„კარგია ეს თუ ცუდი, ისევ ადამიანები ვართ“
თამარ გუნაშვილი

რას გვასწავლიან ფილმები ვირუსებსა და ეპიდემიებზე

მარტის წერილის თემატიკა სამჯერ შევცვალეთ – ეს იმაზე მეტყველებს, თუ რაოდენ სწრაფად აბზრიალდა დედამიწა და აჩქარდა დრო. ახალი წელი სულ რაღაც ორიოდე თვის წინ იყო, არადა უკვე გადავიტანეთ ავსტრალიის ხანძრები, ამერიკის პრეზიდენტის თითქმის-იმპიჩმენტი, ვირტუალური ვალუტა ბლოკჩეინის გაუფასურება და ახლა კი კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა სამყარო, რითაც კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, როგორი ციცქნაა ჩვენი პლანეტა და რა ახლოს ვართ ერთმანეთთან (იმაზე ახლოს, ვიდრე საჭიროა).

„უნდა შევეგუოთ იმას, რომ ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო“ – ჩვეული პირდაპირობით მოგვახალა 13 მარტის პირდაპირ ეთერში ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ ქუომომ. ამ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა: მაინც რა თარსი ყოფილა ეს პარასკევი, 13.

ორი სამშობლოს პატრონს თან მიხაროდა, რომ საქართველოში პირველად არ დააფიქსირეს ვირუსის არცერთი ახალი შემთხვევა, თან გული მისკდებოდა, რომ ჩემს მეორე სამშობლოში – ამერიკაში – მხოლოდ დღეს გაისიგრძეგანეს კორონას გავრცელების მოსალოდნელი მასშტაბები.

მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სიმშვიდეს ვინაჩუნებდი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ვიკადრე და ჩავბრძანდი სუპერმარკეტში, ვიფიქრე, ერთი კვირის მარაგს მაინც შევავსებ-თქო. ტელევიზიისა და სოციალური მედიის საშუალებით ნანახი მქონდა, რომ ხალხი გიჟივით იმარაგებს ტუალეტის ქაღალდს, ქართველ მეგობარს შევეხმიანე, რამე ხომ არ გინდა-მეთქი, მეზობლად ცხოვრობს და დაბნეულმა მომწერა, რა ვიცი, ექვსი რულონი მაქვს და მეტი რაში მჭირდებაო. ექვსიოდე რულონი მეც აღმომაჩნდა და ვიფიქრე, ბოსტნეულს, ბრინჯს და ძაღლის საჭმელს დავიმარაგებ ერთი კვირისთვის, და მერე რაც იქნება, იქნება-თქო.

ნიუ იორკელები თავისებური ჩამოსხმის ხალხია და განსხვავდება დანარჩენი ამერიკელებისგან. ნამდვილი ნიუ იორკელი სიტყვაძვირია, მაგრამ ქმედითი; ძალზე მობილიზებულია, რაციონალური, 9/11 აქვს გადატანილი და ზედმეტი ემოციურობა და ისტერია ცუდ ტონად მიაჩნია. სუპერმარკეტში დაბნეულები, მაგრამ მაინც სიით ხელში მოძრაობდნენ, შეგნებულად ზანტად – თითქოს არც ეჩქარებოდათ და არც ეშინოდათ. ერთმანეთს იმაზე ზრდილობიანად ექცეოდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ – მოხუცებს წინ ატარებდნენ, ბოდიშს უფრო ხშირად იხდიდნენ. მოლარე გოგონები მდუმარედ, მაგრამ იმაზე სწრაფად მუშაობდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ; მენეჯერები იმაზე მეტად ეხმარებოდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ; სახლში ამობრუნებულს საინფორმაციოს წამყვანები იმაზე მეტად მიღიმოდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ. ტყუილად ხომ არ არიან კომიქსების უმეტესი სუპერგმირები ნიუ იორკელები – ერთს ღრმად ჩაისუნთქავენ, ტუჩებს მოკუმავენ და ცხოვრებას გააგრძელებენ.

