ლიტერატურა, რომელიც გვაერთიანებს – „საბა“ 2019
ნანა კობაიძე

ჩვიდმეტი წელია, საქართველოს ლიტერატურული საზოგადოება – მწერლები, ლიტერატორები, მკითხველები, გამომცემლები შემოდგომის დადგომას მოუთმენლად ელიან. სექტემბრის მეორე ნახევარში ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება იმართება, რომელიც გასული წლის ლიტერატურულ „მოსავალს“ აჯამებს და ზეიმთან ერთად დიდი ვნებათაღელვა და აურზაური მოაქვს. ნებისმიერი კონკურსის მსგავსად, აქაც არის მოლოდინი, სიხარული,  დაპირისპირება, იმედგაცრუება, კრიტიკა; ჟიურისაც მუდმივად ადანაშაულებენ ტენდენციურობაში, არაობიექტურობაში, კლანური ინტერესების დაცვაში და ა.შ.  და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, ფაქტია, რომ „საბა“ კვლავაც რჩება დამოუკიდებლობის შემდგომი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ სალიტერატურო პრემიად.

ყველაფერი 17 წლის წინ, 2003 წელს დაიწყო. ცოტა უფრო ადრეც, 2002-ში, როცა 90-იანების ურთულესი პოლიტიკური და სამოქალაქო კრიზისებით, ომებითა და დაპირისპირებებით დაქანცული ქვეყანა ნელ-ნელა მშვიდობიან რელსებზე გადავიდა. ადამიანებმა წიგნებისთვის მოიცალეს. მწერლებმა უჯრებში ჩაკეტილი ხელნაწერები გამოამზეურეს, რომელთათვისაც ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის აღარავის ეცალა. დაარსდა პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობები. ასპარეზზე  გამოჩნდა ახალი თაობა.

ცვლილებებმა ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობის აუცილებლობა მოიტანა. მწერლებს წახალისება სჭირდებოდათ – როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად, რათა  უფრო ნაყოფიერად ემუშავათ. ერთ-ერთი მოტივატორი დამოუკიდებელი პრემიის დაარსებაც უნდა ყოფილიყო, რომელიც რეგულარულად გაიმართებოდა და გასული წლის ლიტერატურულ პროცესებს შეაფასებდა. ახალი სალიტერატურო პრემიის დაარსების იდეა პოეტ რატი ამაღლობელს და მის მეგობრებს გაუჩნდათ. იმ პერიოდში პროგრესული ადამიანები თავს გაზეთ „24 საათში“ იყრიდნენ, სადაც ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა. იქ განიხილებოდა კონკურსის იდეაც. პრემიას „საბა“ სწორედ გაზეთის ერთ-ერთი რედაქტორის, ბიძინა მაყაშვილის ინიციატივით ეწოდა. მწერლებმა მხარდაჭერისთვის „თიბისი“ ბანკს მიმართეს და რამდენიმე თვეში იდეა რეალობად იქცა.

პირველი დაჯილდოება 2003 წლის 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, მთაწმინდაზე გაიმართა. ეს გახლდათ ერთგვარი სიმბოლიკა, ჟესტი, რომელიც  ქართული მწერლობის წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებდა. ცერემონია იყო სადა, პომპეზურობას მოკლებული. სამაგიეროდ, ყველას ჰქონდა დღესასწაულის განცდა და შეგრძნება, რომ ქართულ სალიტერატურო სივრცეში ახალი ეტაპი იწყებოდა – ეპოქა, რომელიც ძველი, საბჭოთა პერიოდში არსებული სახელმწიფო პრემიებისგან განსხვავებით, ძირითადად ღვაწლმოსილ მწერლებსა და პოეტებს რომ ანებივრებდა,  ასპარეზს ახალგაზრდა და ნიჭიერ ავტორებსაც დაუთმობდა. რაც მთავარია, მინავლებულ სალიტერატურო პროცესებს გამოაცოცხლებდა, რომლებიც მძიმე და დაძაბული 90-იანების შემდეგ ნელ-ნელა იკრებდა ძალას. ასეც მოხდა: სამი წლის თავზე  საკონკურსო წიგნების რაოდენობამ 80-დან 220-ს მიაღწია. დროთა განმავლობაში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა, საქმე მხოლოდ რაოდენობაში არ არის – დამოუკიდებელი ლიტერატურული პრემიის არსებობა ერთგვარი პრესტიჟი იყო ქვეყნისთვის, რომელიც მწერლობას ლამის თავის ეროვნულ იდენტობასთან აიგივებდა. სადაც მწერალი ძირითადად ერის მამა გახლდათ და საზოგადოება მის ხმას ყურს სადღაც ზემოთ, პედესტალზე ამაღლებულს უგდებდა.

