ბენჯამინ კლემენტაინი და ახალი მუსიკის ეპოქა, ჟანრები თუ ჰიბრიდები
ნინო გუგეშაშვილი

მუსიკალური ჟანრების და ეპოქების საზღვრები თავისუფალი მუსიკოსებისთვის ყოველთვის პირობითი იყო და სულ უფრო პირობითი და თხევადი ხდება, თუმცა მუსიკის კრიტიკოსებისთვის საქმეს აადვილებს  და აუცილებელიცაა გარკვეული ჟანრულეპოქალური ჩარჩოების და მათი ამსახველი ტერმინოლოგიის არსებობა, არარსებობის შემთხვევაში კიგამოგონება და დანერგვა.

 ციფრული ტექნოლოგიების ეპოქამ, MIDI-, კომპიუტერული მუსიკალური რედაქტორების გამოჩენამ ყველა მსურველს მისცა საკუთარი მუსიკის ჩაწერის შესაძლებლობა მეტნაკლებად კომპეტენტურად აღჭურვილ საშინაო სტუდიებშიხოლო YouTube-ის და სხვა აუდიოვიდეო პლატფორმების ამოქმედებამ, პრაქტიკულადსაკუთარი მაუწყებლის შექმნა გახადა შესაძლებელი.

სწორედ ეს ახალი შესაძლებლობები იყო ახალი მუსიკალური ცხოვრების თავისებურებათა მთავარი განმაპირობებელი: ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელი გახდა ბუნებრივი თუ არაბუნებრივი ბგერების, ძველი თუ ახალი ინსტრუმენტების ჟღერადობის უმარტივესი გზებით მოხელთება და გამოყენება, ხოლო მსმენელთან კონტაქტის თვალსაზრისით კი – მუსიკა, ლეიბლების და გავლენიანი წრეების გვერდის ავლით მივიდა პირდაპირ მსმენელთან, რომელსაც შესაძლებლობა მიეცა მსოფლიოს ყველაზე მოშორებული და ეგზოტიკური კუთხეების ხმები მოესმინა

მუსიკალურ ჟურნალისტებს კი  თავზე საყრელად დაუხვავდათ ჟანრები და სტილები, რომლებსაც, ხშირად თვითონ შემსრულებლის კარნახითაცარქმევენ სახელებს, ახარისხებენ და შეძლებისდაგვარად აწესრიგებენ. თუმცა, რადგან ციფრული ტექნიკით და მუსიკით გატაცებული ახალგაზრდების რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე რეალურად მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულებისა, ბუნებრივია, ყველაფერი, რისი შექმნაც შესაძლებელია ციფრული ტექნიკის უსაზღვრო შესაძლებლობების გამოყენებითვერ ჩაითვლება მუსიკალურ შედევრებად და ვერ შექმნის ახალ ჟანრს, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული შემსრულებლები თუ საიტები და მათი მიმომხილველები ცდილობენ ამ სინჯებს, ექსპერიმენტებს ან უბრალოდ Midi კლავიატურასთან ჩხირკედელაობას  ახალი ჟანრების სახელები გამოუძებნონ, რაც ზოგჯერ ცოტა სასაცილო და აბსურდულ სახესაც იღებს, რადგან ზოგიერთი უახლესი ჟანრის ნიმუშად მოყვანილინაწარმოებისხვა არაფერია, თუ არა გაურკვეველ ბგერათა ნაკადი, რომელიც ციფრული სინთეზატორის ერთერთ კლავიშზე რამდენიმეწუთიანი თითის დაჭერით მიიღება

მარტივად რომ ვთქვათ, სურათი ასეთია: ციფრულმა ეპოქამ მოიტანა ახალი შესაძლებლობები, რასაც  თავისი დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც; სიახლე და შესაძლებლობების გაადვილება, ხელმისაწვდომობა თითქმის ყოველთვის მატყუარააერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ყველას ყველაფერი შეუძლია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, მაინც ნიჭი და შრომაა საჭირო; ახალი ჟანრები თითქოს სრულებით ახალია, მაგრამ მაინც ეფუძნება რამდენიმე ძველ ფუნდამენტურ ჟანრსროკს, ფოლკს, კლასიკას, ბლუზს, ჯაზს, რეგის, მათ ქვეჟანრებს და ჰიბრიდებს ელექტრონულ მუსიკასთან, ჰიპჰოპთან, ბალადასთან, ჰაუსთან, ტექნოსთან და .და თუ რამეს პრინციპულად ახალს მოვისმენთ, ეს, ძირითადად, არის ან რომელიმე ეგზოტიკური ქვეყნის მუსიკა, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდით, ან რომელიმე ახალი გენიოსის ხმა, რომელიც, ჩემი აზრით, კარგა ხანია, არ გვსმენია და იმედია, უახლოეს მომავალში მაინც წინ გვაქვს ეს სიხარული. 

