ლიტერატურა
ფსიქოანალიზი: თანადროული სულიერების შესაცნობად
(ბიოგრაფიული რომანიდან მიხეილ ჯავახიშვილზე „კალამი გოლგოთაზე“)
კრიტიკოსები ფსიქოანალიტიკური მეთოდით შეიარაღებულნი რომ დაესეოდნენ უილიამ ფოლკნერის ქმნილებებსაც და მათთვის სასარგებლო მასალას უამრავსაც ამოხვეტავდნენ და ამოხაპავდნენ, იოკნაპატოფას საგის შემოქმედს სასაცილოდაც არა ჰყოფნიდა მათი ეს მონდომება და ფართიფურთი. არ ესმოდა და არა, რატომ გადარეულიყვნენ ასე ერთპირიანად და რატომ ლაპარაკობდა დიდ-პატარა ზიგმუნდ ფროიდზე, ყველა მისი ფსიქიატრიული შრომების მკითხველობაზე რომ სდებდა თავს; ეს კი იცოდა, რომ თვითონ ინტერესის გულისთვისაც არ გადაშლიდა ფროიდის გამოკვლევებს, თორემ გამოდგომით ნეტა რაში უნდა გამოდგომოდა ფსიქიატრის ნაშრომები?!.
იცინებდა და რას იცინებდა კრიტიკოს-ფროიდისტებზე.
მაგრამ იმათ ვერ შეაკრთობდათ ფოლკნერის სიცილი და კვლავინდებურად ამ მეთოდს მიუმარჯვებდნენ მის მოთხრობებსაც და რომანებსაც, თორემ სხვებს ხომ გაიაზრებდნენ და გაიაზრებდნენ ფსიქოანალიზის მოშველიებით.
გადაჭარბებული რომ არაფერი ვარგა, ზოგთან სრულიადაც არ გაამართლებდა ეს მეთოდი, მაგრამ ზოგიერთ ავტორსა და მხატვრულ ქმნილებას ზუსტადაც მოერგებოდა, ქართულ ლიტერატურაშიც რომ უნდა ეჩინა თავი ფროიდისტულ მიდგომას.
მიხეილ ჯავახიშვილი სულაც არ გაიცინებდა თავის ამერიკელ თანამოკალმესავით, მისი ნაწერებიც იმთავითვე ფსიქოანალიტიკურად რომ განესაჯათ, ის კი არა, ძალიანაც სურდა, რომ ამ თვალით შეეხედათ მისი თხზულებებისათვის.
„ჯაყოს ხიზნები“ იყო და:
ფროიდის მეთოდოლოგიის გარეშე როგორ გინდოდა მის არსსა და რაობას ჩაწვდომოდი.
„სალმასი“ იქნებოდა და:
უფროიდოდ ვერც მის რაობაში გაიკვლევდი გზას.
ამას – თვითონ რასაც აღნიშნავდა თავის უბის წიგნაკებში.
ხოლო რასაც უშუალოდ არ მიუთითებდა, სწორედ ფსიქოანალიზის მეოხებით უნდა გეცადა მათ სიღრმეებში ჩაწვდომა და კიდეც გამოიხმობდა თეიმურაზ დოიაშვილი ავსტრიელი ექიმისა და ფილოსოფოსის აჩრდილს, „ოქროს კბილსა“ და „კურდღელს“ როდესაც ჩაუკვირდებოდა… და კიდეც გახსნიდა ჯავახიშვილურ ჩანაფიქრს.
„ოქროს კბილის“ აზრობრივი შინაარსი სიყვარულის, სქესის პრობლემას რომ უკავშირდებოდა, მისი დამუშავებისას მწერალს უნდა გადაეხვია ქართულ ლიტერატურაში გაკვალული გზისათვის და ერთგვარად დაპირისპირებოდა კიდეც ჩვენში მორალურად განმტკიცებულ დოგმატს სიყვარულის გაგებაში.
შედარებისათვის მკვლევარი გაიხსენებდა „ვისრამიანსაც“, როგორც უარმყოფელს აღმოსავლური ლიტერატურისათვის ნიშანდობლივი ჭარბი მგრძნობელობისა და სიყვარულის გაშიშვლებული ჩვენებისა; „ვეფხისტყაოსანსაც“: მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი, მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარიო, – და აღორძინების ხანის მწერლობასაც, რომელიც სიყვარულს გამოაცლიდა გრძნობად-კონკრეტულ მხარეს და სატრფიალო საგნად უხილავ, ხელშეუვლებ არსებას დასახავდა – სულაც ღვთაების თანაფარდს.
ბესიკ გაბაშვილი ამ მისტიკურ განცდას სარწმუნოებრივ საფანელს მოაშორებდა და თავის სატრფიალო ლირიკას მიწიერ, ხორციელ ვნებათაღელვას შესძენდა, თუმც რუსთველური კრედო მისთვის შენარჩუნდებოდა. და XIX საუკუნე ნიკოლოზ ბარათაშვილის ბაგით რომ იქადაგებდა: თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებსო! – სულის უპირატესობას ხორცის მიმართ კიდევ ერთხელ აღუვლენდა საგალობელს.
XX საუკუნე საგნებს, მოვლენებსა თუ გრძნობებს კრიტიკული, რამდენადმე სკეპტიკური თვალით რომ შეხედავდა, კიდეც გადააფასებდა აღიარებულ ჭეშმარიტებებს – და სიყვარულის გრძნობას სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას გაუთანაბრებდა.
ჩვენს მწერლობაში კი ასეთ განცდას პირველი შიო არაგვისპირელი შემოიტანდა და ამგვარ მრწამსსაც ჩამოაყალიბებდა:
მოპირდაპირე სქესთა ურთიერთობისას უმთავრესია ვნება და არა სულთა ერთობაო.
ხორცის უპირატესობა მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებებშიც შესამჩნევი რომ გახლდათ, მკვლევარი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ:
იგი არამცდაარამც არ იმეორებდა არაგვისპირელისეულ შეხედულებას და მის მიერ დახატულ სიყვარულში იგრძნობოდა ერთგვარი სინთეზი ტრადიციულისა და იმ ახლისა, რომელიც ეპოქას მოეტანა და რომელსაც მხარს უმაგრებდა გარკვეული მეცნიერულ-ფილოსოფიური თეორია.
მართალია ისიც სიყვარულს წმინდა გრძნობად აღიარებდა, მაგრამ უარყოფდა გავრცელებულ აზრს, თითქოსდა სიყვარულის საფუძველი მაინცდამაინც სულთა ნათესაობა ყოფილიყოს. სიყვარულს განსაზღვრავდა სქესობრივი ლტოლვა და ხორციელ მოწონებას კი უკვე მოსდევდა სულიერი ერთობაც.
და კვლავ დაისაჭიროებდა შიო არაგვისპირელთან შეპირისპირებას:
თუ ის ხორცს აშიშვლებდა იმ მიზნით, ადამიანში ველური ინსტინქტების არსებობა დაენახვებინა, მიხეილ ჯავახიშვილი მსგავსი სურათების წარმოსახვისას ვერას ხედავდა საძრახისს, პირიქით – პერსონაჟთა ამგვარი ჩვენებით უფრო მართლად ხდებოდა ადამიანის ფსიქიკის, მისი პიროვნული ხასიათის გახსნა.