ნელ-ნელა ეს მიდგომა შეიცვალა. მწერალი ჯერ კვარცხლბეკიდან ჩამოვიდა და ნახევრადღმერთების რანგიდან ადამიანებისკენ გადმოინაცვლა, მერე შეგონებებს თავი დაანება და თავისი საქმის კეთებას შეუდგა. მწერლობა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი გახდა, როგორც, იურისტობა, ექიმობა, პედაგოგობა. და მაინც, ბევრისგან განსხვავებით, ეს არ არის, უცებ რომ მოგინდება და შეისწავლი, ის პროფესია. მწერლობა ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, რომლის გარეშეც მას  არ შეუძლია არსებობა. თუმცა, არსობის პურის მოსაპოვებლად მხოლოდ მდგომარეობა არ კმარა, ამიტომაც გახდა საჭირო სხვა პროფესიების „შეთავსება“.

პირიქითაც ხდება ხოლმე – როცა ლიტერატურაში სხვა სფეროებიდან მოდიან. ასეთებს თავიდან ეჭვით უყურებენ, თუმცა თუ წერა ადამიანის მოწოდებაა, კალამს  ადრე თუ გვიან აუცილებლად აიღებს და შეიძლება მერე პრესტიჟული პრემიაც დაიმსახუროს, როგორც ეს წლევანდელ „საბაზე“ მოხდა: ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციის ერთი გამარჯვებული იურისტი სულხან სალაძეა, მეორე – ჟურნალისტი ნინო ლომაძე; საუკეთესო დებიუტისთვის ჯილდო კინორეჟისორ თემურ ბაბლუანს გადაეცა, ამავე ნომინაციის კიდევ ერთი გამარჯვებული  მხატვარი გიორგი მასხარაშვილი, იგივე ნილს სიმეონი გახდა.  მოკლედ, წლევანდელმა „საბამ“ დაადასტურა, რომ განსხვავებული პროფესია წერისთვის დაბრკოლება არაა.

გამარჯვებულთა შორის ისეთებიც იყვნენ, უფრო სწორად ისეთი, რომელმაც თავის დროზე განაცხადა, რომ მწერლობით შეძლებდა ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკეპტიკურად უყურებდა მის „წამოწყებას,“ ამ ადამიანმა, სახელად გიო ახვლედიანმა, იგივე აკა მორჩილაძემ, შეძლო და ჩანაფიქრს ხორცი შეასხა. წელს ის მეექვსედ გახდა „საბას“ ლაურეატი და შეიძლება ითქვას, ლიტერატურული რეკორდი დაამყარა.

„აკას მომენტი“ კონკურსისთვის ერთგვარად ქარიშხალ „კატრინას“ სინდრომად იქცა: „შორთლისტში“ მისი გვარის გამოჩენა უმეტესად სხვა კანდიდატების მარცხს ნიშნავს. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა, რეალურად, ერთსა და იმავე ავტორისთვის პრემიის რამდენჯერმე მინიჭების საკითხი არცთუ იშვიათად იწვევს ადამიანების გაღიზიანებას. ეს თემა ნელ-ნელა მწიფდება და შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე კონკურსის ორგანიზატორებს მოუხდეთ არსებული წესების გადახედვა.

ციფრებს და საინტერესო ამბებს რაც შეეხება, არსებობის განმავლობაში „საბამ“ 3300 საკონკურსო წიგნი განიხილა. სულ 151 ჯილდო გაიცა; პრემიას ჰყავს 120 ლაურეატი (მათგან 12 ორჯერ და მეტჯერ დაჯილდოვდა); 2003-2018 წლებში 10 ნომინაციაში პრემიის სახით გაიცა 752 500 ლარი. ჟიურიში იმუშავა 70-ზე მეტმა ლიტერატორმა.