ამ შესაძლებლობების გამოყენებით რომ ლამის სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება უკვე მეტ-ნაკლებად ხარისხიანი მუსიკის ჩაწერა და „ვარსკვლავის“ შექმნა, ამის დასტურად ბილი აილიშის მაგალითიც კმარა; მხოლოდ ახალი შესაძლებლობები რომ ვერაფერს შველის, თუ არ ახლავს სათანადო ნიჭი და შრომა, ამის მაგალითებითაც სავსეა სოციალური ქსელი და აუდიო-ვიდეო არხები; ბენჯამინ კლემენტაინის მაგალითი კი ბევრი რამის დასტურია, უპირველეს ყოვლისა – რეალურ მკაცრ ცხოვრებაში რეალური ნიჭით, საკუთარი თავით და ხელ-ფეხით გაკვალული გზისა და მყარ და საიმედო ფუნდამენტზე წამოწყებული სახლის შენებისა…

მისი ბიოგრაფიაეს არის მზა კინოსცენარი, რომელსაც არაფრის დამატება აღარ სჭირდება. რამდენიმე წლის შემდეგ, ალბათ,  გადაიღებს მასზე ფილმს რომელიმე ცნობილი რეჟისორი ან ის რეჟისორი, რომელიც ამ  ფილმით გახდება ცნობილი. აფრიკიდან, განიდან გადმოსახლებული ოჯახის ნაბოლარა, მეხუთე შვილი, რომელიც მკაცრად რელიგიურ გარემოში იზრდება ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, ედმონტონში, ჯერ ბებიასთან, შემდეგ მშობლებთან, გაივლის ყველა განსაცდელს, სკოლაში დამცირებით დაწყებული, ქუჩის უსახლკარო მუსიკოსობით გაგრძელებულიუკვე როგორი სინოფსისია ფილმისთვის!  

თუმცა ეს არის რეალური ისტორია, რომელიც 1988  წელს დაიწყო ბენჯამინ კლემენტაინის დაბადებით, დღემდე, ჩვენ თვალწინ ვითარდება და, დიდი ალბათობით, ძალიან საინტერესოდ გაგრძელდება.

როგორც მისი ბიოგრაფიული ცნობებიდან ჩანს, ის არა მარტო კარგი ფიზიკური და მუსიკალური მონაცემებით იყო დაჯილდოებული, თავიდანვე გონიერი და მოფიქრალი ბავშვი აღმოჩნდა –  სკოლაში აბუჩად აგდებას და ოჯახის მკაცრად რელიგიურ გარემოს  სამაგალითოდ კულტურული და სასარგებლო პროტესტით პასუხობდა: აცდენდა სკოლას, მიდიოდა სახლიდანაც, თუმცა არა ქუჩაში, არამედბიბლიოთეკაში, სადაც ბევრს კითხულობდა, გატაცებული იყო უილიამ ბლეიკის, ტომას ელიოტის და ქეროლ ენ დაფის ლექსებით. წიგნების და ლექსიკონების შერჩევაში ეხმარებოდა  უფროსი ძმა, ჯოზეფი, რომელიც ასევე დაინტერესებული იყო მუსიკით, მეცნიერებით და ინგლისური ლიტერატურით. ბიბლიოთეკაში ბენჯამინი ადგენდა თავის ლექსიკონებს, იწერდა იშვიათ და არქაულ სიტყვებს, იმდიდრებდა ლექსიკურ მარაგს.

