როცა ზუმიდან რუსთაველი გიყურებს
ლია მეტრეველი

რუსთაველი ცოცხალი რომ ყოფილიყო, – ზუმერი იქნებოდა. „ქართული კულტურის“ რედაქცია ამაში დარწმუნებულია. და აი, რატომ:

აგერ უკვე, ზედიზედ, მესამე თვეა რედაქტორის სვეტის ერთ-ერთი მთავარი თემა კორონა ვირუსია. სხვა რა უნდა იყოს? აბა, დავფიქრდეთ: ამ ვირუსით გამოწვეული ვითარება მსოფლიოს ყველაზე დიდი იზოლაციონისტის ახდენილი ოცნებაა. და ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან: ყველაზე დიდი ნაციონალისტები, ყველაზე დიდი კონსერვატორები, ყველაზე დიდი რასისტები და ასე შემდეგ. მოკლედ, ვისაც და რასაც „ულტრა“ მიეწერება წინ, კორონათი აღფრთოვანებული უნდა იყოს. აღარავინ მგზავრობს, უცხოელს ქვეყანაში იშვიათად ნახავ, საზღვრებს შიგნითაც კი მოძრაობა საგრძნობლად არის შეზღუდული, დაირღვა ქვეყნებს შორის სოციალური, კულტურული, კომერციული ურთიერთობები. კორონამ მოკლა გლობალიზაცია და, იზოლაციონისტის აზრით, დაგვაბრუნა უკან, ჩვენს ფესვებთან, ნამდვილ ქართულ ფესვებთან. მაგალითად, რუსთაველთან. და მართლაც, რა უნდა იყოს უფრო ქართული, უფრო მნიშვნელოვანი, უფრო წმინდა, ვიდრე „ვეფხისტყაოსანი“?

ას ქართველს რომ ჰკითხო, ვაჟკაცობის, რაინდობის, ქართველობის მაგალითი რომელი პერსონაჟიაო, აქედან ორცმოდაათზე მეტი ტარიელს ან ავთანდილს დაგისახელებთ, ზოგიც კი ფრიდონს. ამავე ასს რომ ჰკითხო, ქალურობის ნამდვილი სახე რომელია ჩვენს ლიტერატურაშიო, ისევ ორმოცდაათზე მეტი თინათინს, ანდა ნესტან-დარეჯანს ახსენებს. მართლაც არის კი ტარიელსა, ავთანდილსა, ფრიდონსა, თინათინსა და ნესტან-დარეჯანზე უფრო ქართული პერსონაჟი ჩვენს ლიტერატურაში?

მურმან ლებანიძე, შედევრებში” „ვეფხისტყაოსანზე” საუბრისას შენიშნავს, რუსთაველს თავის წიგნში ერთი სტრიქონიც კი არ აქვს გაუაზრებლად დაწერილიო. ძნელია, არ დავეთანხმოთ ამ აზრს. უფრო მეტიც: რუსთაველს ერთი იდეაც კი არ აქვს „ვეფხისტყაოსანში“ ისეთი, ღრმად რომ არ ჰქონდეს გააზრებული მისი მნიშვნელობა. ჰოდა, მოდით, ახლა ამ საკითხზე დავფიქრდეთ: რომელია „ვეფხისტყაოსნის“ გმირებიდან ქართველი? პასუხი ძალიან მარტივია, ყველა და არც ერთი. რაკიღა შევთანხმდით, რომ რუსთაველის არც ერთი ჩანაფიქრი შემთხვევითი არ არის, მაშინ მთავარი გმირების წარმომავლობა როგორ შეიძლება იყოს გამონაკლისი? რუსთაველამდე, რუსთაველის დროს, რუსთაველის შემდეგაც საქართველოს ყველაზე დიდი პატრიოტები, ვითომდა პარადოქსულად, ყველაზე დიდი კოსმოპოლიტებიც იყვნენ. მათთვის სიქველე კარგი ადამიანის უნივერსალური მახასიათებელია და ამავე დროს ეს სიქველე არის ნამდვილი ქართულის განუყოფელი ნაწილიც. არ შეიძლება იყო ავთანდილი და არ იყო მთელი სამყაროს მოყვარული კოსმოპოლიტი. და ამავე დროს, არ შეიძლება იყო ავთანდილი და არ იყო ქართველი. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ყველა დროის ყველაზე დიდი ქართული ნაშრომი – „ვეფხისტყაოსანი“ – ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გლობალისტური ნაწარმოებია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. გამოდის, რომ თუკი კორონამ გვაიძულა ჩვენს ფესვებთან უფრო ახლოს მივსულიყავით, ჩვენი ნადვილი ქართული უფრო მძაფრად განგვეცადა, მაშინ მან ისიც მოახერხა, რომ კოსმოპოლიტური გრძნობაც უფრო გაემძაფრებინა ჩვენში.