17 წლის განმავლობაში საზეიმო დაჯილდოების ცერემონია სხვადასხვა ადგილზე გაიმართა. მათ შორის, „თიბისი“ ბანკის ეზოში, შატო „მუხრანში,“ რუსთაველის თეატრში, თბილისის ისტორიის მუზეუმის შენობაში. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც შარშანდელი დაჯილდოება იყო, რომელიც ფრანკფურტში, ქალაქის მერიის ისტორიულ დარბაზში ჩატარდა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დასკვნით ცერემონიად მოგვევლინა, რომლის საპატიო სტუმარი საქართველო გახლდათ. წელს ცერემონიას კონსერვატორიის დიდმა საკონცერტო დარბაზმა უმასპინძლა.

წლევანდელ „საბას“ დანარჩენებისგან კიდევ ერთი რამ გამოარჩევდა – 17-წლიანი არსებობის მანძილზე  ყველაზე გვიან – 8 დეკემბერს გაიმართა. „თიბისი“ ბანკისთვის შექმნილი პრობლემების გამო ერთი პირობა კონკურსის ჩატარება საეჭვო გახდა, თუმცა საბოლოოდ საკითხი ლიტერატურის სასარგებლოდ გადაწყდა.

რაც შეეხება თავად კონკურსს: წელს განსახილველად 264 წიგნი შევიდა. აქედან ყველაზე მეტი – 112 თარგმანის კატეგორიაში. პრემიები, რომელთა რაოდენობა 4 000-დან – 6 000 ლარამდე გაიზარდა, 7 ნომინაციაში გაიცა. მერვე – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილის“ გამარჯვებულისთვის კი საპრიზო თანხა 8 000-ის ნაცვლად 10 000 ლარით განისაზღვრა.

2019 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატები გახდნენ:   

წლის საუკეთესო რომანი – აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული – ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ (გაზეთი „ბათუმელები“)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პიესა – ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი – ნანა ტონია, ევრიპიდეს „ჰეკაბე“ (გამომცემლობა „ლოგოსი“) და ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ (სულაკაურის გამომცემლობა)

პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მთარგმნელ მანანა გიგინეიშვილს გადაეცა.

წელს „საბას“ ჟიურიმ ვერ გამოავლინა მოკლე სია წლის საუკეთესო კრიტიკაში და ამ ნომინაციისთვის განსაზღვრული ჯილდო, ასევე ჟიურის გადაწყვეტილებით, ორ სხვადასხვა ნომინაციაზე გადანაწილდა: ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“) და ლიტერატურული დებიუტი – ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (სულაკაურის გამომცემლობა).

ნებისმიერი ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „კომპონენტი“ ჟიურია, რომლის ვინაობა, როგორც ყოველთვის, გასაიდუმლოებულია ხოლმე. გამონაკლისი არც წლევანდელი ჟიური ყოფილა, რომლის შემადგენლობა ასე განისაზღვრა: გიორგი კეკელიძე, რუსუდან რუხაძე, ხათუნა ცხადაძე, ზაალ ანდრონიკაშვილი და თეა თოფურია. შექმნილი ვითარების გამო მათ  გვიან დაიწყეს მუშაობა, თუმცა ამას თავად პროცესზე არ უმოქმედია.

როგორი იყო გასული წლის ლიტერატურული „მოსავალი“ და რა პრობლემები და  ტენდენციები გამოიკვეთა ყველაზე მეტად? ჟიურის რამდენიმე წევრს ვთხოვე, თავიანთი მოსაზრება გამოეთქვათ.

გიორგი კეკელიძე, მწერალი: „რეალურად ეს იყო პირველი წელი, თუ არ ჩავთვლით უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს, როცა სრულად გავეცანი წლის ქართულ ლიტერატურულ პროცესს. მანამდე, ბუნებრივია, მხოლოდ ჩემთვის საინტერესო წიგნებს ვირჩევდი და ამდენი და ამდენგვარი ტექსტის წაკითხვა არ მიხდებოდა. აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა ჟანრში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწარმოები იწერება. ბუნებრივია, ისინი თავისი არსით განსხვავდებიან. განსხვავდებიან გემოვნების თვალსაზრისითაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვან ლიტერატურულ პროცესს ქმნიან. აქ იგულისხმება თარგმანიც და ორიგინალური ლიტერატურაც.

