ესე ლიტერატურა
მერაბ კოსტავას საგალობლები
***
მერაბ კოსტავა!
სასვენი ნიშნები თავად ირჩევენ პერსონებს, გმირებს. მერაბ კოსტავა გმირი იყო. ამიტომ ძახილის ნიშანს, ქვეცნობიერმა რომ ამოაგდო, მთლიანად ეთანხმება ცნობიერება. ამდენი რამის გაგებისა და გადატანის მერე როგორ შეიძლება ეს სახელი და გვარი წარმოსთქვა, ანდა დაწერო აღტაცების, აღფრთოვანების, დღეს უკვე მშვიდი და ღრმა სიყვარულის გარეშე.
მერაბ კოსტავა!
თითქოს ყველამ იცოდა, ვინ იყო ეს კაცი. არა მხოლოდ ცნობილი ,,ანტისოვეტჩიკი“, როგორც მოკლედ და კონკრეტულად უწოდებდნენ ,,სხვაგვარად მოაზროვნეებს“, არამედ საერთაშორისო დონის დისიდენტი, სივრცისა და საზღვრების გარეშე დარჩენილ უკომპრომისოთა კლანშიც უდიდესი პატივით რომ სარგებლობდა. მაგრამ ამ უსაზღვრო, ღია კოსმოსშიც ღიად იკითხებოდა ეროვნული თვითმყოფადობა, ქართველი კაცის ბუნება, სავსე ,,ქართული პატიოსნებით“. კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი, ცხოვრების რიტმითა და სტილით არანაირად არ ეთანხმებოდა დრო-ჟამის სულისკვეთებას.
ყრმობიდანვე ბიბლიური სიბრძნით იყო ნაკვები. ფართე ერუდიციამ და ინტელექტმაც ვერ დაჩაგრა მისი გული. იგი არ ჰგავდა თანამედროვე კაცებს, მხოლოდ ტვინით რომ აგეგმარებენ საკუთარ მომავალს და გულს, როგორც სისხლსაქაჩავ ტუმბოს (მოტორს), ისე უყურებენ. სინამდვილეში კი გულის კანონებით ცხოვრება არ შეუძლიათ, რადგან ეს გულები რახანია ჩამქრალი ვულკანის კრატერივით გაციებული და დანაცრული აქვთ.
გულის კანონით მოარულთა გზა იგივე გოლგოთაა, ეკლიანი გზაა, მუდმივ განსაცდელებში რომ იწრთობიან. ამიტომაც უწოდა (დაარქვა) მერაბ კოსტავას მისმა უპირველესმა მეგობარმა და სულიერმა ტყუპისცალმა ზვიად გამსახურდიამ ,,ძე ქარიშხლისა“.
,,მამულიშვილნო!“ – ასეთი მქუხარე ინტიმით ამ სიტყვას ვერვინ ამბობდა. თითქოს ესეც ლექსი იყო, უფრო ზუსტად, დიადი პოემის დასაწყისი.
მან დაიწყო და ბოლომდე მიიყვანა ცხოვრების პოემა.
,,მამულიშვილნო!“ ,,მეგობრებო!“ ისეთმა ჟრუანტელმა აიტანა მთელი ერი, ყველა სიტყვა და ყველა ლექსი მის ფერხთით დაიყარა ბიბლიურ ბზასავით. ასეთი სიყვარული ამ ორს რომ ერგო, აკაკის და გალაკტიონის მერე არცერთ პოეტს არ ღირსებია სიცოცხლეში. ამ სიყვარულს ვეღარაფერი დაუდგებოდა წინ. თაობათა ზღვარი წაშლილი იყო. ,,მეგობრებო“! ,,მამულიშვილნო“! ყველას გვეკუთვნოდა, თითქოს ბავშვობიდანვე მათგვარი აღზრდა მიგვეღო, მათ გვერდით გვესწავლოს ისტორია, ფილოსოფია, თავისუფალი აზროვნების გემო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო, ყველას ხომ არ ჰყავდა მამად კონსტანტინე გამსახურდია, სამშობლოსათვის თავდადებასა და მსხვერპლად გაღებას ბავშვობიდანვე რომ უნერგავდა ზვიადს და მერაბს… შვილს და შვილობილს… ქვეყანა თითო-ოროლა ამგვარი კაცების, პედაგოგების, ოჯახების იმედადღა იყო დარჩენილი და სწორედ მათი ღვაწლი განაპირობებდა მარადიული ღირებულებებისადმი ჩვენს სულიერ მზაობას.
გურამ რჩეულიშვილის ,,ალავერდობა“ ერთგვარი შეშფოთებაც იყო ეროვნული ენერგიის უაზრო ხარჯვისა და გაუცნობიერებელი ლტოლვაც ამ ენერგიის შეკრებისათვის ტაძრის გუმბათზე გასული, ხელებგაშლილი ჭაბუკის სახით. ოტია პაჭკორიას სასოწარმკვეთი დიაგნოზი თაობის ბედისწერად რომ ზოგადდებოდა – ,,ჭაბუკი ადგილზე გარბოდა“ – გამოსავალს ეძებდა. ეს გარბენა, უკვე ვერტიკალში, ღვთისკენ მიმავალი გზის დასაწყისი იყო და შეხსენება საკუთარი ხალხისათვის, რომ არსებობს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, დიდი ღირებულებები, ვიდრე ამ წუთისოფლის წარმავალ დღეებში ფუსფუსი და ხეტიალია.
1978 წლის 12 აგვისტოს დაწერილ ლექსში – ,,ძმას ქრისტესმიერს“ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მხოლოდ დიდი რწმენისა და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანებს აჯილდოებს უფალი წინასწარჭვრეტის, წინასწარგანცდის უტყუარი ალღოთი. ამ ლექსით მერაბ კოსტავამ სულიერი ძმის – ზვიად გამსახურდიას ბედისწერა და მთელი მისი მომავალი ცხოვრება იწინასწარმეტყველა.
