ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილი რუბრიკა “ესთეტში”

რუბრიკა ესთეტის 2020 წლის ივნისის სტუმარია ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ჩემი სტილის მახასიათებელი ელემენტია… სტილი მრავალგვარია – ცხოვრების, შრომის, ჩაცმის, კვების, დასვენების და კიდევ ბევრი სხვა რამის. ჩემი ცხოვრების სტილიც და პრინციპიც სამ „ვეშაპს“ ეყრდნობა: პატიოსნებას, პროფესიონალიზმის და პატრიოტიზმს. ეს არის ის ელემენტარული რამ, რომლის გარეშეც ნორმალური მოქალაქე ვერ იქნები. ამ სამიდან ერთ-ერთიც რომ ამოაგდო, მას აუცილებლად ჩაენაცვლება ანტაგონისტი, ანუ შეურიგებელი მოწინააღმდეგე, რაც პიროვნების და მოქალაქის სრულყოფილ სინთეზსს დაანგრევს. მიმაჩნია, რომ ზემოთმოყვანილი სამი „პ“-ს პირინციპის საფუძველი არის თავისუფლება და განათლება. თავისუფლება მარკუს ავრელიუსის და ვაჟასეული გაგებით, განმარტებით. რაც შეეხება ყოველდღიურ რუტინას, აქ წამყვანი და წარმმართველი მოწესრიგებულობაა, ჩაცმის კლასიკური და თანამედროვე სტილის ორგანული სიმბიოზი, რაღა თქმა უნდა, ასაკის გათვალისწინებით.

ჩემი ბოლო საინტერესო შენაძენი… ამ წელს განვლილი სამი თვე, კორონა ვირუსის გამო კარანტინში გავატარეთ და პერიოდს და სრულიად გასაგები მიზეზების გამო (თვითიზოლაცია და კომენდანტის საათი) ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვვარდით. თუ ქრონოლოგიურად კორონამდელი პერიოდის წინ გავიხედავ, მიმაჩნია, რომ საუკეთესო შენაძენი იყო დავოსში (შვეიცარია) დასვენების დღეები, სადაც ბედნიერი კვირა გავატარეთ ერთად, ოჯახურ გარემოცვაში – ჩემს მეუღლესთან, შვილებთან, შვილიშვილებთან და სიძეებთან ერთად.

ნივთი, რომლის შეძენასაც ვგეგმავ: ადამიანს ხშირად ძალიან ბევრი რამის შეძენა უნდა და სჭირდება. თუ ჰიპერბოლიზირებულად ვიტყვით, დედამიწაზე იმდენი ფულის კუპიურა არ არსებობს, მხოლოდ ერთ ადამიანს რომ ეყოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შენი სურვილები შენი შესაძლებლობების ფარგლებს მიუსადაგო. ჩემთვის უახლოეს პერიოდში შესაძენი ნივთი (ნივთები) არის ის, რაც ჩემს შვილიშვილებს დიდ სიხარულს და ბედნიერებას მიანიჭებს.

ხელოვანი, რომლის ნამუშევარსაც შევიძენდი: წინა შეკითხვის და ჩემი პასუხის ერთ-ერთ მცირე მონაკვეთს თუ გავითვალისწინებთ, შევიძენდი ედმონდ გაბრიელ კალანდაძის ნებისმიერ ნამუშევარს. მართალია, წარსული წარსულია და მასზე ნაკლებად უნდა იდარდო, მაგრამ გული მწყდება ერთ რამეზე – ბატონი ედმონდი წლების წინ ჩემი პაციენტი იყო, ვერა და ვერ გავუბედე, ვერ ვუთხარი – თქვენს ნახატს ვიყიდი მეთქი. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალში აუცილებლად შევიძენ და ედმონდ კალანდაძის ერთი ნამუშევარი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩვენი ოჯახის მოკრძალებულ კოლექციაში.

პირადი მოვლის საშუალება, რომელიც მუდამ თან მაქვს… მუდმივად ჩემთან ერთად თავის მოვლის არცერთი საშუალება არ არის, თუმცა მაქვს ნივთები, რომლთა გარეშე ერთი დღეც კი არ შემიძლია არსებობა და შინ თუ მოგზაურობის პერიოდში, მუდამ თან დამაქვს. ესენია: კბილის ჯაგრისი (სტომატოლოგი ვარ და ამიტომ პირველ ადგილზეა), სავარცხელი, წვერის საპარსი.

