ლიტერატურა
რამდენიმე პრობლემა ფრანკფურტის ბაზრობიდან
წლევანდელ ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან შარშან, როცა აქ საპატიო სტუმარი ქვეყანა ვიყავით, ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულმა ღონისძიებებმა, რომ შარშანდელი სტარტი შეიძლებოდა წელსაც გამოგვეყენებინა ჩვენი კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის მარჯვე საშუალებად.
თუმცა, იმის გამო, რომ ბედისწერისა თუ ჩვენივე ბედოვლათობის მიზეზით, საქართველოში კარგ ინიციატივებს თითქმის არასოდეს მოსდევს ხოლმე შესაბამისი გაგრძელება, წელს თვითონ საკითხიც კი, საერთოდ, წავიდოდით თუ არა ფრანკფურტში, დიდი ხნის განმავლობაში ჰაერში ეკიდა.
საქმე ისაა, რომ კულტურის სამინისტროში წინა წელს მომხდარმა, რბილად, რომ ვთქვათ, გაუგებარმა პერტურბაციებმა, როცა სამსახურიდან უაპელაციოდ დაითხოვეს ორი უმნიშვნელოვანესი თანამშრომელი და მათი გუნდი, გააერთიანეს რამდენიმე სიპი და ამის საფუძველზე შექმნეს რაღაც საბჭოური სულისკვეთების ფონდი, ქართული კულტურის მენეჯმენტის სფეროში დიდი არეულობა გამოიწვია. რეალურად, ის ადამიანები, რომელთაც ევროპის შესაბამის სტრუქტურებთან შესაბამისი ურთიერთობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ, საქმეს ჩამოაშორეს, მათ ნაცვლად, მათ ადგილას მოსულ – შეიძლება, თავისთავად ძალიან კარგ – მუშაკებს კი ურთიერთობის გაგრძელების სათანადო გამოცდილება და თუნდაც კონტაქტები არ აღმოაჩნდათ. ამან რამდენიმე უმნიშვნელოვანეს პროექტზე და მათ შორის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობაზე უარყოფითად იმოქმედა.
რეალურად, საქართველოს ფრანკფურტში ჩასვლა საქართველოს ავტორთა და წიგნის გამომცემელთა ასოციაციამ და მისმა ხელმძღვანელმა გვანცა ჯობავამ მოამზადა, რომელსაც, მოგვიანებით, უკვე „მწერალთა სახლში“ დაბრუნებული ნატაშა ლომოური და მისი გუნდიც შეუერთდა. ოღონდ, დრო და სახსრები ამ საქმისათვის ძალიან მცირე იყო და ხსენებულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ შარშანდელი არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება ჩვენზე გერმანიაში წელს საერთოდ არ წაშლილიყო და გახუნებულიყო.
წელს შარშანდელი მეოთხე პავილიონიდან, რომელიც ყოველთვის საპატიო სტუმრებს ეთმობათ ხოლმე, ჩვეულ ადგილას, მეხუთე პავილიონის ერთ, შედარებით პატარა სტენდზე გადმოვინაცვლეთ და სწორედ ამ სტენდთან იმართებოდა ის ღონისძიებებიც, რისი დაგეგმვაც ამ ძალიან მოკლე დროის განმავლობაში მოესწრო.
გამოფენის პირველივე დღეს ჩატარდა ძირითადი ქართული გამომცემლობების პრეზენტაცია, რომელთაც საკუთარი პროდუქცია დამსწრე საზოგადოებას, იქ შეკრებილ ევროპელ მწერლებსა და გამომცემლებს ინგლისურ ენაზე წარუდგინეს. პრეზენტაციაში გამომცემლობები: „ დიოგენე“, „ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ინტელექტი“, „არტანუჯი“ და „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო“ მონაწილეობდნენ. მე სწორედ ამ სააგენტოს მეშვეობით მოვხვდი წელსაც ფრანკფურტის ბაზრობაზე, რომლის ხელმძღვანელმა ქეთევან დუმბაძემ სამი ქართველი მწერალი – ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი კაკაბაძე და მე – კულტურის სამინისტროში თავისი არაჩვეულებრივი პროექტის „ ცოცხალი წიგნების“ ეგიდით გერმანიაში ჩაგვიყვანა.
