მიახლოება საკუთარ თავთან ანუ ორი მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოსაჩენად
მიხო მოსულიშვილი

(ესეი, დასაფიქრებელი გადახვევებითა და ასეთივე გადმოხვევებით)

„მოდით, ძმანო, წამომყევით,

სხვა ქვეყანას გადავიდეთ.

სხვა ერსა და სხვა სიცოცხლეს

სხვა ცხოვრებას მოვეკიდნეთ,

სოფლით სოფელს მოვუძახოთ,

ძმურად ერთად შევიკრიბნეთ,

ერთად ვხნათ და ერთად ვთესოთ,

ერთ ბილიკზედ გავივლიდეთ,

და გასაჭირს ადგილასა

შემწეობით ამოვიდეთ“.

ვაჟა-ფშაველა – „თხოვნა“, 1877 წელი

ჩვენს ქვეცნობიერში სახიფათოდ არსებული შორეულის და უცხოს ჯერ ცნობისწადილით და მერე კი რატომღაც მონატრებით იწყება ხოლმე ლტოლვა მოგზაურობისკენ, თითქოს შორეული სივრცეები გიხმობენო. ესაა ადამიანის მისწრაფება, გამოეთხოვოს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ურთიერთობებს და გამოიკვლიოს სამყარო.

მოგზაურობებისკენ სწრაფვა სახლის მონატრების სრულიად საპირისპირო, ოპოზიციური გრძნობაა და შეპყრობა იცის ხოლმე, – იმისი ჟინი თუ აგიტანს, ძნელად რომ დაეხსნა და ყურადღება აღარ მიაქციო ან სხვა გრძნობით ჩაანაცვლო.

მოგზაურობისკენ სწრაფვის ალტერნატიული სიტყვაა „გედის, ანდა წეროს გრძნობა“, ხეტიალის ინსტინქტი, თუ გნებავთ მიგრაციული შფოთვა, რაც უფრო ცხოველთა სამყაროსთვის არის დამახასიათებელი.

ხოლო მოგზაურობისკენ ლტოლვა კი ადამიანურია. 

მართლაც და, რა სჯობია, რომ იმოგზაურებ, შორეულ ადგილებს ნახავ და გაიმდიდრებ საკუთარ თავს…

მაგრამ ეს საკუთარი თავი დიდ ოხერი ვინმეა, დაეჭვება სჩვევია ხოლმე და ერთხელაც გეტყვის, რომ ყველაზე შორეული ადგილები ეგება დედამიწაზე არც არის და არც სამყაროშიაო.

აბა, სადააო? – კითხვაც აღარ უნდა, ისე დასძენს:

ყველაზე შორეული და გამოუკვლეველი ადგილები, ანუ „თეთრი წერტილები“ საკუთარ სულშია მოსაძიებელიო. 

დასტურ! – ყველაზე საინტერესო ის მოგზაურობაა ხოლმე, რომლითაც ადამიანის შინაგნი სულიერი ორიენტირი უნდა გამოჩნდეს, გამოიძერწოს, მოინიშნოს და კაცობრიობას იქითკენ მიმავალი გზა უჩვენო. გზა რომ ეცოდინება, იოლად მივა იქამდე, ისიც ნახავს და, მერე და მერე ის ადგილები იქნებ იდეალებადაც იქცნენ, საითაც წასვლა თუ ვერა, წასვლის სურვილიც კი გვიღირს და გვეძვირფასება ხოლმე…

***

1888 წლის 13 და 14 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ 262-ე და 263-ე ნომრებში გაგრძელებით დაბეჭდილი პოემით „ალუდა ქეთელაური“ დაიწყებს ოცდაექვსი წლის ვაჟა-ფშაველა ადამიანის სულის შორეულ მხარეებში მოგზაურობას და, როგორც თანამედროვეთა გამოხმაურებით მიხვდება (ამ შემთხვევაში ილია ჭავჭავაძის სახელის მოხსენიებაც სრულიად საკმარისია), ძალზე წარმატებულ მოგზაურობას, მერე ამგვარი მოგზაურობის ჟინი აიტანს და მთელ დარჩენილ ცხოვრებას ამ საქმიანობას შესწირავს.

მოგზაურობის ჟინით შეპყრობილი კაცია, აბა, მაშ, ვინ არის? დასტურად ვიხილოთ იმის თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებული და გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში“ დაბეჭდილი 1964 წელს. სწორედ ამ ათ ტომშია  მოქცეული მისი პოემები, ლექსები, მოთხრობები, პიესები და პუბლიცისტური წერილები, რაც ამ მოგზაურობების ანგარიშებადაც შეიძლება ჩაითვალოს.

რაკიღა ამ ერთობ ვრცელ მასალას ჩვენი ესეი ვერ გასწვდება, მოდით, მხოლოდ პირველ და ბოლო პოემებზე ვთქვათ, რომელთგან პირველი უკვე ვახსენეთ…

სწორედ თავის ამ პირველ პოემაში – „ალუდა ქეთელაური“ – ავტორი იკვლევს იმას, რომ შესაძლებელია თუ არა, შევიყვაროთ მტერი ჩვენი, ანუ როგორც მახარებელი მათე (5, 44) იტყვის:

„ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ“.

სხარტად და სახელდახელოდ რომ შევიხსენოთ ეს პოემა, ამგვარ სინოპსისს მივიღებთ:

პირველი თავი – კვანძის შეკვრა – შატილს მოვიდა მაცნე, რომ ქისტებს ცხენები გაუტაცნიათ და მათ შორის ალუდა ქეთელაურისაც.

