საზოგადოება
„საოცარი რაღაცების“ ფაბრიკა
სოციალური მედიის 6 პლატფორმა, რომელიც შინ ყოფნას გაგიხალისებთ
2018 წელს ფეისბუქის დამაარსებელი მარკ ზაკერბერგი ამერიკის სენატში დაიბარეს. დიდი სკანდალი იყო, როცა გაირკვა, რომ ბრიტანულმა კომპანია „ბრითიშ ანალიტიკამ“ ფეისბუქის მომხმარებელთა პირადი მონაცემები მათთვის საჭირო პოლიტიკური კანდიდატების მხარდასაჭერად გამოიყენა.
სენატის მიერ დაკითხვა ძალიან სერიოზული საქმეა და მარკ ზაკერბერგიც, როგორც კანონმორჩილი ამერიკელი, ზედმიწევნით მომზადებული მივიდა. არა მხოლოდ საბუთების ორიოდე ტომი მიზიდა, რომელიც ეგონა დაჭირდებოდა, არამედ პასუხებიც იმეცადინა. ასევე მისთვის საძულველი შარვალ-კოსტიუმი ეცვა და ჰალსტუხიც ეკეთა. თმაც კი საგანგებოდ შეიჭრა (რაზეც დასცინეს, თავად შეიჭრაო, მაგრამ მაინც).
წარმოიდგინეთ ზაკერბერგის გაოცება, როცა აღმოჩნდა, რომ სენატორებს არათუ ფეისბუქზე, ზოგადად, სოციალური მედიის ძირითად პრინციპებზე ჰქონდათ მცდარი წარმოდგენა. ყველაზე თვალსაჩინო 86 წლის სენატორის შეკითხვა იყო: „როგორ ახერხებთ თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას, თუ ფეისბუქი მომხმარებლისთვის დღემდე უფასოა?!“ ამ შეკითხვამ ისე დააბნია მარკ ზაკერბერგი, რომ რამდენიმე წამიანი პაუზა დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ეს მართლა კითხეს.
“სენატორო, ჩვენ რეკლამებს ვუშვებთ” – იყო გაოგნებული ზაკერბერგის პასუხი.
(ეს დიალოგი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=n2H8wx1aBiQ )
მართლაც, სოციალური მედია ისე გახდა ჩვენი ყოფის ნაწილი, რომ მისი შესწავლა ან გაანალიზება ვერც მოვასწარით. ფაქტად აღვიქვამთ მის არსებობას, მაგრამ ახლა – როცა კარანტინში ვართ ჩაკეტილი – ალბათ ყველაზე კარგი დროა, ცოტა დაკვირვებით შევისწავლოთ, რამდენ სხვადასხვა კარს გვიღებს სოციალური მედია და როგორ შეიძლება ის ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. შეგვიძლია გავაცნოთ ხალხს ჩვენი პატარა ბიზნესი ან გატაცება, ვასწავლოთ ის, რაც ვიცით, ან უბრალოდ, დღის რუტინა გემოვნებიან ფოტოებში ავსახოთ.
რატომ გახდა სოციალური მედია ასეთი პოპულარული? იმიტომ, რომ ყურადღების ცენტრში ჩვეულებრივი ადამიანი მოაქცია – მანამდე მხოლოდ ცნობილი სახეების და „სელებრითების“ ამბები ვიცოდით მათივე დაფინანსებული ჟურნალებიდან და სატელევიზიო შოუებიდან. სოციალურმა მედიამ კი უბრალო ადამიანები წამოწია წინ – მაგალითად, ინსტაგრამზე დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს მეტყველების პათოლოგიის კალიფორნიელ სპეციალისტს ქრისტინა ჰანგერს, რომელმაც ის მეთოდიკა, რაც 2 წლის ბავშვების მეტყველების პათოლოგიების კვლევისას გამოიყენება, თავის ძაღლზე გამოსცადა. ახლა ქრისტინა რეგულარულად დებს ვიდეოებს, სადაც მისი ძაღლი სტელა თათს აჭერს სხვადასხვა სიტყვის წარმომთქმელ ღილაკებს და წინადადებებსაც კი ადგენს. სტელამ უკვე 29 სიტყვა იცის და შინაარსობრივად ალაგებს მათ. ასე მაგალითად: ჯეკი-გარეთ-პარკი-ჩქარა ნიშნავს წინადადებას „ჯეკი გარეთაა, ამიტომ ჩქარა პარკში წამიყვანეთ“.
