რედაქტორის სვეტი
ისეთი ლამაზია…
“არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რა დავწერე, ყოველთვის რაღაც სხვა აზრს მოძებნიან ჩემს სიტყვებში. ჩემს დუმილშიც. ასეთები არიან. ბრმები გამოცხადების წინაშე. მიდი და ელაპარაკე ურწმუნოებს, ჯობია აქ ვიჯდე, ველოდო და გორაკს ვუყურო. ისეთი ლამაზია…“ – ალბათ უკვე მიხვდით (ისინი მაინც, ვისაც უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარა“ წაუკითხავს), რომ ეს, ამ დიდი წიგნის (მოცულობითაც), საფინალო ნაწილია. ზოგი სტილთაც დაიგუმანებდით. ჰოდა, ძალიან კარგი. დავეთანხმოთ ეკოს და ვთქვათ, რომ ამ განწყობას სრულად ეხმიანება “ქართული კულტურის“ მორიგი, სექტემბრის ნომრის ერთ–ერთი მთავარი ავტორის, გაგა ნიჟარაძის, ესე “საქართველო და რუსეთის ორი იმპერია“. ჩემი, როგორც რედაქტორის, ვალია გზამკვლევის როლი მოვირგო და გაგიყოლოთ ისეთი ესეებისა და წერილების “ლაბირინთებში“, როგორიც გაგა ნიჟარაძის ესეა. ისიც არ მინდა, ყველაფერი დაწვრილებით მოგიყვეთ, ზედმიწევნით და გამოწვლილვით – ვინძლო წაკითხვა დაგეზაროთ. რჩევას კი წინ რა უდგას და მინდა გირჩიოთ – აუცილებლად წაიკითხეთ ეს ესე. ვფიქრობ, ქართულმა პუბლიცისტიკამ ნელ–ნელა დაიწო ჭაობიდან ამოცოცება და შეუდგა წარსულის ობიექტურ, კარგისა და ცუდის რეალურ და არა ილუზორულ შეფასებას. ნიჟარაძე პირველი თუ არა, ერთ–ერთი პირველთაგანია ვინც ამ გზის საცალფეხო ბილიკს შეუყვა.
“ჯობია აქ ვიჯდე, ველოდო და გორაკს ვუყურო, ისეთი ლამაზია“ (უმბერტო ეკო), – მართლაც, გულისშემძვრელად ნოსტალგიურია, თბილია შოთა გუჯაბიძის ესე “ძნელადაღსაზრდელი ბათუმი“. დიდხანს ვიფიქრე – რა გამოარჩევდა ამ ესეს, სხვა მსგავსი ტიპის ესეთაგან და მივხვდი – აქ, ავტორი, პუბლიცისტსა და მწერალს ისე ლაზათიანად აჯიბრებს ერთმანეთს, ვერც მიხვდები – მწერალი სჯობნის პუბლიცისტს, თუ პუბლიცისტი მწერალს?! ეს ერთი კაცი, პუბლიცისტი – მწერალი, მწერალი – პუბლიცისტი, ხსნის მოგონებების ზარდახშას და… არა, “ბათუმს ქათქათას“ არსად ახსენებს, მაგრამ ხსენება რად უნდა, ქვეტექსტებში მაინც ინტუიტიურად იგრძნობა ქათქათაც და ძველი ბათუმიც… თქვენს ადგილას მე ამ ესეს “დავაგემოვნებდი“ და კითხვის სიამოვნებასაც არ მოვიკლებდი!
“სადღაც წავიკითხე, რომ ბოლო წამს, როცა სიცოცხლე, ზედაპირის ზედაპირი, გამოცდილებით დაიფარება, ყველაფერი ნათელი და კამკამა ხდება, საიდუმლოც, ძალაცა და დიდებაც, ისიც, რატომ დაიბადე და რატომ კვდები“ – ეს ისევ უმბერტო ეკოა. – თუ დღევანდელი გზამკვლევის როლი თქვენთვის რედაქტორს ანუ მე – მაკისრია, რედაქტორისთვის ანუ ჩემთვის, დღევანდელი ესეების დახასიათებისთვის გზამკვლევად უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარა“ გამომიჩნდა. მართლაც, ყველაფერი ნათელი და კამკამა ხდება, უკვე იცი რატომ დაიბადე, რატომ კვდები, როცა ორი ავტორის – მწერლის მიხო მოსულიშვილის ვრცელ ესეს – “მიახლოება საკუთარ თავთან“ და აღმოსავლეთმცოდნე – ალექსანდრე ელერდაშვილის – ანალიტიკურ წერილს “ავთანდილის ქალაქს“ წაიკითხავთ.
