ჩემი დაქალები
თამარ გუნაშვილი

16 სეზონი, თითქმის 800-მდე სერია, ნახევარ მილიონამდე დარეგისტრირებული ფანი, 8 წელი, 2 ტელევიზია, ერთი შემოქმედებითი გუნდი…

… ჩემს სასკოლო პერიოდში, 80-იანების თბილისში, „კარგად ვიცნობ“ გოგონა სხვა იყო, „ახლოს ვართ“ გოგონა – სხვა და „დაქალი“ კიდევ – სულ სხვა.

„დაქალის“ განმარტება: ძალიან შინაური, ყველა საიდუმლოს მცოდნე, ტელეფონზე ორ საათამდე მოსაუბრე, ყოველდღიურობის ნაწილი „ქალის მეგობარი ქალი“. დაქალს უყვარს შენზე ნერვიულობა, უხერხული კითხვების დასმა, ამ კითხვებზე არ-პასუხის შემთხვევაში განაწყენება, ძილის წინ დარეკვა და დღის მიმოხილვა. დაქალს შეიძლება თხოვო ყველაფერი, ლილოს ბაზრობაზე წაყოლით დაწყებული, რესტორნის ტუალეტის კართან დარაჯობით დამთავრებული. დაქალთან შეიძლება ხმამაღლა იხარხარო – ისე, როგორც სხვაგან მოგერიდება; დაქალთან შეიძლება სხვა დაქალები განიხილო ისე, რომ იცოდე, რომ მერე შენც განგიხილავს, მაგრამ არ გეწყინება. დაქალს შეიძლება უთხრა „შენს ქმარსაც არ უთხრა, რა“, და იცოდე, რომ ეტყვის, მარა მაინც არ გეწყინება. დაქალს შეიძლება დაუტოვო ბავშვი და თხოვო, დედამთილს არ უთხრას, რადგან დაქალს უფრო ენდობი. და იცოდე, რომ არ ეტყვის.

დაქალს შეიძლება ეთხოვო კაბა, შარვალი, საყურე, თმის სამაგრი, ტელეფონი, მანქანა, პომადა, სუნამო, ბიგუდები, სახის კრემი, ქმარი ავეჯის გადასაადგილებლად, თუ საკუთარი არ გყავს. დაქალს შეიძლება თხოვო დაესწროს ყველა მისთვის უინტერესო ღონისძიებას შენთან ერთად მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შენთვისაც უინტერესოა. დაქალთან ერთად შეიძლება (და უნდა) დალიო ყავა სადაც და როდესაც შეიძლება, წახვიდეთ შოპინგზე და არ იყიდოთ არაფერი, მერე კი განიხილოთ ყველაფერი, რაც არ იყიდეთ ტელეფონით.

„სერიალი აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ქარაფშუტა კატოს, დიასახლისი ნინასა და ფემინისტი თინას ცხოვრებას…“ – ასე უპრეტენზიოდ წარადგინა ფორმულა კრეატივმა თავიანთი ახალი სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ტელეკომპანია რუსთავი2-ზე 2011 წელს.

ამერიკაში დაახლოებით იგივე პერიოდში ორი ყველაზე საკულტო კომედიური სერიალი გადიოდა:

F.R.I.E.N.D.S (“მეგობრები“) – 1994-დან 2004-მდე გადიოდა. 8 წელი, 10 სეზონი, 236 სერია (20 მილიონი ფანი ფეისბუკზე). სერიალი ექვსი ნიუ იორკელი მეგობრის ურთიერთობს ეხებოდა, პირადი თუ სამსახურეობრივი პერიპეტიების აქცენტირებით.

Sex and the City („სექსი დიდ ქალაქში“) – 1998-დან 2004-ის ჩათვლით იყო ეკრანზე: 6 წელი, 6 სეზონი, 94 სერია (14 მილიონი ფანი ფეისბუკზე). ეს სერიალი ოთხი დაქალის ცხოვრებას აღწერდა ნიუ იორკში, მათ სექსუალურ თუ რომანტიული ცხოვრებაზე ფოკუსირებით.

არცერთ სერიალში დიდად არ იგრძნობოდა სოციალური თუ პოლიტიკური თემატიკა ან სიმწვავე.

