დამწერლობა – ასი ამბის მიღმა
როსტომ ჩხეიძე

თუ რაიმეა ბოლო წლების ქართული საგამომცემლო საქმის მონაპოვარი, ერთი უპირველესი უთუოდ „არტანუჯის“ სერიაც: „თან საკითხავი“.

მარჯვედ მიგნებული იდეაც და შესაფერისადაც ხორცშესხმული – პროფესიონალიზმს როგორც შეჰფერის, თან ერთბაშად და უხვადაც რომ ჩამოგვიმწკრივდა თაროზე ამ სერიის წიგნები: პიროვნებისა თუ რაიმე საგულისხმო თემის ირგვლივ შეკრებილი ამბები, მცირე მოცულობისანი და ტევადნი, და რაც ამ გამოცემის თავისებურებაცაა და მომხიბვლელობაც – ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელნი.

ამ იდეის მიმგნები და ხორცშემსხმელი, სერიის მთავარი რედაქტორი ბუბა კუდავა წინასიტყვაში ყურადღებას ამახვილებს „თან საკითხავის“ კომპოზიციური აღნაგობის თავისებურებაზეც და მნიშვნელობა-დანიშნულებაზეც:

– საკითხავი „სხვათა შორის“, საკითხი თანდათანობით, სვენებ-სვენებით თუ ერთი ამოსუნთქვით. საკითხავი კეთების პარალელურად. ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი დასვენებისას, მგზავრობისას, თუნდაც მუშაობა-მუშაობისას, საკითხავი ავტობუსში, მანქანაში, თვითმფრინავში, მატარებელში… საკითხავი ჰამაკში, პლაჟზე, ჯდომისას თუ წოლისას, საკითხავი ისე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში. საკითხავი მათთვის, ვისაც მოსწონს წიგნებისთვის „თვალის გადავლება“, ვისაც უყვარს კითხვა აქა-იქ თვალის ჩაკვრით და ვისაც არ იზიდავს ვრცელი და გაბმული ტექსტები.

მოკლე წინასიტყვაში ერთმანეთს შეზავებია სერიოზულობა და იუმორი და მკაფიოდ ვერც გაარკვევ, რომელი რომელს სჭარბობს, თუმც ეს ამჯერად ყველაზე ნაკლებ მაინტერესებს ამ სულიერი მონაპოვრის ფონზე, „თან საკითხავის“ სერია რადაც წარმოგვიდგება, სხვა ბევრგვარ სიკეთესთან ერთად ძალიან რომ წაადგებათ მოზარდებს საკმაო ცოდნის შესათვისებლადაც, ამათუიმ პიროვნების სულის ლაბირინთებსა თუ ცალკეულ მოვლენათა ხვეულებში შესაღწევადაც და სულიერ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეალობაში სწორი ორიენტირებისთვისაც… დიახ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეალობაშიც… და ეს ყოველივე ადვილად, მიმზიდველად, აქა-იქ თვალის ჩაკვრითაც კი…

„თან საკითხავი“ ჰქვია და… „მოუწყინრად საკითხავიც“ შეიძლება დავარქვათ.

ამბები გარკვეული კუთხით ლაგდება და წინასწარვე განსაზღვრული რაოდენობით იკვრის, ხშირად რაიმე თარიღსაც რომ ეხმიანება, და ცხადია შედგენილია ავტორისა თუ შემდგენლის გემოვნების კვალობაზე. და თუმც ამ გემოვნებაში ეჭვი არ შეიძლება შევიტანოთ, თვითეულ ჩვენგანს მოსალოდნელია გაუჩნდეს ბიოგრაფიული ასხმულის ამათუიმ ამბით შევსების სურვილიც. სხვათა შორის: ეს გაღვივებაც ინტერესისა ამ სერიის ერთ-ერთი მიზანია, გუნებაში თუ მოგვანიშნინებს ზოგიერთ ეპიზოდს, შტრიხსა თუ დეტალს.

