ლიტერატურა
ავთანდილის ქალაქი
„ვეფხისტყაოსანში“ 16 გეოგრაფიული პუნქტია მოხსენიებული (მეტნაკლები სისრულითა და დანიშნულებით), რომელთაგან ზოგს აქვს კონკრეტული სახელი (ბაღდადი, გულანშარო, მულღაზანზარი, ხატაეთი, ხვარაზმი….) ნაწილი კი ზოგადად, უსახელოდ მოიხსენიება (ქვაბი, ზღვათა სამეფო, ქაჯეთის ციხე/ქაჯთა ქვეყანა….), ასევე უსახელოდ არის ნახსენები ავთანდილის ქალაქიც.
არცერთი მკვლევარი, ვინც შეისწავლა „ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფია და დეტალურად განიხილა რუსთველის გმირების საცხოვრებელი და სამოქმედო სივრცე, არაფერს ამბობს ავთანდილის მშობლიური ქალაქის შესახებ, ეს ქალაქი საერთოდ იგნორირებულია პოემის გეოგრაფიის შემსწავლელთა მხრივ…. არადა, ასეთი ქალაქი პოემაში არსებობს… რეალურადაც არსებობდა ის თუ პოეტის წარმოსახვაში იშვა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხომ მიდის სადღაც ავთანდილი, ხომ ხვდება იქ შერმადინი?.. ესე იგი სადღაც იყო ეს ქალაქი… თუნდაც ავტორის ფანტაზიაში… მაგრამ სად?
სანამ ავთანდილის ქალაქს მოვძებნით, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მხატვრულ ნაწარმოებში დოკუმენტურად დადასტურებული თარიღების, მანძილების თუ პერსონაჟების ძიება, რა თქმა უნდა, არ არის გამართლებული საქმე, მაგრამ ამ მხრივ „ვეფხისტყაოსანი“ გამონაკლისია, რადგან მასში საოცრად რეალური და მრავლის მეტყველი ფაქტებია დასახელებული, რაც თავისთავად იწვევს ინტერესს და განმარტებასა და დაკონკრეტებას მოითხოვს.
ჯერ განვიხილოთ ის, თუ როგორი წარმომავლობა აქვს თავად სახელს – ავთანდილს.
იუსტინე აბულაძეს ჰქონდა ამ სახელის ეტიმოლოგიის ორი ვერსია:
ა) სპარსული: xaftan (خفتان) – ვეფხის ტყავის ჯავშანი + სპარსული dil (دل) – გული
…მაგრამ შედეგად რას გვაძლევს ეს ვეფხვის ტყავის ჯავშნისა და გულის კომპოზიტი, გაურკვეველი დარჩა, ამიტომაც 1936 წელს ბატონმა იუსტინემ თავადვე უარყო ეს ვერსია და შექმნა მეორე:
ბ) არაბული: vatan-ის მრავლობითი ფორმა avtan (وطن – اوطان) – სამშობლო / სამშობლო მხარეები + dil (دل) – გული = სამშობლოს გული.
გურამ ჩიქოვანს აქვს ასეთი ვერსია:
არაბული – afdal (افضل) – საუკეთესო, სწორუპოვარი, უბადლო, უებრო.
არაბული – din (دین) – სარწმუნოება.
afdal ad-din = საუკეთესო (ადამიანი) სარწმუნოებისა.
შედგენილი არაბული სახელი (ლაკაბი), სადაც გვხვდება -ad-din „ვეფხისტყაოსანშიც“ არის დაფიქსირებული (მაგალითად, ნურ-ად-დინ – სინათლე), ჩვენ ბევრი სხვა ასეთი სახელიც ვიცით ისტორიიდან თუ ლიტერატურიდან: ჯალალ ად-დინ – დიდება სარწმუნოებისა, ჯამალ ად-დინ – მშვენიერება სარწმუნოებისა, ღიას ად-დინ – საშველი სარწმუნოებისა და ა.შ.