ქართული კომედიური სერიალი „შუა ქალაქში“, რომელიც 2007-დან 2009-მდე გადიოდა ტელეკომპანია „იმედზე“, უფრო „ფრენდს“-ს მოგვაგონებდა: ერთი სამეგობრო-სანათესაო-სამეზობლო წრე, სტუდიური ჩაწერა. იმდროინდელ საქართველოს „შუა ქალაქში“ სალბუნივით დაედო: ამოატივტივა მეხსიერებიდან ისეთი ქალაქი, როგორშიც ოდესღაც ვცხოვრობდით – ქალაქი ომამდე. ქალაქი შიმშილამდე. ქალაქი უშუქობამდე. „შუა ქალაქს“, მახსოვს, როგორც წამალს, ისე ვიღებდი: ყველაზე დიდი პრობლემა რომ შეკედლებული ნათესავი დათოსთვის ბინის მოძებნა იყო, ისეთი თბილისი მენატრებოდა.

„ჩემი ცოლის დაქალებმა“ კი თავდაპირველად ისე შემოგვიღეს კარი, როგორც „სექსი დიდ ქალაქში“-ს ქართულ რეალობაში გადმოტანილმა სახეებმა. პირველ ორ სეზონს თითქოს არც ქონდა ისეთი სიმწვავე, მეამბოხეობა, პრინციპულობა თუ ეპატაჟი, როგორადაც დღეს ვიცნობთ – საკულტოს.

საკულტო  – განისაზღვრება თავგადაკლული, ემოციური ფანების მიმდევრობით. აქვს სამი სახასიათო მაჩვენებელი:

ა) ფილმის ან სერიალის მრავალჯერ ყურება

ბ) დიალოგების დამახსოვრება და ციტირება ყოველდღიურ ცხოვრებაში

გ) აუდიტორიის ჩართულობა სიუჟეტისა და გმირების განვითარებაში

დღესდღეობით „ჩემი ცოლის დაქალები“ საკულტო სერიალია. ყოველი სერია ფანებს გაცხრილული აქვთ კადრებად, აკეთებენ გიფებს (მოძრავ სურათებს), მიმებს (კადრებს სლოგანით), ვიდეო-კოლაჟებს ამოჩემებული პერსონაჟების მონაწილეობით.

ციტატებს სერიალიდან ისინიც კი ამბობენ, ვინც სერიალს არ უყურებენ. მარტო „უნგრული დეპრესია“ რად ღირს, ან „არამეული ჩიხირთმა“.

აუდიტორიის ჩართულობაზე კი თითქმის ნახევარ მილიონიანი ფეისბუკის მხარდამჭერთა არმია მეტყველებს, რომელიც ყოველი სერიის დადებისთანავე დებატებსა და პროგნოზებში ერთვება.

მაინც როგორ იქცევა სერიალი საკულტოდ? ეს არაა მხოლოდ პოპულარობა, და არც მხოლოდ – რეიტინგი. მოდით, დავშალოთ სერიალი შიგნიდან, როგორც ძველი ტელევიზორი, რომ ვნახოთ, როგორაა შიგნიდან მოწყობილი. რა არის მთავარი, რაც ასე გამოარჩევს.

პერსონაჟები? დიახ, „ჩემი ცოლის დაქალები“ პერსონაჟ-ცენტრისტული სერიალია. სიუჟეტური ხაზი, როგორც ასეთი, არ არსებობს, არამედ არსებობენ ამბები იმ პერსონაჟების შესახებ, რომლებიც გვიყვარს. ან გვძულს.

იცით, როგორ ჭორაობენ დაქალები? ჭორაობას ვეძახით, თორემ სინამდვილეში ეს საერთო ნაცნობებზე ამბების მოყოლაა. აქედან მოდის ხოლმე „დაუსწრებლად გიცნობთ“ შეგებება ადამიანის, რომელზეც ხშირად ვისმენთ ამბებს. ვინც არ გვიყვარს, იმათზეც გვიყვარს ამბების მოსმენა.

აი, ვინც სულერთია, იმათზე ლაპარაკში დროს კი აღარ ვხარჯავთ. ისინი ქრებიან ჩვენი საუბრებიდან, როგორც ქრებიან პერსონაჟები „ჩემი ცოლის დაქალებში“. ისინი აღარ არიან აქტუალურები, რადგან მათზე ამბებს დაქალები ერთმანეთს აღარ უყვებიან. აღარ ვუყვებით.

