რედაქტორის სვეტი
რეალობებსა და რეალურ სიმულაციებზე
გინახავთ ,,მატრიცა?” თუმცა სულერთია გინახავთ თუ არა. უნახავადაც გეცოდინებათ, რომ ,,მატრიცა” არის და ყოველთვის იქნება ჰოლივუდური პოპკულტურის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილმი. აი ისეთი, საკულტოს რომ ეძახიან. გაგიკვირდებათ და ,,ქართული კულტურის” მაისის გამოცემა სწორედ რომ მატრიცაზეა… და კიდევ, მატრიცას მიღმისეულზე, რეალობა რომ ჰქვია.
ჰოდა, ამ ,,მატრიცაში”, რომელიც მნიშვნელოვანია უამრავი მომენტით, არის ცენტრალური, ძალიან მოკლე სცენა. ეს სცენა, თუ ფილმი მინიმუმ ხუთჯერ არ გინახავთ, შეიძლება ძალიან იოლად გამოგეპაროთ კიდეც. სულ დასაწყისში, მთელი ამ სიმულაციური და რეალური სამყაროების მთავარი გმირი – ნეო – წიგნს კითხულობს. ამ წიგნს ძალიან უცნაური სათაური აქვს მას ,,სიმულაკრა და სიმულაცია” ჰქვია. რაღაც მომენტში, ნეო წიგნს გადაშლის და მაყურებელი ნახავს, რომ წიგნის შიგთავსი ამოჭრილია. ფილმის მთავარი გმირი ცარიელ შიგთავსს ფულის და კიდევ სხვა ნივთების შესანახად იყენებს- აი ისეთი ნივთების, მაინცდამაინც გამოსაჩენი რომ არ არის. მოგეხსენებათ, სიმულაციებზე წიგნი ცარიელი შიგთავსით, თავის მხრივ, სიმბოლურია.
,,ვიკიპედია” იყოს კარგად და ჩემი დახმარება არ დაგჭირდებათ იმის დასადგენად, რომ ასეთი სახის წიგნი ფრანგი ფილოსოფოსის ჟან ბოდრიარის ავტორობით მართლაც არსებობს. ზემოთ რომ ვთქვით, ,,ქართული კულტურის” ეს ნომერი მატრიცაზეაო, სწორედ ამ მეორე სახის მატრიცაზე, ჟან ბოდრიარისეულზე გეუბნებოდით.
Simulacrum ლათინური სიტყვაა და ქართულად ხატს ან სურათს ნიშნავს ანუ იმიჯი – ახალქართულად.
ბოდრიარი თავის წიგნში იმიჯის განვითარების ოთხ ფაზაზე გველაპარაკება: პირველ ფაზაში ის არის რეალობის რეფლექსია; მეორე ფაზაში ნიღბავს რეალობას. მესამე ფაზაში ქმნის რეალობის სურათს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. მეოთხე ფაზაში კი ის არ არის დაკავშირებული რაიმე რეალობასთან, იმიტომ, რომ იმიჯი არის საკუთარი თავის წმინდა სიმულაკრი – ანუ რეფლექსიის რეფლექსია. თავისთავად გასაგებია, რომ თანამედროვე, გლობალური საზოგადოება ამ მეოთხე ფაზაში ცხოვრობს და თავადვეა ამ ფაზის როგორც შემქმნელი, ისე მისი მუდმივი სრულმქმნელი.
ძალიან ბევრი კრიტიკოსი, საზოგადოების ამ მეოთხე ფაზაში ყოფნას ანუ რეალობასთან სრული კავშირის დაკარგვას უარყოფითად აღიქვამს. მეოთხე ფაზის კრიტიკა პირდაპირ შეგვიძლია მივიღოთ თანამედროვე კულტურის კრიტიკადაც. აბა, რით იქმნება მსგავსი იმიჯები, ხატები და სურათები თუ არა კულტურით? რა თქმა უნდა, რეალობასთან კავშირის დაკარგვა ანუ მატრიცაში ცხოვრება, პოზიტიური ამბავი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ადამიანის უნიკალური უნარი შექმნას რაღაც არარეალური, არარსებული და იცხოვროს მასში – არც მთლიანად ნეგატიური მოვლენაა.
2020 წლის მაისის გამოცემაში სწორედ ამ ხატების პოზიტიურსა და ნეგატიურზე გაგიმახვილებთ ყურადღებას. თათია დვალი გესაუბრებათ ვირჯინია ვულფსა და იდენტობის კრიზისზე, ანი მარგველაშვილი მერლინ მონროს ხატსა და ამ ხატის არარსებულ რეალობაზე. თამარ გუნაშვილი მოგითხრობთ ჰოლივუდის კარგ მსახიობებზე, რომლებმაც ჩვენში იდენტობა ვერ შეიძინეს. თამარ ბელქანია გიორგი კეკელიძეს სიმულაკრების სავანეზე – ბიბლიოთეკებზე – ესაუბრება. გიორგი ლობჟანიძე სიმულაციის სიმულაციების აპოთეოზზე, თანამედროვე ლიტერატურის ქართულ თარგმანებზე მოგითხრობთ. როსტომ ჩხეიძე ასი ამბის მიღმა არსებულ სამყაროზე გესაუბრებათ. მაკა ჯოხაძე რეალობასთან ყველაზე ახლოს მყოფ და ამავე დროს ყველაზე მეტად დაშორებულ ადამიანს – მერაბ კოსტავას გაიხსენებს, რომელსაც 2020 წლის 26 მაისს (რა სიმბოლურია!) 81 წელი შეუსრულდებოდა.
გავთამამდები და ვიტყვი, რომ ბოდრიარის მეოთხე ფაზაში მყოფი ანუ რეალობას აბსოლუტურად მომწყდარი ადამიანი, ადამიანურობის ყველაზე დიდი გამოხატულებაა. ამ ფაზაში იქმნება გენიალური და აქვე იქმნება უდიდესი საფრთხე რეალობის დაბრუნებისა, ადამიანურის სრული მარცხისა. ჰოდა, გვინდა მაისში არარეალურის მომნუსხველ სილამაზესა და რეალობის აუტანელ სიმძიმეზე გესაუბროთ, ჩვენს ავტორებთან ერთად.