როცა ბენჯამინი 11 წლის იყო, მოხდა მის ცხოვრებაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი  მოვლენამისმა ძმამ ჯოზეფმა იყიდა პიანინო. ჯოზეფი, თავისი ყოველდღიური მეცადინეობების შემდეგ, ბენჯამინს უთმობდა დროს და პიანინოს, ესაუბრებოდა მუსიკაზე, ეხმარებოდა მუსიკალური ცოდნის და გემოვნების შეძენასა და დახვეწაში. უმცროსმა ძმამ მუსიკისადმი ისეთი ძლიერი მიდრეკილება გამოავლინა, რომ მამა, რომელსაც სურდა ბენჯამინს რომელიმე საიმედო პროფესია, კერძოდ კი იურისტობა აერჩია, სერიოზულად შეშფოთდა და შვილს ინსტრუმენტთან მიახლოება აუკრძალა. თუმცა, ვინც იცის, რა არის მუსიკის სიყვარული და ყოვლად მოუთვინიერებელი და მოუსვენარი მუსიკალური ნიჭი, ის ადვილად მიხვდება, რომ არავითარ აკრძალვას აზრი არ აქვსმუსიკის ისტორიას უხვად აქვს მაგალითები, როცა ინსტრუმენტის არქონის შემთხვევაშიც კი მუსიკოსები თავის მიერვე გამოგონილ, შეკოწიწებულ ანდა სულაც დახატულ ინსტრუმენტზე სწავლობდნენ დაკვრას. ბენჯამინიც ჩუმჩუმად აგრძელებდა მეცადინეობას, ვიდრე მშობლები სამსახურში იყვნენ. რადგან მას არ ჰქონდა და ასეთ პირობებში ვერც ექნებოდა კლასიკური მუსიკალური განათლება, ის თვეობით უსმენდა რადიო Classic FM-, საიდანაც სმენით სწავლობდა სხვადასხვა კომპოზიტორების, მათ შორის, კლოდ დებიუსის და ერიკ სატის ნაწარმოებების დაკვრას. შემდგომი ხუთი წელი ის სისტემატურად უკრავს და, ამას თუ დავამატებთ მის გატაცებას პოეზიით, წიგნებით, მის მეცადინეობებს ბიბლიოთეკაში და მუშაობას სიტყვებსა და ტექსტებზე, მივიღებთ ისეთ განათლებას, როგორსაც იღებენ იშვიათები, გამორჩეულები, როგორსაც სკოლაში ძალად ნატარები ბავშვები ვერ ეზიარებიან.

16 წლის კლემენტაინს, მას შემდეგ რაც  ჩაიჭრა გამოსაშვებ გამოცდებში და მხოლოდ ინგლისური ლიტერატურა ჩააბარა წარმატებით, სერიოზული უთანხმოება მოუვიდა მშობლებთან. ის გადასახლდა კემდენთაუნში, ლონდონის ერთერთ უბანში, რომელიც ცნობილია თავისი მუსიკალური და ალტერნატიულ კულტურასთან ასოცირებული ცენტრების სიუხვით. აქ მან დაახლოებით სამი წელი გაატარა მუდმივ ფინანსურ პრობლემებში, 19 წლის ასაკში კი გაემგზავრა პარიზში, სადაც რამდენიმე წელი უკრავდა ქუჩაში, ბარებსა და მეტროში. ხშირად ქუჩაშივე ეძინა, ზოგჯერ სამზარეულოს დამლაგებლადაც მუშაობდა, ბოლოს გადავიდა ჰოსტელში მონმარტრზე, სადაც 20 ევროს იხდიდა 10-კაციან, ორიარუსიანი საწოლებით გაწყობილ ოთახშიამ პირობებში ის ახერხებს ცოტაოდენი ფულის შეგროვებასდაზიანებული გიტარის და იაფფასიანი სინთეზატორის შეძენას, თანდათან იწყებს საკუთარი კომპოზიციების შექმნას და ცდილობს ამ კომპოზიციებით თავისი პირადი ცხოვრებისეული და მუსიკალური გამოცდილება გადმოსცეს. აგრძელებს ცხოვრებას როგორც ძალიან ხელმოკლე ქუჩის მუსიკოსი, ვიდრე ერთ საღამოს არ მოხდება ის, რასაცმის უდიდებულესობა შემთხვევასეძახიან