პერსონაჟების გამოძერწვა იწყება ეპიზოდური როლებიდან, უამრავი ხასიათი, რომელიც შეიყვარა მაყურებელმა, თავიდან გაქრობის დიდი პოტენციალით შემოვიდა თხრობაში. ისინი არ ქმნიან ამბებს, არამედ აფორმებენ მათ, როგორც  ნაძვის ხეს – ძველებური ბურთები: თამარა ჩაგანავა, ქართულ-რუსულად მოლაპარაკე ძირძველი ვაკელი ქალბატონი; სიგარეტის ხელიდან გაუგდებელი ვაკის მეორე „კრასავიცა“ ვიკა; ძველბიჭობაში ჩარჩენილი ნიკა თოიძე… ყველა ეს პერსონაჟი არაა დაცინვა, არაა პაროდია, არამედ სიყვარულიანი „რა გჭირს, შე ჩემა, ვღადაობ“. ამ ფრაზით გამოდიოდნენ ხოლმე უხერხული სიტუაციიდან ჩემი უბნელი ბიჭები, ერთმანეთზე ღლიცინში რომ უცებ მტკივნეულ თემას გაკრავდნენ ხოლმე კბილს და მერე დამნაშავედ გრძნობდნენ თავს, რაღაცნაირად მოგითათუნებდნენ ხელს ზურგზე და „ვღადაობ“ სიყვარულის ძუნწ და ერთადერთ გამოხატვად გადაიქცეოდა.

მაგრამ მხოლოდ პერსონაჟები და მათზე ამბები არაა „ჩემი ცოლის დაქალების“ წარმატების მიზეზი.

ლექსიკა? დიახ, ლექსიკა ძალიან ზუსტი და მჭრელი იარაღია პერსონაჟის შესაქმნელად. როგორც სკულპტორს უჭირავს ხელში საჭრეთელი და ცვილის ფიგურას ხელის ოდნავი მოძრაობით ანიჭებს ზედმიწევნით რეალურობას, ისე იყენებენ შემქმნელები ყოველი პერსონაჟის ლექსიკას – ოსტატურად, როგორც მოქანდაკის ერთ-ერთ ხელსაწყოს.

როდესაც ენტონი ბერჯესმა 1962 წელს „მექანიკური ფორთოხალი“ დაწერა, გადაწყვიტა მომავალში მცხოვრები ახალგაზრდა სადისტისთვის სახასიათო ლექსიკა გამოეგონებინა. თან ინგლისური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჟარგონი რისი ჟარგონია, რომ ყველას ესმოდეს, ახალი სლენგი უნდა შეექმნა. ამიტომ ალაგ-ალგ რუსულ სიტყვებს წერდა ლათინური ასოებით, რაც ინგლისურენოვანი მკითხველისთვის ისე ჟღერდა, როგორც ფუტურისტული ქუჩური ჟარგონი.

როდესაც 2004 წელს მელ გიბსონმა „ქრისტეს ვნებანი“ გადაიღო, საგანგებოდ მოახდინა არამეული ენის რეკონსტრუქცია ავთენტურობის შესაქმნელად, რათა მისი პერსონაჟი უაღრესად დამაჯერებელი გამხდარიყო.

„ჩემი ცოლის დაქალების“ ვეტერანი პერსონაჟი, რაიონიდან ჩამოსული ბაქარ ორჯონიკიძე კილოსთან ერთად ძველ ხასიათსაც კარგავს; ის იცვლება ისევე, როგორც მისი ენა – მაღალფარდოვანი ფრაზები ისევე ხელოვნურია, როგორც ის იმიჯი, როგორსაც იქმნის. მხოლოდ დედასთან საუბრისას უბრუნდება თავისი კილო ბაქარს – ხდება ის, რაც სინამდვილეშია.