სკეპტიკოსთათვის ძმობის თავდაპირველი ნიმუში აბელ-კაენია. სამყაროში პირველი მკვლელობის ცდუნება, ასე რომ მოინდომა ლუციფერმა და ძველთაძველი გრძნობა შური ძმობის იდენტობად აქცია.
აბელ-კაენი, როგორც გათხრების დროს აღმოჩენილი (უძველესი) არქაული მონეტა; სახიფათო დაწყვილება, სამოთხიდან ეს-ესაა განდევნილი ადამ და ევას მომავალი ბედისწერა;
აბელ-კაენი, როგორც დედის პირველი ცრემლი, როგორც სამყაროს პირველი ოჯახის ყველაზე მწარე სასჯელი.
კაენი!
იმჟამიდან აქამომდე, სამოთხის წყლებიდან გადინებული, ვერაგულად გაპარული, ურჩობისა და ღალატის მორევს ჩათრეული მზიური ძმობის ჩამონახლეჩი, როგორც ძმათა შორის განხეთქილების ვაშლი.
,,ძმას ქრისტესმიერს“ – ღვთის შთაგონებით ეს ლექსი ეშმაკის მიერ გაჭედილი მრუმე ხატის საპირწონედ რომ დადო სასწორზე მერაბ კოსტავამ, რწმენით გასხივოსნებული ერთგული ძმობის რეალური და პოეტური დადასტურებაა. ათასგვარი სიძულვილის, შურისა და ცილისწამების ღვარცოფებს გაუძლო ამ ძმობამ.
,,ვერაფერმა განაქარვოს ხსოვნა გარდასულისა,
საიქიოც, სააქაოც სუნთქვა არის სულისა“ – თითქოს ამ სიტყვების ძვირფასი თვლებით ქრისტესმიერი ძმების სახეა შემკული.
ზვიადი და მერაბი! – ეს ხატი ჯერაც უგუმბათო ტაძარშია შენახული. ზემოდან ზეცა დასცქერის და ღვთის იმედადაა დარჩენილი.
***
უჩვეულოა ,,ქარიშხლის ძედ“ წოდებული კაცის სიფაქიზე და განცდები. სამსხვერპლოდ შეწირული ზვარაკი – ნიკორა იკვლება ტაძრის ეზოში და მერაბის მონანული სულისათვის ეს სურათი სამუდამო, მოუცილებელ ზმანებად რჩება.
,,მე იმ თვალებმა გამხადა ავად
თვალები იგი სევდის გუბეა
სასომიხდილი ვდგავარ პირშავად
სად ღვთისმშობელი და დიდუბეა“.
საოცარია, თითქოს ნიკორას თვალის სიწმინდე სიკვდილის წინარე წამებში, მაცხოვრის მზერის ათინათია, სისუფთავის, უცოდველობის, ქედწახრილი შრომისა და ერთგულების მთელი ზეცა რომ აირეკლება. ამიტომაც ვერმიშველება, ვერგამოხსნა, ეს უტყვი მოწმეობა დიდუბის ეზოში სასომიხდილი კაცისა პირშაობად სწორედ ღვთისმშობლის წინაშე აღიქმება.
მერაბის ლექსთა უმეტესობა პირდაპირ ფსალმუნებად, საგალობლებად იკითხება. ლოცვის სიმშვიდე, ამ სიმშვიდით მოგვრილი ძალა და ენერგია გადმოდის მკითხველში და ყოველივე ამის თანაზიარი ხდები. XX საუკუნის პოეტთა შორის ასეთი ვნებიანი დამაჯერებლობით, გამოცდილებითა და ძლევამოსილებით არავის გადმოუცია ლოცვის არსი, ის თუ რაში მდგომარეობს ლოცვის ძალა:
,,ჭეშმარიტების მიჯნურთა მწდეო,
ბეჭთა დახშულთა ლოცვავ ფარულო,
მარადი მამის მარადო ძეო,
რწმენავ, იმედო და სიყვარულო“.
ასე მგონია, არავის ისეთი სიმძაფრით არ განუცდია უცნობი წმინდა მამის ღრმა დაკვირვება – ,,რა ლოცვა მიაკლდეს სულს, შეძრწუნებული ვიდოდეს იგი“, როგორც მერაბ კოსტავას და ალბათ ამიტომაცაა მთელი მისი პოეზია ლოცვის სისავსით გაჯერებული.
სულის კარიბჭესთან მდგარი დემონების მუდმივი მცდელობაა შეაღწიონ და სასოწარკვეთით ბოლო მოუღონ ადამიანს. მერაბს სძულდა ეს შიში, თავგანწირვით ებრძოდა და ლახვარს სცემდა მის უმცირეს გამოვლინებას.
შეძრწუნებული სულის ინტონაციური გამხელებით სავსეა (გადაფითრებულია) გალაკტიონის პოეზია, რომლის ლოცვამოკლებული სული ზოგჯერ მთვარეულივით გადაივლის ლუციფერის ბნელ უფსკრულებზე. გადარჩენილს და უკან მობრუნებულს თავად პარნასის ღვთაება აჯილდოებს უჩვეულო, მანამდე უცნობი ხილვებით, რიტმებით, მეტაფორებით… სიზმრად ქცეულ ცხოვრების გზაზე ბრილიანტივით მბრწყინავი მარტო ,,სილაში ვარდი“ და ,,ცის სილაჟვარდე“ რად ღირს, ანდა სამარადჟამოდ მოუცილებელი ხილვა: ,,მას გახელილი დარჩა თვალები, ო! გახელილი დარჩა თვალები“… როგორი წყურვილი გკლავს იმ გრძელი პერგამენტის ტექსტში ჩაიხედო გალაკტიონის ანგელოზს რომ ეჭირა ხელში. რა საოცარი ბუნებრიობით (უშუალობით) გამოითხოვს დიდი პოეტის შიში საყვარელი ადამიანის დასაცავ ლოცვას.
