ლიტერატურა
რატომ უნდა წაიკითხოს ახალგაზრდამ „ულისე“?
ტალანტის გამოჩენა ყოველთვის დიდ აფორიაქებას რომ იწვევს საზოგადოებაში, პატივისმცემელნიც და დამფასებელნიც უმალვე აჰყვებიან ხოლმე და… სამწუხაროდ მოშურნენიც და მოწინააღმდეგენიც სასწრაფოდ იჩენენ თავს – სულ ცოტა, როგორმე რომ გაანელონ აღტაცებაც და ცნობისწადილიც, თორემ მათი განზრახვა გაცილებით ბოროტიცაა და ულმობელიც: ეგებ როგორმე ჩაახშონ და გაანიორწყლონ ტალანტის ამოფრქვევა, და თუ თვითონ მას ბევრს ვერას დააკლებენ, საზოგადოება მაინც გაუუცხოონ, ჯებირები შემოავლონ ნიჭიერების ამ ახალ ნაყოფს, ელვარე სულიერ მონაპოვარს, და როგორმე მიაფარონ თვალთაგან.
ტალანტი საბოლოოდ მაინც თავისას გაიტანს?
ხშირ შემთხვევაში ასეცაა, მაგრამ ამ ხშირი შემთხვევის დროსაც შესაძლოა თაობები გადავიდნენ ისე, შესაფერისად ვერ დააფასონ ეს სულიერი განძი და თითო-ოროლა ადამიანი თუ ინახავდეს ხსოვნას ამ უჩვეულო მიღწევისა.
და ბოლოს და ბოლოს იმ თითო-ოროლა ადამიანის წყალობით აელვარდება ის დასამარებული ტალანტი და ჰპოვებს იმ გამოძახილს საზოგადოებაში, რაც ჯერ კიდევ როდის უნდა ეპოვნა.
ჯეიმზ ჯოისსაც აჰყვებოდნენ პატივისმცემელნიც და დამფასებელნიც – უფრო მაინც „ულისეს“ გამოქვეყნების შემდგომ, მერე უკვე გულმოდგინედ და დაკვირვებითაც რომ მიუბრუნდებოდნენ „დუბლინელებსაც“ და „ხელოვანის სიჭაბუკის პორტრეტსაც“, ერთი თავისებური სიახლე რომ აღმოჩნდებოდა ნოველისტიკაში და მეორე – რომანისტიკაში.
თუმც ეს სიახლენი სალიტერატურო კრიტიკის მსჯელობის ფარგლებს არ გასცდებოდა და სენსაციის მსგავს ხმაურს ვერ გამოიწვევდა, ჰომეროსის „ოდისეას“ პაროდიული ვერსიისათვის რომ არ მოეკიდა ხელი ჯეიმზ ჯოისს, რათა თვალნათლივ დაენახვებინა მკითხველისათვის ტრაგიკული განსხვავება სულიერებით აღვსილ ჟამსა და ღმერთსმოკლებულ დროებას შორის.
როდესაც მიგელ დე სერვანტესი რაინდული რომანების პაროდიად შექმნიდა „დონ კიხოტ ლამანჩელს“, ცხადია გაბედულება ესაჭიროებოდა დამდორებული ლიტერატურული ყოფის გადასალახად, მაგრამ ეს მხოლოდ მწერლური გაბედულება იქნებოდა.
როდესაც ჰენრი ფილდინგი „ჯოზეფ ენდრიუსის თავგადასავალს“ შექმნიდა სენტიმეტალური რომანების პაროდიად, ცხადია გაბედულება ესაჭიროებოდა დამდორებული ლიტერატურული ყოფის გადასალახად, მაგრამ ესეც მხოლოდ მწერლური გაბედულება იქნებოდა.
მაგრამ როდესაც ჯეიმზ ჯოისი „ულისეს“ შექმნიდა საგმირო ეპოსის პაროდიად, საამისოდ არ იკმარებდა მარტოდენ მწერლური გაბედულება, რაკიღა საზოგადოებრივ-პოლიტიკური რისხვაც გახლდათ მოსალოდნელი.
