გაოცების დღესასწაული
მაკა ჯოხაძე

ეს მერამდენედ და კიდევ ერთხელ ვიკრიბებით დღესასწაულზე, რომელსაც ესმა ონიანი გვიწყობს. ისეთი განცდა მრჩება, რომ მან ყველაზე უკეთ და ყველაზე ღრმად იცის ამგვარ დღესასწაულთა მნიშვნელობა და საჭიროება. განსაკუთრებით დღეს, ამ მღვრიე, წვრილმანი, წარმამავალი თუ წარმართული ვნებების ხანაში, როცა სამყაროს მეცნიერთა ერთი ნაწილი მედიცინის სფეროში მაშინღა ახერხებს გაერთიანებასა და გვერდში დგომას, როცა ვირუსის ქარავნები გლობალურ რეიდებს აწყობენ და თითოეული ჩვენთაგანის კართან ჩაჩოქებას აპირებენ.

ოდესღაც ესმაზე ვწერდი: გენიალური სიჯანსაღე – ძალიან მოკლედ, ალბათ, ამ ორ სიტყვაში შეიძლება ჩაეტიოს ფენომენი, რომელსაც ესმა ონიანი ჰქვია. მისი, როგორც XX საუკუნის დიდი ხელოვანის უპირატესობა უღმერთო საუკუნეშიც სწორედ ისაა, რომ იგი გადაურჩა თავისი ეპოქის მოდურ ტენდენციებს – ყოფილიყო უღმერთო, მაგრამ გენიალურად ავადმყოფური და საინტერესო, დესტრუქციული, მაგიური, მისტიური, დემონური…  

პირიქით, სრულიად საწინააღმდეგოდ, ესმას ფერწერის, პოეზიისა თუ ესეების წამკითხველსა და შემხედვარეს, პირველივე სიტყვა ან განცდა რაც გეუფლება, ესაა – ღვთაებრივი! მიუხედავად იმისა, რომ არც წმინდანებს ხატავს და არც ანგელოზებს, არც ქერუბიმებსა და არც სერაფიმებს. გურამიშვილისეული ღრმა და ხალისიანი რელიგიურობის ფონზე იკვეთება ესმა ონიანის შემოქმედებაში ყველა სახე და ყველა მეტაფორა, ყველა ხატი თუ ყველა ხილვა. ერთ სიტყვაში რომ შეიძლებოდეს მთელი მისი მხატვრობის ფერის გაცხადება, ვიტყოდი, რომ ესაა ენდროსფერი, სააღდგომო კვერცხის სიწითლის ვარიაციები, ვიბრაციები, რომლის წიაღშიც ცოცხლობენ და სუნთქავენ ნაცნობ-უცნობთა სახეები, სილუეტები, ქუჩები, ჩიხები, ხეები, სარკმლები, ნაცნობი ინტერიერები…

ესმა ონიანის პოეზიაში მზე, ვარდის სურნელი და სიყვარული (ერთად შეზავებული ეს მარადიული საკმეველი) ჯაბნის ყველა წვრილმან ვნებას, ყველა შეცდომასა და შეცოდებას. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მისი, როგორც ადამიანისა და როგორც ოსტატის ყველაზე დიდი მასწავლებელი სწორედ უპირველესი მნათობია; სწორად მზისგან ისწავლა მან შუქჩრდილების ხელოვნება; სწორედ მზიური ენერგიით მოახერხა შეციებული სულების მიღება, გაგება, ნუგეშისცემა და გათბობა.

რა თქმა უნდა, კარგად მესმის, რომ დღესასწაულები არც ლექსის ანალიზის ადგილია და არც პოეტური მემკვიდრეობის შესახებ საუბრისა, მაგრამ ლიბერალური ღირებულებების მქადაგებლებთა ამ უღმერთო ხანაში მაინც მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ორიოდე სიტყვა ვთქვა იმის შესახებ, თუ რა გამოარჩევს ესმა ონიანს თანამედროვე პოეტურ სამყაროში.

ამთავითვე მინდა მოგახსენოთ, რომ XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ლიტერატურულ სივრცეში (და არა მხოლოდ ქართულში), რელიგიურობის თვალსაზრისით, პირადად ჩემთვის, სამი გამორჩეული ფიგურა არსებობს და სამივე მათგანი ქალბატონია, ორი დიდი პოეტი – ანა კალანდაძე და ესმა ონიანი და ერთი პროზაიკოსი-რომანისტი ზაირა არსენიშვილი.  

არცერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ სამივე მათგანის სიტყვა ისეთი ცოცხალი და ქმედითია, ცხოვრების ხალისს გიბრუნებს.    