თქვენი არ იყოს, მეც არაერთხელ გამჩენია ამგვარი ფიქრი, ისევე როგორც ჩემს მიერ შედგენილი ორი წიგნის – „პავლე ინგოროყვა – 125 ამბავი“ და „ოთარ ჩხეიძე – 100 ამბავი“ – კითხვისასაც მოსალოდნელია ასეთი მოსაზრებების გაჩენა: ის ეპიზოდი როგორ არის გამოტოვებული, ის შტრიხი რატომ დააკლდა, ის დეტალი ძალიან მოუხდებოდაო… ამ ამბის ჩანაცვლება შეიძლებოდა იმ კიდევ უფრო უკეთესითო… ეს ჩანართი ცოტა უფრო ვრცლად გაშლილიყო, ემჯობინებოდაო… ეს კი იქნებ ცოტა შეკვეცილიყოო…

ის კი არა, ცალკეულ შემთხვევებში იმდენი ამბავიც შეიძლება დაგვიგროვდეს გონებაში ამათუიმ პიროვნებასა ანდა მოვლენაზე, კიდევ ერთი წიგნის მასალამაც მოიყაროს თავი და… დროთა კვალობაზე ამ სახელწოდების წიგნებიც ჩაერთოს სერიას: „ისევ ილია ჭავჭავაძე…“ „ისევ ვაჟა-ფშაველა…“ „ისევ 1978 წლის 14 აპრილი…“ „ისევ ზვიად გამსახურდია…“

შესაძლოა დამწერლობის ირგვლივაც გამოიკვეთოს ახალი წიგნი, თუმც ვიდრე ეს მოხდებოდეს, აქვეც შეიძლება მიედევნოს ზოგიერთი ამბავი, რაც გულს დამაკლდა დავით მაისურაძის ღრმა ცოდნითა და დახვეწილი გემოვნებით შედგენილ კრებულში: „დამწერლობა – 100 ამბავი“.

ვერ ვიტყვი, რომ რაიმე იყოს ჩასანაცვლებელი, გასაშლელი ანდა შესაკვეცი, მაგრამ… ის რამდენიმე ეპიზოდი თუ შტრიხი თუ დეტალიც რომ… დაშვენდებოდა, უეჭველად დაშვენდებოდა.

28-ე ამბად შეტანილია ქართული ანბანის შექმნის თარიღზე ცილობა მეცნიერთა შორის და აღნიშნულია ის გარემოებაც, პავლე ინგოროყვა ასომთავრული დამწერლობის წარმოშობას წინარექრისტიანული ხანით რომ ათარიღებდა, უშუალოდ კი ძველი წელთაღრიცხვის 284 წლით.

კარგი იქნებოდა, რომ 29-ე ამბად ჩართულიყო პავლე ინგოროყვას ის მონაპოვარი, მართლაც სენსაციური აღმოჩენა, დასაბუთებული ნარკვევში „ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა (I საუკუნე ახალი წელთაღრიცხვისა)“, რომ:

არმაზის საპიტიახშო ნეკროპოლში აღმოჩენილ ვერცხლის ლანგარსა და იბერიის მეფის მიჰრდატ ფარსმანის-ძის დროინდელ სტელაზე წარმოდგენილ ვენზელზე აღბეჭდილია ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერები, და დაბეჯითებით იშიფრება ხუთი ასო: ბ, პ, ქ. ჭ, ს.

როდესაც ხელმეორედ დაიბეჭდებოდა ეს ნარკვევი ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და „ჩვენი მწერლობის“ თაოსნობით, დაერთვოდა მარიამ ნინიძისა და ვლადიმერ ჭელიძის ნარკვევიც, პავლე ინგოროყვას ისტორიოგრაფიული კვლევების კვალდაკვალ შექმნილი: „ქართული დამწერლობის მოდელი და ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის ქართული წარწერები“ – რომელშიც ახალი მონაცემებისა და ახალი დაკვირვებების მეოხებით, დაბეჯითებით დადასტურდებოდა, რომ:

მართლდებოდა პავლე ინგოროყვას გაბედული მიგნება და მის მიერ განხილული წარწერების გრაფემები ნამდვილად ქართული გახლდათ.

და ამრიგად:

დღესდღეობით არსებული მონაცემების მიხედვით, სწორედ პიტიახშ ჭარგასის (დათარიღებული ახალი წელთაღრიცხვის 75 წლამდე, ხანმოკლე პერიოდში), ფლავიოს დადესა და ბერსუმ პიტიახშის (დათარიღებული ახალი წელთაღრიცხვის 75-79 წლებით) არმაზული ლიგატურებით იწყება ქართული წერილობითი კულტურის დოკუმენტური ისტორია.

