, შიშიც გამოუცდია და უშიშრობაც. მზერით, მოძრაობით, ჩაღიმებით – მინიმალური გამოვლინებებით ემოციის – ზუსტად იმას გვაწვდის მაყურებელს, რის შთაბეჭდილებასაც ბოლოში მივიღებთ: მასთან ერთად სახტად დარჩენის…

დანარჩენი მსახიობებიდან მხოლოდ რობერტ პატისონს გამოვყოფ. აღიარება ნოლანის თანამემამულემ, ბრიტანელმა მსახიობმა „ბინდის საგათი“ მოიპოვა, სადაც ახალგაზრდა ვნებიან ვამპირს განასახიერებდა. ამ როლმა ისე ჩაკეტა, რომ ძალიან დიდი ხანი მოუნდა თავის დაღწევას შედარებისგან „არა, საგაში მაინც ყველაზე კარგი იყო“. როდესაც ნოლანმა ნაილის როლი შესთავაზა, რობერტ პატისონი მთელი სულითა და გულით მოემზადა: აქცენტი დაამუშავა, ფიზიკურად არაჩვეულებრივ ფორმაში ჩადგა და ირონიული, თავზე ხელაღებული „კოსმიური მეკობრის“ საინტერესო სახე შექმნა. დახვეწილი ბრიტანული ხიბლი, უზადოდ მორგებული კოსტიუმი, სიღრმისეული მიდგომა პერსონაჟის მიმართ, შეთამაშება ვაშინგტონის გმირთან . თამამად შეიძლება ითქვას, რომ პატისონმა, როგორც იქნა, დააღწია თავი ვამპირის წყევლას და ამ როლით ახალი სამსახიობო კარიერა დაიწყო: უკვე ზრდასრული, დახელოვნებული, დრამატული მსახიობის კარიერა.

ვაშინგტონისა და პატისონის დუეტის გარდა „ტენეტში“ მეორე დუეტიცაა. კენეტ ბრანა – 90იანი წლების ინტელექტუალური ჰოლივუდის რჩეული და ალბათ საუკეთესო ამერიკული „ჰამლეტი“ – საინტერესო არჩევანი გახლავთ სიცოცხლისადმი ინტერეს-დაკარგული რუსი ოლიგარქის როლისთვის, რომელსაც მარტო სიკვდილიც კი ეზარება და უნდა მთელი სამყარო თან წაიყოლოს. ბრანას ანდრეი სატორი მკაფიო რუსული აქცენტით საუბრობს, რაც „ცუდი ტიპის“ სიცუდეს კიდევ უფრო გასაგებს ხდის. მისი ცოლი, მუდამ ოდნავ შეშფოთებულ-შეშინებული კეტი, ავსტრალიელი მსახიობის, ელიზაბეტ დებიკის განსახიერებით, ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც ამ მოულოდნელობებით აღსავსე სურათშიც კი ძალზე ტრაფარეტულია და დაშტამპული.

საერთოდ, ცოტა უცნაურია, ისეთი სიღრმისეული რეჟისორი, როგორიცაა ნოლანი, როგორ ადვილად ეგუება ჰოლივუდის მოძველებულ და ხავსმოკიდებულ სტერეოტიპებს: რუსი ცუდია, შავკანიანი გმირი კარგია, ცუდი რუსის ქერა ცოლი დათრგუნულია და საჭიროებს დახსნას, შავკანიან გმირს აუცილებლად უნდა შეუყვარდეს ცუდი რუსის დათრგუნული ქერა ცოლი და მისი ქმრისგან დახსნა უცებ თავად მისიაზე მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. ერთ ადამიანს შეუძლია გაანადგუროს სამყარო, მაგრამ ასევე ერთ ადამიანს შეუძლია გადაარჩინოს სამყარო. ასეთ სტერეოტიპებს იმდენს ნახავთ ამ ფილმში, რომ არ ვიცი, რამდენად გადაწონის ყველაფერს დანარჩენი, რომ აღფრთოვანებულები დარჩეთ.

რასაც ვერ ნახავთ ამ ფილმში, არის კომპლექსური ადამიანური ბუნება, ხასიათი, კარგისა და ცუდის შერწყმა. ჰოლივუდმა დაკარგა (ან იქნებ არასდროს ჰქონდა) ისეთი იუველირული აღქმა ადამიანის შინაგანი სამყაროს სირთულის, რომელიც ფილმის დასრულების შემდეგადაც ვერ მოგცემთ პასუხს, ვინ იყო კარგი, ვინ იყო ცუდი, რომელი გადაწყვეტილება იყო მართებული, ხოლო რომელი – საეჭვო. ყველა პერსონაჟი ძველი კინო-ჟურნალებიდან ამოჭრილ და მუყაოზე დაკრულ კინო-გმირს გავს, მხოლოდ ერთი განზომილება რომ აქვს – ბრტყელი. ნიუ იორკ თაიმსის რეცენზიის ციტატით დავამთავრებ, რადგან მგონი, ყველაზე კარგად გამოხატავს არსს:

„ტენეტი“ აკმაყოფილებს ყველა მოლოდინს, გარდა მოლოდინისა, რომ მოლოდინს გადააჭარბებს“

 (“Tenet” meets all expectations, except the expectation that it will exceed them“ – ნიუ იორკ თაიმსი, 21 აგვისტო, 2020)

თემები