ესმა ონიანი და (თუნდაც) ნაცარქექიას სათნოება
ანი მარგველაშვილი

ერთი ჩემი კარგი მეგობარი ამბობს, რომ გზა ღმერთისკენ ხელოვნების სამკაპია: მწერლობა, მხატვრობა და მუსიკა. ამ სამიდან განსაკუთრებულად მიყვარს მხატვრობა. ბავშვობაში, ჯერ სახლში არსებულ ალბომებს ვათვალიერებდი, შემდეგ Windows 95-ით ვეძებდი ჩემთვის საინტერესო მხატვრებს, ხოლო,  ცოტა რომ გავიზარდე ჩემი სტიპენდიით, რომელიც სრულად იხარჯებოდა ერთ წიგნზე, დავიწყე საყვარელი მხატვრების ალბომების შეგროვება. ამ წიგნებს მაღაზია “პარნასში” ვყიდულობდი. მძიმე ოთხმოცდაათიანების მერე ეს მაღაზია ნათელი წეტილი იყო ჩემთვის, მიყვარდა იქ შესვლა და ახალი, დასვლური, ტიპის წიგნებით ტკბობა. ჩემი კოლექციაც ინგლისურენოვანი იყო და “Taschen”-ის გამომცემლობის წიგნებით შემოიფარგლებოდა. ახლაც სიყვარულით ვუცქერ მათ და მინდა ჩემ შვილსაც შევაყვარო და ვაზიარო იმ დიდ ბედნიერებას, რასაც მხატვრობა ჰქვია. ხშირად ვსტუმრობდი მაშინდელ პუშკინის სკვერთან არსებულ ხელოვნების მუზეუმსაც… მიყვარდა და მიყვარს მხატვრობა, მხატვრები… თუმცა, ძალიან გვიან გავიგე და გავეცანი ქართველ მხატვარს, რომელმაც შემძრა თავისი გენიით და იმით რომ აქამდე არ ვიცოდი მის შესახებ. მისი შესადარი იშვიათად მოიძებნება გენიალურ მხატვართა შორის და მისი სახელი ისეთ დიდ მე-20 საუკუნის მხატვრებთან ერთად უნდა იყოს ცნობილი, როგორიებიც არიან ექსპრესიონისტები კირხნერი, კოკოშკა, მუნხი… მხატვარი, რომელზეც მე გესაუბრებით, ესმა ონიანია. ესმა ონიანის შემოქმედებას არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავეცანი. რატომ ასე გვიან?  ერთი მიზეზი, ალბათ, ის გახლავთ, რომ მე ამ საქმის ოსტატი არ გახლავართ. მეორეც, ჩემი აზრით, ესმას გენია ჯერ კიდევ არაა სათანადოდ დაფასებული არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ. ჩემი აზრით, რკინის ფარდა ჩამოფარებული საბჭოთა სივრცისთვის ესმა ზედმეტად დიდი იყო.

ესმა ონიანი 1938 წელს დაიბადა და სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე 1957-1963 წლებში სწავლობდა. სულ მალე თავადვე ასწავლიდა ამავე აკადიამიში. იგი აკადემიაში მოღვაწეობას სიცოცხლის ბოლომდე – 1999 წლამდე – აგრძელებდა.

ესმას მემკვიდრე და უახლოესი ადამიანი, მისი და, ქალბატონი ირინე ონიანია. ირინე ესმას პორტრეტების ხშირი გმირი, უამრავ ისტორიის და ამბავის გადმომცემია…

მაინც რატომ არის ესმა ჩემთვის ასე ახლოს?  მის მხატვრობაში დომინირებს გარდამავალი ფერები, განსაკუთრებულია მეწამული ფერი, თუმცა მისი გამოხატულების მამოძრავებელი მთავარი ძალა ეს არ არის. მისი მთავარი ინტერესი ადამიანები არიან. მათი გრძნობები, განწყობები, მოქმედებები და დროში გაყინული წამები ესმა ონიანის მთავარი თემაა. დავით კაკაბაძე, გურამ რჩეულიშვილი, ესმას ოჯახის წევრები მისი შედევრების ხშირი გმირები არიან. გამორჩეულია მისი ავტოპორტრეტებიც.

პორტრეტების გმირების ფერები თავად ესმას განწყობაა, შეგრძნება თავად ამ ადამიანებზე. მათი მეტყველი და ბევრის მთქმელი თვალები და ხელები გასაკუთრებით მომნუსხავია… მამაკაცების ძლიერი, მომნუსხველი კისრები გამოხატავენ ქართულ იდეალებთან მიახლოებულ მასკულინიზმის განსახიერებას, ხოლო ქალების სინაზე და ელეგანტურობა შერწყმულია ქალის ხასიათის სიძლიერესთან და სიმშვიდესთან.

