თეატრი
სოხუმის თეატრი – დაცემისა და ამაღლების წრებრუნვა
კონსტანტინე გამსახურდიას ტრილოგია ,,მთვარის მოტაცება” თეატრის სცენაზე სადადგმო ჯგუფისთვის უშეღავათო მოცემულობა და გამბედაობის მასტერკლასია. აქ მხოლოდ რეჟისორის ავტორიტეტის იმედად ვერ დარჩები, რადგან ამ მონუმენტურ, მითოსური პლანითა და სიმბოლური ჰიპოსტასებით გაჯერებულ მხატვრულ ტექსტში არ არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი. სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის ,,მთვარის მოტაცების” გასცენიურებას პასუხისმგებლობასთან ერთად უსათუოდ ახლდა ბერგმანის ,,უცნაურისა და საშიშის შეხვედრის” აპოკალიფსური შიშიც. ასეთ დროს ეს განცდა ბუნებრივი და მნიშვნელოვანია, კონსტანტინე გამსახურდიას თავბრუდამხვევად ვრცელ მხატვრულ სამყაროში სცენის მონტაჟი შესაძლოა, სარისკოც გამოდგეს და მოდუნების ფაზა პრემიერის შემდეგაც არ დადგეს. ასეთ დროს ყველაზე სანდო არგუმენტი რეჟისორისა და სადადგმო ჯგუფისთვის სცენიდან დარბაზში გაბნეული ბედნიერების ფლუიდებია, რომელიც მაყურებელს ,,წუთისოფლის ღელვა ტორტმანში” (ნიკო ლორთქიფანიძე) საგზლად დიდხანს უნდა გაჰყვეს. კულტურის პროდუქტის შექმნის მიზანი ხომ თავისთავში ყოველთვის ატარებს არამხოლოდ სოციალურ და ესთეტიკურ ფუნქციას, იგი მარეგულირებელია ჩვენი ,,შინა სახის“, ემოციათა მიმოქცევის სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარების, რომელიც უპირობოდ გვამხელს.
ჯერ კიდევ აფხაზეთიდან გამოყოლილი სუბიექტური განცდით ვტოვებ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის შენობას, სადაც სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ,,მთვარის მოტაცების” პრემიერა წარმოადგინა. დადგმა ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს პირველი პრეზიდენტის- ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. ვტოვებ თეატრს და ვგრძნობ, დიდხანს გამყვება ,,საგზლად” რეჟისორ გოჩა კაპანაძის მორიგი სახელოვნებო მასტერკლასის, მისი თავკაცობით შექმნილი მუსიკის, მხატვრობის, სიტყვის გამომსახველობითი მაგიის, ჟესტის, მიმიკის, პლასტიკის, სახიობის უსაზღვრო შესაძლებლობებისა და სცენური შესატყვისობის ესთეტიკური კოლაბორაციის შედეგი. და კიდევ, უცნაური, ექსტრემალური შეგრძნება, რომელიც თეატრის ერთგულ მაყურებელს ბუნებრივად უჩნდება ხოლმე – თეატრში ხომ მეორე დუბლი არ არსებობს. აქ ხომ ყოველი შეცდომა თეატრის ფოლიანტებში ჩაიტვირთება. სოხუმის თეატრის ფოლიანტები კი სავსეა გამარჯვებებით, 90-იანი წლების დრამატიზმით, დაცემისა და ამაღლების მარადიული წრებრუნვაში გადატვირთვის უნიკალური უნარით.
დიდია რისკი, როცა კონსტანტინე გამსახურდიას რომანის გასცენიურებას ეხება საქმე და თანაც ,,სოხუმის თეატრში”. ადგილის დედას მოწყვეტილმა გუნდმა პროფესიონალიზმის მაჯისცემა კარგად უნდა მოისინჯოს, არავინ მისცემს შეღავათებს იმის გამო, რომ წლებია დევნილი თეატრის ხვედრს იზიარებს, არ აქვს საკუთარი სცენა და აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი სტაბილურობის განცდა. თუმცა ფაქტია, რომ ამ თეატრს კომპრომისები არასოდეს დასჭირვებია. იგი დევნილობაში, ასეთ ექსტემალურ მოცემულობაში ცხოვრობს თემურ ჩხეიძის, გიზო ჟორდანიას, რობერტ სტურუას, ჭოლა წულაძის, გიორგი თავაძის და სხვათა შემოქმედებითი ენერგიის ველში. ეს თეატრი უკვე მერამდენედ ერკინება თეატრის ისტორიისათვის უაღრესად ეროვნულ საქმეს – ქართული პროზის დიდოსტატის- კონსტანტინე გამსახურდიას მხატვრული სამყარო სცენაზე გადაიტანოს და ამ სივრციდან დაგვანახოს მისი გამორჩეული ესთეტიკა, გვაგრძნობინოს მარად აქტუალურ სათქმელი და გემოვნებიანი განაცხადი გააკეთოს თანამედროვე თეატრის სამყაროში… სამყაროში, სადაც მიხეილ თუმანიშვილის თქმით, ,,სასწაული უნდა მოხდეს“. ,,დიდოსტატის მარჯვენა” სოხუმში , მშობლიურ სცენაზე დაიდგა გოგი ქავთარაძის რეჟისორობით, თბილისში, დევნილობაში გიორგი თავაძემ- ,,ეწერში მდგარი თხმელა” უსახსოვრა თეატრს. შემდგომი ეტაპი, კიდევ ერთი გამოცდა თეატრისთვის ,,მთვარის მოტაცება” შეიქნა, ქართული პროზის დიდოსტატის გახმაურებული რომანი, რომელიც არამარტო თავისი მხატვრული და ისტორიული მნიშვნელობის, არამედ იმ დიდაქტიკის გამოც არასოდეს დაკარგავს აქტუალობას, რომელიც ჩვენი ეროვნული დეზორიენტირების ჟამს უზადოდ ასრულებს ,,ზარის შემოკვრის” მისიას.