ზოგი კრიტიკოსი წერს, რომ წარმატება უცებ და სპონტანურად მოვიდა და აქედან სულ რაღაც ორ  წელიწადში თავბრუდამხვევად განვითარდა მოვლენები, თუმცა, ჩემი აზრით, ეს იყო არა სპონტანური, არამედ ლოგიკური გაგრძელება და შედეგი მთელი იმ ცხოვრებისა, წუთების, წამების და წლებისა, რაც კლემენტაინმა გაატარა ბიბლიოთეკაში, ინსტრუმენტთან, სახლში, სკოლაში, ლონდონის კემდენთაუნში თუ პარიზის ქუჩებსა და მეტროს სადგურებში. ჩვენ ახლაც შეგვიძლია ვნახოთ  YouTube- არხზე მგზავრებისა თუ გამვლელების მიერ გადაღებული ვიდეოები, სადაც ბენჯამინ კლემენტაინი, ჯერ კიდევ უსახელო მუსიკოსი, უკვე მაღალ პროფესიონალურ დონეზე უკრავს და მღერის ბობ მარლის, მარვინ გეის და ჯონ ლეჯენდის ცნობილ ჰიტებს. ეს არის უკვე შემდგარი, სცენაზე გასაყვანი მომღერალი თავისი ვოკალით, თავის დაჭერის მანერით, ჰაბიტუსით, კულტურით და ყველა მონაცემით...

და მაინც, შემთხვევა არის შემთხვევაერთ საღამოს, კლიშის მოედანზე დაკვრის დროს მას შეამჩნევს მუსიკალური აგენტი და გააცნობს თავის მეგობარს, მატიე გაზიეს, რომელიც დროებით კლემენტაინის მენეჯერი ხდებააქედან იწყება კლემენტაინის გამოსვლები სერიოზულ საფესტივალო პროგრამებში. 2012 წელს ის გამოდის კანის ფესტივალზე, სადაც მას გაიცნობს ბიზნესმენი ლიონელ ბენზემუნი, რომელიც შესთავაზებს ლეიბლის «Behind» შექმნას, სადაც კლემენტაინს თავისი მუსიკის ჩაწერის შესაძლებლობა ექნება. თანდათან კლემენტაინი ფრანგული პრესის ყურადღებას იქცევსFrancofolies ფესტივალის შემდეგ ის მოიხსენიეს, როგორცფესტივალის ინგლისური აღმოჩენა”. იმავე წლის დეკემბერში მიიწვიეს რენის ტრანსმუსიკალურ ფესტივალზე, სადაც ის პირველად გამოვიდა დიდ სცენაზე და ზედიზედ ოთხი საღამო დაუკრა. ამის შემდეგ მან გააფორმა კონტრაქტები ხმისჩამწერ ლეიბლებთან: Capitol, Virgin EMI და Barclay.

ამ პერიოდს თვითონ კლემენტაინი იხსენებს როგორც ფოტოკადრებივით გაელვებულ დღეებს, როცა ერთმანეთს ენაცვლებოდა დაუჯერებელი სურათები, როცა ერთ დღეს შეიძლებოდა მეტროს ბაქანზე დაეკრა, მეორე დღეს კიკანის ფესტივალზე, ერთ დღეს იატაკზე ან იაფფასიანი ჰოსტელის ნარზე სძინებოდა, მეორე დღეს კი ძვირფასი სასტუმროს ნომერში.