ასეთ და კიდევ უამრავ სხვა ადამიანს ხომ ვერასოდეს ვერ გავიცნობდით, სოციალური მედია რომ არ ყოფილიყო.
იქნებ თქვენც გინდათ, ამ კარჩაკეტილობის დროს ცოტა გაერთოთ, ან ბიზნესი წამოიწყოთ, ან კარიერა შეიცვალოთ, ან თქვენი ფოტოები გააზიაროთ, ან სულაც სამსახური იშოვოთ? მოდი, ერთად ვნახოთ, რომელი სოციალური მედია რას გვათავაზობს ან რისთვისაა იდეალური.
ფეისბუქი
რისთვისაა საუკეთესო: რეკლამა
დაარსებულია: 2004 წელს მარკ ზაკერბერგის მიერ ამერიკაში
დღესდღეობით: 1.60 მილიარდი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში
ფეისბუქი, იმის გარდა, რომ ერთმანეთთან დაკავშირებაში გვეხმარება, რეკლამის განთავსების საკმაოდ კომპლექსური სისტემითაა ცნობილი. შესაძლებელია როგორც ცალკეული პოსტის „დაბუსტვა“ (ანუ უფრო დიდ არეალზე გავრცელება), ასევე – ვიდეოებისა თუ ფოტო-კოლაჟის განთავსება თქვენი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
ფეისბუქი ასევე ძალიან კარგია ონლაინ ბიზნესისთვის. შეგიძლიათ გააკეთოთ ეგრეთ წოდებული „ფანელი“ ანუ ერთგვერდიანი ვებ-საიტი, რომელიც მხოლოდ ერთ პროდუქტს ეძღვნება. რამდენს შეგხვედრიათ მიქსერის, თხევადი საპნის, ფენის თუ ბოტასების რეკლამა? თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ მსგავსი, თუ რამე კონკრეტულ პროდუქტს ყიდით ან გსურთ, რომ გაყიდოთ. ფეისბუქის რეკლამა ძვირი არაა და დღეში მხოლოდ იმდენს იხდით, რამდენიც გნებავთ – დაწყებული 5 ლარიდან.
საინტერესო ფაქტები ფეისბუქის შესახებ:
- ორიგინალური ფეისბუქის პირველ გვერდზე ალ პაჩინოს სახე იყო გამოსახული
- მარკ ზაკერბერგი თავისი ფეისბუქის პროფილში თავს უბრალოდ „ჰარვარდის კურსდამთავრებულს“ უწოდებს
- ფეისბუქმა პირველმა დაამკვიდრა 360 გრადუსიანი ვიდეოები
- ფეისბუქის თანამშრომლის სამსახურებრივი უნიფორმა „ჰუდი“ 4 ათას დოლარად გაიყიდა იბეიზე
- ფეისბუქის თეთრი და ლურჯი ფერები იმითაა განპირობებული, რომ მარკ ზაკერბერგი დალტონიზმით იტანჯება და ყველაზე კარგად ამ ფერებს აღიქვამს
ტვიტერი
რისთვისაა საუკეთესო: ახალი ამბები პირველწყაროსგან
დაარსებულია: 2006 წელს ამერიკაში, 2015 წლიდან – ჯეკ დორსის ხელმძღვანელობით
დღესდღეობით: 110 მილიონი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში
ტვიტერი ძალიან პოპულარული იყო თავიდან გართობის ინდუსტრიაში, კინოს, მუსიკისა და სპორტის ვარსკვლავებს შორის, ტელეწამყვანები და ჟურნალისტებიც სწყალობდნენ. „ტვიტი“ არის მოკლე ფორმის ტექსტი და გამოიყენება რამე პოზიციის დასაფიქსირებლად. არაა დარეგისტრირება საჭირო იმისთვის, რომ „ტვიტები“ იკითხო, მხოლოდ მაშინაა საჭირო „ექაუნტი“ ანუ პროფილი, როდესაც ამ „ტვიტზე“ კომენტარის გაკეთება გინდა. ტვიტერი ძალიან უყვარდა დონალდ ტრამპს, მისი საყვარელი პლატფორმა იყო, და ამ ჩვევას არც მაშინ უღალატა, როცა ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს. თავიდან ცოტა უცნაური გახლდათ, სტანდარტული ბრიფინგების და კონფერენციების ნაცვლად პრეზიდენტი „ტვიტით“ რომ აცნობდა ხოლმე საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებებს, მაგრამ ახლა კი პოლიტიკოსების მიერ ტვიტერით ახალი ამბის გავრცელება ან პოზიციის დაფიქსირება ჩვეულებრივი ამბავი გახდა. თუ მწერალი ხართ, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი ან ფილოსოფოსი და სიტყვას მეტ ძალას ანიჭებთ, ვიდრე ვიზუალს, ტვიტერი ნამდვილად თქვენი პლატფორმაა, ან თუ გნებავთ, ტრიბუნაც.