შიშთან დაკავშირებით არ შეიძლება არ გაგვახსენდეს მერაბის ერთი გამაოგნებელი ლექსი, არა მხოლოდ წმინდად მხატვრული სიძლიერის თვალსაზრისით, არამედ მისი სულიერი სიმაღლის, ადამიანური შესაძლებლობის ფართე, ნათელი დიაპაზონის გამო. თავად უშიშარი და კეთილშობილი როგორ ხატავს, როგორ გრძნობს და განიცდის საკუთარი ბუნების სრული ანტიპოდის, კაცისმკვლელის, რეციდივისტის პორტრეტს. ,,განაჩენის მოლოდინში“, ასე ჰქვია ამ საოცარ ლექსს. მართლაც თავზარდამცემი პორტრეტია, რადგან ჩვენ წინაშე მონანული სული კი არ იხატება, არამედ მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ ბედზე კონცენტრირებული უღვთო ადამიანის შიში სასჯელის წინაშე. არცერთი წამით, არცერთი ნაკვთითა და ნერვით არ იგრძნობა ტანჯვა და წუხილი მოკლულთა გამო. ესაა სრული შეპყრობილობა (ეგოცენტრიზმი), რომლის შესახებაც იოანე ოქროპირმა უზუსტესი გაფრთხილება დაგვიტოვა: ,,ეშმაკი იმდენად იმაზე კი არ ზრუნავს, რომ ვცოდავდეთ, რამდენადაც იმაზე, რომ ჩვენს ცოდვებს ვერ ვხედავდეთ, არ ვინანიებდეთ მათ და ცოდვილებად ვრჩებოდეთ“.
ამ ვერდანახვამ, სულიერმა სიბრმავემ გახადა სწორედ განაჩენის მომლოდინე პატიმარი ასეთი ცივი, საცოდავი, საპყარი… ლექსში სრულყოფილად გამჟღავნდა მერაბ კოსტავას ბუნებაც. ის, თუ როგორ იცის, ესმის და ენანება ადამიანი. როგორ ცალცალკეა მისთვის კაცი და ცოდვა, რომელსაც ყოველთვის ბოროტი აერთიანებს.
რწმენა, იმედი და სიყვარულია, რითაც იქსოვება მერაბის როგორც ქრისტიანული სულიერი სამყარო, ისე მთელი მისი პოეზია. ასეთი მართლები და ფაქიზები მხოლოდ ვაჟკაცები არიან. მხოლოდ მათ შეუძლიათ ასე უთანაგრძნონ დანაშაულის განცდის გარეშე დარჩენილ და შეშინებულ ტუსაღს:
,,თავი ჭაღარით გადაიღება,
საკნის ბედკრულო მეინახევ
შენს სასჯელს თავზე ავიღებდი,
ოღონდ ამ ტანჯვაში არ მენახე“.
ტანჯვაცაა და ტანჯვაც. უღვთოთა ტანჯვა შემზარავია. იქნებ პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ – ათასჯერ უფრო შემზარავი, რადგან წუთისოფლის ამ ჯოჯოხეთური, აპოკალიფსური რიტმიდან მოწყვეტილი (,,სოფელი მოსწრაფებით ირღვევა…“) თითქოს სწორედ ფიქრისა და სინანულისათვის ,,ნაჩუქარ“ დროშიც კი ვერ ახერხებს ადამიანი საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს, საკუთარი ცოდვები აღმოაჩინოს და დაიტიროს.
,,შემაძლებინე მაღალო ღმერთო,
მოყვასთა ჩემთა მუხლი ვუყარო,
მოძმე მკერდიდან არ მომიკვეთო,
ტრფიალი მისი არ განმიქარვო.
მის გულისტკივილს ვგრძნობდე უსიტყვოდ,
გავუადვილო წუთისოფელი
აი, ყველაზე ნაღდი მუსიკა,
აი, ქართული საგალობელი“.
ჩვენ გვახსოვს გრიგოლ რობაქიძის მიერ ქართული ცეკვის არსის გადახსნა, ფორმისა და შინაარსის საოცრად რაფინირებული, ესთეტური დაწყვილება ესეიში: ,,ქართული გენია როკვით განფენილი“.
ასევე გახსნა საგალობლის არსი (ქართული გენიის კიდევ ერთი გამონათება) მერაბ კოსტავამ ლოგოსით, სიტყვით. მერაბის ლექსის თვისებაა ილუზია, რომ მასში არაფერია დაშიფრული, ყველაფერი გამჭვირვალე და ცხადია. არადა, კითხვის პროცესშივე ვერ იცილებ იდუმალის, საკრალურისა თუ მისტიკურობის შეგრძნებას.