მიმაჩნია, რომ ადამიანი მუდმივად უნდა ცდილობდეს, ჯანსაღად გამოიყურებოდეს, შინაც და გარეთაც. ამის ერთ-ერთი საშუალება ყოველდღიური ვარჯიშია. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი გასაგებია, თავის მოვლის რომელი საშუალებაა მუდამ ჩემთან.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე გამიცია… ჩემი აზრით, საჩუქარი მხოლოდ ნივთი არ არის. საჩუქარი შეიძლება იყოს გარემო, სიტუაცია, რომელსაც შენ ქმნი, ან ვინმე ქმნის შენთვის. საჩუქარია დროც, რომელიც ალამაზებს ადამიანის ცხოვრებას და ბედნიერებას ანიჭებს მას.

საუკეთესო ნივთი, რომელიც მიჩუქნია ოდესმე ვინმესთვის, არის ნიშნობის ბეჭედი. ამ ბეჭედს ჩემი მეუღლე 39 წელია ატარებს. დამეთანხმებით, ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიმიღია: ჩემი ცხოვრების და მუშაობის რიტმიდან გამომდინარე, ხშირად დაბადების დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვხვდები. ცხადია, ასეთ დროს, მიღებული საჩუქარი განსაკუთრებით ძვირფასი და დასაფასებელია. ყველა იმ საჩუქრებიდან, რომლებიც ამ დღეს მიმიღია, დიდი და ულამაზესი სიურპრიზი იყო გასულ წელს სანფრანცისკოში ჩემი შვილებისგან სასტუმროში მიღებული საჩუქრები. და კიდევ – ნახატი ჩემი შვილიშვილებისგან, რომელზეც გამოხატულია გული და ქართულად წერია ერთი სიტყვა – „ბაბუ“. ჩემთვის იგი განუსაზღვრელ სიყვარულის და სითბოს მატარებელია და საჩუქართა შორის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.

საუკეთესო სუვენირი, რომელიც ახლახან ვიყიდე… ძალიან მიყვარს სუვენირები, რომლებსაც საზღვარგარეთ ვყიდულობ. მაქვს საინტერესო მაგნიტის სუვენირების კოლექცია, რომლებიც შეძენილია მსოფლიოს იმ 55 ქვეყანაში, რომლებშიც დღემდე ვყოფილვარ.

პანდემიის გამო აღარსად წავსულვარ,შესაბამისად, არც რამე შემიძენია. თუმცა თებერვალში, შვეიცარიაში, კიდევ ერთი ლამაზი მაგნიტი შევამატე ჩემს მრავალფეროვან კოლექციას.

ცდუნება, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი: ჩემი აზრით, ცდუნება არის ის, რაც არ არის კარგი და მაინც გინდა,ან აკრძალული გაქვს,მაგრამ ხელი მაინც წაგიცდება. ბევრი რამ არის, რაც გინდა, მაგრამ მრავალი მიზეზის გამო უარს ამბობ. თუმცა, არის ერთი რამ რაზეც უარს ნებით ალბათ ვერასდროს ვიტყვი – ტკბილეული. მიმაჩნია, რომ ცუდი ტკბილეული არ არსებობს. არის მხოლოდ კარგი და ძალიან კარგი ტკბილეული, რომლებიც ძალიან გემრიელი და მაცდურია.

ჩემი ფავორიტი აპლიკაციების სიას მიეკუთვნება Viber და WhatsApp. ისინი მაძლევენ შესაძლებლობას, ჩემს საყვარელ ადამიანებს დავუკავშირდე, ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს აპლიკაციები შლიან დროის და სივრცის საზღვარს, გაძლევენ საშუალებას შენთვის ძვირფასი ადამიანები ყოველთვის შენთან იყვნენ.

Covid პანდემიას აქაც ვერ ავცდით. ამ პერიოდში მნიშვნელოვან აპლიკაციებს შეემატა zoom-ი. მისი საშუალებით ძალიან ბევრმა ადამიანმა შეძლო, რომ covid-ს დრო არ გაეჩერებინა და სასწავლო და პროფესიული ზრდა-განვითარება თითქმის ჩვეული რიტმით გაეგრძელებინა.