მე-20 ამბად აღნიშნულია, რომ:

თანამედროვე საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე ანტიკურ ხანაში გავრცელებული იყო არამეული დამწერლობის ადგილობრივი სახეობა, და მისი ყველაზე ცნობილი ძეგლები მცხეთაში, კერძოდ არმაზში რომ არის აღმოჩენილი, პირობითად ამიტომაც არმაზულ დამწერლობას უწოდებენ. და რომ, ერთ-ერთი მოსაზრებით, საისტორიო წყაროებში შემონახული ცნობა ფარნავაზ მეფის მიერ ქართლში მწიგნობრობის შემოღების შესახებ გულისხმობს არა ქართული ანბანის შექმნას, არამედ არამეული (არმაზული) დამწერლობისს დანერგვას ქართლში.

მთელს ამ ჩანართს სულ სხვაგვარად რომ წარმოგვიდგენს პავლე ინგოროყვას ის სავსებით დადასტურებული მტკიცება, ამას ამჯერად ჩამოვეხსნათ, და შესაძლებლად ვცნოთ, რომ კარგი იქნებოდა მანამდე გახსენებულიყო ქრისტეს დაბადებამდე III საუკუნეში შექმნილი აპოლონიოს როდოსელის ეპიკურ თხზულებაში „არგონავტიკა“ დაცული ცნობა:

აიელებს ანუ კოლხებს მოეპოვებოდათ მამათაგან ნაწერი კვირბები, რომელზეც მოგზაურთათვის ნაჩვენები იყო ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარიო.

ამ ცნობაზე დაყრდნობით აკაკი ურუშაძე – და კიდევ სხვა მკვლევარებიც – დაბეჯითებით ივარაუდებდნენ ანბანამდელი ქართული დამწერლობის წინარე საფეხურის – იეროგლიფური ნაირსახეობის არსებობას, სწორედ იმგვარ რაიმეს, რასაც ჩვენს თვალწინ დაადასტურებდა გრაკლიანის საკურთხევლის აღმოჩენა და მის კვარცხლბეკზე აღბეჭდილი ერთსტრიქონიანი წარწერა.

გრაკლიანის უძველეს ტაძრის დაარსების თარიღად VII საუკუნეს რომ ვარაუდობენ ქრისტეს დაბადებამდე, ადვილი შესაძლებელია ეს თარიღი რამდენიმე საუკუნით იქითაც გადაიწიოს, თუმც ეს უკვე ცილდება „თან საკითხავის“ სერიის ფარგლებს, ფაქტის ფაქტად აღნიშვნა კი უთუოდ გაამდიდრებდა ქართული ანბანისა და მის ნაირსახეობათა შესახებ მოკრებილ ეპიზოდებს.

მე-17 ამბად ჩართულია ძველ საბერძნეთში არსებული წერის განსაკუთრებული წესი – ბუსტრეფედონი, რომლის მიხედვითაც წერის მიმართულება ყოველ მომდევნო ხაზში იცვლებოდა.

ამასთან:

ბუსტრეფედონით წერისას იცვლებოდა არა მხოლოდ წერის მიმართულება, არამედ ასოთა მოხაზულობაც: მარცხნიდან მარჯვნისაკენ დაწერილ სტრიქონში ასოებს პირი მარჯვნისაკენ ჰქონდათ შებრუნებული, ხოლო მარჯვნიდან მარცხნისაკენ მიმართულ სტრიქონში – პირიქით, მარცხნისაკენ.

და გახსენებულია პავლე ინგოროყვას ჰიპოთეზაც:

იმის გამო, რომ ქართული ასომთავრული ასოების ერთი ნაწილი მარჯვნივ „იყურება“, ხოლო ნაწილი – მარცხნივ, თავდაპირველად ბუსტროფედონი ქართული ანბანისთვისაც არ უნდა ყოფილიყო უცხოო.

კარგი იქნებოდა ამ ფონზე მე-18 ამბად თუ შემოვიდოდა პავლე ინგოროყვას მიერ ხეთური იეროგლიფური დამწერლობის გაშიფვრის ეპიზოდი ქართველური ენა-დიალექტების საფუძველზე, დამწერლობისა, რომელსაც სწორედ ბუსტრეფოდონური მანერა და აღნაგობა ჰქონდა.

მართალია ეს მონოგრაფია დღემდე არ არის გამოცემული, მაგრამ მის შესახებ სრული წარმოდგენა შეიძლება შეექმნას მკვლევარს თუნდ ჩემი ლინგვისტური რომანის – „ჟარგონი და მეტსახელი, და კიდევ ტოპონიმიკა და ხეთური სამყარო“ – მეოთხე თავის გაცნობისას.