თუ იუსტინე აბულაძის და გურამ ჩიქოვანის ვერსიებს გავაერთიანებთ, მიიღება ასეთი ფორმა – avtan ad-din (اوطان الدین), რაც დაახლოებით ქართულად სარწმუნოების სამშობლო(ებ)ს ნიშნავს და ესეც საყურადღებო ვერსიაა.
მაშ, რომელი შეიძლება იყოს მისაღები ჩამოთვლილთაგან:
ხაფთან+დილ
ავთან/ოუთან+დილ
ავთან/ოუთან+ად+დინ
თუ
აფდალ+ად+დინ.
ყველაზე მისაღებად მაინც იუსტინე აბულაძის მეორე ვერსია ჩანს – ავთან/ოუთან+დილ – „სამშობლოს გული“ – და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აკუსტიკურად ეს ვერსია ზუსტად ემთხვევა „ვეფხისტყაოსანში“ მოცემულ ვარიანტს… ავთანდილი ნამდვილად არის „გული, ცენტრი, მთავარი ფიგურა“ რუსთველის პოემისა (…და თავისი ქვეყნისაც!), შეგვიძლია მარტივი „არითმეტიკული“ ფაქტიც მოვიშველიოთ, უბრალოდ – ცნობისათვის: ავთანდილის სახელი პოემაში 210-ჯერ არის ნახსენები (სხვადასხვა ბრუნვაში თუ ნაირგვარი თანდებულითა და თავსართ-ბოლოსართით), ტარიელის სახელი კი პოემაში გვხვდება 148-ჯერ (სამი-ოთხი შემთხვევაა, სადაც ეს სახელი იკვეცება და გვაქვს ფორმა „ტარია-ტარიას“ და ა.შ.)
სახელი „ავთანდილი“ რუსთველის პოემის დაწერამდე ქართულ სინამდვილეში არსად გვხვდება და, სავარაუდოდ, თავად ავტორმა შექმნა არაბული და სპარსული ენების ელემენტებისგან ისევე, როგორც „გულანშარო“ ჩანს ავტორის მიერ შეთხზულად (სპარსული: გოლ+ან+შაჰრ = ყვავილების ქალაქი), რადგან ასეთი კომპოზიტი – „გოლანშაჰრ“ (گل+ان+شهر) სპარსულენოვან ინტერნეტში საერთოდ არ გვხვდება, არ არის ის არც ყველაზე დიდ და პრაქტიკულად ყოვლისმომცველ საძიებო პორტალში – ვაჟეიაბ (واژه یاب).
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სახელი – ავთანდილი – რუსთველმა „სამშობლოს გულად“ სრულიად გამიზნულად და რაღაც არგუმენტებზე დაყრდნობით შეთხზა, მაგრამ ამის დადგენა ახლა ძნელია, თუმცა ვარაუდის გამოთქმას არავინ გვიკრძალავს…
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ე.წ. „ხალხურ ეტიმოლოგიაც“ დუმს ავთანდილის შესახებ…. „ხალხური ეტიმოლოგია“ კი, მოგეხსენებათ, ასეთი პრინციპით მოქმედებს – ყველაფერს ხსნის ქართული ენის საშუალებით, რაც მისასალმებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში – სრულიად არასწორი და პრიმიტიული (მაგ., „ჭიათურა“ – ჭიაა თუ რა, „რაჭა“ – რა ჭაა? და ა.შ.)