საინტერესო ფაქტები ტვიტერის შესახებ:
- 2009 წელს ტვიტერში მხოლოდ 8 ადამიანი მუშობდა
- ყველაზე მეტი პროფილი ტვიტერზე ნიუ იორკელებისაა, შემდეგ მოდის ლოს ანჯელესი, ტორონტო, სან ფრანცისკო და ბოსტონი
- ტვიტერს ყოველდღე 300,000 მომხმარებელი ემატება
- ტვიტერის თავდაპირველი მისია იყო საჯარო „ესემესი“ ანუ მოკლე ტექსტური შეტყობინება
- პირველი, ვისმა ტვიტერის მიმდევრების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, ლედი გაგა იყო
- ყველაზე მეტი „ტვიტი“ ბინ ლადენის სიკვდილს მიეძღვნა
ლინქდინი
რისთვისაა საუკეთესო: პროფესიული კავშირები
დაარსებულია: 2003 წელს ამერიკაში, 2009 წლიდან – ჯეფ ვაინერის ხელმძღვანელობით
დღესდღეობით: 660 მილიონი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში
ლინქდინი საქართველოში ვალის მოხდასავითაა: უნდა შექმნა პროფილი, ატვირთო რეზიუმე და დაივიწყო. არადა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ლინქდინი ფეისბუქზე მეტადაა პოპულარული, ყოველდღიური იარაღია სამსახურის მოსაძებნად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ასევე – სტატიების გამოსაქვეყნებლად. ლინქდინს აქვს ძალიან კარგი სისტემა სამსახურის მოძებნის, რადგან უმეტეს შემთხვევაში ვაკანსიას მიბმული აქვს ადამიანთა რესურსების მენეჯერის პროფილი, რომელსაც პირდაპირ შეიძლება მიწერო და ვაკანსიებზე შეკითხვები დაუსვა. ახლა ძალიან ბევრი უცხოური კომპანია აცხადებს ვაკანსიებს სახლიდან მუშობაზე, ამიტომ ვინც ენა იცით, შეგიძლიათ საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები მიიღოთ.
სულ ახლახანს კი ლინქდინმა დაამატა ლაივში გასვლის ფუნქცია, რითიც სახელმოხვეჭილმა მილიონერებმაც კი ისარგებლეს. შეიძლება სრულიად არაჩვეულებრივ ლაივებს უსმინოთ. ცნობილი ამერიკული ტელე-შოუს „ზვიგენთა აკვარიუმის“ წამყვან ბიზნესმენებს კიბერ-ტექნოლოგიების კომპანიის მფლობელ რობერტ ჰერშავეკს და ნიუ იორკის უძრავი ქონების გურუს, ბარბარა კორკორანს კითხვებიც შეგიძლიათ დაუსვათ და დიდი ხალისით გიპასუხებენ.
