ერთი დღე ვან გოგის ციფრულ სამყაროში
ანი მარგველაშვილი

2020 წლის დასაწყისში, ციურიხში ,ვან გოგის ციფრული გამოფენა – „Van Gogh Alive“ „ჩამოვიდა“. ეს გამოფენა 50-ზე მეტ ქალაქშია ნამყოფი და, ალბათ, ყველაზე პოპულარული გამოფენაა ციფრულ და მულტი-სენსორულ გამოფენათა შორის. მას 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

ვან გოგის შედევრების გაციფრულება საკმაოდ საფრთხილო და სათუთი საქმეა. ციფრული ხელოვნება არ არის ის ტრადიციული მიმართულება, რომელსაც უკვე მეტ-ნაკლებად მიჩვეულები ვართ. ციფრულ ექსპოზიციებს „პიგმენტიდან პიქსელში“ გადაჰყავს ნახატები და ხელოვნების აღქმის ბარიერებს ანგრევს. აქ ზომა, შუქი, მოძრაობა შეუზღუდავია…

პიგმენტი მასალაა, რომელიც იფერება შუქის სელექციური შთანთქმით და არეკვლით. პიქსელი კი მინი-ელემენტია, რომლისგანაც მოზაიკისებურად შედგება ნახატი. თითოეულ პიქსელს თავისი ფერის კოდი აქვს მინიჭებული, რაც საბოლოოდ ნახატს ქმნის. პიგმენტები და პიქსელები ტექნოლოგიურად მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ციფრული ტექნოლოგიები ახლა უკვე ჩვენი ყოველდღიურობაა. ისინი უსაზღვრო შესაძლებლობების მატარებელია. ამის ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი სმარტფონების „ჯადოქრობაა“. ჩვენ მათ ყოველდღე ვიყენებთ. მათი დახმარებით ფოტოებს ვიღებთ, რუკებს ვნახულობთ, ყველანაირ ინფორმაციას ვეძებთ და რამდენიმე წამში საჭირო პასუხსაც ვიღებთ.

ციფრულ ტექნოლოგიებს გამოყენების ძალიან ფართო სპექტრი აქვს. მათი წვდომა პიგმენტიდან პიქსელმადე გასავლელი გზით არ არის შემოფარგლული. აი, მაგალითად, ფანტასტიკურ ლიტერატურასა თუ ფანტასტიკის სფეროზე შექმნილ ფილმებსა და ნოველებში ხშირად ვხვდებით პერსონაჟებს, რომელთაც ხშირად უჩნდებათ ფიზიკური სხეულის დატოვების და გონების სადმე ციფრულ მონაცემთა ბაზაში ატვირთვის (აქედან გამომდინარე, გონების უკვდავად ქცევის) სურვილი. ციფრულ სივრცეში, თითქოს, ლიმიტები არ არსებობს და შეიძლება იყო ის, რაც გინდა. სხეულის უამრავი ბიოლოგიური და ფიზიკური შეზღუდვა ციფრულ ფანტაზიაში შეგვიძლია მარტივად გადავლახოთ. ამ კუთხით თუ შევხედავთ, კლასიკური ხელოვნება შეიძლება არც იყოს საბოლოო პროდუქტი. ის უფრო რაღაც შუალედური ეტაპია თვითპროდუქციისა. ციფრული ფორმატი ხელოვნების ნიმუშების სხვა პერსპექტივით დანახვის ანდა ახალი ხელოვნების ნიმუშის შექმნის საშუალებას გვაძლევს.

„Van Gogh Alive“ გამოფენის შესახებ რომ გავიგე, უცნაური გრძნობა დამეუფლა. ერთი მხრივ, ძალიან გამიხარდა და მინდოდა წასვლა, მეორე მხრივ, კი გამოფენის ხელოვნებისეულ ფასეულობაში ეჭვი მეპარებოდა… ვფიქრობდი, რომ ეს არ შეიძლება იყოს ნამდვილი ვან გოგი. წარმოუდგენელია  იგრძო ნახატის ფაქტურა, დაინახო ფუნჯის მოძრაობა. როგორ უნდა გადმოვიდეს ნახატის ემოცია შენში?