დაუვიწყარი ადგილი, სადაც ბოლო წელს ვიყავი, 2019 წელს ვგულისხმობ, რადგან 2020 მიმდინარეა. გასულ წელს ბევრ საინტერესო და ლამაზ ქვეყანაში ვიმოგზაურე. თუმცა, ალბათ, დაუვიწყარია სექტემბერი და ა.შ.შ.-ს დასავლეთ სანაპირო. ვიყავით სანფრაცისკოში, სადაც სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის 106-ე კონგრესის მუშაობაში მივიღე მონაწილეობა. შემდეგ განუმეორებელი ლას ვეგასი და დიდი კანიონი მოვინახულეთ,ბოლოს კი, ლოს ანჯელესი და ჰოლივუდი. შეუძლებელია ამ ყველაფრის აღწერა და გადმოცემა. ეს აუცილებლად უნდა ნახო და შეიგრძნო.

ადგილი, რომელსაც ყოველთვის დავუბრუნდები: ძალიან ბევრ ადილას ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ყველგან კიდევ ერთხელ დავბრუნდებოდი, თუმცა რეალობაში ეს ყველაფერი შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ პალმირა (სირია) უკვე აღარ არსებობს.

ერთი ადგილი კი სადაც მუდამ დიდი სიხარულით და ინტერესით დავბრუნდები არის რომი! ხშირად მოგზაურთა შორის გაიგონებთ შეკითხვას: მსოფლიოს რომელი ქალაქი უფრო ლამაზია: ნიო იორკი, ტოკიო, ლონდონი, პარიზი? ყველა ამ თუ სხვა ქალაქების სილამაზეს და ორიგინალურობის შედარება შეიძლება, თუმცა რომი ცალკეა. ის სხვა განზომილებაა .რომში ისეთ დიდ სიამოვნებას იღებ, რომელსაც ვერაფერს შეადარებ. მხოლოდ მიქელანჯელოს ნაღვაწიც კი საკმარისია! მათი ნახვისას თავი უხერხულადაც კი ვიგრძენი – ნუთუ მიქელანჯელოც Homo sapiens-ი იყო და მეც?

თუმცა აქვე აუცილებლად და ხაზგასმით უნდა აღვნიშნო: რომთან ერთად იერუსალიმის ხელახლა და რამდენჯერმე მონახულების გარეშე ჩემს ცხოვრებას ძალიან ბევრი დააკლდება.

ნივთი, რომელსაც ვერასოდეს შეველევი ბევრია, რომელთა გარეშე ადამიანის არსებობა შეუძლებელია. ძალიან რთულია მათ შორის ერთის გამოყოფა. პროფესიიდან გამომდინარე სტომატოლოგიურ ბუნიკს ვერ უნდა შეველიო. ასევე, პროფესიიდან გამომდინარე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს 21-ე საუკუნეში, ავტოკალამსაც ვერ უნდა შეველიო. თუმცა, თუ ერთ ნივთზე უნდა შევჩერდე, ეს, ალბათ, ბზისგან დამზადებული ჯვარია, რომელსაც უკვე 20 წელია ვატარებ და მას ვერასდროს შეველევი.

ბოლო შთამბეჭდავი კერძი… გურმანი არასდროს ვყოფილვარ. ამიტომ საკვებს ჩემს ცხოვრებაში პირველი ადგილი არასდროს სჭერია. მთავარია, ჯანსაღი იყოს. თუმცა, გასულ წელს მე და ჩემი მეუღლე გახლდით ინდოეთში, ჩვენი მეგობრისა და კოლეგის შვილის ქორწილში, რომელიც მრავალ ასპექტში დაუვიწყარი იყო. მათ შორის ძალიან შტამბეჭდავი იყო კერძებიც. დასახელებას ნუ მომთხოვთ, რადგან ნებისმიერი მათგანი ძალიან გემრიელი და მიმზიდველი იყო.

რომელ ქალაქში ვისურვებდი შოპინგს: ვეთანხმები იმ საყოველთაო აქსიომას, რომ შოპინგი შესანიშნავი თერაპიაა. თუმცა, მე ჩემთვის ასეთი თერაპიის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ყველაზე დიდ სიამოვნებას წიგნების მაღაზიაში ვიღებ. ასევე, დიდ საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესებზე, სადაც უახლესი მაღალი ხარისხის პროფესიული ლიტერატურის შეძენას ვახერხებ. ცოტათი ამაყიც ვარ იმით, რომ ოჯახში საუკეთესო მხატვრული და პროფესიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა გვაქვს. ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ ალექსანდრიის ბიბლიოთეკის გადაწვას .

ლამაზი და მოდური ტანსაცმლის შეძენა მიყვარს და ვთვლი, რომ ეს აუცილებელიცაა. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებულად გამორჩეული იტალიაა, ხოლო თუ მეტად დავკონკრეტდებით – მილანი, სადაც ყველაფერი საუკეთესოა!