თამაზ გოდერძიშვილის სანაქებოდ უნდა ითქვას, მან ოსტატურად, ჩვენი ეროვნული ყოფის შესაბამისად შეძლო მწერლის მესიჯების კონსტრუირება სცენაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ტრილოგიას ეხება, რომლის თითოეული თავი სიმბოლოა და საკრალური შინაარსი აქვს ჩვენი სულიერი ყოფის მოდელირებისათვის, თამაზ გოდერძიშვილმა ყველა სადადგმო პრინციპების დაცვით შეძლო სცენიდან განეხორციელებინა მწერლის მარადიული ჭეშმარიტების გადაცემის აქტი.
სპექტაკლის რეჟისორი- გოჩა კაპანაძე ალბათ ბევრს იფიქრებდა, ვიდრე ,,მთვარის მოტაცების” დადგმას გადაწყვეტდა. ის არ გახლავთ კომპრომისებს მიჩვეული ხელოვანი და ამის გარეშეც ღირსეულად გრძნობს თავს ქართულ თეატრში. მას შეუძლია სცენაზე შექმნას კორპორაცია, რომელიც არ წარმოშობს კონფლიქტს ავტორის ტექსტსა და მის რეჟისორულ ჩანაფიქრს შორის. ეს მოცემულობა ბევრს, მათ შორის- მეც მამშვიდებდა. მაგრამ მაინც უცნაურად ვღელავდი პრემიერაზე, რადგან მე არ ვიყავი მხოლოდ მაყურებელი, ჩემი ემოციური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მქონდა სურვილი იმ იდეის განახლების, რომელიც ზოგადად სოხუმის თეატრის მნიშვნელობას, მის სათქმელს უკავშირდებოდა…
რეჟისორის შემოქმედებითი ხედვა, ინტელექტი, ფრანს ბოასის სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,კულტურის სათვალე” სპექტაკლის პირველივე მოქმედებიდან გაგრძნობინებს თავს. კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვის ვიდეოჩანაწერის გამოყენებამ სპეტაკლის დასაწყისში შექმნა უაღრესად სანდო მოლოდინი იმ კავშირის შექმნისა, რომელიც უნდა არსებობდეს სცენასა და მაყურებელს შორის. თითქოს მწერალი უშუალოდ მეგზურობდა რეჟისორს და ქვეცნობიერად, გარანტი იყო იმ აკადემიურობის, რომელმაც ფასი დაკარგა ექსპერიმენტული ხელოვნების ეპოქაში. უზუსტობის შიშმა, რომელიც ლიტერატურათმცოდნეებს ხშირად გვიჩნდება ხოლმე კლასიკოსების გასცენიურების დროს, პირველივე მიზანსცენიდან უკან დაიხია. როცა სასიყვარულო სამკუთხედის – თარაში, თამარი, არზაყანის დრამატიზმი განსხეულდა მსახიობთა უსიტყვო მოძრაობაში, საიდანაც დაიწყო მათი სცენური ყოფა. ამასთან, კარგად გამოჩნდა სოციალური, ძველისა და ახლის მასშტაბური სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილი, ეპოქალური ყოფა. გაიხსნა მწერლის დაშიფრული სათქმელი, საბჭოთა ცენზურის შიშმა რომ გამოაცალა მხატვრულ ტექსტს. დღეს სახელოვნებო სივრცეში მაქსიმალური კომფორტია თავისუფალი რეფლექსიისათვის, თუმცა მწირია ამ შიფრის გახსნისათვის საჭირო ინტელექტუალური რესურსი. ამ თვალსაზრისით, გოჩა კაპანაძის რეპუტაცია არასოდეს ბადებდა ეჭვსა და უნდობლობას. ვფიქრობ, ,,მთვარის მოტაცებამ” კიდევ ერთხელ გამოავლინა რეჟისორის შესაძლებლობები.