„ჯაყოს ხიზნების“ შემოქმედი სქესსა და სქესობრივ საკითხს დიდ ადგილს რომ უთმობდა და მხატვრულად ასურათებდა ამ დიდ მოვლენას – სქესობრივი ინსტინქტის გამომჟღავნებასა და მის ფორმებს, ჯერ კიდევ როდის აღნიშნავდა იპოლიტე ვართაგავა, იმასაც რომ დასძენდა:
ჩვენს მწერლობაში თითქმის უჩვეულო და უმაგალითო პირდაპირობით და ღიად წამოჭრა ეს საკითხი და სცადა მისი გადაწყვეტა თანახმად უტყუარი მეცნიერული დებულებისაო.
რომელ უტყუარ მეცნიერულ დებულებას გულისხმობდა და:
ფროიდიზმს.
და თეიმურაზ დოიაშვილი ამ კვალს გაჰყვებოდა, თორემ ფსიქოანალიზის მოშველიების გარეშე კიდეც აუხსნელი დარჩებოდა საბჭოთა კრიტიკოსებისათვის „ოქროს კბილის“ მნიშვნელობა და ადვილადაც შეაფასებდნენ როგორც:
გაშიშვლებული ვნების, მხეცური ჟინიანობის, ავადმყოფური, ხორციელი გატაცების ეპიზოდთა ნაერთად; გადაცდენად ნორმალური ადამიანისათვის ნიშანდობლივი ფარგლებიდან…
არაცნობიერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებდა ზიგმუნდ ფროიდი, როგორც განმსაზღვრელს ადამიანის აზრებისა და გრძნობათა გამჟღავნებული დინებისა.
და არაცნობიერის შინაარსს ინსტინქტთა სამყარო რომ შეადგენს, მათგან მთავარი გახლდათ: სქესობრივი ინსტინქტი – ეროსი და სიკვდილის ინსტინქტი – თანატოსი.
ისინი ერთმანეთს რომ უპირისპირდებიან, ფროიდიზმის ძირეული პრობლემა სწორედ ეს არაცნობიერი ფსიქიკური კონფლიქტია. ამ კონფლიქტს ადვილად ვერ შეამჩნევ, რადგანაც ადამიანის ფსიქიკაში უმეტესწილად ჩაერთვის „გონების ცენზურა“, რომელიც თანდათანობით ავიწროებს არაცნობიერს და ახდენს სუბლიმაციას – მისწრაფებას გარდაქმნის სხვა სფეროში. და „გონების ცენზურის“ მოქმედება ძლიერი რომ არის ნორმალურ და ჯანსაღ ადამიანებში, სამაგიეროდ ნევრასთენიკებსა თუ ანომალიურ პირებში ლიბიდოს მოქმედება ყოველთვის აღემატება სუბლიმაციის ძალას და კიდეც ხელშესახებად მჟღავნდება არაცნობიერი.
და მკვლევარის თვალსაზრისით:
ეს თეორია განსაზღვრავდა მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟთა ანომალიურობას.
რას ირწმუნებოდა ზიგმუნდ ფროიდი?
რას და:
ყველა ადამიანი დამუხტული გახლდათ სხვადასხვა სწრაფვით, რომელთაგან ყველას აჭარბებდა სექსუალური ლტოლვა, როგორც პიროვნების ჩამოყალიბების უნივერსალური ფაქტორი. არაცნობიერის მოქმედებას რომ წარმართავდა სიამოვნების პრინციპი, სიამოვნება თავის გზაზე ხვდებოდა დაბრკოლებებს რეალობასთან შეჯახებისას. და ამ კონფლიქტის შეფერხების გამოისობით ყალიბდებოდა ადამიანის ხასიათის თავისებურებანი ბავშვობიდანვე, რაც შემდგომ მცირეოდენ ცვლილებასღა თუ განიცდიდა:
– ის, რასაც ადამიანის „ხასიათს“ ვუწოდებთ, მნიშვნელოვანწილად სექსუალური აღგზნების მასალისაგან იქმნება და შედგება ბავშვობაშივე აღბეჭდილი ლტოლვებისაგან.
და მკვლევარი საცნაურს გახდიდა, მწერალი თომას პიროვნების ხატვისას ხასიათის ჩამოყალიბების ამ მოდელიდან რომ ამოდიოდა.
ათი წლის თომას მეზობლის გოგოსთან ცუღლუტობისას მიუსწრებდა ქალის მამა და გაწკეპლავდა, რაც ბავშვს სამუდამოდ დააფრთხობდა და შეშინებული ლოკოკინასავით თავის ნაჭუჭში შეაძვრენდა.
ოცდასამი წლისას კი ახალი ფათერაკი უნდა შემთხვეოდა, მეზობლის მოახლესთან გამიჯნურება ისე ძვირად დაჯდომოდა, მთლად ძუძუმწოვარას დამსგავსებოდა – რამდენიმე სიტყვა ძლივს ამოელუღლუღა და ხელებიც საცოდავად გაესავსავებინა.
სიამოვნებისაკენ მისწრაფებას რეალობა რომ გადაეღობებოდა და ეროტიზმის განვითარების ამ ფაზაში შეფერხებას – ზიგმუნდ ფროიდის მტკიცებით – რომ მოსდევდა ხასიათის ისეთი ნიშნები, როგორიცაა სირცხვილი, შიში, მორალური განცდები, პედანტობა თუ კეთილსინდისიერება, ყველა ამ ნიშანს უნდა ეჩინა თავი თომას ხასიათშიც – გამძაფრებოდა სირცხვილის გრძნობაც, შიშიც, პედანტობაც და მორალური განცდებიც, დასაწყისშივე რომ გვაცნობდა მწერალი:
– არ შეუძლია მოლარეს გართობა. რას იტყვის გამგე? რას იფიქრებენ სხვები? მოქეიფეს და მოხეტიალეს ვერ ვენდობითო. დღეს-ხვალ ან ღვინო გაიტაცებს, ან ქაღალდის თამაში, ან ლამაზი ქალი. მერმე? რა მოჰყვება ამას? სამსახურზე გულის აცრუება, სახალხო ფულის გაფლანგვა დაპატიმრება, თავის მოჭრა და სამუდამო შერცხვენა.
მართლაც რომ პანიკური და ფატალური შიში დაეუფლებოდა თავის მოჭრისა და სამუდამო შერცხვენისა თომას, ნორმალური ცხოვრების საშუალებას რომ აღარ მისცემდა და მთელს ენერგიას კიდეც სწავლასა და სამსახურს მოახმარდა, რითაც დაადასტურებდა ფროიდისტულ სუბლიმაციას.
ამ მთვლემარე სექსუალურ გრძნობას ხანდახან რომ უნდა ეფეთქა თომას არსებაში, ამიტომაც უნდა გამძაფრებოდა უხერხულობა თეკლასთანაც და მაროსთანაც: იდუმალი ძალით დაბმული ვნება შიშის ჯაჭვებს დამპალი ძაფებივით რომ დაწყვეტდა.
ეს სცენები თავისი პირდაპირობით შესაძლოა სახამუშოდაც მოგვეჩვენოს?
მაგრამ – მკვლევარის თქმისა არ იყოს – სქესობრივი თავდავიწყების ჩვენება ავტორს იმისათვის ესაჭიროება, ეგრძნობინებინა მკითხველისათვის დაუკმაყოფილებელი სქესის ძალა.
და განსჯას უნდა დაედასტურებინა, ხასიათისა და ფსიქიკის ამ სტადიაზე როგორ მზადდებოდა საფუძველი, თანდათან რომ გამოკვეთილიყო ფროიდიზმისათვის ფართოდ ცნობილი არასრულფასოვნების კომპლექსი.
ფროიდისტულ კომპლექსებთან დაკავშირებით უნდა აღნიშნულიყო კიდევ ერთი ეპიზოდი:
თომას არა სურდა გაჰყოლოდა მამადავითზე დედას, რადგანაც მართა ახალგაზრდა დედაკაცსა ჰგავდა… და გამოტყვრებოდა ვინმე და იფიქრებდა: ეს დედაკაცი თომას დედად კი არ ერგება, არამედ…
მსგავსი ფიქრი დედის მიმართ ქართულმა ლიტერატურამ რომ არ იცოდა, მკვლევარი თომას ფიქრს მიიჩნევდა ერთგვარ შორეულ გამოძახილად ფროიდისტული ოიდიპოსის კომპლექსისა.
თომა ჩამოყალიბებულ ფროიდისტულ ტიპად რომ წარმოგვიდგებოდა, უნდა გათვალსაჩინოებულიყო მიხეილ ჯავახიშვილის მიზანი:
არამარტო ასეთი ტიპის შექმნა, არამედ ჩვენება იმისაც, როგორ შეიძლებოდა პიროვნებას დაეძლია არასრულფასოვნების კომპლექსი.
და კიდეც ამ მომენტიდან უკვე მთელი სიმძაფრით უნდა ეჩინა თავი სიყვარულის იმგვარ გაგებას, მწერალს რომ შეემუშავებინა და პიროვნების გარდაქმნის დანიშნულება ხორციელ საწყისს უნდა შეესრულებინა, რადგანაც თომას მდგომარეობაში მყოფი კაცისათვის სულიერი ზემოქმედება გამოირიცხებოდა.
და თომასა და თამროს შორის შემდგომი სულიერი ერთობა კიდეც განისაზღვრებოდა იმ ხორციელი სიახლოვით, რასაც მთაწმინდაზე განიცდიდნენ. და ამდენად სიყვარული დაიწყებოდა ხორცით და არა სულთა ნათესაობით.
განსჯისას მოშველიებულია ამონარიდები მოთხრობიდან დასტურად იმისა, თუ რა დიდი ფსიქოლოგიური ოსტატობით გახლდათ ნაჩვენები თომას მიერ თავისი ღირსების აღმოჩენის პროცესი:
– არა, არ დაღუპულა თომა შადიშვილი! არც იმდენად დასაწუნი ყოფილა, როგორც თვითონ და სხვებსაც ეგონათ. ან აქამდე რად იჯერებდა თომა, ვითომ იგი წყალწაღებული, გონჯი და ქალებისათვის უნდომი ყოფილიყოს? ჩანს, თომაც ვაჟკაცი ყოფილა, იმასაც ჰქონია ეშხი და ძალა, თორემ…
ასე უნდა შეეძინა თამროს თამამ საქციელს თომასათვის გარკვეული რწმენა, ბოლოს კი თამროს ნახვის წყურვილს რიდიც დაეძლია და შიშიც გაეფანტა.
ყურადღებას მიგვაქცევინებდნენ, რომ:
თუ თომას ხასიათის ჩამოყალიბებაში უმთავრესი გახლდათ კონფლიქტი სიამოვნებასა და რეალობას შორის, თამროს პიროვნებაში მძლავრად უნდა გამჟღავნებულიყო წინააღმდეგობა საზოგადოებრივ მორალსა და სქესობრივ ინსტინქტს შორის.
ჭლექით შეპყრობილი თამრო მოახლოებული სიკვდილის სუნთქვას რომ გრძნობდა და ყველაფერზე ხელი ჩაექნია, ყველაზე მეტად მაინც ისა სტკენდა გულს, რომ უკვე ოცდასამისაც შესრულებულიყო და სიყვარულისა ჯერ არაფერი გაეგებოდა. მის მგზნებარე მოთხოვნას სიყვარულისას ყოველთვის რაღაც რომ ეღობებოდა წინ, თითქოს ბედისწერას არა სურდა მისთვის ბედნიერების მინიჭება.
და მოქმედების შემზღუდველი მორალი რომ უნდა დაეგმო, კიდეც თამამად უნდა ელაპარაკა სიყვარულით ტკბობაზეც და საზოგადოების იმ კულტურულ პირმოთნეობაზეც, ზიგმუნდ ფროიდიც რომ ამხელდა.
რა სირცხვილის ნორმა და რომელი სირცხვილის ნორმა, როდესაც მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება… და ამიტომაც მისწერდა დას დაუფარავად:
თქვენთვის, გადარჩენილთათვის ადვილია წესიერად მისვლა იმ წყარომდე, ხოლო ჩემთვის, მიმავლისათვის, არ უნდა არსებობდეს რიგი და კანონიო.
და კიდევ:
ჭლექიანის სქესი უფრო მძლავრად სცემს, ვიდრე ჯანმრთელისა… მოწამლული სისხლი იმ დღეს ისე ამიჩქეფდა, რომ მზად ვიყავი, ქუჩაში გავვარდნილიყავი, უცნობი მამაკაცისათვის წამევლო ხელი და ერთი ღამით სიტკბოების, ან თქვენებურად რომ ვთქვათ, გარყვნილების მორევში გადავვარდნილიყავიო.
და მკვლევარი თავის მხრივ რომ დაურთავდა:
ეს სიტყვები აჯანყებული ხორცის ღაღადისია, სხეულის მოთხოვნილებათა თავისებურად დასაბუთებული მტკიცებაო, – დასძენდა იმასაც, პოლემიკურად რომ გაისმოდა თამროს სიტყვები:
– საკითხავად ძალიან კარგია შორით დაგვა, შორით ალვა; თუ ორივე ოხრავენ ერთმანეთისთვის, იგი ყოველთვის ტანსხმული სიყვარულით, შეუღლებით თავდება… მაგრამ თუ ერთი ოხრავს მეორისათვის, ის სულიერადაც იტანჯება და ხორციელადაც ავადდება.
სიყვარული – მისი შეხედულებით – ასე რომ შექმნილიყო:
ერთი იქამდე ეძახდა უცნობ სულს თავის კილოზე, ვიდრე იმის ხმაზე მომართული უცნობი ამ ყივილს არ გაიგონებდა და პასუხს არ გასცემდა. მხოლოდ ამნაირ შეთანხმებულთა შორის იწყებოდა და ვითარდებოდა ნამდვილი სიყვარული.