დავგეგმეთ ვიზიტი ამ პოპულარულ გამოფენაზე და სიურპრიზად თავს კორონა ვირუსის პანდემია დაგვაცხრა… შვეიცარიაში ყველანაირი საზოგადოებრივი ღონისძიება და ხალხმრავალი (ხუთ ადამიანზე მეტი) შეკრება აიკრძალა. ასე გაგრძელდა ორ თვეზე მეტ ხანს. თუმცა კარანტინის შეზღუდვები რომ შენელდა, მუზეუმში ვიზიტებიც ნელ-ნელა განახლდა და პირველივე შესაძლებლობაზე ჩემს შვილთან ერთად წავედი ციფრული ვან გოგის სანახავად. სკეპტიკური განწყობით შესულმა გენიალური მხატვირს ნახატ სამყაროში ამოვყავი თავი. გამოფენის მნახველი იძირება ისეთი შედევრების უსასრულობაში, როგორიცაა „პურის ყანა ყვავებით“, „ვაზა თორმეტი მზესუმზირით“, „ვარსკვლავებიანი ღამე რონზე“. ეს გამოფენა თითქოს მხატვრის სულში გახედებს და გაკავშირებს მასთან, სიღრმისეულად და სათუთად. ვან გოგი ხომ არ ხატავდა რეალობას, ვან გოგი ხატავდა ცხოვრებას. ხელოვნება მისი განუყოფელი ნაწილი იყო, რომელთანაც მუდმივად ჭიდაობდა და რისთვისაც საბოლოოდ სიცოცხლეც გასწირა. მის მხატვრობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადამიანის ცხოვრების „სწორად“ გადმოცემა. ვან გოგის მთავარი გზამკვლევი თავად რეალობა იყო, აწმყო, მისი ეპოქა და არა წარსულის ნაშთები. ის ქმნიდა თანამედროვეობას და ატყვევებდა მის გარშემო მყოფ ადამიანებს პორტრეტებში. ამ რეალობის მსგავსი აღქმა შეუძლებელია მხოლოდ ტილოზე ანდა ფურცელზე ამავე რეალობის ასლის შექმნით. ამიტომ, ვან გოგი ეძებდა გრძნობებს ზედაპირის მიღმა. ის ეძებდა რაციონალურობას მისტიკაში, საბოლოოდ კი ერწყმოდა თავის ნამუშევრებს. მან შექმნა და განავითარა მხატვრობაში ის, რისი შესადარიც დღესაც კი არ მოიძებნება.

ვან გოგი ცხოვრებაში სრულიად წარუმატებელი იყო, მისი ძმა თეოდორი რომ არა, ალბათ, ნახატების შექმნის სახსრებიც კი არ ექნებოდა. ერთ წერილში, რომელიც ძმას მისწერა ის ამბობს „რა ვარ მე ადამიანების თვალებში? არარაობა ან უცნაურობა, უსიამოვნო პიროვნება, რომელსაც არ აქვს და არც ექნება ადგილი საზოგადოებაში. მოკლედ რომ ვთქვა, იმაზე უფრო დაბლა ვარ, ვიდრე უმდაბლესია“… „ჩემს ნამუშევრებში მინდა ვაჩვენო, რა ხდება ასეთი უცნაურობის, ასეთი არარაობის გულში. ეს ჩემი ამბიციაა, რომელიც უფრო მეტად სიყვარულს ეფუძნება ვიდრე სიბრაზეს. მიუხედავად ყველაფრისა, ეფუძნება უფრო მეტად სიმშვიდეს, ვიდრე ვნებას“.

ვან გოგი ხატავდა გამოფიტვამდე, ზოგჯერ ორ ნახატსაც ერთ დღეში. ცხოვრების ბოლო ორ წელიწადში მან 860 ტილო შექმნა. მათ შორისაა მისი ცნობილი „მზესუმზირები“, „ვარსკვლავიანი ღამე“ და „პურის ყანა ყვავებით“. დღეს, 130 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან, ვან გოგი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხატვარია. მას ჩვენი კულტურის ყველა სფეროში ვპოულობთ: იქნება ეს თუფაქის ლექსი ვარსკვლავიან ღამეზე თუ ფილმები, სერიალები, დეკორაციები ან უამრავი სხვა რამ. ვან გოგმა გვაზიარა თავის რეალობას და სამარადისოდ შემოიჭრა ჩვენსაში. მან შექმნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, სინამდვილეში არარსებული, მის ფანტაზიაში წარმოსახული და სან რემის სხვადასხვა ხედებით კომბინირებული ლანდშაფტი – „ვარსკვლავიანი ღამე“. მან დახატა და დაინახა ღამის ცა ისე, როგორც არავის არასდროს დაუხატავს.