მიუხედავად იმისა, რომ გრძელ ნუსხაშიც კარგი ავტორები მოხვდნენ, შევეცადეთ, მოკლე სია უკიდურესად დაგვეწურა. ვფიქრობ, რამდენიმე ჟანრში გამორჩეული წიგნები გვქონდა. აკა მორჩილაძის სახით ძალიან ძლიერი გამარჯვებული ჰყავს რომანს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ტექსტი დაწერა თემურ ბაბლუანმა, რომელმაც დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს ნიშნავს, რომ რომანის თვალსაზრისით ძალიან ძლიერი წელი გვქონდა.“

თემურ ბაბლუანის რომანმა „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ აზრთა გარკვეული დაპირისპირება გამოიწვია. მკითხველთა ნაწილი, მათ შორის, მწერლები და ლიტერატორები, რეჟისორის სამწერლო დებიუტს მოწონებით შეხვდნენ, ნაწილისთვის კი ეს ტექსტი ნაკლებად ღირებული აღმოჩნდა. რასაკვირველია, ადამიანების ლიტერატურული გემოვნება განსხვავდება და  ყველას თავისი მოსაზრებები აქვს, თუმცა გიორგი კეკელიძე მიიჩნევს, რომ ჟიურიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო: „მზე, მთვარე და პურის ყანა“ მნიშვნელოვანი ტექსტია, რომელიც მეოცე საუკუნის ჩვენთვის უცნობ სამყაროსა და ამბებზე გვიყვება. რამოდენიმე პასაჟი ძალიან მაღალი ხარისხისაა. ვფიქრობ, და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ის იმსახურებდა გამარჯვებას.“

მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის „წლის საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის“ ნომინაციის გამარჯვებულიც, თუმცა ვინც ამ წიგნის წაკითხვა მოასწრო, ერთხმად აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ  ღირსეული „საბა“ მოიპოვა. მისი „უცნობი ძველი აჭარა“ ჟიურიმ დავით წერედიანის, ლანა ღოღობერიძისა და ირაკლი მახარაძის წიგნებში გამოარჩია. სულ ამ ნომინაციაში ექვსი წიგნი იყო წარმოდგენილი.

ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი: „დოკუმენტურ პროზასა და ესეისტიკაში სხვა კარგი წიგნებიც გვქონდა, მაგრამ მგონია, რომ დოკუმენტური პროზის კრიტერიუმებს ყველაზე მეტად სულხან სალაძის წიგნი შეესაბამებოდა. ეს არის ძალიან სერიოზული და ღირებული ნამუშევარი, სადაც დოკუმენტურადაა აღდგენილი და გაცოცხლებული ისეთი მნიშვნელოვანი რეგიონი, როგორიც მთიანი აჭარაა.“

ამ მოსაზრებას ჟიურის კიდევ ერთი წევრი, მწერალი რუსუდან რუხაძეც ეთანხმება:

„წელს განსაკუთრებით უხვმოსავლიანი იყო დოკუმენტური პროზისა და ესეისტიკის ნომინაცია. ვფიქრობ, მოკლე სიის ექვსივე წიგნი ძალზე ღირებული და მნიშვნელოვანია, თუმცა კონკურსი კონკურსია და საბოლოოდ გამარჯვებულთა ბედს  ხმათა რაოდენობა განსაზღვრავს.

დასანანია, რომ  პრემია ვერ გავეცით კრიტიკაში. ეს უკიდურესი ზომა იყო, თუმცა სხვა გზა არ აღმოგვაჩნდა.  

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევინარჩუნეთ პიესის ნომინაცია, რაც სწორი გადაწყვეტილება მგონია: „საბამ” ის შემოქმედებითი პროცესის ხელშესაწყობად დააწესა. ეს კონკურსი ლიტერატურული პროცესების განვითარებას უწყობს ხელს, ლიტერატურა კი მრავალფორმიანია. კიდევ ერთი საკითხი: არ შეიძლება მუდმივად ერთმანეთს ვადაროთ ნომინაციები და ისე ვიმსჯელოთ ჟიურის გადაწყვეტილებათა სამართლიანობაზე. პირობითად, შესაძლოა, პროზა კიდევ დიდხანს ვერ დაეწიოს პოეზიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პოეტებს უნდა ვაჯილდოებდეთ“.

ჟანრებს რაც შეეხება, უკვე მეორე წელია ვერ ხერხდება სალიტერატურო კრიტიკაში წლის საუკეთესო კრებულის გამოვლენა. შარშან ეს ნომინაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას „შეეწირა,“ წელს – როგორც აღმოჩნდა, წიგნები თითქმის არ შემოსულა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რა ხდება ამ მიმართულებით, სად გაქრა, ან გაქრა თუ არა ქართული სალიტერატურო კრიტიკა?

