ნინო ვარდოსანიძე რუბრიკა “ესთეტში”

“ქართული კულტურის” რუბრიკა “ესთეტის” 2020 წლის აპრილის სტუმარი ჟურნალისტი, საზოგადოებრივი ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემა “მოამბის” წამყვანი, ნინო ვარდოსანიძეა.

ჩემი სტილის მახასიათებელი ელემენტია: მრავალფეროვნება, რომელიც კლასიკური, აკადემიური და რომანტიკული სტილის ნაზავია. ეს ბოლო შტრიხი ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან სიმსუბუქის და ბუნებრივობის შეგრძნებას მმატებს.

ჩემი ბოლო საინტერესო შენაძენი წიგნების კრებულია, რომელიც დღეს სოციალური იზოლაციის პირობებში ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია.

ნივთი, რომლის შეძენასაც ვგეგმავ ტელეფონია. უბრალოდ ახალი მჭირდება, არსებული უკვე ვეღარ უძლებს ამდენ დატვირთვას.

ხელოვანი, რომლის ნამუშევარსაც შევიძენდი: მერაბ აბრამიშვილი. პირველი შთაბეჭდილება დღემდე მომყვება. მისი ტექნიკა, ფორმები, ფერები ძალიან მომწონს. მის შემოქმედებას ჰარმონიას დავარქმევდი.

პირადი მოვლის საშუალება, რომელიც თან მაქვს მუდამ: ტუჩსაცხი-დამტენიანებელი. ვეთანხმები უინსტონ ჩერჩილს, რომელიც ტუჩსაცხს მორალური გამხნევების ატრიბუტად მიიჩნევდა.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე გამიცია… ბავშვობაში დედაჩემისთვის დახატული მისალოცი ბარათები. ჩემი აზრით, ამ სიხარულს არაფერი შეედრება.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიმიღია… ბევრი საჩუქარი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც უდიდესი სიხარული მომანიჭა. არ მინდა, რომელიმე გამოვარჩიო.

საუკეთესო სუვენირი, რომელიც ახლახანს ვიყიდე… სუვენირებს მხოლოდ მაშინ ვყიდულობ, როდესაც პირველად ჩავდივარ რომელიმე ქვეყანაში. ბოლო პერიოდში ასეთი არაფერი შემიძენია.

ცდუნება, რომელზეც უარს ვერასდროს ვიტყვი ტკბილეულია. ეს არის ჩემი ყოველდღიური ცდუნება, რომლის დამარცხება აქამდე ვერ შევძელი და ბოლოს მივედი დასკვნამდე, რომ მხოლოდ რაოდენობა შევამცირო.

ჩემი ფავორიტი აპლიკაციების სიას მიეკუთვნება CNN, Pinterest და Soundcloud. ჩემი პროფესიიდან გამოდინარე ახალი ამბები ყოველთვის პრიორიტეტულია, რაც შეეხება პინტერესტს, ბევრი რამისთვის ვიყენებ, აქ უამრავ სიახლეს ვნახულობ, რაც სილამაზესთან, სტილთან, დეკორთან არის დაკავშირებული. მუსიკა ჩემი განუყოფელი ნაწილია.

დაუვიწყარი ადგილი, სადაც ბოლო წელს ვიყავი  პრაღაა. ისე მოხდა, რომ მხოლოდ შარშან მოვახერხე ამ ქალაქში ჩასვლა. ერთ-ერთი საუკეთესოა.

ადგილი, რომელსაც ყოველთვის დავუბრუნდები: იტალია. მინდა ყველა ქალაქი, სოფელი, ქუჩა ვნახო, ყველა კერძი გავინჯო, ადამიანებს ვეკონტაქტო, მთლიანად შევიგრძნო. ეს არის ქვეყანა, რომლის ყველაფერი მიყვარს, სადაც თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

ნივთი, რომელსაც ვერასდროს შეველევი სუნამოა. ყოველთვის მაქვს ჩანთაში სამგზავრო ფლაკონით. სუნამო ადამიანის შესახებ ბევრს გვეუბნება. ჩემი ერთ-ერთი გატაცება იშვიათი და გამორჩეული არომატების ძიებაა.

ბოლო შთამბეჭდავი კერძი არის სტეიკი კენკრის სოუსით. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ბოლოს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში რომ გავსინჯე, მართლაც უგემრიელესი იყო. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დღეს არაერთი პროფესიონალი შეფ- მზარეულია, რომლებიც ორიგინალური კერძებით გვანებივრებენ.

რომელ ქალაქში ვისურვებდი შოპინგს… მილანში. პარიზზე, დუბაიზე და ტოკიოზეც არ ვიტყოდი უარს.

ბოლო მუსიკალური აღმოჩენა 10 წლის ცოტნე ზედგინიძეა, თვითნაბადი ნიჭით დაჯილდოებული უნიჭიერესი პიანისტი და კომპოზიტორი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ბევრჯერ გააოცებს.

წიგნი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა… ჯორჯ ორუელის “1984”. არც ერთი ფრაზა ემოციის გარეშე არ წამიკითხავს. ძალიან მძიმე სიუჟეტია, რის გამოც ჩემს საყვარელ წიგნს ვერ ვუწოდებ, მაგრამ იმ სისასტიკის და უსამართლობის გახსენებაც კი, რაც ავტორს მთელი სიმძაფრით აქვს აღწერილი, ძალიან მოქმედებს ჩემზე.

ახლა ვკითხულობ ნინო ხარატიშვილის “მერვე სიცოცხლეს”. ამავე ავტორის “ჩემი საყვარელი ორეული” მომეწონა და იმედი მაქვს, ეს წიგნიც ჩემს მოლოდინს გაამართლებს.

ადამიანი, რომელმაც თქვენს სტილზე გავლენა იქონია: ჩემი და. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და მადლობელი ვარ ამისთვის.

ერთი რჩევა ესთეტიკაზე: მშვენიერება არ არის სრულყოფილი. ამიტომ, ვეცადოთ, რომ სუფთა გულით და თვალებით ვუყუროთ სამყაროს და მასში გაცილებით მეტ სილამაზეს დავინახავთ, ვიდრე აქამდე ვხედავდით.

თემები