დიდი კონტრაქტების გაფორმებამდე კლემენტაინი მუშაობდა ერთერთი ფრანგული დამოუკიდებელი ლეიბლის ტურაგენტთან და მასთან ერთად გაემართა მცირე ტურნეში, სადაც დაუკრა მონტრეს და მონრეალის ჯაზფესტივალებზე, ასევე, Eurosonicის ფესტივალზე გრონინგენში, სადაც ის podium.info აღიარებით ერთერთი ყველაზე გამორჩეული იყო. ამის შემდეგ ის მიიწვიეს 2013 წლის ჩრდილოეთის ზღვის ჯაზფესტივალზე როტერდამში, რომელშიც მან ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება. მისი თქმით, ის ჩამოსვეს როტერდამის მატარებლიდან, რადგან მას არ აღმოაჩნდა ბილეთი და არც ბილეთის ფული. მოგვიანებით თვითონ კლემენტაინი ყვებოდა, რომ როტერდამამდე ფეხით წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ქალაქი აღმოჩნდა ბევრად უფრო შორს, ვიდრე ის ვარაუდობდა. მთელი ეს ისტორია, რომ არ უჩერებდნენ გამვლელი მანქანები, რომ შუა გზაზე გაიხადა ფეხსაცმელი და ფეხშიშველმა განაგრძო გზა, რომ 10-საათიანი მოგზაურობის შემდეგ დასისხლიანებული ფეხებით შევიდა ქალაქში, მომავალში, ალბათ, რომანტიკული საბურველით და ჰოლივუდური კინოს სპეც-ეფექტებით შეიმოსება, მაგრამ ამ გზის რეალურად გასავლელად რა ძალის შემართება და სწრაფვაა საჭირო, ის ყველას რომ არ გააჩნია, დამეთანხმებით ალბათ. ასეთი ფაქტები (რომლებიც, კაცმა არ იცის, უფრო წარუმატებლობაა თუ წარმატება) მრავლადაა ბენჯამინ კლემენტაინის ბიოგრაფიაში.

კლემენტაინის პირველი მინიონი Cornerstone, რომელშიც შედიოდა სამი სტუდიური ტრეკი, გამოიცა 2013 წლის ივნისში. ოქტომბერში კი  ბიბისის ტელეშოუში “Later With Jools Holland“, კლემენტაინმა შეასრულა ამ კრებულის მთავარი კომპოზიცია Cornerstone, რომელიც მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა. ტელეშოუში ასევე მონაწილეობდნენ  პოლ მაკარტნი, Earth, Wind and Fire, გერი კლარკი უმცროსი და Arctic Monkeys. 

კლემენტაინის გამოსვლამ კრიტიკოსების ქება დაიმსახურა. თვითონ კლემენტაინი იხსენებს, რომ დერეფანში შეხვდა პოლ მაკარტნი, შეაქო და უთხრა, რომ მან უნდა გააგრძელოს თავისი მუსიკალური კარიერა. London Evening Standardის მუსიკალურმა კრიტიკოსმა დევიდ სმიტმა თავის რევიუში დაწერა, რომ კლემენტაინმა მას ნინა სიმონე მოაგონა. აწ გარდაცვლილი ენდი გილი, Independentის ცნობილი მუსიკალური კრიტიკოსი  წერდა, რომ ეს არის ახალი დროის ერთერთი ყველაზე იმედისმომცემი ტალანტი. აღტაცებული განიხილავდა მისი დაკვრის სტილს ფორტეპიანოზემის ღრმა, ძლიერ ვოკალს, მისი სიმღერების აზრს და მდიდარ წარმოსავას, მისი გამოთქმის მანერასაც კი სიმღერაში Cornerstone, სადაც მრავალგზის გამეორებული სიტყვასახლი“ (“home“) მოისმის როგორციმედი“ (“hope”), და ბოლოს ასკვნიდა, რომ ეს არის გამორჩეული და შთამბეჭდავი ახალი ხმა.

კლემენტაინის პირველი სტუდიური ალბომი At Least for Now გამოვიდა 2015 წლის 12 იანვარს. 2015 წლის თებერვალში ის უკვე იტალიის, შვეიცარიის, ბელგიის, ნიდერლანდის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის მუსიკალურ ტოპათეულებში შედიოდა. ინგლისში კი  ალბომს ძალიან პრესტიჟული  Mercury Music Prize მიანიჭეს.

ალბომმა კრიტიკოსების აღიარებაც მოიპოვა. როგორც ჯეფრი ჰაიმსმა დაწერა Washington Postში, ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი, რომ ბენჯამინ კლემენტაინმა მოიგო 2015 წლის მერკურის პრემია. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის, რომ ალბომი არ ჰგავს არაფერ სხვას  პოპმუსიკაში. ერთერთი შედარება ასეთი იყო: „თითქოს ნინა სიმონე მღერის ლეონარდ კოენის სიმღერებს“. კრიტიკოსები განიხილავენ მის ტექსტებს, ფორტეპიანოზე შესრულების მანერას, რაც რეი ჩარლზსაც აგონებთ, აღიარებენ ახალი ტალანტის დაბადებას, აფასებენ ვარსკვლავებით, რაც, საბოლოო ჯამში, ალბომს უქმნის 100-დან 75-ქულიან რეიტინგს