განვითარება – თოფის სროლით შერკინება.

ალუდა იარაღს არ აჰყრის და არც მარჯვენას მოაჭრის მოკლულ მუცალს, რადგან ის ვაჟკაცი გამოდგა.

მეორე თავი – შატილში მისული ამბავს ჰყვება „ცდისასა“ და მტრის „ცხონებულად“ მოხსენიებით გააოცებს, „ტყემლად გადააქცევს“ თავისიანებს. 

ალუდას მეგობარი, მინდია წავა ამბის გასაგებად.

მესამე თავიალუდას შინაგანი მდგომარეობის კულმინაცია – ავ სიზმარს სინჯავს ალუდა, – კაცის წვნიანის ხორცს ჭამს და მუცალიც გამოეცხადება.

მეოთხე თავი – დილით მინდია დაბრუნდება – ჩუმად მოუჭრია ხელი მკვდარი მუცალისთვის. ვერ გიქნია კარგი, მინდიაო, – ალუდა ეტყვის, – კიდეც მოვკლავ მტერს და კიდეც არ მოვჭრი მარჯვენას, რად მიწყრებიან ხევსურებიო.

გუდანის ჯვარში კურატს მიიყვანს ალუდა, მაგრამ ხევისბერი ბერდია არ შეუწირავს, – გონს მოდი, ქრისტიანი ხარ, ურჯულოვდები მაგითაო.

მეხუთე თავიამბის კულმინაცია – გაბრაზებული ალუდა თავის ფრანგულს დაუქნევს კურატს და მოზვრის თავი ძირს დაგორდება.

კვანძის გახსნა – გუდანის ჯვრის ხევისბერი ალუდასგან მოზვრის შეწირვას რჯულის აგდებად მიიჩნევს და საყმოს მოუწოდებს, სახლ-კარი დავურბიოთ და მოვიკვეთოთ თემიდანო.

მეექვს თავიფინალი – თოვლით შეკრულ მთის ბილიკზე, მგლების ყმუილში მიდის თემისგან მოკვეთილი ალუდა თავისი ოჯახიანად, თანაც ქალებს დაუშლის ავ ლაპარაკს, – ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ დასწყევლითო.

როგორც დავინახეთ, მუცალის ვაჟკაცური შებრძოლება და სიკვდილი ხდება წინაპირობა იმისა, რომ ალუდა სინანულში ჩავარდეს და ახალი რჯულის დამდგენელი ქრისტეს მცნებისკენ დაიწყოს ძალუმი მოძრაობა: შეიყვარეთ მტერნი თქვენნი…

ძველი, მოსეს რჯულის დამცველ შატილის საზოგადოებაში, რაც ქრისტიანობად შეცდომით მიაჩნია ხევისბერსაც და თემსაც, მხოლოდ ალუდამ გადადგა ქრისტიანული ნაბიჯი მართალია, უკვე მოკლული, მაგრამ მაინც მტრის შეცოდებით, რასაც სინანული და მერე შეყვარება უნდა მოჰყვეს.

ეს გმირული ნაბიჯი გაუგებარი დარჩება თემში, რადგან ახალი რჯულის კაცს სათანადო მოქადაგე ესაჭიროება, თუ თავად არ არის ასეთი, – სხვა რჯულის მომტანი იყო ებრაელებისათვის მოსე, მაგრამ უფალმა აარონი დაუდგინა ხალხთან მოლაპარაკედ, ანუ, ხალხთან კიდევ სხვანაირი ქადაგებაა საჭირო ახალი რჯულის დასანერგად და არა ისეთი გაფიცხება, რომ ხევისბერის მაგივრად განრისხებულმა ალუდამ თავად დაკლას სამსხვერპლო კურატი. სახლ-კარის დარბევაც და თემიდან მოკვეთაც ამის შედეგია.

არც ჯვარს და არც თემს არ უპირისპირდება ალუდა ქეთელაური, – ვაჟა-ფშაველას ნებისმიერი გმირისთვის გამორიცხულია „რევოლუციონერობა“ – ძველის სრული განადგურების გზით საეჭვო სიახლის ძალადობრივი მოტანა.

ალუდასაც და ვაჟა-ფშაველას სხვა გმირებსაც ის მიზანი ამოძრავებთ, რომ თავიანთი თანადროული საზოგადოება ძველის შენარჩუნებით და მისი თანდათან გარდაქმნით უკეთესობისკენ შეცვალონ.

***

პირველი გადახვევა:

თავად ვაჟაც რომ მოიკვეთეს…

„ალუდა ქეთელაური“ ამერიკელი მწერლის, რიჩარდ ბახის მოთხრობის, „თოლია ჯონათან ლივინგსტონის“ მთავარ გმირს მაგონებს, რომელიც ასევე მოიკვეთეს თოლიებმა თავიანთი გუნდიდან, რადგან ჯონათან ლივინგსტონი სხვა თოლიებივით კი არა, თავისებურად დაფრინავდა… 

ამიტომაც განსაკუთრებით უყვარს ალუდა როგორც წიგნის, ისე ინტერნეტის მკითხველსაც და ისეთ მსჯელობასაც ხშირად გადაეყრება კაცი ქართულ ვებ-გვერდებზე, ლამის უახლოეს მეგობრად რომ მოიხსენიებენ ხოლმე ალუდა ქეთელაურს, – პერსონაჟს, რომელიც ოცდაექვსი წლის ვაჟა-ფშაველამ შექმნა თავისი დავლათიანი კალმით და შექმნა სწორედ მას შემდეგ, რაც სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებლობიდან თავადაც მოკვეთილი აღმოჩნდა…