უწმაწურობა ისევე ხდება ჩვენი გმირების საუბრის აუცილებელი ატრიბუტი, როგორც ის ჩვენს ყოველდღიურობაშია – ახლა უკვე თამამად იგინებიან ჟურნალისტები პრაიმ ტაიმში, აგინებენ რესპოდენტებს ან პირიქით; პოლიტიკოსები აგინებენ ერთმანეთს ღია ეთერში. ამიტომ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, მოძველბიჭო ოლიგარქის, შავლეგო მადლიანის „თავზე დახურვა“ თითქოს იმაზე ნაკლებად გვჭრის ყურს, ვიდრე საბჭოთა დროს – ამ „ცუდი სიტყვების“ შემცვლელი „ვიგინდარა“ და „გარეწარი“. მე მგონი, 12+ შეგნებულად არ ადევს სერიებს. ამით სერიალის შემქმნელები თითქოს გვეუბნებიან, ჯერ თქვენ გაასუფთავეთ ენა და მერე ჩვენც შესაბამისად მოვიქცევითო.

და მაინც, არც ესაა მთავარი სერიალის წარმატებისთვის.

სიმწვავე? სოციალური თემატიკის გამოყენება? დიახ, სერიალის შემქმნელებს იმდენად უდევთ ხელი მიმდინარე მოვლენების პულსზე, რომ თუ წინა სეზონებში მომხდარს ასახავდნენ, ახლა თითქოს მოვლენებს წინ უსწრებენ. საეკლესიო სკანდალი ჯერ მე-16 სეზონში დაიწყო და მერე – ქვეყანაში; არაფრის გამკეთებელი პრეზიდენტი ჯერ „ჩემი ცოლის დაქალებში“ აირჩიეს და შემდეგ – საქართველოში.

მაგრამ არც ესაა მთავარი.

იმისთვის, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ საიდუმლო გავიგოთ, ალბათ სულ სხვა სერიალი უნდა გავიხსენო. თითქოს რომ არაფერი აქვს საერთო არც „ჩემი ცოლის დაქალებთან“, არც „მეგობრებთან“, კომედიაც კი არაა.  არამედ დეტექტივი.

ვისაც ჯერ არ გინახავთ, მაგრამ აპირებთ უყუროთ ჯესიკა ბილის მიერ 2017 წელს პროდიუსირებულ სერიალს „ცოდვილი“, გამოტოვეთ შემდეგი რამდენიმე პარაგრაფი, უნდა „დავასპოილერო“.

ახალგაზრდა ქალი კორა (ჯესიკა ბილი) თავის ქმართან და ბავშვთან ერთად პლიაჟზე ნებივრობს. სრული იდილიის ამსახველი სურათია. გვერდით ახალგაზრდათა დიდი ჯგუფი ხალისობს. კორა უეცრად დგება, იღებს დანას, მიდის ერთ-ერთ ახალგაზრდასთან და ყველას თვალწინ სასტიკად კლავს.

დაკავების შემდეგ ქალი ირწმუნება, რომ საერთოდ არ იცნობს ამ კაცს და არ იცის, ეს რატომ ჩაიდინა. ქმარი სასოწარკვეთაშია, დაცვას არგუმენტები არა აქვს.

უყურებ და ნერვებს გიშლის ეს ლამაზი ცივი ქალი, რომელსაც თითქოს ქმარიც ფეხებზე კიდია და ბავშვზეც დიდად არ დარდობს, იმდენადაა აპათიით შეპყრობილი.

დეტექტივი ჰარი ამბროზი (ბილ პულმანი) საქმის გამოძიებას იწყებს. იგი დარწმუნებულია, რომ ქალი მოკლულს იცნობდა, მაგრამ ძალიან დიდი ტრავმა არ აძლევს საშუალებას, გაიხსენოს, რა საშინელი წარსული აკავშირებდა ამ კაცთან.

იმისდა მიხედვით, რა ახსენდება ამ ქალს, ვიწყებთ გარკვევას იმაში, თუ რა მოხდა.

ჯერ კორას ახსენდება, რომ ამ კაცმა მის გულით ავადმყოფ დაზე იძალადა და მოკლა.

ყოველ შემთხვევაში, ასეთი კადრი აქვს ჩაბეჭდილი მეხსიერებაში.

შემდეგ კი ირკვევა, რომ მისი და შეყვარებული იყო ამ კაცზე.

სასიყვარულო სცენა ქონდათ და გული გაუხდა ცუდად.

ეს კაცი მის დახრჩობას კი არა, გადარჩენას ცდილობდა.

სერიალი გერმანელი ნოველისტი ქალის, პეტრა ჰამესფარის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება, რომელიც კალეიდოსკოპურად მონაცვლე პერსონჟებიდან არც ერთს წარმოგვიჩენს მხოლოდ ცუდ ან მხოლოდ კარგ ადამიანებად.