საინტერესო ფაქტები ლინქდინის შესახებ:
- ლინქდინმა შეიძლება დაგაჯარიმოთ, თუ ზედმეტად ბევრ ხალხს უგზავნით დაკონტაქტების მოთხოვნას
- ლინქდინზე დამქირავებლები ისე ათვალიერებენ თქვენს პროფილს, რომ ამის შესახებ ვერასდროს გაიგებთ
- 2016 წელს მაიქროსოფტმა ლინქდინში 26.6 მილიარდი დოლარი გადაიხადა
- ლინქდინის მომხმარებელთა 70% აშშ-ს გარეთ ცხოვრობს
სნაპჩატი
რისთვისაა საუკეთესო: ხმოვანი ფოტო-ფილტრები
დაარსებულია: 2011 წელს ამერიკაში ევან შპიგელის და ბობი მერფის მიერ
დღესდღეობით: 200 მილიონი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში
სნაპჩატმა თავის დროზე ორი სიახლე დანერგა, რომელიც ახლა ყოველმა სოციალური მედიის პლატფორმამ აიტაცა: პირველი იყო, რა თქმა უნდა, ლაივ-ვიდეო, რომელიც 24 საათში თავისით ქრებოდა. ამას მოგვიანებით „სთორი“ ეწოდება და ფეისბუქიც აიტაცებს, ინსტაგრამიც და ახლა უკვე – ლინქდინიც. 8 წლის წინ ეს საკმაოდ რევოლუციური იყო და სნაპჩატი ძალიან შეიყვარეს მუსიკოსებმა, ასევე – სტრიპტიზის მოცეკვავეებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათი ვიდეო მალე გაქრებოდა და მათ შანტაჟს ვერავინ შეძლებდა.
მეორე რევოლუციური გამოგონება კი ფილტრები იყო – ძაღლის ყურები და გადმოგდებული ენა ალბათ ყველას გახსოვთ, ზოგი ფილტრი უფრო ახალგაზრდად წარმოგვაჩენს, ზოგი მაკიაჟს ადებს სახეს, ზოგი კი სულაც საპირისპირო სქესად გარდაგვსახავს.
მიუხედავად ამ ორი დიდი ტრენდისა, დღეს სნაპჩატი პოპულარობას კარგავს, ამიტომ ხალხი უმეტესად ახალი ფილტრების სანახავად თუ შედის, რომელიც თითქმის ყოველდღე იცვლება. თუ ახლობლების, ბავშვების, ან საკუთარი თავის გასახალისებლად პატარა სასაცილო ვიდეოები გინდათ ჩაწეროთ ცუგას, ვამპირის, მოსიარულე სოსისის ან პატარა პინგვინის სახით, სნაპჩატი ძალიან შეგიყვარდებათ.
საინტერესო ფაქტები სნაპჩატის შესახებ:
- დამაარსებლებმა აღიარეს, რომ სნაპჩატამდე 34 პროექტი ჩააგდეს
- თავიდან სნაპჩატს პიკაბუ ერქვა
- ყოველდღე 400 მილიონი სნაპჩატის „სთორი“ იდება
- ყველაზე მეტად სნაპჩატზე ალკოჰლოური სასმელის ფოტოებია პოპულარული
ინსტაგრამი
რისთვისაა საუკეთესო: ინფლუენსერების ბიზნესი
დაარსებულია: 2010 წელს კევინ სისტრომის და მაიკ კრიგერის მიერ ამერიკაში, 2012 წელს იყიდა ფეისბუქმა
დღესდღეობით: 800 მილიონი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში
ინსტაგრამი დღესდღეობით ყველაზე მოწესრიგებული, ეფექტიანი და სასარგებლო პლატფორმა მგონია. ინსტაგრამზე ტექსტი კი არა, ფოტოა მთავარი. ინსტაგრამმა შემოიღო ასევე „ჰაშთაგი“, რომელიც ქინძისთავივით მიაკინძავს თქვენს ფოტო-პოსტს შესაბამის განსაზღვრებას აი, ამ ნიშნით: #მაგალითად, ყავისა და კრუასანის ფოტოს თუ დავდებ ინსტაგრამზე, „ჰაშთაგად“ მივუსადაგებ #საუზმე, და ახლა თუ #საუზმე-ზე დაკლიკავთ, ყველა იმ ფოტოს დაინახავთ, რომელიც „საუზმეს“ მიაკინძეს. სხვათა შორის, თავიდან, როცა ინსტაგრამი ახალი ხილი იყო, იმდენი ხალხი დებდა საჭმლის ფოტოებს, რომ ასეთი ხუმრობა გავრცელდა: ინსტაგრამზე ვერ შევდივარ და სასწრაფოდ მომიყევი, დღეს რა ჭამეო. თუ ტვიტერი და ფეისბუქი მაინც ტექსტზე აკეთებდა აქცენტს, ინსტაგრამი კომიქსების წიგნს გავდა, რომელშიც სურათები უფრო მეტი იყო, ვიდრე – სიტყვა. ვიზუალი უპირატესი გახდა, ამიტომაც ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომლებსაც კარგი ხედვა, ფოტო-ტექნიკა ან ფოტოს დამუშავების ცოდნა ქონდათ, უცებ პოპულარობაც მოიხვეჭეს და ფულის კეთებაც დაიწყეს. სქემა იყო ( და არის) ასეთი: ვთქვათ, მცენარეებს ვუვლი, საყვარელი ძაღლი მყავს ან ხშირად ვვარჯიშობ – ვიწყებ შესაბამისი ფოტოების ატვირთვას და მიმდევრების შეძენას, თან შესაბამის „ჰაშთაგებსაც“ ვამატებ, ვთქვათ: #კაქტუსი, #საყვარელიცუგები, #მოდიფორმაში. მსგავსი ინტერესების ადამიანები ჩემი მიმდევრები ხდებიან, ელიან ჩემი ძაღლის ან კაქტუსის ყვავილების ფოტოებს, აკეთებენ კომენტარებს და მიხატავენ გულებს მოწონების ნიშნად. თუ ჩემს მიმდევართა რაოდენობა ავიდა 10 ათასზე, ჩემივე სფეროს ბრენდები მიკავშირდებიან და სათანადო ანაზღაურებისთვის პროდუქტის რეკლამას მთავაზობენ, რომ მათი პროდუქტი ვახსენო, ვაჩვენო ან მოვიხსენიო. ამას „ინფლუენსი“ ანუ „ზეგავლენა“ ეწოდება, მე კი „ინფლუენსერად“ ვიქცევი.
ყველაზე ძვირადღირებული „ინფლუენსერები“ ამერიკული რეალითი შოუს ვარსკვლავები, დები კარდაშიან-ჯენერები არიან: კიმ კარდაშიანმა ერთხელ რომ ახსენოს თქვენი პროდუქტი, $800 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოთ, მისი უმცროსი და კაილი ჯენერი მილიონ დოლარზე ავა. მათ მოსდევენ მომღერალი არიანა გრანდე, ფეხბურთელი ქრისშიანო რონალდო და მსახიობი დუეინ ჯონსონი.
საინტერესო ფაქტები ინსტაგრამის შესახებ:
- ინსტაგრამზე დღეში 95 მილიონი ფოტო იტვირთება
- ყოველი „ჰეშთეგი“ პოსტის გავრცელების არეალს 12 პროცენტით ზრდის
- ინსტაგრამის მომხმარებელთა 68% ქალები არიან
- ინსტაგრამის 8 მილიონზე მეტი პროფილი ბიზნეს-პროფილია
- ინსტაგრამზე ყველაზე მეტი ფოტო პიცას ეძღვნება, მეორე ადგილზეა სუში
ტიკტოკი
რისთვისაა საუკეთესო: ვიდეო-ამბის მოყოლა
დაარსებულია: 2012 წელს ჩინეთში 36 წლის ძანგ იმინგის მიერ
დღესდღეობით: 1.2 მილიარდი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში
ტიკტოკი ერთადერთი სოციალური მედიუმია, რომელიც არა ამერიკიდან, არამედ ჩინეთიდან წამოვიდა. ტიკტოკი ძალიან პოპულარული გახდა ეგრეთ წოდებულ „ჯენ ზი“-ს ანუ „ჯენერეიშენ ზიროს“ შორის. „თაობა ნოლი“ 2000 წლის შემდეგ დაბადებულები ანუ დღევანდელი თინეიჯერები არიან. მათ აიტაცეს და შეიყვარეს ტიკოტკი, როგორც მათი თაობის ენა – ესაა პატარა, რამდენიმეწამიანი ვიდეოები, რომელთა მეშვეობითაც ახალგაზრდები მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე განსაკუთრებული ფორმით საუბრობენ: აქაა კარაოკეს, დუბლიაჟის, ხმოვანი ეფექტების და საგანგებოდ ტიკოტკისთვის დაწერილი მუსიკალური თემები. გახსოვთ ქართული ვიდეო, გოგონა რომ კომენდანტის საათის დროს გარბის და მას პოლიციის მანქანა მიყვება? სწორედ ტიკტოკელის მიერ ჩაწერილი რამდენიმეწამიანი ტრეკი „კორონას დროა“ (It’s Corona Time) ადევს.
