ისტორიული დისკურსი თანამედროვეობაში
ლია მეტრეველი

ნოემბერი ისეთივე გამორჩეული თვე გამოდგა “ქართული კულტურისთვის”, როგორც ოქტომბერი. ეს თვე გამორჩეულია იმით, რომ 16 ნოემბერს ჩვენი ონლაინ ჟურნალის პრეზენტაცია შედგა. კიდევ გამორჩეულია იმით, რომ კარგი, ღრმა და ხარისხიანი სტატიები გამოცემისთვის ნელ-ნელა ჩვეულ ამბად იქცევა.

ჩვენი პრზენტაციიდან რეპორტაჟი თამარ ბელქანიას “მიჰყავს”. მას თეიმურაზ მეტრეველი ფონდის დამფუძნებელი, სულხან მეტრეველი უერთდება. იგი გეტყვით, რატომ იყო პოლიტიკურად და ისტორიულად მნიშვნელოვანი ამ პრეზენტაციის გამართვა და როგორ იყავით მისი მონაწილე იმისდა მიუხედავად, დაესწარით თუ არა მას.

ამ ნომერში განსაკუთრებით გამოსარჩევია ლევან ბერძენიშვილის ესე “ქართული პოლიტიკის 30 წელზე”. ის ისეთივე დეტალური და ზედმიწევნითია, როგორც გიორგი ლობჟანიძის სტატია ქართული ლიტერატურის 30 წელზე გასულ თვეს. “ცოდვა გამხელილი სჯობს” და ბატონი ლევანი 30 წელს საგრძნობლად გასცდა. იგი საქართველოს რესპუბლიკის საწყისებსაც დეტალურად მიმოიხილავს.

ნოემბრის გამოცემას უბრუნდება გიორგი ლობჟანიძეც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ექოთი და თანამედროვე საგამომცემლო საქმის საჭირბოროტო საკითხების მიმოხილვით.

შურთხია ბეროშვლი გაგაკვირვებთ და გეტყვით, თუ როგორ ცდებით, როცა ერეკლე მეფის სურათს უყურებთ და გგონიათ, რომ ის ჩრდილოეთისკენ იყურება. არა ბატონებო, მისი მზერა დასავლეთისკენ არის მიმართული. ჩრდილოელები სურათს უბრალოდ მათთვის ხელსაყრელი მიმართულებით კიდებენ აგე უკვე ორას წელზე მეტია.

გავიხსენებთ გამოჩენილ ქართველ მხატვარ ესმა ონიანსაც. ნინია სადღობელაშვილი ესმას სახით ქართველ მხატვარ ქალთა უეცარ პორტრეტს შეგიქმნით.

ჩვენ არც უცხოური კულტურა გვავიწყდება. ჩვენი გაზეთის ორი ნომრის განუყრელი თანამდევი, თამარ გუნაშვილი, აგიხსნით თუ როგორ შეგცვალათ ნეტფლიქსმა ისე, რომ არც კი გაგიგიათ. ჩვენ მასთან დიდხნიანი თანამშრომლობის იმედი გვაქვს. იგი როგორც “ქართულ კულტურას” ისე ქართულ კულტურას სჭირდება…

არც ამ თვეს გვავიწყდება მსუბუქი და ესთეტური მხარე. ზურაბ შევარდნაძე გეტყვით, თუ როგორ აქციოთ მატერიალური არამატერიალურად და დატკბეთ აბსტრაქტულის კონკრეტიკით.

მოკლედ, ნოემბრის ეს გამოცემა ნამდვილი ისტორიული დისკურსია თანამედროვეობაში. ხოლო, რატომ არის ასეთი დისკური უაღრესად მნიშვნელოვანი, სტატიების წაკითხვის შემდეგ ცხადზე ცხადი გახდება.