ვან გოგი პროგრესული და თავისი დროის თანამდროვე იყო, ამიტომაც არის საინტერესო 21 საუკუნეში გათანამედროვებული ვან გოგის გამოფენის ნახვა.

„Van Gogh Alive“-ზე ხელოვნების, კულტურის, ისტორიის და მეცნიერების ნაზავს ნახავდით. ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ გამოფენა საზოგადოების ყველა ფენისა და ასაკისათვის საინტერესო ყოფილიყო. ეს გამოფენა ერთგვარი პატივისგებაა მხატვრისა: მცდელობა, მის ხელოვნებასთან ყველა ტიპის ადამიანმა იპოვოს კავშირი. იგი მნახველს სხვა ხედვას სთავაზობს. იგი ისეთ გრძნობას გვიქმნის, თითქოს მეორე, პარალელური, სიცოცხლე ჰპოვა უკიდეგანო შედევრებმა. მათ სამგანზომილებიანი, სივრცისეული თავისუფლება მიიღეს. გამოფენილი შედევრები ტილოზე „დატყვევებულნი“ აღარ არის. ვან გოგნი თანამედროვე კულტურისა და ტექნოლოგიის ნაწილი გახდა. ის შეერწყა ხელოვნურ ინტელექტს. უფრო მეტიც, არა მარტო შეერწყა, არამედ ხიდად იქცა და ადამიანი დააკავშირა მანქანასთან – ამ შემთხვევაში 40 უზარმაზარ პროექციულ ეკრანთან.

გამოფენა ვან გოგის ცხოვრებასა და მისი მხატვრობის განვითარებას  ეტაპობრივად ასახავს. დარბაზი უზარმაზარი ეკრანებითაა გადატიხრული და მრავალგანზომილებიან სივრცეში გაქცევს. სიბნელეა, კლასიკური მუსიკა ისმის, ხალხი (არც ისე ბევრი ,კორონა ვირუსის გამო) ფუსფუსებს და ეკრანებზე ჩნდება ვან გოგის შედევრები. ეს არ არის გამოფენა, რომელიც უბრალოდ ვან გოგის ნახატებს მოიცავს, არამედ კარგად დაგეგმილი ჩანაფიქრია. ამ ჩანაფიქრის მიზანი არის ის, რომ მხატრვის აღქმა ყველამ შეძლოს. ვან გოგის ცხოვრების ტკივილს მუსიკა და მძაფრი დეკორაციული ჩანართები გასდევს ლაიტმოტივად. დათვალიერებისას ემოციები გიპყრობს და ვან გოგთან ერთად, მის ცხოვრებაში მოგზაურობ.

საგამოფენო სივრცეში პირველად „ვინსენტის საძინებელი არლში“ გვხვდება, რომელსაც მისი ავტოპორტრეტები მოსდევს და ნელ-ნელა მიგვიძღვება მისი ცხოვრების გზაზე.