ტიკტოკს არ ჭირდება რეგისტრაცია. თუ ტელეფონზე ჩამოტვირთავთ, მაშინვე შეგიძლიათ ვიდეოების ყურება დაიწყოთ. ტიკტოკი ყველაზე პოპულარული მაშინ გახდა, როდესაც კარანტინში მოქცეული გოგოსა და ბიჭის სასიყვარულო ისტორია აპლიკაციის ფარგლებს გასცდა და მთელს ინტერნეტს მოედო: ამერიკის რომელიღაც შტატში გოგონა სახლის სახურავზე იყო ასული და ტიკტოკის ცეკვას ვიდეოზე იწერდა. მოპირდაპირე სახლში მცხოვრებმა ბიჭმა დრონით წერილი გაუგზავნა, სადაც ტელეფონი დაუწერა. გოგონამ დაურეკა და პაემანი გადაწყვიტეს. დათქმულ დროს გამოეწყვნენ, გოგონამ სახურავზე პატარა მაგიდა გაშალა, ბიჭმა – აივანზე. ერთმანეთს გადაძახილებით ამხნევებდნენ და სადღეგრძელოებიც შესვეს.
ტიკტოკი ძალიან იოლად ახერხებს პოპულარობა მოუტანოს მათ, ვისაც საინტერესო შინაგანი სამყარო გააჩნია, ან უბრალოდ „კაი ტიპია“. ტიკტოკის ვიდეოები ინსტაგრამის ვიდეოებისგან იმით გასხვავდება, რომ ინსტაგრამი უფრო ხელოვნურია: იოლია შეთითხნო ის პიროვნება, რომელიც სინამდვილეში არ ხარ და როგორც მარკეტინგული ფიგურა, ისე გამოიყენო. თუ არც პროდუქტს ყიდით, არც სამსახურს ეძებთ, არც კაქტუსებს უვლით და არც დიეტურ ორცხობილებს უწევთ რეკომენდაციას, შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ერთად ტიკტოკზე ცეკვა ჩაწეროთ და ამით გახდეთ ცნობილი. ყველაზე ცნობილი ტიკტოკელი, რომელსაც 48 მილიონი მიმდევარი ყავს და ნიუ იორკ ტაიმსის მიერ „ტიკტოკის დედოფლადაა“ შერაცხული, 15 წლის მოცეკვავე შარლი დამელიო გახლავთ, რომელიც ტიკტოკზე გავრცელებული ცეკვების მოძრაობებს შენელებულად აჩვენებდა და ამით გაითქვა სახელი.
საინტერესო ფაქტები ტიკტოკის შესახებ:
- მსოფლიოში ყველაზე ძვირი სტარტაპია (75 მილიარდი დოლარის ღირებულების)
- ვიდეოების პოპულარობას ალგორითმი კი არა, ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს
- ტიკტოკი აკრძალულია ინდოეთსა და ინდონეზიაში შინაარსის გამო (ტიკტოკის მომხმარებლები ხშირად საუბრობენ თავიან ვიდეოებში ოჯახურ ძალადობაზე, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე, ცხოვრებისეულ ტრავმებზე)
აი, ახლა ყველა ძირითადი სოციალური მედიის პლატფორმას, ასე თუ ისე, იცნობთ. ჩამოტვირთეთ, გაეცანით, გაერთეთ. ვინ იცის, თქვენს მიერ მოქსოვილი შარფების გაყიდვა დაიწყოთ ფეისბუქზე, ლინქდინის ბიზნესმენებს დაუმეგობრდეთ, „ყველაზე ჯანსაღი საუზმის“ ფუძემდებელი გახდეთ ინსტაგრამზე ან უბრალოდ ტიკტოკის ვიდეოებზე იხითხითოთ ძილის წინ. როგორც „ეფლის“ ფუძემდებელმა, სტივ ჯობსმა თქვა, „ცალკე აღებული ტექნოლოგები არაფერს წამოადგენს. მაგრამ თუ მისცემთ მათ კარგ და ჭკვიან ადამიანებს, ისინი საოცარ რაღაცეებს გააკეთებენ“.