ფილმი
სიცოცხლესთან თამაშის სამი ასაკი
ფილმები თვითმკვლელობაზე, რომლებიც ცხოვრებას მოგანდომებენ
რეჟისორები ფრთხილობენ, როდესაც თვითმკვლელობის თემას ეხებიან: წინასწარ არ იცი, როგორი გამოძახილი შეიძლება მოყვეს ფილმს. თუ სურათი ძლიერია, სათქმელი – აქტუალური და მსახიობი – კარგი, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ფილმმა სუიციდის რომანტიზება მოახდინოს და თვითმკვლელობათა სერია გამოიწვიოს. ასე მოხდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდული სერიალის „13 მიზეზი, რატომ“ (13 Reasons Why, 2017) ნეტფლიქსზე გამოსვლის შემდეგ. იგივე ბედი გაიზიარა მუსიკალურმა დრამამ „და იშვა ვარსკვლავი“ (A Star is Born, 2018), რომელიც ლედი გაგას და ბრედლი კუპერის ძლიერი სამსახიობო დუეტით იყო შთაგონებული.
თუმცა ჩემს ერთ დაკვირვებას გაგანდობთ: კინემატოგრაფში (ისევე, როგორც ცხოვრებაში) ორი ტიპის სუიციდია ძირითადი. ერთი მათგანი პირადი მიზეზების გამო ხდება, მეორე კი -იდეისთვის.
პირადი მიზეზებით გამოწვეული სუიციდის თემის საკუთარ თავთან გაიგივება ძალიან იოლია: დაღლა ცხოვრებისგან, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ძალადობა, მიუღებლობა, სასოწარკვეთა, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენა და მრავალი სხვა, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში უამრავი ადამიანის რეალობას წარმოადგენს. როდესაც მსგავს რეალობაში მყოფი ადამიანი, რომელიც უკვე ისედაც ახლოსაა ფატალურ გადაწყვეტილებასთან, უეცრად ნახულობს ფილმს, სადაც მას მიმსგავსებული პერსონაჟი – მასზე უკეთესიც კი – სუიციდურ ნაბიჯს დგამს, ეს თითქოს არწმუნებს კიდეც ამ გადაწყვეტილების სისწორეში.
მაგრამ როდესაც თვითმკვლელობა ხდება რაღაცა იდეის გამო, იდეის განსამტკიცებლად, იდეის უპირობო გამარჯვებისთვის, მაშინ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თავად იდეა და არა – უშუალოდ სუიციდის ფაქტი. პერსონაჟის თვითმკვლელობა ეკრანზე განამტკიცებს იდეის უზენაესობას ჩვენს რეალობაში, და მეტ შთაგონებას გვაძლევს იმისთვის, რომ ეს იდეა განვახორციელოთ. ამისთვის კი უნდა ვიცოცხლოთ!
დიდხანს ვფიქრობდი, რომელი ფილმები მომეშველიებინა და შეგნებულად ვთქვი უარი იაპონური კინემატოგრაფის მაგალითებზე. იაპონური ისტორია და კულტურა არის ბრწყინვალე ნიმუში იმისა, თუ როგორაა “სუიციდი იდეისთვის” აყვანილი სრულიად სხვა – ყოველდღიურ -რანგში: ჰარაკირი ყოველთვის ითვლებოდა ღირსებასთან დაკავშირებულ აქტად. თუ სამურაის ღირსება ელახებოდა, ჰარაკირით თავის მოკვლა ერთადერთი გამოსავალი იყო და უმეტესად საჯაროდ ხორციელდებოდა. თუ შეყვარებულებს რამე მიზეზის გამო არ შეეძლოთ ერთად ყოფნა, ისინი ორმაგ თვითმკვლელობას მიმართავდნენ – ან ვულკანის კრატერში ხტებოდნენ, ან რამე სხვა დიდი სიმაღლიდან. იაპონიაში დღემდე არსებობს პატარა სასტუმროები ასეთ ადგილებში, სადაც შეყვარებული წყვილი ბოლო ღამეს ატარებს ერთად, რომ დილით ადრე მზის ამოსვლისას სასტუმროც დატოვოს და ამქვეყნიური ამაოებაც.
