ესმა ონიანი – ქართველ მხატვარ ქალთა უეცარი პორტრეტისათვის
ნინია სადღობელაშვილი

ესმა ონიანი ამობობდა: „ჩემს ფერწერასთან დაკავშირებით ერთი მომენტი მახსენდება… ეს არის გამომსახველობის დიდ სიძლიერემდე მიყვანა (თან თითქოს გაზვიადებული გადასვლები), ისეთ სიძლიერემდე, რომ ის საჭიროებს უფრო და უფრო შორ მანძილს აღსაქმელად“. თუკი ამ „მანძილში“ მხოლოდ სივრცეს კი არა, დროსაც ვიგულისხმებთ, მისი ნათქვამის ჭეშმარიტება კიდევ უფრო განივრცობა და გაცხადდება. რაც უფრო მეტად გადის დრო, უფრო მეტად იკვეთება ამ დროისა და სივრცის მარადმედინობაში ესმა ონიანის ფერწერის დიდებულება, უფრო მკაფიოვდება მის მიერ შექმნილი მხატვრული სამყარო, როგორც შესაქმეს ღვთაებრივ-ადამიანური აქტი, როგორც მარადისობაში დაყოვნებული სიხარული და მშვენიერება.

ესმა ონიანი იმ რანგის ხელოვანია, რომელსაც სქესის მსაზღვრელ ლოკაციაში ვერ მოაქცევ, ქალი მხატვარი – ეს ისედაც პირობითი კონკრეტიკა თითქოს ჩრდილსაც აყენებს მის მონოლითურ შემოქმედებას (როგორც მხატვრობას, ასევე პოეზიას და ესეისტიკას). თუმცა, ქალურობის, ფემინურობის ყველაზე მაღალმხატვრულ ხაზგასმად შეიძლება ჩაითვალოს მისი უკიდეგანო ჰუმანიზმით და კეთილშობილებით გამსჭვალული მხატვრული პოზიცია, სამყაროს მისეული „მდედრული“ აღქმა – ნაყოფიერების, სრულქმნილების, მთლიანობის დღესასწაული.

ქართველ ქალ მხატვართა შესახებ უამრავი რაიმეს თქმა შეიძლება, ამას არც ერთი წერილი ეყოფა. აქ შემიძლია მხოლოდ აღქმის, განცდის დონეზე ვისაუბრო და გავადევნო თვალი ამ ძალიან საინტერესო და მშვენიერ ხაზს ჩვენს კულტურაში – სამყაროს, რომელსაც ქალი მხატვრები ქმნიდნენ.

ყველაფერი ალბათ იმ უსახელო შემოქმედი ქალებით დაიწყო, რომლებიც ისევე ჩაიკარგნენ დავიწყების, არცნობის უფსკრულებში, როგორც ბევრი სხვა სფეროში მოღვაწე ქალი. ჩვენ არ ვიცით (ან ძალიან ცოტა ვიცით) მათი სახელები, თუმცა შეუძლებელია მათ შორის არ ყოფილიყვნენ მხატვრები (ბოლოს და ბოლოს, ხალხური რეწვის დიდოსტატები ხომ ნებისმიერი მხატვრული ტილოს სადარ ნიმუშებს ქმნიდნენ, ან უხსოვარი დროის კედლის მხატვრობის შემოქმედნი – მატრიარქატის დროის ქალები, რომლებსაც შეუძლებელია, თავიანთი მხატვრული და სულიერი ძალისხმევა ამ სფეროშიც არ გამოეხატათ).

ქართველი ქალი მხატვრების სახელებს, საბოლოოდ, მე-20 საუკუნეში ვეცნობით, როცა ასპარეზზე გამოდიან პროფესიული სამხატვრო განათლების მქონე ქალები და მუშაობენ სხვადასხა ჟანრში – პეიზაჟი, პორტრეტი, თეატრის მხატვრობა. შეუძლებელია ქართულ სამხატვრო ხელოვნების ქრონოგრაფიაზე საუბარი ისეთი დიდი სახელების გარეშე, როგორებიცაა ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, ნათელა იანქოშვილი, ნატალია ფალავანდიშვილი და სხვები… მათი დაუვიწყარი პეიზაჟები, შთამბეჭდავი პორტრეტები ჩვენი კულტურის მარგალიტებია, რომლებიც დიდ ესთეტიკურ ზეგავლენას ახდენენ მნახველზე.

ეს წერილი ესმა ონიანით შემთხვევით არ დამიწყია – მხატვრობაზე ფიქრისას (მით უფრო, თუ ქალი მხატვრების შესახებ საუბარზე მიდგება საქმე) პირადად ჩემთვის, უპირველესად, ის სამყარო ამონათდება ხოლმე, რომელსაც ესმა ონიანი ქმნის. არც ამ ზმნის აწმყო დროა შემთხვევითი – დიახ, ის დღესაც, თანამედროვეობასთან დიალოგში, თითოეულ მნახველთან იდუმალ ინტერაქციაში ქმნის ამ სამყაროს და ესაა მუდმივი, შეუქცევადი და ცოცხალი პროცესი, რომელში ჩართულობაც სწორედ ამ მნახველს და შემფასებელს მუხტავს საკრალური ენერგიით, ბადებს მასში ფიქრის და შემეცნების ინტიმურ სურვილს…

ესმა ონიანის ნახატების უმეტესობა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ შედევრია. მისი განუმეორებელი პორტრეტები – დავით კაკაბაძის, გურამ რჩეულიშვილის, ოჯახის წევრების (დედის, დის, წინაპრების), მისი „სამოთხის ციკლი“, გრაფიკა, ესკიზები, – ფერისა და ფორმის ზედმიწევნითი სრულქმნილება, თვითმყოფადი, მხოლოდ „ესმასებური“ ხაზი და კონტური, აზრით და სიღრმით დატენილი სიმსუბუქე და აბსტრაქციამდე დაზუსტებული წესრიგი -კოსმიური სიმწყობრე; და რაც მთავარია – ესმას შემოქმედებითი მწვერვალი _ ფერი მეწამულის, აღდგომის (როგორც მას მწერალი მაკა ჯოხაძე უწოდებს), ღვინისფერ-მოლურჯო ბლონდებში ჩამდნარი და შემაძრწუნებლად მეტყველი  – ფერი, რომელიც ხმას გამოსცემს, ფერი, რომელიც ტილოდან შენს შიგნით ინთება.

შეუძლებელია, ერთხელ იხილო ეს ტილოები, აღიქვა და განიცადო ეს ფერწერა და სამუდამოდ არ აღიბეჭდოს შენში შთაბეჭდილება, რომელსაც სხვას ვერაფერს შეადარებ. და, როგორც დასაწყისშივე, ესმას დამოწმებით ვთქვით, რაც უფრო მეტი დრო გავა, რაც უფრო „დაშორდება“ ეს დრო მის ნახატებს, მით უფრო მეტად დაიმუხტება აღქმის სიცხადით, მით უფრო კარგად გამოჩნდება სამყაროს უსივრცობაში ესმა ონიანის მხატვრობა.

ქართველ მხატვარ ქალთა ძვირფას გალერეას კი ბევრი მნახველი და შემფასებელი სჭირდება, რათა მუდმივად ცოცხალი იყოს კულტურული დისკურსი, რათა გაჩნდეს ახალი სივრცეები ახალი სახელებისა და პორტრეტებისათვის.

თემები