ასეთ სიტუაციაში კარგი ფილმი ერთი მისწრებაა, არადა გონება მაინც იმას დასტრიალებს, რაც გარშემო ხდება და სასიყვარულო სამკუთხედსა თუ ბანკის გაქურდვაზე სურათებს რაღაცნაირად გულს ვერ უდებ. ამიტომ ისევ ვირუსებზე ფილმები შევარჩიე, ოღონდ მკაცრი კრიტერიუმებით:

  1. ფილმში ასახული არცერთი ვირუსი სინამდვილეში არ არსებობს;
  2. ყველაფერი მაინც კარგად მთავრდება;
  3. კარგი გუნდის გადაღებულია და კარგი მსახიობები თამაშობენ;
  4. ყოველი ფილმი რაღაცას გვასწავლის – არა იმას, თუ როგორ ვებრძოლოთ ვირუსს, არამედ იმას, თუ როგორ შევინარჩუნოთ მხნეობა, და რაც მთავარია, ადამიანობა.

სამ ფილმზე მოგიყვებით, რომლებსაც ისედაც სიამოვნებით ჩავუჯდებოდი ხოლმე და ახლა კი ძალზე დროული მეჩვენა.

მოდით, დავიწყოთ ფილმით „მოვლენა“ (The Happening 2008) – ეს სურათი, პირველ რიგში, სამსახიობო შემადგენლობის გამო მიყვარს: ახალგაზრდა მარკ ვოლბერგი, რომელიც ჯერ კიდევ არ ათამაშებს კუნთებს, არამედ ეკო-მეცნიერის შესაბამისად გამოიყურება; მომხიბლავი ზოი დეშანელი და ძალზე ნიჭიერი ჯონ ლეგუიზამო, რომელიც უმეტესად კომედიური „სთენდ-აფებით“ არის ცნობილი, არადა არაჩვეულებრივი დრამატული მსახიობია. „მოვლენა“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორის – ემ.ნაით შამალანის პირველი ფილმია, რითიც ეს ინდოეთში დაბადებული და ფილადელფიაში გაზრდილი ახალგაზრდა რეჟისორი ცნობილი გახდა (მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი მისტიკური თრილერები, როგორებიცაა „მეექვსე გრძნობა“ ბრუს უილისით, ნიშნები“ მელ გიბსონითა და ჰოაკინ ფენიქსით, „სოფელი“ ედრიან ბროუდით). „მოვლენის“ სცენარი ემ.ნაით შამალანმა დაწერა, რეჟისორიც თავად იყო და პროდიუსერიც. სხვათა შორის, მისი ერთადერთი ფილმია, რომელსაც R რეიტინგი მიენიჭა მეტისმეტად გრაფიკული თვითმკვლელობების სცენების გამო.

მანჰეტენზე, ცენტრალურ პარკში მასობრივი სუიციდის ტალღას თავიდან სრულიად არ მიაწერენ ვირუსს, არამედ ტერაქტი ჰგონიათ. ძალიან კარგადაა ნაჩვენები საზოგადოების დინამიკა ოდნავ შეშფოთებულიდან სრულ პანიკამდე. საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება იმას (თითქმის ნახევარი ფილმი), რომ გაირკვეს, სინამდვილეში რა ხდება. თურმე ნუ იტყვით, ვირუსს ხეები და ბუჩქები გვიგზავნიან. კაცობრიობა იმდენად საშიში ხდება ბუნებისთვის, რომ მცენარეული საფარი შხამის გამოყოფას იწყებს ჰაერში, როგორც კი ადამიანთა სიახლოვეს გრძნობს. ეს ტოქსინი მეტყველების დარღვევას, დამბლას, ბოლოს კი თავდაცვის რეფლექსის დაბლოკვას იწვევს.

სურათს თავიდან „მწვანე ეფექტი“ ერქვა, მაგრამ რამდენჯერაც სტუდიებმა უარი უთხრეს დაფინანსებაზე, რეჟისორმა იმდენჯერ გადაწერა სცენარი, სათაურიც ბევრჯერ შეცვალა. თავად შამალანი ამ ფილმს „პარანოია მუვი“-ს ეძახდა და ფრთხილი დაძაბულობა მართლაც ყველაფერში იგრძნობა. „მეცნიერების ნებისმიერი დასკვნა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ თეორიაა. არის რაღაც, რასაც ვერასდროს გავიგებთ. ყველა მეცნიერი ვალდებულია თრთოდეს ბუნების ძალის წინაშე“ – მარკ ვოლბერგის გმირის მიერ ბიოლოგიის გაკვეთილზე წარმოთქმული ეს ფრაზა თითქოს მთელი ფილმის ლეიტმოტივია. როდესაც ის კლასიდან გადის, კამერა გვაჩვენებს დაფაზე დარჩენილ წარწერას: „თუ დედამიწის ზურგიდან გაქრებიან ფუტკრები, კაცობრიობა ამის შემდეგ მხოლო 4 წელი იარსებებს“. აინშტაინის ეს ნათქვამი თითქოს გვაფრთხილებს იმის შესახებ, თუ რაოდენ ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ დიდი საფრთხე წარმოიშვას.