ოდესღაც შლისენბურგის ციხეში ასეთი წარწერა იპოვეს: „ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, უქრისტეოდ თავისუფლებაც ციხეა“.    

ერთხელ თბილისს ძალიან კორექტულად ვუსაყვედურე – უცნაური ქალაქია თბილისი, მას უყვარს და ახერხებს კიდეც თაობებისათვის პოეტების, მწერლებისა და მხატვრების გადამალვას. კორექტულობის გარეშე, გაჭრით მინდა ვთქვა – ჩვენ ვიცით, იმ პოლიტიკურ რეჟიმს რომ თავი დავანებოთ, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ესმა, უნდობლობა, ვერ დანახვა თუ ვერ გაგება, კოლეგების შური, როგორ უშლიდა ხელს მის აღიარებას, მისი ლექსების დაბეჭდვას. ასეთ პირობებში გააგრძელო შრომა ისე, რომ წამითაც არ მოეშვა, ეს სიმამაცეა. გარდა შემოქმედებითი ტალანტისა, ესმა იმ საოცარი ნიჭითაც იყო დაჯილდოებული, რასაც რწმენა ჰქვია. მას საკუთარი თავის რწმენაც ჰქონდა, ოღონდ ეს არ უნდა აგვერიოს თვითდაჯერებულობაში. როგორც ანტონ სუროჟელი იტყოდა – საკუთარი თავის რწმენა ეს არის გულდაჯერება, რომ ჩემში არის რაღაც, რაც მე არ ვიცი, რაღაც ჩემთვის მიუწვდომელი, რაც შეიძლება თანდათან გაიხსნას და რაღაც სისრულეს, სრულყოფას მიაღწიოს…

და მართლაც, ჩვენში, ყველაში, არის ცხოვრების უძლეველი დინამიკა და ერთადერთი, რასაც შეუძლია, ხელი შეუშალოს წინსვლის განხორციელებას, ჩვენივე ლაჩრობაა, ჩვენივე გაუბედაობა, დიდი ანგარიშით, გარემომცველი პირობები აქ თითქმის არაფერ შუაშია.

ესმა ონიანი მამაცი იყო და ამიტომაც განხორციელდა, ამიტომაც შექმნა საკუთარი სტილი, საკუთარი ფერი, ხმა, მელოდია. ე.წ. „თეთრი ლექსით“ იგი თითქმის ყველაზე ადრე შემოვიდა ქართულ პოეზიაში. არ უშვებდნენ, ხელს უშლიდნენ, მაგრამ მაინც შემოვიდა… სჯეროდა, უამრავი თეთრი ლექსი გაჩნდებოდა, გაჩნდებოდნენ შესანიშნავი პოეტების სტურუა-ხარანაულის მიმბაძველი ეპიგონები, მაგრამ ესმას ლექსს ვერ მიბაძავდნენ, მას ვერ გაიმეორებდნენ, რადგან ესმამ არაჩვეულებრივი სიზუსტით იცოდა, გუმანითაც და ინტელექტითაც ვერლიბრის ბუნება: “თავისუფალი ლექსი უნდა იყოს: ყოველ – ერთ ჯერობაზე განუმეორებელი. მხოლოდ მოცემული ლექსისათვის დამახასიათებელი, შიდა რიტმს დამორჩილებული, განუმეორებელი კომპოზიციის მქონე… თავისუფალი ლექსი უნდა იყოს მაჩვენებელი ვირტუოზული საშემსრულებლო თავისუფლებისა; ის იმიტომ იწოდება „თავისუფლად“ დღევანდელ დონეზე, რომ მასში უნდა იგრძნობოდეს პოეტური ხელოვნების ყველანაირ, ყველა დროში არსებულ ხარისხთა, ყველა მხარე-წახნაგთა შეფარული პოტენციალი…თქვენ მე ვერ მიპოვით ბზარს (როდესაც მე დარწმუნებული ვაკონტროლებ სათქმელს), ვერსაიდან შემომეღვრებით, ისეა აგებული ჩემი სათქმელის რაობა, ვერ მიეწეპებით, მიემატებით, ვერ შეიჭრებით, ვერ პოულობთ ნაწიბურს, რომელიც მისი გადახსნის საშუალებას მოგცემდათ…“ 