გადავწყვიტე, გამომეჩინა ქალური სოლიდარობა და შემეჩერებინა ყურადღება სამ ფილმზე, რომელშიც სამ სხვადასხვა ასაკში მყოფმა ქალებმა იდეის უზენაესობისთვის საკუთარი სიცოცხლე უნდა დათმონ. მაშ ასე:
ტელმა და ლუიზა (Thelma and Louise) – (1991)
რიდლი სკოტის მიერ გადაღებული დრამა 40-ს გადაცილებული ორი დაქალის სახლიდან გაქცევისა და მათი თავგადასავლების ამბავს მოგვითხრობს. ტელმა (ჯინა დეივისი) და ლუიზა (სიუზენ სარანდონი) დიდი ხნის მეგობრები არიან, პატარა ამერიკულ შტატში ცხოვრობენ თავიანთ ჯიჯღინა კაცებთან ერთად და არაფრით გამოირჩევიან, ერთი ოფიციანტად მუშაობს, მეორე – დიასახლისია. ერთხელაც თავში მოუვათ, არაფერი თქვან სახლში და უიქენდზე სათევზაოდ გაიპარონ, გაერთონ, დალიონ, იცეკვონ… და მერე დაბრუნდნენ იქ, სადაც იციან, რომ მოხვდებათ. მაგრად მოხვდებათ. მაგრამ პროტესტის პირველი ნაბიჯიც ხომ სწორედ ესაა: საკუთარი შეცდომების უფლების მოპოვებისთვის გადადგმული ნაბიჯი. პირველივე საღამოს ერთ-ერთ ბარში ტელმას გაუპატიურებას ვიღაც მთვრალი კაცი შეეცდება, დაქალი ლუიზა გამოესარჩლება და… მოძალადეს შემთხვევით მოკლავს.
აქედან იწყება ფილმის მთელი პერიპეტიები, როდესაც სახლში უბრალოდ დაბრუნება გადაიდება… გადაიდება სამუდამოდ. უნებურ მკვლელობას უნებური გაქცევა მოყვება, შემდეგ – უნებური ქურდობა, შემდეგ – პოლიციელებთან უნებური დაპირისპირება.. ფილმი მძაფრსიუჟეტიანია, ცხადია, რიდლი სკოტი სხვანაირს ვერ გადაიღებდა, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ეს ფილმი აქტუალურია თუნდაც იმით, რომ მთავარ როლებში სწორედ ქალები არიან. 2000-იანებში დიდი ქალი მსახიობები თავიანთი ტალანტისა და ღირსების აქტივისტები გახდნენ: მერილ სტრიპი, ჯენიფერ ლორენსი, ჯოდი ფოსტერი და ანჯელინა ჯოლი მამაკაც პარტნიორებთან თანასწორი ჰონორარის მოთხოვნებით გამოვიდნენ. მაგრამ ამ იდეისთვის ბრძოლის ფესვები კი მაშინ ჩაიყარა, როცა რიდლი სკოტმა ტელმა და ლუიზა სათევზაოდ გაამგზავრა.
და აი, ფინალური სცენაც, სადაც მანქანაში მყოფი ტელმა და ლუიზა კრატერის პირას არიან მიმწყვდეულები და შტატის პოლიციას ალყა აქვს მათთვის შემორტყმული. მიკროფონით მათთვის უკვე კარგად ნაცნობი დეტექტივი (ჰარვი კეიტელი) ესაუბრება: რომ მანქანიდან გადმოვიდნენ, რომ იარაღი დაყარონ (დიახ, ამ ეტაპზე უკვე იარაღიც აქვთ). რომ დანებდნენ.
მართლაც, რა მოხდება, მანქანიდან დიასახლისი ტელმა და ოფიციანტი ლუიზა რომ გადმოვიდნენ? რა მოხდება მათ ცხოვრებაში იმაზე საშინელი, ვიდრე არის წინ – პირდაღებული კრატერი? მკვლელობაში გაამართლებენ, რადგან თავდაცვა იყო, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და გაქცევა ეგეთი მძიმე დანაშაულიც არაა, და თან პოლიციას ხომ საქმე ორ 40-ს გადაცილებულ დიასახლისთან აქვს. შეიტანენ გირაოს და ყველაფერიც მოგვარდება.