ვისაც ჰიჩკოკის ტიპის ნელი დაძაბულობის ატმოსფერო უყვარს, „შემოჭრა“ (The Invasion2007) უფრო მოეწონება. ფილმის რეჟისორი გერმანიაში ცნობილი ოლივერ ჰირშბიგელი გახლავთ, „შემოჭრა“ მისი პირველი ჰოლივუდური ნამუშევარია. სურათი კოსმოსიდან შემოტანილ სოკოვან ინფექციაზეა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში იდგამს ფესვებს, რათა კაცობრიობას გენეტიკური კოდი შეუცვალოს. ფილმი 45 დღეში გადაიღეს, არანაირი საგანგებო ეფექტი გამოუყენებიათ, კლაუსტროფობიის შეგრძნება კამერის არასტანდარტული კუთხეების და ცივი ფერების მეშვეობით შეიქმნა. საგულისხმოა მუსიკის ავტორის ჯონ ოტმანის გულისხმევაც, მას არაამქვეყნიური ხმების ჰარმონიის შექმნა სურდა, რისთვისაც 77 მუსიკოსით დაკომპლექტებული ორკესტრის მიერ შესრულებული კომპოზიციები სინთეზატორზე დაამუშავა. „ექშენის“ სცენები ავსტრიელ ჯეიმს მაქ ტეიგს გადააღებინეს, რომელსაც მანამდე „მატრიცასა“ და „ვარსკვალვურ ომებზე“ ქონდა ნამუშევარი.

ლამაზი, წარმატებული ფსიქოლოგი ქეროლი (ნიკოლ კიდმანი) უეცარ ცვლილებას ატყობს თავის პაციენტს, რომელიც ეუბნება, რომ მისი ქმარი აღარაა მისი ქმარი. ვენდი წლებია მოძალადე მეუღლესთან ცხოვრებისგან გამოწვეულ სტრესს მკურნალობს, ახლა კი გაოგნებულია, რომ ქმარს შეეპასუხა, მან კი არ სცემა. საერთოდ არანაირი ემოცია არ გამოხატა. „ის არ არის ჩემი ქმარი, ვიღაც სხვაა“ – ეუბნება იგი კიდმანის გმირს.

ის, რაც თავიდან შერყეული ფსიქიკის ფანტაზია ჩანს, სულ მალე რეალობად იქცევა. ქეროლი ნელ-ნელა ხვდება, რომ ეს შემთხვევითობა კი არა, დაავადებაა, ვირუსი. სიმპტომები? უემოციურობა. გაყინული სახის მქონე ინფიცირებულებს სიარულის რიტმიც კი ერთი და იგივე აქვთ: არავის არსად ეჩქარება, უფრო სწორად – აღარ ედარდება, თუ სადმე აგვიანდება.

ფილმი გადატანითი მნიშვნელობითაც შეგვიძლია გავიგოთ, რადგან საბოლოო ჯამში ვირუსი მხოლოდ გულგრილობასა და უსულგულობაში გამოვლინდება. ხალხი კარგავს ემპათიის, სიყვარულის, სიბრაზის უნარს, ვეღარ ტირიან თუ იცინიან. თურმე ნუ იტყვით, ის კი არაა დაავადებული, ვინც მართლა გიჟივით დარბის და ღრიალებს, არამედ ის, ვინც გაწონასწორებულია და უგრძნობი.

ეპიდემიას კონსპირაციაც ემატება: დაინფიცირებული მთავრობის წევრები და ვირუსოლოგები ვითომდა აცრების სახით ვირუსს მთელს მოსახლეობაში ავრცელებენ. „დაიძინე!“ – ესაა თხოვნა, რომლითაც „აცრილებს“ მიმართავენ, რადგან ვირუსი მხოლოდ ღრმა ძილის ფაზაში აქტიურდება. „რომ გაიღვიძებ, ისეთივე იქნები“ – ეხვეწება ქეროლს ყოფილი ქმარი, რომელიც უკვე საეჭვოდ გაწონასწორებულია და ვეღარც იღიმის. ქეროლი, რომელსაც ვირუსი უკვე შეჰყარეს, ცდილობს არ დაიძინოს მანამ, სანამ შვილს ყოფილი მეუღლისგან არ დაიხსნის და ლაბორატორიაში არ მიიყვანს, სადაც ვაქცინა, ჰოი საოცრებავ, უკვე აღმოჩენილია.