“მხოლოდ თქვენ თუ გაგიმხელთ ჩემს საიდუმლოს. არცერთ ეპოქას და ადგილს არ ვეკუთვნი. დროსა და სივრცის მიღმა ვცხოვრობ, საკუთარ მარადიულობაში გამოკეტილი. არსებობენ ქმნილებები, რომლებსაც მფარველი ანგელოზები აღარა ჰყავთ და მათ ვეკუთვნი“ (უმბერტო ეკო) – ჰოდა, ვის, რომელ ეპოქასა და სამყაროს ეკუთვნის და საერთოდ,ვინ არის ბენჯამინ კლემენტაინი წაიკითხავთ და გაიგებთ, მწერლის, მუსიკოსის, მომღერლის ნინო გუგეშაშვილის საინტერესოზე–საინტერესო წერილში „ბენჯამინ კლემენტაინი და ახალი მუსიკის ეპოქა, ჟანრები თუ ჰიბრიდები“. ამ წერილს, თუ თავად ნინოს შექმნილ–ნამღერ მელოდიებს ფონად დაურთავთ, ეს კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ სამყაროს თავისუფალი შესაძლებლობებისა და უკიდეგანობის შეგრძნებებს.
“დამწყებთათვის იკმარებს, მაგრამ არა მათთვის ვინც უკვე ნაზიარებია საიდუმლოს“ (უმბერტო ეკო) – და ვინ არის ჩვენს ქვეყანაში ვინც უკვე ეზიარა მოდის – ამ ყოვლისდამმორჩილებელი, ამოუხსნელი ფენომენის მაგიას? თუ არ დაიზარებთ და “ქართული კულტურის“ სექტემბრის ნომერში ნინო მგალობლიშვილის სტატიას “მოდა, როგორც სოციალურ კულტურული ფენომენი“ გადაშლით, იქნებ გაგიტაცოთ კიდეც მოდის კვლევის საკითხებმა, იქნებ მანამდე წამოწყებული ყველა პროექტი მიატოვოთ და მოდის თეორეტიკოსობას შეუდგეთ. მე, ჩემის მხრივ, ამ აკადემიურ წერილს, თან ასეთ განმარტებას დავურთავ – გამოადგება ყველას – აბიტურიენტს, ლექტორს, ვინც მოდის ინდუსტრიის თეორიის შესწავლას გადაწყვეტს!
“მიწისქვეშა, მბჟუტავი სინათლით განათებულ დარბაზში აღმოვჩნდი, რომლის კედლებიც ისეთივე როკაილით იყო გაფორმებული, როგორითაც პარკის შადრევნები“ (უმბერტო ეკო). და ჩვენც, ანი მარგველაშვილის (აღარ ვიცი – უფრო ანთროპოლოგის, უფრო ხელოვნებათმცოდნის) ესეს – “უსასრულობა ოთხ კედლს შუა“ – თუ გავყვებით, ციურიხის ხელოვნების მუზეუმის ერთ ოთახში აღმოვჩნდებით, სადაც კლოდ მონეს ნახატებს ვეღარ მოვაცილებთ თვალს. რატომ? ეს თვითონ უნდა წაიკითხოთ…
აქვე ერთი ფურცლის გადაშლის შემდეგ ესთეტიც “შემოგეფეთებათ“ – ქართველი–ამერიკელი ფსიქოლოგი, ხელოვანი გიორგი ხატიაშვილი.
თქვენ უკვე იცით “ქართული კულტურის“ სექტემბრის ნომრის ანამნეზი.
მე კი “ჯობია აქ ვიჯდე, ველოდო და გორაკს ვუყურო, ისეთი ლამაზია…“