***

სანამ უკვე მოწიფულ, ოცდაცხრამეტი წლის ვაჟა-ფშაველასთან ერთად მეორე მოგზაურობას შევუდგებოდეთ, მანამდე ერთგვარი მომზადება გვესაჭიროება, ამიტომაც თემიდან გადახვევ-გადმოხვევები ქვემოთ მოიმატებს, – ეს თითქოსაა გადახვევ-გადმოხვევები, თორემ ისე, აუცილებელია, მერე უკეთ რომ გავიგოთ მეორე მოგზაურობის არსი…

***

პირველივე გადმოხვევა:

ფუძის გველები ხატის იფნის ძირში, ანუ ჯვარჩენა

ჩარგალში, ვაჟას სახლიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, ჭიჭახევის გადაღმა, სასმელი წყაროს თავზე განმარტოებით იდგა ერთი იფნის ხე.

ძველი გადმოცემით, ეს იფანი ხატისა ყოფილა.

ხევისბერები ამბობდნენ, რომ ამ იფანზე ხატხევიდან მომავალი ანგელოზი კოჭს იკიდებს და მერე ლაშარისაკენ მიდისო.

ხატხევი არის ჩარგლის ზემოთ მდებარე საშუბის მთის გადაღმა, ივრის ხეობაში და იქიდან ლაშარის სალოცავამდე არის გაბმული ოქროს შიბი. ეს ოქროს შიბი გადაივლის ჩარგლის იფნის კენწეროზე, სადაც ანგელოზი ისვენებს ხოლმეო, ანუ „კოჭს იკიდებსო“.

ვაჟამ ამ იფანს ქვის ყორე შემოავლო, რომლის შიგნით საქონელი ედგა ხოლმე ზაფხულობით.

ხატის იფნის ქვეშ ორი დიდი გველი ცხოვრობდა, საქონელს არ ერჩოდნენ, ჩამოვიდოდნენ, წყალს დალევდნენ და ისევ იფანს დაუბრუნდებოდნენ ხოლმე სადარაჯოდ.

ზაფხულის ერთ დღეს დარწყულებული გველი ზლაზვნით ადიოდა უკან, იფნისკენ.

ჭიჭახევის გამოღმიდან დაინახა ეს გველი ლევანმა, ვაჟას შვილმა და თოფი ესროლა. 

ის გველი მოკვდა.

მაგრამ თავისი ტოლი ხომ დარჩა, რომელმაც იმავ ღამით ვაჟას ძროხებს, ორ მეწველ ფურს ძუძუებზე უკბინა.

ფურები მეორე დღესვე დაიხოცნენ.

ამის მერე ჩარგლელები ამბობდნენ, რომ ის მეორე გველი ისევ იმ იფანს სდარაჯობს, არავის ერჩის, – ფუძის ანგელოზიაო.

იცოდნენ ფუძის ანგელოზის ლოცვებიც, რომელსაც იმ შემთხვევაში კითხულობდნენ, თუ სახლში გველს ნახავდნენ, თან რძიან ჯამსაც დაუდგამდნენ ხოლმე. 

ფშავ-ხევსურეთში გავრცელებული ანდრეზების მიხედვით, თუ კერიაში ხე ამოვა ან გველი დაიდებს ბინას, ეს უფლისგან მოსული ანგელოზის სახესხვაობებია. ამიტომ არც ამ ხის მოჭრა შეიძლება და არც თავად გველის მოკვლა. თუ გველი სახლში გამოჩნდა, ესე იგი, ფუძის ანგელოზი იქ თავის კუთვნილ ადგილს ითხოვს. ამ დროს ოჯახი ან შეეგუება ფუძის ანგელოზს, – დოვლათს მოგვიტანსო, ანდა სახლს მიატოვებს ხოლმე. 

მთაში ფუძის ანგელოზს ბავშვებსაც კი უტოვებდნენ საყარაულოდ, – ამასთან უფრო უსაფრთხოდ იქნებაო… 

ავისმომასწავებელი იყო იმ გველის მოკვლა და საქართველოში შემოსულმა ბოლშევიკებმა აკი დახვრიტეს კიდეც ლევან რაზიკაშვილი…

***

მეორე გადახვევა:

„ანგელოზო, ყუდრო კარის დამჭერო…“

ოჯახის მფარველი – ფუძის ანგელოზი სახლში ცხოვრობდა, უფრო ზუსტად, კერიასთან (ეს იყო მიწაში ამოღებული თასისმაგვარი ორმო, ზედ დაშვებული საკიდლიანი ჯაჭვით). კერაში დანთებული ცეცხლი წმინდა იყო, ბარაქა ჰქონდა, შინიდან იმისი გატანა არ იქნებოდა.

ფუძის ანგელოზი უპირატესად ცოცხალ არსებად ჰყავდათ წარმოდგენილი, სვანეთში მას ერქვა „მეზირი“. მესტიაში ჰყავდათ თეთრი გველი, ოჯახის „თვალილდ“ (ნატვრის თვალი), რომელიც მუდამ კერასთან იყო. გველი ოჯახის მფარველი სულის, კერიის ანგელოზის განსახიერება იყო. 

სამეგრელოში ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ, დიდმარხვის დადგომამდე ატარებდნენ „ნერჩი ხვამის“ (ფუძის ლოცვის) ანდა „ნერჩი პატენის“ (ფუძის ბატონის) ლოცვას. 