დღეს უკვე ვიცი, რომ სიბრძნე მაინცდამაინც ასაკს არ მოაქვს. მრავალ მოხუცს ვიცნობ, გამოცდილება სიბრძნედ რომ ვერ აქციეს… და მაინც ასაკთან ერთად ჩვენ ვსწავლობთ, ვცდილობთ, ჩვენი ცხოვრება, საცხოვრისი, ჩვენი საკუთარი სივრცე სულ უფრო მეტად გავათავისუფლოთ, განვტვირთოთ ამაოებისაგან, საგნებისაგან, ნივთებისაგან, ხმაურისა და მიეთმოეთისაგან, ფუჭი ოცნებებისაგან, ჭორებისა და ცუდი ცნობისმოყვარეობისაგან, თუ რას ფიქრობენ შენზე, სჯერათ თუ არა შენი, უყვარხართ თუ არა, იციან თუ არა შენი ფასი… თანდათან, წლებთან ერთად, ეს ყველაფერი იმდენად მეასეხარისხოვანი ხდება, იმდენად ცვალებადი და წარმავალი, რომ ამაზე დროის, ენერგიისა და სულიერი ძალების დაკარგვა ნამდვილად არ ღირს.

ასე მგონია, ესმა ონიანს თანდაყოლილი სიბრძნე გააჩნდა – ეცოცხლა მსუყედ და ეცხოვრა ხალვათად. ყოფილიყო ნამდვილი, არ ეთამაშა რითმით, რიტმით, მელოდიით, მოტივით, ფერებით, ინტონაციით. მისთვის ხელოვნება სასიცოცხლო ფორმა იყო, სუნთქვა, ცხოვრების ხარისხი და არა, ჰესეს გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, „თამაში ყალბი მარგალიტებით“. ესმას პოეზია ბავშვივით ნამდვილია და გულწრფელი. ბავშვები იმიტომ ცხოვრობენ, რომ ითამაშონ, დიდები იმიტომ თამაშობენ, რომ იცხოვრონ. ესმა ბავშვი იყო თანდაყოლილი სიბრძნით, ამ ბავშვში მთელი სამყარო თვლემდა. მან გასაოცარი გმირობა ჩაიდინა და სამყაროს ყველა წერტილი გააცოცხლა. ყველას და ყველაფერს პატივი მიაგო, კენჭი არ დატოვა უყურადღებოდ. 

გარდა წმინდა წყლის მაღალი ესთეტიური განცდისა, გაოცებს მისი სამეცნიერო, ერთგვარი არქეოლოგიური შეპყრობილობა – ბოლომდე გათხაროს, ჩაწვდეს, ჩავიდეს წიაღისეულ სიღრმეში. ბოლომდე გადაშალოს, გადაფცქვნას ნაყოფი, ისე რომ გულისგული არ დააზიანოს, ვარდს ფურცლები არ დააყრევინოს, სურნელი, ფორმა, არომატი პირველქმნილი დატოვოს. რაც უფრო ღრმად ჩადის, მით უფრო გაოცებული რჩება, მით უფრო ემატება ჟინი კი არა, კრძალვა სამყაროს იდუმალების წინაშე. ამიტომ მისი ფერწერაც და პოეზიაც სამყაროს იდუმალების ბურუსშია გახვეული, ბურუსიანია მისი ლექსების მთაგორიანი რელიეფი. ისეთი განცდა რჩება, რომ როგორც შეგირდი, ესმა ონიანი უფალმა გრანდიოზულ შემოქმედებით პროცესს, შესაქმის დღეებს დაასწრო და ესმამაც სამუდამოდ შეიგრძნო ნამდვილობის ფასი. ამიტომაც უყვარს მას ასე ძალიან სიტყვა ნამდვილი. 

მისი ნიჭის სეზონურობაც სხვადასხვანაირი ხილის მსხმოიარობით დაიყო და დაიტვირთა. ესმამ განსაცვიფრებელი სიყვარულითა და ერთგულებით გვიჩვენა როგორც ადამიანთა პორტრეტები – სვიმონ ბაბუათი დაწყებული, მშობლების, მეგობრების, ახლობლების, ნათესავების, ისე ღობეში გაჩრილი სამხედრო, მსხვილბალთიანი ტყავის ქამრისა, სიოს ყოველ წამოქროლებაზე, შუაგულ იდილიაში, ომის სევდიან განწყობას რომ მოიყოლიებს. მიწაზე ჩამოვარდნილი გულაბის სიტკბოებითა თუ დამსკდარი ბროწეულების ძოწისფერი თვლებით, სხვადასხვა ინტონაციებით, არქაული, ხორხისმიერი სვანური ხმებით, მზისა და სიცოცხლის საგალობლებითა თუ მიღმიურ სამყაროში გასაცილებელი ზარების გუგუნით სავსეა ესმას პოეზია, ან კი რით არაა სავსე, რომელი განცდითა და ტრაგიზმით. აღარ იცი, რომელ ტროპზე, მეტაფორაზე, რომელ სტრიქონზე შეჩერდე ფუტკარივით, რომელ ფერში შეხვიდე, შეცურდე, ჩაყვინთო, რომელი შედევრით მოიხიბლო…