ადრე დავწერე და ახლაც დიდი სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ქეთევან დუმბაძემ ამ ერთი, ძალზე მცირებიუჯეტიანი პროექტით თანამედროვე ქართული ლიტერატურის შინ თუ გარეთ პოპულარიზაციისათვის იმაზე გაცილებით მეტის გაკეთება მოახერხა, ვიდრე რომელიმე შესაბამისმა სამინისტრომ. პროექტი „ცოცხალი წიგნები“ ითვალისწინებს მწერალთა ჯგუფების რეგულარულ მოგზაურობასა და მათ მკითხველებთან შეხვედრას საქართველოს რეგიონებსა თუ უცხოეთის იმ ქვეყნებში, სადაც ქართული დიასპორა ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი. ეს არის ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული ძალიან დიდი საქმე, რომლის წყალობითაც, ჯერ ერთი ქართველი მწერლები ეცნობიან ხალხის რეალურ ყოფა-ცხოვრებას და ხალხიც, თავის მხრივ, ეცნობა იმ პროცესებს, რაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში დღეს მიმდინარეობს. მე ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი მგონია ამ კორელაციის მესამე წვერი: როცა თვითონ მწერლები ეცნობიან ერთმანეთსა და ერთმანეთის შემოქმედებას.
რადგან დაბალი ბიუჯეტი ვახსენე, ძირითადად, ამ მიზეზით, ცოცხალი წიგნების ეგიდით სამოგზაუროდ წასულ მწერლებს ცხოვრება ხშირად სასტუმროს ერთ ნომერში უწევთ და ეს ზოგჯერ თუ უსიამოვნების ან კონფლიქტების, უფრო ხშირად – მათ შორის გულითადი ურთიერთობების დასაწყისის საფუძველი ხდება.
ამჯერადაც ფრანკფურტში ჩასულ სამივე მწერალს ცხოვრება ერთი პატარა სასტუმროს ერთ პატარა ნომერში მოგვიწია, ქალაქის შუაგულში, ცენტრალური სადგურის სიახლოვეს. ამიტომაც წელს მე პირადად შარშანდელისაგან რადიკალურად განსხვავებული ფრანკფურტი ვნახე, რომელმაც პირდაპირ რომ გითხრათ, შოკში ჩამაგდო და ევროპის მომავალზე სერიოზულად ჩამაფიქრა.
ჩვენი სასტუმრო, რომელსაც „ანგელოზი“ ერქვა, მართლაც ანგელოზურად იყო მოქცეული იმ დაწესებულებების შუაში, რომლებზეც ჩემი მოსწავლეობის საბჭოურ პერიოდში ბიჭები ჩურჩულით ვლაპარაკობდით და ჩუმად ეგებ ვოცნებობდით კიდეც: სასტუმრო „ანგელოზს“ მარჯვნივ – სექსშოპი უმშვენებდა მხარს, მარცხნივ კი საროსკიპო, რომლის მუდმივად ღია კარზე დიდი წითელი ფარდა იყო დაშვებული. ფარდის მიღმა კი, რისი დანახვაც მოვახერხე, ძველებური, მასიური ქვის კიბე ადიოდა. რადგან სიგარეტის დაუნდობელი მწეველი ვარ, გვიან საღამოს ხშირად მიწევდა ნომრიდან ქვემოთ ჩამოსვლა და სასტუმროს წინ დგომა, ამიტომ ძალაუნებურად ვხედავდი სიტუაციას, რასაც აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩემი გამუდმებული მოგზაურობისას, არსად, არცერთ ქვეყანაში, არასდროს შევსწრებივარ: ჯერ ერთი, იმ დიდი წითელი ფარდის მიღმა პანტაპუნტით შედიოდნენ და უჩინარდებოდნენ ყველა ასაკის მამაკაცები, რადგან როგორც ზღაპრებშია ხოლმე ნათქვამი, იქ შესული ბევრი მინახავს, გამოსული კი აღარავინ; სამაგიეროდ, მთელი ქუჩის გაყოლებაზე ისეთი აღმოსავლეთი ვნახე, რომელიც თვითონ აღმოსავლეთშიც არ მინახავს: არაბი, ავღანელი, პაკისტანელი და სხვა ქვეყნებიდან გერმანიაში ემიგრირებული ადამიანების ყველაზე ასოციალური, უიმედო და ალბათ, ყველაზე ტრაგიკული ნაწილი. აქ პირდაპირ ქუჩაში იყიდებოდა ყველანაირი სახის ნარკოტიკი, ქუჩაშივე, ძირს ეყარნენ ამ ნარკოტიკების მომხმარებელი მიგრანტები თუ გერმანელები.
როგორც იმ დღეებში ერთმა გერმანელმა ნაცნობმა მითხრა, გერმანიის პოლიცია ამ უბნის გასაკონტროლებლად აღარც კი შემოდის, პროცესი თვითდინებაზე ჰყავთ მიშვებული და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მის ბუნებრივ, ლოგიკურ დასასრულსღა ელიან.
საერთოდ, როგორც იმ ჩემმა გერმანელმა ნაცნობმავე ამიხსნა, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ემიგრირებულთა საკითხი დღევანდელი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა.