სულ ბოლოში ვხედავთ ბედნიერ ოჯახს, გამთლიანებულს, ჯანმრთელს, ტელევიზორით კი აღტაცებული საინფორმაციოს წამყვანი მაყურებლებს ვირუსის დამარცხების შესახებ აცნობს: „კარგია ეს თუ ცუდი, ჩვენ ისევ ადამიანები ვართ“. ეს ორაზროვანი ფინალი დაფიქრების საფუძველსაც იძლევა და ოპტიმიზმისაც. მხოლოდ თანაგრძნობა და სიყვარული თუ გადაგვარჩენს, გვეუბნებიან ფილმის ავტორები, და თუ ვბრაზობთ, ვჩხუბობთ ან ვნერვიულობთ, ესეც არაფერი, რადგან სწორედ ჩვენი გრძნობები გვაქცევს ადამიანებად. კარგია ეს თუ ცუდი.

და ბოლოს, ვისაც კარგი ძველი მამა-პაპური ჰოლივუდი მოენატრა, „ეპიდემია“ (The Outbreak 1995) ნამდვილად გაუქარვებს ამ ნოსტალგიას. რეჟისორ ვოლფგანგ პეტერსონის ამ სურათში ლეგენდად ქცეულ არაჩვეულებრივ მსახიობთა მთელ გუნდს აღმოაჩენთ: დასტინ ჰოფმანი, რენე რუსო, მორგან ფრიმანი, დონალდ საზერლენდი, კევინ სპეისი. „მედიქალ დიზასთერ“-ად წოდებული სამედიცინო აპოკალიპსის ამსახველი თრილერი 90-იანი ამერიკული კინოს კლასიკური ნამუშევარია ვერტმფრენების „გონკებით“, თავზეხელაღებული სამხედრო ვირუსოლოგი ექიმების გუნდით, ერთმანეთის გამო რომ ყველაფერზე წავლენ, და, რა თქმა უნდა, სიყვარულის ისტორიით.

გამოგონილი ვირუსი, რომელიც ბიოლოგიური იარაღია, კალიფორნიის გამოგონილ ქალაქს დაატყდება – სინამდვილეში სედარ ქრიკი არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს მკვლელი ვირუსი მოტამბა, რომელსაც 2-3 დღიანი საინკუბაციო პერიოდი აქვს სიკვდილიანობის 100%-ით და საათების განმავლობაში ავლებს მუსრს მთელს აფრიკულ სოფელს, სადაც ამერიკის მთავრობა საიდუმლო ცდებს ატარებს.

ჩვენი გმირი – სემ დანიელსი, ახალგაზრდა დასტინ ჰოფმანი – სამხედრო ვირუსოლოგ-ინფექციონისტია. იმ განყოფილებაში, სადაც ის მუშობს, საგანგებო კოდით, თითების ანაბეჭდებით და სპეციალური ჰერმეტული სკაფანდრებით შედიან, რომლებსაც შესვლა-გამოსვლაზე ასტერილებენ. აქვე მუშაობს სემის ყოფილი მეუღლე, რობინი (რენე რუსო), მომხიბლავი ქერა ვირუსოლოგი, რომელიც ცოტას წაიჯიჯღინებს, როდესაც სემი ძაღლების პატრონობას სთხოვს ორიოდე დღით, სანამ ის სასწრაფო გამოძახებით აფრიკის ერთ-ერთ სოფელში გაემგზავრება თავის გუნდთან ერთად.

როგორც ნელ-ნელა გაირკვევა ფილმის მსვლელობისას, ამერიკის მთავრობა 1967 წელს ტესტავდა ბიოლოგიურ იარაღს, რომელმაც მთელი სოფელი დაასნებოვანა. ცუდი სამხედროები მთლიანად გადაბუგავენ სოფელს, მაგრამ ვირუსი მაინც გაექცევათ (მაიმუნების მეშვეობით) და 30 წლის შემდეგ კვლავ იჩენს თავს, მუტირებული და მომძლავრებული.