ეს კი ნიშნავდა, რომ თამრო თითქოს სულს ანიჭებდა უმთავრეს როლს სიყვარულის ჩასახვაში, მაგრამ ყურაღდებას მიგვაქცევინებდნენ, რომ მოთხრობის შინაარსი და თამროსთან დაკავშირებული ეპიზოდი სხვას მეტყველებდა:
მერეც რომ აღარ ეცოდინებოდა, თუ როგორ მომხდარიყო: თვითონ ის კაცი მოსწოლოდა ამის მკერდს თუ ეს წაწყდომოდა კაცის ბეჭებს, ორივეს უმალვე ჩალასავით რომ მოედებოდა ვნების ცეცხლი; და კიდეც თამროს რადიოკივილი პასუხს მიიღებდა, მისი სისხლი ნათესავს იპოვნიდა.
დასტურად იმისა: თუმც თამროსა და თომას სიყვარულში განმსაზღვრელი ხორციელი საწყისი გახლდათ, ეს სულაც არ უშლიდა ხელს, მათი სიყვარული დიდი, ძლიერი და ყოვლისმომცველი ყოფილიყო – ორ ამონარიდს შემოგვთავაზებდნენ:
თომაა და:
– მხოლოდ ერთი ქალი უყვარს, მხოლოდ დაკარგულ თამროს დასდევს.
თამროა და:
– ჩემი სიყვარული ასჯერ უფრო ძლიერია ჩემს სულთამხუთავზე, რომელიც შავ მოჩვენებად ატუზულა ჩემს უკან.
ამ სიძლიერესა და ყოვლისმომცველობაზე, ამ იდუმალ და მისტიკურ გადაჯაჭვაზე გამჭვირვალედ მიანიშნებს ის გარემოება, თომა და თამრო ერთმანეთისათვის რომ არავის გაუცვნია, მაგრამ მათ ძალდაუტანებლად ამოიცნეს ერთურთის სახელები: თომას ეჭვიც არ ეპარება, რომ უცნობ ქალს ჰქვია თამრო, და თამროსაც ეჭვი არ ეპარება, რომ უცნობ ვაჟს თომა ჰქვია.
ასე წარმოგვიჩენდნენ ხელშესახებად, „ოქროს კბილში“ თანმიმდევრულად რომ გატარებულიყო ერთი იდეა:
ადამიანის ბედი, მისი ცხოვრება განსაზღვრულია მისი სქესობრივი ლტოლვის ბედით. სხვა ყველაფერი მხოლოდ ობერტონებია სექსუალური ლტოლვის ძირითადი, ძლიერი მელოდიისაო.
…ნეტა მომეშვებოდნენ ეს კრიტიკოს-ფროიდისტებიო, – ღიმილით აფურცლავდა მათ ნარკვევებსა თუ სტატიებს უილიამ ფოლკნერი თავის თხზულებებზე, სადაც საიმათო არაფერი ეგულებოდა. რა – უილიამ შექსპირს თუ არ წაეკითხა ფროიდი, ვინმეზე ნაკლები მწერალი გახლდათ? ნეტა ან იმას მაინც ჩამოხსნიდნენ და თავიანთ სქემებში არ ეცადათ ჩაჭედვა „მეფე ლირისა“ თუ „ჰამლეტისა“, „რომეო და ჯულიეტასი“ თუ „მაკბეტისა“…
მაშინვე გულგრილად გადასდებდა გვერდზე ფროიდის რომელიმე ნაშრომს, უნებურად რომ მოჰყოლოდა ხელთ ან შეეჩეჩებინათ.
სამაგიეროდ სხვა მწერლები დაეძებდნენ გულმოდგინედ და მიხეილ ჯავახიშვილიც ცდილობდა, სადაც კი მიწვდებოდა, ხელიდან არ გაეშვა ეს მეცნიერული თხზულებანი, ნაცნობ-მეგობრებშიც გაიკითხავდა ხოლმე, თორემ ბუკინისტები ხომ აკლებული ჰყავდა: მაშოვნინეთ ფროიდის ნებისმიერი წიგნი და მე ვიცოდე თქვენი პატივისცემაო!..
***
მიხეილ ბახტინისათვის რომ გეკითხა:
ვისაც სურვილი ჰქონდა უფრო ღრმად გაეგო თანადროული ევროპის სულიერი სახე, გვერდს ვერ აუვლიდა ფსიქოანალიზს.
და მიხეილ ჯავახიშვილის დაინტერესებას ფროიდის მოძღვრებით თეიმურაზ დოიაშვილი შეაფასებდა ევროპის სულიერ პრობლემატიკასთან ქართული მწერლობის თანაზიარობის ანგარიშგასაწევ ფაქტად, მხატვრული გააზრების ცდად იმ გლობალური კონცეფციისა, რომელიც შორს გაცდენოდა ფსიქოლოგიისა და ფსიქოპათოლოგიის საზღვრებს და ცხოვრების ფილოსოფიად გადაქცეულიყო.
„კურდღელს“ კი მიიჩნევდა განკერძოებულად მდგარად ქართულ ბელეტრისტიკაში, უნიკალურ ცდად იმ სულიერ პროცესთა მხატვრული ანალიზისა, ცნობიერისა და არაცნობიერის ზღვარზე რომ მიმდინარეობს.
მწერალი დაკვირვებით მიადევნებდა თვალს ფსიქიკურ კონფლიქტს, რომელიც პათოლოგიურ ცვლილებს იწვევს, შემდეგ კი აღბეჭდავდა განსაკუთრებულ გზას სულიერი აღდგინებისაკენ, წარმოსახვითი სამყაროდან სინამდვილისაკენ.
მოთხრობის დასაწყისიდანვე მკითხველი უჩვეულო გარემოში უნდა მოქცეულიყო:
ახალგაზრდა დედა – სიდონია, რომელიც დღეს დაასაფლავებდა ოთხი წლის ბიჭუნას, მთელი არსებით გაემიჯნებოდა სინამდვილეს, ისე დაიჭერდა თავს, თითქოს ტრაგედია არც მომხდარიყოს. და ირგვლივ ყველაფერს ჯიუტი უარყოფის ავადმყოფური ელფერი უნდა დასდებოდა: უბედური ქალის მხიარულ ქცევასაც და თეთრ სამოსსაც, ოთახის ინტერიერსაც – თეთრ კედლებს, საწოლსა და მაგიდას, თეთრ შპრიცს, კატას და იმ თეთრ კურდღელსაც, რომელიც სიდონიას მკლავზე უნდა ჰქონოდა მიხუტებული.
სითეთრეს თითქოს განედევნა სიკვდილი, თითქოს არც უბედურება არსებობდა და არც გლოვის შავი ფერი, „თეთრის“ არაცნობიერი სიმბოლიკა კი სიკვდილის ასოციაციას ინახავდა.
ამას ნეგატივ-პოზიტივის კლასიკურ ჩანაცვლებად რომ მოიხსენიებდა მკვლევარი, დაუკვირდებოდა, რარიგ ძლიერდებოდა უჩვეულობის განცდა, როდესაც სიდონია სარკეში თავის „ორადს“ როგორც რეალურ არსებას, როგორც სხვა ქალს, ისე ესაუბრებოდა.
