ოქროს უორჰოლისეული მერლინი
ანი მარგველაშვილი

რა არის იდენტობა? იდენტობა არის ის თუ როგორ აღვიქვამთ და გამოვხატავთ საკუთარ თავს.

რამდენად იცვლება და ერგება იგი გარემოს? იდენტობა  ყალიბდება და დროთა განმავლობაში იძენს ახალ ფორმას, იმის მიხედვით თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და  როგორ გვხედავენ ჩვენ სხვები. იდენტობა მართულია კულტურით, რომელიც გვასაზრდოებს წარსულით, საიდანაც მოვდივართ და ოცნებით, რომლისკენაც მივილტვით.

ამ წერილში გვინდა მერლინ მონროსა და მის იდენტობაზე გესაუბროთ.

მერლინ მონრო (იგივე ნორმა ჯინ მორტენსონი) ამერიკელი მსახიობი, მოდელი, მომღერალი და მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ყველაზე პოპულარული სექსსიმბოლო იყო. სექსსიმბოლო, რომლის იდენტობაც საზოგადოებამ შექმნა. ამერიკა და მთელი დანარჩენი მსოფლიო მას ლამაზს, ლაღს, ქერას, დიდთვალებას, წითელტუჩებიანს, ჰარმონიულს, ბედნიერს და თავისუფალს ხედავდა. დროთა განმავლობაში მისი ბავშვობის ნორმასეულობა ამ იმიჯის უკან დაიმალა და ბოლოს დაიკარგა…

ნორმა თავშესაფარ ოჯახებსა და უპატრონო ბავშვთა სახლებში  იზრდებოდა, რადგან მისი დედა, არასტაბილური ემოციური მდგომარეობის გამო, ხშირად ფსიქიატრიულ კლინიკაში ხვდებოდა.  იგი 16 წლის გათხოვდა და მალევე გაშორდა ქმარს. მისი ცხოვრება არ იყო ის ამერიკული ოცნება, რომლის სახედაც ნორმა-მერლინი საბოლოოდ იქცა.

1946 წელს ნორმასთან „20th Century Fox“-მა  მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა, რითაც მან ახალი სახე და სახელი – მერლინ მონრო – მოირგო.  მისმა პოპულარობამ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში აღმასვლა დაიწყო. რამდენიმე წარმატებული ფილმიც გადაიღო. ამათგან ერთ-ერთი „ნიაგარა“ (1953) გახლდათ. სწორედ „ნიაგარას“ რეკლამისთვის გადაღებული ფოტო იქცა მერლინ მონროს „მთავარ“ ფოტოდ, მის იდენტიფიკატორად, მის სახედ. ეს სახე გახდა მეოცე საუკუნის ყველაზე მიმზიდველი და სასურველი ქალის სიმბოლო… ეს სურათი 1962 წელს, ენდი უორჰოლმა აქცია „ოქროს მერლინად“ და უკვდავჰყო კიდეც.

1962 წელს მერლინი გარდაიცვალა. ამ ამბავმა მსოფლიო შეძრა. მისი სიკვდილი დღემდე საიდუმლოებითაა მოცული და კონსპირაციის თეორიების უშრეტი წყაროა. მოკლეს, თუ თავი მოიკლა? მოკლეს ჯონ და რობერტ კენედებმა, რადგან მერლინი მათი საყვარელი იყო? თუ თავი მოიკლა, იმიტომ რომ დეპრესია აწუხებდა? ფაქტი კი ასეთია: 1962 წლის 5 აგვისტოს მერლინ მონრო გარდაცვლილი იპოვეს. ის თავის ლოგინზე სახით ქვევით შიშველი იწვა, ხელში ტელეფონი ეჭირა, მისთვის გამოწერილი ანტიდეპრესანტების დაცარიელებული ქილები ირგვლივ ეყარა… პოლიციამ მალევე დაასკვნა, რომ საქმე თვითმკვლელობასთან გვქონდა. მისი თვითმკვლოლობა თუ მკვლელობა ადამიანების აღქმაში არსებული მერლინის პარამეტრებში არ ჯდებოდა. მერლინის სიკვდილმა დააბნია სამყარო და უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