გზა უკვე გაკვალვოდათ მასაც, ფრანც კაფკასაც და ტომას სტერნზ ელიოტსაც ფრიდრიხ ნიცშესაგან?
რისკი ის იყო, თუ იყო, თავზეხელაღებულად ის მოიქცეოდა, თუ მოიქცეოდა, როდესაც „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ გააცხადებდა ახალი ეპოქის მანიფესტადაც და წინასწარმეტყველებადაც ჩიხური რეალობისა, რომლის წიაღშიც ტრიალებდა ღმერთდაკარგული საზოგადოება, მაგრამ ერჩივნათ ფარისევლურად მოეტყუებინათ თავი და ილუზიებით გაბანგულიყვნენ, ვიდრე საზარელი სინამდვილისათვის გაესწორებინათ მზერა… და თუ რაიმე წაცდებოდათ, მხოლოდღა ჩურჩულით.
ეს ჩურჩული უნდა გადაელახა ფრიდრიხ ნიცშეს და ხმამაღლა ეთქვა ის, რასაც ადამიანები თავიანთ თავსაც უმალავდნენ და ამ დამალვაში ჰპოვებდნენ იმ მოჩვენებით შვებას, რაც ადრე თუ გვიან სრული კატასტროფით დასრულდებოდა, ახალი დროის შესაფერი მკურნალი და წინასწარმეტყველი რომ არ მოვლენოდათ ნიცშე-ზარატუსტრას გამოცხადებით.
როდესაც ნიცშე გაგიჟდებოდა და ამ სნეულებით დაასრულებდა ამქვეყნიურ არსებობას, ეს ტრაგიზმი მისი სიცოცხლისა ხელსაყრელ საკბილოს მისცემდათ მოშურნე-მოწინააღმდეგეთ: ამ გონების კაცს სასიკეთო ანკი რა შეიძლება შეექმნაო?!.
თითქოს „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ დასნეულებული აზროვნების ნაყოფი ყოფილიყოს.
არადა ის სნეულება სხვა არაფერი გახლდათ, თუ არა გაცნობიერებაც და გაცხადებაც იმ უფსკრულისა, საითაც მიექანებოდა კაცობრიობა, თუკი არ შეიგნებდა ღმერთის ძიებისა და მისი ხელახლა აღმოჩენის აუცილებლობას.
და თუკი არ შეიმეცნებდა და შეითვისებდა ზნეობრიობისა და სულიერების გარდუვალობას.
რაკიღა უფალს შევექმენით სახედ და ხატად თვისად, ხომ უნდა დაგვებრუნებინა ეს გარეგნული იერიც და სულიერებაც ჯოჯოხეთის გამოვლის შემდგომ.
მაგრამ ჯერ უნდა გვცოდნოდა, რომ სატანურ კლანჭებში ვიმყოფებოდით.
მერე უნდა გვცოდნოდა, რომ აქედან თავდაღწევა შეიძლებოდა.
და მერე კი უნდა დაგვებეჯითებინა, რომ ხელი ჯერ ჩვენ უნდა გამოგვეღო და შემდგომ უფლის შეწევნით კიდეც მივაღწევდით საწადელს.
ამას ღაღადებდა და ქადაგებდა „ესე იტყოდა ზარატუსტრა“.
და კიდეც კვალში უნდა ჩადგომოდნენ ფრიდრიხ ნიცშეს: ფრანც კაფკაც, ჯეიმზ ჯოისიც და ტომას სტერნზ ელიოტიც.