სასურველი იყო პავლე ინგოროყვას სახელის გახმიანება 52-ე ამბის შემდგომაც, როდესაც მკითხველს აცნობენ IX საუკუნის ევროპაში გაჩენას თავისებური მუსიკალური დამწერლობისა – ნევმებისა. ეს გახლდათ სიმბოლოები, რომლებიც სიმღერებისა და საგალობელთა ტექსტებში სიტყვების თავზე იწერებოდა და მუსიკალური ბგერის სიმაღლის ცვლილებას აღნიშნავდა.

ნევმები ქართულ ხელნაწერებშიც რომ გვხვდებოდა, მათ შორის წიგნის ავტორი გამოარჩევს X საუკუნის მოღვაწის მიქაელ მოდრეკილის იადგარს. და აღნიშნავს ქართული ნევმების იმ თავისებურებას, რომ მათი ნაწილი სტრიქონს ზევითაა დაწერილი, ნაწილი კი – ქვემოთ.

აქ გაკვრით მაინც უნდა თქმულიყო, თუ ვინ გახსნა ეს საიდუმლოება და ვინ მიუსადაგა ძველქართულ ნევმებს ახალი სანოტო ნიშნები და კიდეც ააჟღერა ღვთაებრივი მუსიკა: იმ პავლე ინგოროყვამ, რომლის ნარკვევიც „ანტიკური ხანისა და საშუალ-საუკუნეთა ქართული დამწერლობის ამოხსნა და ძველი ქართული მუსიკის აღდგენა“ განმეორდა მის თხზულებათა შვიდტომეულის მეხუთე ტომში, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ და „ჩვენმა მწერლობამ“ რომ მოამზადეს 2012 წელს; და სადაც აღნიშნულია, რომ:

მკვლევარის ინტერესი ძველ-ქართული მუსიკალური დამწერლობისადმი არც ახალი ყოფილა და არც შემთხვევითი, რადგანაც ვიდრე სამუსიკო დამწერლობის ამოხსნას შეუდგებოდა, მისი ხანგრძლივი შესწავლის საგანი გახლდათ თვით პოეტური ტექსტები, რომელთათვისაც დაწერილიყო ეს მუსიკა.

ძველ-ქართულ ჰიმნებში მეტრული პუნქტუაციის აღმოჩენა მისცემდა გასაღებს პავლე ინგოროყვას ძველ-ქართული ჰიმნოგრაფიული პოეზიის ფორმის საიდუმლოებისა, და კიდეც გადახსნიდა ძველ-ქართული ჰიმნების სახით სრულიად ახალ პოეტურ სამყაროს.

მაგრამ ძველ-ქართული ჰიმნების მეტრულ-რიტმული ფორმის ამოხსნა არამარტო პოეზიის ახალ სამყაროში შეიყვანდა, არამედ წინ წაიწეოდა და საკმაოდაც წაიწეოდა ამ ჰიმნების თვით მუსიკის ამოხსნის საქმეც.

რაკიღა დადგინდებოდა, რომ ჰიმნები ლექსად დაწერილიყო და ამასთან არამხოლოდ მარტივი საზომებით, არამედ სხვადასხვა სახის რთული რიტმებით, ამით დაზუსტდებოდა, თუ როგორი გახლდათ ცალკეული ჰიმნების მუსიკის მეტრულ-რიტმული სტრუქტურა.

და რაკიღა გამოირკვეოდა ჰიმნებთან დართული ნიშნებიდან რა ნიშანი აღნიშნავდა მეტრსა და რიტმს, უფრო ნათლად დაისახებოდა ჰიმნებთან დართული დანარჩენი ნიშნების ანუ წმინდად მუსიკალური დამწერლობის ამოხსნის საკითხი.

ამრიგად:

ძველ-ქართული მუსიკის ამოხსნა დაუკავშირდებოდა თვით ძველ-ქართული პოეზიის აღმოჩენას – ძველი ქართული მუსიკა ამეტყველდებოდა მას შემდეგ, რაც დადგინდებოდა ჰიმნების სალექსო ფორმა, მათი მეტრულ-რიტმული სახეობა.

81-ე ამბად ჩართულია, რომ:

შუა საუკუნეების ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში პოპულარული იყო კრიპტოგრაფია – საიდუმლო დამწერლობები, რომლითაც ზოგჯერ მცირე ცნობები და ზოგჯერაც მთელი წიგნები გადაწერილიყო. და რომ კრიპტოგრაფია საქართველოშიც გავრცელებულიყო.