თავდაპირველად მისი ნახატების ყველაზე უფრო მუქ პერიოდს ვნახულობთ – კარიერის დასაწყისს 1880-1885 წლებს. ეს საზოგადოებისთვის არც ისე ცნობილი ფაზაა. ამ დროს ვან გოგი ხატავს გლეხებს („კარტოფილის მჭამელები“, „გლეხი კაცი და ქალი თესავენ კარტოფილს“ – ორივე ნახატი შექმნილია 1885 წელს), ნატურმორტებსა და პეიზაჟებს. მოგვიანებით შემოდის ანტვერპენი და პარიზი. ეს მნიშვნელოვანი ეტაპებია მისი ხელოვნების განვითარებაში. აქ (ანტვერპენი და შემდეგ პარიზი) ის თავს ანებებს პირქუში ფერების გამოყენებას და ახალ ეტაპს იწყებს: განსხვავებულს, პროგრესულს, ავანგარდულს. სწორედ პარიზში აღმოაჩენს ვინსენტი იაპონურ ხის გრავიურებს, რომლებსაც ანტიკვარის მაღაზიაში იაფად ყიდულობს. ეს „უმნიშვნელო“ შენაძენი მის ხელოვნებაზე მარადიულ კვალს ტოვებს. გამოფენაზეც ნელ-ნელა შემოდის ფერების კორიანტელი, როგორც მის ნატიურმორტებში, ისე პარიზულ სიტუაციებსა და პორტრეტებში: „ოთხი მოჭრილი მზესუმზირა“(1887) და “ქალი მაგიდასთან „კაფე დუ ტამბორინში“ (1887). ამას მოჰყვება არლის პერიოდი და ნამდვილი ფერების აფეთქება. მისი მოოქროსფრო ყვითელი პეიზაჟები, პურის თავთავები და ღამის განათებული კაფეები. მისი ცნობილი „თორმეტი მზესუმზირა ვაზაშიც“ სწორედ არლშია შესრულებული, 1888 წლის აგვისტოში. არლში გაიცნო პოლ გოგენიც და არლში დაეწყო მენტალური მგომარეობის გაუარესებაც… 1888 წლის დეკემბერში გოგენთან შექმნილი გაუგებრობების პასუხად მან ყური მოიჭრა და გამოფენაზეც ეკრანზე სისხლი დაიღვარა… დამთვალიერებელი სულშეკრულია და ტკივილს გრძნობს… 1889 წელს ვან გოგი სან რემიში ფსიქიტრულ საავადმყოფოში მიდის, იქ მას ხელს უწყობენ, რომ ხატოს. ვან გოგიც ხატავს. ის ხატავს ძალიან ბევრს და ხატავს ყველას (ადამიანებს) მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის მის ცნობილ ექიმ გაშესაც. გამოფენაც მათ პორტრეტებს გვიჩვენებს. ამას ემატება სან რემის ხედები, ცნობილ კვიპაროსები და გენიალური და ფანტაზიის ნაყოფი „ვარსკვლავიანი ღამე“. გამოფენის ბოლოსკენ ჩანს მისი „პურის ყანა ყვავებით“ (1890). მნახველს ეუფლება განცდა, რომ ეს ნახატიც სწორედ ვან გოგის დეპრესიული განწყობის მანიფესტაციაა. ის ხომ 1890 წლის 27 ივლისს შებინდებისას წავიდა ყანაში და გულმკერდზე რევოლვერით ტყვია იხალა… ვან გოგი ამის შემდეგ 2 დღეში თავისი ძმის მკლავებში გარდაიცვალა. გამოფენაზეც ისმის იარაღის გასროლის ხმა… სუნთქვა გეკვრის და გიჩნდება სურვილი, რომ არ დაიჯერო ეს ტკივილი… ვერაფერს ცვლი და დანაშაულის გრძნობა გახრჩობს, – კაცობრიობას ასეთი ადამიანი ჰყავდა და ასე დაუფასებლად წავიდა… წავიდა მარადისობაში…. გამოფენა ავტოპორტრეტებით მთავრდება, რომელიც სავსეა ემოციებით… ქრონოლოგიურად მოდის გრანდიოზულ ეკრანზე ერთმანეთის მიყოლებით ვან გოგის ავტოპორტრეტები. ასეთი ქრონოლოგიით ბევრად უფრო მძაფრად გრძნობ მის გამოხედვაში ფსიქიკურ გაუარესებას, მის ტკივილს…. ალბათ, ავტოპორტრეტები ასე ერთად ყველაზე შთამბეჭდავია და ყველაზე მეტის მთქმელიც.

გამოფენის დასრულებისას სევდიანი, მაგრამ  უფრო სრულქმნილი გამოდიხარ. გაცილებით უფრო ახლოს გრძნობ თავს ვან გოგთან. “ვან გოგ Alive” არის გამოფენა, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს. თუმცა მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პიგმენტი პიგმენტია და პიქსელი – პიქსელი.

გამოვედით გამოფენიდან ჩემი შვილი და მე, პოსტ-კარანტინულ რეალობაში, ცარიელ ქუჩებში, ნიღაბმორგებული ხალხით შევსებულ ტრანსპორტში, უცნაურ სიმშვიდეში. ასე კიდევ უკეთესად მოგვეცა ფიქრის საშუალება. ჩვენ ჩუმად მოვსეირნობდით სახლისკენ…

ვინსენტ ვან გოგი ჩემთვის ყველა დროის უსაყვარლესი მხატვარია.

იგი მარადიულია და თუ რამის მარადიულად ციფრულში გადატანას ვისურვებდი, სადმე ციფრულ მონაცემთა ბაზაში, პირველ რიგში ვინსენტის ხელოვნება იქნებოდა…

თემები