ყველა, ვინც თავიდან ცუდი გვგონია, პოულობს თავის თავში ძალას, აღმოჩნდეს თუ კარგი არა, სწორი და თუ სწორი არა, სინდისთან მართალი.

და მე მგონი „ჩემი ცოლის დაქალების“ ყველაზე ძლიერი მხარეც სწორედ ეს არის.

ახალი სეზონის ერთ-ერთ სერიაში სანი თოიძე, ახალგაზრდა ბიჭი, მეგობარს თავის ბებიას უხასიათებს და ეუბნება, ისე რა გითხრა, მაგრამ „გადამწყვეტ მომენტებში ჯიგარია, და მთავარი სწორედ გადამწყვეტი მომენტებიაო“.

„ჩემი ცოლის დაქალები“-ს ყველა გადმწყვეტ, მწვავე ან საჩოთირო სიტუაციაში ყოველი გმირი იქცევა ისე, როგორც ვერ ვბედავთ, რომ მოვიქცეთ.

ჰომოფობი უფროსი გიორგი სამსახურს კარგავს გეი თანამშრომელი თორნიკეს შევიწროვების გამო; ზაზა არ კლავს მოღალატე ცოლს, არამედ პატიობს და ურიგდება კიდეც; ტრანსგენდერი ნინო ქალის სამოსით ჩადის საყვარელი ბებიის პანაშვიდზე, თუმცა იცის, რომ გამოაგდებენ; ნინა თავისი ბლოგის წყალობით ქალაქის ქალებს რაზმავს, რომ მეგობარი გოგონა მოძალადე ქმრის სახლიდან წამოიყვანონ; პატარა ნიცა ბოდიშს უხდის ჯგუფელ ტასოს, რომ მისი სახელით ფეისბუკზე დაუფიქრებელი კომენტარი დატოვა…

„ჩემი ცოლის დაქალები“ გამბედაობაზეა.

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ წავიკითხე და ამიტომ ვერ გავიგე, „ყველაზე დიდი ცოდვა სიმხდალეაო“, რატომ ამბობდა რომანის პერსონაჟი იეშუა, იგივე იესო.

მაგრამ ჩამებეჭდა ტვინში და ხშირად ვფიქრობდი ამაზე.

როცა გავიზარდე, მაშინ მივხვდი.

ყველა სახის ცოდვას ან დანაშაულს რაღაცის შიში განაპირობებს: არ გამიგონ, სამსახურიდან არ გამათავისუფლონ, არ დავისაჯო, არ მომკლან, არ დამიჭირონ, არ გამკიცხონ, არ გადამიყვარონ…

„ჩემი ცოლის დაქალები“ რვა წელია, კვირაში სამჯერ გვიხატავს ალტერნატიულ საქართველოს, სადაც ადამიანები არ გაბოროტდნენ, არ გადაგვარდნენ, ბრაზობენ კიდეც, ტირიან კიდეც, მაგრამ აი, იმ „გადამწყვეტ მომენტში“, არ ამარჯვებინებენ შიშს, არამედ ამარჯვებინებენ სიყვარულს. მეზობლები კიბოთი დაავადებულ ნელიკოს საქველმოქდო კონცერტს უძღვნიან, ოლიგარქი გრიშა კაკაჩია მის მამობაზე მეოცნებე ბიჭს შვილად აცხადებს; ზაზას კი თურმე მოღალატე ცოლის პატიებაც შეუძლია და გაგებაც. ყოველი სეზონის ფინალი არის კიდევ ერთი იმედი იმისა, რომ იქნებ ამ სეზონის ამბებმა  ცოტათი მაინც რაღაცა შეცვალა ჩვენში უკეთესობისკენ. უფრო გამბედავები გაგვხადა. უფრო შემწყალებლები. აი, იმ გადამწყვეტ მომენტში – უფრო მოსიყვარულეები.

რადგან ყოველი შემდეგი სეზონის დაწყებისთვის საქართველო შეიძლება არ გაბრწყინდეს, მაგრამ ცოტათი, სულ ცოტათი უკეთესი გახდეს.

ჰოდა, ამიტომ „ჩემი ცოლის დაქალები“ მარტო დათოს ცოლის კი არა, ჩემი დაქალებიც არიან.

თემები