გიორგი კეკელიძე მიიჩნევს, რომ საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს: „ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში კრიტიკოსები არ არიან.  შესანიშნავი კრიტიკოსები გვყავს. უბრალოდ, წელს ამ ჟანრში ძალიან ცოტა წიგნი იყო წარმოდგენილი – მხოლოდ ორი (გრძელ  სიას ვგულისხმობ) და აქედან ერთი საბოლოოდ სულ სხვა ჟანრში  დაწერილი აღმოჩნდა. ძნელია ერთი წიგნით  პროცესზე მსჯელობა, ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ ის მომავალი წლისთვის გადაგვედო, სადაც გამარჯვებული უფრო დიდ კონკურენციაში გამოვლინდება.“

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნომინაციაა თარგმანი, სადაც ბოლო წლებში ტექსტების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა თარგმანის ხარისხიც, ამიტომ აქ ყველაზე რთულია საუკეთესოს გამოვლენა.

ხათუნა ცხადაძე: „ახალი არაფერია იმაში, რომ იქ, სადაც ერთადაა თავმოყრილი ისეთი მთარგმნელები, როგორიც ზაზა ჭილაძე, თამარ ჯაფარიძე, ლელა დუმბაძე და მაია ბადრიძეა, ძნელია გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, ლელა დუმბაძე ღირსეული გამარჯვებულია, რადგან ამ ურთულესი ტექსტის არაჩვეულებრივი თარგმანი შემოგვთავაზა, მათ შორის, ვირტუოზულად გამართული ტექნიკურადაც. თარგმანის ხარისხთან ერთად, ჩემთვის თავად წიგნსაც აქვს მნიშვნელობა. ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ უმნიშვნელოვანესი რომანია, რომელიც ლელამ მკითხველამდე ძალიან მაღალ დონეზე მიიტანა.

დამსახურებული მგონია ნანა ტონიას გამარჯვება, რადგან ევრიპიდეს „ჰეკაბე“ კლასიკური ლიტერატურაა, პოეტური თარგმანი და თან ძალიან კარგად შესრულებული. საერთოდ, პოეტური თარგმანის წახალისება მნიშვნელოვანია (თუმცაღა ნანა ტონიას წასახალისებელი არაფერი სჭირს), რადგან ამ მიმართულებით „საბა“ იშვიათად გაიცემა. ძირითადად პროზა იმარჯვებს და წლევანდელი ამბავი ჩემთვის ამითაც სასიხარულოა.

თარგმანის მოკლე სიაში ორი ახალი სახელი გამოჩნდა – გურამ ღონღაძე და დათო ახალაძე და ეს კარგია, რადგან ფინალში ახალგაზრდა მთარგმნელები ყოველთვის ვერ ხვდებიან.  განსაკუთრებით გურამ ღონღაძეს გამოვყოფ, რომელიც სრულიად ახალგაზრდაა და კონკურსზე რამდენიმე წიგნი წარმოადგინა.

რადგან ამ თემას შევეხე, მინდა ერთ  ფაქტზე გავამახვილო ყურადღება: გრძელ სიაში საკმაოდ ბევრი მთარგმნელი იყო წარმოდგენილი რამდენიმე წიგნით  (სამით, ოთხით და თუ სწორად მახსოვს, ხუთითაც კი). მთარგმნელის ოსტატობის შესაფასებლად ერთი ნაშრომიც საკმარისია. არ არის აუცილებელი გრძელი სიის ხელოვნურად გაზრდა.

არასწორი მგონია გამომცემლობების მხრიდან ყველა გამოცემული ტექსტის კონკურსზე შეტანაც. თავადაც კარგად იციან, რომელი გამოცემები იმსახურებს ყურადღებას. გარკვეული სელექცია უნდა ხდებოდეს. უხეირო თარგმანების გაგზავნა და ჟიურის იძულება – წაიკითხოს ამ თარგმანის 50, 30 ან თუნდაც 20 გვერდი, არასერიოზულია. თავად პროცესსაც ართულებს და არც არაფრის მომცემია. ამას მოჰყვება ხოლმე საზოგადოების უკმაყოფილება, რომ ჟიური ტექსტებს არ კითხულობს. რასაკვირველია, კითხულობს, ოღონდ იმას, რაც ხარისხიანია. კარგი თარგმანი ხშირად რამდენიმე გვერდშიც იცნობა. ვფიქრობ, ეს საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა მესმის, რომ ამ ცვლილებებს კონკურსის წესდების შეცვლა სჭირდება და ეს „საბას“ საორგანიზაციო კომიტეტის საქმეა.“