მაგალითისათვის გახსენებულია ანჩინური ანბანი, რომელშიაც ასოები თავიანთ ბგერით მნიშვნელობას იცვლიან: ა ბგერას ასო ჩინი გადმოგვცემდა, ჩ ბგერას კი – ანი. მსგავსი პრინციპითვე აგებულიყო ანჯანური და ანჰაეური ანბანებიც.

გახსენებულია, ჩვენში უკუდაწერილობით სისტემასაც რომ იყენებდნენ – სიტყვების უკუღმა დაწერის წესსა და სარკისებურ ანბანს, რომლის ფორმაშეცვლილი ასოების სწორად დანახვა მხოლოდ სარკის გამოყენებით თუ მოხერხდებოდა.

და ეს საიდუმლო ანბანები ხშირ შემთხვევაში ეფუძნებოდა ქართული ანბანის ასოებს, ზოგჯერ კი სრულიად ახალი სიმბოლოების გამოყენება ხდებოდა.

კარგი იქნებოდა მომდევნო ამბად ჩართულიყო საიდუმლო ანბანის არსებობა 1832 წლის შეთქმულთა წრეში. ამ გარემოებას ჯერ კიდევ 1935 წელს ამცნობდა მკითხველს გიორგი გოზალიშვილი, ფარული საზოგადოების საგამოძიებო ჩვენებათა – „1832 წლის შეთქმულება“ – პირველი ტომის წინასიტყვაობაში.

შეთქმულებს კარგად რომ ჰქონდათ მოწყობილი საიდუმლოების დაცვის საქმე, პირველ რიგში აღინიშნებოდა ფილადელფოს კიკნაძის მიერ მოგონილი საიდუმლო ანბანი – თუმც კი ძალიან მარტივი – რომლითაც იგი აწარმოებდა თანამზრახველებთან მიმოწერას და რომლითაც გიორგი ერისთავის მიერ ფილადელფოსისადმი მიწერილი ორი ბარათიც გაიმართებოდა.

ფილადელფოსის საიდუმლო ანბანი ეცოდინებოდათ აგრეთვე დიმიტრი ყიფიანსა და დავით ერისთავს.

არ დაშვენდებოდა ამ ამბის გახსენება ამ წიგნს თუ რა!..

ილია ჭავჭავაძისეული ორთოგრაფიული, უფრო კი ანბანური რეფორმა ერთი-ორჯერ კი არის ნახსენები, მაგრამ ხომ არ სჯობდა, ცალკე ეპიზოდი დათმობოდა და ცოტა ვრცლადაც წარმოდგენილიყო, რა ასოებისაგან და რა არგუმენტაციით გაეწმინდა ქართული ანბანი ჩვენს დიდებულ მოღვაწეს სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე?

შეიძლებოდა ცალკე ჩართულიყო გალაკტიონ ტაბიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას მიზანმიმართული და ამაო მცდელობა – როგორმე აღედგინათ იოტა.

ასევე ცალკე ჩართულიყო აკაკი შანიძის თავგადაკლული მცდელობა ასომთავრული და მხედრული ანბანების შეჯვარებისა, ფუჭად რომ ჩაუვლიდა.

ეს ყოველივე ინფორმაციულადაც გაამდიდრებდა წიგნს და… გაახალისებდა კიდეც.

შეიძლება სასვენ ნიშნებთან დაკავშირებით ოთარ ჩხეიძის იმ მცდელობის გახსენებაც, ზედმეტად რომ არის ამ მხრივ გადატვირთული ჩვენი მართლწერა და უთუოდ ესაჭიროება გამოხშირვა სასვენ ნიშნებს დასავლური პუნქტუაციური წესების კვალობაზე და ცხადია ქართული ენის შინაგანი ბუნებისა და თავისებურების გათვალისწინებით.

ეს მცდელობა სავსებით შეიძლება დამკვიდრდეს და ხვალ სწორედ ასე გაიმართოს ჩვენი პუნქტუაცია და მართლწერა, მაგრამ რომც არ გაიზიარონ, ამ ყაიდის წიგნს კი მოუხდებოდა და…

დავით მაისურაძის წიგნში არაერთი ილუსტრაციაა ჩართული: ზოგი ცნობილი, ზოგიც ნაკლებად ცნობილი, ანდა სრულიად უცნობიც სპეციალისტთა წრის გარეთ.