ვითარება, განსაკუთრებით გაართულა შარშან სირიიდან ლტოლვილების ახალი ტალღის, თითქმის მილიონამდე ადამიანის, მიღებამ და მათთვის სოციალური შემწეობის დანიშვნამ. თუ აქამდე გერმანიის ეკონომიკა მიგრანტების არსებობას დიდად არ იმჩნევდა, შარშანდელიდან ვითარება საგრძნობლად შეიცვალა და ეს პრობლემა თითეული გერმანელის ჯიბეზე აისახა: ოდნავ, მაგრამ საშუალო ფენისათვის მაინც მნიშვნელოვნად გაძვირდა პირველად მოხმარების საგნები: კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, საპონი და ასევე ძირითადი სასურსათო პროდუქტები. ახლა, ამ წლის ნოემბერში ველოდებით მთელი ამ პროცესების „გვირგვინს“ – გაზზე გაზრდილი გადასახადების მიღებას და მერე შეიძლება, მართლა აფეთქდეს სოციალური სიტუაცია, რადგან კანონმორჩილი გერმანელებისთვისაც კი ამისი მოთმენა შეუძლებელი გახდებაო.
მიუხედავად იმისა, რომ თვალით ნანახი შთაბეჭდილება იმდენად მძიმე იყო, რომ ერთმა ქართველმა მწერალმა იხუმრა: ამათ ვეხვეწებით, მიგვიღეთ ევროკავშირში? – ესენი იქით უნდა გვეხვეწებოდნენ, შემოგვიშვით საქართველოშიო. – რა თქმა უნდა, გერმანიის „დატირება“ ჯერჯერობით ძალზე ნაადრევია და ეს ქვეყანა – თავისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით – რის წინაშეც დღეს დგას, ამისთანა კიდევ ათას კრიზისსა და პრობლემასაც თავისუფლად გადალახავს.
მთავარი სადგურიდან და, შესაბამისად, ჩვენი ანგელოზური სასტუმროდან ხუთასი- შვიდასი მეტრის მოშორებით კი ამაყად იდგა კულტურული ფრანკფურტის ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლო – წიგნის ბაზრობის უნიკალური კოშკი, თავისი თვალუწვდენელი ტერიტორიითა და ინფრასტრუქტურით და გამოფენის წლევანდელ წიგნებს მართლაც რომ გერმანული გულითადობით გვეპატიჟებოდა.
წიგნის გამოფენის დღეებში, ოქტომბერში, ერთ კვირაზე ცოტა მეტხანს მწერლობისა და საგამომცემლო საქმის მექად ქცეულ ფრანკფურტს მთელი მსოფლიოდან აწყდებიან ამ სფეროს ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი წარმომადგენლები. აქ ხვდებიან ერთმანეთს და რეალურად ამ შეხვედრებზეა დამოკიდებული სამომავლო ურთიერთობისა თუ წარმატების მთელი პერსპექტივა. ამიტომაც აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს უწყვეტ მონაწილეობას ჩვენი ლიტერატურისა და კულტურის ევროპულ სივრცეში პოპულარიზაციისა და ინტეგრაციისთვის. მითუმეტეს, შარშანდელმა საპატიო ქვეყნის სტატუსმა კარგად გვიჩვენა, რომ სწორი მენეჯმენტის პირობებში ევრპოაში თანამედროვე საქართველოსა და მისი მწერლობისადმი ძალზე სიღრმისეული ინტერესი შეიძლება გაჩნდეს. მთავარი ეს არის და მერე უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს ისე, როგორ დავგეგმავთ, რომ ეს ინტერესი საუკეთესო კუთხით დავაკმაყოფილოთ.
სხვათა შორის, აქვე მინდა ერთ საკითხსაც შევეხო, რომელიც შარშანდელი ფრანკფურტის ფონზე, ქართველ საზოგადოებას და მათ შორის, მწერლებს განსაკუთრებით აღელვებდა. კერძოდ, ის, თუ რას და როგორ ვირჩევთ ევროპაში გასატანად და მათთვის შესათავაზებლად. იყო კრიტიკული, არც თუ იშვიათად, განაწყენებული ლიტერატორებისაგან წამოსული რეპლიკები იმის თაობაზე, რომ მარკეტინგული პოლიტიკა სრულებით სხვაგვარად უნდა დაგვეგეგმა, რომ უმჯობესი იყო, თანამედროვეობაზე მეტად აქცენტი კლასიკურ მემკვიდრეობაზე გადაგვეტანა და თანამედროვეებიდანაც მხოლოდ ძალზე მნიშვნელოვანი ავტორები თარგმნილიყო.