მის პორტრეტებში იკვეთება ქართულ-კუთხური მახასიათებლები, განსაკუთრებით კი სვანური. მაგალითად, მისი უნიკალური ნახატი “ნაცარქექია” ნაზავია ქათული ხალხური ზღაპრის გმირისა და მისი მულტი-კუთხურობის. მასში საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი ამოიცნობა, გნებავთ გამოხატული ჩაცმულობით, ფიზიკურობით თუ გამოხედვით. „ნაცარქექიას“ პორტრეტში გამოხედვა უმთავრესია. ქართულ ხალხურ ნარატივში ნაცარქექია არის ზარმაცი და უსაქმური გმირი, რომელიც თავისი გამჭრიახი გონებისა და იმპროვიზაციის წყალობით იმარჯვებს. ესმას ნახატშიც ეს თვალები სჩანს, გამჭრიახი, მატყუარა, მაგრამ უშიშარი. მას ხომ დიდი ხიფათების გადალახვა უწევს მაგრამ არასდროს იხევს უკან, არასდროს დრკება. პორტრეტში ასევე სიყვარული და ზრუნვაც სჩანს, რომელსაც ნაცარქექია თავისი შინაური ცხოველის (ბატის) მიმართ იჩენს.

ესმა ონიანის შედევრების სია უსასრულოა, მისი ყველა ნამუშევარი დიდი ამბის მთქმელი. ესმას ნახატები სიკეთესა და სიმამაცზე გვიამბობს, როგორც ადამიანში არსებულ დიდ სიქველეზე. ეს ადმიანისეული სიქველე გადმოცემულია როგორც პატარა იებიში ჩაცუცქული გოგონას თვალებში, ასევე მედიდური და მთასავით ატყორცნილი სვანების სხეულში. ესმას ექსპრესია ასაკის მატებასთან ერთად იცვლება. მის ყველა პერიოდს და მიმართულებას სხვადასხვა ფერთა გამა მართავს, თუმცა მისი განუმეორებელი მეწამული მუდმივი მახასიათებელია.

ესმას გენია არა მარტო მის ფერწერაშია სჩანს. ის არაჩვეულებრივი გრაფიკოსი და საბავშვო მხატვარიცაა. მისი ღაბუა წიწილები სათნოების არსს გვაზიარებს. მისი ხაზები და ფუნჯის მოსმის ტექნიკა, ფურცელს სრულიად იპყრობს და ნებისმიერ დამთვარიელებელს მომნუსხველ გრძნობას უქმნის… ერთი ხელის მოსმით გადმოცემული ადამიანის სავსე თვალები,  ჰაეროვანი პეპელა, ნაზი ყვავილი და მხტომარე კალია მისი ხელოვნების მარადიულ ტყვედ გაქცევთ…

ესმა მრავალმხრივია…. ესმას საზღვრები არ აქვს… მას “მხოლოდ” მხატვრობა ვერ მოიცავს. ნაზი კილასონიამ  შესანიშნავად გადმოსცა ესმას არსი ერთი უფრალო ფრაზით: “შეიძლება ყველა მხატვარმა არ იცის, რომ იგი პოეტია. შეიძლება ყველა პოეტმა არ იცის, რომ იგი მხატვარია…”. დიახ, ესმა გენიალური პოეტიცაა, როგორც დიდებისთვის ისე პატარებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე გენიალური და რთული რამ ხელოვნებიაში კი ბავშვებისთვის წერაა ალბათ… ბავშვებისთვის რომ წერო, შენშიც უნდა არსებობდეს ბავშვი…

ესმას ნიჭი, სიღრმე და სინატიფე უსაზღვროა შემოქმედებით სამყაროში და მასთან “ურთიერთობა” მისი ნახატებისა და პოეზიის დახმარებით ყოველდღიური დღესასწაული.

ესმა ონიანის დამ, ქალბატონმა ირინე ონიანმა ჩემ შვილს, 10 წლის მერის, მისი საბავშვო ლექსების კრებული, “მელნისფერი იები“,აჩუქა. ეს კრებული, რა თქმა უნდა, ესმას ნახატებითაა გაფორმებული… მე დარწმუნებული ვარ, რომ ესმას ხელოვნების სიქველით ნაკვები მერი ამავე სიქველის მატარებელი იქნება მთელი ცხოვრება. ამიტომაც ეს უძვირფასესი საჩუქარი – ესმას მემკვიდრეობა – ყველაზე საპატიო რამ არის და ჩემთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩვენს სახლში…

 

 

თემები