ესთეტი
ზურაბ შევარდნაძე რუბრიკა ესთეტში
ჩემი სტილის მახასიათებელი ბუნებრივი, ადგილობრივი და არსაიდან ჩამოტანილი მასალა და ელემენტებია, სიუხვე, სიუხვე, სიუხვე!
ჩემი ბოლო საინტერესო შენაძენი გამოცდილებაა, რომელიც მარწმუნებს, რომ ყველაფრის მიუხედავად ადამიანებს უნდა ენდო. შეიძლება ზოგჯერ გაწბილდე, მაგრამ უნდობლად ცხოვრებას სჯობს ენდობოდე და ზოგჯერ გაწბილებული რჩებოდე.
ნივთი, რომლის შეძენასაც ვგეგმავ… არასოდეს ვგეგმავ. წავაწყდები ჩემთვის საინტერესო ნივთს და ზუსტად ვიცი, რომ მინდა.
ხელოვანი, რომლის ნამუშევარსაც შევიძენდი არის ელენე ახვლედიანის რომელიმე ტილო. მინდა, მქონდეს და ხშირად ვუყურებდე. ბედნიერს მხდის ამ დიდი ხელოვანის ნამუშევრის დანახვა.
პირადი მოვლის საშუალება, რომელიც მუდამ თან მაქვს კბილის ჯაგრისია…
საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე გამიცია… ვფიქრობ, იმაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს, დაუთმო ადამიანს დრო და გაუნაწილო კეთილგანწყობა… ხშირად ვიქცევი ასე!
საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიმიღია… ვთვლი დიდ საჩუქრად, როცა ვხედავ სიხარულით და ყურადღებით გმასპინძლობენ. განსაკუთრებით თუ მასპინძელი საინტერესო ადამიანია და თავის სამყაროში შეხედვის უფლებას მოგცემს.
საუკეთესო სუვენირი, რომელიც ახლახან ვიყიდე… ჩემს ირგვლივ იმდენია ნივთია გამიჭირდება გახსენება როდის რომელი შევიძინე და როდის იყო ეს ბოლოს, ალბათ, გუშინ.
ცდუნება, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი: როცა ისეთ მცენარეს ვხედავ, რომელიც მინდა ჩემს ბაღში ხარობდეს და აქამდე არ მაქვს, ვკარგავ ყოველგვარი ზომიერების, დისტანციის, ფასის შეგრძნებას და უსათუოდ ყველა ხერხს მივმართავ მის მოსაპოვებლად.
ჩემი ფავორიტი აპლიკაციების სიას მიეკუთვნება… აპლიკაცია რას ნიშნავს არ ვიცი! მობილური ტელეფონით, მითუმეტეს სმარტფონით, არასდროს მისარგებლია, შესაბამისად აუცილებელ ზარებს “ფარნიანი ნოკიათი” ვახორციელებ.
დაუვიწყარი ადგილი, სადაც ბოლო წელს ვიყავი მაღალმთიანი აჭარის საზაფხულო საძოვრებია მწყემსებთან. დაუვიწყარი და ვერაფრით რომ ვერ შეცვლი, ის ემოციაა.
ადგილი, რომელსაც ყოველთვის დავუბრუნდები იტალიაში, ტბა “ლაგო დი გარდას” სანაპიროა. იქ ყოველთვის, წლის ნებისმიერ დროს ბედნიერად ვგრძნობ თავს
ნივთი, რომელსაც ვერასოდეს შეველევი სამყონიბი დანაა, რომელიც სულ ჯობეში მიდევს. ის დიდი ქართველი მებაღის, მიხეილ მამულაშვილის ნაქონი და მის ხელში პირგაცვეთილია. თილისმაცაა, საყვარელი და საჭირო იარაღიც.
ბოლო შთამბეჭდავი კერძი გუშინ ჩვენმა მარინამ გააკეთა. მან უგემრიელესი ახალ გამომარცვლული ნიგვზიანი ლობიო მოამზადა, მკვახე პომიდვრის გურულ სალათასთან ერთად, მერწმუნეთ შთამბეჭდავი იყო!
რომელ ქალაქში ვისურვებდი შოპინგს: ვგიჟდები უცხოურ “ძველმანების ბაზრობაზე” ნებისმიერი დიდი ქალაქის მსგავს ბაზრობაზე ვპოულობ საინტერესო ნივთს.
ბოლო მისიკალური აღმოჩენა ნუ გაიკვირვებთ!!! ლელა თათარაიძე. იგი ბრძანდებოდა ჩემთან სტუმრად, აკორდეონი გაწელა… ასე ახლოს პირველად ვნახე და მითუმეტეს მოვუსმინე. არ მეგულება მეორე მსგავსი ქვეყანაზე. ის არის მთაზე და თითო ამოსულ ბგერაზე სულით და გულით შეყვარებული მუსიკოსი… ეს დამოკიდებულება ძალიან მაბედნიერებს.
წიგნი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ნინო ხარატიშვილის “მერვე სიცოცხლეა”. ნინოს წიგნი გერმანულად ამ ზაფხულს წავიკითხე. დღემდე მომყვება ემოცია და ხშირად ვფიქრობ, როგორ შეძლო არაგერმანელმა ადამიანმა ასეთი გერმანულით დაეწერა 2000 გვერდი, ისე, რომ ბევრი გერმანელი ხარისხიანი მკითხველი აღაფრთოვანა.
ახლა ვკითხულობ ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფიას. ჩემდა სამარცხვინოდ, მხოლოდ ახლა 40 წლის ასაკში… ვიზოგავ, რომ ჩქარა არ გათავდეს.
ადამიანი, ვინც ჩემს სტილზე გავლენა იქონია მიხეილ მამულაშვილია. ის იყო ერთდერთი და განუმეორებელი, მან შექმნა ქართული ბაღის სტილი. მისი გამეორება შეუძლებელია, უბრალოდ მის სიახლოვეს ვტრიალებ.
ერთი რჩევა ესთეტიკაზე: არავის აზრი გაითვალისწინოთ. მარტო ის ჩაიცვით, დაიხურეთ, მიირთვით, დაიდგით, უცქირეთ და იცხოვრეთ, როგორც ეს თქვენ მოგწონთ. დამიჯერეთ, მაშინ ეს ბუნებრივი იქნება. ბუნებრივი კი ყოველთვის სჯობს ხელოვნურს, მოგონილს!!!