ქალის სილამაზით აღტაცება და მის წინაშე საოცარი მოწიწება, ერთგვარი უკანდახევაც კი იგრძნობა ლექსში ,,სულში ჩაგეღვენთოს“, რომელსაც ქვესათაურად მიძღვნა აწერია. ძალაუნებურად მთის უძველესი რიტუალი – წაწლობა გახსენდება. პირველივე სტრიქონებიდან სრულყოფილი სილამაზისკენ ლტოლვა, მიახლების, შეხების სურვილი არც გონებით, ვიტყოდი, არც ზნეობით, არამედ რაღაც თანდაყოლილი, სამოთხისეულ უბიწობაში მყოფი მამრის ძალისხმევით კავდება თუ ჩერდება. აქ არც წმინდა გონებაა და არც ავადმყოფური მაზოხიზმით ნებისყოფის წრთვნა, რასაც ბერზინი ნატასთან მიმართებაში განიცდის (,,ჩაკლული სული“). ეს არც გალაკტიონის ,,რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები“-ა და არც მხოლოდ ოცნების სიყვარული… მერაბ კოსტავასთან ამ თვალხილული, შენს გვერდით მყოფი სრულყოფილების ჰარმონიითა და სიწმინდით მონუსხვაა, აღფრთოვანებაა, განიარაღებაა… ჩვეულებრივი ვნება, ხორციელი ურთიერთობა აქ ყველაფრის დამიწება და ამოწურვა იქნებოდა.
ე.წ. თავისუფლებით დარეტიანებული და აღვირახსნილი სამყაროსათვის ეს კრძალვა და თავშეკავება, რა თქმა უნდა, სრულიად გაუგებარია. ბოტიჩელისეულ ქალის მშვენიერებას კი მერაბ კოსტავა ასე მიმართავს:
,,შენს ხატზე ვილოცებ, თუკი ეგ მშვენება
არის აჟღერება შენი სულისა“.
უაღრესად მნიშვნელოვანი სიტყვებია, იმდენად არა გრძნობის, რამდენადაც კოსტავასეული იდეალის გამოხატულებისა. უფრო მეტიც, ქართველი ქალის იდეალია დახატული, როცა პირდაპირ ამბობს პოეტი:
,,მრუდე განვირიდე ფიქრების ნაკადი
მაგ ქართულ ქალობის ხელყოფას ვშიშობდი“…
რამხელა სიყვარული და ნოსტალგიაა! ძალაუნებურად ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ჰოი დედანო, მარად ნეტარნო…“ გახსენდება. ან იგივე გალაკტიონის სიტყვები ,,სავსე ქართული პატიოსნებით“, რომელიც ამ კონტექსტში ქალსაც და თაყვანისმცემელ მამაკაცსაც ერთნაირად ეკუთვნის.
ხომ ნატრობდა ილია, ხომ ზრუნავდა ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანში ჩაკრულ ჩვილ იმედზე, ჩვენს მომავალზე… გალაკტიონიც ამ იმედებით იყო სავსე, მერე რა, რომ სამშობლოში სამშობლო ენატრებოდა (,,სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“…). წითელი დროშების ფრიალში ორუელის მადრიდული ხილვებისა არ იყოს, გალაკტიონიც ამ ზიბზიბში, რევოლუციური ქარტეხილებიდან, სისხლისღვრიდან და რეპრესირებული გულებიდან გამოვლილ გაუცხოებულ სამშობლოშიც ხედავდა ჭაბუკს, თითქმის ბავშვს – სავსეს ქართული პატიოსნებით. ეს ჭაბუკი, რა თქმა უნდა, მერაბ კოსტავა იყო. ისევე, როგორც წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ გალაკტიონს რუსთაველიც ახსოვდა ბავშვი. რა თქმა უნდა, არც ისაა შემთხვევითი, რომ მერაბ კოსტავას ყველაზე საყვარელი პოეტი სწორედ გალაკტიონია. ნაბოკოვის ფროსტზე დაწერილი წერილისა არ იყოს, იგი არა მხოლოდ აღიარებდა პოეტთა მეფეს, არამედ ესმოდა კიდეც მისი:
,,სიტყვებს აზრებად ისე ასხამდი,
უგულველჰყოფდი ლოგიკის ნორმებს“.
ნამდვილ პოეტებს კი აღიარებაზე მეტად, სწორედ გაგების წყურვილი კლავთ.
***
გურამიშვილისეული ღაღადისი და ერთგვარი ხოტბისშესხმა ,,დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო“ გახსენდება, როდესაც მერაბ კოსტავას ,,ღვთისმშობლისადმი“ საგალობელს კითხულობ. მიუხედავად იმისა, რომ ინტონაციური მსგავსების ნამცვრევიც კი არსად ჩანს ლექსში.
,,ვნებანი ვეღარ წარვხოცე,
ავმან საავდროდ ვიავე,
ნიჭი, ზეგარდმო ნაბოძი,
გავფანტე, გავანიავე“.
რატომღაც მგონია, რომ ამ ზეგარდმო ბოძებულ ნიჭებში მერაბ კოსტავა მუსიკალურ და პოეტურ ტალანტს გულისხმობდა. მაგრამ ის, რაც მან წლების განმავლობაში აკეთა, როგორც იღვაწა და იტანჯა სამშობლოს სიყვარულისათვის, ციმბირში წლობით გადასახლებულმა სასო რომ არ წარიკვეთა და ქართველი კაცის, ზოგადად, ქართველი ერის შემეცნებაში ჩატოვა გაუტეხელი, ძლიერი, ღირსებით სავსე ვაჟკაცის სახე განა ნიჭის გაფლანგვა იყო?! განა დაიწერებოდა ეს დიდებული ლექსები მისი ურთულესი გამოცდილებისა და ბიოგრაფიის გარეშე?!
მერაბის ლექსები, მისივე სულის, გონების, ცხოვრების ზუსტი ანარეკლებია, მისი სიფაქიზის, სიძლიერის, უბიწობის, ძალისა და ღირსების ჰიმნია. უბრალოდ, როგორც ხდება ხოლმე, ჟამთა სიავემ დროთა ქარტეხილებმა, იგი ,,ქარიშხლის ძედ“ აქცია, გმირად აღიარა და დროებით შეინახა მისი პოეტური გენია, როგორც ნიჟარები მალავენ და ინახავენ დროებით შებურული მარგალიტის ციმციმს.