ხევსურები სახლის ანგელოზს სხვაგვარად „ყუდროს ანგელოზსაც“ უწოდებენ. ყოველი ხევსური ქალი დაწოლის წინ უსათუოდ ლოცულობდა: „კეზის წვერის ანგელოზო, სახლის ანგელოზო, ყუდრო კარის დამჭერო, გვიშველე“. ფუძის ანგელოზის სახელობაზე კეცეულსაც აცხობდნენ ხოლმე.

ფუძის ანგელოზის კულტში ერთ-ერთი ძველისძველ და პარადიგმული მინიშნებაა გველის სახით მისი განსხეულება-მოვლინება. კერაში ამოსული ხისა და ზედ შემორკალული გველის მითოლოგემა შორეულზე შორეული დროიდან მოდის, როგორც მომდევნო გადმოხვევაში გამოირკვევა…

***

მეორე გადმოხვევა:

კვერთზე შემოხვეული გველი (გველები), ანუ საიდან მოდის მედიცინის სიმბოლო?

მედიცინის სიმბოლო, კვერთხზე შემოხვეული გველი, როგორც გვასწავლეს, ძველი ბერძნული მითოლოგიიდან არის, უკავშირდება მკურნალობის ღვთაებას, აპოლონის შვილს, ასკლეპიოსს. ასკლეპიოსის კულტი, რომლის ცენტრი იყო ეპიდავროსი, განსაკუთრებით გავრცელდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნიდან, ხოლო იმავე წელთაღრიცხვის მესამე საუკუნიდან ეს კულტი გავრცელდა რომშიც, სადაც ასკლეპიოსს ეკულაპიუსი დაარქვეს. ასკლეპიოსის სამლოცველოები იგივე სამკურნალო ადგილები იყო… 

ასკლეპიოსის ატრიბუტია კვერთხზე შემოხვეული საღვთო გველი. 

ამ კვერთხზე შემოხვეულ საღვთო გველს ჩვენს მედეასთანაც ვნახულობთ ხოლმე და ისიც ივარაუდება, რომ საერთოდ, სიტყვა მედიცინა მედეადან უნდა მოდიოდეს…

მაგრამ…

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ლუვრში მდებარეობს სახელგანთქმული მწვანე სტეატიტის (ფრანგულიდან: Stéatite – ტალკოქლორიტი, იგივე საპნის ქვა,  მეტამორფული წარმოშობის მთის ქანი)  ვაზა, შექმნილი შუმერის ერთ-ერთი ქალაქის, ლაგაშის  მმართველის გუდეასთვის, ამგვარი მიძღვნითი წარწერით: „ღვთაება ნინგიშზიდას, მის ღმერთს, გუდეასას, ლაგაშის ენსისა (მმართველისა), ვინაც თავისი ცხოვრების დღეგრძელობისათვის უძღვნა ეს“. 

ამ შეწირული ვაზაზე ორი დრაკონი, მუშჰუშშუ და ბალი დგანან, მათ შუაში ორი გველი შემოხვეულა კადუცეუსს, იგივე კვერთხს, რომელიც ინტერპრეტირებულია, როგორც თავად ღვთაება ნინგიშზიდა (Ningishzida).

ასევე შემორჩენილია გუდეას ცილინდრული საბეჭდავიც, სადაც ნინგიშზიდას, რომელიც საცნაურია მხრებიდან ამოსული ორი რქიანი გველით, ხელი ჩაუკიდია გუდეასთვის და ტახტზე მორჭმით მჯდომარე ღმერთისკენ, ენქისკენ მიჰყავს…

ნინგიშზიდას ხთონუტი ბუნება ასახულია მისსავე ტიტულში (giš)gu-za-lá-kur-ra, რაც ითარგმნება როგორც „მიწისქვეშა სამყაროს ტახტის მატარებელი“, და პედუსთან, მიწისქვეშა სამეფოს მთავარ მეკარესთან ერთად, სწორედ იგი დგას მიწისქვეშა სამყაროს შესასვლელში. 

ცნობილი შუმეროლოგი ტორკილდ იაკობსენი სიტყვას Nin-g̃iš-zid-da თარგმნის, როგორც „კეთილი ხის მბრძანებელს“. ამ კეთილ ხედ დასახელდა ვაზის ლერწი, რაკიღა ურის ტექსტებში ნინგიშზიდა დაკავშირბეულია „ღვინის სახლთან“ (é-ĝeštin), სხვა ადგილზე ლუდის ღვთაება სირიშთან და ლუდის ქალღვთაება ნინკასისთან. ამას გარდა, იგი არის „თავადი მედუქნეებისა“. ის, აგრეთვე, მოხსენიებულია, როგორც გველი „მუშ-მაჰ“ (muš-mah), და როგორც ასეთი, ასოცირდება ჰიდრას თანავარსკვლავედთან. ნინგიშზიდა ეშმაკი და გამოუცნობი მეომარია, და სწორედ ის არის ქალაქ ურის სამხედრო გუბერნატორი. ღმერთების სიაში ისაა „დიდების მეომარი“, მისი სიმბოლოა ნამგლისებური მახვილი პაშტუ (pāštu).

როგორც შუმერული და აქადური მითები ამბობენ, ნინგიშზიდა მოგზაურობს მიწისქვეშა სამეფოში მცენარეულობის კვდომის დროს (მესოპოტამიაში შუა ზაფხული – შუა ზამთარია). 

