ისტორია
მეფე ერეკლე-ჰერაკლიუსის ევროპული თავგადასავალი
შურთხია ბეროშვილი
“ადიდა გვარი თვისი, ადიდა სიმხნე თქვენ ქართველთა ცათამდე და აწ აღვიდა ანგელოსთა ღვთისა თანა… ცანი ქუხილით გრგვინვიდნენ ძალსა შენსა… ცა და ქვეყანა მეფის ერეკლეს მხსოვარნი არიან, მზე და მთოვარე იმის ბედნიერს ლაშქრობაში ხანდაზმულნი არიან…” _ ასე დაიტირა სოლომონ ლიონიძემ 1798 წლის 22 თბერვალს მცხეთის საკათედრო ტაძარში ერეკლე II _ ,,პატარა კახი”, საქართველოს მეფე, რომლის სახელი მისივე სიცოცხლეში გასცდა ქვეყნის საზღვრებს და ევროპელთა ყურადღებაც მიიპყრო.”
“ის აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია. ასაკით 27 წლისა, გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის ბრძენკაცურ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა. მისმა ღირსებებმა ის საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების საგნად და მტრების შიშის ზარად აქცია… მთლიანობაში ეს პიროვნება ისეთ დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მას საკუთარი სასახლის ღირსეულ პრინცად და არმიის შესანიშნავ გენერლად აღიქვამ. სხვა რა უნდა იყოს მისგან მოსალოდნელი?! პრინცისგან, რომელმაც საკუთარ თავში ამდენი ბრწყინვალე თვისება გააერთიანა; რომელიც ძლევამოსილად ფლობს საქართველოს და სპარსეთის სომხეთის ორ დიდებულ სამეფოს; ვისაც გააჩნია ყველაზე დიდი უპირატესობა, იყოს აღმოსავლეთის უმამაცესი ერების მთავარსარდალი, იმ ხალხისა, რომელიც საკუთარი პრინცისა და ქრისტიანული რწმენის დასაცავად დაუფიქრებლად თავს გაწირავს.” წერდა გაზეთი “London Magazine on Gentleman’s Monthly Intelligencer” ~ 1755 წელს ერეკლეს შესახებ.
ეს ერთ-ერთი წერილია ახლახან გამოცემული ქართულ – ინგლისურენოვანი ნაშრომიდან “მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში”, რომელშიც საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი, უნიკალური ისტორიული ცნობებია თავმოყრილი. 2014-2016 წლებში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ განახორციელა ორწლიანი კვლევა, რომელიც ეხება ქართველი მეფის ერეკლე მეორეს შესახებ უცნობი წყაროების მოძიებას მე-18 საუკუნის ირლანდიურ და ბრიტანულ პრესაში. 2017 წელს კრებული მომზადდა და გამოიცა ფონდ “ქართუს” მხარდაჭერით.
წიგნი მეფე ერეკლეს წარმატებულ სამხედრო და პოლიტიკურ კარიერაზე, მის პროდასავლურ ორიენტაციასა და მსოფლიო პოლიტიკაში ქართველი მონარქის ღირსეულ ავტორიტეტზე გვიამბობს. ხელოვნების სასახლის დირექტორისა და ნაშრომის ავტორის, გიორგი კალანდიას თქმით, ინგლისურ პრესას მანამდე არც ერთი ქართველი მონარქისადმი მსგავსი ინტერესი არ გამოუჩენია. მეთვრამეტე საუკუნეში ბრიტანული პრესის 29 ძირითადი გამოცემა (“British Evening Post”, “Public Ledger”, “Public Advertiser”, “London Evening Post”, “Lloyd’s Evening Post”, “Middlesex Journal” და სხვა) აქტიურად წერდა მეფე ერეკლეს პიროვნულ თვისებებზე, მის პოლიტიკურ მიღწევებსა თუ სამხედრო გამარჯვებებზე. ცნობების შინაარსზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ გამოცემათა ნუსხა მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი იყო ევროპაში ერეკლე მეორისადმი ინტერესი. შემთხვევითი არც ის არის, რომ ცნობები ქართველი ხელმწიფის შესახებ ინგლისური გაზეთების პირველ ან მთავარი სიახლეების გვერდებზე იბეჭდებოდა.
ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ხელოვნების სასახლისთვის გადაცემული (ნაჩუქარი) კოლექცია ადგილობრივ პრესაში 1749-1798 წლებში დაბეჭდილი 500-მდე სტატიის ასლს აერთიანებს. მაინც რატომ მოექცა ევროპელების ყურადღების ცენტრში მეთვრამეტე საუკუნეში “პრინცი ჰერაკლიუსი საქართველოდან, რომლის გმირობებმაც მთელს მსოფლიოში უდიდესი ხმაური გამოიწვია.” რატომ იყო რომანტიკული საფარველით შემოსილი ქართველი მეფის სახელი, ნამდვილად მიიღო თუ არა განათლება ქართველმა მეფემ ლონდონის ვულვიჩის აკადემიაში, რა წინაპირობები უძღოდა გეორგევსკის ტრაქტატის გაფორმებას, რატომ იღუპებოდნენ საეჭვო ვითარებაში თბილისიდან ევროპაში წარგზავნილი ელჩები და როგორ ეხმიანება ამ ფაქტებს ბრიტანული და ირლანდიური პრესა… ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს მკითხველი სწორედ ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიკვლეული მასალების საფუძველზე გაეცნობა.
“ბრიტანულ პერიოდიკაში პირველი ცნობები მეფე ერეკლეს შესახებ 1750 წელს გაზეთ `General Evening Post-ში” ჩნდება, სადაც იგი ქართველ პრინცადაა მოხსენიებული. ერეკლე მეფის პერსონით დაინტერესება შემთხვევითი არ ყოფილა. ამ პერიოდში 1749 – 1750 წლებში პატარა კახი ზედიზედ ორჯერ ამარცხებს აზიის ორ უძლიერეს სარდალს, აღა-მაჰმად-ხანს და ყარაბაღის მფლობელ ფანა-ხანს. “იმ დროს მსოფლიოში მუსლიმ მმართველთა ძლიერების ეპოქა იდგა და ამიტომ ევროპის კონტინენტზე შევიწროებული სახელმწიფოებისთვის ერეკლე მეორის ბრძოლას მაჰმადიანი მმართველებისა და მთავარსარდლების წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.” “ქარველი პრინცი – რომანტიკულ საბურველში გაეხვა. ინგლისურენოვან პრესაში ერეკლეს გამოჩენა მის პოლიტიკურ აქტივობასთან ან სამხედრო წარმატებებთან იყო დაკავშირებული,” – გვიამბობს ისტორიკოსი გიორგი კალანდია.
მეფე ერეკლეს ევროპაში ყოფნის შესახებ კი პირველი ცნობა 1766 წელს გამოქვეყნდა. გაზეთ “Lloyd’s Evening Post-ის” პირველი იანვრის ნომერში წერია: “პრინცი ჰერაკლიუსი, ქართველთა მეთაური, ამ მომენტისთვის ოტომანთა იმპერიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგეა. ხალხი ამბობს, რომ მან ევროპის უმეტეს ნაწილში უკვე იმოგზაურა ფარულად და კარგად გაიცნო რამდენიმე გამორჩეული გერმანელი ოფიცერი”. ბრიტანულ პრესაში მეფე ერეკლეს ხელახლა გამოჩენის საბაბი დასავლეთ საქართველოში ოსმალთა წინააღმდეგ ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის ერთობლივი წარმატებული მოქმედება იყო. ევროპელთა განწყობას ერეკლესადმი, ასევე, კარგად გამოხატავს 1766 წელს ჰამბურგის თეატრში დადგმული პიესა – კომედია “მინა ფონ ბარნჰელმი, ანუ ჯარისკაცის ბედნიერება”, რომლის ავტორი გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი გახლდათ. ერეკლეს პიროვნებით თვით ფრანგი განმანათლებელი ვოლტერიც დაინტერესებულა. იგი 1772 წელს რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ს სწერდა: “მე დიდად ვწუხვარ, რომ თავადი ირაკლი არ იცნობს ჩვენებურ ბულვარულ სეირნობებს, ჩვენს საოცარ კომიკურ ოპერებს და არ იცის მენუეტის რიგიანად ცეკვა”.