მერაბის ლექსის ინტონაციას ფაქტობრივად ორი რამ გამოარჩევს თუ განსაზღვრავს (ან იქნებ წარმართავს), ქართულ პოეზიაში – ესაა რწმენა უფლისა და დარდი ურწმუნოთა გამო. ეს უკანასკნელნი მთელ თაობებს რომ უკარგავს ,,უგზოობის ქვეყანაში“ ტაძრისაკენ მიმავალ გზას.
გალაკტიონის არქივის ოკეანისეულ სიღრმეში დალექილია ამ დარდის საოცარი კრისტალები: ,,მოუნათლავი ბავშვები სკოლისკენ მიიჩქარიან“.
საბედისწერო დაუცველობის რა სევდიანი ინტონაციითაა ეს სიტყვები დაწერილი. თითქმის იგივე შეშფოთება რომ ახლავს ,,ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი…“ ქალაქის ჯოჯოხეთური რიტმი და ნევროზი წარმოშობს ამ არცთუ ისე უსაფუძვლო განგაშს. სოფლის ორღობეში წაქცეული ბავშვის გამო მსგავსი შეშფოთება ხომ წარმოუდგენელია… ნეტავ, რომელი აივნიდან ან სარკმლიდან გასცქეროდა დიდი პოეტი ქუჩაში გაჩქარებით მიმავალ მოუნათლავ ბავშვებს.
,,თ ე თ რ ი ქ ა ლ წ უ ლ ი“ – სიტყვებით დაწერილი სიმფონია, რომლის პარტიტურის წაკითხვისას ნებისმიერი ორკესტრანტი ბედნიერია, რომ მისი ხელისშეხებითა თუ სულისჩაბერვით ინსტრუმენტმა ულამაზესი მუსიკა სამყაროს უნდა მიმოაფინოს. ეს არის მსუსხავი ექსტაზის რაფსოდია, მაესტრო კოსტავას მუსიკა. აქ თითოეული სიტყვა ,,უფლის საცერშია“ გაცრილი და ამიტომაც გახსენდება გალაკტიონის მოწოდება: ,,სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა“. ესაა სხვადასხვა გრძლიობის ნოტების ,,ქალწულებივით ხიდიდან ფენა“.
,,მწველია, მწველი ქალწულის თავზე
ფიფქი, რადგანაც მეძვირფასება
როგორც ქალდეველს უღრუბლო ცაზე
უკვდავ ვარსკვლავთა აალმასება.
……………………………………………………….
მწვავდი ნესტანურ მზერით ჯიქურით
მოანათებდი, როგორც ქალღმერთი,
ვარდობის თოვლით გადაფიფქული
ქალწული ალმას ფიფქივით თეთრი.
ანაზდად პირი იბრუნა ბნელმა
ზეცამ სივრცეებს მოხსნა სარქველი
და უჩინარი მლოცველის ხელმა
ერთად დაანთო ყველა სანთელი.
ის ღამე ჰგავდა თეთრ ლიტურღიას,
აჩახჩახებდა ყინვა კანდელებს
და უკიდებდა ძილს ლეთარგიულს
თეთრი პეპლების კორიანტელებს“.
ვის უთქვამს მერაბამდე ფიფქზე ასეთი რამ:
,,ფანტელი – დვრიტა თეთრი სიჩუმის,
სიჩუმე – კარი მარადისობის“.
არის ლექსები, რომელთა წამლეკავი ენერგია ერთი შეხედვით სისასტიკის გამომხატველია… მოულოდნელობას ერთბაშად აცხრობს საყვარელი ქალის ხატება:
,,ვეღარ ვიოკებ შეშლილ სუნთქვას დაწყევლილ ალებს,
მივდივარ შენგან, ბალდახინით შევიბურები,
საბუდრებიდან ამოვითხრი ყაჩაღის თვალებს,
შენ შემოგწირავ, რათა დასძღნენ შენი ყურებით.
…………………………………………………………
ქარონის ნავით გადავირბენ პირველ ქაოსებს,
ეთერის ჭავლებს ავაკვნესებ ცეცხლის ხოფებით,
საიქიოშიც მე ვიგლოვებ სააქაოზე,
რადგან ძვირფასო, აქ, მიწაზე შენ იმყოფები“.
უცნაური განცდა გიპყრობს ამ ლექსის კითხვისას, საოცარი ინტერესი – ვის ეკუთვნის ეს სიტყვები, სულის დამთუთქავი გამომშვიდობება, ვინაა ადრესატი, ვინ არის იგი, ვისაც ასე გულისმომწველად ვერ ელევიან: შვილი? ცოლი? სატრფო? დედა? ცა? მიწა? ან იქნებ ყველა ერთად, სამშობლოს რომ ნიშნავს.
მერაბ კოსტავას მთელ ცხოვრებასა და შემოქმედებას საოცრად მოუხდებოდა ეპიგრაფად მისივე სიტყვები: ,,დავაშრობთ ლეტოს, დავიწყების წყეულ მდინარეს“.
ეს მდინარეა, ნიაღვრებად რომ მიუშვეს ხსოვნას. აქ უკვე აღარ ისმის შეკითხვები, აღარც ინტერესია, არც ეჭვები. აშკარაა, რომ ეს სტრიქონები ზვიადისა და მერაბის მთელი ცხოვრებისა და შემოქმედების კუთვნილებაა, მათი რწმენის გამარჯვებაა.
,,ლ ე ქ ს ი“ – მერაბ კოსტავას ერთ-ერთი შედევრის სათაურია, რომელმაც შესაძლოა ტიციანის ,,ლექსი-მეწყერიც“ გაგახსენოთ.