ალბომის ოფიციალურ ჟანრებად მითითებულიაროკოპერა, მხატვრული დეკლამაცია, კლასიკა, ჩამბერ პოპი, არტ პოპი. თუ გავითვალისწინებთ თითოეული ამ ჟანრის მოცულობას, ჰიბრიდულობის სპეციფიკას, მახასიათებლებს და .. მივხვდებით, რომ მართლაც ძალიან პირობითია  ჟანრების საზღვრების დევნა, უბრალოდ, ეს არის კონკრეტული მუსიკოსის კონკრეტული მუსიკალური პროდუქტი, რომელსაც თუ მოგწონს, მოუსმენ, თუ არა და, გამორთავვერავითარი ჟანრობრივი კუთვნილება ვერ გაიძულებს სხვაგვარად მოიქცე.

არანაკლებ პოპულარული გახდა კლემენტაინის იმიჯისცენაზე ის  გამოდის  შავი ან მუქი ფერის გრძელი ლაბადით, პერანგის გარეშე, ფეხშიშველი. მისი დამახასიათებელი გარეგნობასიმაღლე (196 სმ.) და ჩაცმის სტილი უკვე ისეთივე ყურადღების ცენტრშია, როგორც მისი არტი. მას თანამშრომლობას სთავაზობს დიზაინერი ქრისთოფერ ბეილი. 2014 წლის 17 ივნისს კლემენტაინმა ცოცხლად შეასრულა სამი სიმღერა Burberry მამაკაცის ტანსაცმლის ჩვენებაზე. 2015 წლის მარტში Financial Timesმა კლემენტაინი 50 ყველაზე გემოვნებით ჩაცმულთა  სიაში შეიყვანა. 2016 წელს ის კვლავ გამოვიდა Burberryის მამაკაცის ტანსაცმლის ჩვენებაზე. აპრილში კი მისი სიმღერა “I Won’t Complain” აირჩიეს კონკურსისთვისმისტერ რეკლამა Burberry“, რომელიც ოსკაროსანმა რეჟისორმა სტივ მაკქუინმა გადაიღო.

მეორე ალბომი I Tell a Fly 2017 წლის 29 სექტემბერს გამოვიდა. პირველი ალბომის წარმატების შემდეგ ის ნიუიორკში გაემგზავრა და, როგორც თვითონ ამბობს, მის ვიზაში ფრომულირებამ: „უცხოელი ექსტრაორდინარული მონაცემებითუკარნახა მეორე ალბომის იდეა. I Tell a Fly ზოგიერთმა კრიტიკოსმა შეაფასა, როგორც  როკოპერა მკაფიოდ გამოკვეთილი კულიმინაციით და თხრობის მანერით, რომელიც გვიამბობს გაუცხოებულ და მოხეტიალე ადამიანების ცხოვრებაზე, როგორიც იყო თვითონ კლემენტაინის ყოველდღიურობაეს ალბომი წაროადგენს ერთგვარ მუსიკალურ მოგზაურობას საფორტეპიანო  სონატით დაწყებული, ერიკ სატით და მორის რაველით გაგრძელებული და დასრულებული საოცარი აფრიკული ვოკალიზით. ხოლო ალბომის ბოლო კომპოზიცია Ave Dreamer მიგვანიშნებს, რომ ის ეძღვნება არა მხოლოდ მათ, ვინც ქვეყნების საზღვრებს გადალახავს უკეთესი ცხოვრების ძიებაში, არამედ მათაც, ვინც უფერული ცხოვრებისგან გარბის და თავს აფარებს ოცნების და შემოქმედების სამყაროს. ზოგი მას უწოდებდა არტ-პოპ ალბომს, ზოგი ექსპერიმენტულ როკს, რომელიც გაჯერებულია შანსონით და ელექტრონული მუსიკით, თუმცა ალბომის ოფიციალურ ჟანრებად კვლავ მითითებულია ისეთი ჰიბრიდული და მრავალწახნაგოვანი ფორმები, როგორებიცაა ავანგარდიექსპერიმენტული პოპი, თანამედროვე კლასიკური მუსიკა, რაც თავის მხრივ, მუსიკალური ქვეჟანრების ფართო სპექტრს მოიცავს

მეორე ალბომის მთავარი სინგლში  Phantom of Aleppoville ავტორმა ერთდროულად პირადი და პოლიტიკური პოზიციები სკოლაში შევიწროებასა და სირიაში ომთან დაკავშირებით ერთად გადმოსცა, როგორც ერთი დიდი შიშის გამომხატველი მუსიკალური ნაკადი.