ბოლო მუსიკალური აღმოჩენა… ადამიანის ცხოვრება მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია და მუსიკალურ აღმოჩენებს მუდმივად აკეთებს ადამიანი, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენთვის არის აღმოჩენა, რადგან ის უკვე არსებობს და ბევრისთვის კარგად ნაცნობიც და საყვარელიც არის.

რამდენიმე დღის წინ შემთხვევით მოვისმინე დიდი ჩარლი ჩაპლინის მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ადრე არ მქონდა მოსმენილი. კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი ამ უნიჭიერესი და გამორჩეული ადამიანის შესაძლებლობებით და დავრწმუნდი, რომ მის შესაძლებლობებს საზღვარი არ ჰქონდა. ის ხომ პროფესიით კომპოზიტორი არ ყოფილა?!

წიგნი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა: წიგნი ჩემი ცხოვრების, ისე როგორც მრავალი ჩვენგანის, განუყოფელი ნაწილია. ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, მაგრამ წასაკითხი გაცილებით მეტი დამრჩა.

ქართველებისთვის არის ერთი წიგნი, რომელიც ეროვნული საგანძურია-“ვეფხისტრაოსანი“. ეს პოემა ნებისმიერი ქართველისთვის და ალბათ არა მარტო მათთვის, უკონკურენტოა.

ბავშვობაში, ყრმობაში მიღებული შთაბეჭდილებები ძალიან ძლიერია და იშვიათად ხდება ამ ზემოქმედების გადაფარვა. ამიტომ ვთვლი, რომ დიდი ზეგავლენა მოახდინა კონსტანტინე გამსახურდიას“დიდოსტატის მარჯვენამ“. იქ ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი- უსაზღვრო პატრიოტიზმი და სამყაროს მამოძრავებელი ყველა ადამიანური გრძნობა.

ახლა ვკითხულობ… ყოველ თვეში ელექტორნულ ფოსტაში მინიმუმ ექვსი ახალი სტომატოლოგიური ჟურნალი მოდის, რომელთა შინაარსის გაცნობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისთვის. ჩემი ცხოვრების მუშაობის გრაფიკიდან გამომდინარე, მხატვრული ლიტერატურისთვის მცირე დრო მრჩება, თუმცა ვცდილობ გავეცნო თანამედროვე და ახალგამოცემულ ლიტერატურას. ამჟამად ვკითხულობ ერიკ-ემანუელ შმიტის ნაწარმოებს “პილატეს სახარება“. ძალიან საინტერესო წიგნია. ბევრ, თითქოს უკვე ნაცნობ საკითხს სხვა კუთხით გვიჩვენებს.

ადამიანი, ვინც თქვენს სტილზე გავლენა იქონია… ძნელია ერთი რომელიმე ადამიანი გამოარჩიო, რომელმაც შენი ცხოვრების სტილზე იქონია გავლენა. ვფიქრობ, რომ სტილი თანდათანობით ყალიბდება და ასევე იცვლება კიდეც ბევრი გამორჩეული პიროვნების თუ გარემო პირობების ზეგავლენით.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, სადაც იზრდები და ყალიბდები პიროვნებად. ასევე უმნიშვნელოვანესია სკოლა და უნივერსიტეტი.

განუზომელია მშობლების და პედაგოგების როლი ადამიანის მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. ვფიქრობ, ჩემი სტილის შექმნაში მათ დიდი ზეგავლენა იქონიეს. თუმცა, ასე განუზომლად მაღალია საკუთრივ შენი, როგორც პიროვნების, ანალიზის უნარი. ანალიტიკური ნიჭის გარეშე ვერანაირი სტილი და ვერც პიროვნება ვერ ჩამოყალიბდება.

ერთი რჩევა ესთეტიკაზე: Covid-19-ის პანდემიამ დაგვანახა, და გვაგრძნობინა, რომ დედამიწა ძალიან პატარაა უსაზღვრო სამყაროში და ჩვენ, მისი მცხოვრებნი, ყველანი ძალიან მსგავსნი ვართ. ყველას ერთნაირად გვტკივა, გვიხარია, გვიყვარს, ბედნიერნი ვართ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება: დედამიწელებო, ვიყოთ ერთიანები და ტოლერანტულები, ამით გაიმარჯვებს ესთეტიკა!

თემები