აღსანიშნავია, რომ ევროპულ პრესაში გამოქვეყნებული ცნობები ხშირად რეალობას არ შეესაბამებოდა. მასალების გაცნობისას განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია საგაზეთო კორესპონდენციების იმ ნაწილმა, სადაც ერეკლე სპარსეთის დამპყრობლადაა გამოცხადებული. 1753 წელს გაზეთი “Public Advertiser-ი” წერდა: “ამსტერდამიდან მიღებული ბოლო წერილის თანახმად, პრინცი ჰერაკლიუსი სპარსეთის ახალი დამპყრობელია…” სავარაუდოა, რომ გაზვიადებული საგაზეთო კამპანია შემდეგი გარემოებითაა გამოწვეული: 1750 წელს სპარსეთში შაჰობის სამი ყველაზე ძლიერი კანდიდატი გამოიკვეთა – ქერიმ-ხან-ზენდი, აზატ-ხან-ავღანელი და მოჰამედ-ხან-ყაჯარი. ქართველ მეფეს კი ამ მმართველთაგან ორი სასტიკად ჰყავდა დამარცხებული. აზატ-ხან-ავღანელი 1751 წელს ერეკლემ ბოლომდე დაჯაბნა ყირბულახის ბრძოლაში, ორი წლით ადრე კი ერევანთან ახლოს მოჰამედ-ხან-ყაჯარს აგემა გამანადგურებელი მარცხი.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე, სწავლობდა თუ არა მეფე ერეკლე ვულვიჩის აკადემიაში, გიორგი კალანდიას მაგალითად ინგლისური პრესის პუბლიკაციები მოჰყავს. სტატიებში ვრცლად არის მოყოლილი, თუ როგორ გამოიპარა საქართველოდან ახალგაზრდა მეფე, რომელიც ლონდონში ღარიბულად ცხოვრობდა და თავის სამეფო წარმომავლობას მალავდა. რადგან ვულვიჩის აკადემიის არქივი დამწვარია, ბევრი რამის დადასტურება უკვე შეუძლებელია. გიორგი კალანდიას თქმით, “გამორიცხული არ არის, რომ ინგლისური პრესა ჭორ-მართალსა და ისტორიულ ფაქტებს ერთმანეთში ურევდა. ამის თქმის საფუძველს იოსებ ემინის პერსონა გვაძლევს. ეს არის ცნობილი სომეხი განმანათლებელი და პატრიოტი, რომელმაც ინგლისში 1751-1759 წლებში იმოგზაურა და სწორედ მაშინ დაამთავრა ვულვიჩის სამხედრო აკადემია. ემინი 1760-იანი წლებიდან უკვე ერეკლე მეფეს დაუკავშირდა და მასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს სომხეთის თურქთა ბატონობისაგან გასათავისუფლებლად. ემინის სურვილი იყო შექმნილიყო ქართულ-სომხური სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ერეკლე მეფე ჩაუდგებოდა. ამდენად, ადვილი შესაძლებელია ინგლისურმა პრესამ ეს ორი ისტორიული პიროვნება ისე დაუკავშირა ერთმანეთს, რომ საბოლოო ჯამში მათი ბიოგრაფიების აღრევა მოხდა. ამ ეჭვს 1766 წლის “The London Magazine-ს” მაისის ნომერში დაბეჭდილი სტატიაც აღძრავს, სადაც ნათქვამია, რომ “ჰერაკლიუსს ადრე იმენე ერქვა“ (ცხადია, რომ იმენე ემინის დამახინჯებული ფორმაა). თუმცა, მართალია ძალიან მცირე ალბათობით, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ იოსებ ემინმა და ერეკლე მეფემ სწორედ ევროპაში მოგზაურობის დროს გაიცნეს ერთმანეთი.”
ევროპულ პრესაში გამოქვეყნებული ცნობები ერეკლე II-ს ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობის კუთხითაც ახლებურად წარმოაჩენს. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ნაკლებად ცნობილი და ხშირად მიჩქმალული ფაქტები კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ერეკლე გამორჩეულად ევროპული ორიენტაციის ლიდერი იყო. საქართველოს ისტორიაში ძნელად მოიძებნება მეორე ისეთი მონარქი, ვინც იმდენივე კორესპონდენცია ან ელჩი გაგზავნა ევროპაში, რამდენიც პატარა კახმა.
ევროპაში ბოლო ელჩი ერეკლემ 1782 წლის 14 ნოემბერს გაგზავნა, თუმცა მას არც ამჯერად გაუმართლა. ელჩი საქართველოს საზღვრებს გასცდა, მაგრამ ევროპელ ხელმწიფეთა კარამდე მაინც ვერ ჩააღწია. გზაში მოულოდნელად, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მისი გვამი 1783 წლის მაისში პოლონეთში, ბერდიცკოვოში ადგილობრივმა მისიის წარმომადგენელმა იპოვა და თავი არ დაზოგა, რომ ქართველი მეფის წერილები ვენაში დროულად ჩაეტანა. ევროპელთათვის გაუგებარ ენაზე, ქართულად დაწერილი გზავნილები პადრე ჯუზეპემ 1783 წლის 19 ივნისს სათარგმნად ვენიდან იტალიაში გაგზავნა, თუმცა უკვე გვიანი იყო ამავე წლის 12 სექტემბერს ავსტრიის ელჩი პეტერბურგში, კობენცლი ვენას ატყობინებდა: “უბრწყინვალესად ღრმად პატივცემულო სახელმწიფო მეთაურო! მოწყლეო ხელმწიფევ!… ჩემი უკნასკნელი ცნობების მიხედვით, შესაძლებლობა მქონდა უფრო ახლოს გამეცნო ობერ ლეიტენატი ტამარა, მან არა მარტო გადამაწყვეტინა პრინც ერეკლეს რუსეთის ქვეშემრდომობა, არამედ დაიყოლია კიდეც მოაწყოს დივერსია თურქების წინააღმდეგ ანატოლიაში!”