თვითონ კლემენტაინმა თავისი დამოკიდებულება ჟანრებისა და პოპმუსიკისადმი ასე გამოხატა ერთერთ ინტერვიუში, როცა მას ჰკითხეს მის შემოქმედებაში კლასიკისა დაძველი სკოლისგავლენების შესახებ:

მე არ ვთვლი, რომ კლასიკაეს არის რეტრო ანძველი სკოლა“. ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც განასხვავებენ კლასიკას თანამედროვე მუსიკისაგან, ეს არისცოცხალითუ არა მისი ავტორი. მაგალითად, ხვალ რომ მოკვდეს დეიმონ ალბარნი, მისი შემოქმედება აღარ იქნება თანამედროვე? მე არ ვფიქრობ, რომ 100 წლის წინ დაწერილი მუსიკა, ესძველი სკოლაა“. ვიდრე ჩვენ მას ვუსმენთ, ის თანამედროვეა. ახლანდელი პოპმუსიკის  პრობლემა კი ისაა, რომ ხშირად მას თავს გვახვევენ. და მე არ მაინტერესებს იმის მოსმენა, რასაც თავს მახვევს რაღაც მანქანა, რომელიც ხალხს ასულელებს და იმონებს“.

თუნდაც ამ პასუხიდან კარგად ჩანს, რომ კლემენტაინს უფრო მეტად უღირს თავისი პიროვნული თავისუფლება, ვიდრე ალბომის კომერციული წარმატება.

არცერთი არტისტი არაა ბოლომდე თავისუფალი. ჯერჯერობით გამომდის იმის კეთება, რაც მე მინდა. ეჭვი მეპარება ამ ალბომის კომერციულ წარმატებაში, არა ლეიბლის გამო, არამედ პუბლიკის გამო. ისეთ ალბომებს, როგორებსაც ახლა ყდულობენ, ვფიქრობ, ვერასოდეს გამოვცემ. უმეტესად ეს მოსაწყენი და, უბრალოდ, უტვინო მუსიკაა“.

მაგრამ სცენაზე მისი ეს სკეფსისი და გაუცხოება ქრება. ის თავისი მაგნეტიზმით და ენერგიით ანგრევს ყველა ბარიერს  მსმენელთან და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, სად უკრავსმეტროში, კარნეგიჰოლში თუ Burberry- ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე, უღრმესი ბარიტონიდან გამკივან ფალცეტამდე, ნახევრად ჩურჩულიდან ყვირილამდე მოულოდნელი ეფექტებით და პაუზებით გარდამავალი  მისი ხმა იპყრობს ყველა სივრცეს და არავის ტოვებს გულგრილს ცოცხალი შესრულების დროს. მის ხმაზე წერენ:  „ეს ამაღელვებელი, მგრძნობიარე ტენორი ისე ჟღერს,თითქოს ის სხვა სამყაროდანაა“ (The New York Times, დევიდ ბირნი).

კლემენტაინი თვითნასწავლი მულტიინსტრუმენტალისტია და თავის სტუდიურ ჩანაწერებში ინსტრუმენტების უმრავლესობაზე თვითონვე უკრავს

მასზე ძირითადად გავლენა მოახდინეს ისეთმა მწერლებმა და პოეტებმა, როგორებიც არიან სილვია პლათი, უილიამ ბლეიკიკეროლ ენ დაფი, ჯეიმს ბოლდუინი, კლაივ ლუისი

პარიზში ცხოვრების დროს ის გაეცნო ფრანგ პოეტებსშარლ ბოდლერსპოლ ვერლენს და არტურ რემბოს, ასევე, მომღერალ პოეტებსლეო ფერეს, ჟორჟ ბრასენსს, ჟაკ ბრელს და შარლ აზნავურს, რომელთან ერთადაც მან ჩაწერა სიმღერა «You must to learn“. 

