ესთეტი
ნინო კასრაძე რუბრიკა “ესთეტში”
ჩემი სტილის მახასიათებელი ელემენტია: ამ საკითხზე ბევრი არ მიფიქრია. ის სტილი, რაც გამაჩნია თავისით შეიქმნა და ჩამოყალიბდა. ალბათ ეს ასეც უნდა იყოს, ხომ არის ნათქვამი – სტილი არის ადამიანიო.
ჩემი ბოლო საინტერესო და ძალიან საჭირო შენაძენი აღმოჩნდა უსადენო ყურსასმენები. რასაც არ უნდა ვაკეთებდე პარალელურად შემიძლია ან საინტერესო ლექციას, ან წიგნს ან მუსიკას ვუსმინო. რა ფუფუნებაა!!!
ხელოვანი, რომლის ნამუშევარსაც შევიძენდი მერაბ აბრამიშვილია. მისი ნებისმიერი ნამუშევარი მომწონს. (თუ ოცნებაა, ოცნება იყოს).
პირადი მოვლის საშუალება, რომელიც მუდამ თან მაქვს და ის რასაც ბოლო წლებია აღარ ვიშორებ, სულ თან დამაქვს, მზისგან დაცვის სითხეა, +50 ფაქტორით.
საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე გამიცია … არა მგონია ღირდეს ამის გახსენება და ფიქრი იმის თაობაზე ვისთვის რა საჩუქარი გამიკეთებია.
საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიმიღია… მარტივად რომ მივუდგეთ ამ კითხვას, ყველა საჩუქარი ძვირფასია და მადლიერებას იწვევს ჩემში. ხოლო ფართო გაგებით კი, …ზოგჯერ შეგეშინდება ადამიანს იმდენი დაუმსახურებელი საჩუქარი გერგება….
საუკეთესო სუვენირი, რომელიც ახლახან ვიყიდე: ახლა, გარკვეული პერიოდი საზღვარგარეთ მიწევს ცხოვრება და სწორედ სუვენირები მაოცებს ძალიან. გაგიკვირდება, სადამდე მიდის ადამიანის ფანტაზია პატარა სუვენირის შექმნისას. პატარა, შედარებით იაფი და თითქმის ყოველთვის ფუნქციური. ვინ იგონებს ან ვის სცალია ამისთვის არ ვიცი… ბოლოს თხელი ნაჭრის ჩანთა შევიძინე რომელიც იკეცება და პატარა საფულეში თავსდება. კაპიკები ღირს, მაგრამ არის ულამაზესი და ტევადი.
ცდუნება, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი: მთელი ცხოვრება ვცდილობ მინიმუმამდე მივიყვანო ასეთი ცდუნებების რიცხვი და ახლა ასე, ერთი სიტყვით. როგორ გამოვუტანო საკუთარ თავს საბოლოო განაჩენი. (ნახევრად ხუმრობით….)
ჩემი ფავორიტი აპლიკაციების სიას მიეკუთვნება: აპლიკაციებში და საერთოდ ახალ ტექნოლოგიებში მოვიკოჭლებ, მაგრამ taxi-fi მაქვს და სიამოვნებით ვიყენებ.
დაუვიწყარი ადგილი, სადაც ბოლო წელს ვიყავი არის ჰერეთი, შემოდგომას ვიყავი, მართლაც დაუვიწყარი ადგილია.
ადგილი, რომელსაც ყოველთვის დავუბრუნდები არის ჩემი მშობლების სახლი. სანამ ის და მე ვიარსებებთ, ყოველთვის დავუბრუნდები.
ნივთი, რომელსაც ვერასოდეს შეველევი … არა მგონია ასეთი ნივთი არსებობდეს. ჩვენი მეგობრები, ახლობლები მიდიან და მათ ველევით და ნივთი რაღაა რომ ვერ შეელიო??
ბოლო შთამბეჭდავი კერძი: ერთი კვირის წინ ფრანგული სამზარეულოს წესებით თევზი მოვამზადე, ორნაირი გარნირით. ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა… (შემიძლია რეცეპტი გამოგიგზავნოთ 🙂 )
რომელ ქალაქში ვისურვებდი შოპინგს: ამბობენ შოპინგისთვის ნიუ იორკი მისწრებააო?!
ბოლო მუსიკალური აღმოჩენა: ცოტა ხნის წინ ჩემი შვილი მიგზავნის ლინკს, ამას მოუსმინე რა საოცრებააო, თან მიხსნის 60-იანების მომღერალიაო….შენ არ გეცოდინებაო. ვხსნი, Paul Anka.. “You Are My Destiny” .. ჩემი ბავშვობა… საქმე ისაა, რომ ჩვენი ოჯახი 70-იანებში ირანში ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მელომანები არ იყვნენ ირანიდან უამრავი “კასეტა” წამოიღეს,მათ შორის იმ დროს ნამდვილი ლეგენდა Paul Anka. როგორ ავხსნა ის აღტაცება და სიხარული, რაც ამ ხმის გაგონებამ გამოიწვია. თურმე, მელოდია ზეპირად მახსოვდა და ფრაზებიც უნებურად ამოტივდივდა მეხსიერებიდან… მერე YouTube-ზე მოვისმინე, მერე რეჟისორს შევთავაზე და მე მგონი, ახალ სპექტაკლში ჩემი გმირის თანმდევი სწორედ, ეს ჯადოსნური და ძლიერი ხმა იქნება. 60-იანების კუმირი, ლეგენდარული Paul Anka .
წიგნი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა … ერთი წიგნისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფოლკნერმა ჩემზე მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა….
ახლა ვკითხულობ ლევ ტოლსტოის, რაღაცას თავიდან, რაღაცას პირველად.
ადამიანი, ვინც თქვენს სტილზე გავლენა იქონია … პირველ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით არც არავის ჰქონია გავლენა… მაგრამ ალბათ ეს ასე არ არის, ან ბოლომდე ასე არ არის… ადამიანი, რომელმაც ჩემს სტილზე, ჩემი ცხოვრების და აზროვნების სტილზე დიდი გავლენა მოახდინა არის ჩემი ქმარი. ის, რომ მე მქონდა საშუალება თავისუფალად, ყოველგვარი წნეხის გარეშე ჩამომეყალიბებინა ჩემი ხედვები, მოსაზრებები და საბოლოოდ, სტილიც სწორედ მისი მხარდაჭერით მოხდა.
ერთი რჩევა ესთეტიკაზე: იცით, ჩემი პესონაჟი “ჩცდ”-ში, მაკა ანჯაფარიძე, სწორედ ეთიკისა და ესთეტიკის მინისტრი იყო. მგონი, უკეთესია მას ჰკითხოთ, მას აუცილებლად ექნება სათანადო პასუხი. 🙂