სულის მდგომარეობას, რომელშიც სინამდვილესა და წარმოსახვას შორის გახიდული სიდონია იმყოფებოდა და ფსიქოლოგიაში, ზოგადად, პიროვნების გაორება რომ ჰქვია, მკვლევარი ფროიდისტულ განსაზღვრებასაც მოარგებდა: ცნობიერების გახლეჩას – რაც გულისხმობდა ფსიქიკაში გარესინამდვილისადმი ერთმანეთისაგან იზოლირებული ორი განწყობის თანამყოფობას.
ერთი აღიარებდა რეალობას, მეორე კი ცნობიერებას არასასურველი რეალობისაგან თიშავდა. და სწორედ ამის გამოისობით ყალიბდებოდა ანომალიური წარმოსახვანი და ფსიქონევროზები.
და აი მიხეილ ჯავახიშვილს „კურდღელში“ მხატვრულად უნდა დაესურათებინა გაორების პროცესი, ის, თუ როგორ გამოიყოფოდა სულიერად დაავადებულ ფსიქიკაში ორი არსება – საკუთრივ სიდონია, ბედნიერი დედა და მისი მეორე „მე“ – უბედური „სალომე“.
სურვილთა კოშკში თავშეფარებულ სიდონიას თავისი „ორადისათვის“ უნდა გადაელოცა უსიამოვნებათა წყება ანუ საძულველი რეალობა – ქმართან სექსუალური ურთიერთობა და რაც უმთავრესია – შვილის დაღუპვა და დანაშაულის გრძნობა. ასე უნდა ქცეულიყო „სალომე“ გაუცხოებული რეალობის პერსონიფიკაციად.
რას უწოდებდა ფროიდი ისტერიულ-ფსიქოზურ სინდრომს?
რას და:
როდესაც პიროვნება რაიმე მიზეზით უარს ამბობდა სინამდვილეზე, ანუ როდესაც ცნობიერება კონფლიქტს ჰქმნიდა გარერეალობასთან. და სიდონიასთვის დასმულ დიაგნოზს – „ისტერიული ფსიხოზი“ – ამიტომაც მიიჩნევდა მკვლევარი ამ პარადიგმის უშუალო გამოვლენად.
მოთხრობის დასაწყისშივე გაცხადებული მთავარი პერსონაჟის ანომალიურობა მიანიშნებდა მკითხველს, რომ წინ ფსიქიკის იდუმალ ლაბირინთში მოგზაურობა მოელოდა, და თეიმურაზ დოიაშვილის დაბეჯითებით: ამ იდუმალების ახსნა და ინტერპრეტაცია მხოლოდ ზიგმუნდ ფროიდის მოძღვრებისა და ფსიქოანალიზის მოშველიებით თუ იქნებოდა შესაძლებელი.
სიუჟეტი მიხეილ ჯავახიშვილისათვის ფსიქიატრსა და ფსიქოთერაპევტს მიხეილ ასათიანს რომ ეამბნა, აკი საგანგებოდაც მოიხსენიებდა ამ ფაქტს იმ ჩამონათვალში, თავის შემოქმედებით ლაბორატორიას რომ გამოიტანდა მზის სინათლეზე: „როგორ ვმუშაობ“.
და ახლა „კურდღელს“ ამგვარ მიძღვნას რომ წარუმძღვარებდა:
– პროფესორ მიხეილ ასათიანს, რომლის ნაამბობმა დამაწერინა ეს მოთხრობა.
ცხადია მიძღვნა უპირველესად მწერლის მადლიერებასა და კეთილსინდისიერებას ამჟღავნებდა, მაგრამ… როგორ არ დაინტერესებულიყო მკვლევარი: განა ასეთივე წვლილი არ მიუძღოდათ სხვა მთხრობელებსაც, ეპიგრაფის ფორმით ისინიც რომ არ აღინიშნნენო?!.
რა დაეშავებინათ: ან პაოლო იაშვილს, ან სანდრო შანშიაშვილს, ანდა შოთა დადიანს?!.
და სავსებით დამაჯერებელი ჩანს ეს ახსნა:
მიხეილ ჯავახიშვილი უნდა დაეფიქრებინა, რომ 20-იან წლბეში „ახალი სინამდვილის“ ასახვის ნაცვლად ფსიქიკური ანომალიის ანალიზი მის მრავალრიცხოვან ლიტერატურულ მტრებს არაკეთილსინდისიერად შეეძლოთ გამოეყენებინათ. გამორიცხული არ იყო, რომ ვულგარიზატორებს „კურდღელი“ რეალიზმისა და მისი პრინციპებისაგან განდგომადაც შეეფასებინათ, რაც არცთუ მცირე ხიფათს უქადდა ხელისუფლების თვალში ისედაც არასაიმედო რეპუტაციის მქონე მწერალს. ასეთ ვითარებაში მიხეილ ასათიანის სამეცნიერო ავტორიტეტს დამცავი ფარის დანიშნულება ეკისრებოდა: მწერალი რეალურ ფაქტსა და აღიარებული სწავლულის კლინიკურ პრაქტიკას ეყრდნობოდა… და რატომღა უნდა წასდავებოდნენ თუნდ პარტიულ-იდეოლოგიური პოზიციიდან?!.
როდესაც მკვლევარი სიდონიას ხასიათში გამოჰყოფდა ძირითად ნიშნებს – ძლიერი სექსუალობა და თვითმკვლელობისაკენ ლტოლვა, სიყვარულის სურვილი და ფრიგიდულობა, ინფანტილურობა და „გიჟი დედის“ სიმპტომი – აღმოჩნდებოდა, რომ ეს ყოველივე ყოფილა ფსიქოანალიზის ძირითადი ბინარული ოპოზიციების, არქაული კომპლექსებისა და მექანიზმების, გამოვლინებანი. სახელდობრ: ეროსი და თანატოსი – სიცოცხლისა და სიკვდილის ლტოლვანი, სიამოვნებისა და რეალობის პრინციპები, ოიდიპოსისა და კასტრაციის კომპლექსთა ნაშთები, სუბლიმაცია…
და ამჯერადაც უნდა დადასტურებულიყო, რომ:
სიდონიას ყველა პიროვნული თვისება შორეულ ბავშვობაში, ინფანტილურ ფაზაში იღებდა სათავეს, იმეორებდა იმ კონფლიქტებს, ხუთ წლამდე ასაკში რომ გათამაშდებოდა.
შვილებთან ყოფნისას თვითონაც მთლად ბავშვად რომ გადაიქცეოდა ხოლმე, ამიტომაც ანცობდა, კიოდა, კისკისებდა, და თუ სასეირნოდ წავიდოდა, უეცრად მდედრული სევდით მოიბურებოდა, გაანჩხლდებოდა და სხვებსაც მხიარულებას ჩაუშლიდა, და დედურ ციებ-ცხელებას მხოლოდღა მაშინ ჩაიქრობდა, როდესაც თუნდ მძინარე ჯუანშერს გულში ჩაიკრავდა.
იმ დილითაც თითქოს არაფერი უნდა მომხდარიყო განსაკუთრებული: დედას ჯუანშერის უგუნებობისათვის ყურადღება არ უნდა მიექცია და მთელი დღე ტყეში – შვილების გარეშე – სხვასთან გაეტარებინა. მეტიც: საღამოს შინ დაბრუნებულს სიცხიანი ბიჭისათვის უნდა მიეალერსა, და როდესაც ორივე ბავშვს დააწვენდა, თვითონ ხელმეორედ უნდა წასულიყო, რადგან…
რადგან ის, რომ: ქალს შეფიცხებული სისხლი იმასთან ეძახდა, იმ სხვასთან!..