დაბრუნდებიან სახლში ტელმა და ლუიზა, თავიანთ ჯიჯღინა კაცებთან, რომლებიც ახლა უფრო ჯიჯღინები გახდებიან, დაბრუნდებიან თავიანთ ჩინური აბრეშუმის ხალათებში და კაფეში, რომელშიც მუშაობის დროს სიგარეტის მოწევაც შეიძლება.
მანქანით კრატერში გადაშვების გადაწყვეტილება მოდის წამებში, და ესაა სიცოცხლის დათმობის იდეა თავიანთი ახალშეძენილი თავისუფლების არ-დათმობის გამო. ძველი ცხოვრება მათთვის არათუ მიუღებელია, არამედ – უბრალოდ შეუძლებელი.
დასაწყისი (Inception) – (2010)
160 მილიონიანი ბიუჯეტის ფილმი “ვორნერ ბრაზერს“-ის პროდუსერებმა ვარსკვლავებით გაძეძგეს. თუ „ტელმა და ლუიზას“ სცენარისტისთვის, კალი ხურისთვის, ეს კინოდებიუტი იყო (რომელმაც პირველი ოსკარი მოუტანა), „დასაწყისის“ საკმაოდ კომპლექსური სცენარი ჰოლივუდის აღიარებულ რეჟისორს, კრისტოფერ ნოლანს მიანდეს. კრისტოფერ ნოლანი თავის თანამწერლად ძმას, ჯონათან ნოლანს, ასახელებს, რომელიც დიალოგების გენიოსადაა ცნობილი, მაგრამ ოფიციალურად ამჯობინებს, ძმის სახელს ამოეფაროს.
ამ თითქმის სამსაათიან დაძაბულ ტრილერში რამდენიმე ხაზია, და მთავარი არის დომ კობის (ლეონარდო დიკაპრიოს) სიურრეალისტური უნარი, შეაღწიოს სხვის სიზმრებში და იქიდან ინფორმაცია გამოიტანოს. კობი კორპორატიული სამყაროს მაღალანაზღაურებადი ჯაშუშია, მას ოფიციალურად ქირაობენ, რათა ქვეცნობიერში ძილის დროს მოხვედრისას კონკურენტის საიდუმლოები გაიგოს. კობის დრო აქვს მანამ, სანამ ადამიანი მიხვდება, რომ ძინავს და გაღვიძებას გადაწყვეტს.
გაღვიძების ერთ-ერთი, და ხანდახან ერთადერთი, მეთოდი კი სიზმარში სიკვდილია.
ფილმის განმავლობაში აქა-იქ ვხედავთ კობის გარდაცვლილ მეუღლეს, მელის, 30-იოდე წლის მომხიბლავ ბრიუნეტს ჰიპნოტური თვალებით, რომელიც მის სიზმრებში დაუკითხავად ჩნდება და თითქოს ატერორებს კიდეც.
კობის სიზმრებში მელი, რომელმაც ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა, კობისგანაც იმავეს ითხოვს.
ირკვევა, რომ დიდი ხნით ადრე კობიმ თავისი უჩვეულო ნიჭი ოჯახის მარადიულობისთვის გამოიყენა: აგებდა ჯადოსნურ სიზმარს, არქიტექტურულად უბადლოს ხდიდა მას და ამ სიზმარში წყვილი ულამაზეს ცხოვრებას განვლიდა, ერთად ბერდებოდა, და შემდგომ ერთად იკლავდა თავს.
რათა ისევ ძველ ცხოვრებაში გაეღვიძათ, რომელშიც მხოლოდ ერთი ღამე თუ იქნებოდა გასული. ბრუნდებოდნენ, რათა ისევ ახალი სიზმარი შეექმნათ.
რაღაც ერთ მომენტში კი კობის მეუღლე კარგავს რეალობის შეგრძნებას, და დაჟინებით ითხოვს მეუღლისგან ორმაგ თვითმკვლელობას, რადგან დარწმუნებულია, რომ სიზმარშია და ეს ყველაფერი არაა ნამდვილი: არც კობი, არც ბაშვები, არც თავად.