ნინგიშზიდას სამყოფელი ჯერ იყო ქალაქ გიშბანდაში, რომელიც ქალაქ ურიდან ევფრატის დინების საწინააღმდეგოდაა, კი-აბრიგის მახლობლად. ამ ქალქში ნინგიშზიდას ტაძარს ერქვა „ტირილის მთა“. მერე მისი კულტი ქალაქ ურში გადაიტანეს, სადაც მას ჰქონდა სამლოცველო ნანნას ტაძარში და მერე საკუთარი ტაძარი „მართლმსაჯულების სახლი“, სადაც მართალი სამართალი განისჯებოდა. ასევე, ქალაქ ლაგაშს ჰქონდა ტაძარი, მიძღვნილი ნინგიშზიდასადმი; როგორც უკვე ითქვა, ლაგაშის პატესი (იგივე ენსი, ქალაქის მმართველი) გუდეა ამ ღვთაების მიმდევარი იყო და სწორედ მან აუშენა ახალი ტაძარი ნინგიშზიდას, შემკული ამ ღვთაების ქანდაკებებით…

მოკლედ, ღვთაება ნინგიშზიდა პირველად ჩნდება ღმერთ ფარას სიაში მესამე პერიოდის ადრეული დინასტიის ხანაში (2600 – 2350 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე), ანუ ძველბერძნულ ღვთაება ასკელპიოსზე ოცი თუ ოცდასამი საუკუნით ადრე…

***

მესამე გადახვევა:

ქაჯეთი და ქაჯავეთი

აქ უნდა გავიხსენოთ „გილგამეშიანი – ბაბილონური ეპოსი მესამე ათასწლეულისა ქრისტეს წინ“, რომელიც შუმერულიდან თარგმნა მიხაკო წერეთელმა, სახელდობრ კი ერთი მონაკვეთი „კარი მეშვიდედან“:

„გილგამეშ, მეგობარო ჩემო, სიზმრები ვიხილე წუხელ:

ცამ იგრიალა, მიწამაც მიუგო.

მარტო ვიყავ ბნელ ღამეში.

ერთი კაცი დავინახე, შავის სახისა…

საშინელი იყო პირი მისი;

მისი ფრჩხილები არწივის ბრჭყალები იყო…

ფრინველის ფრთები მომაბა მხრებზედ:

„წამომყევ, წამომყევ სიბნელის სახლში, ირკალას

სავანეში, 

იმ სახლში, რომელს აღარ სტოვებენ, ვინც შიგ შედიან, 

იმ გზით, რომლის სასრბოლი არ შებრუნდების,

იმ სახლში, რომლის მცხოვრებთ არ აქვთ ნათელი, 

სადა მტვერია საჭმელი მათი, მიწა – საკვები მათი. 

სამოსი მათი ფრთოსანის სამოსს ემსგავსება, –

ფრთის სამოსია,

და ნათელს ვერა ჰხედავენ, ბნელში რომ

ცხოვრობენ“.

მტვერის სასახლეში, სადა მე შეველ, ჰყრიან ძირს

სკიპტრანი,

დახრილ არიან დაბლა გვირგვინნი: იქა ცხოვრობენ

ხელმწიფენი, უძველესსა დროს რომ მეფობდნენ ამ ქვეყანაზედ… 

მტვერის სასახლეში, სადა მე შეველ,

ცხოვრობენ მღვდელთ-მთავარნი და მღვდელნი –

მგოდებელნი, ცხოვრობენ შემლოცველნი და ჯადოსანნი, 

ცხოვრობენ მღვდელ-მთავარნი დიდთა ღმერთთა, 

ცხოვრობს ეტანა, ცხოვრობს საკანი,

ცხოვრობს დედოფალი ქვესკნელისა ერეშკიგალ,

ბელიტ-სერი, მწერალი ქვესკნელისა, 

თავ-დახრითა დგას მის წინაშე, 

ჩაჰყურებს წიგნში და უკითხავს მას, 

მან აღიღო თავი და შემომხედა.

აღსდგა და მიიყვანა თავისთან ეს კაცი”.

აქ „სიბნელისა და მტვრის სასახლის“ სახით ჩვენებური ქაჯეთის სულ თავდაპირველ აღწერილობასთან გვაქვს საქმე, სადაც ტყვედ ჰყავთ ხოლმე ხან ნესტან-დარეჯანი „ვეფხისტყაოსნიდან“ და ხანაც მინდია (ეს თორმეტ წელიწადს იყო იქ), ქვემოთ განსახილველი პოემიდან.

ქაჯეთისა თუ ქაჯავეთის მდებარეობაზე და თვისებებზე ბევრი დაიწერა ჩვენში. ალბათ, ესეც გვახსოვს „ვეფხისტყაოსნიდან“:

„ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი

კაცნი, გრძნებისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი,

ყოველთა კაცთა მავნენი, იგი არვისგან ვნებულნი;

მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

„იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ,

ქართა აღძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,

ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,

სწადდეს – დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს – ბნელსა ანათობენ.

„ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,

თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი“…

***

მესამე გადმოხვევა:

ქაჯავეთის გატეხვა

არხოტის სოფელ ამღაში ჩააწერინებს ხვთისო წიკლაური ამ ლექსს მკვლევარ თინათინ ოჩიაურს:

ქაჯავეთ რად იარები

– ქაჯავეთ რად იარები, გიორგივ, მგელთა ფერაო?

– ვალი მიკიდავ. ვალსა ვსთხოვ, რას მკითხავ, ქრისტეს დედაო?