და სიდონიას სულიერი კონფლიქტი აქ, ამ დროიდან რომ უნდა ჩასახულიყო, როგორც დაპირისპირება მოვალეობის გრძნობისა და სიყვარულის სურვილისა, მოთხრობის დინამიკაც ამ კონფილქტის განვითარებას, გარე და შინაგანი პერიპეტიების ერთობლიობას უნდა განესაზღვრა.
ქალის სხეულებრივი აღტკინება იმდენად ძლიერი აღმოჩნდებოდა, თითქმის – ან რაღა თითქმის – დაჯაბნიდა კიდეც დედობრივ მოვალეობას:
მთვრალივით უნდა გაჰყოლოდა ბნელ ქუჩას და ჯერაც არა სცოდნოდა, წაჰყვებოდა ბაკურიანში მეგობარს თუ შვილის ავადმყოფობას მოიმიზეზებდა და დაბრუნდებოდა.
პიროვნება თითქოს ორ გრძნობას შორის მერყეობდა, მაგრამ სიამოვნებისაკენ ლტოლვას არაცნობიერად ადრევე უნდა გაეკეთებინა არჩევანი, წამოსვლისას გადიასათვის დაებარებინა: თუ ბავშვს სიცხე აუწევდა, ექიმი მოეყვანა, – გულში კი… გულში წასვლა და დილით დაბრუნება გადაეწყვიტა.
ვალს კი მოიხდიდა, მაგრამ ტრაგედიას ვერ აირიდებდა – სიდონია დაიგვიანებდა, რასაც რამდენიმე დღეში ჯუანშერის გარდაცვალება მოჰყვებოდა.
დაგვიანება რაკიღა საბედისწერო აღმოჩნდებოდა, სიდონიას თავისი ბრალეულობა გულსა და სულს ამოუბრუნებდა, და რათა თვითონაც არ გადაჰყოლოდა შვილს, მისი ფსიქიკა დროს დაივიწყებდა: ქალის მეხსიერებას უნდა ამოეგდო სიამოვნების სამი დღე და მხოლოდღა შვილის გადასარჩენად თავდაუზოგავი სირბილის ოთხი საათი დაემახსოვრებინა.
მკვლევარი ამ მოვლენას ფროიდის მოძღვრებას დაუკავშირებდა, რადგანაც მექანიზმს, რომელიც ცნობიერებაში დროის დავიწყებას, ამნეზიას იწვევს, ფსიქოანალიზის თეორია „განდევნას“ დაარქმევდა. ესეც ის თავდაცვის მექანიზმი, რომელიც პიროვნებისათვის უსიამოვნო, რეალობის პოზიციიდან მიუღებელ განცდებს არაცნობიერში აძევებს. და ასე უნდა გადაენაცვლა გონების ნათელი ველიდან ამნეზიის უკუნში სამდღიან რომანულ ავანტიურას.
ჯუანშერის სიკვდილი ის უძლიერესი აფექტი აღმოჩნდებოდა, რომელსაც უკიდურესად უნდა გაემძაფრებინა პერსონაჟის ფსიქიკური კონფლიქტი. და სიდონიას ტრავმირებულ სულსაც უნდა გაევლო ის პროცესი, რასაც ფროიდი „გლოვის სამუშაოს“ უწოდებდა. სწორედ იგი დაადგენდა, რომ: საყვარელი არსების დაკარგვით აღძრული ტანჯვა ყოველთვის თანდათანობით და თავისთავად სულაც არა ჰქრებოდა, და რომ ფსიქიკას საამისოდ განსაკუთრებული სამუშაო უნდა შეესრულებინა.
ნორმალური ცნობიერება თვითშენახვის, სიცოცხლისადმი ლტოლვის გავლენით რომ ურიგდება ხოლმე ტრაგიკულ ფაქტს, ფროიდი გვიბეჯითებდა, რომ არსებობდა პათოლოგიური ფსიქორეაქციაც – ჩადენილი დანაშაულის გამო პიროვნება უარყოფდა სიყვარულის ობიექტის სიკვდილს ანუ უარყოფდა რეალობას.
ესეც სიდონიას მიერ არჩეული გზა.
და თეიმურაზ დოიაშვილი კვალდაკვალ მიჰყვებოდა, თუ როგორი ცოდნით, თანმიმდევრობითა და დამაჯერებლობით აღწერდა მიხეილ ჯავახიშვილი ავადმყოფობაში გასვლის პროცესს, გაორებული სულის ვიბრაციებს.
შვილის სიკვდილის შემდგომ დანაშაულის განცდას ჰიპერბოლურ-ჰიპერტროფიული ფორმა რომ უნდა მიეღო და გაბმულ თვითგვემად ქცეულიყო, მწერალს კიდეც დიდი სიზუსტით უნდა დაეხატა სულის კრიზისული მდგომარეობა:
– იზრდება და მძიმდება აქლემის კუზი. სიდონია უკვე იჭყლიტება, ჰბორგავს და იხრუკება. თავი უნდა დააღწიოს ამ ტვირთს, ეხლავე უნდა გაუსხლტეს ამ რკინის გორას, მაჯლაჯუნას, სულთამხუთავს, თორემ თვითონაც დაიხრჩობა, თავის ჯუანივით დაიხრჩობა…
თავის ჯუანივით დაიხრჩობაო…
ესეც უკანასკნელი ანასხლეტი შვილის სიკვდილის ცნობიერი განცდისა. და თვითგადარჩენისათვის ფსიქიკას კიდეც უჩვეულო ბილიკი უნდა გაეკვალა – გულყრაში გადასულ სიდონიას ზუსტად გაემეორებინა ჯუანშერზე მშობიარობა, ოთხი წლის წინანდელი სცენა.
ჯუანის მეორედ დაბადება სხვაგვარად როგორ შეიძლება გააზრებულიყო, თუ არა ფსიქიკის საოცარ აქტად – ფიზიკურად განცდილ და ამავდროულად სიმბოლურ სურათად ახალი, წარმოსახვითი რეალობის დაბადებისა.
ასე დასრულდებოდა ბოროტ სულთან ბღლარძუნი და ჭიდილი.
ასე მიიღებდა „მშობიარობის“ შედეგად სიდონიას ფსიქოზი „საჩუქარს“: და ახლა უკვე აღარც საწამლავი ან თოკი გახლდათ საჭირო და აღარც ვერის ხიდი!..
– იყო სიზმარი – ავი, ბოროტი ლანდი, იყო უჟმური – საზარელი ქაჯი თუ ალქაჯი. მათ უნდოდათ სიდონიას დახრჩობა, წამება, ჯვარცმა. ეხლა კი აღარაფერი არ არის, ყოველივე გათავდა, დასრულდა, ყველანი გაჰქრნენ, წავიდნენ – სამუდამოდ, უბრუნებლივ!
ასე უნდა გარდასახულიყო სიდონიას შინაგანი განწყობილება.