,,დაე, ერთ სუნთქვად, ერთ დაკვრად
გადიჭდოს ჩვენი ჭიდილი,
სიკვდილი შენი ნურვინ სთქვას,
სჯობს ისევ ჩემი სიკვდილი“.
ორივე პოეტმა აბსოლუტურად განსხვავებულად, მაგრამ ერთნაირი ენერგიითა და ძალისხმევით გამოხატა ზოგადად პოეზიის ძალა და მნიშვნელობა სამყაროსათვის. ამ ლექსის გადამკიდე სულ გინდა დაიძახო:
მოჯარდით, მოჯარდით, სასოწარკვეთილო ქართველებო. ჩვენი სიცოცხლე ცხოვრებიდან გამოტანჯული ლექსია, ტანჯვისავე დამთრგუნველი. სიკვდილის, მოწყენის, გამოფიტვის, გავერანების დამთრგუნველი. იმედისა და სიყვარულის ისევე ამაყვავილებელი, როგორც ეს წყალსა და მზეს შეუძლია.
სიტყვების ლექსად მომთვინიერებელ ამ სტრიქონებში უკვე მოჩანს შავი ჩოხის კალთის ფრიალი. ცხენზე ამხედრებული მერაბი შავლეგოა, ლექსი კი ზღაპრული რაშია, ცხენია, ულაყია. ამ ლექსში ბარათაშვილის მერნის გახელებაც ისმის და ,,ლურჯა ცხენების“ ფლოქვების თქარა-თქურიც. მე რომ რეჟისორი ვიყო, ამ ტექსტის მუსიკალურ ფონზე XX საუკუნის ლეგენდას გადავიღებდი…
მერაბის ლექსის, ზოგადად მისი ადამიანური, კაცური ენერგიის რესურსსაც და მის მუსიკალურ სუბსტანციასაც ამ ლექსში ვხედავ. ესაა წყარო, საბადო, ოაზისი უდაბნოში. ამ საყოველთაო ვაკუუმში, დღევანდელი პოეზიის ჩამომჭკნარ, ასიმეტრიულ ბაღებში მერაბის პოეზია აღმოსაჩენი სულისმოთქმა და ჟანგბადია. იმდენად მძლავრი ჭავლები და ნაკადები მოედინება მისგან, იმდენად ფუცხუნა, სუფთა და კრიალა ჰაერი, რომ ამღვრეულ, ბინძურ სამყაროში დიდია შანსი მისი ლექსის სიწმინდით მოიწამლო კიდეც.
როგორც გამოჩენილი მეცნიერი, ქირურგი და მღვდელმთავარი, წმინდა ლუკა (ვოინო-იასენეცკი) ამბობს: სული მატერიალიზდება და ხშირ შემთხვევაში ისეთ გამომსახველობას (იერს) იძენს, როგორიცაა თავად სული – კეთილი თუ ბოროტი, მშვიდი თუ ავი, მტაცებელი თუ მიმტევებელი…
მერაბ კოსტავას კეთილი სული იშვიათი სისადავითა და სილამაზით ამოზიდავს ჰორიზონტზე მაცხოვრის ძვირფას სახეს:
,,ბალღო ლომისფერფაფრიანო, მკათათვისფერი თმისაო,
სერაფიმ საგალობელო, უფსკრულო სინათლისაო…
ამსოფლად მოვლინებულო შენ ბინადარო ცისაო,
ხელთუმტკიცესო ბეჭედო მაღალი განზრახვისაო“.
თუ ასე არ გიყვარს და ასეთი ახლობლობა არ გაკავშირებს, წარმოუდგენელია ხოტბის ამგვარი შესხმა, თითქოს წმინდა მამათა შეფასება და ბეჭედია დასმული. საოცარია მშობლიური, ხალხური ინტონაციით სამყაროსათვის ღმერთის ასე გამჟღავნება და გაცნობა.
***
ცალკე თემაა სტიქიები მერაბ კოსტავას შემოქმედებაში. წყალი, ქარი, ცეცხლი… თავდაპირველი სახითა და ენერგიით წარმოჩინდებიან. ოკეანე წარღვნად ამხედრებას აპირებს და ადამიანებს თითქოს წინასწარ უხატავს წყლის სტიქიას, როგორც ცოდვათა სასჯელს, როგორც ნებელობის მოდუნების შედეგს. წარღვნის მუსიკალური ტალღებითა და მუქარებით ღელავს მერაბ კოსტავას ლექსი ,,ეტიუდი ცე-მოლი“.
ავტორი ამ შედევრში დაჭიმული ისარია. ეს არის პროცესის ჩვენება, თუ როგორი ქარიშხლიანი, ოკეანისეული ვნებები დუღს ადამიანში და რა ძალმოსილება სჭირდება მას დემონების დასამარცხებლად. არა მხოლოდ ეს ლექსი, არამედ ზოგადად მერაბ კოსტავას პოეზია შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ ქრესტომათიულ ნიმუშად იმისა, თუ როგორ უნდა საკუთარ თავთან ომის მოგება.
პოემა ,,შიმშილობა“ კი ამ მხრივ საერთოდ ცალკე კვლევის საგანია არა მხოლოდ ფილოლოგთა, არამედ სხვადასხვა მეცნიერებების წარმომადგენელთა მხრივაც.
,,სიკვდილთან პაემანი“ შიმშილობის მერვე თვესაა დაწერილი. ჰამსუნის მერე შიმშილის, როგორც სტიქიის, როგორც მისტერიის ასეთი სკრუპულოზური აღწერა არ მახსენდება. ორივეს თანაუგრძნობ, ორივე პროცესის თანამონაწილე ხდები.
