გიორგი ხატიაშვილი რუბრიკა “ესთეტში”
გიორგი ხატიაშვილი

ქართული კულტურის” რუბრიკა ესთეტის 2020 წლის სექტემბრის სტუმარია ხელოვანი, ფსიქოლოგი გიორგი ხატიაშვილი

 

ჩემი სტილის მახასიათებელი ელემენტია – ბალანსი კონსერვატორულსა და თავისუფალ სტილს შორის.

ჩემი ბოლო საინტერესო შენაძენი: ბოლოს შევიძინე ძველი ბროლის გრაფინი.  შემთხვევით, ფეხით სეირნობისას, დავინახე ადგილი, სადაც ძველ ნივთებს ყიდდნენ,  თვალიერება-თვალიერებაში შევამჩნიე გრაფინი და ვიცანი. მივხვდი ის ჩემი უნდა გამხდარიყო.

ნივთი, რომლის შეძენასაც ვგეგმავ… თუ ვგეგმავ ნივთის შეძენას, ძირითადად საყოფაცხოვრებოს ან პირადი მოხმარების ელექტრონულ ტექნიკას. ჯერჯერობით არ მაქვს დაგეგმილი რაიმეს შეძენა.

ხელოვანი, რომლის ნამუშევარსაც შევიძენდი…ფლორენციაში, უფისის გალერეაში, ბოტიჩელის ,,ვენერას დაბადება” რომ ვნახე, ისე მომაჯადოვა, მგონი ერთი საათი გაუნძრევლად ვიდექი. დროში მოგზაურობა რომ შეიძლებოდეს, მას მე შევიძენდი.

პირადი მოვლის საშუალება, რომელიც მუდამ თან მაქვს… როცა ვმოგზაურობ კბილის ჯაგრისი, წვერის საპარსი, მოისტურაიზერი და კოლონი.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე გამიცია: მიჭირს დავარქვა ჩემგან გაცემულ რომელიმე საჩუქარს საუკეთესო. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩემთვის ემოციურად ყველაზე ძვირფასია, როდესაც ვჩუქნი ვინმეს ჩემს დახატულ ნახატს.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიმიღია…აუკეთესო საჩუქარზე სულ მახსენდება ბავშვობა, როცა დედაჩემი ორსულად იყო ჩემს დაზე, ვეკითხებოდი რას მალავდა მუცელში, ის კი მპასუხობდა, რომ მის მუცელში ჩემი საჩუქარი იყო. კარგად მახსოვს ემოცია, როდესაც დავინახე პირველად ჩემი ახალშობილი და. სიხარულისგან დავიყვირე – ეს ჩემი ყველაზე მაგარი საჩუქარია-მეთქი!

საუკეთესო სუვენირი, რომელიც ახლახან ვიყიდე: სუვენირები მოგზაურობის დროს შემომეყიდება ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ ვმოგზაურობ და ამიტომ ახალი ვერც ვერაფერი ვიყიდე.

ცდუნება, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი… გამიჭირდება უარი ვთქვა ღამის ცხოვრებაზე. ეს ის დროა, როცა შემოქმედებითი ძალები იღვიძებს,  ყველზე მეტად მიყვარს ღამით კითხვა, წერა, ხატვა ან ფილმის ყურება.

ჩემი ფავორიტი აპლიკაციების სიას მიეკუთვნება Facebook, Instagram და whatsup.

დაუვიწყარი ადგილი, სადაც ბოლო წელს ვიყავი… შარშან იტალიაში თითქმის ერთი თვე ვიმოგზაურე და  ყველა ადგილი, სადაც ვიყავი შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ვენეციამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

ადგილი, რომელსაც ყოველთვის დავუბრუნდები:ს ადგილი ალბათ კაპრია, რომელიც ჩემთვის ფერებისა და გემოების ფოიერვერკად დარჩა.

ნივთი, რომელსაც ვერასოდეს შეველევი… ბევრი ნივთია რასაც ყოველდღიურად ვიყენებ, თუმცა ვერ ვიტყვი გადაჭრით, რომ რომელიმე ნივთს ვერასდროს შეველევი. დღეს დღეისობით ყველაზე ხშირად ჩემს smartphone-ს ვიყენებ და საკმაოდ გამირთულდებოდა ცხოვრება მის გარეშე და იმ მრავალი საქმის მოგვარება, რასაც ძალიან მოხერხებულად და მოკლე დროში smartphone-ის საშუალებით ვაგვარებ.

ბოლო შთამბეჭდავი კერძი არის პასტა ალფრედოს სოუსით.

რომელ ქალაქში ვისურვებდი შოპინგს: ნეაპოლში, სადაც გავეცანი ადგილობრივი დიზაინერების შემოქმედებას, რამაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

ბოლო მუსიკალური აღმოჩენა… ელექტრონული მუსიკა სიახლეა ჩემთვის.

წიგნი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა: Edward Bulwer-Lytton-ის Zanoni.

ახლა ვკითხულობ აინ რენდის – ,,ატლანტმა მხრები გაშალა.”

ადამიანი, ვინც თქვენს სტილზე გავლენა იქონია: კონკრეტულად ერთი ადამიანი არ ყოფილა, ალბათ პირველ რიგში მშობლებმა და გარემოცვამ.

ერთი რჩევა ესთეტიკაზე… ესთეტიკა სილამაზესთან კავშირია, პირადად ჩემთვის სილამაზეს ქმნის გახსნილობა. გახსნილობა საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან. რაც უფრო გახსნილია ადამიანი, ის მით უფრო ლამაზია და ლამაზია მისი შემოქმედება.

თემები