და ახლობლებს ერთადერთ იმედად უნდა დარჩენოდათ ექიმი-ნევროლოგი ფრიდონ დორაშვილი…
ნარკვევის წყალობით თანდათან უნდა გათვალსაჩინოებულიყო მკითხველისათვის, რაოდენ სრულყოფილად აღწერილიყო „კურდღელში“ ფსიქოანალიზის პროცესი, ისტერიული ცნობიერების თავისებურებანი და მკურნალობის დინამიკა. მოთხრობაში ერთნაირი შთამბეჭდაობით წარმოისახებოდა ფსიქიკურ რეალობათა ზუსტი სურათებიც და სახეობრივ-ექსპრესიული სტილის ძალმოსილებაც, ფსიქოანალიზის ძირითადი ცნებებისა და მექანიზმების, მეთოდებისა და ხერხების ცოდნაც და სულიერი პერიპეტიების მხატვრული გარდაქმნის ხარისხიც.
როგორ ჩამოეყალიბებინა ფსიქოანალიტიკური თერაპიის მიზანი ზიგმუნდ ფროიდს?
– არაცნობიერი მისაწვდომი უნდა გახდეს ცნობიერებისათვის, რაც წინააღმდეგობის დაძლევით მიიღწევა… მკურნალობის ამოცანა ამნეზიის მოხსნაა.
და „კურდღლის“ სიუჟეტს ბელეტრიზებული ფორმით უნდა გაემეორებინა ეს ლაკონიურად და ნათლად ჩამოყალიბებული სქემა, ოღონდ ფსიქიკური კონფლიქტის განმუხტვის ისტორია ისეთი მღელვარებით წარმოსახულიყო, თითქმის დეტექტიური დაძაბულობით მოთხრობილიყო, რომ ემპირიული ამბავი სულიერი კოლიზიების იდუმალებას დაეჯაბნა, რომანული ინტრიგა – ფსიქოანალიზის ვირტუოზულ დრამატურგიას…
ეს დეტექტიური დაძაბულობა საკმაოდ შეფარულიყო თხრობაში, მაგრამ თეიმურაზ დოიაშვილს არ გამორჩებოდა, რაკიღა თვითონ მისი კრიტიკულ-ესეისტური მანერისთვისაც ნიშანდობლივია ლიტერატურული დეტექტივის ფორმა და ამჯერადაც ამ სტილისტიკას მოიშველიებდა: ის, რაც „ოქროს კბილის“ ანალიტიკური განსჯისას ცალკეულ ელემენტად წარმოდგებოდა, „კურდღელის“ იდუმალ სიღრმეებში ჩასაწვდომად ყველაზე მარჯვე გზასავალი სწორედ ლიტერატურული დეტექტივის ჟანრი აღმოჩნდებოდა.
ფსიქოანალიტიკური დრამის რეალურ სივრცეში მუდმივად ორი პერსონაჟი რომ უნდა მონაწილეობდეს – პაციენტი და ექიმი, ამ უნიკალური ატმოსფეროს შექმნას, როგორც წარმატების აუცილებელ პირობას, თავიდანვე მოითხოვდა ზიგმუნდ ფროიდი – ეს კი ნიშნავდა ტრანსფერის მექანიზმის უზრუნველყოფას.
ტრანსფერი ანუ გადატანა რას გულისხმობდა და:
ავადმყოფის არაცნობიერი ლტოლვისა და ემოციური განწყობის გადატანას ლტოლვის უშუალო ობიექტიდან ფსიქოანალიტიკოსზე. ასე და ამრიგად: ფსიქოთერაპიის პროცესში პაციენტის სიყვარულის საგანი ხდებოდა ექიმი.
და „კურდღელში“, ხაზგასმულად ტრანსფერული ვითარების ფონზე, არაერთი დრამატული შერკინება უნდა გამართულიყო ორ პერსონაჟს შორის და პროფესორ დორაშვილსაც, საჭიროებისდა კვალობაზე, ხან შეყვარებულის იმიჯი მოერგო და ხანაც მამისა, რათა გადამწყვეტ წამს ექიმის დანიშნულება აღესრულებინა; სიდონიასათვის კი იგი, როგორც ლტოლვის საგანი, უბრალოდ ფრიდონი გახლდათ, როგორც მამა და ახლობელი – ძია ფრიდონი, და როგორც ექიმი – ბატონი ფრიდონი!..
ასე უნდა გამოკვეთილიყო ტრანსფერის ანუ გადატანის აღწერით, მისადმი მუდმივი ყურადღებით, რაოდენ ღრმად იცნობდა მიხეილ ჯავახიშვილი ფსიქოანალიზის თეორიას. და ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო უნდა გაეძლიერებინა ფსიქოთერაპიულ სეანსთა დეტალიზებულ აღწერას.
დეტალს დეტალზეც დაგვიხვავებდნენ ამ მოთხრობის კავშირის დასადასტურებლად ფსიქოანალიზმთან, და დარწმუნებითაც განგვიცხადებდნენ:
მწერალს კარგად ჰქონდა შესწავლილი არამარტო ფროიდის ის გამოკვლევა, რომელსაც უბის წიგნაკში შემოკლებით ჩაინიშნავდა – ფსიქოსექსუალობად, და გულისხმობდა „სექსუალობის ფსიქოლოგიის ნარკვევებს“, არამარტო „ფსიქოანალიზის მეთოდები და ტექნიკა“, არამედ ამ ავტორის სხვა ნაშრომებიც. ისიც რეალობაა, რომ 20-იან წლებში საბჭოთა კავშირი – შვეიცარიასთან ერთად – მსოფლიო ლიდერი გახლდათ ზიგმუნდ ფროიდის თხზულებათა გამოცემაში, როდესაც რუსულად ზედიზედ გამოიცემოდა მისი ათეულობით დასახელების წიგნი.
და ფროიდი ერთგან რომ წერდა:
სამწუხაროა, რომ არანაირ მონათხრობს ფსიქოანალიზზე არ შეუძლია აღადგინოს ის შთაბეჭდილება, რასაც ფსიქოანალიტიკოსი განიცდის ანალიზის პროცესში. შეუძლებელია მზა ტექსტის კითხვით მოიპოვო შეუქცევადი რწმენა იმისა, რასაც მხოლოდ უშუალოდ განცდილი გვაძლევსო.
თვალდათვალ ვრწმუნდებოდით, რომ:
„კურდღელში“ მიხეილ ჯავახიშვილს ისე ემოციურ-ექსპრესიულად წარმოესახა ფსიქოანალიზის პროცესი, მხატვრული ძალით მიეღწია იმისათვის, რაც ფროიდს სულაც შეუძლებლად მიაჩნდა: მოთხრობის მკითხველს ამ პროცესის უშუალო მონაწილის შთაბეჭდილებაც კი რჩებოდა და შინაგანად განცდილი რწმენაც უცნაურ სენზე გამარჯვებისა.