არ არის გამორიცხული, რომ მომავალში რომელიმე სპარსულ ან არაბულ წყაროში გამოჩნდეს სახელი „ავთანდილი“ ისევე, როგორც ნიზამი განჯელის პოემა „ისქანდერ-ნამეში“ აღმოჩნდა „ნესტანდარეჯანი“, როგორც სახელი, რომელსაც ალექსანდრე მაკედონელს ჩინეთის ხანი უხსენებს და მიართმევს მას ამ სახელის მქონე უმშვენიერეს მონა-ქალს… ადრე ჩვენ ვიცოდით, რომ „ნესტანდარეჯან“ ნიშნავს ამას – „არ არის ქვეყანასა შინა“, „ისქანდერ-ნამეს“ სხვა თავების შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ ეს (ნესტანდარეჯანი) ფიგურირებს, როგორც ქალის ჩვეულებრივი სახელიც და მას მახლობელ აღმოსავლეთსა და შუა აზიაში კარგად იცნობდნენ (შეგიძლიათ ჩაწეროთ YouTube-ში რუსულად Нестандарежан და მოისმენთ ყირგიზულ სიმღერას… სამი სხვადასხვა მომღერლის). რუსთველის შემდგომ ეპოქებში ნესტანდარეჯანი სხვა ისტორიულ ქალებსაც ერქვათ… რაც შეეხება ნიზამის პოემა „ისქანდერ-ნამეს“ მისი ქართულად თარგმნა და შესწავლა კიდევ ბევრ ბნელით მოცულ სახეს და სახელს მოჰფენს ნათელს, რაც საქართველოს ისტორიას, კულტურას და ლიტერატურას უკავშირდება.
ერთი სიტყვით, სახელი „ავთანდილი“ ჯერ კიდევ აღმოსაჩენია სხვა წყაროებში და სანამ ვინმე აღმოაჩენს (ან საერთოდ თუ ვერავინ აღმოაჩენს), შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს შოთა რუსთველის მიერ შექმნილი სახელია და დაარქვა იმ პერსონაჟს, რომელშიც ავტორმა საკუთარი თავი იგულისხმა…
სად მდებარეობდა ავთანდილის ქალაქი?
ავთანდილის ქალაქის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ:
1) ეს ქალაქი მდებარეობს არაბეთის სატახტო ქალაქიდან ოცი დღის სავალ მანძილზე და არის სასაზღვრო პუნქტი, რომელსაც ირგვლივ კლდეები აკრავს:
„ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,
გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა“.
2) ეს ქალაქი მდებარეობს არაბეთის სატახტო ქალაქსა და ტარიელის ქვაბს შორის, ორი დიდი მდინარის: ევფრატისა და ტიგროსის სიახლოვეს.
დეტალურად განვიხილოთ ორივე საკითხი:
- მას შემდეგ, რაც თინათინისგან მიიღო დავალება, რომ „უცხო მოყმე“ მოეძებნა, ავთანდილი თავის ქალაქში წავიდა იქამდე ოცი დღე იარა და ზოგჯერ ღამითაც მიდიოდა („ოც დღე იარა, ღამეცა დღეს ზედა წაჰრთო მრავალი“); ამავე მანძილის შესახებ კი სხვა თავში, როცა ავთანდილის ქალაქიდან შერმადინი მახარობლად და მოციქულად მიდის როსტევანთან, ნათქვამია, რომ მგზავრმა „ფიცხლა“ იარა და სამ დღეში გაიარა ათი დღის სავალი… ვცადოთ მანძილის გამოთვლა ჩვეულებრივი სიჩქარით, ანუ ის, რასაც 20 დღის მგზავრობა სჭირდება.
არაერთხელ გვაქვს აღნიშნული, რომ რუსთველის ეპოქაში შორეულ გზაზე დამდგართა სიჩქარე ნორმალური (და არა „ფიცხლა“) სვლისას იყო 25-30 კმ დღეში და ამაზე მეტყველებს გზებზე სწორედ ამ მანძილზე განთავსებული ქარვასლები (ქარავან-სარა) თუ ასფანჯა/ასპინძები* (ცხენთა სადგომები, ანუ დასასვენებელი ადგილები: ასფ+ან+ჯა = ცხენ+ები+ადგილი); ესე იგი 20 დღეში მგზავრს შეეძლო გაევლო 500-600 კმ, რელიეფის მახასიათებლებიდან გამომდინარე… (ვისაც ზეკარის და გოდერძის უღელტეხილების მიმდებარე გზებზე, და ზოგადად სამცხე-ჯავახეთის უვლია, დამეთანხმება, რომ იქ ლანდშაფტი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს მგზავრობის დროსა და სიჩქარეზე…)
*ცნობისათვის – ასფანჯა-ს ანუ ჩვენებურად ასპინძა-ს თუ ქართულ თავსართ-ბოლოსართ დავურთავთ, მივიღებთ ამას: მ-ასპინძ-ელ-ი – ეს იყო ადამიანი, ვინც მგზავრებს ხვდებოდა და ემსახურებოდა.
