აგასფერი ადამიანები და სინათლის სხივის საძებნელად გასული სამყარო
ლია მეტრეველი

თითქოს არაფერი შეცვლილა, ერთი შემოძახება და 2020 წლის ზაფხულიც კარს გაიხურავს. ქვეყანაც, ხალხიც, კოვიდური პერიპეტიების გადავლის შემდეგ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ეს ერთი შეხედვით, თორემ კორონასგან გამოწვეულმა შოკმა, (წუხილმა, ემოციებმა, სიხარულის განცდამ) რომ მთელ სამყაროს ვირტუალურ სივრცეში გვიკრა თავი, – ეს პატარა ამბად არც კი უნდა გვეჩვენებოდეს! უცბად დადგა დედამიწელთათვის ახალი დრო, ახალი ფორმაცია, ურეფერენდუმოდ, მოსახლეობის თანხმობის გარეშე. რა სახელს დაარქმევს სამყარო ამ ახალ დროს,  ეს ჯერ არ ვიცით, არ შევთანხმებულვართ. ერთი კია, უკლებლივ ყველა – მხოლოდ ეკრანებს (ტელევიზორი, კომპიუტერი, სმარტფონი, მობილური) ვართ მიჯაჭვულები და ამ ენითაუწერელი კომფორტის მეშვეობით, შინიდან გაუსვლელად ვმართავთ ცხოვრებას – ვირტუალურად ვესწრებით კონცერტებს, სპექტაკლებს, ვკითხულობთ წიგნებს, ვსწავლობთ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ვსარგებლობთ საჭმლის მიტანის სერვისით – ვეგუებით ახალ რეალობას. შესაბამისად, ისედაც ელექტრონული გამოცემისთვის – “ქართული კულტურა“ აგვისტოს ნომრის ნარატივიც თითქოს ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო. იქნებოდა კიდეც, რომ არა რამდენიმე ავტორის “ჩუმი ჯანყის“ შემცველი ესე. რა არის ეს “ჩუმი ჯანყი“, თვითონ მიხვდებით თუ გახსნით და წაიკითხავთ მწერლის, მთარგმნელის, პუბლიცისტის როსტომ ჩხეიძის ესეს “რატომ უნდა წაიკითხოს ახალგაზრდამ “ულისე“? მწერალი თხრობის და წერის დიდოსტატია და ვირტუოზულად ახერხებს აგასფერი ადამიანების პრობლემა, ადამიანების, რომლებიც მთელი ცხოვრება დაეხეტებიან და ნავსაყუდელს ვერ პოულობენ, საერთო პრობლემად აქციოს, “ღმერთდაკარგულ სივრცეში “ სინათლის სხივი აპოვნინოს. წეროს ჯოისზე და ამ ერთი ესეთი გაგიჩინოს სურვილი წაიკითხო ჰენრი ფილდინგიც, ფრიდრიხ ნიცშეც, ჰანს კაფკაც, ტომას ელიოტიც, ვირჯინია ვულფიც. მოგწყვიტოს და მაინც დაგტოვოს შენი სამშობლოს ფესვებთან, დაგეხმაროს ღმერთის ძიებაში.

თამარ გუნაშვილის ანალიტიკურმა ესემ “და ჩვენ ვუყურეთ“ – თაროდან რამდენიმე სერიოზული ავტორის წიგნი (მარსელ პრუსტის “სოდომი და გომორი“, იუკიო მიშიმას “ნიღბის აღსარება“) გადმომაღებინა და კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ სამყარო არ შექმნილა ხოლოდ ჩემთვის, არც მხოლოდ შენთვის, სამყარო შეიქმნა ჩვენთვის, ყველასთვის. ჩვენ კი, ასეთი ინდივიდუალურები, განსხვავებულები, შიგადაშიგ, ნებაყოფლობით ვიქცევით აგრესიულ ჯგუფებად, ვკიცხავთ და ვაგინებთ ჩვენგან განსხვავებულებს, ხელს ვკრავთ და ვტოვებთ გარიყულს, დავცინით კანის ფერსა და თვალის ჭრილს, სარწმუნოებას და ტრადიციას. გვავიწყდება,რომ “ღმერთდაკარგულ სივრცეში“ თითოეული ღმერთის არჩევით ვართ მოსული! თამარ გუნაშვილის ესე გვეუბნება – ნახეთ, წაიკითხეთ, დათრგუნეთ აგრესია, ნუ მოკლავთ საკუთარ თავსა და ინდივიდუალურ “მეს“!

როსტომ ჩხეიძის თემას აგრძელებს ფილოლოგის, სოფო ბაშარულის, ფსიქოლოგიური წერილი “სიყვარული თუ არ გაქვს, კაცს ვერ მოკლავ!”

ქართული კულტურა“ ტრადიციას არ ღალატობს და კვლავ გთავაზობთ რუბრიკა “ესთეტს“. ამ ნომრის რჩეული ესთეტი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი მანანა კაზაკოვაა.

აღმოსავლეთმცოდნე ალექსანდრე ელერდაშვილის წერილი “ფრანჩესკა პეტრარკა“ კიდევ ერთხელ გაგახსენებთი ცნობილი იტალიელის, სონეტების მამამთავრის პეტრარკას ცხოვრებას და მის ქართველ მთარგმნელებს.

“ქართული კულტურის“ ნომრებს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორის, ანი მარგველაშვილის, წერილები ხელოვნებაზე, სიახლეებსა და  კულტურულ პროგრესზე. ემოცია, რას იტყოდა ვან გოგი თავისი თავისი ნახატების ციფრული ვერსია რომ ენახა,სტატიის წაკითხვის შემდეგ არ მტოვებს! ამ წერილმა კიდევ უფრო გამიმძაფრა განცდა იმისაც,რომ ახალი ფორმაციის,ახალი ერის დასაწყისის თანამონაწილენი ვართ. მართალია,ძირითად საკითხზე-მოგვწონს თუ არა ვერბალურ-ვირტუალურ სამყაროში ასე ერთბაშად გადაბარგება,-არც შევთანხმებულვართ. მაგრამ გვჭირდება კი ასეთი შეთანხმება? იქნებ ადამიანების “ მზის სინათლის საძებნელად“ გამოსვლაც საკმარისი აღმოჩნდეს ამისთვის!