რედაქტორის სვეტი
“დაქალებისა” და “ძმაკაცების” კულტურული მნიშვნელობის შესახებ
თემურ მეტრეველს სიტყვა „დაქალები“ არ უყვარდა. ხელოვნურად შექმნილი უაზრობააო იტყოდა ხოლმე. თანამედროვე ქართულში ეს სიტყვა უკვე ენის განუყოფელი ნაწილია. თემურსაც მოუწევდა ამ სიტყვისადმი შეგუება. ახლა დეკემბრის ბოლოა და სადაცაა ახალი წელი მოადგება კარს. ახალი წელი „დაქალების“ და „ძმაკაცების“ დროა – დრო, თვით ჩვენს ყოველდღიურ გაწამაწიაში, – შედარებითი განმუხტვისა და სიმსუბუქისა. „ქართული კულტურის“ დეკემბრის გამოცემაც „დაქალებზე“ და სერიალებზე მოგითხრობთ და, ერთი შეხედვით, მსუბუქ თემებზე გესაუბრებათ.
2019 წლის დეკემბერი ქართული ლიტერატურისთვის და აქედან გამომდინარე ქართული კულტურისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. წელს დეკემბერში გაიცა ქართული ლიტერატურის ყველაზე მთავარი პრიზი „საბა“. „საბა“ არა მარტო ლიტერატურული პრემია, არამედ სოციალური ღონისძიება და „სადაქალოსა“ და „საძმაკაცოს“ საჭორაო თემაცა და ადგილიცაა. „ქართული კულტურა“, რა თქმა უნდა, წლევანდელი საბას მიმოხილვასაც გთავაზობთ და ამიტომ, თითქოსდა, მსუბუქი თემების სფეროში რჩება. ამ ნომერში შევეხებით კლასიკურ მუსიკასაც და ლიტერატურასაც.
თუმცა, სტატიების კითხვისას ნახავთ, რომ ამ ნომერში საქმე არც ისე მსუბუქადაა, როგროც ერთი შეხედვით სჩანს. თამარ გუნაშვილის სტატიის წაკითხვისას მიხვდებით, რომ ქართულ სერიალებზე და მათ კულტურულ თუ სოციალურ მნიშვნელობაზე საუბრისას სულაც არ გვეხუმრება. ვერ შეგპირდებით, რომ რუსუდან რუხაძის რეცენზია ორ ახალ დოკუმენტურ რომანზე მსუბუქ წინასაახალწლო განწყობას შეგიქმნით. რაშიც დარწმუნებულები ვართ, არის ის, რომ ეს რეცენზია დაგაფიქრებთ. ესეც კარგია. ილია ჭავჭავაძის „რა გითხრათ, რით გაგახაროთ-ის“ შემდეგ ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ ახალი წელი არა მარტო გართობის, არამედ წარსულზე დაფიქრების დროც არის.
ამ ნომრიში სხვა უამრავი საინტერესო საკითხავიც გელით. როტომ ჩხეიძის უაღრესად საინტერესო ესე აგიხსნით, თუ რატომ არის სიტყვა „ირმიგალი“ უაღრესად მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურისთვის. „ქართული კულტურა“ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ თუ რატომ არის ესმა გამორჩეული ქართველი მხატვარი და რატომ უნდა გავაცნოთ მისი შემოქმედება ბავშვებს. ვისაუბრებთ ქართული კლასუკური მუსიკის თანამედროვე ვარსკვლავ ხატია ბუნიათიშვილზეც.
რა თქმა უნდა, გვყავს გამორჩეული სტუმარი რუბრიკა „ესთეტში“ – ნინო კასრაძე ჩვენს კითხვებას პასუხობს (nota bene: “ჩემი ცოლის დაქალების” წარსული სეზონების ერთ-ერთი წამყვანი გმირის როლის შემსრულებელი).
დეკემბრის გამოცემაში ქართულ თანამედროვე კულინარიასაც მიმოვიხილავთ. ქეთი ადეიშვილი აგიხსნით თუ რატომ არის უძველესი ქართული სამზარეულო ამავდროულად უაღრესად თანამედროვე.
ჩვენ 2019 წელს ამით დაგემშვიდობებით და „დაქალებთან“ და „ძმაკაცებთან“ ერთად წარმატებას გისურვებთ.