განვაგრძოთ ავთანდილის ქალაქის ძებნა:
დავიჯეროთ, რომ „არაბეთში“ რუსთველი თბილისს და მის საამიროს გულისხმობს […და რატომ გულისხმობს?! – ეს საკითხი ცალკე უნდა განვიხილოთ) და მივიღებთ, რომ ავთანდილის ქალაქი როსტევანის სატახტო ქალაქიდან დაახლოებით 600 კილომეტრ მანძილზე მდებარეობდა… ახლა დასადგენია ის, თუ რა მიმართულებით უნდა ვეძიოთ ეს ქალაქი? – ამაზე კი პასუხს გვაძლევს ტარიელის ქვაბის ადგილმდებარეობა და მდინარეების ევფრატისა და ტიგროსის (დიჯლის) მოხსენიების აუცილებლობა თუ შემთხვევითობა პოემაში…. ანუ ეს არის მიმართულება არაბეთიდან სამხრეთით, ტარიელის ქვაბისკენ (ქვაბის ადგილმდებარეობაც დადგენილი გვაქვს ამასაც ცალკე საუბარი სჭირდება), ხოლო ავთანდილის ქალაქი მათ შორის არსებული მიმართულებით, ანუ „არაბეთიდან“ სამხრეთ-დასავლეთით უნდა ვეძებოთ.
- ავთანდილმა ტარიელს პირობა მისცა, რომ ორ თვეში დაბრუნდებოდა მასთან ქვაბში – ჯერ თავისი ქალაქისკენ გაეშურა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავისიანები ნახა, მერე წავიდა როსტევანის სატახტო ქალაქში… ესე იგი ავთანდილის ქალაქი შედარებით უფრო ახლოს იყო ქვაბთან, ვიდრე „არაბეთი“… ხოლო როცა როსტევანს გამოეპარა, იგი პირდაპირ დაეშვა სამხრეთისკენ, თავის ქალაქში შეუვლელად…
ახლა, რაც შეეხება ევფრატსა და ტიგროსს:
ა) თავისი ქალაქიდან არაბეთში წასული ავთანდილის შესახებ ნათქვამია:
„წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი“
ესე იგი ამ მგზავრობისას „ედემს რგული“ ავთანდილი „უხვად ერწყო“ ევფრატის წყალს, რომლის სათავე არის სწორედ იქ, სადაც ჩვენ ავთანდილის ქალაქის მდებარეობას მოვიაზრებთ და ეს გახლავთ ქალაქი სპერი (სპერში ქვაბიდან დაბრუნებისას კი სწორედ ევფრატის ნაპირები უნდა გამოევლო)… რატომ სპერი? – ამასაც გააჩნია თავისი მიზეზი და ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.
შეეძლო პოეტს „ევფრატის“ ნაცვლად სხვა რომელიმე მდინარე ეხსენებინა? – ცხადია, ამა თუ იმ მდინარის ხსენება მხოლოდ „სარწყავი“ დანიშნულებით არ გაუჭირდებოდა ავტორს; მაგრამ მოცემულ ეპიზოდში ნახსენებია კონკრეტულად ევფრატი; დახედეთ რუკას და ნახავთ, რომ იმ რეგიონში სხვა მდინარეთა ნაკლებობა არ შეიმჩნევა: წყლად ჭოროხსა უხვად ერწყო…. წყლად არაქსსა უხვად ერწყო…. წყლად ის მტკვარსა უხვად ერწყო….