სწორედ ამ დროს ენდი უორჰოლი მერლინის უკვდავი იმიჯის შექმნას შეუდგა. ამისათვის უორჰოლმა „ნიაგარას“ სარეკლამო ფოტოდან მერლინის სახე ამოჭრა და ოქროს საღებავით დაფერილ დიდ ტილოზე გადაიტანა. მისი სახე ტილოს ცენტრში მოათავსა და ფერადი, ოდნავ გადღაბნილი მაკიჟი დაურთო.  მერლინის იმიჯის „გადღაბნილი“ დეტალები საზოგადოებისთვის უცნობი იყო, ის ხომ იდეალური გახლდათ?! თუმცა, უორჰოლისეული ასეთი მაკიაჟი ალბათ მერლინის იმ იდენტობის დეტალებზე მიუთითებს, რომელიც სამყაროსთვის დაიკარგა. თითქოს ყველაფერი ხელიდან გასხლტა და გაქრა ისევე, როგორც ღვთაებრივი მერლინი გაუსხლტა ხელიდან საზოგადოებას. ამ შედევრში უორჰოლმა ბიზანტიური ხატის, პოპულარული კულტურის და თანამდროვე „ქალღმერთის“ შერწყმა მოახდინა. მაშინდელ მოსახლეობას ზუსტად ეს სწყუროდა – „ხალხიდან“ მომავალი თაყვანისცემის ობიექტი.  საზოგადოების მიერ დანახული, ხელოვნურად შექმნილი მერლინის იდენტობა იქცა იმ ამერიკულ ოცნებად, რომელსაც ხალხი ასე ელტვოდა. ამერიკული სილამაზე, კეთილდღეობა, ფუფუნება და ბედნიერება კაცობრიობის მუდმივი ლტოლვაა. ეს ცრუ და ხელოვნურად იდეალიზებული „ქალღმერთი“ სწორედ ამის სახე გახდა. ამ იმიჯის უკან კი ყველას მიერ იგნორირებული მღელვარება, განცდა, მარტოსულობა და დეპრესია იმალებოდა… „ყველას სჭირდება ფანტაზია“ აღნიშნა უორჰოლმა და ეს „ფანტასტიკური“ მერლინი ამ წარმოსახვას აკმაყოფილებდა. ადამიანისთვის სხვისი რეალური გრძნობები ნაკლებ საინტერესოა, მთავარი შოუა… სხვისი ცხოვრებით გართობა, განსჯა და სხვებზე დაკვირვება.

ტაბლოიდები და ყვითელი პრესა უკვე იმ დროსაც პოპულარული იყო. მკითხველს სულ მეტი და მეტი უნდა: მეტი ინფორმაცია იმ „რეალობაზე“, რომელსაც საკუთარ წარმოსახვაში ავითარებდა. საზოგადოება ხომ მისთვის საინტერესო ადამიანების იდენტობას ქმნის და თავისებურად განავრცობს, ხოლო თუ საჭიროდ ჩათვლის ლაფსაც დაასხამს… ტაბლოიდები გამუდმებით ქმნიან იმიჯებს, ერევიან პოპულარული ადამიანების ცხოვრებაში და ხშირად მათი ცხოვრების ტრაგიკული დასასრულის მიზეზიც კი ხდებიან (მაგ. პრინცესა დაიანა)… თუმცა, იმ დროს არსებული ტაბლოიდური კულტურა ჯერ არ იყო ისეთი ძლიერი როგორიც ის დღესაა და მაშინდელი მოსახლეობის მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებდა. რაღაც მეტი და ახალი იყო საჭირო, ამიტომ, ხალხმა სწრაფად და ადვილად მიიღო ახალი, „გაქალღმერთებული“, უორჰოლისეული, ბრწყინვალე მერლინი.

შოუბიზნესი ხომ განსხვავებულია. მას არ აინტერესებს რეალური პიროვნებები, შესაბამისად, საზღვარი პიროვნებების რეალობასა და ხელოვნურობას შორის ისეთივე გადღაბნილი ხდება, როგორც მერლინის მაკიაჟი უორჰოლის „ოქროს მერლინში“.

ასეთი იყო უორჰოლის მიერ დანახული და პუბლიკისთვის სასურველი მერლინის გადამწყვეტი პორტრეტი… ასე აღიქვამდა ამერიკა მერლინს 1962 წელს და ასე მიიღო მსოფლიომ „ფანტასტიკური“ ქალის კერპი.