რად ღირს გამომზევება ჯერ მარტო თბილისის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ამათუიმ ხელნაწერისა: ეთიოპური იქნება თუ მონღოლური.

აგრეთვე: XII-XIII საუკუნის ჯვარი ქართული ანბანით შესრულებული წარწერებით – ქართულ და ხუნძურ ენებზე; გვერდი 1938 წელს გამოცემული აფხაზური დედაენიდან; ბაგრატ IV-ის სიგელი ოპიზართა მიმართ – XI საუკუნისს ნაწერი ნუსხურიდან მხედრულზე გარდამავალი ხელით; თხზული დამწერლობით შესრულებული სათაური ნუსხურ ხელნაწერში; აჭარელი ქალის ტრაპიზონიდან აჭარაში გამოგზავნილი წერილის ნაწყვეტი; გიორგი III-ის, თამარ მეფის, ვახტანგ VI-ის, სოლომონ II-ისა და ერეკლე II-ის ხელრთვები…

რარიგ დაშვენდებოდა „დამწერლობის 100 ამბავს“ იმ ნაგულისხმევ ეპიზოდებთან ერთად ილუსტრაციების ჩართვაც:

I საუკუნის ვერცხლის ლანგარსა და სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრულის ნიმუშები – პირველი დოკუმენტური დადასტურება ასონიშნებისა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც.

ძველქართული მუსიკალური ანბანის ნიშნები თანამედროვე სანოტო დამწერლობასთან ერთად.

ფილადელფოს კიკნაძის მიერ გამოგონილი საიდუმლო ანბანი.

ილია ჭავჭავაძის იმ საპროგრამო სტატიის „ცისკრისეული“ პუბლიკაციის პირველი გვერდის სურათი, სტატიისა, რომლის სქოლიოშიც ანბანის რეფორმის ის სენსაციური ამბავი უნდა გამოცხადებულიყო და მთელი „ორიოდე სიტყვა…“ სწორედ ამ პრინციპით გამართულიყო: დრომოჭმული ასოები რომ აღარსად გაჭაჭანდებოდა და სათავე დაედებოდა რეფორმირებულ ანბანსა და მართლწერას.

რაც შეეხება ქართული კალიგრაფიის ირგვლივ ამ წიგნშიც ჩამოგდებულ სიტყვას, ბუბა კუდავა ისე გახლდათ მონდომებული ამ ტრადიციის აღდგენით ჩვენს დღევანდელობაში და შესაფერის კონკურსებსაც გამართავდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობისას, ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს, რომ კალიგრაფიის ამბებს ცალკეც მოგვიყვებიან ამ სერიაში, გამოცემას ალბომის სახეც რომ ექნება და ქართული ანბანის სამივე სახეობის სილამაზესა და შთამბეჭდაობას ერთხელ კიდევ განგვაცდევინებს.

ვინმეს რაიმე მაშინაც დააკლდება გულს?

რაც მეტ ნიმუშს შესთავაზებს ის გულშემატკივარი შესავსებად და მრავალფეროვნების წარმოსაჩენად გამომცემლობასა და შემდგენელს, მითუკეთესი.

ისე ის ნაგულვები წიგნი ისეთივე მისწრება იქნება ჩვენი ახალგაზრდობისათვის, როგორც დავით მაისურაძის მიერ მომზადებული „დამწერლობა – 100 ამბავი“, თავისი ათასფერადი ხვეულით.

და გაეცანით მასაც, დამწერლობის თავგადასავლსაც: თანდათანობით, სვენებ-სვენებით თუ ერთი ამოსუნთქვით.

გაეცანით კეთების პარალელურად.

გაეცანით დასვენებისას, მგზავრობისას, თუნდ მუშაობა-მუშაობისას.

გაეცანით ავტობუსში, მანქანაში, თვითმფრინავში, მატარებელში…

გაეცანით ჰამაკში, პლაჟზე, ჯდომისას თუ წოლისას.

გაეცანით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში.

გაეცანით უდროობის დროს.

გაეცანით ბოლოდან, გაეცანით შუიდან, თავიდანაც გაეცანით.

გაეცანით გაბმულად თუ ნაკვეს-ნაკვეს…

„თან საკითხავის“ სერიის დანიშნულება რაც არის – დანიშნულებაც და გამორჩეული მნიშვნელობაც…

 

თემები