ხელოვნება
უსასრულობა ოთხ კედელს შუა
რა ტიპის დახურულ სივრცეში შეიძლება ადამიანი მოხვდეს, უსასრულობის და მარადიულობის შეგრძნება რომ დაეუფლოს? ასეთი ადგილები სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს თქვენთვის, ან საერთოდ არც არსებობდეს. ჩემთვის იდეალური სიმბიოზი არქიტექტურის, შუქის, სივრცის, ხელოვნებისა და იდილიის ციურიხის (შვეიცარია) ხელოვნების მუზეუმის (კუნსტჰაუსის) ოთხ კედელშია. კონკრეტულად კი ერთ, დაახლოებით 30-40 მ2 ოთახში, სადაც სულ ოთხი ნახატი ჰკიდია, ორი ქანდაკება დგას და უზარმაზარი მინის დატიხრული სახურავითაა გადახურული. ოთხივე კლოდ მონეს ეკუთვნის და თითოეულ კედელზე ერთი ნახატია მოთავსებული, ორ კუთხეს კი როდენისა და მაიოლის ქანდაკებები ამშვენებენ. აი, ამ ოთახში არსებობს უსასრულობა ჩემთვის…
კუნსტჰაუსი შვეიცარიელი არქიტექტორის, კარლ მოზერის, დაპროექტებული და 1910 წელს აშენებული ნეოკლასიკური შენობაა. შენობა ორ ნაწილადაა დაყოფილი – საკოლექციო და საექსპოზიციო სივრცეებად. საკოლექციო სივრცე გათანამედროვებულ ანტიკურ ტაძარს ჰგავს, ხოლო საექსპოზიციო – მინიმალისტურია და დიდ ოთახში არსებული მოძრავი ტიხრები ახალი გამოფენების ინდივიდუალიზაციის საშუალებას იძლევა. სწორედ, საკოლექციო სივრცეში არის ეს „უსასრულობის“ ოთახიც.
ამ უსასრულობის შეგრძნებას მონეს უზარმაზარი და სხვადასხვა ტონალობაში დახატული ტილო „წყლის დუმფარების გუბურები“ ქმნის. ეს ნახატები კუნსტჰაუსს ცნობილი არტ-კოლექტორის, ემილ გეორგ ბიურლეს ფონდიდან გადმოეცა. თავად ბიურლე იარაღის მწარმოებელი იყო, 1914-1919 წლებში გერმანული კავალერიის ოფიცრად მსახურობდა. მეორე მსოფლიო ომამდე ბევრ ქვეყანას იარაღით ამარაგებდა. მათ შორის ანტიფაშისტურ დაჯგუფებებიც იყვნენ, მაგალითად ფრანკოს ოპონენტები ესპანეთში და დამოუკიდებელი აბისინია (ახლანდელი ეთიოპია და ერითრეა) იტალიელი ფაშისტების წინააღმდეგ. მეორე მსოფლიო ომის დროს კი შვეიცარიაში მცხოვრები და ფაშისტური ქვეყნებით გარემოცული (მათ შორის დაპყრობილი ავსტრია) უკვე მხოლოდ ფაშისტურ იტალიასა და გერმანიას ამარაგებდა იარაღით. მართალია, ბიურლე გერმანელი იყო, მაგრამ ნატურალიზირებული შვეიცარიელი და ციურიხში ცხოვრობდა. ნახატების შეგროვება 1920 წლიდან დაიწყო, მისი კოლექციის ძირითადი ნაწილი კი 1936 წლის შემდეგ შეიქმნა. ბიურლეს მეორე მსოფლიო ომის დროს გაძარცვული ნახატებიც შეუძენია ცნობილი ფაშისტური პერიოდის დილერების, შვეიცარიელი ფიშერისა და გერმანელი ვენდლანდის დახმარებით. „შვეიცარიის მეორე მსოფლიო ომის დამოუკიდებელმა კომისიამ“ (შეიქმნა 1996 წელს), რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოპარულ ან უსამართლოდ ჩამორთმეულ და შვეიცარიაში შემოტანილ ქონებას იკვლევდა, ბიურლეს შთამომავლობას 13 ნახატი ფრანგ-ებრაელ ოჯახებისთვის დააბრუნებინა. გასათვალისწინებელია, რომ კუნსტჰაუსში გამოფენილი ყველა ნახატის წარმომავლობა უკვე 1980იანი წლებიდან იკვლევა და მის კეთილსინდისიერ შენაძენობაზე ეჭვი არ არის. მათ შორის, თავისთავად, არც ბიურლეს სამ მონეზეც. მონეს ,,წყლის დუმფარები” კი მხატვრის ბოლო პერიოდის ნამუშევრებია, როდესაც იგი უკვე აღიარებული იმპრესიონისტი იყო და ჟივერნის ზღაპრულ გუბურიან სახლში ცხოვრობდა.