მერაბ კოსტავას ამ უნიკალურ, ავტობიოგრაფიულ თავგადასავალში ადამიანური ბედისწერისა და შესაძლებლობების ისეთი ზღვრული განზომილებებია ნაჩვენები, სუნთქვა გეკვრის. თვალნათლივ ხედავ სერაფიმ როუზივით როგორ აკონტროლებს და დაჰყურებს მერაბის სული მისსავე სხეულს. მან იცის რატომ შიმშილობს, რატომ ეთამაშება მატადორივით სისხლიან კორიდას თავისუფლების სახელით. ჯერ რვა დღე შიმშილობისა და ახლა რვა თვე!!! გააზრებაც კი წარმოუდგენელია. როგორც საზვერეებს, ისე მისდევ მერაბის დაკვირვებებს და აღმოჩენებს. გაოგნებული ხარ იმ ღვთაებრივი პატრუქით, რომლის წიაღშიც რახანია აორთქლდა, გამოშრა ყოველგვარი საწვავი, მაგრამ მაინც ანათებს სული, ანათებს კი არა, კაშკაშებს, როგორც ღვთაებრივი სასწაული. ეს ლექსი თვითხილული მაგალითია სულის უპირატესობისა, სულის გაძლებისა და მხნეობისა, როცა მიზანი სიცოცხლეზე მეტია.
მერაბ კოსტავას ცხოვრებისეული და სულიერი ბიოგრაფიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო ფაქტია გადასახლებაში მის მიერ რუსულად დაწერილი ლექსები.
ციხის შიდაგანაწესის და პოლიტპატიმრის მიმართ საგანგებოდ გამძაფრებული ადმინისტრაციული კონტროლის გამო პატიმარს ეკრძალებოდა სხვა ენაზე (გარდა რუსულისა) ერთი სიტყვის დაწერაც კი.
მერაბ კოსტავამ ენობრივი ბარიერით შექმნილი წინააღმდეგობაც კი სათავისოდ გამოიყენა. პოეტური ტალანტისა და შეუპოვარი ხასიათის წყალობით შექმნა არაჩვეულებრივი ლექსი (Родная речь), რომელიც როგორც ქართულის, ისე ზოგადად, სამყაროში არსებული ყველა მშობლიური ენის ქებათა-ქებას წარმოადგენს.
რუსულად დაწერილ ლექსებშიც მთლიანად გამჟღავნდა მერაბის მდიდარი სულიერი სამყარო, მაგრამ რაც ყველაზე განსაცვიფრებელია, ეს მოხდა უცხო ენის ისეთი ღრმად ორგანული ცოდნითა და ლექსიკის ისეთი ზუსტი, გემოვნებიანი შერჩევით, რომ მათი გაცნობისას არ შეიძლება სასიამოვნოდ გაოცებული არ დარჩეს მკითხველი.
გამომცემლობა ,,ინტელექტის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ,,100 ლექსის“ პროექტით საზოგადოება მერაბ კოსტავას რუსულ ენაზე შექმნილ პოეზიას პირველად გაეცნობა.
რა კატასტროფული სიჩქარით დაიწყო რღვევა ქრისტესმიერი ძმების წასვლის მერე. როგორ თვალხელშუა, მიზანმიმართულად წარიმართა პროცესები, ერთი შეხედვით ქაოტური და უმართავი. როგორ შეგნებულად მოხდა ყველაფრის დამცრობა, გაუვნებელყოფა, განეიტრალება, აბუჩად აგდება… მერაბ კოსტავას ,,შიმშილობის“ ფონზე ზუსტად იკითხება ნებელობის მოდუნება, ნებისყოფის დაცემა და ჩვენი სულიერი კარდიოგრამა.
ცალკე თემაა და ცალკე სამყაროა მერაბ კოსტავას აპოკალიფსური ლექსები.
,,ეს რა ხვაშიადი ჩაითქვეს ერებმა,
უსისხლოდ გამართეს კაცთა სასაკლაო,
ბოროტს მიეყიდნენ და მეცნიერება
თავად დედამიწის ხდება მესაფლავე.
გონება ეფლობა სიბილწის სკორეში,
ირყვნება ბალღი ჯერაც უმწიფარი,
ისე გადაეშვნენ სოდომის მორევში,
ურცხვი ეროსიც კი თვალზე ხელს იფარებს.
ოდესღაც ჰყვაოდა რწმენის მისტერია,
ჰყვაოდა ბუნებაც ციერთა ნასახი
იცოდნენ ფუტკარი მეუფის მწერია,
რომ თავად ქრისტე არის ვენახი“.
მერაბს ენატრება ის დრო, როცა მოყვასს უყვარს მოყვასი, უიტმენისა არ იყოს, ,,როცა ვხედავ, როგორ უყვარს ქალაქს ქალაქი, როცა ვხედავ, რომ ქვეყანას უყვარს ქვეყანა“.
ბიბლიური რემინისცენციები დროსა და სივრცეში არ ქარწყლდება, რადგან სამწუხაროდ ადამიანი იგივეა მარად და მარად. რადგან ინტელექტუალურ ფერიცვალებას თან არ სდევს სულიერი ფერიცვალება. რადგან ტექნიკური პროგრესი, ე.წ. მეცნიერული პროგრესი სულაც არ გულისხმობს სულიერ პროგრესს. პირიქით გაამპარტავნებული და თვითკმარობის ილუზიით შეპყრობილი ადამიანი რეალობის გრძნობას კარგავს და მას ეჩვენება, რომ სამყარო მის მიერ კონტროლირებადია.