სინას შჭედს ქაჯთა მჭედელი, მივასწრევ წურვაზედაო:

ქურთემულ* მაუგლიჯიე, ცხენი შავაგდი ზედაო;

ქაჯთა მჭედელმა ჴელ-კვერი ცხენს მიცა ბეჭებზედაო.

* ქურთემული – გრდემლი.

აქ „გიორგი, მგელთა ფერა“ არის გიორგი ნაღვარმშვენიერი, იგივე ხახმატის ჯვარი. ეს მეომარი და მიწყივ მოლაშქრე ჯვარია, ქაჯავეთის გამბეგრავი: მისი მეთაურობით სხვა ხვთისშვილები დაიძრებიან სალაშქროდ. 

წამოვლენ ხახმატიდან, თან მიჰყავთ სოფელ ჭორმეშაველი გახუა მეგრელაური, ვინაც „ჯვართან ჯვარ ყოფილ, ხატთან ხატ ყოფილ“ და ვისაც ჯვარი ხელზე მოუდიოდა, დაადებდა საფარველსა და დაიყოლიებდა თან, რაკიღა ადამიანური სახით ღვთიშვილთ ვერ გაერეოდა. 

ამჯერად ღვთიშვილები სულს ამოაძრობენ გახუას და იმის სხეულს დათვისჯვრის მისადგომებთან, ველკეთილაზე ერთ ეხში დამალავენ. 

გადაივლიან დათვისჯვარის უღელტეხილსაც და მიღმიერში უგრძნეულოდ გადასულები ქაჯების ქვეყანაში შეიჭრებიან. 

მაშინ იქნება, გიორგი ნაღვარმშვენიერი რომ შეაჭენებს ქაჯთა სამჭედლოში თავის ბედაურს, თავისი ცხენის ნალსაც დაამჩნევს გახურებულ გრდემლს, მოუგლეჯს კიდევაც და ხახმატშიც ჩამოიტანს, სადაც ის ნალაღბეჭდილი გრდემლი დღემდე ინახება, თურმე… 

სხვა ჯვარ-ხატნიც შეუტევენ და გატეხენ კიდევაც ქაჯავეთს. 

გატეხენ, საარაკოდ და მარადისობისთვის სამახსოვროდ გატეხენ ქაჯავეთს, გაბეგრავენ და საქონსად გამოირეკავენ, დიდ ალაფსაც წამოიღებენ, – თასი იქნება, საკიდელი, ოქროს ფანდური, ოქროსვე საცერი, ქურთემული თუ ფურის რქა – და თან ქაჯის ქალებსაც გამოიმძღვარებენ: ყელ-ღილიან ხელ-სამძიმარს, მზექალსა და აშექალს…

ამ გახუა მეგრელაურს კიდევ სულად ხომ არ დატოვებდნენ და უკან დაბრუნებისას, დათვისჯვრიდან რომ ველკეთილზე ჩამოვლენ, იმ ეხში მიაკითხავენ გახუას სხეულს, რომ ისევ უკან უნდა ჩააძვრინონ გახუას სული, მაგრამ ამას აღარ უნდა, რადგანაც გვამს სუნი დაცემია უკვე და მხარზეც თაგვის ნაჭამი ამჩნევია…

***

რაკი სათანადო ზიგზაგური გზა უკვე გამოვიარეთ, გადავუხვიეთ და გადმოვუხვიეთ კიდევაც, რაც ქვემოთ და ქვემოთ უნდა მოვიგონოთ, წაკითხულის უკეთ გასაცნობიერებლად, ახლა მოდით, უკვე შევუდგეთ მეორე და გაცილებით რთულ მოგზაურობას ოცდაცხრამეტი წლის უკვე გამოცდილ მოგზაურ ვაჟასთან ერთად, რომლის სახელია:

„გველის მჭამელი“ .

ეს პოემა დაბეჭდილია 1901 წლის 12 და 29 მარტის ჟურნალ „მოამბის“ მეორე და მესამე ნომრებში.

კვლავაც სხარტად და სახელდახელოდ რომ შევიხსენოთ ახლა ეს პოემა, ამჯერად ასეთ სინოპსისს მივიღებთ:

პირველი თავი – ექსპოზიცია – დღეობაზე სტუმრად მყოფ მინდიას სთხოვენ, რამე იამბოს. ის არას ამბობს, მაგრამ ვიგებთ: მინდია თორმეტ წელს ტყვედ ჰყავდათ ქაჯებს (სწორედ აქ უნდა მოვიგონოთ ის ზიგზაგური გადახვევ-გადმოხვევები, რაც ზემოთ წავიკითხეთ). ტყვეებით განაწამებს თავის მოკვლა გადუწყვეტია და ქაჯებისთვის ცეცხლზე შემოდგმული ქვაბიდან ერთი ნაჭრი გველის ხორცი მალვით შეუჭამია, რის შემდეგაც ყველა სულიერის და უსულოს ენა ესმის. ქაჯები სიბრძნეს გველად აჩვენებდნენ, რომ არ შეეცნო, მაგრამ მინდიას უკვე ელაპარაკება ცა, დედამიწა, ტყე. მხოლოდ ბოროტმა ვერ მოიკიდა მის გულში ფეხი, დანარჩენი ქაჯური ხერხები კი ყველა ისწავლა. უებარი წამლები იცის და ფშავ-ხევსურეთის იმედია, რაკი ბრძოლაში ეხმარება ხოლმე ლაშქარს.