მონე იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. თავად იმპრესიონიზმი დღეს ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობაა. იმპრესიონიზმი სათავეს 1860-იანი წლებიდან იღებს და თავდაპირველად, არც ისე დიდი მოწონებით სარგებლობდა. ნახატები თითქოს, „დაუსრულებელის“ შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველებში. იგი იყო მიმართულება – პროტესტი აკადემიური ხელოვნების წინააღმდეგ. იმპრესიონისტები ხატავდნენ ყოველდღიურ პარიზულ ცხოვრებას და რაც მთავარია, ედუარდ მანეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ხატავდნენ „ლანდშაფტის, პორტის, ფიგურის „შთაბეჭდილებას“ დღის იმ კონკრეტულ მომენტში“. მანესთვის, იმპრესიონიზმის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელისთვის, არ არსებობდა რეალური ნივთები, არამედ იყო ნივთები და „შთაბეჭდილება“ – იმპრესია მათზე. მართალია მხატვრების დიდმა ჯგუფმა ჩაუყარა საფუძველი იმპრესიონიზმს, მაგრამ კლოდ მონე იყო ის, ვის გამოც დაერქვა ამ მიმდინარეობას იმპრესიონიზმი. მან თავის მშობლიურ ქალაქ ლე ჰარვის პორტში მზის ამოსვლა დახატა, რომელსაც „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“ („Impression, Sunrise“, 1874) დაარქვა და შედეგად მიმდინარეობასაც იმპრესიონიზმი ეწოდა.
იმპრესიონისტები არ ილტვოდნენ ტრანსცენდენტალური სილამაზისკენ, მათ უნდოდათ მხატვრობაში ახალი სივრცის და აღქმის ახალი ფორმის შეტანა. იმპრესიონიზმი ხომ ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ იწყება, როდესაც დიდ ქალაქებში შუქის გარდატეხვა ნახშირის წვის გამო ახალ, აქამდე ცაზე არნახულ ფერებს აჩენს და მხატვრებიც გადიან გარეთ, ხატავენ ვარდისფერ ცას – ატმოსფერულ მომენტებს, მზის სხივების ფერების ყველა ტონს. ასევე ხატავენ ყოველდღიურ სიტუაციებს ქუჩაში, ისე, რომ დაიჭირონ ადამიანის ცხოვრების მომენტები, პატარა ჩანახატების სახით. ეს კი, სწრაფ მოქმედებას მოითხოვს და შესაბამისად, შტრიხებიც არ არის კლასიკურად იდეალური.