სპექტაკლში დაკავებულ მსახიობთა გუნდმა, ჩემი აზრით, ყველაზე კრიტიკულ მაყურებელსაც გამოაცალა სათქმელი. ასეთ დროს, რომანის კითხვის დროს მიღებული ემოცია მსახიობთათვის ხელშემწყობი ვერ იქნება, პირიქით, სწორედ ეს ფაქტორი აყენებს ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე მათ ოსტატობას, რადგან მაყურებელი სახილველის ფაზაში შედის და აქვს ლეგიტიმური მოთხოვნა, მსახიობი არ გასცდეს წიგნის კითხვისას გამოყოლილ მის წარმოდგენებს პერსონაჟებზე. ფაქტია, ეს წარმოდგენები განსაზღვრავენ დღემდე ,,მთვარის მოტაცების” კინოვერსიის შეფასებებს, სადაც თარაშისა და თამარის სახე ერთობ უფერული გამოდგა. უნდა ვაღიარო, ნინო შავგულიძის უნატიფესმა თამარმა, ჯანო იზორიას არზაყანმა, ნიკა წერედიანის თარაშ ემხვარმა მაყურებელი იმედგაცრუებული არ დატოვა.
მათთან ერთად ლონდა კაციას, ჯულიეტა პაკელიანის, კახა შარაბიძის, გიორგი გასვიანის, მარინა სოლომონიას, სანათა ძაძამიას, ბადრი ბეგალიშვილის, ეკატერინე არჩაიას, ვერიკო კალანდიას, მარიამ ყოლბაიას, დათო ბერაძის, ლელა შარაბიძის, ნუგზარ წერედიანის, ედემ ხვიჩიას, იზოლდა ბოკუჩავას, გია გოგიშვილის მიერ შექმნილმა სცენურმა სახეებმა სახილველ ფაზაში ბუნებრივად, უმტკივნეულოდ გადაიყვანა მაყურებელი. მსახიობთა ეს გუნდი საოცრად ბუნებრივად გრძნობდა თავს კონსტანტინე გამსახურდიას რომანის სივრცეში.
მერაბ ყოლბაიას გასცენიურებული ლუკაია ლაბახუა ცალკე საუბრის თემაა… მან ,,უკანასკნელი მოჰიკანი დასავლეთის ფეოდალების კარად მოზიმზიმე ლენჩების, ბნედიანების ლეგიონისა” სცენაზე იმ დრამატიზმით წარმოადგინა, პატრიარქალურ ნგრევას რომ ახლდა საბედისწერო 30-იან წლებში. მერაბ ყოლბაიას ეს სცენური სახე ერთ-ერთი საუკეთესოა და საერთოდ, გოჩა კაპანაძის ,,მთვარის მოტაცებამ” მსახიობებს შემოქმედებითი პოტენციალისა და ტალანტის გამოვლენის საუკეთესო შესაძლებლობა შეუქმნა . ეს სპექტაკლი მათთვის ერთგვარი მისიაც იყო, რათა კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა ჩვენი უახლესი წარსული, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დრამა და დროის მტვრისაგან გადაგვეწმინდა მეხსიერების ლაბირინთები.
სპექტაკლში საუკეთესოა დატირების სცენა. მსახიობები ბეწვის ხიდზე გადიან, სადაც მხოლოდ გარდასახვის პროფესიონალიზმი არ კმარა, პირადი სულიერი გამოცდილება და ფსიქოემოციური მზაობა გჭირდება, სიყალბე რომ არ იგრძნოს მაყურებელმა.
მიუხედავად თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენის მასშტაბებისა, სპექტაკლში პრაგმატულად, ეფექტურად არის გამოყენებული სივრცე, რომელშიც დეკორაციები, განათების პარტიტურა ქმნის განწყობას, რათა მაყურებელმა ,,მთვარის მოტაცების“ სამყაროში იგრძნოს თავი. განათება, ფერის სიმბოლიკა, რომელსაც დადგმაში თავისი კონტექსტი აქვს, მსახიობთან ერთად სუნთქავს და აძლიერებს ემოციურ ეფექტს. სვეტლანა გოგოხიას და ანა ნინუას ამ ხელწერას იმ შედეგისთვის, რომელიც ვიხილეთ, ფასეული წვლილი აქვს.
თეატრალური კრიტიკა ამ სპექტაკლზე თავის სათქმელს იტყვის, შესაძლოა, ზოგიერთი რამ გადაიხედოს და ჩემს სურვილებსაც დაემთხვეს- რომანის მთავარი გმირის- თარაშ ემხვარის დაღუპვის ეპიზოდი ,,მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია” მრავლისმთქმელ მეტაფორად რომ ქცეულიყო ფინალური სცენისთვის.
დიახ, სოხუმის თეატრს უკან დახევა არ სჩვევია. ასე იქნება დაბრუნებამდე და მის მერეც,
მანამ კი, სამწუხაროდ, ჯერაც ,,შორია აფხაზეთამდე”…