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიმღერის ტექსტებს. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ მან გაოცება გამოხატა იმის გამო რომ, ბრიტანული სიმღერების ტექსტებში გაცილებით ნაკლები აზრი და კონცეფციაა, ვიდრე ფრანგულ ლექსებში. The Guardian-ის ტიმ ლუისთან ინტერვიუში მან თქვა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთში, იმიტომ რომ იქ მსმენელი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს იმას, თუ რას ამბობს მომღერალი და რის გამოხატვას ცდილობს“.

2017 წელს ბენჟამინ კლემენტაინმა მონაწილეობა მიიღო ცნობილი ჯგუფის Gorillaz სიმღერის და კლიპის  “Hallelujah Money” ჩაწერაში

სიმღერა გამოვიდა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინა დღეს და ჯგუფის დისკოგრაფიაში ერთერთი ყველაზე უცნაური და პირქუში კომპოზიცია აღმოჩნდა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმღერაა, მაგრამ, მე მგონი, არავის მოეწონა. არა  უშავს“ – ყველაფერს მშვიდად ხვდება კლემენტაინი.

2020 წლის თებერვალში მან და ფლო მორისმა ერთობლივი ალბომის გამოცემა დააანონსეს.

ალბომის დეტალები მათ არ დაუზუსტებიათ, თუმცა დუეტმა სახელწოდებით The Clementines თავისი პირველი სინგლი Calm Down უკვე გამოაქვეყნა.

ცნობისათვის: ფლო მორისი ბრიტანელი მომღერალი, გიტარისტი და ავტორი, ბენჯამინ კლემენტაინის ცოლია. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

ბოლოს მინდა ისიც ვთქვა, რომ ამ სტატიის მიზანი ქართველი მკითხველისთვის ბენჯამინ კლემენტაინის გაცნობა, ხოლო ნაცნობებისთვის კიდევ ერთხელ შეხსენებაა – ის ამას ნამდვილად იმსახურებს. რაც შეეხება პირადად ჩემს დამოკიდებულებას მისი მუსიკისადმი, ვერ ვიტყვი, რომ ასეთი მუსიკის ან კლემენტაინის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ერთ ჩემს მეგობარ მუსიკოსს, რომელიც უკრავს და უსმენს კლასიკურ როკს, გრანჟს და ალტერნატივას, მოვასმენინე კლემენტაინის  Phantom Of Aleppoville. მალევე გამომართვევინა და თქვა, რომ ამის ბოლომდე მომსმენი პირდაპირ სამოთხეში მოხვდება ამქვეყნად გავლილი ტანჯვისთვის. მისი ეს ხუმრობა ჩემთვის უფრო გასაგებია, ვიდრე იმ მსმენელის მოთმინება, ვინც ყოველთვის ბოლომდე უსმენს ყველაფერს. ბევრის გადამტანი კლემენტაინი ჩვენს ამ დამოკიდებულებასაც ისევე მშვიდად გადაიტანს, როგორც შექსპირმა გადაიტანა ის, რომ კლემენტაინს არ უყვარდა შექსპირი. ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ გადაფასდება, იმედია, ბენჯამინ კლემენტაინის ქართული ვიკიპედიაც მალე შეიქმნება, ერთი რამ კი ცხადია: გზა, რომელიც გაიარა ამ მუსიკოსმა, იმსახურებს და იწვევს პატივისცემას და აღტაცებას; ეს არ არის მუსიკოსი, რომელიც გამზადებული სემპლების, ლუპების და ეფექტების იმედად არის, რომელსაც დენს გამოურთავენ და განიარაღდება. ის შეიარაღებულია საკუთარი თავით, ნიჭით და გამოცდილებით, რაც მას საშუალებას აძლევს მყარად და საიმედოდ დადგას თავისი სახლი მუსიკის და ლიტერატურის სამყაროში. მისი უკვე არსებული ლექსები და მუსიკალური ნაწარმოებები უფრო ვრცელ და დაწვრილებით განხილვას იმსახურებს, რასაც მომავალში, ალბათ ჩემზე უკეთესადაც, სხვები გააკეთებენ.

თემები