მერაბი განუწყვეტლივ იკვლევს კაცთა მოდგმის წარმომავლობას. მის პოეზიაში ცოცხლდება აბრაამი, ვინც სამყარო ახალი ხედვით, ცოდნით, სიმაღლით გაამდიდრა, გააკეთილშობილა, ვინც
,,ახარა ნერგი თვითშეზღუდვით შეუზღუდველთა,
დაჰგმო, დათრგუნა როს გოდოლი ბაბილონისა“.
მერაბი აბრაამს ,,იმ ეპოქის პირველ კაცს“ ეძახის… მის მონუმენტურ პოეზიაში არა მხოლოდ ბიბლიური ძეგლებია აღმართული (ნოე, აბრაამი, სარა, ფარაონები…), არამედ ქართველ წმინდანთა დასიც. მერაბს თავისი ხატწერის კანონები აქვს. ამ კანონითაა შესრულებული ივერიის მნათობის, ქეთევან დედოფლის პოეტური ხატი. ეს მისეული ნათებაა, მისეული სურნელი და გამოსხივება.
რა გულისდამთუთქველი, ამავე დროს რა მანუგეშებელი სიტყვებით დასტირის მერაბი თავის დაღუპულ ვაჟიშვილს ირაკლის. ჯოჯოხეთში მყოფი, ციმბირულ გულაგში შეიტყობს შვილის გარდაცვალების ამბავს:
,,ო, როგორ ვდარდობ, როგორ ვინაღვლი,
აწ მომხდარს რომ ვერ გადავეღობე,
კიდევ კარგი, რომ ჩემთვის ირაკლი,
გარდაცვლილები არ არსებობენ.
და არ კვდებიან და არც ქრებიან,
გარდიქმნებიან ღმრთივ საოცრებად,
რადგან ისინი მუდამ რჩებიან
ჩემთვის ცოცხლებზე უფრო ცოცხლებად“.
აი, მთელი საქართველოს შვილმკვდარ მშობელთა დამწვარი სულების კოსტავასეული უებარი მალამო.
მერაბ კოსტავას ვრცელი ლექსები, განსაკუთრებით კი პოემები მონუმენტურ ფერწერასაც მოგვაგონებს და კედლის მხატვრობასაც თავისი უნიკალური ფრესკებით. მერაბის ბიბლიური ხსოვნის უდაბნოში ქვიშა ცხელია და მწველი, ხოლო აღმართული ძეგლები – ხსოვნის წყურვილით გალიცლიცებული, ნოტიო და მფეთქავი.
დაბურული ტყის სინოტივეშია შეყუჟული მამა დავითი (,,ღირს მამა დავითს“), რომელიც ტაძრული სიმყუდროვითა და სიგრილით სუნთქავს.
მამა დავითთან ერთად ეს საგალობელი ღვთის მოციქულებს, ცამეტ ასურელ მამასაც ეკუთვნის. ჩვენთვის ზვიადი და მერაბიც ღვთის გამოგზავნილი მოციქულებივით იყვნენ.
ლექსი ,,ღირს მამა დავითს“ ქართული პოეზიისათვის ისეთსავე ძვირფას ღირშესანიშნაობას წარმოადგენს, როგორც მთაწმინდა თბილისისათვის. ბევრი იცნობდა, ბევრს უყვარდა მერაბი, მაგრამ მხოლოდ მიძღვნის ადრესატმა – მამა დავითმა და უფალმა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხის ეს უანგარო, თავდადებული რაინდი არა მხოლოდ ეროვნულ ლიდერად, ეროვნულ გმირად უნდა მიეღო წმინდა მთას, არამედ როგორც ნამდვილი შემოქმედი და პოეტი, ისეთი პოეტი, რომლის გვერდით ყოფნას და სიცოცხლეს ყველა კულტურული ერი ინატრებდა. იგი იყო სისავსის, სისუფთავის, თავდადებისა და თავმდაბლობის ნიმუში. მერაბს თითქოს საკუთარი სტრიქონებივე მიაცილებდნენ ბოლო გზაზე:
,,სიმდაბლე თავად დიდების გზით მიემართება“.
რა ბედნიერებაა, რომ ქართული პოეზია ასურელ მამათა საოცარ ღვაწლს ვალში არ დარჩა… მერაბ კოსტავამ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად მეოცე საუკუნის მიწურულს ასეთი დიდებული ჰიმნი აღავლინა.
,,მოხვედით დასი ათცამეტი მწირთა ასურთა,
როს შორეული მყინვარწვერის ელავდა ქიმი,
უკვდავებასთან დადებული აღთქმა ასრულდა,
და თბილისს ცაზე აღებეჭდა ღვთისმშობლის ღიმი“.
***
მეოცე საუკუნის მიწურულს ღვთისმშობლის ღიმილი ორჯერ აღიბეჭდა თბილისის ცაზე, მამადავითის შემოგარენში.
პირველად, როცა მერაბის ნეშტი მიიბარა წმინდა მთამ და მეორედ, როცა სიჩუმის მისტერიაში ქრისტესმიერი ძმის, ზვიად გამსახურდიას ნაწამები სხეული დაიკრძალა მის გვერდით.
მჯერა თუ მეოცნებება, ამიერიდან, ყოველ გაზაფხულზე ვარდობისთვეს, მაისობისას მთაწმინდისაკენ მიმავალ პატარებსა თუ შეყვარებულ გოგო-ბიჭებს ყელზე წითელბაფთაშებმული უცოდველი ბატკანივით წინ წარუძღვება მერაბის ლექსის სტრიქონები:
,,კაეშანი გადამიგდე, დარდი განუკურნელი
დამიმკვიდრე სულში ქრისტე და აღდგომის სურნელი,
ნუში, მთები და ველები, შუქთა ფენა მთიების,
თეთრი, თეთრი ყვავილები, თეთრი ეკლესიები“.