1967 წელს უორჰოლი საგამომცემლო-ბეჭდვით ბიზნესს – „Factory Addition“ აყალიბებს, სადაც „სკრინპრინტ პორტფოლიოებს“ აქვეყნებს. მერლინ მონროს პორტფოლიო მისი პირველი ნამუშევარია. მერლინის ფოტო უცვლელია –  „ნიაგარადან“, მაგრამ ახლა სტილი სულ სხვაა: მერლინი სხვადასხვა ფერებშია, ზოგან off-register-ადაც (ფერები კონტურებს არ ემთხვევა) კი არის წარმოსახული. „ოქროს მერლინისგან“ განსხვავებით ეს სურათები ბევრად უფრო მძაფრი და აგრესიულია, თითქოს კიდეები არ აქვს და საერთო ჯამში ამ ნამუშევრის ხელოვნურობას უსვამს ხაზს. ეს სურათები მეორდება სხვადასხვა ტონებში, ამაზე უორჰოლი ამბობს რომ „რაც უფრო დიდხანს და ხშირად ვუყურებთ ერთსა და იმავეს, მით უფრო მეტად კარგავს დაკვირვების ობიექტი აზრს და უფრო უკეთესად და დაცარიელებულად ვგრძნობთ საკუთარ თავს“. რატომ უბრუნდება უორჰოლი გამუდმებით მერლინს, მისი სიკვდილის თემას, მის გახელოვნურებას? შეიძლება მერლინის იმიჯი ეხმარებოდა უორჰოლს გრძნობებისგან დაცლაში და სიმშვიდის პოვნაში. მისი ,,ფერადი მერლინით” ავტორი ალბათ იმასაც გვეუბნება, რომ რაც უნდა ნათელი ფერები ვაჩვენოთ სამყაროს, ყველაფერს ყოველთვის აქვს ბნელი მხარეც, რომელსაც ვერ ვხედავთ…  ეს ის მხარეა, რომელიც არ გვინდა საზოგადოებას დავანახოთ, მაგრამ ამავე პუბლიკის მიერ შექმნილი ფანტასტიკური იმიჯი ამძაფრებს ბნელ მხარეებს. გაკერპება და შემდეგ ამ კერპობისთვის გაღებული მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა პოპულარული ადამიანების ტრაგიკული დასასრულის მიზეზი. იდენტობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მოგვწონს და ვუქმნით ჩვენს კერპებს განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელიშც ისინი ცხოვრობენ. ამის უამრავი მაგალითია, თუნდაც ჩემი ბავშვობის „პოპ-მუსიკის პრინცი“ – მაიკლ ჯექსონი, ანდა უიტნი ჰიუსტონი. მათი ცხოვრება ხომ საბოლოოდ უძილობა, დეპრესია, გადამეტებული ანტიდეპრესანტები და გაჩერებული გულია… ჯექსონი 50 წლის გარდაიცვალა, ხოლო ჰიუსტონი  – 48-ის…

მეოცე საუკუნეში სოციალური მედია არ არსებობდა, მაგრამ თუ შეიძლება, ვინმესთვის ინფლუენსერი გეწოდებინა, ეს პრინცესა დაიანა იყო. დაიანაც ხომ საზოგადოების მიერ შექმნილი იდენტობის მსხვერპლი გახდა. ტრაგიკულად 36 წლის ასაკში ავარიაში გარდაიცვალა – ის პაპარაცებს გაურბოდა…

და მაინც, რატომ აქვს ამხელა ძალა იმ იდენტობას, რომლითაც პუბლიკა აღიქვამს პოპულარულ ადამიანებს? დაკრული ტაში თვითშეფასებას და თვითკმაყოფილებას კვებავს. ადამიანი აღიარებისკენ მიილტვის, თუმცა შემდეგ, საზოგადოების მიერ მისეულად აღქმული და დაფასებული კერპის იმიჯი ამავე კერპის უმართავ ტვირთად იქცევა. სასურველი იდენტობა, რომლითაც პოპულარულ ადამიანს სურს თავი დაიმკვიდროს, მისავე თანამდევ მონსტრად გადაექცევა, რომლის მოთვინიერებაც შეუძლებელია. ამ იდენტობის დათმობა არავის სურს, თუნდაც საბოლოოდ მომაკვდინებელი იყოს…

ათწლეულები გავიდა მერლინის სიკვდილიდან და იგი დღემდე ჩვენი საზოგადოების კულტურული კერპია, სილამაზის სიმბოლოა.  მისი სიცოცხლეც და სიკვდილიც გამოცანად რჩება.

უორჰოლის მერლინი მერლინის მთავარ მაიდენტიფიცირებელი სურათებია, თავად მერლინი კი უორჰოლის კარიერის ერთ-ერთი მთავარი ღერძი. „ყველა ადამიანს ექნება 15 წუთიანი პოპულარობა“ სიტყვების ავტორი, ენდი უორჰოლი, გადაიქცა ამერიკული პოპ-არტ მოძრაობის ლიდერად და მისმა პოპულარობამ 15 წუთზე ბევრად დიდხანს გასტანა. უორჰოლის დეჰუმანიზებულმა სახეებმა შექმნა ახალი კულტურული თაობა. გარდაცვალების შემდეგ მან 100 მილიონი დოლარის ქონება დატოვა.

და რაც მთავარია, დატოვა თავად „ოქროს მერლინი“: უნიკალური, ბრწყინვალე და ხატოვანი ქალი ოქროსფერ ტილოზე…

თემები