ირლანდიას იცნობდა და ჩინებულადაც იცნობდა ევროპაც და ამერიკაც შესანიშნავი მწერლების გამოისობით, მაგრამ ჯოისს ახლებურად რომ დაენახვებინა ეს სამყარო დასავლეთისათვის… და თავისი დრამატული, მეტიც – ტრაგიკული ცხოვრების წესით დაედასტურებინა ის უცილო ჭეშმარიტება, რომ:
როგორც უნდა მოწყვეტოდი შენს სამშობლოს გარეგნულად, ვერასოდეს დააღწევდი თავს იმ იდუმალ ძალას, ფესვების მონატრება რომ ჰქვია, და შენს ნებაზე აღარ ჰკიდია, ისე ჩაგითრევს და გაგთანგავს.
არჩევანის წინაშე რომ დადგებოდა ჯოისი:
ირლანდია თუ მწერლური კარიერაო?
მწერლურ კარიერას ამჯობინებდა.
და რადგანაც სამშობლოში ჩარჩენას შესაძლოა ეიძულებინა, პუბლიცისტიკაზეც გადართულიყო და ამით რაღაც-რაღაცები მოეკლო მწერლური ხელოვნებისათვის, კიდეც თავქუდმოგლეჯილი გამოერიდებოდა იქაურობას.
მითუმეტეს სასაყვედურო ექნებოდა თვისტომთათვის:
თქვენი ნდობა როგორ შეიძლება, აგერ ახლახან აცვით ჯვარს ჩარლზ პარნელი, ნაცვლად იმისა, მის გზას ბოლომდე გაჰყოლოდით და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობაც ამოგეგოთო!..
მინიშნებით მიანიშნებდათ:
მეც მასავით რომ გადავდო თავი თქვენი კეთილდღეობისათვის, უკეთესს ვერას ვეღირსები თქვენგან, თუ არა ჯვარზე გაკვრასო.
უმადურობას წარმოსახავდა თავის ნოველებსა და რომანებში, მორალურ დაცემასა და სულიერ სიცარიელეს, ფარისევლობასა და გაუტანლობას, თვითყვედრებისა და მონანიების აუცილებლობას, და თუ არსად იბჟუტებდა სინათლის ნასახიც, ეს იმიტომ, ღმერთდაკარგულ სივრცეში განა საიდან შეიძლება შემოეღწია სინათლის სხივს?!.
თურმე – ფესვებიდან.
ეს იგრძნობოდა იმ ტრაგიკულ მხატვრულ რეალობაშიც, „ულისე“ ასეთი უკიდურესი სიმწვავით რომ გამოსახავდა – რაღა ეს რომანი და რაღა „ესე იტყოდა ზარატუსტრა“!..
და მთელი არსებით უნდა ამოხეთქილიყო რომან-ექსპერიმენტში „ფინეგანის ქელეხი“, იმ დაკარგული ფესვებისაკენ რომ გაეჩქარებოდა, რადგანაც მათი აღმოჩენა-აღდგენის შემდგომ უნდა გადახსნოდა გზა უფლისაკენ, მის წიაღში შესაღწევად და დასავანებლად.
ამ შინაგანი დუღილით ავსებულა ჯეიმზ ჯოისის მხატვრული სამყარო.
და ეს დუღილია, ასერიგად რომ მოხიბლავთ ახალგაზრდებს, თუ იოლად არ მიენდობიან ჯოისის მეტოქეთა, მოშურნეთა თუ მოწინააღმდეგეთა მიერ დაყრილ ხმებს: მისი წაკითხვა შეუძლებელია, ისეთი ხელოვნური ჯებირები აქვს აღმართული მკითხველის წინაშეო.
არადა:
არამცთუ შეუძლებელი, საძნელოც კი არაფერია, თუ შეეჩვევი ამ სტილურ მანერას პირველ ხუთ გვერდზე – გასაჭირი იქ გადადგება, სირთულე იქ ამოჰყოფს თავს… მაგრამ თუ გულს დაუდებ და შეჰყვები, მერე ლაღად მიდის და მიედინება თხრობა და შინაგანი მონოლოგები და ასოციაციათა ნაკადები მთლად შენი ხდება, ისე ეფლობი სტილური არტისტიზმის მდინარებაში, მუსიკისაგან რომ აღარც გაგერჩევა თხრობა.