ფილმი რამდენიმე ხაზს მიყვება, პირველი, ცხადია, არის ვირუსის ისტორია, მეორე – როგორ ებრძვის კარგი ვირუსოლოგების თავდადებული გუნდი ცუდ სამხედროებს, რომლებიც მალავენ, რომ ვირუსი ხელოვნურია და მესამე არის სემის ურთიერთობა მის ყოფილ მეუღლესთან, რომელიც გაშორების მერეც უყვარს და მას შემდეგ, რაც რობინი დაინფიცირდება, სემს საათები აქვს დარჩენილი, რომ გამოარკვიოს, როგორ გავრცელდა ვირუსი და „ჰოსტი“, ანუ პირველადი დაინფიცირების წყარო იპოვოს.

ძალიან დამაჯერებლად არის აღწერილი პრაქტიკულად შეუძლებელი გამოთვლები იმისა, რომ ინფიცირების წყარო პატარა, არალეგალურად შემოყვანილი მაიმუნია და მერე როგორ იპოვიან ამ მაიმუნს უკიდეგანო კალიფორნიაში, რომ საათებში შექმნან ვაქცინა (რასაც ზოგადად შეიძლება თვეები დაჭირდეს).

ფილმი დღესაც ძალიან კარგი სანახავია, რადგან, პირველ რიგში, გვახსენებს მონატრებულ მსახიობებს და იმ დროინდელ ჰოლივუდს, როცა სპეცეფექტები ჯერ არ არსებობდა და ამიტომ მსახიობთა თამაშზე იყო დამოკიდებული წარმატებაც და წარუმატებლობაც. სურათი პოზიტიურია და კარგად აჩვენებს სტადიებს საერთო პანიკიდან გააზრებულ თანამშრომლობამდე: თავიდან ხალხი კივილ-წივილით დარბის საავადმყოფოებში, ცდილობენ ქალაქიდან გაქცევას კარანტინის მიუხედავად. ფილმის მეორე ნაწილში კი ვხედავთ მოქალაქეების სრულიად გააზრებულ, სინქრონულ მოქმედებებს: დაავადებულთა ოჯახებს თეთრი ნაჭრები აქვთ გამობმული კარებზე, რომ რეანომობილებმა დაინახონ და დაინფიცირებულები წამოიყვანონ. ყველაზე ემოციური მომენტი მაინც მაიმუნის დაჭერის ამბავია, რომელიც პატარა გოგონას ყავს დამეგობრებული და მისი დახმარებაა საჭირო, რომ მაიმუნი ტყიდან გამოიტყუონ. სემი, როგორც დიდ ადამიანს, ისე ესაუბრება პატარას და უხსნის, რატომ არის საჭირო ამის გაკეთება. „ჩვენ მას მხოლოდ დავაძინებთ და არ ვატკენთ. საჭიროა, რომ სხვა ხალხის გადარჩენაში დაგვეხმაროს“ – ეუბნება სემი. იქვე დგანან მშობლები, რომლებიც ნერვიულობით, მაგრამ მაინც აძლევენ უფლებას, პატარა გოგონა ინფიცირებული მაიმუნის სატყუარად გამოიყენონ.

კარგია კარგი ფილმი.

ფილმის დასრულების მერე კი რეალობას ვუბრუნდებით, რომელშიც ჯერ კიდევ მძვინვარებს ვირუსი, დაკეტილია არა მხოლოდ სკოლები, არამედ – ქვეყნები, და კვლავ დაინფიცირებულებს ვითვლით.

მაგრამ უკვე ვიცით, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. რადგან სხვანაირად არც შეიძლება, რომ დამთავრდეს.

რატომ?

იმიტომ რომ 11 მარტს – როდესაც მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემია – იმავე დღეს ჩინეთმა დაკეტა ბოლო, მეთექვსმეტე ჰოსპიტალი, რომელიც კორონასთან საბრძოლველად ორ კვირაში ააშენა. ემოციურ ვიდეოში, რომელიც მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში, გრძელი რიგი ჩინელი ექიმებისა ერთმანეთის მიყოლებით იხსნის ქირურგიულ ნიღაბს და დაღლილი, მაგრამ გამარჯვებული ღიმილით იღიმება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაოდენ მაგარიც არ უნდა იყოს კინო, რეალობა უფრო ნაღდია და უფრო გულწრფელი. ეს ჩინელი ექიმები, რომლებმაც ერთ თვეში დაამარცხეს მონსტრი, ახლა იტალიაში მიემგზავრებიან, რომ იქაურ კოლეგებს დაეხმარონ.

ანუ სადღაც ყველაფერი უკვე კარგად დამთავრდა. ჰოდა, ეს კი ყველანაირ ჰოლივუდურ ფინალზე მაგარია.

თემები