როგორი უნდა ყოფილიყო ქალი, რომელიც ამ როლს შეასრულებდა? ტრაგიკული, მოსიყვარულე, ყვავილივით?
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჰოლივუდის ვარსკვლავები ბედნიერები იქნებოდნენ, ნოლანის ფილმში მოხვედრილიყვნენ და ლეონარდო დიკაპრიოსთვის პარტნიორობა გაეწიათ, რეჟისორმა არჩევანი საფრანგეთის ამომავალ ვარსკვლავზე, მარიონ კოტიარზე შეაჩერა.
ნეტავ სიმართლეა ის, რომ ფრანგი ქალები სხვანაირები არიან? სიმართლეა ის, რომ უფრო ქალურები არიან, უფრო მგრძნობიარეები, უფრო დახვეწილები, უფრო გარყვნილები და უფრო გულწრფელები? შეიძლება მართალია, რადგან სწორედ ასეთი მსახიობი სჭირდებოდა ამ როლს. მარიონ კოტიარის მელი იმიტომ კი არ ცდილობს თავის მოკვლას, რომ რეალობას გაექცეს, არამედ იმიტომ – რომ რეალობას დაუბრუნდეს. არადა, მისი ცხოვრება უკვე იმდენად ლამაზია სინამდვილეში, რომ ძალიან ემსგავსება სიზმარს. დიკაპრიოს კობი კი, თავის მხრივ, მყარად დგას მიწაზე და ძალიან მკვეთრი ზღვარი აქვს გავლებული ილუზორულსა და სინამდვილეს შორის. ნამდვილი არის მოხუცი მამა, ნამდვილი არის მისი შვილების სახეები, ნამდვილი არის მისი მეუღლის გარდაცვალება, რომელსაც უნდა შეეგუოს და რომლითაც უნდა იცხოვროს: თუმცა ყოველთვის შეუძლია, ააშენოს ლამაზი სიზმარი და იქ გააგრძელოს ცხოვრება თავის მშვენიერ მელთან – როგორიც ის ახსოვს და როგორიც ყავს გამომწყვდეული მეხსიერების ციხეში. საბოლოო ჯამში ხომ მათ ორივეს ერთი და იგივე უნდათ – იყვნენ ბედნიერები ნამდვილ, და არა გამოგონილ რეალობაში.
ხანდახან „თვითმკვლელობა იდეის გამო“ თავად იდეას აყენებს კითხვის ქვეშ. და ღირს კი ეს იდეა სიცოცხლის დასათმობად? როგორ არ გამახსენდეს „ლურჯი ვეშაპის“ სასტიკი ვიდეო თამაში, რომელსაც მიზანმიმართულად მიყავხარ თვითმკვლელობისკენ, როგორც რაღაცის დამტკიცების აქტისკენ. და ღირს კი ის იდეა, რომელსაც ამტკიცებ, ამ ყველაფრად? ამაზეა მესამე ფილმი, რომელიც 19 წლის „სუისაიდ-ბომბერ“ გოგონაზე მოგვითხრობს.
დღე ღამე, დღე ღამე (Day Night Day Night) – (2006)
ეს მინიმალუსტური, დაბალბიუჯეტიანი სურათი ამერიკელი რუსი ემიგრანტის, ჯულია ლოკტევის მიერაა დაწერილი და გადაღებული. ჯულია ბავშვი იყო, როდესაც ოჯახი რუსეთიდან ნიუ იორკში, ბრუკლინში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამ მეტად სპეციფიური ფილმის არსებობა შეიძლება არც გამეგო, 2009 წელს, ნიუ იორკის ფილმის აკადემიის დამთავრების შემდეგ, ჯულიას ინტერნი რომ არ გავმხდარიყავი. ისტორია, რომელიც ამ ფილმშია ასახული, თითქმის თინეიჯერი გოგონას თვალითაა დანახული, რომელიც მისიითაა აღჭურვილი: დათქმულ დღესა და დათქმულ საათზე დეტონატორი უნდა აისხას ტანზე და ნიუ იორკის ცენტრში, თაიმს სქვერზე, თავი აიფეთქოს.