დაკვირვებული მკითხველი ელჩის ჩანაწერში ერთ მთავარ ფრაზას მიაქცევს ყურადღებს, – თურმე ობერლეიტენატმა ტამარამ “გადააწყვეტინა პრინც ერეკლეს რუსეთის ქვეშერმდომობა! დიახ, ცხადია, რომ იმედგაცრუებული “პატარა კახი” ჩრდილოეთითვის ზურგის შექცევას ცდილობდა და გამოსავალს დასავლეთის სახელმწიფოებში ეძებდა. სწორედ ამიტომ იყო ეს საკითხი საორჭოფო და ამის გამო სჭირდებოდა ობერლეიტენანტ ტამარას ერეკლეს დარწმუნება რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში. ისიც ცხადია, ამ პერიოდში არც რუსეთის ჯაშუშობა და დიპლომატია იყო გულხელდაკრეფილი. შესაძლოა ეს იყო მიზეზი ერეკლეს წერილების ევროპაში დაგვიანებული ჩასვლისა, ან, ამ გარემოების გამო ხომ არ იღუპებოდნენ ასე მოულოდნელად საქართველოდან წარგზავნილი ელჩები: ვინ იყო და ვის კარზე მსხურობდა ის პირი, რომელიც ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ერეკლეს წერილების ევროპაში გაგზავნას? – კითხვები მრავლად არის, თუმცა, მათი არსებობა უკვე სერიოზული კითხვის ქვეშ აყენებს დამკვიდრებულ აზრს, რომ ერეკლე რუსეთთან ტრაქტატის გაფორმებას უალტერნატივო გზად მიიჩნევდა… ეს ცნობები ცხადჰყოფს, რომ გამეფებული აზრი, თითქოს ერეკლე მხოლოდ ჩრდილოეთისკენ იყურებოდა, არასწორია. იგი დასაყოლიებელი გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. ამ დიდებულმა ქართველმა მეფემ უმძიმეს ჟამს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა – ამბობს გიორგი კალანდია.
დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული ცნობების შემდეგ ცხადი ხდება, თუ რატომ ასოცირდებოდა “ევროპის კიდეზე~ მცხოვრები ქართველი მეფე ევროპელებისთვის მითიურ ჰერაკლესთან და აღარც პრუსიის მეფის, ფრიდრიხ დიდის სიტყვები გვიკვირს: `დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში პრინცი ერეკლე!”
გიორგი კალანდიას ნაშრომი `მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში”, არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ მასში დღემდე უცნობი ფაქტებია გამოქვეყნებული, არამედ მკითხველს სხვა პრომლემებზეც დააფიქრებს. ნაშრომის გაცნობისას ქართველი მკითხველი განსხვავებული რაკურსით დაინახავს გეორგიევსკის ტრაქტატის მნიშვნელობას და იმასაც, თუ რა ხილული თუ უხილავი ბრძოლების გადატანა მოუხდა მეფე ერეკლეს. “ჩვენ იმ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ, როდესაც საბჭოთა ისტორიოგრაფია ჩქმალავდა ბევრ ფაქტს, მათ შორის ჩვენი მეფეების ევროპულ ორიენტაციას. შესაძლოა თამამი ნათქვამია, მაგრამ ერეკლე პირველი ქართველი მონარქია, რომელსაც ევროპული ორიენტაცია ჰქონდა”, – ამბობს გიორგი კალანდია. კრებულში გამოქვეყნებულია მეფე ერეკლეს წერილები ვენეციის დოჟებისადმი, პრუსიის მეფისადმი, ავსტრიის იმპერატორისადმი და სხვა. წიგნი გაფორმებულია უცხოური პრესიდან გადმობეჭდილი ფერადი ილუსტრაციებით, როგორც ავტორი შესავალში აღნიშნავს: “ამ ნაშრომში საქართველოს წარსულზე მიყურადებულ მკითხველს სასიამოვნო მოულოდნელობა ელოდება…”