რაც შეეხება დანარჩენ ნომინაციებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლის საუკეთესო რომანი აკა მორჩილაძის „კუპიდონი კრემლის კედელთან“ გახდა. წიგნი, რომელიც საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას გვიყვება. მასთან ერთად წარდგენილი იყო ზურაბ ქარუმიძის „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ და ივა ფეზუაშვილის „ფსკერის სახარება.“

პოეზიის ნომინაციის ფინალისთვის წელს სამი წიგნი შეირჩა: ახალგაზრდა პოეტის, ბექა ახალაიას „მტრედების იონა,“ ზაზა ბიბილაშვილის „ფაზლი“ და ეთერ თათარაიძის „ორი, სამი, ოთხი.“ ჟიურიმ მათ შორის ზაზა ბიბილაშვილი გამოარჩია. „ეს ავტორი საინტერესოა იმით, რომ ამ თეთრი ლექსის ეპოქაში ისევ ახერხებს, ორიგინალურად წეროს რითმიანი ლექსი, წეროს ემოციით, გამორჩეული ტექნიკით“ – თქვა მისი წარდგენისას მწერალმა და პოეტმა თეა თოფურიამ. პოეზიის მოყვარულები კარგად იცნობენ ზაზა ბიბილაშვილის შემოქმედებას. შესაბამისად, მოულოდნელი არავისთვის ყოფილა რამდენიმე კარგი პოეტური კრებულის ავტორის გამარჯვება.

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს გამარჯვებული გამოვლინდა პიესის ნომინაციაში. ამ ჟანრშიც, ლიტერატურული კრიტიკის მსგავსად, არცთუ იშვიათად არის ხოლმე პრობლემები. ქართველი მწერლები პიესას ნაკლებად სწყალობენ. ამ ჯერზე მოკლე სიაში სამი ავტორი გვყავდა: მიხო მოსულიშვილი („ობობა“), ბასა ჯანიკაშვილი („სულები და თანამოაზრეები“) და ალექსანდრე ლორთქიფანიძე („დისტოპიესები“). ჟიურიმ გამარჯვება ამ უკანასკნელს მიანიჭა.

კიდევ ერთი, „საუკეთესო პროზაული კრებულის“ ნომინაციაში „საბას“ მფლობელი ზაალ სამადაშვილის „ოსტატთან შეხვედრა“ გახდა. წელს აქ ოთხი კარგი ავტორის წიგნი იყო წარმოდგენილი. ოთხი განსხვავებული ჟანრისა და ესთეტიკის კრებული: ინა არჩუაშვილის, გურამ მეგრელიშვილის, ნატო დავითაშვილის და ზაალ სამადაშვილის ტექსტები. ჟიურის გადაწყვეტილებით, „საბა“ მიენიჭა ავტორს, რომელიც იმ ქალაქის მემატიანეა, თანდათან რომ ქრება. ამ ამბებს ვერ ამოიკითხავთ ვერც ჟურნალისტურ ნარკვევებში, ვერც ისტორიკოსთა თხზულებებში. მათი ამგვარად, ხუთი გრძნობით შენახვა სწორედ მხატვრული ლიტერატურის უპირატესობაა“.

მხატვრული ლიტერატურის უპირატესობაზე იმ დღეს ბევრი ისაუბრეს. ისაუბრეს წამყვანმა, ჟიურის წევრებმა, გამარჯვებულებმა, მწერლებმა. ყველაზე მეტად ამ ნაუბრიდან არჩილ ქიქოძის სიტყვები დამამახსოვრდა: ლიტერატურა არის კარგი ადამიანისთვის და იმისთვის, რომ მან არ იგრძნოს – მარტოა ამ ქვეყანაზე დარჩენილიო. სწორედ ამ კარგი ადამიანების გასაერთიანებლად იწერება წიგნები, რომლებიც ჩვენ ყველას ძალიან გვჭირდება და გვიყვარს. ამისთვის იქმნება ლიტერატურული პრემიებიც.

თემები