ამ მხრივ, მე თვითონაც მქონდა გარკვეული შენიშვნები, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ფრანკფურტის ბუხმესესთან ორწლიანმა ურთიერთობამ დამარწმუნა, რომ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც შორიდან, შენიშვნების გამომთქმელის პოციზიაში ყოფნისას გვეჩვენება. არსებობს ან არ არსებობს ინტერესი და სწორედ ამაზე იგება მერე მთელი პოლიტიკა.
ვიცი, რომ საქართველოში ძალზე არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, მაგრამ უთქმელობაც არ შემიძლია: თუნდაც კლასიკა, რომელიც ჩვენთვის ასეთი ძვირფასია, ზოგ შემთხვევაში, თვითონ საქართველოსთვისაც კი მოძველებულია და რაღა უნდა ვთქვათ დღევანდელ ევროპაზე, რომლის მწერლობაც, საზოგადოების განვითარებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად, საქართველოსგან ტიპოლოგიურად განსხვავებულ პრობლემებს სვამს და ასახავს.
ასეთ ვითარებაში, აქცენტის კლასიკურ ლიტერატურაზე გადატანით, აუცილებლად გამოვჩნდებით ეგზოტიკურ, თავისებურ ქვეყნად, მაგრამ არა – თანამედროვე ევროპის ორგანულ ნაწილად, მისი დღევანდელი სულიერების ერთ-ერთ აქტიურ შემოქმედად.
მეორე მხრივ, იქნებ, დღევანდელ ქართულ მწერლობაში მართლაც არ არის ის მხატვრული დონე, რაც თუნდაც მეოცე საუკუნის ჩვენს ლიტერატურას ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს თანამედროვეობა უფრო აინტერესებს და ყველაფერი სწორედ ამ ინტერესის მიხედვით ითარგმნება.
ამ კონტექსტში ჩემთვის საინტერესო იყო ერთი ამბავი, რომელსაც აქვე დავიმოწმებ. ძალიან მალე გამომცემლობა ‘ინტელექტი“ გამოსცემს შესანიშნავი თანამედროვე გერმანელი აღმოსავლეთმცოდნის შტეფან ვაიდნერის ბრწყინვალე ნაშრომს „ მუჰამედური ცდუნებანი“, რომელიც ლანა მჟავიამ გადმოაქართულა. ამ წიგნში ვაიდნერი გერმანიაში არაბული ლიტერატურის პოპულარიზაციის საკითხსაც ეხება, როცა ერთ-ერთ სირიულ კლუბში შეკრებილი არაბი ინტელექტუალების შესაბამის შეკითხვას პასუხობს. ვინაიდან ეს შეკითხვაცა და პასუხიც შეგვიძლია, ქართულ ლიტერატურაზეც თავისუფლად განვავრცოთ, ამიტომ ვაიდნერის წიგნის შესაბამის პასაჟს აქვე დავიმოწმებ:
„ამ ჯგუფისგან წამოვიდა პირველი აზრიანი კითხვა: რისი გაკეთება შეეძლოთ მათ, სირიელებს, არაბებს იმისათვის, რომ მათი ლიტერატურა უკეთესად ყოფილიყო წარმოდგენილი გერმანიაში?
– ამ შეკითხვას, – ვთქვი მე, – დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ, ეს კითხვა ჩემთვის არავის რომ არ დაესვა, მე თვითონ დავსვამდი.
და რადგან სიტყვა ისრაელი უკვე ნახსენები იყო და ამას დიდი კატასტროფა არ მოჰყოლია, შემეძლო, უკვე გაბედულად მეთქვა: მხარი დაუჭირეთ თქვენს ლიტერატურას, ისე, როგორც ამას ებრაელები აკეთებენ, ყველაფერს დაუჭირეთ მხარი, რასაც ლიტერატურა ჰქვია, სულერთია, რომელი პოლიტიკური თუ მხატვრული მიმდინარეობისა იქნება იგი, სულერთია, მთავრობის ერთგული იქნება თუ ოპოზიციური განწყობილებების გამომხატველი, ავანგარდისტული თუ ტრადიციული. და არაბული ლიტერატურა ისევ უდიდესი იქნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის!”
მე მხოლოდ იმის დამატებაღა შემიძლია, რომ გერმანელი მკვლევრისა და უჭკვიანესი ადამიანის ამ მოსაზრებას სავსებით ვიზიარებ ქართული ლიტერატურის შემთხვევაშიც.
აქ დასახული მიზნის მისაღწევად კი ფრანკფურტის ბაზრობა ჩვენთვის ერთ-ერთი შეუცვლელი, სრულიად აუცილებელი პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო მეტად უნდა ავითვისოთ.