კლოდ მონე იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ლიდერია და მისი ექსპერიმენტები შუქსა და ლანდშაფტებზე თითქმის მეცნიერულ მიდგომას უტოლდება. 1890-91 წლებში მან 25-ჯერ დახატა თივის ზვინები მზის სხვადასხვა განათებაში და მოციალე ფერთა ლანდშაფტები შექმნა. 1908 წელს მონემ, ვენეციაში, ძველი მხატვრების სამოთხეში იმოგზაურა, სადაც შექმნა უნიკალური ნახატები, თითქოს თავისი კარიერის დიდებული დასასრულისთვის და შემდეგ ჟივერნიში დაბრუნდა. აქ მონემ ხატვას დაანება თავი და მთლიანად მებაღეობას მიუძღვნა დრო. ამ პერიოდში მონე მებაღეობითა და იაპონიზმით იყო დაინტერესებული და ცნობილი ჰორტიკულტურისტი ჟოზეფ ლატურ-მარლიაკი მცენარეებით, განსაკუთრებით წყლის დუმფარებით, ამარაგებდა. შედეგად შეიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბაღი და უდავოდ, ყველაზე ცნობილი გუბურების ნახატები. მონე მებაღეობიდან ხატვას 1912 წელს დაუბრუნდა იმ იდეით, რომ შეექმნა დუმფარების დეკორატიული პანელები. ამას მოჰყვა პირველი მსოფლიო ომიც, ომის დამთავრების შემდეგ მონეს ნახატებმა კიდევ უფრო გრანდიოზულ ზომებს მიაღწია და გარეთ ხატვა უკვე შეუძლებელი გახდა. მონე ხატავდა წყალს და ხატავდა ისე, რომ შეექმნა ეფემერულობისა და უსაზღვრობის ილუზია ოთხ კედელში. ამ უკიდეგანობაში კი მონე პირველი მხატვარია, ვინც ნახატებს ჩარჩოები მოაცილა, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით.
1918 წელს, მისმა ძველმა მეგობარმა, ჟორჟ კლემენსომ შესთავაზა ნამუშევრები ფრანგი ერისათვის საჩუქრად გადაეცა. მონეც დათანხმდა, მაგრამ სიცოცხლეში ვერ შეელია ნახატებს და დუმფარები პირველად 1927 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ გამოიფინა საზოგადოებისთვის. თავდაპირველად, საზოგადოება დაბნეული შეხვდა მონეს შედევრებს. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის, ტახიზმისა და არტ ინფორმელის (Art Informel, ინფორმალიზმი) განვითარების შემდეგ ჩასწვდა საზოგადოება მონეს წყლის დუმფარების ეპოქალურ მნიშვნელობას.
1950-იანებში, როდესაც ბიურლე ჟივერნის ესტუმრა, თითქმის ყველა მისი ნახატი ჯერ კიდევ in situ იყო. ბიურლეს უნდა აერჩია ორ საუკეთესო ნახატს შორის ერთ-ერთი, ამ არჩევანის გააკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ, მან თანხა ორივესთვის გამოყო და პირადი კოლექციისთვის მესამეც დაამატა. ახლა კი სამივე ნახატი კუნსტჰაუსის ამ სასწაულ ოთახს ამშვენებს. იკითხავთ, მეოთხე კედელზე მონეს რომელი ნახატი ჰკიდია? მეოთხე კედელზე, უფრო პატარა ზომის ტილოა, ზედ ვენეციის ზღაპრული ხედით – დოჟების სასახლე, რომელიც შვეიცარიელმა ბიზნესმენმა, ვალტერ ჰეფნერმა, საჩუქარად გადასცა მუზეუმს. ეს ოთხივე ნახატი ფერების ნამდვილ სიმფონიას ჰქმნის, შუქის და მოძრაობის იდეალური ნაზავით, სადაც ნახატი სივრცეს ერწყმის. აქ ობიექტები აღარ არსებობენ და იმპრესია ემოციად გარდაიქმნება. როგორც მონემ თავად თქვა – ,,სიცოცხლე და მოძრაობა ნახატის არსად გარდაიქმნება!”
ციურიხში ჩამომსვლელთა უმეტესობამ არც იცის ამ უნიკალური ოთახის არსებობა და ხშირად დარბაზი ვიზიტორებისგან ცარიელიც კია. აი, თუნდაც დღეს, მთელი ოცი წუთი სრულიად მარტო ვიჯექი ამ ზღაპრულ გარემოცვაში, ფერების კორიანტელში, ნათელი სახურავის ქვეშ, სიჩუმეში და ვიყავი უსასრულობაში.
„ხელოვნება იმედის უმაღლესი ფორმააო“, გერმანელმა მხატვარმა, გერჰარდ რიხტერმა თქვა და ეს იმედიც ამ კუნსტჰაუსის უსასრულო და მარადიულ ოთხ კედელში ყველაზე ამაღლებულად იგრძნობა.