მუსიკა გარეგნულიცაა და შინაგანიც, და ეს მეორე, ეს შინაგანი, კიდევ უფრო ძნელი მისაღწევია მწერლისათვის, მაგრამ ჯოისი ამასაც უმაღლეს დონეზე რომ შეძლებდა ანუ ღვთაებრივ ცეცხლში გაეხვეოდა და შიგ ჩაფერფვლისაც არ შეეშინდებოდა, ამიტომაც გაიჩენდა ამდენ მიმდევარს, განსაკუთრებით ახალგაზრდა მწერლები რომ დაეწაფებოდნენ მის სტილურ მანერას და გადაღებასაც შეეცდებოდნენ.
გარეგნულს ბევრი გადაიღებდა, მაგრამ შინაგანს კი – თითო-ოროლა, მხოლოდ ისინი, თავიანთი მუსიკალური სმენა რომ მომადლებოდათ და ჯოისი მხოლოდ დაეხმარებოდათ, რათა ღრმად და ღრმად ჩაეღწიათ თავიანთი სულის სიღრმეში და იმ იდუმალი მუსიკისათვის მიეკვლიათ, მიეკვლიათ და ამოეზიდათ, ამოეზიდათ და ახალ სტილურ მანერად ექციათ, მხოლოდ ძალზე დაკვირვებული თვალი რომ მიაგნებდა ფარულ კავშირს ჯოისისა და მათ სტილისტიკას შორის, დიდ წინამორბედზე დაყრდნობით ორიგინალურ სტილს რომ გამოძერწავდნენ, თუნდ ტომას ვულფისა და უილიამ ფოლკნერისა არ იყოს.
მწერლები მწერლებად და თაობები თაობებად, ზეგავლენა კვლავაც რომ გრძელდება, ხოლო ახალგაზრდობის სულიერი ჩამოყალიბებისას არც „ულისე“ და არც ჯოისის სხვა თხზულებანი რომ არ გამოიტოვება, იმიტომაც:
აგერ თვალსაჩინო ნიმუში, თუ რას ნიშნავს უმაღლესი რანგის პროფესიონალიზმი.
თუ რას ნიშნავს სიახლის წყურვილი და დაუმცხრალი ძიებანი.
თუ რას ნიშნავს სტილური არტისტიზმი.
თუ რას ნიშნავს მუსიკალურობა და რიტმულობა პროზაში.
თუ რას ნიშნავს შეუფერადებელი, შეულამაზებელი აღწერა-წარმოჩენა თვით ყველაზე გულისშემძვრელი და თუნდ თავმოყვარეობის შემლახავი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენებისა.
თუ რას ნიშნავს თავის გადადება შენი მოწოდებისათვის.
თუ რას ნიშნავს გამიჯნვა პილატეობისაგან და მონანიება მთელი ერის სახელით.
თუ რას ნიშნავს, შენს სამშობლოს რომ დაატარებ გულით, სადაც უნდა მოგიხდეს ცხოვრება.
თუ რას ნიშნავს, ფესვები რომ არ მოგეშვებიან და მათ შეგრძნებაში აღმოგხდება სული.
მეც ვიზიარებ თვალსაზრისს, რომ ადრე თუ გვიან საბავშვო მწერლად გადაიქცევა ფრანც კაფკაც, თუ უკვე არ არის საბავშვო მწერალი.
ჯეიმზ ჯოისის საბავშვო მწერლობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ახალგაზრდებს კი ძალიან გამოადგებათ მრჩევლად, მოძღვრად, გზის გამწალდველად, დაკარგული უფლის მოსაძიებლად.
რაო – მოგესმით ყრუ გუგუნი მიწის სიღრმიდან თუ ზეცის თავანიდან?
ამ გუგუნში „ულისეც“ იელვებს სხვა ძვირფას და გზის გამკვალავ წიგნებთან ერთად და თავს გახსენებს.