რედაქტორის სვეტი
სამყარო (პოლიტიკური) პანდემიის მიღმა
2020 წელი რომ დაუვიწყარი იქნება კაცობრიობისთვის, ამაში, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება. სიმართლე რომ ითქვას, წლევანდელზე გაცილებით საშინელი კრიზისებიც გადაუტანია როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთელ კაცობრიობას. მაგრამ ძალიან ცოტა ყოფილა ისეთი, მსგავსი ფუნდამენტური ცვლილება რომ გამოეწვიოს საზოგადოებაში. ასე უცბად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქა და საბჭოთა კავშირის დაშლა თუ გამახსენდება შესატყვისად. ეს არა იმიტომ, რომ სხვა კრიზისები, მაგალითად „ესპანური“ პანდემია, ნაკლებად ზიანის მომტანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მაშინ საზოგადოებას გაცილებით ნაკლები ტექნოლოგიური შესაძლებლობა ჰქონდა რეაგირებისთვის, ვიდრე დღეს ეს ჩვენ გვაქვს. უახლეს ჟამიანობასთან გასამკლავლებად თანამედროვე საზოგადოება ტრადიციულ მეთოდებთან ერთად (მედიცინა და კარანტინი) კიდევ ერთ უახლეს იარაღს – ინტერნეტს – იყენებს. ჩვენ, უკვე თვეობით შინ გამოკეტილებმა, ოთხი კედლის გაუსაძლის რეალობას თავი ვირტუალურ სამყაროში ავარიდეთ. იქ ვილხენთ, ვგლოვობით, გვტკივა და გვიხარია. დღეს ის არის ჩვენი ერთადერთი რეალური სოციალური სივრცე. არადა, ამ ვირტუალური სივრცესაც ხომ საფუძველი რეალობაში აქვს? ვიცით კი, ვინ, როგორ და რისთვის შექმნა ჩვენი ცხოვრების ეს განუყოფელი ნაწილი? თამარ გუნაშვილის აპრილის სტატია სწორედ ვირტუალური რეალობის ნამდვილ რეალობაზე მოგითხრობთ.
„ფეისქუქმა“, „ინსტაგრამმა“, „ტვიტერმა“, „ტიკკტოკმა“ („ზუმიც“ არ დაგვავიწყდეს) ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთა და დროებით მაინც დაგვავიწყა ჟამიანობის აუტანელი ყოფა. თუმცა ისიც დაგვავიწყდა, რომ სოციალური ქსელების მიღმა ჯერ კიდევ არსებობს რეალური კულტურული სივრცე თავისი ხიბლით და პრობლემებით. აპრილის თვის „ქართული კულტურის“ გამოცემის დანარჩენი სტატიები სწორედ ამ რეალურ სივრცეზე მოგითხრობთ. ჩვენ ჩვენს ტრადიციას გავაგრძელებთ და თამარ ბელაშვილის უაღრესად საინტერესო ნარკვევით გაჩვენებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ქართველი ქალი მხატვრების როლი ქართული ხელოვნების განვითარებაში. თამარ ბელქანიას ინტერვიუ ზურაბ შევარდნაძესთან კონკრეტულის აბსტრაქტულობაზე და აბსტრაქტულის კონკრეტულობაზე დაგაფიქრებთ. პირველად „ქართული კულტურის“ განახლების შემდეგ, ქართულ თეატრსაც შევეხებით. ამას სიმბოლურად სოხუმის თეატრიდან დავიწყებთ. სალომე კაპანაძე გაჩვენებთ, რომ დაცემა და ამაღლება რაღაც ერთი მთლიანის (თუ გნებავთ ცხოვრების) განუყოფელი ნაწილია. ჩვენი სტუმარი რუბრიკა „ესთეტში“, ნინო ვარდოსანიძე, დაგანახებთ, რატომ არის მნიშველოვანი ყოველთვის იფიქროთ ლამაზზე, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი რუხად გეჩვენებათ.
შეუძლებელია სერიოზული კამათი იმ თემაზე, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა დასავლური პოლიტიკური სივრცის ნაწილია. ეს არა იმიტომ, რომ იგი არასდროს ყოფილა მოწყვეტილი ამ სივრცეს (პირიქით, ძალიანაც ხშირად), არამედ იმიტომ, რომ ასეთია ქართველი ხალხის ნება. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს კულტურაზე. იგი დასავლური კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია. თუმცა არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ მასზე უდიდესი და უმეტესწილად, პოზიტიური ზეგავლენა ჰქონდა აღმოსავლურ ლიტერატურასა და პოეზიას. დღეს ჩვენს კულტურულ დისკურსში აღმოსავლური მიჩქმალულია. „ქართულ კულტურას“ „ორიენტზე“ მიძღვნილი სტატიების სერიით უნდა იმ რეგიონის ლამაზი მხარე დაგანახოთ, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ დებატებში უმეტესწილად, ომსა, დიქტატურასა, ტერორიზმსა, ჩაგვრასა და სიღარიბესთან არის დაკავშირებული. ვინ შეძლებს ამის გაკეთებას გიორგი ლობჟანიძეზე უკეთ?
აპრილის „ქართული კულტურის“ გამოცემა „მიღმისეული“ გამოდის. ჩვენ გაგახედებთ ოთხ კედელს მიღმა, ვირტუალური სივრცის მიღმა, ტრადიციული კულტურული სივრცის მიღმა და განახებთ, რომ პანდემიის იქით სამყაროს ამოუწურავი სილამაზეა.