სხვათა შორის, რაკიღა მდინარეებზე ვისაუბრეთ, ერთი საკითხიც უნდა დავაკონკრეტოთ:
ნამდვილი არაბეთი (თავისი მექა-მედინით და უდაბნოებით) ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც არცერთი მდინარე არ მიედინება… ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი ფაქტია იმისა, რომ პოემაში ნახსენები „არაბეთი“ ალეგორიული ან ისტორიულად დამკვიდრებული ცნებაა და მასში ოთხი საუკუნის განმავლობაში (736-1121 წწ) არაბთა საამიროდ ქცეული და არაბული ხალიფატის შემადგენელი ნაწილი თბილისი იგულისხმება…. ბოლოსდაბოლოს, არაბეთის სანადირო ტყე-ველში გასულმა როსტევანმა და ავთანდილმა „ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა“, ნამდვილ არაბეთში კი, როგორც ვთქვით, მდინარე და გამდინარე წყალი საერთოდ არ არსებობს… ვინც ფიქრობს, რომ „არაბეთი“ მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია და იქ პოეტს შეეძლო მდინარეებიც დაენახა, მისი ნებაა, ასე სჯეროდეს…. ჩვენ კი გვჯერა, რომ შოთამ იგულისხმა ეს – იყო თბილისში გიორგი, მეფე ღმრთისაგან სვიანი და „შეფარვით“ [შენიღბვით] დაწერა ეს – იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი…
ბ) მეორე დიდი მდინარე დიჯლა (იგივე ტიგროსი) პოემაში ორჯერაა ნახსენები: პირველად მაშინ, როცა ავთანდილი არაბეთიდან ქვაბისკენ მიეშურება და თვალთაგან ცრემლი სდის, როგორც დიჯლა… ამავე სტროფში საინტერესოა სხვა საკითხიც – „…არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად“ – ანუ ეს ადგილები მისთვის უცნობია, რადგან არაბეთიდან მისთვის კარგად ნაცნობი ევფრატისა და მტკვრის ნაპირებით კი არ იარა, არამედ სხვა გზით დაეშვა მდინარე დიჯლისკენ (ტიგროსისკენ) და მის ნაპირებს გაუყვა…
„რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ყვის გაძრვად ენისად,
მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად,
ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად,
რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად“.
ძნელია, რუსთველის პოეზიასთან ურთიერთობისას მკითხველმა გეოგრაფიაზე თუ პოტამოლოგიაზე [მდინარეების შემსწავლელი მეცნიერებაა] იფიქროს, მაგრამ იმდენად საინტერესოა ეს ყველაფერი და მით უმეტეს იმდენად მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ აშკარად ჩანს – ავტორს თავისი ფეხით აქვს მოვლილი მთელი ეს სივრცე, რომ ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. ავტორის მიერ ამ გეოგრაფიული რეგიონის მონაცემთა ცოდნას, შესაძლოა, მის ხელთ არსებული რაიმე რუკა განსაზღვრავდა, მაგრამ ასეთი მეტყველი პოეტური თუ რეალური სახეების [ხატების] შექმნა მხოლოდ რუკის მეშვეობით, ძალზედ საეჭვოდ გვეჩვენება.
მოგეხსენებათ, ქვაბში მისვლისას ავთანდილს ტარიელი არ დახვდა და ასმათი შეეცადა გაემართლებინა მისი საქციელი და აქაც დიჯლა ახსენა (იქვე, 859-ე სტროფში):
„ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია.
არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია,
დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია;
თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია“.
როგორც ხედავთ, ეს ორი მდინარე ნახსენებია პოემის მხოლოდ იმ ეპიზოდებში, სადაც ავთანდილი ქვაბიდან არაბეთისკენ (თავის ქალაქში შევლით) და უკუ მიმართულებით (თავის ქალაქის განზე დატოვებით) მგზავრობს…. ქვაბიდან ქვემოთ, მულღა(ნ)ზანზარისა და გულანშაროსკენ მიმავალი ავთანდილი ასევე უხვი ცრემლით იხსენებს თავის სატრფოს, მაგრამ იქ ცრემლდენასთან შესადარებლად არანაირ მდინარეს არ ახსენებს ავტორი.