უცნობია ტერორისტთა დაჯგუფება, ქვეყანა, იდეაც კი – თითქოს რა მნიშვნელობა აქვს იმ იდეას, რომელიც უდანაშაულო ხალხის უაზრო სიკვდილს ემსახურება. 19 წლის გოგონა (ლიზა უილიამსის კინო-დებიუტი) გასაიდუმლოებულად ჩამოყავთ, ფილმი თითქოს ორ ნაწილადაა გაყოფილი: პირველი ნაწილი მისიისთვის მომზადებას ეძღვნება ნიუ ჯერსის იაფი სასტუმროს მინიმალისტურ ოთახში. აქ დრო თითქოს არ გადის და წყლის ხმაც კი გასროლასავით ისმის.
მეორე დღეს კი უნდა შედგეს მისია და ვინაიდან ეს მის ცხოვრებაში ბოლო დღეა, გოგონას აძლევენ დროს და ფულს, რომ კარგად ისადილოს, რაც ენატრება, მოისურვილოს, და ბოლოს გაემართოს იქ, სადაც მისია უნდა აღასრულოს.
გასაოცარი, ჯერ უნახავი სამყარო გადაიშლება უეცრად ამ პატარა გოგონას თვალწინ მეორე დღეს, როდესაც ნიუ იორკის ცხოვრებით სავსე ქუჩებში გააბიჯებს: უამრავი ფერით, ხმაურით, ხალხით, სხვადასხვა ამბებით, კამფეტებით, ბამბის ნაყინით, ბავშვებით, კარგი თუ ცუდი ადამიანებით, რომლებიც უბრალოდ ცხოვრობენ… და იდეა იმისა, თუ რატომ უნდა დაასრულოს სიცოცხლე ამ თინეიჯერმა დღეს და აქ, უბრალოდ მნიშვნელობას კარგავს და უაზრობას ემსგავსება. რატომ არ შეიძლება მას თვითონ ქონდეს ასეთი რეალობა? რატომ არ შეიძლება, რომ ჩაიცვას ზოლიანი წინდები? და რა მოხდება, თუ არჩევს სიცოცხლეს იმ იდეის სანაცვლოდ, რომელსაც არც კი იზიარებს. არც კი ესმის. და უკვე არც კი ეთანხმება.
ამ გოგონას სახელიც კი არ აქვს, ისევე როგორც არა აქვთ სახელები მისნაირებს.
მაგრამ მის სახელს იკითხავენ. და გაიგებენ. გაიგებენ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც იგი საკუთარ მოსაზრებებს, საკუთარ იდენტობას დააყენებს სისტემაზე მაღლა – სისტემაზე, რომელიც უნერგავს, რომ იგი მხოლოდ იმიტომაა რჩეული, რომ ამ მისიისთვის შეარჩიეს. თავად მისია კი არაა მისი საქმე, რადგან რა აზრი აქვს, ესმის ამ გოგონას ხალხის სწორედ იქ სწორედ იმ საათზე აფეთქების მნიშვნელობა თუ არა.
და უეცრად ის რაღაც დიდი იდეა ქრება და ფერმკრთალდება ამ გოგონას ცხოვრების ღირებულებასთან შედარებით. ძალაგამოლეული პატარა ფიგურა, დიდი ზურგჩანთით, კედელს მისვენებული, უკვე ნიშანია ახალი, ძლიერი პიროვნების, სახელიანი ქალის დაბადებისა, რომელმაც თავისი ცხოვრება რაღაც აბსტრაქტულ იდეაზე მაღლა დააყენა, ვინაიდან ეს იდეა ითხოვდა სიკვდილს, სისხლს და ძალადობას. და თვითმკვლელობას.
როდესაც ასეთ ფილმებს ვუყურებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხატვრული ნამუშევარია და ყოველთვის რაღაც სხვა რამის თქმას ცდილობს, ვიდრე პირველი შეხედვით შეიძლება გვეგონოს. ყოველი კარგი რეჟისორი ცდილობს, სუიციდის თემა რაღაც იდეის გასატარებლად გამოიყენოს და არამც – თავად ამ სუიციდის პროპაგანდისთვის. ვისიამოვნოთ ხელოვნებით, დავფიქრდეთ ნანახზე და მივცეთ უფლება კარგ კინოს, მხოლოდ კარგ კინოდ დარჩეს.