ეს იმიტომაც, რომ:
მწერალი არც ფსიქოანალიტიკური სეანსების უბრალო ილუსტრატორი გახლდათ და არც ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოსექსუალობის თეორიისა და იდეების პროპაგანდისტი. უჩვეულო ამბავი, რომელსაც საექიმო პრაქტიკიდან მოუყვებოდნენ, მას მხატვრულ-ესთეტიკური ამოცანისათვის უნდა დაემორჩილებინა, ფსიქოანალიზი კი ის კულტურული კონტექსტი აღმოჩნდებოდა, რომელიც მხატვრულ სიმართლეს მეცნიერულად მოტივირებულ სისტემას უქმნიდა, და მწერლის მიერ შემუშავებულ საზრისს ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური არგუმენტებით განამტკიცებდა.
რაკიღა მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც ხელოვანი, უპირველესად თხზულების ორგანულ მთლიანობაზე ზრუნავდა, ამიტომაც შეიტანდა მნიშვნელოვან ცვლილებას კლინიკური ყოფის მოტივთა სისტემაში.
რამდენად პარადოქსულიც უნდა ყოფილიყო, პროფესორ დორაშვილის სეანსები – კლასიკური ფსიქოანალიზის ჩარჩოებში – მარცხით დამთავრდებოდა. არადა: მას შემდეგ, რაც ფსიქოზის „საიდუმლო“ გაცხადდებოდა ანუ დადგინდებოდა ფსიქიკური კონფლიქტის არაცნობიერი მიზეზები და გაცნობიერდებოდა პაციენტის მიერ, დაავადება კიდეც უნდა გამქრალიყო.
მოთხრობაში ასე არა ხდებოდა.
მკურნალობა ფერხდებოდა და პროფესორი აღმოაჩენდა, რომ ირღვეოდა ფსიქოანალიზის ერთ-ერთი აქსიომა: ექიმსა და პაციენტს შორის მესამე რომ არავინ უნდა ჩამდგარიყო.
ახლა კი ეს მესამე ბიძინა გამოდგებოდა, თურმე სიდონიასთან კვლავაც რომ განაგრძობდა ფარულ ურთიერთობას.
და აი ხელშესახებად უნდა წარმოჩენილიყო, როგორ გადაინაცვლებდა პრობლემა ფსიქოანალიტიკოსის კაბინეტიდან და პაციენტის ცნობიერებიდან ყოფით რეალობაში.
აქ მთავრდებოდა ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკოსის დანიშნულება.
მაგრამ ის, რაც ამოწურული გახლდათ გარკვეული თეორიის პოზიციიდან, მოითხოვდა დასრულებას მხატვრული ლოგიკით.
ცხადია მწერალი ვერ შეწყვეტდა თხრობას კულმინაციურ მომენტში, რაკიღა ესთეტიკური მთლიანობის პრინციპი აუცილებლად საჭიროებდა სიუჟეტის განმუხტვას, კვანძის გახსნას.
ამიტომაც უნდა შემოჭრილიყო ამბის განვითარებაში თვით ცხოვრება, უფრო ზუსტად – მწერლის მიერ აღდგენილი გამონაგონი, რომელიც არა ცნობდა არავითარ დოგმებს, გარდა ესთეტიკური კანონებისა.
„კურდღელი“ არ გახლდათ და არც შეიძლება ყოფილიყო უბრალოდ ერთი ისტერიის ისტორია, გააზრებული ფსიქოანალიზის კონტექსტში, არამედ – ერთი ისტერიის მხატვრული ისტორია, გამოკვეთილი კონცეფციით, ავტორისეული საზრისით.
…ფროიდზე გაუთავებელი ლაპარაკი კი არ აღიზიანებდა ასერიგად უილიამ ფოლკნერს, არამედ ის უზომო გადაჭარბება, ფროიდის იქით რომ აღარც უნდოდათ გახედვა ლიტერატურულ წრეებში და ცალკე მწერლები ცდილობდნენ ფსიქოანალიზის სქემებისათვის მორგებას თავიანთი თხზულებებისა და ცალკე კრიტიკოსები დაეძებდნენ გულმოდგინედ ამ სქემებს, მათთვის შეფასების საზომად რომ ქცეულიყო.
გამოყენებული გქონდა რომელიმე ფროიდისტული სქემა და:
მაშ ღირებული თხზულებაც შეგექმნა.
არ გამოიყენებდი და:
ამაოდ დაელოდებოდი კრიტიკოსთა გამოხმაურებას, არამცთუ კეთილ სიტყვას მათგან.
კლასიკოს თუ თანადროულობის აღიარებულ მწერალთა ნაწერებშიც ამ და მხოლოდ ამ მხრივ იქექებოდნენ: აღმოეჩინათ ფროიდისტული სქემები… და კიდეც ამით დაედასტურებინათ ამ თხზულებათა გამორჩეულობა.
ფროიდის მოძღვრებას კიდეც რომ მიჰყოლოდი, განა რა დაშავდებოდა, ბოლოსდაბოლოს იმ არაცნობიერის კვალზე გაყენებდა, მწერლისათვის ასერიგად მნიშვნელოვანი რომ არის მისი მხატვრული გააზრება, მაგრამ… როგორც ყოველგვარი სქემა, ფროიდის თეორიაც მხოლოდ დაგაზიანებდა, თუ მის ნააზრევს არ გასცილდებოდი და სავსებით იკმარებდი მის ილუსტრატორობასა თუ პროპაგანდისტობას.
თუნდ აგერ მიხეილ ჯავახიშვილი რასაც მიაღწევდა.
კიდეც დაეყრდნობოდა ავსტრიელი ფსიქიატრისა და ფილოსოფოსის ნააზრევს, გარკვეულ დრომდე კიდეც გაჰყვებოდა სიუჟეტის გაშლისას, მაგრამ მერე გაარღვევდა იმ ჩარჩოებს, იმ დოგმებს, და მხოლოდ ასე შექმნიდა იმ მხატვრულ ღირებულებას, უთუოდ რომ მოხიბლავდა უილიამ ფოლკნერსაც, მისთვისაც ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო ქართველი თანამოკალმის ეს მოთხრობა.
„კურდღელი“ ფასობდა არა იმით, რაც ფროიდის მოძღვრებისაგან გადმოჰყოლოდა, არამედ იმით და მხოლოდ და მხოლოდ იმით, რაც იმ შემოსალტულ წრეს გაარღვევინებდა მწერალს და ფსიქიატრის დაკვირვებებს თავის დაკვირვებებსაც მოაშველებინებდა.
უნებურად უილიამ ფოლკნერთანაც შეიძლება ეჩინა თავი იმგვარ ვითარებასა თუ განწყობილებას, სიუჟეტის იმგვარ გაშლას, ბუნებრივად, სწორედაც რომ ბუნებრივად და არა ძალდატანებით, რომ მოერგებოდა ფსიქოანალიტიკური კვლევის თარგებს, მაგრამ ნამდვილი ფოლკნერი იმ თარგებს მიღმა უნდა დაგენახა და მაინცდამაინც იმ სქემების არსებობა არ ჩამოგერთმია მისთვის მხატვრულ მიღწევად.
ვის-ვის და… მობი დიკს ნამდვილად არ ექნება წაკითხული მისი წიგნებიო, – მწვავე სარკაზმსაც აღარ მოერიდებოდა უილიამ ფოლკნერი, როდესაც ფროიდის გაუთავებელი ხსენებით გულს შეუწუხებდნენ.