შემთხვევითობაა ეს თუ კანონზომიერება? – ალბათ, არ არის შემთხვევითობა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტარიელის ქვაბი ევფრატისა და ტიგროსის შეერთებით წარმოქმნილი მდინარე შატ–ელ-არაბის მიდამოებში მდებარეობს და, როგორც ვთქვით, ამის შესახებ დაწვრილებით ვისაუბრებთ სხვაგან, სადაც ტარიელის ქვაბია აღწერილი…
ახლა კი საბოლოოდ დავასახელოთ ის გეოგრაფიული პუნქტი, რომელიც პოემის თანახმად, ავთანდილის ქალაქი უნდა იყოს.
ჩვენს ტექსტზე დართულ ძველ რუკას თუ დახედავთ, სადაც თბილისის საამიროც ჩანს და შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე „ქართველთა სამეფოც“, ადვილად მოვნახავთ ევფრატისა და ტიგროსის სათავეებს, ხოლო ამ სამეფოს უკიდურეს დასავლეთ, სასაზღვრო ნაწილში („ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა“), ამოიკითხავთ ქალაქ სპერის სახელს, რომელიც ახლა თურქეთის შემადგენლობაშია და „ისპირ“ ჰქვია, თუმცა სპერის ოლქის უდიდესი ნაწილი და საკუთრივ ძველი ქალაქი სპერი 1570-იანი წლების დამლევამდე თითქმის ყოველთვის შედიოდა საქართველოს საზღვრებში: XII-XIII საუკუნეებში საქართველოს ფეოდალური მონარქიის გამგებლობაში იყო, XIII საუკუნის II ნახევრიდან კი – სამცხის სამთავროში…
და ბოლოს: ყველასათვის ცნობილია, რომ ბაგრატიონები წარმოშობით სწორედ სპერის რეგიონიდან არიან… ესეც თქვენ პასუხი მავან მკვლევართა იმ ჰიპოთეზაზე, რომ თავად რუსთველიც ბაგრატიონთა გვარის ერთ-ერთი განშტოების წარმომადგენელი იყო, ხოლო, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, პერსონაჟი ავთანდილი სხვა არავინ არის, თუ არა პოემის ავტორი – შოთა რუსთველი. ასე რომ, სარწმუნოც კი ხდება ის ფაქტი, რომ ავთანდილის სახელი თავად ავტორმა შეთხზა და ის ნამდვილად „სამშობლოს გულია“, როგორც ამას ბატონი იუსტინე აბულაძე ვარაუდობდა… საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სპერი და მის გარშემო არსებული რეგიონი ერთგვარი „ცენტრი, შუაგული“ და წყალგამყოფი ადგილია ჩვენთვის საინტერესო უძველესი მხარისა თუნდაც იმიტომ, რომ იქ სათავეს იღებს ხუთი დიდი მდინარე: მტკვარი, არაქსი, ევფრატი, ტიგროსი და ჭოროხი…
ახლა მოვიშველიოთ თანამედროვე ტექნიკა და გავზომოთ მანძილი თბილისიდან სპერამდე, სადაც სამი ვარიანტი არსებობს: 569, 618 და 622 კმ… ზემოთ, სადაც მანძილი გადავზომეთ „ოცი დღის სავალი“ გზის თანახმად, ვთქვით, რომ ავთანდილის ქალაქი როსტევანის სატახტო ქალაქიდან დაახლოებით 550-600 კილომეტრით იყო დაშორებული და, როგორც ხედავთ, ასეთივე მონაცემები მოგვცა Google-ის რუკამაც.
დავასკვნათ:
– ავთანდილის ქალაქის „ოცი დღის“ სავალზე არსებობა დადასტურდა თანამედროვე რუკით.
– ამ ქალაქის საზღვარზე ყოფნა „ქართველთა სამეფოს“ რუკაზე კარგად ჩანს.
– ევფრატის და დიჯლის (ტიგროსის) ხსენების კანონზომიერებაც გაირკვა.