მეორე თავი – ბალახები თავად ასწავლიან, ვინ რომელი სნეულების წამალია. ხეს რომ მოჭრას დაუპირებს, ის შეეხვეწება, ნუ მომკლავო. სხვა ხეებიც ასევე. კერიაზე ცეცხლი რომ არ ჩაუქრეს, თივა-ჩალას ანთებს, ხმელ ტოტებს და წივას მიახმარს ხოლმე. სხვებსაც ურჩევს, ნუ მოჭრით ხესო, მაგრამ არ უჯერებენ, – ღმერთს ჩვენს სარგოდ გაუჩენიაო.

მესამე თავი – მინდია მომკას რომ დაიწყებს, თავთავები ეხვეწებიან, არა მე მომჭერ, არა მეო…

მეოთხე თავი – ხატობაზე მინდიას გაამტყუნებენ, სიბრალული კარგია ხე-ქვა-ბალახ-ცხოველთაო, მაგრამ როგორღა ვიცხოვროთ, მაგას რომ ავყვეთო. მინდიას იმედი გვაქვსო და კი არ უნდა დაგვღუპოს რჩევითაო. მინდია იქვე ზის, ხალხს არ უსმენს, ტირის. რომ ჰკითხავენ, რა გატირებსო, უამბობს, –  იფნის ქვეშ, სიპებზე მჯდარი ორი ჩიტის ლაპარაკს ვუსმენ, შვილების სიკვდილს უყვება ერთი ჩიტი მეორესო. ამ დროს ერთი ჩიტი სიპიდან გადმოვარდება და სულს განუტევებს. ხევსურები გაკვირვებით უყურებენ ერთმანეთს, ნუთუ ასეთი ცოდნა იქნება კაცის ძალითო? მაგრამ ბალახსაც სთიბავენ, ნადირსაც კლავენ, შეშითაც ანთებენ კერას.

მეხუთე თავი – სანამ მინდია ბელადობს, მტერს სჯაბნის ხევსურთა ლაშქარი.

მეექვსე თავი – კვანძის შეკვრა – სახლში კამათობენ მინდია და მისი ცოლი მზია. ირკვევა, რომ მინდიას ხეებიც მოუჭრია, ნადირიც მოუკლავს და უკვე დაუკარგავს თავისი ცოდნა, აღარ ესმის ბუნების ენა. ის შიშობს, რომ ვეღარაფერს არგებს ქვეყანას, რაკი საკრალური ცოდნა დაკარგა.

მეშვიდე თავი – ხევსურები მოიკითხავენ მინდიას, რაკი ქისტების ლაშქარი მოდის საომრად.

მერვე თავი – მინდია ხახმატის ხატშია, კურატი შეუწირავს და გაკვირვებული ხევისბერი ბერია ეუბნება, მეათე დაჰკალ უკვე, ერთი და ორი წესია, მაგრამ ათი უკვე მეტისმეტიაო. მინდია ამბობს, ყევარი ხარი მყავს კიდევ, სამი-ოთხი ფურიო და იმათაც შევწირავ, ოღონდ ჩემ წყლულს ეშველოსო. ბერდიას შეკითხვას, რა წყლული გჭირსო, მინდია უპასუხოდ დატოვებს, გაიგებთ დღეს-ხვალო.

მეცხრე თავი – დელგმაა, ინგრევა ქვეყანა, ნიშნად უბედურებისა.

მეათე თავი – ერთ კოშკში, რომელიც ხეობას დასცქერს, ქალები არიან შეფარებულნი. მინდიას ცოლი მზია შესჩივის ქალებს, რომ მინდიამ დაკარგა ცოდნა და ვეღარაფერს არგებს ქვეყანას. თავად მზიამ კი ავი სიზმარი ნახა, წყალს მიაქვს ყველა და თვითონ და მისი შვილებიც. ამოსვლას რომ დააპირებს, შავი კაცები ხელს ჰკრავენ, წყალში აგდებენ ისევ, – წყალს გაჰყევ, ღვთის ბრძანებააო. ამ დროს მინდიაც წყალს მიაქვს და მზიას პატიებას სთხოვს, ბალღების მოვლას უბარებს.

იწყება ბრძოლა, ქალები ხედავენ თავისიანებს და მათ გამარჯვებას ნატრობენ.

მეთერთმეტე თავიამბის კულმინაცია – ლაშქარი თათბირობს, მტერს ვაკეზე დაუხვდნენ თუ სერზე? ყველა მინდიას უყურებს, მის პასუხს უცდიან. მინდია ამბობს, ვეღარაფერს გირჩევთ, ის აღარ ვარ, ვინც ვიყავიო. არ უჯერებენ, მაინც სთხოვენ რჩევას. მინდია ამბობს, რომ მოწამლულ ხევში დაუხვდნენ მტერს.

მეთორმეტე თავიკვანძის გახსნა –  ორი დღე გრძელდება ომი. ხუთ-ექვს ხევსურს სახელდახელოდ ყაბალახით ხელებშეკრული კაცი მოაქვთ და ვაკეზე დააგდებენ. ეუბნებიან, – ძალად თავს რად იკლავ, მტრის ჯარში შიგნით რად იწევო. ადრე ჩვენ ვჯობდით, დღეს ეგენი დადაინ ჩვენზეო. ვეცდებით, რამე გავაწყოთ, მინდიაო, – დაუბარებენ და მიდიან ისევ საომრად. 

ხელებშეკრული მინდია ხელების გახსნას ცდილობს. ღამე რომ გახშირდება, ხელებს გაიხსნის და ხედავს სოფლებზე ანთებულ ცეცხლს – ეს ნიშანია, რომ ხევსურები დამარცხდნენ.