ესმას აქვს ერთი საოცარი ლექსი (ლექსი თუ პოემა, არც კი ვიცი, რა დავარქვა) „გარდუვალი სიყვარული ქალების წყევლით“, რომლის ბადალი, ალბათ, იშვიათია არა მხოლოდ ქართულ პოეზიაში. წყევლად დამდგარი პირქუში ქალები ქვის უდაბნოში თითქოს თავადაც ქვებად ქცეულნი, მუხლებზე დაცემულან და წარმართული გახელებით შესთხოვენ ქვის სულებს მოღალატე ქმრების დასჯას, მათი მომაჯადოებელი სატრფოს დანაცვრას. ეს ლექსი თავისთავში ერთდროულად იკრებს და იტევს ყველა შეყვარებული და მიტოვებული ქალის ენერგიას, კოსმოსში განფენილს. საშიში და ავბედითია ეს შეკრება, როგორც მედეას სისხლიანი გაგიჟება. მთელი პოემის მანძილზე წყევლა გადმოსჩქეფს უფსკრულიდან შავ ჩანჩქერებად, შავი მარგალიტი თოვს ამოღამებული თვალებიდან, გაშლილი თმის ძაძათა ფონზე დემონებთან შეკრული ავბედითი შურისძიების მწარე შხუილები მოისმის და ასე უსასრულოდ ესმას პოეზია ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს, იმდენნაირი გრძნობა, ფიქრი, აზრი, ემოციაა ჩვენს თვალწინ გადაშლილი, სამყარო თავისი უთვალავი ფერით…

ეს გამოსვლა მინდა გავასრულო ერთი ფრანგი მოაზროვნის სიტყვებით:

„მე-19 საუკუნეში, როცა დაიმსხვრა ფორმა-ჩარჩოები, ტრადიციები და ადამიანმა მოიპოვა აზრის თავისუფლება, მოსალოდნელი იყო, რომ თავისუფლებასთან ერთად ბუნებრივად იფეთქებდა სიხარულის განცდა, მაგრამ განა გამაოგნებელი არ არის, რომ მთელი მე-19, მე-20 საუკუნეების ფრანგულ პოეზიაში ამ განცდას ვერსად ნახავთ?! კი, ვხვდებით ზოგჯერ სიამოვნებისა და კმაყოფილების შეგრძნებას, მაგრამ არა სიხარულს!..

უსიხარულობა, ჩემი ღრმა რწმენით, არარელიგიურობიდან, უღმერთობიდან მოდის. თვით გენიალურ პოეტებსაც კი ხშირად არ შეეძლოთ სიმშვიდისა და ჰარმონიის მოტანა ჩვენთვის, რადგან არ გააჩნდათ ღმერთის განცდა“…

წლებთან ერთად ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად გამწვავდა და არა მხოლოდ ფრანგული პოეზიისათვის. უაღრესად აქტუალური გახდა იგი დღევანდელი მსოფლიოსათვის. 

ოდესღაც ღირსებითა და სიხარულით სავსე საქართველოც თანამედროვე სამყაროს ნაწილია და ჩვენ, ყველანი ერთად, ვაკვირდებით რწმენისა და სიყვარულით სავსე ბიბლიური ჭებიდან როგორ ჩუმად, ნელნელა მიიპარებიან მაცოცხლებელი წყლები.  

ესმა ონიანის რანგის პოეტები, ამ წყლებს აჩერებენ, აყოვნებენ, გაქრობის საშუალებას არ აძლევენ. ყველაზე დიდი გვალვების ჟამს კი თავად მოედინებიან წვიმებად და მაცოცხლებელ წყლებად.   

ესმას შემოქმედება არც წარსულს ეკუთვნის და არც მხოლოდ მომავალს. იგი ჩამავალ თუ ამომავალ მზესავით მარადიულია. ყველას თავის ესმა ჰყავს, ყველას თავისი გაოცება ელოდება დიდ ხელოვანთან შეხვედრისას.

ჩვენ კი დღეს, ამ მშვენიერ საგამოფენო დარბაზში შეკრებილები, კიდევ ერთხელ მოვხვდით ესმა ონიანით გაოცების დღესასწაულზე და ვხარობთ. 

თემები