ერთი წამით წარმოიდგინეთ როსტევან მეფის ბრძანებით კარანტინში მყოფი ავთანდილი. ხომ შეიშლებოდა? ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ რას იზამდა რუსთაველი, ჩვენს ეპოქაში რომ ეცხოვრა? რას და ზუმს გამოიყენებდა მსოფლიოსთან კავშირის დასამყარებლად.

ერთი შეხედვით ისე სჩანს, რომ კორონა ვირუსმა კულტურული ცხოვრება დროებით მაინც დაამთავრა, ჩაკლა. „ქართული კულტურის“ ამ თვის გამოცემა ციფრულსა და ფიზიკურზე, პატრიოტულსა და კოსმოპოლიტურზეა.

ჩვენი ერთგული ავტორი, თამარ გუნაშვილი, თავის სტატიაში გეტყვით, რომ რაც უნდა მოხდეს, რა კრიზისიც უნდა გადავიტანოთ, ადამიანი მაინც შექმნის კულტურას. ნახავთ, რომ კულტურა კი არ მოკვდა, არამედ ის ახალ რეალობებს მოერგო და ახალი გენიალური ფორმები შეიძინა. ანი მარგველაშვილის სტატია გიჩვენებთ, რომ კულტურა მაშინაც კი უკვდავია, როცა მართლაც კვდება. როსტომ ჩხეიძე კიდევ ერთხელ დაგანახებთ, რამდენი კოსმოპოლიტური კავშირია მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქართველ მწერალსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფსიქოანალიტიკოსს შორის. გიორგი ლობჟანიძე გააგრძელებს მსჯელობას იმაზე თუ რამდენად ქართული შეიძლება იყოს თარგმანი. სოფო ბაშარული მანანა ჩიტიშვილის ქართულობასა და უნივერსალურობაზე გესაუბრებათ. ალექსანდრე ელერდაშვილი რუკაზე განახებთ, თუ რამდენად ახლოს და შორის არის რუსთაველის „მულღაზა(ნ)ზარი“. რუბრიკა „ესთეტის“ ამ თვის სტუმარი პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი უნივერსალურის სიყვარულის აუცილებლობას ახალი კუთხით დაგანახებთ. პირველად ჩვენი გამოცემის ისტორიაში ვაქვეყნებთ ინტერვიუს ცნობილ უცხოელ მწერალ ფრედერიკ ბეგბედერთან. ინტერვიუ ისეთივე პროვოკაციული და აქტუალურია, როგორც თავად საქართველოში საკმაოდ ცნობილი ფრანგი ინტელექტუალი. ეს კიდევ ერთი გადახვევაა გლობალიზმისკენ. გადახვევა, რომელიც ნათელოყოფს, რომ საქართველო მსოფლიო პროცესების განუყოფელი ნაწილია.

ეს ყველაფერი ამ თვისთვის საკმარისია, დანარჩენი კი ზუმში გავაგრძელოთ…