მინდია ხმლის ტარს ცერით ამოწევს, ქარქაშიდან ამოიღებს, წვერით მკერდზე მიიბჯენს და ასე მოიკლავს თავს. 

***

ხალხური ლექსებიდან რამდენიმე ლექსი შემოგვრჩა ხოგაის მინდიზე, მათ შორის ესეც:

ხოგაის მინდი კვდებოდა,

მზე წითლდებოდა, ცხრებოდა,

ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა,

კაცს, ლომკაცს სული ხდებოდა…

ცხენი იმისი ტიალი,

ლურჯა, ტოტზედა დგებოდა,

ცოლი იმისი ბეჩავი

სანთელივითა დნებოდა,

დედა იმისი ბეჩავი

სულ შავად იმოსებოდა,

ხოგაის მინდი კვდებოდა,

მზე ჩადიოდა, ჰქრებოდა,

ჩამოდიოდა ვარსკვლავი,

მთვარე უკუღმა დგებოდა.

შემორჩენილია ასევე ერთი ძალიან საინტერსო ანდრეზიც ხოგაის მინდიზე, რომელიც თინათინ ოჩიაურის მიერ გახლავთ ჩაწერილი არხოტში (ი. გიგინეიშვილი, ვ, თოფურია, ი. ქავთარაძე, – „ქართული დიალექტოლოგიური ლექსიკონი“, თბ. 1961 წ. 16–18). ამ თქმულებას ვაჟა-ფშაველა არა, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდია იყენებს თავის ნოველაში „ხოგაის მინდია“ (ამ ნოველის სიუჟეტში ორი ურთიერთშემავსებელი ამბავია – მინდიას ტყვეობა ქისტებთან და მინდიას მოგზაურობა გუგულების ქვეყანაში). 

***

როგორც დავინახეთ, ვაჟა-ფშაველასთან შინაგან, სულიერ მოგზაურობაში მყოფი ადამიანი მოძრაობს აღმოუჩენელი ანდა ბოლომდე შეუსწავლელი იდეებისკენ, პირველ შემთხვევაში („ალუდა ქეთელაური“) – შეიძლება თუ არა მტრის გაგება და შეყვარება; ხოლო მეორე შემთხვევაში („გველის მჭამელი“) მთლად შეუძლებლისკენ – ადამიანმა უნდა გაუგოს ბუნებას, არაფერი დაუშავოს, რაც ცივილიზაციის განვითარების ამ ეტაპზე შეუძლებელია, – ადამიანი მოჯადოებულ წრეშია, – თუ არ გამოიყენა ბუნება, ვერ იარსებებს.

ორივე შემთხვევაში ადამიანი მარცხდება: 

ალუდა ქეთელაურს თემი მოიკვეთს, სახლ-კარს გადაუწვავს და გააძევებს.

ღვთაებრივი ცოდნის დამკარგავი მინდია კი თავს იკლავს.

ადამიანი სუსტია, ვერ უძლებს ღვთაებრივ-საკრალურ იდეალებს და მარცხდება.

თუმცა ალუდა ქეთელაურის დამარცხება რაღაც დოზით გამარჯვებასაც შეიძლება ნიშნავდეს, რადგან თემმა დაინახა მისი საქციელი და მომავალი თაობა მაინც დაფიქრდება, ეგება ღირდეს იმაზე ზრუნვა, რომ მტერს გავუგოთ. მაშინ სამყარო უფრო მეგობრული იქნება და ნაკლებად – მტრული.

მინდიას შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე: პიროვნება, რომელსაც ბუნების ენა ესმის, ღვთიურთანაა ზიარებული, არამიწიერი ცოდნისაა უკვე და ამ ცოდნას გაფრთხილება და მოვლა უნდა სოფლისგან განზე გადგომით.

ზურაბ კიკნაძე თავის წიგნში „ჯვარი და საყმო“ (გვერდი 52) წერს:

„ადამიანი, როგორც ხორციელი, ვერ უძლებს  ჯვარჩენას თავის დასაზღვრულ არსებაში, ის მიდრეკილია დაცემად. ჯვარი მას გამოარჩევს, აღაზევებს, მაგრამ ადამიანი დაეცემა, რის გამოვლენასაც ვხედავთ ვაჟას „გველისმჭამელში“. თუმცა მინდია არ არის ჯვარის ხელკაცი, მაგრამ აქვს მკადრესა და ქადაგის უტყუარი თვისებები და უნარი; ჯვარი გამოვლენილია მის პიროვნებაში (ანუ ჯვარჩენილია) ღვთიური ცოდნისა და დავლათის სახით, რასაც სჭირდებოდა მზრუნველობა და დაცვა წუთისოფლის ნალახი სფეროებისგან, მოითხოვდა ადამიანის თავგანწირულობას და „სოფლის თმობას“, რაც მან ვერ შეძლო“… 

იდეა, რომელიც ქაჯავეთიდან მოიტანა მინდიამ, ძალიან დიდია, სუსტი ადამიანი მას ვერ უძლებს და საკრალური ცოდნის დამკარგავი, ბოლოს თავსაც იკლავს…

***

აი, ორი დიდი „მოგზაურობა“ ადამიანის სულის აღმოსაჩენად, თუ გნებავთ, საკუთარი თავის აღმოსაჩენად და აი, მათი შედეგებიც.

ადამიანი უნდა დააფიქროს ამ „მოგზაურობებმა“ და ოდნავ მაინც უკეთესი გახადოს…

ამ „მოგზაურობების“ დანიშნულებაც ხომ ეს იყო.

თემები